topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თოდრია თ. - ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

თოდრია თ. - ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ.VI. - თბ., 1982. - გვ.74-94.

ქიზიყი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი კახეთის ერთ-ერთი მხარეა და დღეს სიღნაღისა და წითელწყაროს რაიონებად იყოფა. ქიზიყი ისტორიული კახეთის დაახლოებით მეხუთედ ნაწილს მოიცავს1. მდებარეობა და ბუნებრივი პირობები, განსაკუთრებით რელიეფი - ჩრდილო ნაწილში განლაგებული უძველესი სოფლებით მჭიდროდ დასახლებული მთაგორიანი მხარე, რომელიც სამი მხრიდან შემორტყმულია გაშლილი ველებით - ისტორიულად გარკვეულ როლს თამაშობდა ქიზიყის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში.

ქიზიყში სამი მიკროქვეყანა გამოიყოფა: წინა მხარი, უკანა მხარი და შირაქის ველი. ეს დაყოფა გაპირობებულია მათი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით. წინა მხარი მდ.ალაზნის მარჯვენა ნაპირსა და გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე განლაგებული ქვეყანაა, რომელიც მეურნეობის თვალსაზრისით საგრძნობლად გამოირჩევა მთელ ქიზიყში და ამიტომაც ძველთაგანვე ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული და ათვისებული. ისტორიული ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით მეტად საინტერესოა, რომ ქიზიყის წინა მხარის ფართო ველის ის ნაწილი, რომელიც მდ.ალაზანს ეკვრის და დღეს დიდ სამელიორაციო სამუშაოებს საჭიროებს ასათვისებლად (წნორის მესაქონლეობის კომპლექსის მშენებარე ტერიტორია), ბრინჯაოს ეპოქაში ტყით ყოფილა დაფარული და სამეურნეოდ გამოყენებული მიწათმოქმედი ტომების მიერ, რასაც მოწმობს აქ აღმოჩენილი და არქეოლოგიურად შესწავლილი უძველესი სამოსახლო ბორცვები და გორასამარხები სავსებით შესაძლებელია ასეთივე სურათი განმეორდეს შირაქის ველზე ან ივრის ქვემო წელზე, სადაც თითქმის მსგავსი ვითარებაა. ასეთ ვარაუდს უშვებს კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი კ.ფიცხელაური. უკანა მხარი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდზე და ივრის ზეგანზეა განლაგებული; ხასიათდება ნაყოფიერი, მაგრამ ურწყავი მიწებით. შირაქის ველი მდ.იორსა და მდ.ალაზანს შორის, მათს ქვემო დინებაში მოქცეული ფართო ვაკეა, რომელიც მთელი კახეთის მთავარ საზამთრო საძოვრებად გამოიყენებოდა ფეოდალურ ხანაში და ამდენად დიდ როლს თამაშობდა მის მეურნეობაში.

ქიზიყის ისტორიული საზღვრების დადგენამ მრავალი მკვლევარის ყურადღება მიიქცია. ქიზიყი (ქისიყი, ხიზიყი, ქიზიხი, ქისიხი, ხიზიხიჯ, ყისიხი და ა.შ.) ამ ქვეყნის გვიანი სახელია, რომელიც წყაროებში მხოლოდ XV საუკუნიდან გვხვდება. ადრე მას კამბეჩოვანი ერქვა. ამას ადასტურებს, პირველ რიგში, ვახუშტი ბაგრატიონი: "არამედ საქვაბე-ასანურამდე არს ადგილი ქისიყისა, რომელიც მოხვევია მთასა, ცივის მთიდან გამოსულსა. ამას ეწოდა პირველ კამბეჩოვანი”2. ასევე ფიქრობს "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი გადამწერი (XVII თუ XVIII საუკუნე), რომელიც წიგნის არშიაზე მიაწერს - "კამბეჩიანი ქიზიყია3".

ამგვარად, გვიანდელი ქიზიყის უძველესი ისტორიული საზღვრების დასადგენად უნდა მივმართოთ ისტორიულ წყაროებს, სადაც კამბეჩოვანი იხსენიება. კაშბეჩანს თუ კამბეჩოვანს სხვადასხვა ფორმით იცნობენ როგორც ქართული, ასევე სომხური, ბერძნული და არაბული წყაროები. სტრაბონთან ეს არის კამბისენე, სადაც ერთმანეთს ემიჯნებიან იბერები, ალბანები და სომხები და რომელიც არის უწყლო და ოღროჩოღრო ქვეყანა მდ.ალაზანთან4; VII ს. სომხურ გეოგრაფიაში ეს არის ქამბეჭანი, რომელიც მდებარეობს მდ.მტკვართან;5 ბალაძორისთან მას ჰქვია კამიბარანი, რომელიც მდებარეობს მტკვრის ჩრდილოეთით, შაქის მეზობლად6. ქართულ საისტორიო ლიტერატურაში პირველად კანბეჩანი გვხვდება არსენ საფარელთან7. ლეონტი მროველთან, ჯუანშერსა და სუმბატ დავითის ძესთან ეს ქვეყანა იხსენიება შემდეგნაირად: კამბეჩიანი, კამბეჩოვანი და კამბეჩანი8. კამბეჩოვანის ლოკალიზაციის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგა ხანია გადაწყვეტილია. ივ.ჯავახიშვილის აზრით, "შესაძლებელია ეს ადგილი ეხლანდელი შირაქის მინდვრები იყოს. კამბეჩოვანს დიდი სივრცე ჰქონია“9. უფრო კონკრეტულია დ.მუსხელიშვილი: "ძველი კამბეჩანის საზღვრები მეტნაკლებად დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს: იგი მოიცავდა ვრცელ ტერიტორიას ალაზნის ქვემო წელსა და მტკვარს შორის; მასზე გადიოდა იორი“10. თ.პაპუაშვილის აზრით, "კამბეჩანი წარმოადგენდა იბერიის, ალბანეთისა და სომხეთის მოსაზღვრე თემებს, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას (76) მტკვრის ჩრდილოეთით: ყარაიის ველის ქვემოდან მოყოლებული ივრისა და ალაზნის ქვემო დინების აუზებს"11.

გასარკვევია, სად გადიოდა კამბეჩან-ქიზიყის ჩრდილო საზღვარი, ამ ქვეყნის საზღვრებს თითქოს მკაფიოდ იძლევა ვახუშტი: „და უძეს ქისიყს აღმოსავლით ველი შირაქი ალაზნამდე; სამხრით-უფადარი და წინამინდორი ხორანთა-იორამდე; ჩდილოთ მთა ჰერეთისა, ხოლო მზღვრის აღმოსავლით ალაზანი; დასავლით ლაკბისხევი და ხაზი მისი იორამდე გასული;   სამხრით იორი ანუ მტკვარი, ჩრდილოეთ მთა ცივისა კარდანეხსა და ქისიყს შორისი, და ხაზ ასანურ-საქვაბეს შორის გასული ალაზნამდე“12. აქ მთელი ქიზიყია გარკვევით მოცემული შემადგენლობითა და საზღვრებით. მას ეკუთვნის აღმოსავლეთით შირაქის ველი ალაზნამდე, სამხრეთით უფადარი და წინამინდორი (უფადარი დღევანდელი ელდარის ველი უნდა იყოს ივრის ქვემო დინების მარცხენა ნაპირზე, ხოლო წინამინდორი - ივრისა და ალაზნის შეერთების ადგილზე მდებარე ველი, რომლსაც ჭრიდა არხი ეგუჩი), დასავლეთით - რა ეკუთვნის, არაა ნახსენები, (ჩრდილოეთით - მთა ჰერეთისა, ე.ი. გომბორის ქედის სამხრეთი ბოლო.

რაც შეეხება საზღვრებს, ვახუშტისათვის აქაც ნათელია, რომ ქიზიყს საზღვრავს აღმოსავლეთით მდ.ალაზანი, დასავლეთით - ლაკბის  ხევი, სამხრეთით - იორი ან მტკვარი(?!), ხოლო ჩრდილოეთით - მთა ცივისა, კარდანეხსა და ქიზიყს შორის. ალაზნის ველზე და ივრის ხეობაში ვახუშტი სწორ ხაზს ავლებს საზღვრად მდ.ლაკბედან მდ.ივრამდე და ასანურ-საქვაბედან მდ.ალასნამდე. თუ გვიანდელ ვითარებას გავიხსენებთ, ქიზიყის საზღვრების მოცემისას ვახუშტი ზოგ უზუსტობას უშვებს. თუ ქიზიყი მხოლოდ ასანურ-საქვაბეს (საქობოს) შორისამდე აღწევდა, მაშინ მის საზღვრებს გარეთ დარჩება ისეთი სოფლები, როგორიცაა თვით საქობო, მაშნაარი, ვაქირი და ანაგა; ისტორიული დოკუმენტების მიხედვით კი, ეს სოფლები აუცილებლად ქიზიყისაა (მაგ.. "...მე ქისიყის ანაგერელი მირვანაშვილმა... შვილმან ჩემმან შანშე... შენ როსტომაშვილს ალავერდას შვილსა შენს გიორგის... მოგყიდე ჩემი ყმის შვილი...“ სცსა ფ.1448, N149, 1717 წ). ამასვე ადასტურებს გიულდენშტედტი: "მივაღწიე ქიზიყის სოფელს ვაქირს", "გზა გადიოდა ქიზიყის სოფლების მაშნაარის, საქობოს, ასანურისა და ჯუგაანის ყანებზე", "13 მარტს ჩვენ დავტოვეთ ანაგა და ამ განაპირა სოფლით აგრეთვე ქიზიყის მხარეც, რადგან სოფელი ბაიდარი, თუმცა ის მდებარეობს ძალიან ახლოს ანაგასთან, ეკუთვნის უკვე კახეთის სხვა მხარეს, სადაც ჩვენ ახლა მივდიოდით"13. რაც შეეხება მდ.ლაკბეს ქიზიყის დასავლეთ საზღვრად ჩვენებას, არც ეს უნდა იყოს ზუსტი, რადგან სოფლები: მელაანი, ძეძვის უბანი და ჩალაუბანი ქიზიყში მოხვდებიან, სინამდვილეში კი ისინი საანდრონიკოს სოფლებია და მელაანშია ამ სათავადოს ერთ-ერთი რეზიდენცია. ამას გარდა, გიულდენშტედტიც მიუთითებს, რომ "...მხარის (ქიზიყის, თ.თ) გარეთ, დასავლეთით, (77) მდებარე მეფის სოფლები: ჯიმითი, მელაანი, ცხოველი, ზიარი"14. გიულდენშტედტი კი ერეკლე II-ს ახლდა და ამ მხრივ კარგად იქნებოდა ინფორმირებული. ქიზიყის საზღვრებს გიულდენშტედტიც განსაზღვრავს: "კახეთის მხარე ქიზიყი მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, არის უკიდურესი აღმოსავლეთი (მხარე) კახეთისა და მთელი საქართველოსი - აღმოსავლეთით ესაზღვრება ლეკეთი, ანუ ლეკების ქვეყანა, ჩრდილოეთით აქვს ქედი (მთიანეთი), სამხრეთით - მტკვარი დასავლეთით - კახეთის მხარე თვალსაგარეჯო. ის მოიცავს ალაზნის ქვემო დინების ორივე მხარეს და ამასთან მთისწინეთის და გვერდითი ანუ კირიანი მთების ერთ ნაწილს და ზეგანს მათ შორის. მისი (სოფლები უმეტესად ამ მთის კალთებზე მდებარეობენ"15. გიულდენშტედტი ერთ დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც მიუთითებს, რომ ქიზიყს ეკუთვნის ალაზნის მარცხენა სანაპიროც კავკასიონის ქედამდე. როგორც ჩანს, მისი ინფორმატორები ლეკების მხარეში ჭარ–ბელაქანს გულისხხმობდნენ და არა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარე დაღესტანს.

