topmenu

 

სასხორი - ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

სასხორის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 500 მეტრზე, მთაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,65 X 5,55 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით; შიგნიდან შეისრულთაღოვანი, გარედან კი სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლებში, აფსიდის მხართან სწორკუთხა ნიშია. სამხრეთით და დასავლეთით ეკლესიას მიშენებული აქვს სწორკუთხა სათავსები; ორივეს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ეკლესიის სამხრეთის ფასადზე, კარის ზემოთ მარმარილოს ქვაზე მხედრული წარწერაა. ლიტერატურა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 310, თბ., 1990 წელი.

 

სასხორის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით, მთავარი გზიდან 200 მეტრზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,48 X 5,26 მ), ნაგებია ქვიშაქვით. ეკლესია დგას წინასწარ მომზადებულ სუბსტრუქციაზე. აქვს ორი შესასვლელი - დასავლეთით და სამხრეთით. დასავლეთის შესასვლელი სწორკუთხაა, სამხრეთისა თაღოვანი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. ორი თაღოვანი სარკმელი სამხრეთის კედელშია. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებიდან ორივე მხარეს დეკორატიული თაღები გადადის. ეკლესიის სამხრეთ მინაშენს აღმოსავლეთით აფსიდი აქვს. ლიტერატურა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 309-310, თბ., 1990 წელი.

 

სასხორის იოანე მახარებლის ეკლესია - ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,2 X 5,7 მ), ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვითა და ქვიშაქვით, გამოყენებულია აგურიც. ფასადებზე საპირე ქვები ალაგ-ალაგ ამოცვენილია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. დასავლეთის კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. ფასადები მოპირკეთებულია ირეგულარულად ნაწყობი რიყის ქვითა და ქვიშაქვით. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის წირთხლის ქვაზე მხედრული წარწერაა. ლიტერატურა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, გვ.308, თბ., 1990 წ.

 

სასხორის მთავარანგელოზის ეკლესია - ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით (ნასოფლარში). შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით ეკლესია 1704 წელს აუგია ნიკოლოზ მაღალაძეს თავისი დის ხვარაშანის საფლავზე. ეკლესია დარბაზულია (7X5,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. აქა-იქ წყობაში თლილი ქვაც არის ჩართული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან შეისრულია, ხოლო გარედან კედლის ჩაღრმავებით მიღებულ სწორკუთხა ჩარჩოში ზის. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, სწორკუთხა ნიშებია, თითო სწორკუთხა ნიში საკურთხევლის ორივე მხართანაა. დარბაზის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო შეისრული სარკმელია. გრძივ კედლებზე თითო შეისრული დეკორატიული თაღია. ინტერიერში შემორჩენილია ეკლესიის თანადროული მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-ყავისფერი ხაზით ოთხ რეგისტრად იყოფა. კონქში მანდორლის ფრაგმენტია, რომლის გარშემო მედალიონში ჩასმულია წმინდანთა ფიგურები. მომდევნო რეგისტრში გამოსახულია მოციქულთა ზიარება. ქვედა რეგისტრი მთლიანად ჩამორეცხილია. საკურთხევლის მხატვრობა დასრულებულია ორნამენტის (მარმარილოს იმიტაცია) ფართო ზოლით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე გამოსახულია მახარობლები. ამავე კედლების თაღებში მხატვრობა დაყოფილია ორ რეგისტრად: სამხრეთის კედელზე, ზემოთ წმ. თევდორე სტრატილატის და წმ. თეოდორას წელზედა გამოსახულებებია, ქვემოთ - წმ. პეტრესა და წმ. პავლესი ეკლესიის მოდელით ხელში; ჩრდილოეთ კედელზე, გამოსახულია: ზემოთ - ხატი მანდილისაი, ქვემოთ - ახალგაზრდა წმინდანი მთელი ტანით და მისკენ მობრუნებული ორი ფიგურა. დასავლეთ კედლის მხატვრობა ოთხი რეგისტრისგან შედგება. სარკმლის ორივე მხარეს, ზემოთ, მედალიონებში ჩასმულია ორი წმინდანის ფიგურა; ქვემოთ პეიზაჟის ფონზე გამოსახულია რამდენიმე ფიგურა და მინიატურული ზომის ცხვრები. მომდევნო რეგისტრი მედალიონებში ჩასმულ წმინდანთა წელზედა გამოსახულებებს უკავია; უკანასკნელ რეგისტრში, მარცხნივ წარმოდგენილია წმ. დიმიტრი, მარჯვნივ - წმინდა გიორგის მიერ ყრმის ტყვეობიდან დახსნის სასწაული. ეკლესიის თაღები და წმინდანთა შორის დარჩენილი თავისუფალი არე შემკულია მცენარეული ორნამენტით. ყველა გამოსახულებას ახლავს თეთრი საღებავით შესრულებული ბერძნული წარწერა. მხატვრობა შესრულებულია მუქი ლურჯი, ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, თეთრი და შავი საღებავებით. ეკლესიის დასავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. ლიტერატურა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 309, თბ., 1990 წელი.