topmenu

 

თ. ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (ნაწილი V)

<უკან დაბრუნება

 

რომელ ციხეს გულისხმობს თეიმურაზ მეფე, სამწუხაროდ წყაროებიდან არა ჩანს; მაგრამ სავარაუდებელია მისი არსებობა ხევ - ყაბარდოს გზაზე ანუ საქართველოსა და ყაბარდოს შუა მდებარე ტერიტორიაზე, ან ჩრდ.ოსეთში, ან ჩეჩნეთ - ინგუშეთში, ან თვით საქართველოს მთიანეთის იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ წოვა-თუშები, თუშები, მოხევეები, მთიელები, ფშავ - ხევსურები და სხვ. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული ვითარებით ასეთი ციხე-სიმაგრის აშენება თითქოს უფრო ლევან კახთა მეფის დროს უნდა იყოს საფიქრებელი, ვიდრე ალექსანდრე კახთა მეფისა, რადგან XVI ს. დასასრულისა და XVII ს. პირველი ათწლეულის წყაროები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ სრულად გადმოგვცემენ, არაფერს ამის მსგავსს არ აღნიშნავენ. ამიტომ ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ე.კუშევას, რომ შეიძლებოდა მართლაც ასეთი ციხე-სიმაგრე ივანე მეფის მიერ აშენებულიყო, 1563-1566 წწ. ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობებისას, როგორც დასაყრდენი პუნქტი მოსკოვ - კახეთის ურთიერთობაში76. ხოლო თუ ჩვენ ამას მივიღებთ, მაშინ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ციხე-სიმაგრე, ალბათ, XVI ს. 70-იან წლებში თერგ - ქალაქთან ერთად მოთხრილა, თუმცა კი კვალი მისი მნიშვნელობისა, როგორც ჩანს, ქართველებისათვის მთლად არ დაკარგულა, რაც განსაკუთრებით თეიმურაზის რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით მჟღავნდება. რუსეთ - საქართველოს შემდგომი ურთიერთობისათვის ხევ-ყაბარდოსა და მთა-თუშეთის გზების გამოყენება საკმაოდ გართულდა; მაშინ თეიმურაზმა დამოუკიდებლად სცადა საკითხის მოგვარება, 1640 წ ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, მან „განიზრახა შესვლად დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისაგან და ჰყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიოს იგინი. შემოკრებულითა კახითა შეუხდა და შემუსრნა რაოდენიმე კოშკნი და მოსწვნა დაბნები". მაგრამ დიდოელებმა თავისი მოძმე სხვა ხალხები მიიმხრეს და მომხდური კახელები სასტიკად დაამარცხეს - "მოსწყვიტნეს მრავალნი"77. თეიმურაზის ეს მარცხიანი ლაშქრობა დიდოეთში მოთხრობილი აქვს თავად მიშეცკისაც78. 1639 წ. მოსკოვში გაგზავნილ ნიკიფორე მიტროპოლიტის ელჩობას თავის მხრივ მოჰყვა აგრეთვე მოსკოვიდან 1641 წ. კახეთში გამოგზავნილი საპასუხო ელჩობაც თავად მიშეცკისა და დიაკ კლუჩარევის შემადგენლობით. მიხეილ თევდორეს ძე თეიმურაზს ატყობინებდა რომ იგი მას მისი საჭიროებისათვის და აგრეთვე ჯარისათვის 20 000 ეფიმკას უგზავნიდა79. სრული პასუხი კი თეიმურაზს თავის თხოვნაზე უკვე კახეთში ჩამოსულმა ელჩებმა მოახსენეს: „ჩემმა ხელმწიფემ ჯარის გამოგზავნა არ ინება, რადგან თქვენი ქვეყანა მის საბრძანებელს დაშორებულია. შუაში სპარსეთის შაჰისა და მრავალი სხვადასხვა ყუმიკელი მფლობელების მამულებია, გზაც თქვენდამი დიდი და მეტად საძნელოა ვიწრო მთებში მდებარეობს. ამის გამო რუსთა მეფემ თქვენი ჯარის შესანახად ფული გამოგიგზავნათ და თქვენი ქვეყანა თქვენი საკუთარი ძალით უნდა დაიცვათ გარკვეულ დრომდეო"80. (ივ.