topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ხორნაბუჯი ჩვენი სიამაყე - გ.მარგიანი // შარმიაშვილი ნ. // ყაჯრიშვილი გ. // ჯანყარაშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


შარმიაშვილი ნ. ხორნაბუჯი //კოლმეურნე (სიღნაღი). - 1962. - 23 ნოემბერი

კოხტასთავის ცნობილი შეთქმულების მონაწილე თორღვა პანკელი საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად არ მიეგება დავით ლაშას ძეს, როცა იგი ყარაყორუმიდან დაბრუნდა. ამ ამბავმა ფრიად შეაწუხა დავითის მომხრენი და მისი ყველაზე ერთგული პირი ხორნაბუჯის პატრონი, ბერი ხორნაბუჯელი გაგზავნეს თორღვასთან - განდგომილი პანკისის ძლიერ ერისთავთან. ხორნაბუჯელმა ტკბილი სიტყვით გადმოიბირა ის "და წარმოიყვანა... ტაბახმელას. აქ შეიპყრა ჯიქურმა (იგულისხმება მესტუმრე ჯიქური) განზრახვითა დედოფლისათა (ჯიქდა ხათუნისა) თვინიერ მეფის ცნობისა, და წარიყვანეს კლდეკარსა და გარდმოაგდეს" (იხ.ქართლის ცხოვრება), ტ.II, გვ.231). საქართველოს სამეფო კარზე იმდენად გავლენიანი ყოფილა ხორნაბუჯის ერისთავი, რომ მას მნიშვნელოვან პოლიტიკურ საქმეს ანდობდნენ. იგი დავით ლაშასძის მეუღლე ჯიგდა ხათუნთან და მესტუმრე ჯიქურთან ერთად დიდი ძალაუფლების მატარებელი ჩანს, როცა კლდეკარის ციხიდან აგდებს და კლავს ერთ-ერთ საკმაოდ მსხვილ პოლიტიკურ მოღვაწეს - თორღვა პანკელს, რომელსაც როგორც ჩანს, არ მოსწონდა დავით ლაშას ძის მონღოლებთან შემარიგებლური პოლიტიკა. ვინ იყო ბერი ხორნაბუჯელი, სად იყო თვით ხორნაბუჯი, რა როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში ხორნაბუჯი? აი საკითხები, რომლებზეც გვსურს ვუპასუხოთ ამ წერილში. ბერი ხორნაბუჯელი ბაგრატიონთა სამეფო გვარის ერთერთი შტოს წარმომადგენელია. სუმბათ დავითის ძის ქრონიკაში ნათქვამია, რომ ქართლის მთავარი ერისთავის გურამ ბაგრატიონის ორმა ძმამ ასამ და ვარაზვარდმა "დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს") იხ. ქართლის ცხოვრება, ტ.1, გვ.373). ამ ცნობიდან ჩანს, რომ ქალაქი ხორნაბუჯი კამბეჩოვანის (ქიზიყის) პოლიტიკური და ადმინისტრატიული ცენტრი ყოფილა, რომ აქ მჯდარა კამბეჩოვანის ერისთავი - ამ მხარის უზენაესი ხელისუფალი. უფრო მეტიც, ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსი ჯუანშერი ამბობს, რომ აქ, ხორნაბუჯში იჯდა კამბეჩოვანის უმაღლესი სასულიერო ხელისუფალიც - ეპისკოპოსი. იგი ჩამოსთვლის მისთვის ცნობილ 16 საეპისკოპოსოს და მათ შორის ასახელებს ხორნაბუჯის ეპისკოპატსაც. იმავე ისტორიკოსის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა თავის "ძესა... დაჩის მისცა ქალაქი ჭერემი და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი" (იქვე, გვ.199).

ხორნაბუჯის ერისთავი V-VI საუკუნეებიდან XIII საუკუნის სამოციან წლებამდე დიდ პატივშია. მის სახელს ახსენებენ ისეთ გამოჩენილ პირებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ერისთავები: რატი და გრიგოლ სურამელები, ეგარსლან ბაკურციხელი, თორღვა პანკელი და სხვები. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ "ყარაღაჯის სამხრით, სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა, ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი და აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ კლდესა ზედა, შენი არს ციხე მაგარი, და იყოცა ქალაქი კარგი. ესეცა ბერქას გამოსვლასა მოოხრდა" (იხ. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ.97). მართლაც, 1265 წელს ბერქა ყაენი სამასი ათასიანი ლაშქრით შემოიჭრა საქართველოში. მტკვრის და რახსის (არეზის) შესართავიდან "ვიდრე მცხეთამდე ბერქამან მოაოხრა ქვეყანა შირვანისა, ჰერეთი, კახეთი და ყოველი იორის პირი და მოვიდა ლაშქარი ტფილისამდე და მრავალი სული ქრისტიანე მოსწყვიტეს."