XVIII ს მიწურულში ქიზიყის სრული აღწერა, ისევე როგორც მთელი ქართლ–კახეთისა, შეადგინა იოანე ბაგრატიონმა: "ჰერეთსა და ხორანთას რაც მიეწერებოდა, ქისიყი და მისი ხეობა, სამეფო, საეკლესიო და სააზნაურო ადგილი და სოფლები, წინა მხარი და უკანა მხარი, არიან ესენი: ასანაური, ჯლუგაანი, ტიბაანი, პრასაანი, ბელიყურა, ხირსა, ძველი ანაგა, ქუნბათი, ყოღანთო, ნიკორწმინდა, ნიკორციხე, ხონაბუჯი ანუ ჭოეთი (ძველი ნაქალაქევი), ყარაღაჯი (სამეფო სასახლე ზამთრისა), ცლუკაანი, არბოშიკი, მირზაანი ანუ მირტაზანი, ჩობანდაღი, ყაჯირდაღი, ჯაღათი, ბეზირგანბულაღი, ყუშები, ხირსიხევი, ნაზარლები, ჩანკაანთ საყდარი, ბურდომთა, სიჩახინი, ბეზაური ხევი, ჟოჟუას მარანი, ზილიჩა, ახტაში, მაჩხაანი (2), ბოდბისხევი, ბოდბე-ქედელი  წ~ა ნინო (ბოდბლის სასახლე და სადაც არს ეკლესია წ~ა ნინოსი და მუნ ასვენია), ფანიანი, მაღარო, ნუკრიანი, ჭოტორი, სიღნაღი (ქალაქი), ბაიდარაანი, ანაგა, ვაქირი, მაშრაანი, საქობო (2), რიჭიკაანთ ყურე, ურდო, ჯიმაანთ ოლე"16. ქიზიყის აღწერამდე იოანე ბაგრატიონი გვაძლევს საანდრონიკოს ადგილთა აღწერას, რომელიც თავდება ასე: "მელაანი, ძეძვისუბანი, ჩალაუბანი" ხოლო ქიზიყის აღწერას მოსდევს შემდეგი ტექსტი: „ამავე ქიზიყს მიებმის სავაჩნაძო და საანდრონიკო სოფლები და ადგილნი, სამეფო, სათავადო, სააზნაურო და საეკლესიო: კარდენახი, ბაკურციხე, კოლაქი, კეჭა, ახტალა, ვეჯინი" და ა.შ.

როგორც ჩანს, ძირითადი განსხვავება ვახუშტისა და იოანეს აღწერებს შორის ის არის, რომ თუ ვახუშტი მხოლოდ ახსენებს „იორზედ თათრის ობას“, იოანე დაწვრილებით ჩამოთვლის მათ. გარდა ამისა, ვახუშტის შირაქის ველისაკენ არცერთი დასახლება არ ეგულება გარდა ფადარი ობისა მოსაბრუნში, იოანე აქაც უფრო მეტ ცნობებს იძლევა. შესაძლოა გვევარაუდა, რომ XVIII ს. დასაწყისში ჯერ არც არსებობდა თათრების ეს დასახლებები.(78)

ვახუშტი ქიზიყის სოფლების სიაში გამოყოფს ოთხს (ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო) და მათ ახტალის სოფლებს მიათვლის, რადგან ქიზიყის ჩრდილო საზღვარი შეცდომით ასანურ-საქვაბეს შორის ეგულება. ამ შეცდომის შესახებ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ - გიულდენშტედტი ქიზიყის სოფლების ჩამოთვლისას ტოვებს ვახუშტის მიერ მითითებულ ბედიყარს, ხირსას, ქუნბათს, ყოღანთოს, ხორნაბუჯს, ცლუნკაანს, აგრეთვე ფანიანს, ე.ი. ქიზიყის სამხრეთი კიდის იმ ადგილებს, სადაც თვით არ ყოფილა. ვახუშტისაგან განსხვავებით, იგი მიუთითებს ნუკრიანზე და ახლად აგებულ სიღნაღზე. იოანე ბაგრატიონი ძირითადად ვახუშტის სიას მიჰყვება, მაგრამ საგრძნობლად ავსებს მას და თითქმის ორჯერ მეტ ადგილს მიუთითებს. მასთან პირველად გვხვდება ძველი ანაგა, ნიკორწმინდა, ნიკორციხე, ხირსიხევი, ჩანკაანთ საყდარი, ბურდომთა, ბეზაყრის ხევი, ჟოჟუას მარანი, ქედელი, რიჟიკაანი ყურე, ჯიმაანთ ოლე და სხვ., რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებო ჩვენთვის ივრის ხეობაში და შირაქის ველზე განლაგებული თათრის ობების სახელწოდებანი. ზოგ მათგანს დღესაც შევხვდებით თანამედროვე რუკებზე მაგ.: ჩობან-დაღი მთა და საძოვარია მდ.ივრის მარჯვენა მხარეს, ყაჯირის ტბასთან; ყაჯირ-დაღი ასევე ყაჯირის ტბასთან მდებარე მთაა, მის აღმოსავლეთით ყუშები იგივე გუშების თავი უნდა იყოს წითელწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით; ნაზარლები გუშების თავს სამხრეთით ებმის: ბეზირგანბულახი ჯეირნიველის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზეა, ხოლო ზილიჩა ამავე ველის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე ამართულ მთებსა ჰქვია; ბურდო მთა მდ.ივრის მარცხენა ნაპირზეა, ყაჯირის ტბის გადმოღმა; ურდო ყარაჯაღის აღმოსავლეთით მდებარე ურდოთაფასთან უნდა ყოფილიყო განლაგებული. ასე რომ, იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერაში" ქიზიყში მითითებული პუნქტების უმრავლესობის ლოკალიზაცია ადვილად შესაძლებელია ივრის ქვემო წელზე, მის ორივე მხარეს და ალაზნის ქვემო წელზე, მის მარჯვენა ნაპირთან, შირაქის ველზე. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ცოცხალი "ქვეყანა" კამბეჩოვან-ქიზიყის ფარგლები ხან იკვეცებოდა და ხან ვრცელდებოდა. შესაძლოა, ამის ასახვა კი იყოს ვახუშტის მიერ მოცემული ქიზიყის ჩრდილო და დასავლეთი საზღვრები, ძველ კამბეჩოვანს კი აშკარად დაუკარგავს ტერიტორია იორსა და მტკვარს შორის. ჩვ.წ. I ს. სომხეთში ლაშქრობიდან დაბრუნებული იბერიის მეფეები „განსრულ იყვნეს მტკვარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩიანს და დაუბანაკათ იორსა ზედა და განიყოფდეს ტყვესა"17. ამით ჩანს, რომ კამბეჩოვანში მყოფი იბერიის მეფეები თავს უკვე საკუთარ ქვეყანაში გრძნობენ. ამ ცნობის ინტერპრეტაციისას მკვლევართა აზრი იყოფა, ერთნი ფიქრობენ, რომ კამბეჩოვანის მტკვარსა და იორს შორის მოქცეული ნაწილი ჯერ იბერიას არ ეკუთვნოდა (ნ.ლომოური)18, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ეს მხარე კამბეჩანის ნაწილი იყო ამ დროსაც (დ.მუსხელიშვილი)19. (79)

კამბეჩოვანი წარმოადგენდა სამი დიდი ამიერკავკასიური ქვეყნის: იბერიის, ალბანიისა და არმენიის მოსაზღვრე მცირე ქვეყანას, ე.ი. ყველა ამ ქვეყანასთან უშუალოდ დაკავშირებულ მხარეს, რომელიც გადაჭიმული იყო მტკვრის ჩრდილოეთით ივრისა და ალაზნის ქვემო დინებაზე. იგი დასახლებული იყო ჰერული ტომის ხალხით, რომლის უმრავლესობა ალბანეთის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდა; ამავე დროს, როგორც ჩანს, იგი საკმაოდ კომპაქტურად იყო დასახლებული ქართველებით20. ჩვ.წ. პირველი საუკუნეებისათვის კამბეჩოვანის ცხოვრების ამსახველი ისტორიული წყაროები არა გვაქვს. ამ ხარვეზებს ავსებს არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც კამბეჩოვანის ერთ-ერთი ცენტრის, ხორნაბუჯის მიდამოებში (ძვ. ანაგა, ყოღოთო) არის აღმოჩენილი. ესაა ქვის აკლდამები და ორმო-სამარხები, რომლებიც III–IV სს. მიეკუთვნებიან. ისინი სრულ იდენტურობას ამჟღავნებენ იბერიის სხვა ტერიტორიებიდან მომდინარე მასალებთან (მ.სინაურიძე)21. მაშასადამე, ამ დროს კამბეჩოვანი კარგა ხანია ქართული კულტურის წრეს  განეკუთვნება. IV საუკუნისათვის კამბეჩოვანის დიდი ნაწილის ქართლისადმი კუთვნილება უკვე არავითარ ეჭვს აღარ იწვევს რადგან ამ დროს, ქართლის გაქრისტიანების ხანაში, დაბა ბოდში კრძალავენ მისიონერ ქალს ნინოს. ბუნებრივია, რომ მისი საფლავი და იქ აგებული ეკლესია იქცევა ერთ-ერთ უდიდეს სარწმუნოებრივ ცენტრად მთელ იბერიაში. V ს. ვახტანგ გორგასალი საბოლოოდ იმტკიცებს ამ ქვეყანას და მის ერთ-ერთ ცენტრში, ხორნაბუჯში, საეპისკოპოსო კათედრას აარსებს, რითაც ამ უძველეს ციხე-ქალაქს მთელი მხარის საეკლესიო ცენტრად აქცევს.

