topmenu

 

კოპალა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

"გმირი კოპალა ცხენზე ზის,

ჩხენი მიდის და გოგდება,

მის სამტროდ დევნი აშლილან,

ყველა დიდ მთაზე გროვდება…

გმირი კოპალას შიშითა

დევებს ვერ გაუხარიათ,

მისი მარჯვენა მძლავრია,

მისი დაკრული მწარეა".

კოპალა - ღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა და ხევსურეთში ლიქოკის საყმოთა პატრონი და სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ. ისეთ საქმეს ავალებდნენ, რაც მის ძალას აღემატებოდა. ძილი არ ჰქონდა, მოსვენება და საჭმელი. პატარა იყო და ვერ გამოიქცა, რომ მოიზარდა, გაპარვა მოახერხა. თავი ბერებს შეაფარა, მათთან ერთად ლოცულობდა, თან დამბადებელს ძალასა სთხოვდა. თხოვნა შეუსრულდა. ისეთი ძალა მიიღო, დევებს რომ მორეოდა. კოპალა პირველად კარატის წვერზე დასახლდა. კარატის ჯვარი იმით გამოირჩეოდა, რომ მის დროშას წყალში დამხრჩვალთა და ზვავში მოყოლილთა მოძებნის უნარი ჰქონდა. ლიქოკის კარატის ჯვარი პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს, ორივეს ემსახურებოდა. კოპალა ძალიან ლამაზი ყოფილა. მხართეთრ გმირსაც ეძახდნენ. დევებისა და ქაჯების რისხვა იყო. მორიგე ღმერთისგან საბრძოლო იარაღად ლახტი ჰქონდა ნაბოძები. კოპალა ნადირობასა და თამაშშიც დიდად იყო განთქმული.

*ირემთკალო. უძილაურთა სალოცავი. სადაც ანდრეზის თანახმად გაიმართა კოპალასა და დევების შეჯიბრება

ძალიან უყვარდა ჯილდაობა. კოპალას ერთი ლოდი ჰქონია ამოჩენებული, იქ უყვარდა ჯდომა და დასვენება. ერთმა დევმა ეს ლოდი მოპარა. განრისხებული კოპალა დევს და დაედევნა. დევს შეეშინდა ლოოდი დააგდო და თავს უშველა. კოპალა დევს დაეწია, ლახტი ესროლა და მოკლა. დღესაც აჩვენებენ იმ ლოდს ხევსურეთში - კოპალას ლოდიაო. დღესაც არის იქ კოპალას სალოცავი ნიში. ერთხელ კოპალა დევებისა და მათი ხელმწიფის საცხოვრებელ ადგილს მიადგა - ციხეგორს (სოფელ აკუშოს მახლობლად) და დევებს იქიდან წასვლა უბრძანა. თანაც, თავისი ძალა რომ ეგრძნობინებინა, რკინის კუნძს ცული დაკრა და შუაზე გააპო. დევებმა შესთავაზეს - ირემთკალოდან (სოფლის სახელია უძილაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო. დანიშნეს შეხვედრის დღეც. დათქმულ დროს ყველამ ირემთკალოზე მოიყარა თავი, მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი ბეღელა არ მოვიდა. მას იახსარმა შეუკრა გზა საპარავის ყელში, დაჰკრა ლახტი (”აიმაღლა საგმირო” - ხევისბერი ბიჭურის სიტყვებით) და იქვე მოკლა. ამ დროს, ირემთკალოზე კოპალა და დევები თანაბარი წონის ქვებს არჩევენ და შეჯიბრისთვის ემზადებიან. ციხეგორს კვირია იყო მათი მსაჯული - თუ ვისი ნასროლი უფრო შორს დაეცემა. პირველად დევმა გაისროლა ქვა. კოპალას ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა. ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა, დევები კი აქედან მაღარისკაროს მახლობლად კართანაში გადავიდნენ (კართანის სამაროვანს, რომელიც 80-იან წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ადგილობრივი მკვიდრნი დღესაც "დევების საფლავთ” უწოდებენ). მითოლოგიურად ღვთისშვილები, მათ შორის კოპალა, უხილავნი არიან, მათ საფარველი აქვთ დადებული. ისინი მხოლოდ რჩეულებს ეცხადებიან სხვადასხვა აღეებით ანუ სახეებით. ფოლკლორში ყველაზე გავრცელებულია მტრედის, ჯვრის, ღრუბლის ფთილის ანუ კოტორის და სხივოსანი ბურთის ანუ ცეცხლის ბურჯღუმის სახით გამოცხადება.