ქართლის ცხოვრების ამ ცნობაზე დაყრდნობით, საქართველოს ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორები ამბობენ, რომ ბერქამ მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ალაზან-ივრის ქვემო წელი ისე ააოხრა, რომ იმ დროიდან მოყოლებული მრავალი ხნის განმავლობაში აქ მოსახლეობა ვეღარ მოშენდა. (იხ. დასახელებული სახელმძღვანელო, ნაწილი I, გვ.237).

ბერქას ამ საბედისწერო ლაშქრობის შემდეგ თითქმის 700 წელი გავიდა. ხორნაბუჯის ციხის მაგარი კედლები კვლავ დგანან და წითელწყაროს ჩრდილოეთით კლდოვანი ნაპირებიდან გადაჰყურებენ განახლებულსა და აყვავებულ კახეთს. ეს სახელოვანი ცხიე ისეა აგებული კლდეზე, რომ კაცს მისი ბუნებრივი გაგრძელება ეგონება. ძველი ქალაქისა და ციხის ნაშთები აშკარად მეტყველებენ მის დიდებულ წარსულზე.

ნ.შარმიაშვილი

მარგიანი გ. და სხვ. - ხორნაბუჯი ჩვენი სიამაყე // ლიტერატურული საქართველო. - 1976. - 21 მაისი.

საქართველო ტურიზმის ერთ ერთი მიმზიდველი კერაა. ამიტომაც დიდი გულმოდგინება გვმართებს რომ ჩვენს სტუმარ ტურისტებს (შინაურსა და უცხოელს) არა მარტო ტრადიციული, გულუხვი მასპინძლობით ვაამოთ, არამედ ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც ჩვენი მდიდარი წარსულისა და აწმყოს განსახიერებაა. ტურისტი, რომელიც თავისი თვალით იხილავს ჩვენი რესპუბლიკის საუცხოოდ გაშენებულ-გაჩირაღდნებულ ქალაქებსა და სოფლებს, გამრჯე მშრომელის ხელით დახატულ ბაღ-ვენახებსა და მიდვრებს, სამრეწველო გიგანტებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმთავითვე დარწმუნდება, რომ საქმე აქვს კულტურული და სამეურნეო ცხოვრებით დამშვენებულ საბჭოთა რესპუბლიკასთან. სამწუსაროდ ჩვენი დაუდევრობის გამო, ზოგჯერ ქვეყნის გასაცნობად შორიდან მოსული სტუმარი მოკლებულია თანამედროვე საქარველოს ცენტრებიდან მეტ-ნაკლებად მოშორებული არა ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლის ნახვის სიამოვნებას. ფართო საზოგადოებრობისა და ტურიზმის რესპუბლიკური ხელმძღვანელობის ყურადღება გვინდა მივაპყროთ საქართვვლოს ცენტრებიდან, რკინიგზიდან და მაგისტრალური საავტომობილო გზატკეცილიდან არც თუ ისე დაშორებულ ისეთ დიდებულ ისტორიულ ძეგლებს, როგორიცაა განთქმული ხორნაბუჯის ციხე და ნაქალაქარი, მის მეზობლად მდებარე ყარაღაჯის ციხე-სიმაგრე, ხირსისა და ბოდბის მონასტრები, ივრის ხეობის ჩინებული გამოქვაბულები. ცნობილია რომ ეს ძეგლები თავის დროზე მართლაცდა ყოველმხრივ მძიმე ვითარებაში უხილავთ მ.ლერმონტოვს, ალ.პუშკინს, ალ.გრიბოედოვს, ალ.დიუმას. ხორნაბუჯის მიდამოებში მსახურობდნენ ალ.ჭავჭავაძე, აზერბაიჯანელი პოეტი მირზაჯან მადათოვი, გადმოსახლებული დეკაბრისტები - ოდოევსკი, ბესტუჟევი, კიუხელბეკერი და სხვები. არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ქიზიყში, კერძოდ, წითელწყაროს რაიონში, მრავალი საქვეყნოდ განთქმულ ქართველი მოღვაწის სახლი და სახლმუზეუმია, მათ შორის, გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი. ისიც ფაქტი გახლავთ, რომ ბევრ ჩვენს თანამემამულეს, რომელსად იქნებ მთელი ჩვენი დიდი ქვეყანა და უცხოეთის არაერთი ქვეყანაც შემოუვლია, ჯერ არ უნახავს ზემოჩამოთვლილი ღირსშესანიშნაობანი. ეს დიდებული ძეგლები რატომღაც დღემდე ვერ მოექცა ტურიზმის ქსელში. ეს გარემოება ვერ აიხსნება ვერც ძეგლთა სიშორით, ვერც უგზოობით: წითელწყარო დედაქალაქთან ახლოსაა, თანაც მასთან რკინიგზით და საავტომობილო გზატკეცილითაა დაკავშირებული; წითელწყაროდან ხორნაბუჯის ციხემდე მხოლოდ სამიოდე კილომეტრია, მაგრამ ამ მცირე მანძილზე საავტომობილო გზატკეცილის გასაყვანად შარშანდლამდე თავი არავის შეუწუხებია. და ეს მაშინ, როცა ცენტრებიდან დაშორებულ უღრან ტყეებში თუ თითქმის ალპური ზონის ეგზოტიკურ ადგილებზე აგებული რესტორნების, "მონადირეთა სახლებისა" და უამრავი კერძო აგარაკისაკენ კეთილმოწყობილი საავტომობილო გზატკეცილები დიდი ხალისით გაგვყავდა. ქებით გვინდა მოვიხსენიოთ წითელწყაროს რაიონის მესვეურები, რომელთა ინიციატივითა და რაიონის მკვიდრთა მონაწილეობით შარშან ზაფხულს წითელწყაროდან ხორნაბუჯამდე გაიყვანეს საავტომობილო გზა და წყალსადენი, ნაწილობრივ შეკეთდა ხორნაბუჯის ციხე, გაკეთდა ასასვლელი კიბეები, დამშვენდა და დასასვენებლად მოეწყო ციხის გვერდით მდებარე ბუნებრვი ტყე-პარკი, სადაც რაიონის მშრომელებმა უკვე იზეიმეს უხვი მოსავლის დღესასწაული. დაინტერესებულ მკითხველს ცოტა რამ მაინც გვინდა შევახსენოთ ზემოაღნიშნულ ძეგლებზე, რომელთა უყურადღებოდა მიტოვება, ჩვენი აზრით, მეტი რომ არა ვთქვათ, გულსატკენია.

ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე, ხორნაბუჯის ციხესთან ერთად, მრავლადაა შემონახული საერო, საკულტო და თავდაცვითი ხასიათის ძეგლები, რომლებიც თავიანთი მაღალი ხელოვნებით, სიდიადით და საამშენებლო ტექნიკით აღტაცებას იმსახურებენ. ერთ-ერთ ასეთ ძელს, ხორნაბუჯის ციხე-ქალაქს თავისი ბრწყინვალე ხუროთმოძღვრებით საპატიო ადგილი უკავია უმნიშვნელოვანეს ქართულ ციხე-ქალაქთა რიგში. საისტორიო წყაროების მოწმობით, ხორნაბუჯი უძველესი დროიდანვე მნიშვნელოვან კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა. ისტორიული წყაროები უკვე IV-V საუკუნეებიდან გარკვევით მიგვითითებენ კამბეჩანის (ქიზიყის) ქვეყანაში მნიშვნელოვანი ქალაქის ხორნაბუჯის არსებობაზე. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, "ყარაღაჯის სამხრით, სადაც დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი, და აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ, კლდესა ზედა შენი არს ციხე მაგარი, და იყოცა "ქალაქი კარგი; ესეცა ბერქას გამოსვლასა მოოხრდა“. როგორც ჩანს, ხორაბუჯის დაარსებისას გაითვალისწინეს მისი შესანიშნავი სტრატეგიული მდებარეობა. ის გაშენებულია გრძლად გადაჭიმულ ცივის ქედის ციცაბოდ (ხირსიდან წითელწყარომდე) დაქანებული ფერდობის თხემზე და გარშემოფარგლულია უზარმაზარი მიუვალი კლდეებით, რაც მტრისთვის ძნელად მისაწვდომს ხდიდა. ციხე გადმოჰყურებს ალაზანსა და შირაქის ველებს, მისგან შორს არ არის მოპირდაპირე მხარეც - ივრის ხეობა.