ვახტანგის მოღვაწეობის დასასრულს, V ს. ბოლოს, მთელი კამბეჩოვანი შემოუერთდა ქართლს და საუფლისწულო ქვეყნად მიეცა ვახტანგის ვაჟს დაჩის22. ამავე დროს კამბეჩანის აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ ისხდნენ არა ქართველი, ჰერული (ალბანური) მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები. მოსე კალანკატუელის ცნობით, ამ მოსახლეობას ეპისკოპოსნი გამოუგზავნა ალბანეთის მეფემ ვაჩაგან II–მ23. ეს მოხდა V-VI სს. მიჯნაზე. როგორც ჩანს, აქ ისეთივე მდგომარეობაა, როგორც ქვემო ქართლში, სადაც ცურტავის საეპისკოპოსოში შერეული ქართულ-სომხური მოსახლეობა იყო. ამის შემდეგ ქართლში სპარსთა ბატონობა დამყარდა, მაგრამ VI-VII სს. კამბეჩოვანს ქართლის ერისმთავრები განაგებენ: აქ უკვე სრული ძალით გაიშალა ქრისტიანული ეკლესიების მშენებლობა. ამის მოწმობაა წმ.ნინოს ეკლესია დაბა ბოდში და წმ.სტეფანეს ეკლესია ხირსაში (დღ. ტიბაანი), რომელთა აგებას გ.ჩუბინაშვილი VI ს. განსაზღვრავს24. კამბეჩანის ტერიტორიაზე ქართლის გზით ქრისტიანობის გავრცელებამ და, მაშასადამე, ქართული ენის გაბატონებამ საგრძნობლად დააჩქარა და, (80) შეიძლება ითქვას, დაასრულა აქ მოსახლე ჰერული (ალბანური) ტომების აღმოსავლურ-ქართულ ტომებთან ქართებთან და კახებთან კულტურულ–ეთნიკური შერწყმის პროცესი, რომელიც უნდა დაწყებულიყო ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში (ძვ.წ. III საუკუნიდან), როდესაც ყალიბდებოდა ქართლის (იბერიის) სამეფო. ასე გახდა თანდათან კამბეჩოვანი ქართული ქვეყანა. VI ს. მეორე ნახევარში ქართლში მოსული პირველი ბაგრატიონები "წარვიდეს კამბეჩოვანს და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩქნი და დასხდეს იგინი მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს"25. VII-X სს. კამბეჩოვანის ქვეყანა ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად ჩანს. კახეთ-ჰერეთის გაერთიანებულ სამეფოში ეს ქვეყანა ცალკე საერისთავოს შეადგენდა: "პირველი (საერისთავო, თ.თ.) ხორნაბუჯს ანუ ხორანთას და მისცა ქისიყი და გარეთ კახეთი კუხეთის საზღვრამდე ალაზანსა და მტკვარს შიგნით და ჰერეთის მთისა“26. XI ს. დასაწყისიდან ეს მხარე გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაშია. იგი მონაპირე საერისთავოა, სადაც მახატლის ძენი ერისთავობენ, მათ ხორნაბუჯის ერისთავებს უწოდებენ, რომელთა შიშით "ყრმა ვერ აუტირდებოდა დედასა განძასა და ბარდავს". ამგვარად, ხორნაბუჯის (კამბეჩოვანის) მონაპირე საერისთავო XI-XII სს. ცალკე პოლიტიკურ ერთეულად წარმოგვიდგება. "ჰერეთის ერისთავები არ ფლობენ კამბეჩოვანს. კამბეჩოვანის შესატყვისი გვიან ხანაში ქიზიყია"27. XIII ს. 40-იან წლებში საქართველო მონღოლთა ბატონობის ქვეშ მოექცა, რომელთაც იგი 8 დუმნად დაყვეს. პირველი დუმნის მთავრად დაინიშნა ეგარსლან ბაკურციხელი, რომელსაც "ხელთ უდვეს სპა ჰერეთისა და კახეთისა და კამბეჩიანისა, ტფილისიდან და აღმართ ვითარ მთამდე შამახიისა"28, ე.ი. ფაქტიურად მთელი ქვეყანა თბილისიდან აღმოსავლეთით. კამბეჩოვანი აქაც გამორჩეული ქვეყანაა. ხორნაბუჯელები კამბეჩოვანს ფლობდნენ XIII 50-იან წლებამდე, მაგრამ მალე ამ მხარეში მონღოლთა მძლავრობის გამო ხორნაბუჯელთა მთელი საგვარეულო ამოწყდა. 1265 წელს საქართველოში ბერქა ყაენის დიდი არმია შემოიჭრა და მტკვრის მარცხენა ნაპირი და იორ-ალაზნის ქვემო წელი (იგივე კამბეჩოვანი, იგივე ხორნაბუჯის საერისთავო, იგივე ქიზიყი) ისე ააოხრა, რომ იმ დროიდან მოყოლებული მრავალი ხნის განმავლობაში ამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოსახლეობა ვეღარ მოშენდა. ამას ხაზგასმით აღნიშნავენ ქართული წყაროები და მათ შორის ვახუშტიც.