ჯავახიშვილის თარგმანის მიხედვით - თ.ბ.). ასეთი დახმარება თეიმურაზს, რასაკვირველია, არ მოეწონებოდა, მით უფრო, რომ მისივე სიტყვით "მისი ქვეყანა თითქმის დაცარიელებული იყო, ხოლო ყუმიკელთა ხშირი თავდასხმებით კი მთლად განადგურებულიც"81. ამის შემსწრე და უშუალო მოწმეები რუსი ელჩებიც გახდნენ კახეთში ყოფნისას. ასე, მაგალითად, 1642 წ. ივლის - აგვისტოში ლეკ-ყუმიკელები ორჯერ დაესხნენ თავს ძაგემს. ერთხელ ისინი ნადავლით დაბრუნდნენ, ხოლო მეორედ ამხედრებულ თეიმურაზთან შებმა ვერ გაბედეს და გაეცალნენ82. ლეკ-ყუმიკელთა თავდასხმები იმდენად მოხშირებული ჩანს, რომ ელჩების სიტყვით, თეიმურაზი თვით გრემშიც კი ვერ ძლებდა, რათა ლეკ-ყუმიკელები აქაც უცნობლად არ მოსულიყვნენ და არ დასხმოდნენ თავს83. ასეთ ვითარებაში თითქოს სიმართლეს არ უნდა იყოს მოკლებული 1639 წ. მოსკოვში გაგზავნილი სიგელის ერთ - ერთი მინაწერი, სადაც ნათქვამია რომ ქართველი მეფეები ადრე ლეკებისა და დაღესტნის სხვა მაცხოვრებლებისაგან იღებდნენ ხარკსო, ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ პირიქით, ქართველები უხდიან ლეკებსო84. ასე რომ, მიუხედავად თეიმურაზის არაერთგზის მოთხოვნისა ლეკ-ყუმიკელთა წინააღმდეგ სამხედრო დახმარების მიღების თაობაზე, რუსეთის სამეფო კარი ჯერჯერობით თავს იკავებდა, რაც (91) უპირველეს ყოვლისა იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ დაღესტანი და მასთან ურთიერთობა 20-40-იან წლებში რუსეთისათვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე კახეთი; მით უფრო, რომ დაღესტანთან დაკავშირებით რუსეთ-ირანის ურთიერთობა "ძმობისა და სიყვარულის" ძალით რამდენადმე მორიგებულ - შეთანხმებული იყო. დაღესტნის მთავრებზე ზემოქმედება, რუსეთს, როგორც ჩანს, მათ გამაღიზიანებლად და ამამხედრებლად მიაჩნდა, რასაც იგი ალბათ მოერიდა. ამის მეტყველი თითქოს ის ფაქტი უნდა იყოს, რომ 1614-დან 1642 წლამდე მოსკოვში დაღესტნიდან 20-მდე ელჩობა გაიგზავნა, თვით საშამხლოდან და მის მეზობლად მდებარე ორი მთავრისაგან 13-მდე და ყველა ამ ელჩობების დროს რუსეთის სამეფო კარი კახეთს არცერთხელ არ გამოქომაგებია. მიხეილ თევდორეს ძეს, რასაკვირველია, შეეძლო გამოეყენებინა მომენტები, როდესაც დაღესტნელი მთავრები სხვადასხვა მოთხოვნებით იყვნენ ჩამოსულები და მათთან თერგ-კახეთის გზისა და საერთოდ კახეთის სხვა თხოვნაც მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა. ასე, მაგალითად, XVII ს. პირველ ნახევარში დროდადრო რუსეთის ქვეშევრდომებად იყვნენ მიღებული ყუმიკელი მთავრები გირეი, სულთან მოჰამედი, ენდერეველი კაზანალპი, ყაფირ - ყუმიკელი მაჰომეტი, ერპელელი ბუდაჩეევი, ყარაბუდაღელი სურხაი, ყაზი - ყუმუხელი ალიბეკი, ავარელი შახტი, კაიტაღელი უცმი რუსტემ-ხანი, ავარელი ნუცალი და სხვ.85. აღსანიშნავია, რომ ქვეშევრდომად მყოფნი ვალდებული იყვნენ გაეწიათ "ხელმწიფის სამსახური", დაეცვათ გზები, გამოეყოთ მეგზურები, დამცველი რაზმები, უზრუნველეყოთ რუს ვაჭართა მშვიდობიანი მიმოსვლა და სახელმწიფო მოღალატეებზეც შეძლებისდაგვარად ელაშქრათ86. ამის საფასურად ფეოდალები