 

წმინდა კოპალას კარზედა,

დიდი იფნები დგანანო,

ზედ ანგელოზნი დამსხდარან,

ბნელ ღამეშიაც ჩანანო,

მათი შემყურე დევები

სულ ზეზე ჩამომხმარანო.

კოპალას სალოცავი კართანაში. ჯვარი აღმართულია მოგვიანებით

არის ასეთი თქმულება: ღვთისშვილები ღრუბლის ფთილად გამოცხადებიან ერთ ბლოელ მწყემს ქალს. ერთ ფშაველ ქალს ძროხები დაჰყავდა საძოვარზე. როგორც კი ქალი საქონელს გარეკავდა, მის გვერდით მაშინვე უცნობი ვაჟი გაჩნდებოდა ხოლმე. როცა ქალი ძროხებს შინისკენ გარეკავდა, ვაჟი ისე უჩუმრად გაიპარებოდა, რომ მის წასვლას მწყემსი ქალი ვერც კი ხვდებოდა. ვაჟი კი ყოველდღე სიყვარულს უხსნიდა და უხსნიდა. ქალმა ბევრჯერ ჰკითხა: ვინ ხარ, ანდა საიდან მოდიხარო, მაგრამ ვაჟი არაფერს პასუხობდა. როცა ვაჟი უკვე მოფერებაზე გადავიდა, ქალსაც მისი ხელი უცნაურად, არადამიანურად მოეჩვენა, კარატის წვერისკენ კოპალასა და იახსარის სალოცავებისკენ გაიხედა და მათ შესთხოვა: თქვენ დამწერეთ ჯვარი, ამას რა უცნაური მკლავი ჰქონიაო. ვაჟმა შეიცხადა, რაზე დამღუპე, მათი სახელი რად ახსენეო. ღვთისშვილთა სახელის ხსენებაზე კარატის წვერიდან, სადაც კოპალას საბრძანისი იყო, ღრუბლის ქულა ავარდა და მათკენ გამოეშურა, გზაში ცეცხლად იქცა დაეცა ვაჟს და ფერფლად აქცია. ქალი კი გადარჩა. ქადაგმა ქალის ოჯახს აუხსნა, ის ვაჟი დევი ყოფილა და გულში კი ავი ზრახვანი ჰქონდაო.

სპეციალურად საუნჯესთვის - ნატო დავითაშვილი

ლიტ.:

1. ხალხური პოეზია. ტ.1

2. ზ.კიკნაძე, მითოლოგიური ენციკლოპედია, ქართული მთოლოგია.

3. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი


ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია //ხუთ ტომად, ტომი I, თავი 2, თბილისი, გამ."პალიტრა L", 2012 წ., გვ.94-95