XV ს. II ნახევარში კახეთის დამოუკიდებელ სამეფოში საერისთავოთა ნაცვლად უფრო მცირე ერთეულები, სამოურავოები ჩამოყალიბდა: "მაშინ მოისპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დასხნა მოურავნი დიდითა და მცირეთა ადგილთა, ვითარცა არიან დღემდე მოურავი ქისიყისა, ელისენისა, წუქეთისა, დიდოეთისა"29. (81) ამავე ხანებიდან კახთა სამეფო სამხედრო თვალსაზრისით სადროშოებად დაიყო (ქართლის სამეფოს ანალოგიურად) და სადროშოს სარდლობა მოურავებს კი არა (როგორც მოსალოდნელი იყო), ეპისკოპოსებს დაეკისრათ. კახეთის სადროშოთაგან (მეწინავე იყო ბოდბელის სასარდლო, რომლის ბირთვს შეადგენდა ქიზიყი, ხოლო მისი საზღვრები გაცილებით შორს ვრცელდებოდა: ალაზნის ველზე სოფ.კონდოლამდე (თელავის მახლობლად) და ივრის ხეობაში სოფ.მანავამდე (საგარეჯოს მახლობლად). XVI ს. II ნახევრიდან კახეთის სამეფო ყიზილბაშური ირანის გამუდმებული შეტევის მოგერიებაშია, ხოლო XVII ს (დასაწყისში შაჰ-აბასის ოთხგზის ლაშქრობამ კახეთი წელში გატეხა და გააპარტახა (1614-1617 წწ.) ამიერიდან კახეთში ან განჯის ხანები ბატონობდნენ, ან გამაჰმადიანებული ქართველი მეფენი, რომელთაც რეზიდენციად ყარაღაჯი გაიხადეს, ხოლო საზაფხულო სასახლე მაღაროში ჰქონდათ. ყარაღაჯის არჩევა კახეთის ცენტრად მოულოდნელია და მას ახსნა სჭირდება. მანამდე ეს პუნქტი არაფრით გამოირჩეოდა, მიუხედავად მისი მოხერხებული მდებარეობისა. ყარაღაჯი იქვეა ხორნაბუჯთან, სულ 4-5კმ-ზე ჩრდ-აღმ.ალაზნის ველზე. მაჰმადიანი მმართველები, რომელთა მთავარი საყრდენი ძალა მოყვანილი ჯარი იყო, ბუნებრივია, ისეთ ადგილს აირჩევდნენ, სადაც დიდი რაზმების დაბანაკება იყო შესაძლებელი და ცხენ-აქლემთა საძოვრებიც ახლოს იქნებოდა. ამავე დროს, ყარაღაჯიდან მოხერხებული გასასვლელებია ალაზნის ველის საღრმეშიც და ივრის ხეობისკენაც. თანაც, ყარაღაჯში მდგარი გარნიზონის მომარაგება და შევსება პრობლემად არ უნდა ქცეულიყო, რადგან აქედან უკვე გაშლილი ველები იწყება, რომელთა ჩაკეტვა ან გადაჭრა ადგილობრივ ძალებს არ შეეძლოთ. ასე რომ, ყარაღაჯი ტიპიური მაჰმადიანური ცენტრი გახდა საქართველოს აღმოსავლეთ პერიფერიაზე. ზაფხულში აქ გაუძლისი სიცხეა, მაგრამ საზაფხულო რეზიდენციად საკმაოდ მაღლა მდებარე მაღაროს მიდამოები გამოიყენებოდა, რომელიც სიღნაღსაც კი ზედ დაჰყურებს. უფრო გვიან, როდესაც ქიზიყის პუნქტებიდან ერეკლე მეორემ სიღნაღს მისცა უპირატესობა და მისი ინტენსიური შენება–გამაგრება დაიწყო, რათა აქედან შებრძოლებოდა ლეკიანობას და შიშიანობის დროს თითქმის მთელი ქიზიყის მოსახლეობა სიღნაღის დიდ გალავანს შეეფარებინა, საზაფხულო საჯდომად იგი ისევ მაღაროს იყენებდა. თავის ცნობილ აღწერაში ვახუშტი კახეთის მთის შესახებ ამბობს; "ჟალეთის ბოლომდე მდებარებს ჩრდილოდამ სამხრით, მერმე წარმოვალს და მოვალს მაღარო–ხორნაბუჯამდე, აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა მდებარებს და უძეს აღმოსავლით შიგნით–კახეთი, სამხრით ქისიყი, დასავლით გარეთკახეთი და ერწო-თიანეთი". ეს განსაზღვრა მთლად ზუსტი არ არის, რადგან ქიზიყის საკმაოდ დიდი ნაწილი კახეთის ანუ გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებს ეკვრის სოფელ ანაგიდან დაწყებული ვიდრე ყარაღაჯამდე. ივ.ჯავახიშვილი კამბეჩანისა და ხორნაბუჯის შესახებ ასე მსჯელობს: "კუხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ერქვა "კამბეჩანი", "ქვეყანა კამბეჩანისა", ანუ "კამბეჩოანი“. სომხური უსახელო გეოგრაფიის თანახმად „ქამბეჭანი“ ალბანიის ერთი სანახებთაგანი ყოფილა, მტკვართან მდებარე. თამარ მეფის ისტორიკოსის სიტყვებიდან ჩანს, რომ კამბეჩანში "შიგნით მინდორნი" ყოფილა, (82) ხოლო გარეშემო, ალბათ, მთებით იყო მოზღუდული. ჯუანშერი ამბობს, რომ "ქალაქი კამბეჩანისა... არს ხორნაბუჯი" და ბაგრატონიანთა მემატიანე სუმბატიც ამას ადასტურებს. როდესაც მოგვითხრობს, თუ როგორ "დაიპყრეს კამბეჩანი და დასხდეს... მუნ ცხორებად ხორნაბუჯს" ბაგრატიონთა წინაპრები. ძველს მწერლობაში რომ სადმე ქ.ხორნაბუჯის მდებარეობა ნიშანდობლივ აღწერილი ყოფილიყო, მაშინ თვით კამბეჩანის საზღვრებიც დაახლოებით გამოირკვეოდა, მაგრამ ასეთი რამ არსად არის. სომხური უსახელო გეოგრაფია ალბანიას მდ.მტკვარსა და კავკასიის მთებს შორის ათავსებს და კამბეჩანისათვის მტკვრის სანახები აქვს მიკუთვნილი, ხოლო ვახუშტი ამტკიცებს: "საქვაბე (საქობო) ასანურამდე არს ადგილი ქისიყისა". ამას ეწოდა პირველი კამბეჩოვანი“; ხორბანუჯის  მდებარეობა კი ასე არის განსაზღვრული: "ყარაღაჯის სამხრით, დასტყდების ჰერეთის მთა, ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი“. კამბეჩანში ხორნაბუჯს გარდა სხვა ქალაქებიც ყოფილა; ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ სპარსთა მეფემ „შემუსრნა ქალაქნი კამბეჩანისანი"30. რა თქმა უნდა, ამ სხვა ქალაქებში პირველ რიგში იგულისხმება ქალაქი ხორანთა ანუ ქართული წყაროების ქალაქი ჰერეთი „შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა“ (ლეონტი მროველი). აქ ყურადღებას იქცევს კამბეჩანის ამ ორი ყველაზე დიდი ცენტრის სახელთა მსგავსება: ხორანთა - ხორნაბუჯი, მით უმეტეს, რომ ზოგჯერ წყაროებში დაცულია ფორმა ხორანბუჯი. ამას ყურადღება მიაქციეს ისტორიკოსებმა და შეეცადნენ მისი ახსნა მოეცათ. თეიმურაზ ბაგრატიონი ფიქრობდა, რომ ამ ორ სახელში ერთი ქალაქი იგულისხმებაო: „შესაყარსა ”საშუალ სრუტისა ორთა  ამათ მდინარეთასა არს ციხეხორანთისა, ესე იგი ხორნაბუჯი, რომელიცა უძველესთა დროთა შინა იყო ქალაქი დიდი ციხითა დიდითავე“, ხოლო იქვე სქოლიოში შენიშნავს: „ხორანთა ანუ ხორნაბუჯი“ იყო „ივერიისა სოფელთა, დაბათა და ციხე-ქალაქთა შორის“ ყველაზე ადრინდელი, „ფრიად დიდი და ერმრავალი ქალაქი და ციხე“, რომელიც მურვან ყრუმ ააოხრაო31. ახლა, როდესაც ლ.ჭილაშვილმა მიაკვლია ქალაქ ხორანთას ნაკვალევს, სადაც ზედაპირული არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ იგი ძველად "ერთ–ერთი დიდი და მდიდარი ქალაქი უნდა ყოფილიყო“, უკვე გადაჭრით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ხორნაბუჯი და ხორანთა სხვადასხვა, პუნქტია, თუმცა ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, ეს ადრეც კარგად უნდა გარკვეულიყო. თითქმის თეიმურაზისეულ შეცდომას იმეორებს ს.კაკაბაძეც, რომელიც ცდილობს, მეცნიერული საყრდენი გამოუძებნოს ამ ორი პუნქტის იდენტიფიკაციას მათ სახელწოდებაში შემონახული ხორან ფუძის მიხედვით: „ხორანთაში თა არის ადგილის დაბოლოება (მცხეთა მოგუთა), ხორან (ხორნა) წარმოდგენილია (83) სიტყვაში ხორნაბუჯი, რომელშიაც ბუჯი ბ-ის დარბილებით ფ–ში და ქართულ ნიადაგზე ჯ-ს ძ-ში გადასვლით... უდრის ქართულს ფუძეს და რაკი ხორნაბუჯი ყოფილა კამბეჩოვანის ქალაქი, მდებარე "იორის შესართავსა და მტკვარს შუა, ალაზნის მარჯვენა სანაპიროს“ „მისი ძველი სახელი უნდა ყოფილიყო ხორანთა“32. ივანე ლოლაშვილი ცდილობს ხორანთას და ხორნაბუჯის ფუძისეულ პირველ ნახევარში ფალაური ხუარან (მზეთა) დაინახოს, ხოლო ხორანთას თა ქართული მთის ნარჩენად მიიჩნიოს და ხორნაბუჯის ბუჯი ფალაური კერპის სახელწოდებად. მისი დასკვნა ასეთია: „ხორნაბუჯში, უნდა ვეძიო მზის ტაძარი -წარმართობის დროინდელი საკულტო ცენტრი, რომლის საფუძველზე შემდეგში აღმოცენებულა ფეოდალური ციხე-ქალაქი და ქრისტიანული საეპისკოპოსო კათედრალი" და კიდევ, „ძველად ხორანთას ტერიტორიაზეც, სანამ იქ ქალაქი აშენდებოდა, არსებულა მზის კერპი (თუ ტაძარი), რომელიც ჰერთა წარმართულ სალოცავს წარმოადგენდა, ხოლო ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მის ნაფუძარზეც აღმოცენებულა ციხე-ქალაქი"33.

