topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ბ.ჯორბენაძე - აკლდამა სოფელ კავთისხევში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

აკლდამა სოფელ კავთისხევში - ბესარიონ ჯორბენაძე (ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის  მეცნიერ - თანამშრომელი) // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ.68 -71

მდინარე კავთურა მტკვრის ერთი იმ შენაკადთაგანია, რომელიც ხშირად რუკაზე არც აღინიშნება ხოლმე. იგი დიდგორის ქედიდან გამოედინება და მტკვარს ერთვის ს. ქვემო ხანდაკთან. ხეობის სიგრძე სულ ოციოდე კილომეტრი თუ იქნება. სწორედ ეს აღმოჩნდა მისი უპირველესი ღირსებათაგანი - ამ ხეობის მეშვეობით შიდა ქართლი უმოკლესი გზებით უკავშირდება ქვემო ქართლსა და თრიალეთს. ეს გარემოება ანიჭებდა კავთურას ხეობას მნიშვნელობასა და გარკვეულ ადგილს საქართველოს ისტორიაში. ხეობა ძველითგანვე მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, რასაც თვალნათლივ ადასტურებს მრავლად შემორჩენილი ნამოსახლარი და ხუროთმოძღვრების ძეგლები. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია; იდლეთის ადრეფეოდალური ხანის, გეგმით ჯვრისებრი ეკლესია; XII-XIII საუკუნეების, მრავალფეროვანი ჩუქურთმებით უხვად შემკული გუმბათოვანი ტაძარი ქვათახევში; სოფელ წინარეხთან ახლოს მდგარი, XII- XIII საუკუნეებში აგებული ერთნავიანი ეკლესია და მის გარშემო მაღალაძეთა მიერ XVI- XVIII საუკუნეებში მიშენებული სასახლე, კოშკები და სამრეკლო. არის აგრეთვე ათეულობით ეკლესიის, კოშკის, ციხე-გალავნისა და სასახლის ნანგრევები, რომლებიც ამ მცირე ხეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მოწმეებად გვევლინებიან. ერთი ასეთი თავისებური ძეგლია მიწისქვეშა ნაგებობა - აკლდამა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა 1963 წლის ზამთარში, სოფ.კავთისხევში, მდ.კავთურას მარჯვენა ნაპირზე, ე.წ. მონასელიანთ უბანში. (ამ აღმოჩენის შესახებ ისტორიის ინსტიტუტის ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიის განყოფილებას აცნობა იმავე ინსტიტუტის თანამშრომელმა პროფ. ი.კაჭარავამ, ხოლო დამატებითი ცნობები მოგვაწოდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმის სწავლულმა მდივანმა ირ.ზაქარიაშვილმა.) იმავე უბანში არის კლდის ქვით ნაგები, წმ.გიორგის სახელობის ერთნავიანი ეკლესია, ხოლო მის გარშემო - ნამოსახლარი. ეკლესია და ალბათ ნამოსახლარიც, გვიანფეოდალურ ხანას, XVI-XVII საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ ვარაუდს გარკვეული ანგარიში უნდა გაეწიოს მახლობლად მდებარე აკლდამის ხნოვანების დადგენისას. აკლდამის ადგილი ოდნავ შემაღლებუღია. იმ პატარა ბორცვზე მშენებლობისათვის ქვის შეგროვების დროს 1,3 მ სიღრმეზე აღმოჩნდა მოზრდილი ფილაქვები. მათი აღების შემდეგ, ქვეშ ორი პარალელური კედელი გამოვლინდა და გამოირკვა, რომ ეს იყო კლდის ბრტყელი ქვით გადახურული, შენობაში შესასვლელი "დრომოსი", როგორც უწოდებენ ხოლმე მიწისქვემა აკლდამათა ასეთ დერეფნებს. აკლდამის დრომოსი მიმართულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. მისი კედლების ქვედა ნაწილი ამოყვანილია კლდის მომცრო ქვით, ხოლო მეორე ნახევარი - ბრტყელი აგურით. დრომოსის სიგრძე უდრის 1,5 მ, სიგანე - 0,9-1,1 მ, სიმაღლე - 1 მ. შესასვლელთან შემორჩენილია ოთხსაფეხურიანი კიბე (საფეხურია სიმაღლე - 0,25 მ). აკლდამის საკანს დრომოსი უკავშირდება აღმოსავლეთიდან ისრულთაღიანი შესასვლელის საშუალებით (სიმაღლე - 1,12 მ, სიგანე - 0,84 მ) იმ ადგილას საკანში ჩადის ოთხსაფეხურიანი კიბე, ნაშენი კლდის ქვით, აგურითა და კირით (საფეხურის სიმაღლე - 0,2 მ). საკანი ოთხკუთხედია (ფართობი 2,85 მ X2,7 მ X3 მ), გადახურვა კი მრგვალგუმბათოვანი აქვს. ოთხივე კუთხეში იატაკიდან 1,4 მ. სიმაღლეზე აგურით ტლანქად არის გამოყვანილი ისრული ფორმის ტრომპები, რომელთაგანაც  უშუალოდ იწყება აგურის სფერული გადახურვა. საკნის კედლების ქვედა ინსტიტუტმა მიავლინა აღმონაჩენის შესასწავლად უფროსი მეცნიერი თანამშრომელი გ.