topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კუმურდო - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


ხუროთმოძღვრების ისტორიული მიმოხილვა X საუკუნის მეორე ნახევრიდან XIII – XIV საუკუნეთა მიჯნაზე - კუმურდო // ვ.ბერიძე - ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974, გვ. 49-50

პირველი ნიმუშები, რომლებიც ამ ეპოქას შეიძლება მივაკუთვნოთ, ჯერ კიდევ ატარებს გარდამავალი ხანის ნიშნებს, მაგრამ, მეორე მხრივ. მათში უკვე საკმაოდ ნათლად იჩენს თავს ახალი სტილის ნიშნებიც. ამ დროის X ს-ის შუა ათეული წლების - ტიპური მაგალითია კუმურდოს შესანიშნავი ტაძარი ჯავახეთში, ახალქალაქის მახლობლად. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს შუა საუკუნეჟბის ქართული ხუროთმოძღვრების ერთი მწვერვალთაგანია, როგორც მხატვრული ღირსებებით, ისე ტექნიკური შესრულების დონითაც. საბედნიეროდ, კუმურდო მიეკუთვნება იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს, რომელთაც თავისსავე კედლებზე აქვთ თავისი "პასპორტი" - სამშენებლო წარწერა, რომელშიაც მოხსენებული არიან კტიტორი (მშენებლობის მოთავე და ხარჯის გამღები) და ხუროთმოძღვარი, მითითებულია აგების თარიღი; არის სხვა წარწერებიც. რომლებიც ძეგლის შემდგომ ისტორიულ თავგადასავალს ასახავს.

მთავარი წარწერა გვაცნობებს, რომ ტაძარი აგებულია ხუროთმოძღვარ საკოცარის მიერ ლეონ მეფის დროს, "ერისთვობასა ზვიასსა", "ქრონიკონსა რპდ". ე.ი. 184 ქრონიკონს, რაც ქრისტიანული წელთაღრიცხვით 964 წელს უდრის. XI საუკუნეში, მეფის ბაგრატ IV დროს, სამხრეთიდან ეკლესიას მიაშენეს ღია ექვსტერი, რომლის თაღებიც უფრო გვიან ამოქოლეს. XVI ს-ში ტაძარი გადააკეთეს, შემდეგ კი ძლიერ დაზიანდა, შესაძლებელია, მიწისძვრისაგან. გუმბათი ჩამოიქცა, ხოლო დასავლეთი ნაწილი ჩაშენებით დაამახინჯეს. და მაინც, დანგრეული ტაძარიც უძლიერეს შთაბეჭდილებას ტოვებს. ზემოთ ჩვენ კუმურდო მოვიხსენიეთ, როგორც გეგმის მხრივ გენეტიკურად ექვსაფსიდიან ეკლესიების ტიპთან დაკავშირებული. ეს ტიპური "გარდამავალი" ძეგლია სწორედ გეგმის თვალსაზრისით: შიგნით, გუმბათქვეშა ექვსწახნაგა გარშემო, განლაგებულია შენობის ცენტრისკენ გახსნილი ხუთი ღრმა აფსიდი. ორ-ორი, ერთმანეთის პარალელურად მოთავსებული - სამხრეთითა და ჩრდილოეთით, ერთი, ყველაზე უფრო ღრმა -აღმოსავლეთით. დასავლეთის დაგრძელებული მკლავი, სწორკუთხა მოხაზულობისა, ბოძებით სამ "ნავად" იყო გაყოფილი. გუმბათი ეყრდნობა აფსიდების შვერილებზე წაბმულ წახნაგოვან ბოძებს. მაგრამ ექვსაფსიდიან ეკლესიებისგან განსხვავებით, გარედან ეს შიგა გეგმა ჩასმულია სწორკუთხა მკლავებიანი წაგრძელებული ჯვრის ფორმაში, რომელიც გამოყენებულია X-XI სს. მიჯნის ზოგ სხვა ძეგლშიაც. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, კუმურდოს გეგმაში თითქოს შეთავსებულია წარსული და მომავალი - მრავალაფსიდიანობა, რომელსაც არ გადმოუღწევია X – XI ს-თა მიჯნის აქეთ, და წაგრძელებული სწორკუთხა გეგმა, დამახასიათებელი მთელი მომდევნო ხანის საეკლესიო არქიტექტურისათვის. გარეგნული იერით კუმურდო უკვე ახალ დროს მიეკუთვნება. ამას მოწმობს აზიდული პროპორციებიც, აღმოსავლეთისა და გვერდის ფასადების სამკუთხა ნიშებიც (მოტივი, რომელიც შემდეგ დიდად გავრცელდა), სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეებიცა და ჩუქურთმიანი ჯვრებიც. ჩუქურთმის კვეთა ფაქიზია, განსაცვიფრებლად რაფინირებული. ნახატი მცენარეული მოტივებისა და გეომეტრიული წნულისგან შედგება. მორთულობის სისტემაში ჩართულია რელიეფური ქანდაკებებიც. საკურთხევლის სარკმლის მორთულობაში ოთხი მახარებლის სიმბოლოებია - ანგელოზი, ლომი, ხარი, არწივი; შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში (აღმოსავლეთის მხარეს) გამოსახული არიან საქართველოს მეფის ბაგრატ III დედა გურანდუხტ დედოფალი და მისი ძმა, ლეონ მეფე. კუმურდოს კედლები, უპირველეს ყოვლისა, გვხიბლავს თავისი ფერის სილამაზით. პერანგის ქვა მოვარდისფროა, ღრმა, ინტენსიური ტონისაა. აქა-იქ თითქოს შემთხვევით (სინამდვილეში კი, ღრმად მოფიქრებულად) "ჩაწვეთებულია" სისხლისფერი "ლაქები", (ჯვარი და სარკმლის სათაური აღმოსავლეთ ფასადზეა), რაც განსაკუთრებით ამაღლებს უნაკლო ოსტატობით ნაწყობი კედლების ფართო ზედაპირთა ფერადოვან ძალას. ოსტატობის დონე მართლაც საკვირველია - მისი კვალი აჩნია ქვის დამუშავებასაც, კედლის წყობასაც, ყოველი  თაღის მოხაზულობასა და ჩუქურთმათა შესრულებასაც. ხოლო შიგა სივრცე - შუა ექვსკუთხედი მძლავრად ატყორცნილი ბოძებით, ვირტუოზულად გამოყვანილი საბჯენი თაღებითა და კამარებით, ცალკეულ ნაწილთა ღრმად გააზრებული შეფარდება იტაცებს და აღელვებს მნახველს დიდებულებითა და კეთილშობილი სიმკაცრით.

