topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ. ქავთარაძე - საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები (3)

<უკან დაბრუნება (ნაწილი 2)...<<დაბრუნება პირველ გვერდზე (ნაწილი 1)

 

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები (ნაწილი 3)

გ. მელიქიშვილი ამ მიჰრდატს პონტოს სამეფოს მითრიდატიდთა დინასტიის წარმომადგენლად მიიჩნევს, რომელიც ამასთანავე შესაძლებელი ჩანს ქართული წყაროების აზო/აზონთან იყოს იდენტიფიცირებული.[256] გასათვალისწინებელია, რომ მითრიდატე VI, ევპატორი, ხელს უწყობდა [გვ.64] ხოლმე ალექსანდრე დიდთან მისი პიროვნების შედარებას. [257] ამავე დროს მითრიდატე VI, პონტოს სხვა მითრიდატიდების დარად, იჩემებდა დარიოსის, აქემენიდთა ირანის დიდი მეფის, ერთ-ერთი სატრაპის ჩამომავლობას. [258] ქართული და სომხური მატიანეების ზემოაღნიშნული მონაცემების შუქზე, ქართულ ისტორიოგრაფიაში მკვიდრად აქვს ფესვები გადგმული აზრს, რომ იბერიის (ქართლის) სამეფოს წარმოქმნა დაკავშირებული უნდა იყოს მცირე აზიის ელინისტური ხანის სახელმწიფოების ან სამხრეთქართული სატომო კავშირების ექსპანსიასთან.[259] მიუხედავად იმისა, რომ სომეხთა ისტორია, ქართული მატიანეების მსგავსად, იბერიის სამეფოს წარმოქმნას ალექსანდრე დიდის სახელს მიაწერს, სავსებით ცხადია, რომ ალექსანდრეს არასოდეს გაულაშქრებია კავკასიისაკენ. ქართული და სომხური მატიანეების ეს ცნობები ეტყობა ნასესხებია ფსევდო-კალისთენეს პოპულარული თხზულებიდან, ალექსანდრეს რომანიდან (Historia Alexandri Magni), რომელიც ადრეულ შუასაუკუნეებს (სავარაუდოდ ახ. წთ. IV ს.) განეკუთვნება და დაკავშირებული ჩანს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებასთან, რომელიც კავკასიონის, იგივე კასპიური, კარიბჭის (იხ. ქვემოთ) [260] გამაგრებას ალექსანდრეს მიაწერს. [261] კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური უღელტეხილი ხშირად მოიხსენება კლასიკური ხანის მწერლობაში, როგორც ალექსანდრეს სვეტები თუ ალექსანდრეს ბურჯი (Cl. Ptol., V,III,16; Euseb. Hier., Epist., 77,8). ამავე დროს, რაღაც მოვლენას ეტყობა მართლა უნდა ჰქონოდა ადგილი ძვ.წთ. გვიან IV-ადრე III სს. იბერიაში. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის გარკვევა თუ ვის ან რას უნდა გამოეწვია იგი, თუმცა პლინიუსი და იულიუს სოლინუსი იუწყებიან მაკედონელთა გაბატონებას იბერიაში.[262] მოიპოვება აგრეთვე სრულიად სხვა სახის მონაცემებიც, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, კლასიკური ხანის შიდა ქართლში განლაგებულ [გვ.65] ძეგლებზე – სამადლო I, ხოვლე გორა III (ძვ.წ. IV ს. ფენა), უფლისციხე, ურბნისი -აღმოჩნდა კატაპულტისათვის გამოსაყენებელი ქვის ბირთვები. [263]

ვინაიდან, მხოლოდ მაკედონური არმია იყო აღწურვილი ანალოგიური მექანიზმებით, გ. ლორთქიფანიძის აზრით, ალექსანდრე მაკედონელის ან მისი უახლოესი მემკვიდრეების ლაშქრობას უნდა ჰქონოდა ადგილი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში.[264] მაგრამ სტრაბონის (დაახლ. ძვ.წთ. 63 - ახ. წთ. 19 წწ.) იმ ცნობის შეპირისპირებით, რომ ალექსანდრე დიდმა მენონი გაგზავნა ჯარისკაცებითურთ სისპირიტისში, კაბალის მახლობლად, სადაც ოქროს საბადოებია (XI, XIV, 9), მისავე მეორე ცნობასთან, რომლის თანახმადაც, აღმოსავლეთის იბერები ცნობილი არიან იმავე სახელით, რომლითაც დასავლეთის იბერები, ორივე ამ მხარეში ოქროს მაღაროების არსებობის გამო (XI, II, 19), ცხადი ხდება, რომ საქმე უნდა ეხებოდეს არა იბერთა ცენტრალურამიერკავკასიულ ნაწილს, არამედ მათივე ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, სპერს (თანამედროვე თურქული ისპირი). საყურადღებოა, რომ სპერის უშუალოდ აღმოსავლეთით, თორთომის მახლობლად მდებარე მეათე საუკუნის ხახულის ტაძრის გარე კედელზე, მეთოთხმეტე საუკუნით დათარიღებული, ცად ამაღლებული წარმართი მეფის (ალექსანდრე მაკედონელის) გამოსახულებაა ამოკვეთილი. ალექსანდრესადმი თაყვანისცემა იმდენად ძლიერი იყო საქართველოში, რომ ყველაზე უფრო სახელგანთქმულ ქართველ მეფეს, დავით IV, აღმაშენებელს, ქართული მატიანეები მეორე ანდა ახალ ალექსანდრეს უწოდებენ. ადგილობრივ მმართველთა სურვილი, დაეკავშირებინათ საკუთარი მიზნები ალექსანდრე დიდის ინტერესებთან და გამოეყენებინათ მისი ძალაუფლება მათი რეალიზაციისათვის ასახულია, ახ. წთ. მეორე საუკუნის რომაელი მწერლისა და პოლიტიკოსის, ფლავიუს არიანეს, თხზულებაში, ალექსანდრეს ლაშქრობა. მისი ინფორმაციით, ძვ. წთ. 