ჩვენი აზრით, ასეთი ვარაუდის დაშვება შესაძლებელია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად სავარაუდოა, ამ ორი მეტად მნიშვნელოვანი “პუნქტის სახელში ერთიდაიგივე ფუძის (ხორ) არსებობა აიხსნას ეთნიკურ ნიადაგზე და აქ, ისტორიული კამბეჩოვანის ტერიტორიაზე, ჰერთა ეთნიკური განსახლების არეალში, ქვეყნის ორი მთავარი ცენტრის სახელში, მათი - ჰერების (ხორ–ჰერ) აქ ჯდომა დავადასტუროთ ტოპონიმიკითაც. ამ ვარაუდს უნდა ამაგრებდეს, ჩვენი აზრით, ქართული წყაროების ჩვენება, რომლებიც ხორანთას ჰერეთსაც უწოდებენ. ლეონტი მროველს ხორანთა მითითებული აქვს „შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა“, ე.ი. იორ-ალაზნის შეერთების ადგილზე და მიაჩნია ჰერეთის პოლიტიკურ ცენტრად. წერილობით წყაროებში ცნობები ხორანთას შესახებ მცირეა და, სამწუხაროდ, იგი არქეოლოგიურადაც არ არის შესწავლილი. 1965 წ. ლ.ჭილაშვილმა დაადგინა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა და, მცირე სადაზვერვო სამუშაოებიც ჩაატარა. ხორანთის ნაქალაქარი ვრცელ ტერიტორიაზეა გადაშლილი იორ–ალაზნის შესაყარზე, მისგან ჩრდილოეთით დაახლოებით 5 კმ–ზე. "ნაქალაქარი განლაგებულია ალაზნის გასწვრივ გამავალი ქედის სამხრეთის კალთებზე და ვრცელდება ვაკემდე, საიდანაც ელდარის ველი იწყება... ზედაპირული არქეოლოგიური მასალით ხორანთა განსაკუთრებით ვრცელი და ხალხმრავალი ქალაქია ადრეფეოდალურ ხანაში"34. კლიმატური პირობების გამო დღეს იორ–ალაზნის შესაყარის მიდამოები დაუსახლებელია. ლ.ჭილაშვილის აზრით, "ძველად განსაკუთრებული ზრუნვის შედეგად ეს ადგილები საკმაოდ ნაყოფიერი ყოფილა ისე, რომ ქალაქის აშენებაც კი გახდა შესაძლებელი. ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი (84) ღონისძიებებიდან მთავარი იყო საირიგაციო სისტემა, რომლის ნაწილმაც დღემდე მოაღწია. მის გარეშე ცხოვრება აქ შეუძლებელი იქნებოდა“35. აქ დგება მეტად საინტერესო საკითხი: რას ეყრდნობოდა საერთოდ კამბეჩანის და კერძოდ მისი სამხრეთი ნაწილის (შირაქის ველის) ეკონომიური სიძლიერე - მიწათმოქმედებას თუ მესაქონლეობას, რომელი იყო მათ შორის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე? ჩვენი აზრით, ბუნებრივი პირობების გამო (ვრცლად გადაშლილი უწყლო და დასერილი ველები) აქ უპირატესი მნიშვნელობისა იყო მესაქონლეობა. ფეოდალური ეპოქის მანძილზე იგი ითვლებოდა მთავარ საზამთრო საძოვრებად თითქმის მთელი აღმოსავლეთი საქართველოსათვის. ხორანთა ქვეყნის ცენტრი უნდა ყოფილიყო მანამ, სანამ კამბეჩანში სჭარბობდა ჰერული მოსახლეობა, ხოლო შემდეგ ამ ქვეყნის თანდათან გაქართველებასთან ერთად კამბეჩანის ცენტრმა, ბუნებრივია, ჩრდილოეთით გადაინაცვლა, რადგან სწორედ აქედან მოიწევდა მძლავრად და საფუძვლიანად ქართული ეთნიკური ელემენტი. ხორანთის დაცემა, შესაძლოა, სწორედ ახალი ცენტრის, ხორნაბუჯის დაწინაურებამ განაპირობა. ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, ხორნაბუჯი უძველესი დროიდანვე კანბეჩანის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. ამასვე ადასტურებს მის მიდამოებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, რომლის უძველესი ძეგლები ძვ.წ. IV-III სს. ეკუთვნის. როგორც ჩანს, ხორნაბუჯი უკვე ანტიკურ ხანაში წარმოადგენდა საკმაოდ დაწინაურებულ დასახლებას, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო ორი გარემოებით: სტრატეგიული მდებარეობითა და სამეურნეო პირობებით. იგი კარგად არის დაცული, მოხერხებულ ადგილზე მდებარეობს. და გარს აკრავს მშვენიერი სახნავ-საძოვრები. ხორნაბუჯის ციხე გაშენებულია გომბორის (ცივის) ქედის ბოლო კონცხზე, მიუვალ კლდეზე თითქმის 90 მეტრის სიმაღლეზე. იგი თავზე დასცქერის ქალაქში ალაზნის ველიდან შემოსასვლელ კლდეკარს და კარგად აკონტროლებს მას. თვით ქალაქი გაშენებული უნდა ყოფილიყო ციხის დასავლეთით მოთავსებულ ქვაბულში, რომელიც შემოფარგლულია მაღალი კლდეებით. ხორნაბუჯი ბატონობდა ალაზნის ველიდან, შირაქიდან და ივრის ხეობიდან მომავალ გზებზე, ამიტომაც იყო, რომ V ს. მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის დროს, აქ არსდება საეპისკოპოსო კათედრა36, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ მას კამბეჩანის რელიგიური მესვეურობაც დაეკისრა. ამავე დროს ხორნაბუჯი წარმოადგენდა დაჩის, ვახტანგის ძის, საუფლისწულო ქალაქს, კახეთ-ჰერეთის სხვა დიდ პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრებთან - ჭერემთან და ნეკრესთან ერთად. საისტორიო წყაროების მიხედვით, VI ს. ხორნაბუჯი კამბეჩანის ერისთავის რეზიდენციაა37. ამავე საუკუნეში ხორნაბუჯის ციხეს სპარსელები დაეპატრონენ, რომელთაც იგი გაუმაგრებიათ. ირანელთა განდევნის შემდეგ კამბეჩანს და მის ცენტრს ხორნაბუჯს ბაგრატიონები ფლობენ. ამ დროიდან მოყოლებული მთელი ადრეფეოდალური ხანის მანძილზე ხორნაბუჯი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, იგი საერისთავოს ცენტრია, რომელშიც კამბეჩანს გარდა შედის (85) "გარეთ კახეთი კუხეთის საზღვრამდე ალაზანსა და მტკვარს შიგნით და ჰერეთის მთისა“38. XI-XII სს. ხორნაბუჯი გაერთიანებული საქართველოს ერთ-ერთი სანაპირო საერისთავოს ცენტრია, სადაც მახატლის ძენი ერისთავობენ და მათ ხორნაბუჯის ერისთავები ეწოდებათ. სანაპირო საერისთავოები განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩეოდნენ, რამაც ხორნაბუჯის მნიშვნელობა კიდევ უფრო აამაღლა. ამიტომაცაა, რომ ხალხი მას თამარის ციხეს უწოდებს. XIII ს. 60-იანი წლებიდან, ბერქა ყაენის ლაშქრობების შედეგად, ხორნაბუჯის ციხის ძლიერება ეცემა და საქალაქო ცხოვრებაც კვდება. გასულ საისტორიო წყაროებში ქრება ძველი სახელწოდება და მის ნაცვლად ჭოეთი იხმარება39. ამიერიდან ხორნაბუჯში საქალაქო ცხოვრება აღარ განახლებულა, რადგან თითქმის მთელი კამბეჩანი ანუ ხორნაბუჯის საერისთავო მოოხრდა და მეურნეობა მოიშალა. ამ ხნიდან მოყოლებული მტკვრის მარცხენა სანაპირო და იორ–ალაზნის ქვემო წელი მოსახლეობისაგან დაიცალა. თუმცა ხორნაბუჯის ციხეს, როგორც ქვეყნის აღმოსავლეთის ფორპოსტს, თავისი მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავს. XVI ს. კახთა მეფეებს ციხე განუახლებიათ და ალექსანდრე კახთა მეფის დროს ჭოეთის ციხე კვლავ ციხეობს40. უკანასკნელად ხორნაბუჯის ანუ ჭოეთის ციხე აღადგინა და გაამაგრა ერეკლე მეორემ, რათა ლეკიანობის წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოეყენებინა. სახელმწიფოს მიერ აღრიცხვაზე აყვანილი და დაცული მატერიალური კულტურის ძეგლების რიცხვი ქიზიყის ტერიტორიაზე მეტად მცირეა, სულ 15 ერთეულს ითვლის: 1.ბოდბის წმ.ნინო, 2.ხირსის წმ.სტეფანე., 3.ბურჯების სერი, 4.ქოლაგირი, 5.დავით გარეჯი (მაღაროსთან), 6.ფანიანის ამაღლება, 7.თამარის ციხე, 8.წმ.ელია (ძველ ანაგასთან), 9.ბოდბისხევის წმ.გიორგი. 10.ვაქირის ნათლისმცემელი, 11.ვაქირის კვირაცხოველი, 12.სიღნაღის ციხე, 13.ოზაანის ამაღლება, 14.ცლუნკაანის სამება და 15.ხორნაბუჯის ციხე41. ეს სია არც სრულია და არც ზუსტი. რად ღირს თუნდაც ხორნაბუჯის ციხის ორჯერ ხსენება სხვადასხვა სახელით. სულ გამოტოვებულია მთელი რიგი ეკლესიებისა, რომლებიც აგებულია გვიან შუასაუკუნეებში და ქიზიყის თითქმის ყველა სოფელში დგას, ზოგში კი რამდენიმე ერთად. კახეთისა და მათ შორის ქიზიყის უმნიშვნელოვანესი მატერიალური კულტურის ძეგლები შესწავლილი აქვს აკად.გ.ჩუბინაშვილს თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში «Apxитeктypa Kaxeти». გ.ჩუბინაშვილის აზრით, კახეთის არქიტექტურული ძეგლები მკვეთრად გამოირჩევიან მთელი ქრისტიანული კავკასიისა და თვით საქართველოს ძეგლებისაგან ისტორიის გრძელ მანძილზე. პირველ რიგში ეს ეხება მათ განლაგებას. კახეთის სოფლები განლაგებული იყო მთის ფერდობებზე, ტყიანი ზოლის პირას, ხოლო სალოცავი წმინდა  ადგილები შიგ ტყეში, მთებზე ან ხეობებში. მეორე, თავისებურებაა სამშენებლო მასალა - რიყის ქვა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, (86) კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული წყობა რიყის ქვით და არა გათლილი დიდი ლოდებით, როგორც ქართლში. აქედან გამომდინარეობს მესამე თავისებურება - კახეთის ხუთოთმოძღვრული ძეგლები მოკლებულია ორნამენტსა და ფიგურულ რელიეფს. რითაც ასე გამოირჩევა საერთოდ ქართული არქიტექტურა. მეოთხე თავისებურება გამოიხატება აგურის ფართო ხმარებაში. ადრეფეოდალურ ხანაში მას ხმარობენ რიყის ქვასთან მორიგეობით წყობისათვის, ხოლო გვიან შუასაუკუნეებში იგი მნიშვნელოვნად ჭარბობს თვით რიყის ქვასაც კი. მეხუთუ თავისებურებაა ეპიგრაფიკულ ძეგლთა იშვიათობა, ანუ ის გარემოება, რომ კახეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს არა აქვთ ან მეტად მცირე რაოდენობითა აქვთ წარწერები, რაც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ძეგლის დათარიღებაში. ვრცელ მონოგრაფიაში გ.ჩუბინაშვილი ქიზიყის საკულტო ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან განიხილავს სამ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს: ბოდბის წმ.ნინოს, ხირსის წმ.სტეფანეს და ოზაანის ამაღლებას. ბოდბის "წმ.ნინო" და ხირსის "წმ.სტეფანე" ერთ-ერთი უძველესი ძეგლებია კახეთისა და საერთოდ საქართველოს ბაზილიკებს შორის და VI ს. თარიღდებიან. ხირსის ბაზილიკა VIII-IX  სს. გუმბათიან ტაძრად გადაუკეთებიათ. ასევე გუმბათიანი ეკლესიაა ოზაანის "ამაღლება", რომელიც IX-X სს. ეკუთვნის. ხირსის წმ.სტეფანეს ეკლესია, გადმოცემის თანახმად, დაუარსებია ცამეტ სირიელ მამათაგანს სტეფანე ხირსელს. ეკლესია თავდაპირველად ბაზილიკას  წარმოადგენდა, ხოლო ახლა გუმბათიანი ტაძარია, რომელიც მოპირკეთებულია გათლილი ქვებით და დამშვენებულია ორნამენტით, რაც ასე იშვიათია კახეთის ძეგლებს შორის. იგი რამდენჯერმეა გადაკეთებული და შეკეთებული. თავდაპირველი (ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკა უნდა ყოფილიყო რომელიც VI ს. აუგიათ. მისი ნაწილები კარგად შეიმჩნევა დღესაც. ეს იყო მოგრძო ნაგებობა ოთხი წყვილი სვეტით და ხუთი თაღით. მისი გვერდითი ნავები მეტად ვიწრო იყო. ეკლესიაში, გადმოცემით, დაკრძალულია სტეფანე ხირსელი. ბაზილიკა ეკუთვნის საქართველოს ბაზილიკების ერთ-ერთ უძველეს ჯგუფს: ბოლნისი, ურბნისი, ხაშმის სამება და სხვ. ხირსის ბაზილიკა გადაუკეთებიათ VIII-IX სს., შემდეგ იგი შეუკეთებიათ და გაუმშვენიერებიათ ჯერ X-XI სს., შემდეგ კი XVI ს. ხირსის მონასტერი, ბოდბის მონასტრის მსგავსად, შუასაუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. კახეთის ბაზილიკების მომდევნო ჯგუფს (კონდოლი, ახმეტა, ვაზისუბანი და სხვ.) ეკუთვნის ბოდბის წმ.ნინოს მონასტრის უძველესი ეკლესია. იგი სიღნაღის მახლობლად მდებარე სოფელ ქედელის მიდამოებშია აგებული. XIX ს. ეს ძეგლი ისე მნიშვნელოვნად გადააკეთეს, რომ დღეს სპეციალისტებს უჭირთ მისი პირვანდელი სახით წარმოდგენა. ეკლესია აგებულია წმ.ნინოს საფლავზე. იგი, ქართული წყაროების მიხედვით, აქვე გარდაცვლილა. ვახუშტის ცნობას - "არს ბოდბეს ეკლესია გუმბათიანი, დიდშენი, მშვენიერი. აქ მიიცვალა წმინდა ნინო და დაეფლა აქვე. აღაშენა და შეამკო საფლავი მისი და ეკლესია კე მეფემან ბაქარ", ერთ-ერთი მისი ნუსხის გადამწერი, კერძოდ დავით ინანაშვილი (S №4990) 1816 წელს უმატებს: "ამ ხევზედ არის დაბა (87) დიდი ბოდბე, პირველწოდებული ბოდა. ამ ხევის ჩრდილოთ და ბოდბეს აღმოსავლეთ მცირედ დაშორებით არს წმ.გიორგის ეკლესია, უგუმბათო, კეთილშვენიერად ნაგები. აქ მიიცვალა წმ.ნინო და დაფლულ არს აქვე". ამასვე გვიმოწმებს პლ.იოსელიანი, რომლის თქმით, ეკლესია წმ.გიორგისაა, ხოლო მისი სამხრეთი მინაშენი, სადაც წმ.ნინოა დაკრძალული, წმ.ნინოს სახელობისაა. ბოდბის ეკლესია სამნავიანია. მისი აფსიდები აღმოსავლეთ ფასადზე ნახევარწრიულ შვერილებს ქმნიან. სამხრეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მიუთითებენ წმ.ნინოს სამარხის ადგილს. ზოგიერთი ცნობით, წმ.ნინოს სამარხი შემდეგში ძირითად ნავში გადაუტანიათ. პირველი დიდი რესტავრაცია ბოდბის ეკლესიის XVII ს. განუცდია, როდესაც შაჰ–აბასის შემოსევის შედეგად განადგურებული მონასტერი მეფე თეიმურაზს აღუდგენინებია 1631 წელს. "მოვედით კარსა საყდრისა და სადიდებელისა სამარხისა და ტაძრისა თქუენისასა, ვიხილეთ რომე მოშლილ იყუნეს და იავარქმნილიყო"42.

