topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ხულუტის ციხე - ჟღერს ქვის ჰარმონია

< უკან დაბრუნება .    << დაბრუნება მთავარ გვერდზე

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

ხულუტის ციხე // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ.15, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ. 307-309.

ხულუტის ციხე მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონში მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. საინტერესოა ციხია აგების ისტორია. ალექსანდრე ორბელიანი გადმოგვცემს, რომ შაჰ-აბასის ყორჩიბაშს, რომელსაც გამაჰმადიანებამდე ვახტანგი რქმევია, ყაფლან ორბელიანისათვის უთხოვია, ერთ-ერთი შვილი მისთვის გაეგზავნა აღსაზრდელად. ყაფლანს თხოვნა აუსრულებია და  მესამე შვილი, ორბელი გაუგზავნია. კარგა ხნის შემდეგ უკან დაბრუნებული ორბელისათვის ყორჩიბაშს მამასთან ფული და წერილი გამოუტანებია. წერილში რჯულგამოცვლილი ყორჩიბაში ითხოვდა, ქრისტიანობაზე გული არ შემცვლია და ამ ფულით ფიტარეთის პატარა ეკლესია შეამკეთო. დიდი შიშიანობის გამო  ყაფლანს ეკლესიის ნაცვლად ამ ფულით ხულუტის ციხე აუშენებია. ეს რომ ყორჩიბაშს გაუგია. კიდევ გამოუგზავნია ფული, რომელიც  მართლაც ეკლესიისათვის მოუხმარებიათ.

აქედან ვიგებთ, რომ ხულუტის ციხე აუგია ყაფლან ორბელიანს XVII საუკუნის პირველ მესამედში. იგი არა მარტო ციხე, არამედ ციხე-დარბაზიც ყოფილა.

ციხის კედლებში ხუთი დიდი და პატარა  კოშკია.  თითოეული მათგანი, პირველ რიგში,  საცხოვრებელია, შემდეგ  საბრძოლო. მათ შორის გამოირჩევა  ჩრდილო-დასავლეთის კოშკი.  ფაქტიურად იგი კოშკურად  აგებული  სასახლეა, რომელსაც მთელ სიმაღლეზე კედელი ჰყოფს ორ ნაწილად.  სასახლის თითოეული ნაწილი დაყოფილია სართულებად, მაგრამ რაკი იგი  ქანობზე დგას, ამ ნაწილების  დონეებიც სხვადასხვაა. სასახლე-კოშკის ჩრდილო ნაწილში ექვსი, სამხრეთ ნაწილში კი შვიდი საცხოვრებელი სართულია. ბოლო, ე. ი. მეშვიდე და მერვე სართულები საბრძოლოა, აღჭურვილია ნისკარტა ფორმის სალოდეებით. ზედა საცხოვრებელ სართულებს დიდი, თითქმის კედლის სიგრძის ფანჯრები აქვს.  როგორც წესი, სართული ნათდება ორ-ორი ფანჯრით, მაგრამ არის გამონაკლისი, სადაც იგი სამი ან ოთხიცაა. საჭიროების მიხედვით მოთავსებულია ბუხრები და სამეურნეო დანიშნულების ნიშები. ამ კოშკს სიდიდით ჩამორჩება სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი. იგი პატარაა, მაგრამ კოხტა.  მისი ოთხი სართულიდან სამი საცხოვრებელია, მეოთხე კი - საბრძოლო.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით.  თვით გვირაბში  რთული ერთსართულიანი  საცხოვრებელი  სადგომი  ეტყობა გამანაწილებლის  როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლებოდა  მოხვედრა ორ სხვა  კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და სხვაგან. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი ყოფილა, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული.

კიდევ უფრო პატარაა იქვე, მარცხნივ არსებული მესამე კოშკი.  იგი ძირითადად აღმოსავლეთ  კარის მისადგომებს იცავდა.  აქვს პატარა კარი, კედლებში მოწყობილია სათოფეები, სარკმელი  და ბუხარი.

ჩრდილო-აღმოსავლეთი  ცილინდრული კოშკი  ნაწილობრივ შესასვლელს იცავდა. გზის სივიწროვის გამო მასში მოხვედრა გაძნელებული ყოფილა. სამივე სართულზე სათოფეებია განლაგებული. მეორე სართულზე კი სამი სალოდეცაა.  ზემოთ სათოფეებით გაწყობილი ქონგურებიანი ბანია. ამ გალავნის საბრძოლო ბილიკებზე გასვლა კოშკის გვერდითა კარიდან შეიძლებოდა

ციხის მეხუთე და უკანასკნელი კოშკი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ისიც ნაწილობრივ ციხის მეორე შესასვლელს იცავს. ზემოთ აქაც  სალოდითა და სათოფეებით გაწყობილი ბანია. სათოფეები მეორე და მესამე სართულებშიცაა.

მთელი ციხე  მტკიცედაა ნაგები ადგილობრივი კლდის ქვით. იგი აღმართულია ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. მდინარის მარცხენა მხარეს, მთის ფერდობზე, კლდოვანი კონცხია. ხეობაში გამვლელი ამ კონცხს გზას ვერ აუქცევდა, რადგან მთა მაღალი და მიუდგომელია, ხოლო   მოპირდაპირე   მხარეს ბილიკის ადგილიც არ რჩება. ვინც ამ კონცხს დარაჯობდა, ხეობის ბატონიც ის იყო. სწორედ ამიტომ აღუმართავთ აქ   ციხესიმაგრე.

ხულუტის ციხე,  როგორც საიმედო სიმაგრე  XVIII საუკუნის შუა წლებშიც იხსენიება რამდენჯერმე.

პარმენ  ზაქარაია