329-328 წწ. შუააზიელი "ხორაზმიელების" მეფე ფარასმანესი ეახლა ალექსანდრეს შუა აზიაშივე მდებარე მდინარე ოქსის (თანამედროვე ამუ დარია) სანაპიროსთან და მოახსენა, რომ იგი ცხოვრობდა კოლხებისა და ამაძონელების მეზობლად და მზად იყო მას დახმარებოდა თუ კი ალექსანდრე გადაწყვეტდა იმ ტომების დამორჩილებას, რომლებიც სახლობდნენ პონტოს ევქსინოსამდე (ანუ შავ ზღვამდე) გადაჭიმულ მხარეში (XV, IV, 14, 15). როგორც მე სხვა ადგილას შევეცადე მეჩვენებინა, ეს ინფორმაცია დაკავშირებული უნდა იყოს ქართული და სომხური მატიანეების იმ ცნობებთან, [გვ. 66] რომლებიც იბერიის მმართველის ალექსანდრე დიდზე დამოკიდებულებას ეხებიან.[265] თუ ერთის მხრივ, არიანეს მიერ მოხსენიებული ხორაზმიელთა მეფე ფარასმანესი, ალექსანდრეს დახმარებას ელოდებოდა თავისი მეზობლების – კოლხებისა და ამაძონელების – წინააღმდეგ, მეორეს მხრივ, ქართული და სომხური მატიანეების ცნობით, ალექსანდრე დიდმა ქართლში მოსვლის შემდეგ თავისი თანამებრძოლი დაადგინა ამ ქვეყნის მმართველად. ვინაიდან, მეფეთა ცხოვრების ტექსტის ფარნავაზმა აზონის (მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს აზო) დამარცხების შემდეგ გაილაშქრა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, აღმოსავლეთ ანატოლიის სიღრმეში, ხოლო სომეხთა ისტორიის მიჰრდატ/მითრიდატეში, როგორც ჩანს,  პონტოს სამეფოს მითრიდატიდების დინასტიის წარმომადგენელია ნაგულისხმევი, მე ვფიქრობდი, რომ სწორედ ამ რეგიონში – ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში – უნდა ყოფილიყო საძებარი, არა მხოლოდ ქართული მატიანეების არიან-ქართლი, არამედ აგრეთვე ფარასმანესის – კოლხთა და ამაძონელთა მოწინააღმდეგის – ქვეყანა, რომლის სახელწოდებაც სავარაუდოდ აღრეული იყო შუააზიური ქვეყნის – ხორეზმის – სახელწოდებასთან. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ყურადღება მივაქციე სტრაბონის ცნობას, რომ სომხებმა თავისი ქვეყანა განადიდეს იბერიელთაგან გოგარენეს გარდა პარიადრის მთიანეთისა და ხორძენეს ჩამოჭრით (XI, XIV, 5).[266] შესაბამისად, მე შესაძლებლად მივიჩნიე, მეფიქრა, რომ ფლავიუს არიანეს ალექსანდრეს ლაშქრობის ტექსტში ხორაზმიელთა მეფის, ფარასმანესის, სახელის ქვეშ იბერიელთა მხარის, ხორძენეს, მმართველი უნდა ყოფილიყო ნავარაუდევი; ასეთ შემთხვევაში, არიანეს ინფორმაცია და მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ცნობა არიან-ქართლის მეფის ძის აზოს შესახებ, რომელიც ალექსანდრე დიდის დახმარებით გამეფდა მცხეთაში, ერთიდაიმავე მოვლენის გამოძახილი უნდა ყოფილიყო. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ძვ.წთ. გვიან IV – ადრე III სს. მოვლენები გარკვეულად უკავშირდებოდა იმ პროცესებს, რომლებმაც გამოიწვიეს იბერიის სამეფოს წარმოქმნა. ეს ცხადი ხდება საქართველოს ადრეული ისტორიის მთელი კონტექსტიდან; ქართული და სომხური [გვ. 67] მატიანეების მონაცემები ამ გარემოების ანარეკლია. კ. თუმანოვის განმარტებით, შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგვრჩეს მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ცნობათა არსებითი ავთენტურობა და შესაბამისად მისი წყაროების სარწმუნოობა და სიძველე; განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, ალექსანდრე დიდის მიერ აქემენიდთა იმპერიის დაპყრობასა და Pax Achaemenia-ს Pax Macedonica-თი შეცვლის ფაქტიურ კავშირს ქართველების შემდგომ დამოუკიდებლობასა და მათი მონარქიის დაფუძნებასთან, რამაც სათავე დაუდო მათ ისტორიულ მახსოვრობასა და ერის უწყვეტ ორგანულ სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას.[267] მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს აზოს პიროვნების მორგების საჭიროებამ მეფეთა ცხოვრების კონცეპციასთან – ქართველთა ავტოქტონობისა და მათი პირველი, ადგილობრივი, მეფის ფარნავაზის შესახებ – აიძულა ამ უკანასკნელის ავტორი (თუ რედაქტორი) შეეცვალა აზო, "მაკედონელი" აზონით, ხოლო აზოს თანამემამულეები არიან-ქართლიდან, აზონის თანმხლები "რომაელი ჯარისკაცებით" – ფროტათოსელებით (შდრ. I, 18). გ. მელიქიშვილის აზრით, ციკლები აზოსა (=მიჰრდატს, მოვსეს ხორენაცის სომეხთა ისტორიიდან) და ფარნავაზის შესახებ, შესაძლოა ადრე ერთმანეთის დამოუკიდებლად არსებობდნენ ანდა იქნებ სულაც, იბერიის სამეფოს წარმოქმნის შესახებ არსებული, ერთიდაიმავე ამბის ვარიანტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც მეფეთა ცხოვრების ავტორმა გვიანდელ ლიტერატურულ ვერსიაში გააერთიანა.