topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

1000 წლის სამშენებლო წარწერა ქორეთის ეკლესიაზე - გ.გაფრინდაშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გივი გაფრინდაშვილი (არქიტექტურის კანდიდატი) - 1000 წლის სამშენებლო წარწერა ქორეთის ეკლესიაზე //ძეგლის მეგობარი, 1970 წ., თბ., კრ.21, გვ.54 -61

სპელეისტიკური ექსპედიცია 1968 წ. ისტორიული არგვეთის გამოქვაბულებს ზვერავდა. ყვირილის ხეობაში ისტორიული გარემოს კვლევამ სოფ.ქორეთში მიგვიყვანა. ქორეთი მდებარეობს საჩხერის სამხრეთით 6 კმ. დაშორებით. სოფელში ორი ეკლესიაა - ერთი დგას ბორცვზე, იგი "უდერძის წმ.გიორგის" გვიანდელი ნაგებობაა. ეს ადგილი წინაქრისტიანულ უძველეს სალოცავს უნდა აცოცხლებდეს და ფრიად პოპულარულია მოსახლეობაში. მეორე, ღვთაების ეკლესია სოფლის თავში მდებარეობს. ღვთაების ეკლესია დარბაზული შენობაა. სამხრეთ-დასავლეთის მთელ სიგრძეზე მიშენებული კარიბჭით. ეკლესიისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლის თავისებურება. აქ აღმოსავლეთის კედელი ბრტყელია. ე.ი. საკურთხეველი სწორკუთხაა. სხვა უფრო ადრეულ ბრტყელ საკურთხევლიან ეკლესიებში ასეთ შემთხვევაში კონქზე გადასვლა ხდება ტრომპებით. აქ კი ტრომპების მაგიერ საკურთხევლის საშუალო სიმაღლეზე ორივე კუთხეზე გადაყვანილია ოდნავ მორკალული თაღები. მათი მეშვეობით მიღებულია აბსიდის უსწორო ნახევარწრე. მისი ზედა ნაწილი მთავრდება კონქით. საკურთხეველი გამოყოფილია დარბაზიდან სწორკუთხა პილასტრებზე დაყრდნობლი ტრიუმფალური თაღით. თუმცა საკურთხევლის წაგრძელებულა იატაკი დარბაზულ ნაწილშია შეჭრილი. გამოწეული საკურთხეველი იმდროინდელ ძეგლებს არ ახასიათებდა. საკურთხეველში განიერი მაღალი ტრაპეზი წინ არის წამოწეული. თვით დარბაზის სივრცე დამშვენებულია ორ ნაწილად გამყოფ პილასტრებითა და მასზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით და ერთი საფეხურით შეღრმავებული თაღებით შემოწერილი კედლის სიბრტყეებით. კედლის მხატვრობიდან საინტერესოა გოდერძი წერეთლის გამოსახულება. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ორივეგან ტიმპანით. ყურადღებას იქცევს თავისი სიდიდით, აღმოსავლეთის მაღალი, შიგნიდან განიერი და ფასადიდან ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სარკმელები არის სხვა კედლებშიც.