V საუკუნეში, ვახტანგს გორგასლის დროს, ხორნაბუჯში არსდება საეპისკოპოსო კათედრა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ამ დიდ პოლიტიკურ ცენტრს ძველი კამბეჩანის (ქიზიყის) რელიგიური მესვეურობაც დაეკისრა. ამასვე ხანაში "ქალაქი კამბეჩოვანისა" - ხორნაბუჯი, ნეკრესთან და ჭერემთან ერთად საუფლისწულო საკუთრებას წარმოადგენდა. V საუკუნის დასასრულს ხორნაბუჯი ირანის შაჰს კავად I-ს (488-531) შეუმუსრავს. წერილობითი წყაროების მიხედვით VI საუკუნიდან ხორნაბუჯი კამბეჩანის ერისთავის რეზიდენციად გვევლინება. ქალაქის განვითარება ერთგვარად უნდა შეფერხებულიყო VI სუკუნის I ნახევარში, - კამბეჩანში ირანელთა ბატონობის დროს. წყაროებით ირკვევა, რომ ამ დროს ხორნაბუჯის ციხეში, ისევე როგორც მაგალითად, თბილისისა და მცხეთის ციხეებში, ირანელთა ჯარი იდგა. არაბი ისტორიკოსების ცნობებით, VI საუკუნეში ირანელებს ხოსრო ანუშირვანის (531-579) დროს კამბეჩანში საფორტიფიკაციო ხასიათის მშენებლობაც უწარმოებიათ, ეს კი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხორნაბუჯის ციხეს უნდა შეხებოდა. ჩანს, ირანელებმა თავისი მფლობელობის დროს ციხე გაამაგრეს.

ქალაქის ხელახალი აღმავლობა დაიწყო VI საუკუნის 70-იან წლებიდან, როცა კამბეჩანში ირანელების ბატონობა დაემხო და ხორნაბუჯს ბაგრატიონები დაეპატრონენ. ამ დროიდან მოყოლებული მთელი ადრეფეოდალური ხანის მანძილზე ხორნაბუჯი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰერეთის ცხოვრებაში. ეს ჰერთა მეფის ერთ-ერთი ერისთავის რეზიდენციაა. XI საუკუნეში ხორნაბუჯი მცირე ხნით თურქ-ლესჯუკებს სჭერიათ. დავით აღმაშენებლის, უფრო კი თამარის მეფობის ხანაში, ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი განსაკუთრებით გაძლიერდა. სწორედ ამიტომაცაა, რომ "ქართლის ცხოვრება" მას ხორნაბუჯს უწოდებს, ხოლო ხალხი - თამარის ციხეს, ან უბრალოდ, თამარს. ხსენებული ციხის იმჟამინდელ ძლიერებაზე გარკვეული წარმოეგნა ჰქონდა გარეშე მტერსაც, მათ შორის რუმის სულთანს რუქნადინს (ნუქარდინი), რომელიც ბასიანის ომის წინ (1205 წ.) თამარ მეფეს ქვეყნის გაცამტვერებითაც დაემუქრა.

ბასიანის ბრძოლა, ისევე როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის თურქების კოალიციური ჯარების მომდევნო თავდასხმები, ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა და ჩვენი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. იმჟამად ხორნაბუჯმაც შეინარჩუნა თავისი ძლიერება.

XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ხორნაბუჯი ეცემა. ისტორიული წყაროები მის დაცემას ბერქა ყაენის გამანადგურებელ ლაშქრობებს უკავშირებენ. ამიერიდან ხორნაბუჯში საქალაქო ცხოვრება აღარ განახლებულა. ქალაქთან ერთად ქრება სახელწოდება "ხორნაბუჯის". ისტორიულ საბუთებში გვიან საუკუნეებში ამ ადგილს "ჭოეთი" ეწოდება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხორნაბუჯს, როგორც ციხე-სიმაგრეს, თავისი მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავს. XVI საუკუნეში კახთა მეფეებს ციხე განუახლებიათ. ალექსანდრე კახთა მეფის დროს ხორნაბუჯის ანუ ჭოეთის ციხე კვლავ ციხეობდა. უკანასკნელად ხორნაბუჯის ციხე აღადგინა ერეკლე მეორემ, რათა ლეკიანობის წინააღმდეგ წარმოებული ხანგრძლივი ბრძოლისას გამოეყენებინა.