[268] მაგრამ თუ ამბავი, აზონის მიერ წამოყვანილი  ასი ათასი (?! - გ.ქ.) რომაელი ჯარისკაცის შესახებ, რომელთა ნაწილიც შემდგომში ადგილობრივ მოსახლეობაში იყო ასიმილირებული (I, 25), მთლიანად გამოგონილი იყო მემატიანის მიერ და დამატებული მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს სიუჟეტზე ქართველთა პირველი მეფის, აზოს შესახებ, როგორც ეს უკვე ადრე იყო ნავარაუდევი,[269] რა მიზეზის გამო იყვნენ ისინი წოდებულნი ქართლის ცხოვრებაში "ფროტათოსელებად"? (I, 18), რაც შესაძლოა ფროტათოს ხალხს ნიშნავდეს. დანამდვილებით ხომ არავინ იცის ეს ტერმინი, "ფროტათოსელნი", რას ნიშნავს, ან სად იყო "ფროტათოს ხალხის" სამშობლო? (იხ., აგრეთვე, ქვემოთ). ი.გაგოშიძის შეხედულებით, ტერმინი "ფროტათოსელნი" შესაძლოა მომდინარეობდეს ბერძნული πρότακτος-იდან, რაც ნიშნავდა დაწინაურებულს, [გვ.68] წინა ხაზზე მდგომს, მაგრამ ქართლის ცხოვრების ავტორმა იგი მნიშვნელობის გაგების გარეშე გამოიყენა.[270] უკანასკნელ ხანებში, ნავარაუდევი იყო ისიც, რომ ტერმინი "ფროტათოსელნი"  შესაძლოა მომდინარეობდეს მოწინავე რაზმის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვიდან: πρό-τασις, πρό-τασσω, რომელიც გამოყენებული იყო ალექსანდრე დიდის დროინდელი სამხედრო კორპუსის აღმნიშვნელად.[271] ვფიქრობთ, ტერმინ "ფროტათოსელნის" ახსნა ბერძნული სიტყვის  πρότασις, πρότασσω-ის მეშვეობით, უფრო სარწმუნო გახდებოდა, თუ მხედველობაში მივიღებთ ამავე ბერძნული სიტყვის ატიკურ ფორმას: πρόταττω, უფრო ახლო მდგომს ქართულ ტერმინთან – "ფროტათოს". როგორც ცნობილია, ატიკური დიალექტი გამოყენებული იყო მაკედონელთა მიერ, ჯერ კიდევ ალექსანდრეს მამის ფილიპე II-ის ხანაში და ფართოდ გავრცელდა მთელს ელინისტურ სამყაროში ალექსანდრეს არმიის ექსპანსიასთან ერთად. ვინაიდან, ეს სიტყვა, ატიკურ დიალექტზე ნიშნავს "ადგილს ან სადარაჯოს წინა ხაზზე", "დგომას ვინმეს წინ მისი დაცვის მიზნით, წინ აფარებას",[272] იგი თვით იბერიის სამეფოსა და საზოგადოდ მთელი ამიერკავკასიური არეალის ისტორიულ დანიშნულებას  გამოხატავს. კავკასიის წიშკრისა ანუ ალექსანდრეს სვეტების უშუალოდ სამხრეთით მდებარეობა და, ამასთანავე, ერთიანი ელინისტური სამყაროსადმი კუთვნილება, განაპირობებდა იბერიის სამეფოს მიერ, მის გადაღმა მდებარე ხმელთაშუაზღვისპირეთულ-წინააზიურ οίκουμένη-ს, საზიარო ინტერესების მქონე ცივილიზებული სამყაროს, ჩრდილოეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის, მომთაბარე ტომების  შემოსევებისაგან დამცველის ფუნქციის აღებას. მიუხედავად იმისა, რომ ქართლის ცხოვრებისეულ ტერმინს "ფროტათოსელები", ამჟამად მიაკუთვნებენ მაკედონელთა არმიის ნავარაუდევ ექსპანსიას (იხ. ზემოთ), კარგად არის ცნობილი, რომ თავად ალექსანდრეს არასოდეს ულაშქრია კავკასიისაკენ. ამიტომ, საფიქრებელია, რომ ალექსანდრე დიდის სახელის კავშირი ქართულ სახელმწიფოებრიობასთან უნდა მიუნიშნებდეს მხოლოდ და მხოლოდ ამ სახელმწიფოს raison d'être (არსებობის არსზე), კერძოდ, მის დანიშნულებაზე, ყოფილიყო ცივილიზებული სამყაროს ფორპოსტი, ამ უკანასკნელის ბრძოლაში გოგისა და მაგოგის საუფლოსთან, რომელსაც კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, ჰიპერბორეელთა უდაბნოში ედო ბინა.[273] აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყურადღება უნდა შევაჩეროთ მეფეთა ცხოვრების განცხადებაზე (I, 17), რომ ალექსანდრე დიდმა ქართლში [გვ. 69] შემოსვლისას: "...მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი  აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყუევნა... და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი". მანვე უბოძა ქართველებს მმართველი და მისცა იდეოლოგიური საფუძველი – ყველა სახელმწიფოსათვის აუცილებელი კომპონენტი, – მზის, მთვარისა და ხუთი ვარსკვლავის თაყვანისცემა და სამყაროს შემოქმედი უხილავი ღმერთის სამსახური (I, 18).[274] საინტერესოა, რომ საქართველოს ყოფილ სახელმწიფო გერბზე გვხვება დიდი მეფის ლეგენდარული ხატების მიერ ბოძებული მზის, მთვარისა და ხუთი ვარსკვლავის გამოსახულება, ხოლო თეთრი გიორგის ცხენის ფლოქვებთან, წმ. გიორგის ხატის ურჩხულის ნაცვლად, ძევს კავკასიონის მთები – ქვეყნის წინაშე მდგარი ბუნებრივი გამოწვევის სიმბოლო (არნოლდ თოინბისეული – Challenge-ი), სიმბოლო მისი ბედის კავშირისა დედამიწის გეოგრაფიული, ეთნო-კულტურული და პოლიტიკური დაყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანსვეტთან.