მეორე საფუძვლიანი გადაკეთება (ეკლესიამ XIX ს. 20-იან წლებში განიცადა ეპისკოპოს იოანე ბოდბელის - მაყაშვილის თაოსნობით (ამ სახითა დგას დღეს იგი): "ხატო და ბრწყინვალებაო ღთისა მამისაო შეწევნით და წყალობითა ვიწყე ეკლესიისა ამის განახლებად და ორთა კარიბჭეთა და ეკლესიისა ამისა გუმბათისა ახლად აღშენებად ს`დ ეკლესიისა ამის დახატვად კარის ბჭებითურთ და კანკლისაცა ახლად გაკეთებად და ყოვლითავე ეკლესიისა სამკაულითა შემკობად ჩვენ ყ`დ უსამღვდელოესმა სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტ და კავალერმა მაყაშვილმა ბოდბელმა იოანემ. ვითხოვ აღმომკითხველთაგან, რათა ჰყოფდეთ ხსენებასა ჩემსა წელსა ჩყკგ". ამ დროსაა შელესილი თეთრად და მოხატული მთელ, ეკლესია რუსი ოსტატის თუ ოსტატების მიერ. გ.ჩუბინაშვილის აზრით, ბოდბის ბაზილიკის უძველეს ფენას ეკუთვნის აღმოსავლეთ ფასადზე გარეთ ნახევარწრედ გამოშვერილი სამი აფსიდა (ისევე, როგორც ბოლნისში, გავაზსა და ნინოწმინდაში). ქართული მატიანეების ცნობით, მირიან მეფეს მაშინვე აუგია ტაძარი წმ.ნინოს საფლავზე. VII-IX სს. აქ მდგარა ძველი ეკლესია, რომელიც მიაჩნდათ IV ს. ძეგლად, რადგან იგი ითვლებოდა წმ.ნინოს საფლავზე მდგარად და შესაძლოა, მისმა ფრაგმენტებმა ჩვენამდე დღევანდელი ეკლესიის სამხრეთ ნავის სახით მოაღწია. წმ.ნინოს საფლავზე მდგარი პატარა სამლოცველო თანდათან VII ან VIII-IX სს. ვრცელ ბაზილიკად ქცეულა, ხოლო XVIII და XIX სს. უკვე დღევანდელი სახე მიუღია. გუმბათიან ეკლესიად იგი მხოლოდ XIX ს. უნდა ქცეულიყო. ვახუშტის ცნობით, ბოდბის მონასტერში "ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ქიზიყისა და ვიდრე კონდოლამდე, აქუს სასპასპეტო დროშაცა, და არიან სადროშონი მისნი ქისიყით კონდოლამდე და მანავამდე, და არს ბრძოლასა მეწინავე. ბოდბელი არს პირველი ეპისკოპოსი კახეთისა..."43. ბოდბის ეკლესია ამავე დროს ერთგვარ პოლიტიკურ ცენტრსაც წარმოადგენდა, რამდენადაც ამ მონასტრის მიტროპოლიტს კახეთის მეფეების კურთხევის უფლება ჰქონდა. მაგალითად, ბოდბის ეკლესიაში დაიდგეს სამეფო გვირგვინი კახეთის მეფეებმა: ლევან II, ალექსანდრე II, თეიმურაზ I და სხვებმა. (88) აღსანიშნავია, რომ ბოდბის მონასტრის კუთვნილ ტერიტორიაზე, ივრის ხეობაში, კლდეში გამოკვეთილია რამდენიმე გამოქვაბულთა კომპლექსი, რომელთაგან გამოირჩევა "მაღაზანები" და "ქოლაგირები". ადგილობრივი მოსახლეობა მათ ბერების გამოქვაბულებს უწოდებს. ისინი XI-XIII სს. თარიღდებიან და რთული აგებულებით ხასიათდებიან. კლდეში გამოკვეთილია მრავალი სენაკი თუ ეკლესია. შემორჩენილია ფრესკებისა და წარწერების მრავალი ფრაგმენტი.

მესამე მეტად მნიშვნელოვანი საკულტო ხუროთმოძღვრების ძეგლი ქიზიყში, ბოდბისა და ხირსის. შემდეგ, არის ოზაანის "ამაღლება". იგი დგას სოფ.ოზაანიდან დაახლოებით 4 კმ-ზე, ტყეში, ალაზნის ველისაკენ მიქცეულ მთის კალთაზე. ვახუშტი მას არ იხსენიებს, მაგრამ მისი "აღწერის" ერთ-ერთი გადამწერი, იგივე დავით ინანაშვილი (S №4990, 1816 წ.) ქიზიყის აღწერისას უმატებს, რომ "ხორნაბუჯის" ჩრდილოთ, მთაში არს ეკლესია ამაღლებისა, კეთილშვენიერ ნაგები, გუმბათიანი, შეუმუსრავი და დახატული". ესაა ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპის ტაძარი, რომელიც დგას ტყის შუაგულში მოქცეულ პატარა მინდორზე. აქ განსაკუთრებით ინტერესს იწვევს ის, რომ ეკლესია ნაგებია მთლიანად აგურით, იატაკსა და სახურავზე გამოყენებულია მოჭიქული კერამიკის ფილები. შემორჩენილია კანკელი, შესრულებული უდიდესი ოსტატობითა და ხელოვნებით. ასევე დიდ ინტერესს იწვევს ფრესკები, რომელთა დიდი ნაწილი გადარჩენილია. აფსიდაში ფრესკაზე შემორჩენილია მათი მხატვრის წარწერა: "ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მოქაელს, ამინ". ოზაანის ამაღლების ფრესკები XII-XIII სს. მიჯნისაა. ეკლესიას ეტყობა XVI ს. ალექსანდრე კახთა მეფის დროინდელი გადაკეთების კვალი. რ.შმერლინგის სიტყვით, ოზაანის ამაღლებაში მშენებლებმა ჩააქსოვეს ყველაზე საუკეთესო, რაც შესაძლოა მათ განკარგულებაში იყო: მშვენიერი, გათვლილი და გაანალიზებული ხუროთმოძღვრება, საუკეთესო ფერწერა, მოჭიქული კერამიკა იატაკზე და სახურავზე, ბრწყინვალე ჩუქურთმიანი კანკელი. როგორც ჩანს, მისი მშენებელი არა მარტო სახსრებს არ იშურებდა, არამედ ფრიად დიდი მხატვრული გემოვნებითაც გამოირჩეოდა. სამწუხაროა, რომ არ შემორჩა ქტიტორთა გამოსახულებანი, რაც მიგვითითებდა ქიზიყის ისტორიაზე, იმ დროზე (XIII ს.), იმ სოფელზე, რომელსაც ეკუთვნოდა ეკლესია. ერთადერთი, რაც არ უდგებოდა ტაძრის დათარიღებას, ეს იყო მისი მეტად დაბალი გუმბათის ყელი. გ.ჩუბინაშვილმა მიაქცია ყურადღება სწორედ ამას, აგრეთვე თაღების ნალისებურობას, სხვა დეტალებსა და ოზაანის ამაღლება IX-X სს. დაათარიღა.

ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის თვალსაზრისით მეტად არსებითია, რომ ქიზიყის ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძებლების ქრონოლოგიის საკითხები კარგადაა გარკვეული. ის მოწმობს, რომ დღევანდელი ქიზიყის მჭიდროდ დასახლებულ არეალზე (ანაგიდან ხორნაბუჯამდე და ნუკრიანიდან წითელწყარომდე), რაც საერთოდ მთელი ქიზიყის ტერიტორიის მცირე ნაწილს შეადგენს, უძველესი ხანიდანვე ასეთივე მჭიდრო და კომპაქტური მოსახლეობა იჯდა. არც ერთი ძველი ძეგლი დღევანდელი სოფლებიდან დიდი მანძილით არაა დაშორებული. ბოდბის წმ.ნინო და ხირსის წმ.სტეფანე ხომ სულაც სოფლის განაპირასაა. როგორც ჩანს, VI ს. აქ საფუძველი ეყრება ფართო სამონასტრო მშენებლობას და მთელი  ადრეფეოდალური ხანის (89) მანძილზე, X ს. ჩათვლით, იგი მეტნაკლები ინტენსიობით მიმდინარეობს. გვიანი შუასაუკუნეების ხანაში ქიზიყში შენდება რიგითი სოფლის ეკლესიები. ამას ადასტურებს ჩვენს მიერ საველე ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის მუშაობისას მოხილული უამრავი, მართალია, ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისით უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ ისტორიული გეოგრაფიის თვალსაზრისით საინტერესო ხუროთმოძღვრული ძეგლები ქიზიყიდან. ქიზიყის წინამხარში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. თითქმის უწყვეტ ჯაჭვად განლაგებულია სოფლები: ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო, ასანური, ჯუგაანი და ტიბაანი, რომელთაც დროთა განმავლობაში ოდნავ დაბლა, ალაზნის ველისაკენ, ჩაუნაცვლებიათ. ეს კარგად ჩანს ქედის კალთებზე მიტოვებული დიდი ნასოფლარებიდან, რომლებშიც ძირითადად გვიანი შუასაუკუნეების ეკლესიებია მიმოფანტული. განსაკუთრებით ეს ითქმის ანაგის ნასოფლარზე, სადაც ყველა ეკლესია გვიანი დროისაა, უფრო ადრეული ცხოვრების კვალი კი არ ჩანს. გადმოცემის თანახმად, სოფელი ამ ადგილზე ძველი ანაგიდან გადმოსახლებულა, რაც დასტურდება იქაური ტოპონიმებითაც: სოფელი ძველი ანაგა და სახნავი ადგილი საანაგო. ვაქირი ადრე სიღნაღს უშუალოდ ეკვროდა. სიღნაღის სასაფლაოზე მდგარ ეკლესიას ვაქირის წმ.გიორგი ეწოდება. ვაქირის ნასოფლარის ეკლესიებში ყურადღებას იქცევს ორი ძეგლი: ნათლისმცემელი და კვირაცხოველი. გ.ჩუბინაშვილმა ვაქირის ნათლისმცემელი კახეთის სამეკლესიანი ბაზილიკების საშუალო ჯგუფში მოათავსა და აგების თარიღად VII-VIII სს. ივარაუდა44. მის კედლებში ჩატანებულია ადრე შუასაუკუნეების ნაგებობის ნაშთები: წრეში ჩასმული ბოლნური ჯვარი და მოჩუქურთმებული ქვა. ძეგლს ორი მნიშვნელოვანი აღდგენა განუცდია. ამჟამად მდგარი ნაგებობა 1555 წ. კახეთის მეფის ლევან II-ის მიერ ძველი ბაზილიკის გადაკეთების შედეგია. ძველი ეკლესია უნდა იყოს ვაქირის კვირაცხოველიც. მცირე ზომის ძეგლი ნაგებია შირიმისა და რიყის ქვის ნარევი წყობით. შეიმჩნევა შეკეთებების კვალი. დასავლეთ სარკმლის თავზე ბოლნური ჯვარია. სამხრეთ ფასადზე, კარის მარჯვნივ, კედლის წყობის ქვედა რიგში, დიდ ქვაზე ამოკაწრულია 7 სტრიქონიანი ასომთავრულით შესრულებული წარწერა. წარწერა, სამწუხაროდ დაზიანებულია, სტრიქონთა ბოლოები არ იკითხება, ამიტომ ტექსტი გაურკვეველია. იგი ქვის შემწირველს უნდა ეკუთვნოდეს. პალეოგრაფიული იერით წარწერა IX-X სს. ჩანს, მაშასადამე, ეკლესიაც ამ ხანებში აუგიათ, რადგან წარწერიანი ქვა წყობის პირველივე რიგშია მოთავსებული. ქიზიყში მაღალი მდებარეობით განსაკუთრებით გამოირჩევა სოფლების ჯგუფი - განლაგებული გომბორის ქედის ზურგზე: ჭოტორი, ნუკრიანი, მაღარო, ზემო ბოდბე. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო მაღარო, რომელიც ხშირად იხსენიება საისტორიო წყაროებში, როგორც კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია: "დაუტევა იმამ-ყულიხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვსი თელავს და მანავს და იყოფოდა ზამთარს მუნ, ხოლო ზაფხულს მაღაროს"45. მაღაროს მიდამოებში ხშირად ხდებოდა დიდი ბრძოლები, ვინაიდან სამეფო საზაფხულო სამყოფელი მოხერხებული გზებით უკავშირდება როგორც წინამხარს, ასევე უკანამხარს, აქაა ერთ-ერთი მთავარი უღელტეხილი გომბორის (90) ქედზე. ბუნებრივია, რომ აქ იყო სასახლე, რასაც ადასტურებს ვახუშტი: "არს მაღაროს სასახლე მეფეთა საზაფხულოდ"46. აქვე, ყოფილა ციხე: "გარნა არცაღა თუ კახეთი იყო მათგან (ჭარელთაგან, თ.თ.) მშვიდობით. ამისთვს ჰყვეს ციხე მაღაროს ქისიყელთა და შევიდნენ მას შინა"47. მაღაროში არც სასახლე შემორჩა და არც ციხე. ციხე მდგარა ადგილ "ციხითვიანში", რომელიც დღეს სოფლიდან 0,5 კმ-ზეა ბოდბის მონასტრისაკენ. ამას გარდა სოფლის სამხრეთ განაპირას მდგარა კოშკი ე.წ. "ნაცვლიანთ ციხე", ისეთი დიდი, რომ დღეს შიგ მარანია მოწყობილი. მაღაროს ეკლესიებიდან ყურადღებას იქცევს ერთ-ერთი მათგანის სახელწოდება "ზღუდრის წმ.გიორგი". თ.შაიშმელაშვილის აზრით, აქ სავარაუდოა გამაგრებული ზღუდის არსებობა, რომელიც კეტავდა უღელტეხილს". საინტერესოა თვით სოფლის სახელწოდება - მაღარო, XV ს. ბარის მოსახლეობის შეთხელების გამო კახეთში მოახალშენეებად მთიდან ჩამოიყვანეს გლეხობა. 1441 წ. საბუთში ალექსანდრე დიდი ამბობს: "ახალი სოფელი ავაშენე, ყუარელნი და მაღაროელნი დავასახლე"49. მაშასადამე სოფელს სახელწოდება მიუღია ფშავის მაღაროსკარიდან; ადრე რა ერქვა, არ ჩანს, ამჟამად მას ზემო მაღარო ჰქვია, რადგან აქედან ივრის ხეობისაკენ ჩასახლებულებმა შექმნეს სოფელი ქვემო მაღარო. მაღაროსთან ერთად ჭოტორიც იხსენიება საისტორიო წყაროებში: "დღესა მეორესა მივიდა ჭოტორს მყოფს ალექსანდრეს ზედა, მოეგება იგიცა და იქმნა ბრძოლა ძლიერი"50. ჭოტორზე გადიოდა ჩრდილოეთიდან, ქედ-ქედ, მაღაროსაკენ მომავალი გზა. როსტომ და თეიმურაზ მეფეების ბრძოლის აღწერისას, რომელიც მაღაროს მიდამოებში მოხდა, არჩილი ამბობს: "მოვიდნენ რაზმ  დაწყობილნი ჭოტორის გზითა მაღაროს, სრულ ერთს გზაზედა მოაწყვეს, ჯარი სხვას გზაზედ არ აროს"51. ამ გზის პირასაა აღმართული გვიანი ხანის სათვალთვალო კოშკი, საიდანაც კარგად მოჩანს ალაზნის ველიცა და თითქმის მთელი ქიზიყიც. მაღაროს მსგავსად, სოფელ ბოდბის მცხოვრებლებმა, რომელთაც ივრის ხეობისაკენ, უკანამხარში, ჰქონდათ სახნავი მიწები, თანდათან იქით დაიწყეს ჩასახლება და ე.წ. კალთებზე, სადაც მოსავლის აღების დროს თითქმის მთელი სოფელი გადადიოდა დროებით საცხოვრებლად, შექმნეს ახალი სოფელი -ქვემო ბოდბე. ასე რომ, ქვემო მაღარო და ქვემო ბოდბე სრულიად ახალი სოფლებია, რაც თავისთავად საინტერესო ისტორიულ-გეოგრაფიული ფაქტია. მაღარო ზემო მაღაროდ იქცა, ბოდბე - ზემო ბოდბედ - თვით სახელწოდება ბოდბის წარმოშობა მდინარეს უნდა უკავშირდებოდეს. ამას გვიდასტურებს მეორე პატარა მდინარის ლაკბეს სახელწოდება, რომელიც ივრის მარცხენა შენაკადია და ქიზიყის დასავლეთ საზღვრად მიაჩნია ვახუშტის. ამ ორი მსგავსი წარმოშობის ტოპონიმის ერთ რეგიონში არსებობა, შესაძლოა, მიგვანიშნებს, რომ აქ საქმე (91) გვაქვს რომელიმე იბერიულ-კავკასიური ენის (უფრო ჰერულ-ალბანური) ტოპონიმიკის ნაშთთან. ბოდბისხევი, რა თქმა უნდა, უფრო გვიანი უნდა იყოს. წყაროებიდან ვიცით, რომ დაბას, სადაც IV ს. წმ.ნინოს ეკლესია ააგეს, ბოდა, ბოდი ან ბოდე ერქვა, იგი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ერთეულის - ბოდბის ხევის - ცენტრი, რომელშიც ადრეულ ხანაში დღევანდელი ქიზიყის გარკვეული ნაწილი შედიოდა. ბოდბეში ძველი ეკლესია არ შემორჩენილა სამების გარდა. ღვთისმშობელი, ყველაწმინდა და წმ.ესტატე მთლიანად დაუნგრევიათ, სამება კი ნაწილობრივ გადარჩენილა. იგი რიყის ქვით ნაგები პატარა ეკლესიაა. სოფ.ბოდბისხევმა თანდათან ხევის ბოლოში გადაინაცვლა და წნორს მიეკრა. მის ნასოფლარში რამდენიმე გვიანი ხანის ეკლესიაა შემორჩენილი. ხევსა და ნასოფლარს აღმოსავლეთიდან თავზე დაჰყურებს მაღალი გორა, რომელზეც აღმართულია ბოდბისხევის წმ.გიორგის სამნავიანი ბაზილიკა. იგი IX-X სს. ძეგლი უნდა იყოს. დასავლეთ სარკმლის თავზე წარწერაა ასომთავრულით - "წმ.გიორგი"52, აღმოსავლეთ სარკმლის თავზე კი ორსტრიქონიანი წარწერა, ისიც ასომთავრულით: "შეიწყალე ჰეროდე... სნი და შვილნი“. ვ.ცისკარიშვილი მას XXII სს. ათარიღებს53.