ეკლესიის ფასადები ზომიერად და გულმოდგინებითაა მოჩუქურთმებული. დეკორი უმთავრესად სარკმლის ფართო საპირის, სათაურისა და როზეტების სახითაა მოცემული. ამასთან, ეკლესიას შემოსდევს მოჩუქურთმებული კარნიზი. ძეგლის მხატვრული გადაწყვეტა ერთი შეხედვითვე მიგვანიშნებს ქართული ხუროთმოძღვრების იმ ახალ, თავისებურ შემოქმედებას ქართული ხელოვნების განვითარების იმ საფეხურზე, X ს-ის მეორე ნახევარში რომ გაედევნება თვალი. ეკლესიას საინტერესო წარწერები ამშვენებს. წრეში და სწორკუთხა ჩარჩოებში ჩასმული წარწერები ძირითადად შემორჩენილია ეკლესიის სამხრეთ ფასადზე. წარწერათა უმნიშვნელო ფრაგმენტები სხვა ფასადებსაც ეტყობა. ასოთა პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერები აშკარად ძეგლის თანადროულია და X ს.-ის ბოლო ათეულ წლებს პასუხობს. კარიბჭის ფასადზე ანა დედოფალთ-დედოფლის უთარიღო სამშენებლო წარწერაა საინტერესო ტექსტით. იგი ეკლესიის მშენებლობის ხანას არ ეკუთვნის. პალგოგრაფიული ნიშნებით გვიანდელია (XV ს.) და ანას მიერ მაცხოვრის წმიდა მონასტრის აშენებასა და აღაპის დადებას გვაუწყებს. ცხადია, აქ უმთავრესად კარიბჭის (ალბათ XI ს.) გადაკეთება-განახლება იგულისხმება. (მონასტერი თავდაპირველადვე არსებობდა თუ არა - არ ჩანს. ეგებ მონასტრის მშენებლობა მართლაც ანა დედოფლის სახელს უკავშირდება. მაშინ წარწერაში მოცემული "აღვაშენე" პირდაპირი მნიშვნელობითაც უნდა გავიგოთ და არა როგორც მხოლოდ განახლება ე.წ. მეორედ აშენება. საინტერესოა, რომ სოფლის ტოპონიმთა (ნაფარეხევი, ლაშე, ნაჯეკელაური ) შორის არის "სამონასტრო". ეს ადგილი ღვთაების მონასტრის მახლობლადაა, თუმცა მას არ უკავშირდება. ხალხური გადმოცემით, აქ სახლი იდგა მარნით, იქვე იყო ვენახი და ყანა. იგი ჯრუჭის მონასტრის დასასვეხებელი ადგილი ყოფილა. სახლში ღამეს ათევდა ბერი. მას სურსათი მიჰქონდა მონასტერშიო). ძეგლის კვლევის პროცესში ყურადღება მიიპყრო კარიბჭის შიგნით ეკლესიის სამხრეთ კარის ტიმპანმა. ტიმპანის შიდა სიბრტყეზე ფრესკული წარწერა ბუნებრივი და გასაგები ჩანდა, ხოლო ფასადიდან უბრალოდ, კირით შელესილი ტიმპანი ეკლესიის სუფთად გათლილ პერანგს აშკარად არ ეხამებოდა. ამასთან, სამხრეთის ფასადზე საგანგებო ჩარჩოებში განლაგებული მცირე წარწერები ბუნებრივად ითხოვდა ტიმპანზე წარწერის არსებობას. ტიმპანის მარჯვნივ, დაბლა, ნალესი მონგრეული დამხვდა. აქ თითქოს ასოს ფრაგმენტის ღარიც შეინიშნებოდა. ტიმპანის ზედაპირს ნალესი მოვაშორე და ასოთა ნიშნები მართლაც გამოჩნდა. ასოთა ღარში გამკვრივებული ბათქაში აძნელებდა ასოთა მოხაზულობის მიგნებასა და წმენდას. ასეთი მეთოდით ჩატარებულმა მუშაობამ გახსნა ქორეთის ღვთაების ეკლესიის თარიღიანი სამშენებლო მთავარი წარწერა. ქორეთის ღვთაების ეკლესია სამეცნიერო ლიტერატურაში უცნობია. თუმცა ეს ძეგლი ცნობილია სამეცნიერო წრეში. სტილისტიკური ანალიზით მის თარიღად X ს. ბოლო თუ XI ს. დასაწყისია მიჩნეული. ამ ძეგლის ხუროთმოძღვრებას სწავლობენ ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები. მსგავსი მდგომარეობაა ეკლესიის წარწერების მიმართაც. იგი დამუშავებულია მკვლევარის თ.