კავკასიონის უღელტეხილების მნიშვნელობა ძველი წერილობითი წყაროების მონაცემებით. ქართულ მატიანეეში ხატოვნად არის აღწერილი ალექსანდრე დიდის ქართლში შემოჭრის ამბავი; მას აქ უნახავს საზარელი ბარბაროსები, მდ. მტკვრისა და მისი ჩრდილოეთი შენაკადების (კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი კალთებიდან ჩამავალი) გაყოლებით მოსახლე, ხალხი, რომელთაც ქართველები "ბუნ-თურქებსა" და "ყივჩაღებს" უწოდებდა. ალექსანდრე გაოცებული დარჩენილა, ვინაიდან არცერთი სხვა ხალხი არ იქცეოდა მათსავით უგვანად. მემატიანეების განცხადებით, მათ არ ყოფნით სიტყვები მათი ქმედებების აღსაწერად. თუმცა მათ ჰქონიათ კარგად გამაგრებული ქალაქები და ყოფილან უშიშარი მეომრები. ბუნ-თურქებში, რომელთა სახელი ჩვეულებრივ ახსნილია ხოლმე, როგორც, "თავდაპირველი, ფუნდამენტური თურქები", ანდა, როგორც "ჰუნ-თურქები" და რომელთაც ვითომდა ალექსანდრე შეეჩეხა კავკასიაში ლაშქრობისას, უნდა იგულისხმებოდნენ კავკასიის გადმოლახვის შედეგად იმიერკავკასიიდან შემოჭრილი ჩრდილოური წარმომავლობის ტომები. ეს გარემოება რამდენადმე დასტურდება მეფეთა ცხოვრების ცნობითაც, კერძოდ, რომ ალექსანდრეს ჯარის მიერ სარკინეს ციხე-სიმაგრეში გარშემორტყმულნი, ისინი კლდეში არსებული ხვრელით დაუსხლტნენ მას და თავშესაფარი კავკასიონის მთებში ჰპოვეს (I, 18).[275] არსენი ბერის განმარტებით, ის რეგიონი [გვ. 70] სადაც ბუნ-თურქები ქართლის მიტოვების შემდეგ გადასახლდნენ, მდებარეობდა ოვსეთს (ოსთა ანუ ალანთა ქვეყანა)[276] იქით და წარმოადგენდა წყლით მდიდარ ვრცელ მხარეს, სადაც უფრო გვიან ყივჩაღთა ძლიერი მოდგმა ბინადრობდა. უეჭველია, რომ არსენ იყალთოელს სამხრეთ რუსეთის სტეპები ჰქონდა მხედველობაში. ვინაიდან, მხოლოდ მეფეთა ცხოვრების იმ ნაწილში, სადაც საუბარია კავკასიაში ალექსანდრეს ლაშქრობაზე, არიან ბუნ-თურქები მოხსენიებულნი, ხოლო ამავე ტექსტში უფრო ადრეულ და გვიანდელ ჩრდილოელ მომთაბარეებზე საუბრისას ძირითადად ხაზართა სახელი იჩენს თავს (I, 11-13, 27, 63, 65-66), ეს გარემოება დამატებით საბუთს უნდა წარმოადგენდეს მეფეთა ცხოვრების სწორედ ამ ნაწილის მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ტექსტიდან თუ არა, რომელიღაც ჩვენთვის ჯერაც უცნობი მესამე წყაროდან ორივე ამ მატიანეში სესხების სავარაუდებლად. მეფეთა ცხოვრებაში ალექსანდრეს წინადროინდელი მოვლენების აღწერისას ხაზარების მოხსენიება, ცხადია მოწმობს, რომ ეს ეთნონიმი აქ პირობითი მნიშვნელობით არის ნახმარი, იმიერკავკასიაში მოსახლე მომთაბარე ტომების აღსანიშნავად. მაგალითად, მეფეთა ცხოვრების ცნობით, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებამდე, ხაზარებს თურმე ჩრდილოეთ კავკასიაზე ულაშქრიათ: "მას ჟამსა შინა განძლიერდეს ხაზარნი და დაუწყეს ბრძოლად ნათესავთა ლეკისათა და კავკასიოსთა... და ითხოვეს შუელა ხაზართა ზედა. ხოლო შეკრბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი, და გარდავლეს მთა კავკასია. და მოტყუენეს ყოველნი საზღვარნი ხაზარეთისანი, და აღაშენნეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა, და წარმოვიდეს. ამისსა შემდგომად ხაზართა იჩინეს მეფე, და დაემორჩილნეს ყოველნი ხაზარნი მეფესა მას ჩინებულსა მათსა. და წარმოიძღუანეს იგი და გამოვლეს ზღჳს-კარები, რომელსა აწ ჰქჳან დარუბანდი. ვერ წინააღუდგეს თარგამოსიანნი, რამეთუ იყო სიმრავლე ურიცხჳ ხაზართა, წარტყუენეს ქუეყანა თარგამოსიანთა, და შემუსრნეს ყოველნი ქალაქნი არარატისანი და მასისისანი და ჩრდილოსანი..." (I, 11-12). იმიერკავკასიაში, ხაზარეთის შესასვლელთან სიმაგრეთა აგების შესახებ არსებული ცნობები, ეტყობა ამიერკავკასიის მოსახლეობის პერმანენტული სურვილის გამოხატულებაა, თავის ხელში მოექცია კავკასიონის უღელტეხილები გადაღმა (ჩრდილოეთის) მხრიდანაც. ქართული მატიანეების ინფორმაციით, ქართველი მეფეები ჩრდილოთ კავკასიაში ლაშქრობისას დარიალის (სპარსული დარ-ი-ალანი, ალანთა კარი) ხეობას [გვ.71] იყენებდნენ. ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა იუწყება, რომ: "წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი ორმოცდაათი ათასი მჴედარი. და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარები დარიალანისა. შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა. მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა" (I, 151). დავით აღმაშენებლის ხანასთან დაკავშირებით, ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი გვამცნობს, დავით მეფის მიერ კავკასიონზე გამავალი ყველა უღელტეხილის მისი კონტროლისადმი დაქვემდებარების თაობაზე; ეს განსაკუთრებით საშური ხდებოდა დავითის ლაშქრისათვის ჩრდილოეთიდან მეომართა გადმოყვანის უზრუნველსაყოფად. მატიანის ტექსტის მიხედვით, ისინი (მეფე დავითი და გიორგი ჭყონდიდელი): "შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. და აღიხუნეს მძევლნი ორთაგანვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნივე ნათესავნი. და ყო შორის მათსა სიყუარული და მშჳდობა ვითარცა ძმათა. და აღიხუნა ციხენი დარიალასა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი. და შექმნა გზა მშჳდობისა ყივჩაღთათჳს, და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი" (I, 336). მეფეთა ცხოვრების ტექსტი, შემოსეულ ხაზართა მიმართ წინააღმდეგობის გაწევას სპარსელთა სარდალს, არდამს, მიაწერს: "მოვიდა ქართლად და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი. და მოსრა ყოველი რაოდენი ხაზარი პოვა ქართლსა შინა" (I, 13). ეს მოვლენა ეხება ალექსანდრე დიდის ბუნ-თურქებთან ბრძოლის ხანაზე ადრეულ ეპოქას და, როგორც უკვე ითქვა, მიჩნეული უნდა იყოს შედარებით უფრო გვიანდელ დანამატად. მეფეთა ცხოვრება, ჩრდილოეთიდან ამიერკავკასიაში შემოსაჭრელ ორ გზაზე ამახვილებს ყურადღებას და, ამასთანავე, მიგვანიშნებს ამ ტექსტის შექმნის მოახლოებულ ხანაზე, ჩრდილოელი მოლაშქრეების ხაზარებად მოხსენიებით: "და ისწავეს ხაზართა ორნივე ესე გზანი, რომელ არს ზღჳს-კარები დარუბანდი და არაგჳს-კარები, რომელ არს დარიალა" (I, 14).[277] სომეხთა ისტორიის ავტორი მოვსეს ხორენაციც, მოიხსენიებს ჩრდილოელ ტომებს მისი ეპოქის რეალობიდან გამომდინარე ხაზარებად და ბასილიკებად, რომელთაც დარუბანდის კარის (წორას კარი, დერბენდი) გავლით გადმოსულებმა დალაშქრეს მტკვრის მარჯვენა სანაპირო: "...ვალარშის დროს შეიკრიბნენ ჩრდილოელთა ბრბოები, ვგულისხმობ ხაზარებსა და ბასილებს და გადმოლახეს წორას კარები. მათი წინამძღვარი და [გვ.72] მეფე იყო ვინმე ვნასეპ სურჰაპი; მათ გადმოლახეს მდინარე მტკვარი". თავდაპირველად ვალარშმა, სომეხთა მეფემ, გაიმარჯვა, "მერმე დიდხანს სდია მტერს და განვლო წორას ხეობა. იქ მტრებმა კვლავ ერთად მოიყარეს თავი" და ვალარშიც მომდევნო ბრძოლაში იქნა მოკლული. მისმა შვილმა, ხოსროვმა, "შეჰყარა სომეხთა ჯარი და გადააირა დიდი მთა, რათა შური ეძია მამის მკვლელებზე. [ხოსროვმა] მახვილითა და შუბით შემუსრა იქაური ძლიერი ტომები და ყოველი ასი გამოსადეგი [ადამიანიდან] ერთი მძევლად წამოიყვანა. თავისი ხელისუფლების [დამყარების] ნიშნად მან [იმ მხარეში] სვეტი აღმართა ბერძნული წარწერით. ამით ისიც აჩვენა, რომ იგი რომაელებს ემორჩილებოდა" (II, 65).[278] ეს ინფორმაცია დაკავშირებული ჩანს, აგათანგელოსის, სავარაუდოდ გვიანი მეხუთე საუკუნის ავტორის, სომეხთა ისტორიის მონაცემებთან (§19), ჩრდილოური წარმომავლობის მოსახლეობის ამიერკავკასიაში შემოსვლის შესახებ, ორთავე, დარიალისა და დერბენდის კარის (ჭორას ციხე-სიმაგრე) გამოყენებით, თუმცაღა, ამჯერად, სომეხთა მეფის მიპატიჟების შედეგად: "სომეხთა მეფემ ხოსრომ დაიწყო ძალების მოგროვება და ჯარის შეკრება. მან მოიხმო ალბანელთა და ქართველთა ჯარები, გააღო ალანთა და წორთა კარიბჭეები და გადმოიყვანა ჰუნთა ძალები, რათა შეეტია სპარსელთა სამფლობელოებისათვის და შეწრილიყო ასორესტანში, ქტესიფონის კარამდე". ჩრდილოელთა ასეთი ძალის შეტევის შესაძლო მნიშვნელობა, ცხადი ხდება შემდეგი სიტყვებიდან: "მან [ხოსრომ]  უდაბნოდა და ნანგრევებად აქცია მთელი ქვეყანა, მჭიდროდ დასახლებული ქალაქები და აყვავებული დაბები. გააჩანაგა და გაძარცვა ყოველივე. იგი შეეცადა ამოეძირკვა, დაენგრია, გაენადგურებინა და დაენარცხებინა ერთხელ და სამუდამოდ სპარსთა სამეფო; მისი მიზანი იყო მოესპო სპარსელთა ყოველი ნამოქმედარი".[279] ეს ამბავი აირეკლა ქართლის ცხოვრებაშიც: "ხოლო სომხითს მეფე იქმნა კოსარო. და ამან კოსარო მეფემან უწყო ბრძოლად ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეწეოდა მას ასფაგურ, მეფე ქართველთა, და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი და ხაზარნი, და მივიდის კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა. და პირველსავე შესვლასა სპარსეთად ეწყო ქასრე, მეფე სპარსთა და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი. და მიერითგან ვერღარა წინააღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა, და განამრავლეს შესვლა სპარსეთად და ტყუენვა სპარსეთისა... ვითარ იოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოსა ნათესავთა მეფე სპარსთა, და