topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ალავერდი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...

ალავერდი, სოფელი ახმეტის რაიონში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 430 მ., ახმეტიდან 25 კმ, თელავიდან... 20კმ. სოფლის მიდამოები მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია ე.წ. ალავერდი II (შვინდიანი), შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. XVIII-XVII სს.) სამაროვანი მდ.ალაზნის მარჯვენა ნაპირას. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით გაითხარა 1969-1771 (შ.დედაბრიშვილი). საგანგებოდ დამწვარ თიხატკეპნილ მოედანზე (ფართობი 1000 მ2) ამოთხრილი იყო სამარხი და სარიტუალო ორმოები. სამარხთა უმრავლესობაში ღარიბული ინვენტარი (თიხის რამდენიმე ჭურჭელი) აღმოჩნდა. ორ სამარხს, სხვებისგან განსხვავებით გარს ერტყა ქვის წრეები და გამოირჩეოდა სიმდიდრით (ათეულობით თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საკინძები და სხვ.).  ერთ-ერთში აღმოჩნდა საფეხურებიანი და თახჩიანი დასაკრძალი კამერა. ეს სამარხი კრემაციული იყო. ყველა სხვა სამარხი ინჰუმაციურია. სამარხებში აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანისათვსი დამახასიათებელი ბრინჯაოს ხუთკოპიანი და თავხვია საკინძების პროტოტიპები, თიხისაგან გამოძერწილი ნავის მინიატურული მოდელი, მოხატული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი და სხვ... ალავერდის სამაროვანზე მოპოვებული მასალა ასახავს გვაროვნული საზოგადოების დაშლის გარკვეულ ეტაპს. დაწყებულია ქონებრივი დიფერენციაციისა და გვაროვნული არიტოკრატიის გამოყოფის პროცესი.

შ.დედაბრიშვილი

ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი: სამონასტრო კომპლექსი. ალავერდის საეპისკოპოსოს ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ.ალავერდთან (ახმეტის რაიონი), თელავიდან 20 კმ-ზე. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7X26,4 მ, სიმაღლე 50 მეტრამდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე.წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ტაძარი, უმთავრესად რიყის ქვით არის ნაგები. კედლების გარე და შიგა პირი კი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე წარწერები. ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა; მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-VII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობის მძლავრი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

ალავერდი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.I, თბ., 1975 წ., გვ.260-261

http://ka.wikipedia.org/wiki/ალავერდი_(მონასტერი)

 

 

 

 

 

************************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმის ხელოვნება: ალავერდის ტაძარი // ციციშვილი ირ. - ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 90-91.

ალავერდის ტაძარი აგებულია კახეთში XI საუკუნის პირველ ნახევარში. გეგმაში იგი ოშკისა და ქუთაისის ტაძრების მსგავსად წარმოადგენს ტრიკონქს, მაგრამ აფსიდები აქ ჩაწერილია გარე კედლების სწორკუთხედში....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

ალავერდი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.53-54

ქუთაისის ტაძარს მრავალმხრივ უახლოვდება ალავერდის სახელგანთქმული საეპისკოპოსო ტაძარი, აგებული XI ს - ის პირველ მეოთხედში. იგი კახეთში მდებარეობს, თელავიდან 18 კილომეტრის დაშორებით. ბაგრატის ტაძრისაგან განსხვავებით, იგი ვაკეზე დგას და თავს დაჰყურებს ალაზნის ველს მისი ცად აწვდილი წვეტიანი სახურავი და თეთრი კედლები ყოველი მხრიდან დიდი მანძილიდან ჩანს ...<<ტექსტი სრულად აქ...<<