აი ასეთი დიდი წარსული მქონე ძეგლია ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი. ხორნაბუჯს ეკვრის ყარაღაჯი, რომელიც XVII საუკუნეში კახეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პუნქტს წარმოადგენდა, იგი ერთხანს კახთა მეფეების და ირანელი ხანების რეზიდენციაც იყო. ვახუშტი მას ასე მოიხსენიებ: "ბოეთნის პირისპის და ალაზნის დასავლეთ არს ყარაღაჯი, სასახლე, და შემდგომად ოსმალთა ამ ჟამთა ჰყვეს ციხე და აწ ჯერეთ ოხერ არს". ამჟამად ის პატარა სოფელია, სადაც ძველი ციხე-ქალაქის ნანგრევები შემორჩა. "კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არს ხირსის მონასტერი", რომელიც, მეცნიერთა შეხედულებით, აშენებული უნდა იყოს VIII-IX საუკუნეებში, როცა გადაუკეთებიათ VI საუკუნეში აგებული ბაზილიკა. ამ დროს საქართველოში გამოჩენილა ქრისტიანობის მქადაგებელი ცამეტი სირიელი მისიონერი, მათ შორის ყოფილა სტეფანე ხირსელი, რომლის სახელსაც ხირსის მონასტრის დაარსებას უკავშირებენ. ეს მონასტერი შეუკეთებიათ და გაუმშვენიერებიათ ჯერ X-XI საუკუნეებში, შემდეგ - XVI საუკუნეში. ხირსის მონასტერი, ბოდბის მონასტრის მსგავსად, შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა.

ხორნაბუჯთან და სიღნაღთან ახლოსაა ბოდბის მონასტერი, სადაც გადმოცემის მიხედვით, IV საუკუნეში გარდაიცვალა და დაიკრძალა საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი - წმინდა ნინო. ამავე დროს აუგიათ ტაძარი და დაუარსებიათ დედათა მონასტერი. ვახუშტის სიტყვით, "არს ბოდბეს ეკლესია გუნბათიანი, დიდშენი, მშვენიერი, აქ მიიცვალა წმინდა ნინო და დაეფლა აქვე. აღაშენა და შეამკო საფლავი მისი და ეკლესია კგ მეფემან ბაქარ". მისივე გადმოცემით, ბოდბის მონასტერში "ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ქიზიყისა და ვიდრე კონდოლამდე აქუს სასპასპეტო დროშაცა, და არიან სადროშონი მისნი ქისიყით კონდოლამდე და მანავამდე, და არს ბრძოლასა მეწინავე, ბიდბელი არს პირველი ეპისკოპოსი კახეთისა...". ბოდბე ერთგვარ პოლიტიკურ ცენტრსაც წარმოადგენდა, რამდენადაც ამ მონასტრის მიტროპოლიტს კახეთის მეფეების კურთხევის უფლება ჰქონდა. მაგალითად, ბოდბეში დაიდგეს სამეფო გვირგვინი კახეთის მეფეებმა: ლევან II-მ, ალექსანდრე II-მ, თეიმურაზ I-მა და სხვებმა.

ბოდბის კუთვნილ ტერიტორიაზე, ივრის ხეობაში, ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე გამოქვაბული, რომელთაგან გამოირჩევა "მაღაზანები" და "ქოლაგირები"; ადგილობრივი მოსახლეობა მათ ბერების გამოქვაბულს უწოდებს. გამოქვაბულები XI-XIII საუკუნეებით თარიღდებიან და რთული აგებულებით ხასიათდებიან. კლდეში გამოკვეთილია მრავალი სენაკი, ასევე, ეკლესია. შემორჩენილია ფრესკებისა და წარწერების მრავალი ფრაგმენტი. ერთმანეთის მეზობლად მდებარე ეს უბრწყინვალესი ძეგლები უთოდ იმსახურებენ ჩვენი ქვეყნის კულტურულ-ისტორიული წარსულით დაინტერესებული ფართო საზოგადოების საგანგებო ყურადღებას. საქართველოს სიძველეთა ეს დიდებული "კრებული" უფრო მშობლიურ მზრუნველობასა და რესპუბლიკის ტურისტული მარშრუტების შუაგულში მოქცევას საჭიროებს. იმედია, საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭო, ისევე როგორც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული უცხოეთის ტურიზმის სამმართველო, მეტი გულისყურით მოეკიდებიან ხორნაბუჯს.

 

ყაჯრიშვილი გ. ხორნაბუჯი //კოლმეურნე (სიღნაღი). - 1966. - 15 მარტი. //ხორნაბუჯის ისტორია.

საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით არის ციხესიმაგრე ხორნაბუჯი, რომელიც აგებული იყო კახეთისა და კერძოდ კი ქიზიყის მტერთან შესახვედრად. ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში ჯუანშერის ცნობით: (ვახტანგ გორგასალმა) „ძესა მისსა პირმშოსა პირველსა, დაჩის, მისცა ქალაქი ჭერმისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელი არს ხორნაბუჯი, და ყოველი ქვეყანა მტკვარსა აღმოსავლით“.