ბარნაველის მიერ. ამიტომ, ძეგლის ხუროთმოძღვრებას, მის მხატვრულ-ისტორიულ ანალიზს და ცნობილ ეპიგრაფიკასაც არ შევეხები. ამ წერილის მიზანია სამხრეთის ტიმპანზე გაწმენდილი ახლად მიკვლეული წარწერის გამოცემა. თარიღიანი წარწერებითა და ქტიტორთა ვინაობით ქართული ძეგლები არ გვანებივრებს. ამიტომ ცხადია ის დიდი ინტერესი, რასაც ქართული მეცნიერება იჩენს ყოველი ასეთი ძეგლის მიმართ. მით უმეტეს, თუ ეს მომენტები ეხება ისეთ ძველსა და ქართული კულტურისათვის საეტაპო მნიშვნელობის ეპოქას, როგორიცაა X ს. დასასრული. ექვსსტრიქონიანი წარწერა თავისუფლადაა განლაგებული ნახევარწრიულ ტიმპანში. ოსტატი შეგნებულად უვლის გვერდს სტრიქონთა თანაბარ განაწილებას სიბრტყეზე. უფრო მეტიც, პირველ-მეორე სტრიქონთა ბოლოსა და მესამე - მეხუთე სტრიქონთა დასაწყისში დაუწერლად ტოვებს მოზრდილ თავისუფალ ადგილებს. სიტყვათა გადატანა ნებისმიერია. მაგალითად, პირველ-მეორე სტრიქონის სიტყვიდან "და" მეორეში გადატანილია მხოლოდ "ა“ თუმცა, პირველი სტრიქონის ბოლოს რამდენიმე ასოს მოთავსება შეიძლებოდა. არის შემთხვევები, როდესაც სიტყვას ასო სცილდება და მომდევნო სიტყვას ერთვის. მაგალითად, მესამე სტრიქონის მეორე სიტყვას ერთვის მომდევნო სიტყვის პირველი ასო; ხოლო ამავე მესამე სიტყვას ბოლოში მიწერილი აქვს წინა ასო შემდეგი სტრიქონის პირველი სიტყვისა. ამ სიტყვის ბოლო ასო კი შემდეგი სიტყვის წინ არის დასმული. დარღვეულია წარწერის ორხაზოვანი სისტემა და სტრიქონთა ურთიერთშორის დაცილება. წარწერის ასოები დასაწყისიდან მესამე სტრიქონის ნახევრამდე ფართოდ და განივრად არის ამოღარული. შემდეგ კი სტრიქონები და თვით ასოები მიჯრით, უთანაბროდაა შესრულებული. მიუხედავად ამისა, წარწერის საერთო სადა განლაგებაში მოძებნილ ცალკეულ ასოთა დინამიური ძარღვი აცოცხლებს და ამეტყველებს წარწერას. წარწერა მთლიანი სახითაა მოღწეული. ტიმპანის სიბრტყე წარწერის შესრულებამდე ქვედა ნაწილში 21 სმ სიგრძეზე მომტვრეული ყოფილა. ამის გამო სტრიქონის ამ ნაწილში სიტყვები ურთიერთდაშორებულია. წარწერის დასაწყისში სტილიზებული ჯვარია დასმული. პირველი სტრიქონი 64 სმ სიგრძისაა და 9 ასოს შეიცავს, მეორე 76,4 სმ და 11 ასოს შეიცავს. მესამე - 88,5 სმ და 14 ასოიანია; მეოთხე - 85 სმ და 18; მეხუთე - 86,4 სმ და 13; მეექვსე სტრიქონის სიგრძე კი 32 სმ-ია და მხოლოდ თარიღის ექვს ასოს შეიცავს. წარწერის ასოთა ზომები ცვალებადია - სიმაღლე 7 სმ-დან 2,5 სმ-დე, სიგანე კი 7 სმ-დან 2 სმ-დე. საშუალოდ ასოთა სიმაღლე და სიგანე 4,5 - 3,0 სმ-ია. წარწერაში ქარაგმის 7 ნიშანია. ქარაგმა მოცემულია თავბოლოგამსხვილებულ რამდენადმე სწორი თუ ოდნავ მორკალული ხაზით ან განივი ხაზით. ქარაგმა თავბოლო შექცევითაა მოხრილი. აქედან 6 ნიშანი ხმოვანსა და თანხმოვან ასოთა ნაკლულობას აღნიშნავს. ორი ნიშანი კი მეორე-მესამე სტრიქონსა და მეოთხე სტრიქონის მთლიანად დაწერილ სიტყვებზე "დეოფალი" და "ხურსი" ზედმეტია. არის ასონაკლული სიტყვებიც ქარაგმის ნიშნის გარეშე. ასეთებია: მეოთხე სტრიქონიდან მეხუთეში გადატანილი სიტყვა "ბლი" (ბალავარი) და მეხუთე სტრიქონში ტრადიციულად მოცემული "ქრნკნსა"(ქრონიკონსა). წარწერა განკვეთილობის ნიშნებს არ შეიცავს. წარწერა შესრულებულია უმთავრესად მრგვლოვანი დამწერლობით. მაგრამ ზოგადად იგი შერეული დამწერლობის ნიმუშია. წარწერაში მრგვლოვანი "ლ"-ს გვერდით მისი ნუსხური ვარიანტიცაა მოცემული, როგორიცაა მესამე სტრიქონის პირველი სიტყვა. გარდა ამისა, ზოგიერთ ასოს აშკარად თუ ფარულად გასდევს არა თუ ნუსხურის, არამედ თითქოს მხედრული დამწერლობის თავისებურება. მაგალითად. წარწერის დასაწყისის პირველი ორი ასო „ს“ და განსაკუთრებით „მ" მოკაუჭებული თავით მხედრულის ნიშნის მატარებელია. იგი "ი"-ს დაწერილობაშიც შეინიშნება. ასეთია მორკალული "ი" მესამე სტრიქონის მესამე სიტყვაში, ხოლო დაბლა თავდაშვებული მეხუთე სტრიქონის მეორე ასო "ი" მხედრული დამწერლობით არის შესრულებული. ამავე სტრიქონის ბოლოდან მეორე ასო "ე" თავხაზის წანაზარდთან ერთად შემორკალული ბუნით ნუსხურის გავლენაზე მიგვანიშნებს. მით უმეტეს სხვა შემთხვევაში „ე" წანაზარდის გარეშე მკვეთრად დახრილი თავითაა მოცემული. ასევე ითქმის "ა"-ს მოხაზულობაზე. იგი სხვადასხვა სახითაა მოცემული. მაგრამ, განსაკუთრებით საგულისხმოა ამ გავლენათა დასადასტურებლად, როდესაც თავხაზის დასაწყისი უშუალოდ აზის ფეხის  რკალს, ეს არის მესამე სტრიქონის პირველი სიტყვა. ნუსხურის ნიშნებით ხასიათდება განსაკუთრებით ტანგახრილი "კ" მეხუთე-მეექვსე სტრიქონებში და თუნდაც "ხ" მეოთხე სტრიქონში. საერთოდ, ლაპიდარულ წარწერებში მრგლოვან - ნუსხა-ხუცურის შერეული  დამწერლობა ამ ეპოქაში ისევე, როგორც XI ს. ფართოდაა გავრცელებული. დამწერლობის ეს ნიმუში ჯერ კიდევ X ს. 70-იან წლებში (საროს ციხის წარწერა) ჩვეულებრივი მოვლენაა. ასევე, შერეული დამწერლობაა ცხრაკარის ეკლესიის X ს-ის პირველი ნახევრის წარწერაში. უფრო მეტიც, შერეული დამწერლობის ნიმუშები უკვე X ს-ის 20-30-იან წ. დათარიღებულ (სამსარი) ლაპიდარულ წარწერებშია ფართოდ მოცემული. ეს ადასტურებს ხელოვნებათმცოდნეების მოსაზრებას, რომ ამ სახის დამწერლობა არსებობდა IX ს-ის ლაპიდარულ წარწერებშიც რასაც უთარიღო, მათ მიერ სტილისტიკური ანალიზით დათარიღებული ძეგლები მიგვანიშნებს. წარწერაში პალეოგრაფიული ნიშნებით ყურადღებას იქცევს "დ" წრიული მუცლით და დაბალ ყელზე მკვეთრად გაშვერილი თავხაზით. "ო" წრიული მუცლითა და ხშირად მუცლის შუა ადგილიდან მკვეთრად არკალული ფეხით. "ვ" ძირამდე დაშვებული ზურგის ხაზით (მესამე სტრიქონი) და სხვა. ასოები ღრმად არის ამოკვეთილი. მათი კიდურების ბოლოები გამსხვილებულია და ხშირად წაწვეტებულ მცირე რკალებს ქმნიან. ეს მოვლენა X ს-ის მეორე ნახევრიდან მკვეთრად ჩანს ქართულ ეპიგრაფიკაში (კუმურდო 964 ს). ასოთა ასეთი სახე ტყუბწვეტოვან (ალავერდი XI ს. I ნახ.) დამწერლობას დაედო საფუძვლად XI ს-ის დასაწყისში. ასოთა მხატვრულ-დეკორაციული გაფორმების ეს სახე XIII ს-მდე გამოიყენება რამდენადმე ცხოველხატულობის დაქვეითებით. (იხ. სამთავისი გიორგი III წარწერა 1168 წ.): იჩქით გურგენისძის წარწერა XII ს. 80-იანი წწ. ქორეთის წარწერიდან ირკვევა, რომ მარიამ დედოფალმა 1000 წელს ქორეთში საფუძველი ჩაუყარა და ააშენა ეკლესია.