§ 13. კოპალა

დასასრულ, უნდა მოვიხსენოთ ფშავ-ხევსურთა შორის და რაჭაში განთქმული ღვთაება "კოპალა", ანუ "კოპალე"275. მეტად რთული და ძნელი გამოსაკვლევია ამ "კოპალა"-ს პიროვნება. ხან "კოპალე" და წმინდა გიორგი, მაშასადამე მთვარის ღვთაება, თითქოს ერთი და იგივე არის: "ძალო წმიდა გიორგის, კოპალესაო! შენ გეძახიან, გეხვეწებიან... დიდება შენდა გმირო კოპალავ... მტერზედ სახელი მეეცითავ, ნადირზედ ვარშამიო... წმიდაო გმირო კოპალავ"! ასე ლოცვილობს ხოლმე დეკანოზი ხახმატის ჯვარში276. საკუთრივ კოპალას ხატის დღეობას "იხინჭობას" ეძახიან და სწორედ ამ იხინჭობის დღესასწაულის დროს ასე ლოცულობენ: "ღმერთო, იხინჭის წმიდა გიორგი"277. მაშასადამე, აქაც თითქოს მთვარის ღვთაება და კოპალა ერთი და იგივე გამოდის. ზოგჯერ თითქოს კოპალა და ხმელთ-მოურავი "კვირია" ერთი და იგივე არის. ფშავ-ხევსურთა დეკანოზები, როცა მაგ. ხალხს სუფრას უკურთხებენ ხოლმე, უსურვებენ, რომ სწყალობდეს "სამართალი კვირიაესა" და გაამრავლოს ოჯახობრივ, თანაც უმატებენ ხოლმე: "დიდება და გამარჯვება ამ კოპალის ჯვარსაო"278. ამას გარდა ზოგჯერ კიდევ კოპალა თითქოს ალ-ქაჯების ბატონი არის. მაგ. ს.ლიკოქში "კარატის ხატია", რომლის "სამეუფოსაც ექვემდებარებიან ალები, ქაჯები, მაჯლაჯუნები და სხვა მავნე სულები", და სწორედ ამ კარატის წვერის "ხატი"-ც აგრეთვე კოპალადაც იწოდება279. ხალხის სიტყვით კოპალა ნადირობდა და თავის გასართობად ბურთაობდა კიდეც280. აქ იგი თითქოს მონადირე ღვთაებად გვეხატება. დასასრულ, იმ კოპალას, რომელიც ათენგის ჯვარს უდრის, ეჯავრება დედაკაცები, შორი-ახლოს არ გაიტარებს, არ ყაბულობსო281. ვინ არის და რომელი ღვთაებაა ნამდვილად კოპალა, ანუ კოპალე, ეხლა ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ხალხურ შეხედულებას გარკვეული სახე არ ეტყობა. მაგრამ თვით სახელი გვაგონებს მცირე აზიაში განსაკუთრებით ძალიან გავრცელებულსა და საბერძნეთ-რომშიც კარგა ცნობილ ღვთაებას "კჳბელეს". ამ ღვთაების შესახებ ბევრი რამ არის დაწერილი და სხვადასხვა აზრი არსებობს, მაგრამ ერთში ყველანი თანახმანი არიან, რომ ეს ღვთაება ელლინურ-რომაული არ არის, არამედ მცირეაზიული. საყურადღებოა, რომ ბერძენთა შეხედულებით იგი ქალი-ღვთაება იყო. ამ მხრივ ქართული "კოპალე" მას სავსებით ვერ უდგება, თუ რომ სქესი ან ქართულში. ან ბერძნულ-რომაულში მერმე არ არის შეცვლილი. ბერძნულ-რომაული "კჳბელე"-ც ხან დედამიწის ღვთაებად ითვლებოდა, ხან ბუნების ღვთაებად, ხან შვილიერების და ნაყოფიერების ღვთაებად, ხან ადგილისა და გორა-მთის დედად282. აღსანიშნავია რომ რუსებსაც "კუპალო", რომლის დღესასწაულიც 24 ივნისს ივანობის დღეს იცოდნენ, ხალხურ სიმღერებში ქალადაც და აგრეთვე ვაჟადაც ჰყავთ წარმოდგენილი.

-------------------------------------------------------------------------------------------

275.რ.ერისთავი, О тушино-пшаво-хевсурском округе: ЗКГО. წიგნი III, 96 და 97

276. დავით გორელი, ხახმატის ჯვარობა: "ივერია", 1889 წ., N271

277. დავით გორელი, რამდენიმე სიტყვა ფშავ-ხევსურთა დღესასწ.: "ივერია", 1886 წ., N243.

278. დავით გორელი, ხახმატის ჯვარობა: "ივერია", 1889 წ., N271

279. ნ.ურბნელი, ეთნოგრაფიული წერილები: "ივერია", 1887 წ., N158

280. დავით გორელი, რამდენიმე სიტყვა ფშავ-ხევსურთა დღესასწაულზედ: "ივერია", 1886 წ., N243.

281. დავით გორელი, ხახმატის ჯვარობა: "ივერია", 1889 წ., N271

282. იხ.Rapp-is Kybele: როშერის Lexicon. II. B., 1638-1672.