განამრავლეს შესვლა სპარსეთს და ოჴრება სპარსეთის; და ვერღარა ოდეს წინააღუდგა მეფე სპარსთა" (I, 59-60). [გვ.73] სომეხთა, ისევე როგორც ქართველთა, მიმართება ჩრდილოელებისადმი ამბივალენტური იყო. თუ, ერთის მხრივ, აუცილებელი იყო კავკასიონის უღელტეხილების დაცვა მათი შემოსევებისაგან, მეორეს მხრივ, დიდი იყო ცდუნება მათი ძალის გამოყენებისა უფრო სამხრეთით მდებარე ძლიერი მტრის წინააღმდეგ. მოვსეს ხორენაცის მიხედვით: "თრდატ მეფე სომხეთის მთელი ლაშქრით დაეშვა გარგარელთა ველზე; იქ იგი შეეჩეხა და ბრძოლა გაუმართა ჩრდილოელებს... თრდატი გამოუდგა მათ და ჰუნთა ქვეყნამდე მისდია... ჩვეულებისამებრ, თრდატმა მძევლები წამოიყვანა მტრის ქვეყნიდან და უკან გამობრუნდა. ამის შემდეგ მან მიიმხრო ყოველი ჩრდილოელი, გადმოიყვანა იქედან დიდძალი ჯარი, შეჰყარა მთელი თავისი ლაშქარიც და გაეშურა სპარსთა ქვეყნისაკენ შაპუჰ არტაშირის ძის წინააღმდეგ..." (II, 85).[280] მეფეთა ცხოვრებაში შემავალი წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევის დასკვნითი ნაწილის თანახმად, ქართლის მეფის, ვარაზ-ბაქარის დროს: "...გამოგზავნა სპარსთა მეფემან ერისთავი სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა ხარკისა დადებად. მაშინ სომეხთა მოგზავნეს ვარაზ-ბაქარისსა მოციქული და რქუეს, რათა შეკრბენ და მოირთონ ძალი ბერძენთაგან, და განახუნენ კარნი კავკასიანთანი, და გამოიყვანნეს ოვსნი და ლეკნი, და წინააღუდგენ სპარსთა. და წარჩინებულნი თჳსნიცა ეტყოდეს წინააღდგომასა სპარსთასა" (I, 136). ანტისპარსული სომხურ-ქართული გაერთიანებული წინააღმდეგობის იდეის არსებობა, ასე ხშირად გამოვლენილი ძველ სომხურ და ქართულ მატიანეებში, ადვილად გასაგები ხდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასიის ორივე ეს ქვეყანა მრავალი მიმართებით ერთ სოციალურ ორგანიზმს წარმოადგენდა.[281] თუმცა, ჩვეულებრივ, ქართველ, სომეხ და სპარსელ მონარქთა ინტერესები თანხვდებოდა დერბენდის კარიბჭის დაცვის საკითხში - ჩრდილოეთიდან მომდგარი მტრის შემოღწევის საწინააღმდეგო ზომების მიღებისას. მეფეთა ცხოვრება გვამცნობს, რომ მეფე მირიანი, მომავალში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე, იყო ყველაზე უფრო თანმიმდევრული გამტარებელი ასეთი პოლიტიკისა. მან "...იწყო ბრძოლად ხაზართა, და მარადის ჰბრძოდის: ოდესმე გააგდიან მირიანს ლეკნი და მათ გამოიყვანიან რა ხაზარნი თანაშემწედ მათდა, მიეგების მათ წინა მირიან ჰერეთს ანუ მოვაკანს და მუნ ეწეჳს მათ; და ოდესმე დურძუკთა და დიდოთა მოირთნიან და გამოიყვანიან ხაზარნი, მაშინ ეწყჳს და ვეროდეს სძლეს ხაზართა, და ყოვლადვე მირიან სძლის. და ესრეთ მრავალგზის გადაიჴადა წყობა ხაზართა.  და უფროსი ლაშქრობა მისი იყვის დარუბანდს. რამეთუ მოვიდიან ხაზარნი და მოადგიან დარუბანდს, რათამცა წარიღეს და განაღეს კარები ფართო, და მუნით იწყეს გასლვად სპარსთა ზედა. ხოლო ოდეს მოვიდიან ხაზარნი დარუბანდს, [გვ.74] მაშინ წარვიდის მირიან შუელად დარუბანდისა: ოდესმე უომრად მიჰრიდიან ხაზართა მათ მირიანს, და ოდესმე ბრძოლითა აოტნის" (I, 66). მირიან მეფის მიერ წარმოებული ბრძოლის არსი განსაკუთრებული სიცხადით არის გადმოცემული მემატიანის მიერ მისადმი მიწერილ სიტყვებში, რომ: "მუნ ყოველნი დღენი ჩემნი დამიყოფიან ბრძოლასა შინა ხაზართასა, და მრავალგზის სისხლითა ჩემითა დამიცავს სპარსეთი ხაზართაგან" (I, 67). ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა ნათელჰყოფს, დარიალის გარდა, აგრეთვე დერბენდის კარიბჭის დიდ მნიშვნელობაზე ჩრდილოეთის მხრიდან ქართლის თავდაცვის საჭიროებისას: "მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოჴრნეს ველნი არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თჳნიერ კასპისა... და განვლეს კარები დარუბანდისა, რამეთუ თჳთ გზა სცეს დარუბანდელთა, და შევიდეს ოვსეთს გამარჯუებულნი" (I, 145-146). მოვსეს ხორენაცი ასევე იუწყება, რომ შაჰმა: "შაპუჰმა, ორმიზდის ძემ, ჩვენი მეფის, ტირანის მიმართ დიდი სიყვარული გამოამჟღავნა, დაეხმარა მას, დაიფარა ჩრდილოელ ტომთა შემოტევისაგან, რომლებიც გაერთიანდნენ, გადმოლახეს წორას ვიწრობი და ოთხი წლის მანძილზე ალვანეთში დაიბანაკეს" (III, 12).[282] ხორენაცისავე ინფორმაციით, რომელიც ბევრად უფრო ადრეულ ხანებს ეძღვნება, ვალარშაკის ძის "არშაკის დროს საშინელი არეულობა მოხდა დიდი მთის, კავკასიის მიდამოებში, ბულღართა მხარეში. ბევრი მათგანი აიყარა და ჩვენს ქვეყანას მოაშურა. ისინი დიდხანს მკვიდრობდნენ კოლის [სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარე, კოლა, თანამედროვე თურქულ ქალაქ გიოლესთან, ქ.