ფანიანში ორი ეკლესიაა: ნათლისმცემელი და ყველაწმინდა. ნათლისმცემელს ამაღლებასაც უწოდებენ. იგი შუასაუკუნეების ძეგლია54. ყველაწმინდა გვიანი შუასაუკუნეების ეკლესიაა.

ქვემო მაჩხაანი XIX ს. ქიზიყის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა და დაბად იწოდებოდა. სოფლის გარშემო სახნავი მიწების სიმცირის გამო ქვემო მაჩხაანელებს, ისევე როგორც საერთოდ ქიზიყის სოფლების უმეტესობას, ვენახები ალაზნის ველზე აქვს ძველი ანაგისა და ყარაღაჯის მახლობლად. საგულისხმოა, რომ ყარაღაჯის დღევანდელი მოსახლეობა მთლიანად ქვემო მაჩხაანიდაან არის ჩასახლებული. ქვემო მაჩხაანის ეკლესიები დაუნგრევიათ.

ზემო მაჩხაანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ღონიერი სოფელია ქიზიყში. იგი განლაგებულია გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოების გორებზე. ზემო მაჩხაანს ვენახები წინამხარში აქვს: ხირსასა და ქუმბატში, ხოლო სახნავები უკანამხარში: შირაქსა და თელათწყალში. ზემო მაჩხაანის ხუთივე ეკლესია (ყველაწმინდა, ღვთისმშობელი, არმათიონი, მთავარანგელოზი, წმ.გიორგი, წმ.ნინო) გვიანი შუ საუკუნეების ძეგლია. ქადაგიანთ უბანში დგას ვებერთელა ოთხკუთხა კოშკი, ყოველი მხრიდან ტოლი გვერდებით. კოშკი ქვევით განიერია - 7 მ, ზევით ოდნავ ვიწროვდება. ნაგებია რიყის ქვით. კედლების სისქე 1 მ-ზე მეტია. იგი ხუთსართულიანი ყოფილა; ზედა სართულებზე სათოფურებია. კოშკი ლეკიანობის დროს უნდა იყოს აგებული. მას ადრე ბოსტაშვილების ციხეს უწოდებდნენ. საერთოდ, ქიზიყში სიმაგრეთა ნაკლებობაა: ადრეული ხანის ხორნაბუჯი და გვიანი ხანის სიღნაღის გალავანი - ესაა და ეს. მაღაროს, ზემო მაჩხაანის, ჭოტორისა და არბოშიკის კოშკები სურათს ვერ ცვლის. შესაძლოა, ამის მიზეზია ის, რომ ქიზიყი სახასო ქვეყანაა. (92) მირზაანის, არბოშიკის, ოზაანის (გარდა ამაღლებისა) და ცლუნკაანის ეკლესიები გვიანი შუასაუკუნეების ძეგლებია. არბოშიკისა და გედიქის ხევის შესაყარში დგას "ნაციხარი", გვიანი ხანის კოშკი, რომელიც აკონტროლებდა გედიქის ხევზე გამავალ მეტად მნიშვნელოვან მაგისტრალს, რომელიც ალაზნის ველს ივრის ზეგანთან აკავშირებს. შუა საუკუნეებში კამბეჩოვან-ქიზიყის ქვეყანა ხორნაბუჯის საერისთავოს წარმოადგენს, რომელიც ჯერ კახეთ-ჰერეთის სამეფოს, ხოლო შემდეგ XI ს. გაერთიანებული საქართველოს სანაპირო საერისთავოა. XV ს. II ნახევრიდან კახეთის სამეფოში საერისთავოთა ნაცვლად უფრო მცირე ერთეულები - სამოურავოები ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ქიზიყის სამოურაო. სამხედრო თვალსაზრისით კახეთის სამეფო სადროშოებად დაიყო და მათი სარდლობა ეპისკოპოსებს დაეკისრათ. კახეთის სადროშოთაგან მეწინავე იყო ბოდბელის სასარდლო ანუ სადროშო, რომლის ბირთვს შეადგენდა ქიზიყი, ხოლო მისი საზღვრები გაცილებით შორს ვრცელდებოდა. ქიზიყის სამოურავოს ცენტრი ხდება სიღნაღი XVIII ს. მას შემდეგ, რაც ერეკლე II აქ აგებს ვრცელ გალავანს, რომელსაც შეეძლო მტრის თავდასხმისას მთელი ქიზიყის მოსახლეობა შეეფარებინა. ქიზიყის მეურნეობა მრავალმხრივია, მაგრამ იგრძნობა მესაქონლეობის წამყვანი როლი, რაც გაპირობებული უნდა იყოს შირაქის საზამთრო საძოვრების მნიშვნელობით. ამ მხრივ ძველთაგანვე შეინიშნება მეცხვარეობის განვითარება, რომლის საზაფხულო საძოვრებია თრიალეთ-ჯავახეთი. შირაქის საძოვრებს ქიზიყის მოურავი განაგებდა, რისთვისაც მის განკარგულებაში იმყოფებოდა თუშთა რაზმი. მიწათმოქმედებიდან სჭარბობდა მარცვლეულის წარმოება; მევენახეობა აქ შედარებით ნაკლებად იყო განვითარებული.

---------------------------------------------------------------------

1. ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები კარგა ხანია მკვლევართა ყურადღებას იქცევს.  უკანასკნელ წლებში გამოსული ნაშრომებიდან ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: დ.მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა, თბ., 1966; მისივე, კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII სს-ში, "საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული" თბ., 1967; მისივე, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბ., 1977 და II, თბ., 1980 თ.პაპუაშვილი, ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; ი.შაიშმელაშვილი, ქიზიყი, თბ., 1973.

2. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თბ., 1941, გვ.98.

3. ქართლის ცხოვრება, ტ.I, გვ.45.

4. სტრაბონი, XI, 4, 1

სტრაბონი,XI,4,1

ჩ .LXIMMCXM reorpaqmfi VII BeKa, CI16., 1877, C.  I|

6 ნ a n a as 0 p H, KHHI‘a  BaBOEBaHHfi  CTpaH,  Baxy,   1927,  C.14.

7 არსენი საფარელი, განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა, თბ., 1980, გვ.92.

8 „ქართლის ცხოვრება, ტ.I, გვ.45, 193, 373.

9 ივ.ჯავახიშვილი, ძველი ერის ისტორია, წ.I, თბ., 1960, გვ.430.

10 დ.მუსხელიშვილი, ციხე-სიმაგრე უჯარმა, თბ., 1966, გვ.31-32.

11 ო.პაპუაშვილი, ჰერეთის ისტორიის საკითხები, 1970, თბ., გვ.33.

12 ვახუშტი, აღწერა... გვ.98.

13 გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ.1, თბ., 1962, გვ.23, 25, 29

14 იქვე, გვ.259.

15 იქვე, გვ.254.

16 იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, ტოპონიმიკა, II, თბ., 1980,

17 „ქართლის ცხოვრება“, ტ.I, გვ.45.

18 ნ.ლომოური, იბერიის სამეფოს საზღვრების საკითხისათვის ანტიკურ პერიოდში // სოხუმის პედ. ინსტ შრ., ტ.VII, თბ.,  1954, გვ.7.

19 დ.მუსხელიშვილი, ციხე-ქალაქი უჯარმა, თბ., 1966, გვ.31.

20 I".  Menuxnmannn,   K  ”ოიიი“  .upeBHefi   I‘pysun,  TGIMHCH, 1959, c.123.

21 მ.სინაურიძე, გვიანანტიკური და ადრეფეოდალური ხანის სამარხები ყოღოთიდან, „საქ.მუზ. მოამბე“, ტ.XXVII-13, 1967,  თბ., გვ.125; მისივე, აკლდამა ხორნაბუჯის მიდამოებიდან, „ძეგლის მეგობარი“, 9, 1967.

22 „ქართლის ცხოვრება“, ტ.1, გვ.199.

23  იხ.თ.პაპუაშვილი, ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970, გვ.42.

24 • Apxmemypa  Kaxe'm,  ”ICI/(CL   1959,  C.  64.

25 „ქართლის ცხოვრება“, ტ.I, გვ.373.

26 ვახუშტი, საქართველოს ისტორია, გვ.561.

27 დ.მუსხელიშვილი, კახელი-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII სს., "საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული", II, თბ., 1967.

28 "ქართლის ცხოვრება", II, გვ.207.

29 ვახუშტი, საქართველოს ისტორია, გვ.568.

6, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, VI, 81

30 ივ.ჯავახიშვილი, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, "ქართველი ერის ისტორია“, წ.II, თბ. 1948.

31 თეიმურაზ ბაგრატიონი, ისტორია საქართველოისა, 1848, გვ.14.

32 ს.კაკაბაძე, ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები, „საისტორიო მოამბე“, I, 1924, თბ., გვ.52.

33 ი.დოდაშვილი, ქართული წარმართული საკულტო ტაძრები კამბეჩოვანში, „მნათობი“, 9, 1977, გვ.152.

34 ლ.პილაშვილი, ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, I, თბ., 1968, გვ.60-62.

35 ლ.პილაშვილი, ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, I, თბ., 1968, გვ.60-62.

36 „ქართლის ცხოვრება“, ტ.I, გვ.199.

37 იქვე, გვ.374.

38 ვ ა ხ უ შ ტ ი, საქართველოს ისტორია, გვ.561.

39 ვ ა ხ უ ფ ტ ი, აღწერა..., გვ.97.

40 "ქართლის ცხოვრება", ტ.II, გვ.382.

41 საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე, თბ., 1959, გვ.105, 127.

42 ს.კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, IV, თბ., 1913, გვ.18.

43 ვახუშტი, აღწერა..., გვ.542.

46 იქვე გვ.542.

47 იქვე, გვ.623.

48 ი.შაიშმელაშვილი, კამბეჩანი, ხორნაბუჯი, ქიზიყი, "ძეგლის მეგობარი", № 1969.

49 ისტორიული საბუთები, III, 1924, გვ.23-24.

50 ვახუშტი, იქვე, გვ.412.

51 არჩილი, გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა, გვ.244.

52 თ.ბარნაველი, კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1962, გვ.43.

53 გ.ცისკარიშვილი, ექვსი უცნობი ქართული წარწერა, "მაცნე", N2, 1980, გვ.143.

54  საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები, თბ., 1959, გვ.106.

 

 

იხ. ასევე: თენგიზ თოდრია - გარეკახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //ჟ. ამირანი 2012 წელი, XXIV - http://mail.caucasology.com/amirani24/todria.pdf