ლომთათიძე, უმცროსი მეცნიერი თანამშრომლები ზ.შატბერაშვილი, ბ.ჯორბენაძე, ვ.კანდელაკი (მხატვარი) და მ.კოზლოვსკი (ფოტოგრაფი). მანამდე ერთი თვით ადრე ეს ძეგლი დაუთვალიერებიათ საქართველოს სსრ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლებს ო.სანებლიძეს, გ.აბრამიშვილს და ჯ.ნადირაძეს. მათ მცირეოდენი ჩაუთხრიათ აკლდამის გარეთ და გაუშიშვლებიათ თიხის რამდენიმე მილი. ო.სანებლიძის აზრით, ისინი უნდა უკავშირდებოდნენ აკლდამის შიგნით არსებულ მილებს და შესაძლოა უწინ იქ იყო აბანო, რომელიც შემდგომ აკლდამად უქცევიათ. ნაწილი 1,1 მ. სიმაღლეზე ამოყვანილია კლდის ქვით, ხოლო ზევით წყობა შედგება ბრტყელი აგურისაგან. გუმბათის აგურის წყობას ზემოდან ადევს ფილაქვები, შემდეგ ქვის გროვაა, ხოლო სულ ზემოთ - მიწაყრილი. საკანისა და დრომოსის კედლები კირის დუღაბზეა დაწყობილი. კედლები და იატაკიც კირითაა შელესილი. საკანის სამხრეთსა და დასავლეთ კედლებს ზედა ნაწილში დაყოლებული აქვთ თიხის მილები. ერთის სიგრძე უდრის 0,35 მ, მეორისა - 0,4 მ, ორთავე დიამეტრი 0,5 მ. მილები დაქანებულია შიგნით. მათი გარე ნაწილი ყრუდაა დახშული. დანიშნულება გაურკვეველია. აკლდამაში არეულად და ნაკლულად ეყარა ერთი ადამიანის დამტვრეული ძვლები. ჩანს, ადრევე გაუძარცვავთ. კავთისხევის აკლდამის არქიტექტურაში იგრძნობა გვიანფეოდალური ხანისათვის ტიპიური ნიშნები; წყობაში უხეშად გათლილი ქვისა და აგურის გამოყენება, აგურით გადაყვანილი გუმბათი და თაღი, ისრული ფორმები, რომლებიც დამახასიათებელია XVI - XVIII საუკუნეების უმრავლეს ქართლ-კახური ნაგებობისათვის. კავთისხევის აკლდამა წააგავს თელავში 1962 წლის ექსპედიციის მიერ (გ.ლომთათიძის ხელმძღვანელობით) ნაწილობრივ გათხრილ მიწისქვეშა მრგვალგუმბათიან აგურის ნაგებობას, რომელიც მიჩნეულია გვიანფეოდალური ხანის მუსლიმურ აკლდამად. ყურადსაღებია, რომ იმ ნაგებობასაც აქვს კედელში დატანებული მილი. კავთისხევის აკლდამა, ისევე როგორც თელავისა, აშენებული უნდა იყოს იმ ეპოქაში, როცა ქართლ - კახეთის ხუროთმოძღვრებაში იგრძნობოდა ისლამური ელემენტების შემოჭრა. აკლდამის შესწავლის დროს ჩვენ გვაცნობეს, რომ ძველად ის ადგილი უთხრია ვინმე თარხნიშვილს და რაღაც ნივთებიც უპოვნია. ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი ეს ცნობა დასტურდება სხვა წყაროებითაც. "საისტორიო მოამბეში" (1952 წ. №6) გამოქვეყნებულია შ.ხანთაძის პუბლიკაცია "დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის წერილები მარი ბროსესადმი", სადაც №17 წერილში, რომელიც დათარიღებულია 1860 წლის 14 მაისით, ნათქვამია შემდეგი: "სოფელსა კავთისხევში მიამბეს - ამ ოცის წლის წინათ უპოვნიათ ამ სოფლის მახლობლად, მდინარე კავთურის გაღმით, მაღლობზედ აკლდამა. შიგ მიცვალებული მძიმედ მორთული, რომელსაც თავით და ფერხთით სდგომია თითბრის შანდლები, ის მიცვალებული ყოფილა დაფერფლილი, მაგრამ ფერფლი სულ ბზინავდაო. ოქროს გულის ღილი დიდი, ორი ცერის ტოლი შანდლები იორამ თარხნიშვილს დაუშლევინებია, იმისი ვეღარა გავიგე რა." წერილიდანვე ჩანს, რომ დ.მეღვინეთხუცესიშვილისთვის უჩვენებიათ ..ამ ალაგსავე ნაპოვნი ამ მოკლე დროში, ნივთები"... მათ შორის ყოფილა ოქროს ბეჭედი, რომელშიაც ჩასმულ ქვაზე ამოჭრილია მწოლიარე ირმის და ნახევარმზის გამოსახულება. ჩვენ მიერ შესწავლილი აკლდამის ადგილმდებარეობა თითქოს ემთხვევა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის მიერ აღწერილს. შესაძლოა, ორივე შემთხვევაში ერთ და იმავე აკლდამასთან გვაქვს საქმე. აღმოჩენის ადგილი ისეთია, რომ იქ სხვა აკლდამების არსებობაც საგულისხმებელია. ჩვენს ლიტერატურაში ცნობილია, რომ თემურ - ლენგის განდევნის შემდეგ XV საუკუნიდან იწყება კავთურას ხეობის ხელახალი აღორძინება. ეს კარგად არის ასახული ნივთიერი კულტურის ძეგლებშიც. მონასელიანთ უბანში იმ მიწისქვეშა ნაგებობის აღმოჩენაც სწორედ ამის ერთი დადასტურებაა. აღნიშნული ადგილის მომავალი არქეოლოგიური შესწავლა ალბათ მეტ ნათელს მოჰფენს, ხეობის წარსულის გაშუქებას.