კუმურდო - //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974. გვ. 129-131

კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი ჯავახეთშია. ე.ი. ახლანდელ ახალქალაქის რაიონში. რაიონის ცენტრიდან 12 კმ - ის დაშორებით. ეს მაღალი პლატოა - რამდენიმე კილომეტრია მტკვრის ღრმა კანიონამდე, სადაც ვარძიის გამოქვაბული ანსამბლი მდებარეობს. ტაძრის განხილვა იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში. მთავარი სამშენებლო წარწერა, მოთავსებული სამხრეთის შესასვლელის თავზე და შესრულებული რელიეფური მთავრული ასოებით, შემდეგია: "შეწევნითა ღმრთისაითა იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაა ხელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაითა, ლეონ მეფისა, ადიდენ ღმერთმან, ქრონიკონსა რპდ, თუესა მაისსა, დღესა შაბათსა მთოარისსა, ერისთვობასა ზვასსა, ესე ბალავარი მან დადვა, ქრისტე შეეწიე მონასა შენსა, ამინ“. აქ მოხსენიებული ლეონი აფხაზთა მეფე იყო, ერთხანს კი ქართლის ერისმთავრად იჯდა. აქ ბევრი სხვა წარწერაც არის - ზოგი მშენებლობის მონაწილეებს ახსენებს ("წმიდაო ეკლესიაო შენნი მუშაკნი და ყოველნი მაშენებელნი შენნი... დაიფარენ და შეიწყალე“; "გლახაკი გიორგი ლოცვასა მომიხსენეთ",) ზოგი "აღაპის დადებას“ გვაცნობებს, ზოგი ხატების შემკობის ამბავს. ამ წარწერათა შორის საყურადღებოა ის, რომელიც სამხრეთის სტოის (შტოის) აშენების შესახებ მოგვითხრობს, ამ სტოის თაღებს ზემოთაა ამოკვეთილი: "ადიდე ღმერთმან მეფეთა მეფე ბაგრატ და დედაი მათი მარიამ დედოფალი. აღეშენა შტოა ესე მეფობასა მათსა მღდელთ მთავრობასა ზოსიმე კუმურდოელისსა". ეს ბაგრატი - ბაგრატ მეოთხეა (1027 - 1072 წწ.). დაავლეთის მხარეს, შესასვლელის თავზე, არის კიდევ ერთი წარწერა, რომელიც მოწმობს, რომ ეკლესია XVI ს - შიც შეუკეთებიათ და გადაუკეთებიათ კიდეც. 1964 წელს ზეიმით აღინიშნა კუმურდოს ტაძრის აშენების 1000 წლისთავი. ეკლესიის ზომები გარედან შუა ღერძებზე, კარიბჭე - სტოების გარეშე (სევეროვის გრაფიკული რესტავრაციის მიხედვით): სიგრძე - 29 მ, სიგანე - 20 მ., გუმბათის დიამეტრი - 9 მ-მდე, სიმაღლე გუმბათის ყელის ძირამდე (შიგნით) დაახლ.- 15,3 მ.