topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

უბისის სვეტი - ვ. ცინცაძე

<უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე <<<ეკლესია -მონასტრები>>>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ვ. ცინცაძე (ქართული  ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი) - უბისის სვეტი // ძეგლის მეგობარი, 1969, კრ. 18 გვ. 34 – 37

უბისის ხუროთმოძღვრული ანსამბლი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მთავარ სამაგისტრალო გზაზე, ლიხის ქედის ზეგანზე მდებარეობს, ისტორიულ პროვინცია არგვეთში. მეცნიერულ ლიტერატურაში ცნობილია, რომ ანსამბლის მთავარი ნაგებობა - ეკლესია IX საუკუნეშია აგებული განთქმული ქართველი მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის მოწაფის მიერ. ამ ეკლესიის აღმოსავლეთით რამდენიმე მეტრზე აღმართულია მრავალსართულიანი კოშკი - "სვეტი". ეს უნიკალური ნაგებობა დიდი ხანია იპყრობს ყურადღებას და მარტვილის მსგავს ნაგებობასთან - "სვეტთან" ერთად ჯერ კიდევ თხუთმეტიოდე წლის წინათ გახდა საგანგებო კვლევის საგანი ("მარტვილისა და უბისის სვეტების ხუროთმოძღვრება" ლ. რჩეულიშვილი, ვახტ. ცინცაძე).

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ჩვენ აქ საუბარი გვექნება უბისის სვეტზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წამოიჭრა მიმდინარე წელს მასზე მვცნიერულ-დაცვითი სამუშაოების ჩატარების დროს. აქ ვაქვეყნებთ აღნიშნული სამუშაოების პროექტს, რომელზედაც ნაჩვენებია ძეგლის თავდაპირველი ფორმების აღდგენა. თუ დაინტერესებულ პირს რამდენადმე მაინც დავეხმარებით წარმოდგენა იქონიოს როგორც თვით ნაგებობის არსის, ისე მის დასაცავად ჩატარებულ სამუშაოთა შესახებ - პუბლიკაციის მიზანი მიღწეული იქნება. უბისის სვეტის სამხრეთის ფასადზე მოთავსებულ ლაპიდარულ წარწერაში ფეოდალიზმის დროის საქართველოს უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი -ჭყონდიდელი (პირველი ვაზირი-პრემიერ-მინისტრი) გადმოგვცემს მონასტრის მშენებლობაზე. აქვე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ სვეტიც მას აუშენებია 1141 წელს დიდისა მეფის დავითის (შემდეგ აღმაშენებლად წოდებულის) ძის მეფეთა მეფის დიმიტრის დროს. მცდარი აზრი არ იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია თვით ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტიც სათანადოდაა აგებული; ის არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვითმწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს (კაცხის სვეტი V - VI სს.), უბისში კარგათ ჩანს მომწიფებულ ფეოდალური, ფუფუნებას ჩვეული არისტოკრატიის განმარტოებით საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ განკუთვნილი ნაგებობის ხასიათი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