1. სმბო წო შედ

2. აადიდე მრმდე

3. ოფალი და შ ვილნიმ

4. ისნ იგი და ხურსიესებ

5. ლი დაიდვა ქრნკნ

6. სა სკ სა

"სამებაო წმიდაო შეიწყალე და ადიდე მარიამ დეოფალი და შვილნი მისნ გიორგი და ხურსი. ესე ბალავარი დაიდვა ქრონიკონსა 220-სა", ე. ი. 220 + 780=1000 წელს. წარწერიდან უცნობია თუ მარიამ დედოფალი რომელი ფეოდალური სახლის წარმომადგენელია. მაგრამ ჩანს, რომ ყვირილის ხეობაში მათ სხვა მშენებლობაც ჩაუტარებიათ. ეს არის სავანის ეკლესია. ქორეთის განსახილველი წარწერის შედარებით სავანის ეკლესიის 1046 წ. სამშენებლო წარწერასთან ირკვევა, რომ აქ ერთი ფეოდალური სახის წარმომადგენლები არიან დასახელებულნი ქტიტორებად. ამასთან, ორივე წარწერის შეჯერება საინტერესო სურათს იძლევა ამ ფეოდალური სახლის შესასწავლად. სავანის წარწერა: "სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერისთავთ ერისთავმან, ავაშენე ესე წმიდაი ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხ (ხურსი - გ.გ.) ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისათვის და შვილისა ჩუენისა გოლიათისათვის და დედისა მისისათვის. წმიდაო გიორგი მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა. ამენ იყავნ. ქრონიკონი იყო 226. აეშენა მეფობასა ბაგრატ კულაპალატისასა“. (ვ.ბერიძე, სავანე, ქართული ხელოვნება, I, 1942, გვ.89). როგორც ვხედავთ, ორივე წარწერაში დასახელებულია მარიამი და მისი შვილი გიორგი და ხურსი. ხურსის სახელი ქორეთის წარწერამ გაარკვია. სავანის  წარწერაში ეს სახელი მოცემულია მხოლოდ დასაწყისი ასოთი. ამის გამო გაუხსნელი იყო დღემდე. (XIX ს. ბოლოს გ.წერეთელმა „ხ“ გახსნა, როგორც სახელი ხახუ. ვ.ბერიძემ თავის მონოგრაფიაში არ გაიზიარა ეს დაუსაბუთებელი გაშიფვრა. სავანე. ქართული ხელოვნება, I, 1942, გვ.90). ორივე წარწერის შედარებით ირკვევა, რომ 1000 წელს ქორეთის ქტიტორია მარიამ დედოფალი. მასთან ერთად დასახელებულია მცირეწლოვანი შვილები გიორგი და ხურსი. 1046 წელს კი სავანის ქტიტორია შვილი გიორგი, უკვე ერისთავთ - ერისთავი. ე. ი. ამ ფეოდალური სახლის (ეგებ კახაბერისძეთა) ბატონობასა და მოღვაწეობას ამ მხარეში ქორეთისა და სავანის წარწერებით თვალი გაედევნება ნახევარი საუკუნის მანძილზე, ბაღვაშ ფეოდალთა გვერდით. "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ხურსი ერისთავი დაიღუპა შირიმნთან ბრძოლაში 1021 წ. "მოიკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი; რატი, ძე ლიპარიტისი და ხურსი" (ქართლის ცხოვრება, I, 1955, გვ.284, 383; საქართველოს ისტორია, I, 1958, გვ.142). ვფიქრობ, ადვილი შესაძლებელია ქორეთ - სავანის ხურსის გაიგივება ზემოაღნიშნულ ხურსთან. ქორეთ-სავანის წარწერებში არის სახელი ხურსი. იგივე სახელია "ქართლის ცხოვრება"-ში. სავანის წარწერის ხურსი ერისთავია, (ქორეთის წარწერაში იგი ბავშვია), ასევე ერისთავია "ქართლის ცხოვრების“ ხურსი. ორივე ხურსის მოღვაწეობის ხანაც ერთია; ქორეთ-სავანის წარწერის ხურსი 1000 - 1046 წწ. დასახელებული, "ქართლის ცხოვრების" ხურსი კი დასახელებულია 1021 წელს. ამ იგივეობას ხელს უწყობს განსაკუთრებული ხაზგასმით მოხსენიება ხურსისა და ბაღვაშთა სახლის წევრის რატისა ერთად, წარმომადგენლებისა იმ ფეოდალური სახლებისა, მეზობლად რომ ბატონობდნენ ისტორიულ არგვეთში. ამ იგივეობას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს 1046 წ. სავანის წარწერაში  ხურსი ერისთავის მოხსენიება. წარწერაში სხვებთან ერთად ხურსის მამა გულზვიადიცაა დასახელებული. ამ დროს კი მამა გარდაცვლილი უნდა იყოს. ამაზე მიგვანიშნებს ქორეთის წარწერაში გულზვიადის მოუხსენებლობა. ასე, რომ 1000 წლისთავის ამ ფეოდალური სახლის უფროსი გულზვიადი უკვე გარდაცვლილია. სავანის წარწერის კონტექსტით გამოყოფილნი არ ჩანან ცოცხლები და გარდაცვლილნი. ამიტომ, სახლის სხვა წევრებთან ერთად გარდაცვლილი გულზვიადის მოხსენიება საშუალებას გვაძლევს სავანის წარწერაში "ქართლის ცხოვრების" გათვალისწინებით ხურსი ერისთავიც გარდაცვლილად მივიჩნიოთ.