ისტორიულ წყაროებში ხორნაბუჯი იხსენიება აგრეთვე ჭოეთად, "აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ კლდესა ზედაშენი არს ციხე მაგარი და იყოცა ქალაქი, კარგი. ესეცა ბერქას გამოსვლასა მოოხრდა" (ვახუშტი). 1110 წელს "მატიანე ქართლისაის“ ცნობით მეფე ბაგრატ III-მ მეორედ აიღო ჰერეთი და სათავისოდ დაიჭირა კახეთის დედოფალი დინარა და ორ წელს იბატონა კახეთის ციხეებში და მათ შორის ხორნაბუჯში. მეთორმეტმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ხორნაბუჯი არის სამთავროს რეზიდენცია, რომლის მთავრებად სხვადასმვა დროს იყვნენ ვარდანი, მახატული და საღირ კოლონკელიძეები და ფლობდნენ მთელ ქიზიყს. მძიმე იყო ქართლ-კახეთის ხვედრი მონღოლთა ველური ურდოების შემოსევის ჟამს. საქართველოს ამ პერიოდის მეფე ულუ დავითი მონღოლთა ბრძანებით სახანოში იყო გამოძახილი, ამით ისარგებლა კახეთის გამგებელმა თორღვამ და გაჭირვების ჟამს ქართველობას განუდგა, მაგრამ ბერი ხორნაბუჯელის დახმარებით ულუ დავითმა თორღვა დაიჭირა და კლდეკარის ციხიდან გადაჩეხა. 1386-1403 წლებში მონღოლთა მხედართმთავარმა თემურლენგმა, რომელიც რვაჯერ შემოესია საქართველოს, არხილოს კალოში ბავშვები ძნად ჩაშალა კალოში და ზედ კევრი მოატარა, მეოთხე შემოსევაზე კი, რომელიც 1399 წელს მოხდა, თემურლენგის ლაშქარმა ქართლ–კახეთი ნაცარტუტად აქცია, მისი  ბრძანებით თათრებმა ვენახები, ბაღები და ბოსტნები დაჩეხეს; ეკლესიები, სახლები და სხვა ნაგებობანი დაანგრიეს, პირუტყვი გაჟლიტეს, ადამიანთა თავებისაგან კოშკები დადგეს და ხონაბუჯელი ბავშვები ცხენებით გადათქერეს. მე-16 საუკუნის დამლეესა და მე-17 საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფო კარზე დიდი არეულობა ხდებოდა. მეფე დავით ალექსანდრეს ძემ შეთქმულება მოუწყო მისმა ძმამ გიორგი ალექსანდრეს ძემ. ალექსანდრე მეფის შვილმა გიორგიმ განიზრახა კახეთის სამეფო ტახტის იძულებით მიტაცება. "შემოიფიცნა კახნი და განუცხადა მათ: "მომყევით და მოვკლავ ძმასა ჩემსა და დავიპყრობ კახეთსა“. შეფიცულ კახელთაგან გიორგის ავი საქმე გასცა ბარამ ჩოლოყაშვილმა; ხოლო მეფემ გიორგი შეიპყრო და თორმეტი ყმანი, მისნი შეფიცულნი ხორნაბუჯის ციხიდან გარდმოყარნა..." (ეგნატაშვილი ბერი). 1657-1659 წლებში განჯის ხანმა სელიმმა დაიპყრო კახეთი და თავის რეზიდენციად ყარაღაჯი გამოაცხადა. იგი ამავე დროს ფლობდა ციხე-სიმაგრე ხორნაბუჯსაც. სელიმხანის მძარცველთა რაზმების მიერ განაწამები კახელები აუჯანყდნენ თურქმენებს, სელიმხანი გააძევეს ყარაღაჯიდან და კახეთი გაათავისუფლეს უცხოელთა ბატონობისაგან. აჯანყების მოთავენი იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, ქსნის ერისთავები შალვა და ელიზბარი და კახეთის გამგებელი ზაალ ერისთავი. აჯანყების გეგმა შედგენილი იქნა დუშეთში ზაალ ერისთავის სასახლეში. 