topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

არმაზციხე (ბაგინეთი), არმაზისხევი - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება ....<<<საქართველოს ციხე - ქალაქები>>>


ი. ციციშვილი -  ქართული ხელოვნების ისტორია, //ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების გამომცემლობა, თბილისი, 1995 წ., გვ. 23-24

არმაზციხე (ბაგინეთი) იბერიის მეფეთა ძველი რეზიდენცია იყო. იგი მდებარეობდა მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის გადაღმა, მაღალ ბორცვზე. აქ გამოიყოფა კედლებით შემოზღუდული ნაქალაქარი და შიდა - ციხე მთის ფერდობზე. არმაზციხის ნაგებობანი იქმნებოდა ძვ.წ. V-III საუკუნეებიდან -ადრე შუასაუკუნეებამდე. უძველესიკედლები აგებულია ალიზისაგან კლდეში ჩასმული ქვების საფუძველზე. ქვის მიმმართველები გამაგრებულია კონტრფორსებით და ზღუდარებით, დაახლოებით ყოველ 50 მ. კედლებს ახლავს ოთხკუთხა კოშკები. მომდევნო პერიოდის გალავანი კვლავ ალიზისაა ქვის საფუძველზე, მაგრამ კვადრები აქ გულდასმითაა დამუშავებული და ერთმანეთთან დაკავშირებულია „მერცხლის კუდის“ ტიპის ხის სამაგრებით. ამ ზღუდესაც. რომელიც ძვ.წ. I საუკუნით თარიღდება, ახლავს მოზრდილი ოთხკუთხა კოშკები. მომდევნო ხანის კედლები ამოყვანილია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე და თარიღდება ახ.წ. პირველი საუკუნეებით. არმაზციხის ქვედა ტერასაზე გაშლილია შენობათა კომპლექსი, რომლის ცენტრში იმყოფება დიდი ზომის ოთხკუთხა დარბაზი ანტებიანი შვერილებით აღმოსავლეთის ფასადზე. დარბაზის გრძივ ღერძზე განლაგებული იყო ექვსი სვეტი ხის ღეროთი და ქვის ბაზის - კაპიტელებით. ფასადის ცენტრში მოთავსებულია განიერი შესასვლელი. სქელი კედლები 1,7 მ. სიმაღლემდე აგებულია ქვის კვადრებით, ხოლო ზემოთ ალიზის წყობაა. სვეტებიანი დარბაზის გვერდზე ყოფილა ამავე დროის სხვა ნაგებობები, რომელთა ნანგრევებზე ამოყვანილია ახ.წ. I საუკუნისათვის დამახასიათებელი წყობა ე.წ. „რეტიკულატუმი". ამავე ტერასაზე ნაპოვნია კორინთული სვეტისთავი, სვეტების ბაზისები, კესონური პლაფონის ფრაგმენტები, რაც მოწმობს აქ სასახლეების და ტაძრების არსებობას. აქვე ახლოს აღმოჩენილია მცირე ზომის აბანო და ორი აკლდამა. ერთი მათგანი წარმოადგენს მონუმენტურ სამეფო აკლდამის ნანგრევს, ხოლო მეორე დიდებულისა ან მეფის ასულის სამაარხ - სარკოფაგს მდიდარი სამარხი ინვენტარებით. არმაზციხის თავდაცვითი ზღუდეების ანალოგიური კედლები გამოვლენილია გორში, სარკინეთში და წიწამურში.

I- III საუკუნეების ძეგლებს შორის აღსანიშნავია არმაზის ხევის ქართლის პიტიახშთა - ერისთავთა რეზიდენცია. სამწუხაროდ აქ მიწისზედა ნაწილი ნაგებობებისა თითქმის მთლიანად დანგრეულია. გათხრების შემდეგ გამოჩნდა მოზრდილი, ოთხკუთხა გეგმის დარბაზის ნაშთები. შენობა რომელიც სასახლეთაა მიჩნეული აგებულია ქვითკირით, ხოლო საპასუხისმგებლო ადგილები თლილი ქვითაა გამოყვანილი. ადგილზე აღმოჩნდა კარის ქვის კარგად გათლილი ზღურბლი, ხოლო ირგვლივ აღმოჩენილი შენობის ფრაგმენტები მეტნაკლებად წარმოდგენას გვიქმნიან სასახლის შესახებ. ასეთებია: კარის თავანი და კარნიზი დამუშავებული პროფილებით და კბილანებით, ჩუქურთმიანი (კორინთელი) სვეტისთავი და სვეტის ბაზისი. კრამიტის ნატეხების მიხედვით სასახლეს კრამიტის სახურავი ჰქონია. ამგვარად, შენობის გეგმა, სქელი მტკიცე კედლები თლილი ქვის გულდასმით დამუშავებული დეტალები გვანიშნებენ, რომ აქ იყო წარჩინებულთა წრის სასახლე. თუ გავითვალისწინებთ აქვე არმაზისხევში გათხრილი სამარხი - სარკოფაგების ინვენტარს, უცილობლად დავასკვნით, რომ ადამიანები, რომლებიც ხმარობდნენ გემოვნებით შესრულებულ ძვირფას სამკაულებს, მშვენიერ ვერცხლისა და მინის ჭურჭელს, ხატოვნად გამოსახავდნენ თავის აზრებს, ალბათ ცხოვრობდნენ სათანადო სასახლეებში და დარბაზებში.. სახლიდან ათიოდე მეტრის დაშორებით მდგარა აბანო. მისი სიგრძე 22 მ. უდრის, სიგანე 6 მ. აბანო ერთ ხაზზე განლაგებული ხუთი განყოფილებისაგან შედგებოდა - სათბობი განყოფილება, გასახდელი, ცხელი, თბილი და ცივი აბანოები, რომელთა ქვეშ მოწყობილია გათბობის რთული სისტემა. სათბობი განყოფილება დაკავშირებულია კალორიფერებთან. აქ იატაკის მთელ ფართობზე დგას მრგვალი აგურისაგან აწყობილი 1,1 მ სიმაღლის სვეტები, გადახურული დიდი კერამიკული ფილებით. ჰიპოკაუსტის კუთხეებში დამრეცად დატანებულია კერამიკული მილები, რომლის საშუალებით ხორციელდებოდა აბანოს გათბობა. აბანო სასახლის მსგავსად, კრამიტით იყო გადახურული. არმაზისხევის აბანო წარმოადგენდა იბერიის ერისთავთა რეზიდენციას ახ.წ. II III სს. შემადგენელ ელემენტს.