topmenu

 

კვეტერა - ჟღერს ქვის ჰარმონია // ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

კვეტერას ციხესიმაგრე და ეკლესია//ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ.14., თბილისი, გამ."ციცინათელა", 2007 წ., გვ.140-142

კვეტერას ციხესიმაგრე მდებარეობს ქართლიდან კახეთში გომბორის უღელტეხილით მიმავალ მთავარ გზაზე, დიდ მთაზე, რომელიც ახლა ტყითაა დაფარული. შემაღლებაზე გამყოფილია ციტადელი. მთელი ციხე მასზე 6-7 ჯერ მეტია. ამ მონაკვეთში განლაგებულია გუმბათოვანი ეკლესია, სასახლისა და სხვა შენობათა ნანგრევები. ციხის ზედა მონასკვეთში, ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით ორსართულიანი სასახლის ნანგრევებია. აქ გამოიყოფა დიდი დარბაზი და დამხმარე სათავსების რიგი. იქვე ახლოსაა სამსართულიანი კოშკი. დარბაზის დიდ სივრცეს ანათებდა განიერი და მაღალი თაღოვანი სარკმლები. სასახლე ნაგებია ყორექვით, გამოყენებულია აგურიც. ციხის გალავანი, შემორჩენილი ნაშთების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო. კუთხეები და სხვა საპასუხისმგებლო ადგილები კონუსის ფორმის კონტრფორსებით ყოფილა გამაგრებული, გალავნის მთელს სიგრძეს ცილინდრული კოშკები მიუყვებოდა. კოშკების ქვედა ნაწილი მასიურია, კარი მეორე სართულებზე აქვთ. შიდაციხის გალავანში ჩართულია სწორკუთხა კოშკები. შემორჩენილია მათი მხოლოდ სამ-სამი სართული. ციხის საგუშაგო კოშკი, ეს რვასართულიანი ოთხკუთხა ნაგებობა, ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში დგას. კოშკიდან თხუთმეტიოდე მეტრზე არის პატარა დარბაზული ეკლესია. ციხის ამ მონაკვეთში გალავანში გაჭრილი კარია და შიგნით ნაგებობათა ნანგრევები. ქართული წყაროები კვეტერას ციხეს XI ს-ის შუა წლებიდან იხსენიებს, ვახუშტის ცნობით კი იგი უკვე VIII ს-ში არსებობდა. კვეტერას გუმბათოვანი ეკლესია გეგმით ჯვარისებრია. განეკუთვნება X ს. I ნახევარს. მისი ყოველი მკლავი დასრულებულია აფსიდით,რომლებიც გარეთ ხუთწახნაგა შვერილით გამოდის, სადაც თითოეული სიბრტყე შეწყვილებული ლილვების სისტემითაა შემოფარგლული. აფსიდებს შორის მოთავსებულია წრიული გეგმის ნიშები, გარედან წრიული მოხაზულობით გამოდის. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია მრგვალ ყელზე დაყრდნობილი გუმბათი. ნაგებია კარგად გათლილი შირიმის კვადრებით. გუმბათქვეშა კვადრატიდან რვაწახნაგა და შემდეგ წრიულ გეგმაზე გადასვლა ორსაფეხურიანი თაღებითაა განხორციელებული, წრიული გუმბათის ყელი  გარედან თორმეტთაღოვან არედაა დაყოფილი. ნაგებობა ეტყობა, კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული. ხუროთმოძღვარმა ლამაზი პროპორციებით მოხდენილი ნაგებობა ააგო.

გიორგი ჩუბინაშვილი, პარმენ ზაქარაია, შარლოტა საღარაძე.

განვითარებული ფეოდალიზმი: კვეტერა - ციციშვილი ირ.// ქართული ხელოვნების ისტორია. - თბილისი, 1995. - გვ. 80-81, გვ. 107

კვეტერას X საუკუნის ეკლესია გეგმაში წარმოადგენს ჯვარს ოთხი აფსიდით, რომელთა შორის მოთავსებულია ოთხი ნიში. ეკლესიის ცენტრალური კვადრატი დაგვირგვინებულია გუმბათით, ექვსი სარკმლით მის ყელზე. აფსიდების მკლავების ყოველ კუთხეში გაკეთებულია სამი ნახევარსვეტის კონა. გადასვლა კვადრატიდან გუმბათზე განხორციელებულია თაღების სისტემით. ეკლესიის კომპოზიცია მოცულობაში ძალიან საინტერესოა - მსუბუქი, მოხდენილი და ხალისიანი. ოსტატი ცდილობდა შეექმნა ლამაზი, დეკორატიული ნაწარმოები, ამასთანავე ყოველგვარ ორნამენტული მორთულობის გარეშე. კედლები შიგნით და გარეთაც შემოსილია გათლილი შირიმის ფილებით. ფასადებზე ყოველ აფსიდის შვერილს აქვს ხუთი წახნაგი, რომლებიც მოჩარჩოებულია კუთხეებში ნახევარსვეტების კონებით, მათზე დაყრდნობილი თაღებით. ასეთი თაღები ამკობენ აგრეთვე შესასვლელებს, ხოლო სარკმლები მოჩარჩოებულია ლილვებით, რომლებიც ცოკოლთან ბირთვებით მთავრდება. გუმბათის ყელი დანაწევრებულია თორმეტი თაღით. სახურავი კრამიტისაა, თანაც ჭიქური - ფირუზისფერი. საერთოდ კვეტერა ძალიან მოხდენილი და მონდომებით აშენებული ეკლესიაა. კვეტერის ციხის შიგნით შემორჩენილია სასახლის ნანგრევი. სასახლე ორსაროულიანია, მის ქვედა უფრო დაბალსა და ნაკლებად განათებულ სართულს სამეურნეო დანიშნულება უნდა ჰქონოდა. ზედა სართული წარმოადგენს მთლიან დარბაზს, რომელსაც ვიწრო მხარეს ორ - ორი დიდი თაღოვანი სარკმელი აქვს დატანებული, ხოლო გრძელ სამხრეთის ფასადზე მდებარეობს ოთხი იატაკიდან დაწყებული თაღოვანი სარკმელი. ამ დარბაზიდან ჩრდილოეთის მხარეს ბანზე გადის კარი. სასხლეს ჰქონია ორ იბუხარი და მიშენებული ქვის გარე კიბე. სასახლე XI ს. მიეკუთვნება.