1677-1683 წლებში, ხორნაბუჯის ციხის მახლობლად, ყარაღაჯში ბეჟან-ხანის მიერ აშენებულ იქნა სასახლე. აი რას წერს ამის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი: ბეჟან ხანმა "ჰქმნა სასახლე სპარსთა რიგისა ყარღაჩს და უბრძანა კახთაცა მუნ სახლთა გებანი". ყარაღაჯი ხორნაბუჯით კახეთის მაჰმადიან გამგებელთა პლაცდარმს წარმოადგენდა. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში კი ყარაღაჯი და ხორნაბუჯი მაჰმად-ყული–ხანის რეზიდენცია იყო. მაგრამ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს მიერ მიღებული ღონისძიებებით იქიდან განდევნილ იქნენ ლეკები და ეს ადგილი დაცარიელდა. 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ტრაქტატით, რომლის ინიციატორი მეფე ერეკლე II იყო, საქართველო დაუკავშირდა დიდ რუს ხალხს, რამაც ქართველ ხალხში დიდი საბრძოლო და შრომითი ენთუზიაზმი გამოიწვია. ქართველთა და რუს მებრძოლთა ერთობლივი მოქმედება ქიზიყში პირველად 1800 წელს განხორციელდა, როცა ყარაღაჯისა და ხორნაბუჯის ციხეები ომარ-ხანის გამგებლობაში იყო... "ომარ ხანი აიყარა ღამესა მას (ყარაღაჯიდან) და წარიმართა უკანა მხრისა გზით დასაპყრობლად საგარეჯოისა...“ მაგრამ ქართველთა ლაშქარი იდგა ძველანაგას, იქვე ქართველთა მხარდამხარ იდგა რუსეთის ჯარის ნაწილები გენერლების ლაზარევის და გულიკოვის მეთაურობით. სამ საათიანი ბრძოლა ლეკთა განადგურებით დამთავრდა. ამ ბრძოლაში „კახნი თავადნი და გლეხნი იყვნენ მას დღესა შინა მხნედ ვითარც ლომნი“. (ბაგრატ ბატონიშვილი). ამით დამთავრდა უცხოელ დამპყრობთა თარეში კახეთსა და მის უკიდურეს აღმოსავლეთის ციხე-სიმაგრეებში ყარაღაჯსა და ხორნაბუჯში; ერთ ხანს ამავე სიმაგრეებში ბანაკობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა 44-ე პოლკი არა როგორც დამპყრობი, არამედ, როგორც დამპყრობთა წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელიც იცავდა მთელ ქართველი ხალხის თავისუფლებას უცხოელ დამპყრობთაგან. ამ პოლკში სხვადასხვა დროს მსახურობდნენ ალ.ჭავჭავაძე, ივანე ამილახვარი, იასონ ჭავჭავაძე და ზ.ანდრონიკაშვილი. ამ პოლკში ჩაეყარა საფუძველი მ.ი.ლერმონტოვისა და ალ.ჭავჭავაძის მეგობრობას. ამავე პოლკში მსახურობდა დიდი რუსი პოეტის - ალ.პუშკინის ძმა ლ.ს.პუშკინი. აქ, ხორნაბუჯის ციხის კედლებში დაიწერა მ.ი.ლერმონტოვის პოემა "დემონი", მისივე ხელით დაიხატა და გამოქვეყნდა სხვადასხვა ურნალ-გაზეთებში ხორნაბუჯის ციხის ხედები. დღეს ხორნაბუჯის ციხე დას, როგორც წარსულის დიდებული ნაშთი და ამაყად გადაჰყურებს ალაზნის ველს.