ყარსის დასავლეთით - გ. ქ.] ქვემოთ, ნოყიერ მიწებზე, პურით მდიდარ ადგილებში" (II, 9).[283] როგორც ჩანს, ქართული მატიანეების ბუნ-თურქები და სომხურის - ბულღარები, ჩრდილოური წარმომავლობის ერთი და იგივე ტომი უნდა ყოფილიყო. მათი ერთმანეთთან გაიგივება კიდევ უფრო სავარაუდო გახდებოდა, თუ მხედველობაში მივიღებდით ხორენაცის ტექსტის მონათხრობს "ველურ, მოსულ ტომზე", რომელიც წინ უსწრებს სიუჟეტს ბულღარების შესახებ, და რომელთა დახასიათებაც მოგვაგონებს ბუნ-თურქთა ზოგიერთ თვისებას და ამ უკანასკნელთა განსახლების არეალს - ცენტრალურ ამიერკავკასიას. ამ ცნობის მიხედვით, ვალარშაკმა, ზემოხსენებული არშაკის მამამ: "...მოუხმო ველურ, მოსულ ტომს; იგი ბინადრობდა ჩრდილოეთის ველზე და კავკასიის დიდი მთის ფერდობზე, წალებსა და გრძელ, ღრმა ხევებში, რომელნიც მთის სამხრეთ კალთებიდან დიდი ველის თავამდე ჩადიოდნენ. [გვ.75] [ვალარშაკმა] უბრძანა მათ, მოეშალათ ავაზაკობა და კაცთა ღალატი, დამორჩილებოდნენ ხელმწიფის ბრძანებებს, გადაეხადათ ხარკი..." (II, 6).[284] უეჭველია, რომ მოვსეს ხორენაცს ამ შემთხვევაშიც ისევ ის ბულღარები ჰყავს მხედველობაში. იგი ამ პარაგრაფში (II, 6) ზემო ბასიანს (ტერიტორია არეზისა და მტკვრის ზემო დინებებს შორის) ლტოლვილი ბულღარის, ვღენდურ ვუნდაის ახალშენად მიიჩნევს; სახელწოდება ვანანდი (ყარსის სანახები) მას ამ უკანასკნელის სახელის მიხედვით უნდა დარქმეოდა. როგორც ვხედავთ, მოვსეს ხორენაცი რამდენჯერმე მოიხსენიებს კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე მხარეების ბარბაროსულ მოსახლეობასა და მათ შემოსევებს ქედის სამხრეთითა და კერძოთ სომხეთის მიმართულებით. ამდენად, ვფიქრობთ, რომ მისივე ნაწარმოების სხვა, ზემოთ უკვე ციტირებულ ფრაგმენტში (II, 8, 11), რომელიც ეხებოდა სომხეთის მეფის მიერ ჩრდილოეთის მთების გამგებლობის ჩაბარებას ქართლის მმართველის, მითრიდატესადმი, ასახულია იბერიის სამეფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, დაეცვა "ჩრდილოეთის მთებზე" (ანუ კავკასიონზე) არსებული გადასასვლელები ჩრდილოეთის მხრიდან ბარბაროსი ტომების შემოღწევისაგან. ორი სამყაროს, ცენტრალური ევრაზიისა (ანუ შიდა აზიის) და მისი პერიფერიის, შორის არსებულ საკონტაქტო ზონაში განლაგებული საქართველო და მთლიანად კავკასია ღია იყო ზეგავლენისათვის, რომელსაც ქმნიდა ჰუმანური გარემო, მუდმივი გარეგანი ზეწოლის სახით. აქ მდებარე კავკასიის კარიბჭე (Porta Caucasi, დარიალი, იგივე კასპიის კარიბჭე), პლინიუს უფროსის სიტყვებით, სამყაროს ორ ნაწილად ჰყოფდა (იხ. ზემოთ). იგი კუმანიის ციხესთან (გაიგივებულია ჯვრის უღელტეხილის სამხრეთ კალთაზე მდებარე ქუმლისციხესთან) ერთად, გზას უკეტავდა კავკასიონის გადაღმა მყოფ უთვალავ ტომებს (n. h., VI, 30). ზემოთ უკვე ითქვა, რომ რომის იმპერიის რღვევის ხანაში ალექსანდრე მაკედონელის სახელმა იტვირთა ჩრდილოეთის მომთაბარე ტომებთან ბრძოლის წინამძღოლის ფუნქცია - როგორც კი ცივილიზებული სამყარო ბარბაროსთა შემოსევის პირისპირ აღმოჩნდა, კვლავ გაცოცხლდა ძველი ლეგენდა ალექსანდრე დიდის მიერ, ბარბაროსთა წინააღმდეგ მოწყობილი რკინის კარის შესახებ. ამდენად, სავსებით დასაშვებია, რომ ქართული მატიანეების ბუნ-თურქებში, რომელთაც წააწყდა ქართლში ალექსანდრე, ნაგულისხმევი ყოფილიყო ჩრდილოეთის მომთაბარე, მეჯოგე მოსახლეობა, აქ კავკასიის კარიბჭის გადმოლახვით შემოღწეული ანუ იმ ადგილიდან, სადაც, მათი განდევნის შემდეგ, რკინის კარი აუგია თითქოს დიდ [გვ.76] მეფეს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ პლინიუსის ცნობით, კავკასიის კარის ხის მორებზე რკინის ფურცლები ყოფილა გადაკრული (n. h., VI, 30). აღსანიშნავია, რომ რკინის კარის ცნება, როგორც წესი, უკავშირდება ტოპონიმს – კასპიის კარი, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში კასპიის ზღვის მახლობლად მდებარე სხვადასხვა გადასასვლელს უკავშირებოდა. თუ ეს ტერმინი – კასპიის კარი, და მასთან ერთად რკინის კარის ცნება, – თავდაპირველად დასავლეთ ირანში, სიდარის ხეობაში (ფირუზ-კუხი) მდებარე უღელტეხილს უკავშირდებოდა,[285] სადაც ალექსანდრეს ლაშქარსაც გაუვლია, ახ.  წთ. პირველ საუკუნეში იგი უკვე დარიალს (კავკასიის კარს) აღნიშნავდა, ხოლო უფრო გვიან ეს სახელწოდება დაუმკვიდრდა კასპიის ზღვის დასავლეთ ნაპირზე მდებარე დარუბანდის კარს (დერბენდს).