შევაჯამოთ ქორეთის წარწერის მნიშვნელობა.

1. მივიღეთ ძეგლის მშენებლობის თარიღი 1000 წელი და ქტიტორის ვინაობა - მარიამ დეოფალი.

2. კიდევ ერთხელ დადასტურდა მხატვრულ - სტილისტიკური ანალიზით ძეგლთა დათარიღების მეთოდის სიზუსტე, შემუშავებული აკადემიკოს გ.ჩუბინაშვილისა და მისი ხელოვნებათმცოდნეობითი სკოლის მიერ.

3. ლაპიდარულ წარწერაში შერეული დამწერლობის გამოყენებისა და გავრცელების დადასტურება X ს-ის მიწურულისათვის ქართული პალეოგრაფიის საყურადღებო შენაძენია.

4. გაირკვა, ერთი და იგივე ფეოდალური სახლის ქტიტორული მოღვაწეობა ქორეთსა და სავანეში. ამასთან, ნახევარი საუკუნით სიღრმეში გადავიდა მათი ბატონობისა და მოღვაწეობის საწყისები ისტორიულ არგვეთში, სადაც დამოუკიდებელი საერისთაო დასტურდება მძლავრი ფეოდალების ბაღვაშთა სახლის გვერდით. გაიშიფრა სავანის მშენებელ გიორგი ერისთავთ-ერისთავის ძმის სახელი ხურსი და დაზუსტდა ამ ფეოდალური სახლის ოჯახური მდგომარეობა.

5. ეკლესია აშენდა წმ.სამების სახელზე; ხოლო გვიან საუკუნეში ამ ეკლესიასთან ანა დედოფალთ - დედოფალმა (XV ს.) ღვთაების წმ.მონასტერი დააარსა. ამ მიზნით გამოიყენა არსებული ეკლესია, ჩაატარა აქ სარესტავრაციო სამუშაოები და უთუოდ მონასტრისათვის საჭირო სხვა დამხმარე ნაგებობანიც ააშენა. სწორედ ამ დროიდან უნდა მომდინარეობდეს ქორეთის ეკლესიის სახელი - ღვთაება.

 

 

 

 

  • ქორეთი - მთავარი გვერდი
  • ქორეთი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • ქორეთი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
  • ქორეთი - ფოტოგალერეა// ფოტოალბომის სრული ვერსია