გ.ყაჯრიშვილი,

სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი.


ჯანყარაშვილი ი.ხორნაბუჯი //კოლმეურნე (სიღნაღი). - 1968. - 16 იანვარი. //ხორნაბუჯის ისტორია XIII საუკუნემდე, აღნიშნულია მისი სტრატეგიული მნიშვნელობა.

უკვე V საუკუნეში მეტად დაწინაურებული ჩანს კამბეჩოვანის ქალაქი ხორნაბუჯი. ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ გორგასალმა თავის ვაჟს დაჩის მისცა "ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი" (იხ."ქართლის ცხოვრება“, ტ.I, ს.ყაუხჩიშვილის რედ., თბ., 1955, გვ.199). იმ დროისათვის ქალაქი ხორნაბუჯი ყოფილა როგორც ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, ისე საეკლესიო ოლქის მმართველის "ეპისკოპოსის“ რეზიდენცია. ვახუშტი თითქმის ზუსტად მიგვანიშნებს ხორნაბუჯის მდებარეობას და მიუთითებს მის მეორე სახელწოდებასაც „ჭოეთს“. „ხოლო ყარაღაჯის სამხრით, სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა, ანუ ცივის  მთა, მუნ არს ხორნაბუჯი, და აწ უწოდებენ ჭოეთს“ (ვახუშტი, აღწერა...გვ.97). პ.ორბელიანის მოწმობით კი ჭოეთის ციხე ერეკლე II აუშენებია 1740 წელს. იგი წერს: „მარად ცდილობდნენ მეფენი (ლაპარაკია თეიმურაზზე და ერეკლეზე -ავტ.) ქვეყნის შემატებასა და აშენებას, ვითაც ლეკისაგან ქართლისა და კახეთისა ქვეყანა დიდად შეწუხებული იყო, მოინებეს სადა მოსავალი გზა იყო, ციხეების აშენება“. და შემდეგ "წაბძანდა მეფე ერეკლე კახეთს, აღაშენა ციხე ჭოეთისა და გაამაგრა ფრიად". (იხ.„საქართველოს ცხოვრება“, ზ.ჭიჭინაძის გამოც. 1918. გვ.161). მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, დღეს ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში საბოლოოდ დადგენილი და დაზუსტებული არ არის, თუ კონკრეტულად რა ადგილას მდებარეობდა ქალაქი ხორნაბუჯი. მიღებული აზრით ეს ციხე-ქალაქი აშენებული იყო დღევანდელი წითელწყაროსა და ყარაღაჯს შორის, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თამარის ციხეს, "თამარ-გოხებს" უწოდებს. ზოგიერთმა მეცნიერმა დაუშვა ჰიპოთეზა - ხომ არ უნდა ვეძიოთ ძველი ხორნაბუჯი ვთქვათ დღევანდელი სიღნაღის ადგილზე? სახელწოდება "სიღნაღი" დამოწმებულია XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მაშინ, როცა აქ გვხვდება უფრო ძველი ნანგრევთა ნაშთი. მაშ რა ერქვა ამ ადგილს XVIII საუკუნის წინ? განსვენებული ივ.ჯავახიშვლი აღნიშნავდა: „ძველს მწერლობაში რომ სადმე ქ.ხორნაბუჯის მდებარეობა ნიშანდობლივ აწერილი ყოფილიყო, მაშინ თვით კამბეჩიანის საზღვრებიც დაახლოებით გამოირკვეოდა, მაგრამ არსად არის"-ო. (იხ. ივ.ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, წ.II, თბ. 1948, გვ.40). სამწუხაროდ ეს საკითხი ღიად რჩება მანამ, სანამ რაიმე ახალი ხელშესახები მასალა გამომზეურდებოდეს. ვახუშტი ბაგრატიონის მოწმობით, როცა კვირიკე II დიდმა მეფის გვირგვინი დაიდგა და კახეთი და ჰერეთი გააერთიანა. მან ქვეყანა საერისთაოეხად დაჰყო. მას კახეთ-ჰერეთში ვახუშტისავე თქმით შვიდი საერისთაო ჩამოუყალიბებია და "დასვა პირველი ხორნაბუჯს, ანუ ხორნათას და მისცა ქისიყი და გარეთ–კახეთი კუხეთის საზღურანდე" (იხ.ვახუშტის  ცხოვრება კახეთისა - "ქართლის ცხოვრება", II. დ.ჩუბინოვის გამოცემა სანქტ-პეტერბურგი 1854 წ. გვ.98-99). შემდეგ საუკუნეებში ხორნაბუჯი უკვე სახელგანთქმული ცენტრია ამავე სახელწოდების საერისთაოსი. ხორნაბუჯის საერისთაოს და თვით ხორნაბუჯს მთელი საქართველოსათვის უდიდესი თავდაცვითი ნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ვიცით, ეს  საერისთაო საქართველოს განაპირა მხარედ ითვლებოდა და ვინაიდან "თავდასხმის საფრთხე ყოველთვის სამხრეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან ხდებოდა. მონაპირე ლაშქარიც ამ ზოლზე იყო განლაგებული (დ.გვრიტიშვილი, „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, I, თბ., 1962 წ., გვ.79). ხორნაბუჯის ციხის სახელი ქუხდა XIII საუკუნემდე. შემდეგ კი, როცა მონღოლთა ველურმა ურდოებმა–მიწასთან გაასწორეს ჩვენი ქვეყანა, კამბეჩოვანსაც უწიეს. მათმა ყაენმა ბერქამ ხორნაბუჯის საერისთაო ისე მოაოხრა, რომ შემდეგში მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს კუთხე წელში ვეღარ გაიმართა. თუმცა ხორნაბუჯის ციხე თავის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას თვით XIX საუკუნემდეც კი ინარჩუნებდა.

ფ.ჯანყარაშვილი