[286] ამასთანავე, გასათვალისწინებელია, ის ზემოაღნიშნული გარემოებაც, რომ დერბენდის კარის გამოყენების შესაძლებლობა ვერ იქნებოდა მაინცადამაინც ეფექტური ახ. წთ. მეხუთე საუკუნემდე, უფრო ადრეულ ხანებში კასპიის ზღვის ბევრად უფრო მაღალი ზღვის დონის გამო (მაგ. ძვ. წთ. I ს.)[287] – მიზეზი, რომელმაც ალბათ განაპირობა ტერმინ კასპიის კარის გამოყენება დარიალის უღელტეხილის მნიშვნელობით. მეფეთა ცხოვრება დერბენდის კარის გამაგრებას მიაწერს ალექსანდრეს წინა ხანის ლეგენდარულ სპარსელ სარდალს – არდამს: "ამან არდამ ერისთავმან აღაშენა ქალაქი ზღჳს-კარს, და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმანების "დაჴშა კარები" (I, 13). დერბენდის კარიბჭის (არაბული ბაბ-ალ-აბვაბი, "კართა კარი") დანიშნულება, ჩაეკეტა კასპიის ზღვის სანაპირო გასასვლელი ჩრდილოელი მომთაბარე დამპყრობლებისათვის, არ უნდა ყოფილიყო რამდენადმე აქტუალური ახ. წთ. VI საუკუნემდე, როდესაც იგი გამაგრებული იქნა სპარსელების მიერ. როგორც ჩანს, ამ დროისათვის კასპიის ზღვის დონე, ერთ დროს მაღალი, დაეცა და გზა მისცა სანაპირო გასასვლელს და შესაბამისად საჭირო გახდა სანაპირო საფორტიფიკაციო ნაგებობების არსებობა.[288] რაც შეეხება დარიალის უღელტეხილსა და მის მიმართებას იბერიის სამეფოსთან, ქართველებმა არა მხოლოდ მოახერხეს კავკასიის კარიბჭის დაცვა მომხდურთაგან, არამედ მეტად ხელსაყრელად გამოიყენეს იგი თავისი სტრატეგიული მიზნებისათვის - საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთიდან [გვ.77] დამატებითი სამხედრო ძალები მოეზიდათ საკუთარი სამხრეთელი მოწინააღმდეგების მოსათოკად. ჯერ კიდევ ლეგენდარული არდამის მიერ ხაზართა წინააღმდეგ სპარსული კონტრშეტევის აღწერისას მეფეთა ცხოვრება მოგვითხრობს, ჩრდილოკავკასიელებთან ქართველთა თანამშრომლის შესახებ სპარსელების საზიანოდ: "ისინი [ქართველები - გ. ქ.] ეზრახნეს ოვსთა, გარდამოიყვანეს ოვსნი და პოვეს ერისთავი სპარსთა ველსა გარე, და კნისობდა, და მოკლეს იგი. და რომელ პოვეს სპარსი, ყოველი მოსწყჳდეს ოვსთა და ქართველთა, და განთავისუფლდეს ქართველნი, ხოლო რანი და ჰერეთი დარჩა სპარსთა” (I, 13-14). პლინიუსი აკეთებს მეტად მნიშვნელოვან შენიშვნას, რომ იბერიული ქალაქი ჰარმასტუსი (იგივე ქართლის ძველი დედაქალაქი - არმაზი) კავკასიის კარის პირდაპირ მდებარეობდა (n. h., VI, 29). ეს გარემოება მიუთითებს ჰარმასტუსის ფუნქციაზე - გადაეკეტა გზა ჩრდილოეთიდან, კავკასიის კარიდან (ანუ დარიალიდან), შემოსული და თერგისა და არაგვის ხეობების გავლით წამოსული მოთარეშეებისათვის; რისი მსურველთა რიცხვი ქედს გაღმა ურიცხვი იყო. ვ. ე. დ. ალენის შენიშვნით, მცხეთა არმაზის ნაცვლად გადედაქალაქდა, ალანებთან ბრძოლის პირობებში მისი შედარებით აღმატებული სტრატეგიული დანიშნულების გამო.[289] ერეკლე II-ის კარზე მყოფი გერმანელი "ექიმის", იაკობ რაინეგსის[290] აზრით, მცხეთის უაღრესად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა სომხეთ-ალბანეთის (იბერიის გარდა) გაკონტროლებისათვის უნდა გამხდარიყო მიზეზი აქ რომაელთა თუ ბერძენთა მიერ ციხე-სიმაგრის დაარსებისა. მას არც არაგვის გზით მცხეთის კავშირი ავიწყდება ჩრდილოეთის მომთაბარე ხალხებთან.[291] ი.რაინეგსის მოსაზრებით, მცხეთის სახელწოდება "ციხის" ქართული სახელწოდების გადასხვაფერების შედეგად უნდა წარმოქნილიყო; ამის დამადასტურებელ საბუთს იგი მცხეთის ადგილმდებარეობის გარდა, აქ ციხე-სიმაგრეთა ნანგრევთა სიუხვეს მიიჩნევს.[292] თუმცა მცხეთის უაღრესად მნიშვნელოვანი მდებარეობა რომაელთა აქ გამოჩენამდე იქნებოდა უკვე შენიშნული. ქართველი არქეოლოგების აზრით, არმაზის ციტადელის ნანგრევებში შესამჩნევია წინააზიური (ურარტულ-აქემენიდური) არქიტექტურული ტრადიციები.[293] [გვ.78] მიუხედავად იმისა, რომ არ გაგვაჩნია რამდენადმე მაინც სანდო საბუთი, მაკედონელთა მიერ ცენტრალური ამიერკავკასიის დალაშქვრის სამტკიცებლად, მაგრამ წინა აზიის ელინისტური სახელმწიფოების დიდი ინტერესი იბერიის მიმართ ყოველგვარ ეჭვს გარეშეა. აღმოსავლეთხმელთაშუაზღვისპირეთულ-წინააზიური არეალის სახელმწიფოთა ყველა დროის გამგებლებისათვის, მომთაბარეთათვის გზის გადამკეტი კავკასიის კარიბჭის ეფექტური კონტროლის დიდი საჭიროების გამო სასურველი იყო ცენტრალურ ამიერკავკასიაში, იბერიაში, მსგავსი ფუნქციის შესრულებისათვის საკმაო ძალის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა, რომელიც მოახერხებდა ამ ფუნქციის შესრულებას. ალექსანდრესეული რკინის კარიბჭის კონცეპციაშიც არეკლილი უნდა იყოს ქართული სახელმწიფოებრიობის კონკრეტული პოლიტიკური ფუნქცია, ყოფილიყო დამცველი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის – კავკასიის კარიბჭისა.