შირიმის ქვის ქანით ნაგები ოთხსართულიანი შენობა, თითოეულ სართულში თითო ოთახით ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესასვლელი მეორე სართულიდან ყოფილა. პირველ სართულში საკუჭნაო ყოფილა (2,2 X 2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმელი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55 X 3.00 მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და საპირფარეშოთი. კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმლითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოხერხებული კიბის საშუალებით (ასეთი კიბის მოწყობა, ვფიქრობთ, გამოწვეული იყო ორ სართულს შორის გაცხოველებული მიმოსვლით) ზედა ოთახში (3,05 X 3,30 მ.) ადიოდნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მის სამ კედელში თითო სარკმელი იყო დატანებული, აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ სქელგანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. აღმოსავლეთის მხარის მეოთხედ სფეროს მიმსგავსებული დახურვა და მხატვრობის კვალი მიგვითითებს, აქ ერთ დროს სალოცავ ადგილის არსებობაზე. დასავლეთის კედელში გაჭრილი კარი გადიოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი "მიტოვებულ" ქვეყანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ - დასავლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით (მაშიკულები), თითო-თითო კედელში. ყველაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინებზე აგურით გადაყვანილ თაღს წარმოადგენდა. ჩვენ დაბეჯითებით ვამბობთ, რომ უბისის სვეტის მეოთხე სართული თავდასაცავ ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი. ის, რომ დახურულიც ყოფილა, ამაზე საბრძოლო სართულიანი კოშკური ნაგებობების (ხევსა და სვანეთში) მაგალითები გვიკარნახებს. უცხოეთის მაგალითებიდან ასევე დახურულია და უბისას მსგავს მაშიკულებითაა დაგვირგვინებული ივერიის მონასტრის (ათონი, საბერძნეთი) კოშკი, სადაც ქართველი მოღვაწე ექვთიმე მთაწმინდელი ("იოანე  და ექვთიმეს ცხოვრება“) ცხოვრობდა (იხილეთ შარლ მარტელის ნახატი ჟურნალი „L’illustration”). ყველა ამის გამო და ძეგლის სხვა კონსტრუქციული მოსაზრებებით ჩვენ უბისის სვეტს ვხურავთ. პროექტის ნახაზზე "A – A1“ - აღნიშნულია სართულიდან დარჩენილი კედლების დონე.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ამგვარად, ამ სიმაღლეზე უდაოდ არსებობდა როგორც მაშიკულები, ისე სათავსოს მომზღუდველი კედლები. ამავე დროს ეს ის დონეა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სართული დახურული იყო საბურავით, რადგან ეს დონე გაცილებით უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე ის, რომელიც საჭირო იქნებოდა და უნდა არსებულიყო ღია საბრძოლო ბაქნისათვის. საბურავის ქვევით სათავსოს სიმაღლე  განსაზღვრული უნდა ყოფილიყო ადამიანის სიმაღლის მიხედვითაც, ვფიქრობთ, არა ნაკლები 1,7-2,0 მეტრისა. მეორეს მხრივ - თუ მივმართავთ თვით ნაგებობის არქიტექტურას, მის ფორმებს, მის კომპოზიციურ გადაწყვეტას - დავინახავთ, რომ მთელი რიგი ელემენტები, სართულების ზომების ურთიერთ შეფარდების მიხედვით განსაკუთრებულ მასშტაბურობას ქმნიან. კარი, სარკმელი, სართულების გამყოფი ლილვები - კარნიზები და ა. შ. პროპორციულ დამოკიდებულებაშია მთელი ნაგებობის საერთო ასახულობასთან. საყურადღებო ფაქტია ამ მხრივ ის, რომ ორივე კარის სიმაღლე ხუროთმოძღვარმა 1,4 მ აიღო, ჩვენ შეგრძნებაში კი უკვე ჩამოყალიბებულია კარისათვის ადამიანთა ფიგურის ნორმალური ზომების შესაბამისი სიმაღლე (საერთოდ კარის სიმაღლედ მიღებულია 180 – 2,1 მ), სვეტზე კარების ზომა, როგორც დავინახეთ, ნორმალურზე ნაკლებია, რისთვისაც ნაგებობა უფრო დიდი გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეში არის. ხუროთმოძღვარი ამ ხერხს შემთხვევით არ უნდა ხმარობდეს, ვინაიდან ნაგებობის გრანდიოზულად წარმოდგენისათვის გამოყენეხული სხვა ხერხები უფრო რთულია, როგორც ამას ქვევით დავინახავთ. მრავალსართულიანი ნაგებობის სართულის სიმაღლე საერთოდ მთელი რიგი მოთხოვნილებებით განისაზღვრება; მაგრამ გარკვეული ტიპის ნაგებობისათვის სართულის სიმაღლე გარკვეული სიდიდისაა და ასე აღიბეჭდება ის ჩვენს წარმოდგენაში: ამგვარად, სართული თავისი ჰორიზონტული დამყოფებით (კარნიზიანი ქამრები) განსაზღვრავს ნაგებობის მხატვრულ სახეს, მის მასშტაბურობას.. სვეტის მეორე სართულთან შედარებით მესამეს სიმაღლე პერსპექტივაში ოპტიკურად მცირდება. ეს მოვლენა აქ სართულების სიმაღლეების სინამდვილეში თანდათანობით შემცირებითაა გამახვილებული. ხუროთმოძღვარი ამით ნებით თუ უნებლიეთ ხაზს უსვამს ნაგებობის სიმაღლეს, უნდა წარმოგვიდგინოს იგი რაც შეიძლება მაღალი. ხუროთმოძღვარი უბისში სხვა ხერხსაც მიმართავს პირველი ორი სართული - ზეძირკველი და სამეურნეო სართული მხატვრულად გაერთიანებულია. იგი წარმოდგენილია ცოკოლსა და ზედა ქამარს შორის ერთი მოცულობით, რომელიც დაპირისპირებულია მომდევნო ზედა სართულთან. ამით ხუროთმოძღვარი ყველა ზევით აღნიშნულთან ერთად აღწევს გრანდიოზულობის შთაბეჭდილებას, ზრდის ოპტიკურ მასშტაბურობას, ქმნის ცისაკენ ატყორცნილ დაუსრულებლად მაღალის შთაბეჭდილებას. სვეტის არქიტექტურის გრაფიკულად გამოხატვის დროს შემჩნეული სართულების შინაგანი მხატვრული პროგრესიით განსაზღვრულ სიმაღლეთა თანდათანობით შემცირება, გვიკარნახებს და გვეხმარება დაკარგული მეოთხე სართულის სიმაღლე მეორე და მესამე სართულებს შორის არსებული განსხვავების მიხედვით აღვადგინოთ. თუ მეორე სართულის სიმაღლეს ფასადზე  H ავღნიშნავთ, რაც=330 სმ, მესამესას კი 287 სმ, მეოთხე სართულის სიმაღლე შემდეგნაირად შეგვიძლია წამოვიდგინოთ H1/H2 =  H2/ H მათი სათანადო მნიშვნელობის ჩასმის შემდეგ მივიღებთ, რომ H2 = 250 სმ. პროექტით ჩვენ ასეც გვაქვს გათვალისწინებული, რადგანაც განივკვეთში სიმაღლე მესამე სართულის კარნიზის ზედა დონიდან უკანასკნელი სართულის იატაკამდე 55 - 60 სმ. აღწევს, 250 – (55 ან 60) კი 195 ან 190 სმ სართულის სათავსოს სიმაღლეს უსწორდება. ეს კი, 180 - 210 სმ ფარგლებში თავსდება. როგორც ვთქვით, სვეტის უკანასკნელ სართულიდან დღეისათვის ფასადზე 200 სმ. სიმაღლის კედელი გვაქვს დარჩენილი. ამ დონეზე ვატარებთ აგურის ერთ რიგს, ამით გამოვყოფთ ჩვენს მიერ დამატებული კედლის წყობას - 50 სმ. და საერთოდ, ჩვენს მიერ შექმნილ მთელ კონსტრუქტიულ ზედა ნაწილს. წყობაში დატანებულ ნაგებობის შემკვრელ რკინა-ბეტონის ქამარს, ძეგლის ატმოსფერულ ნალექებიდან დამცველ ხის სახურავს და აგურის საბურავს. ეჭვი არ გვაქვს, რომ რკინა -ბეტონის ქამრის გარდა ყველა დარჩენილი არსებობდა, მაგრამ როგორი იყო ისინი? ამ კითხვის სანიშნოდ ვიმეორებთ, რომ შემოვლებული გვაქვს აგურის ერთი რიგი, მთელ პერიმეტრზე. დასასრულს, რამდენიმე სიტყვით შევჩერდებით სვეტის დაკარგული ხის ნაწილების აღდგენაზე. კიბისა და აივნის აღდგენა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, ვინაიდან ისინი ამგვარ ნაგებობაზე უნიკალურ ხუროთმოძღვრულ ელემენტებს წარმოადგენენ. მათ აღსადგენად კი უტყუარი კვალი გვაქვს შემორჩენილი. ამ კვალის ხორცშესხმა გაუადვილებს დამთვალიერებელს სვეტის და, საერთოდ, შუასაუკუნეთა საერო ნაგებობისა და ყოფა-ცხოვრების გაგებას. შერჩეული მეთოდი ამ უნიკალური ძეგლის მეცნიერული დაცვისათვის აქ სავსებით გამართლებულად მიგვაჩნია მით უფრო, რომ ძეგლი საქართველოს მთელ სიგრძეზე გამავალ სამაგისტრალო გზაზე მდებარეობს. მას ბევრი საბჭოთა და უცხოელი დამთვალიერებელი ჰყავს, რაც კიდევ უფრო ამახვილებს  მისადმი ყურადღებას.