იღებდნენ წლიურ გასამრჯელოს ფულისა და ნატურის სახით; თავისუფლდებოდნენ სავაჭრო ბაჟებისაგან, ხოლო მთელ რიგ შემთხვევაში "სამხედრო დახმარებასაც" კი იღებდნენ. თავის მხრივ მთავრები რუსეთის მეფის ერთგულებაზე დაფიცების შემდეგ, ასე ვთქვათ, მეტი გარანტიისათვის, აძლევდნენ მათ მძევლებს. ასე რომ, რუსეთს ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა თავისი მდგომარეობით და რამდენადმე ემოქმედა კიდეც დაღესტნელ მთავრებზე კახეთის ინტერესებისათვის. მეორე განმსაზღვრელი გარემოება და, ალბათ, ძირითადი, რუსეთ - ირანის ურთიერთობა იყო. როგორც სამართლიანად შენიშნავს პოლიევქტოვი, XVII ს. პირველ ნახევარში სეფევიდების სპარსეთი მსოფლიო მასშტაბით დიდ ძალას წარმოადგენდა და არც ისე ადვილი (92) საქმე იყო მისი ათვალისწუნება... შეიარაღებული დახმარების აღმოჩენა კახეთისათვის, რომლის გეგმები თანდათან ანტისპარსული მოქმედების ელფერს ღებულობდა, მოსკოვს არ სურდა87. მით უფრო, რომ ირანი საქართველოს წინააღმდეგ გენერალურ შეტევაზე იყო გადმოსული, ხოლო ასეთ ვითარებაში კი რუსეთის გამოსვლა აშკარად დაარღვევდა მათ შორის არსებულ ე.წ. "ძმობისა და მეგობრობის" სტატუსს. არანაკლებ ანგარიშგასაწევი იყო რუსეთისათვის თურქეთ - ყირიმხანიც, რომელიც სწორედ 30-იან და განსაკუთრებით 40-იან წლებში ძალზე გააქტიურდა ერთი მხრივ, თვით რუსეთის წინააღმდეგ, შემოუტია რა მის სამხრეთ საზღვრებს აზოვის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, ირანისა და დაღესტან - შირვან - საქართველოს წინააღმდეგ88. ეს გარემოებაც თავისთავად არცთუ ისე უმნიშვნელოდ აძვირებდა: რუსეთსა და ირანს შორის არსებულ "ძმობასა და მეგობრობას". რუსეთსა და ირანს ერთნაირად სჭირდებოდათ ერთმანეთი. ასე რომ, შექმნილი ვითარების გამო საქართველო ჯერ - ჯერობით ვერ ჯდებოდა რუსეთის აქტიურ საგარეო პოლიტიკის ორბიტაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, თეიმურაზი კვლავ დაჟინებით იღვწოდა რუსეთისაკენ, რამდენადაც მისი აზრით, მხოლოდ მას შეეძლო საქართველოსათვის რეალურად დაეჭირა მხარი თურქეთ - ირანისა და ლეკ - ყუმიკელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ალექსი მიხეილის ძის გამეფების მეორე წელს (1646 წ.) თეიმურაზი კვლავ აგზავნის მოსკოვში ელჩს შახლიკუჩევს, რომლის პირით იგი მეფეს შაჰის წინააღმდეგ დახმარებასა სთხოვს და ამავე დროს; ჰპირდება რომ მოსკოვის მეფის სამსახურში გააგზავნის თავის შვილიშვილს გიორგის. უფრო მეტიც, თეიმურაზს მეორე შვილიშვილის - იოსებისათვის  მიხეილ ალექსის ძისათვის დის ხელიც კი უთხოვია89; ნათესავურ კავშირს მეტად უნდა განემტკიცებინა უკვე დამყარებული ურთიერთობა. თეიმურაზის ასეთ დაჟინებით სწრაფვას რუსეთისაკენ, მაშინ როდესაც ირანი თვით ცდილობდა ასეთივე დაჟინებით კახეთის ხელში (93) ჩაგდებას, რასაკვირველია, შაჰ-აბას II (1642–1666 წწ.) არანაკლებ ამძვინვარებდა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ ადრე, შაჰ-სეფიმ სთხოვა თეიმურაზს, რომ არ გაეგზავნა ელჩი მოსკოვში და მეგობრულად ყოფილიყო მასთან90. ხოლო შემდეგ, რაც მთავარია, თვით შაჰ-აბას II მისწერა მას, რომ თეიმურაზს მეგობრობის ნიშნად ირანში მისი რომელიმე შვილიშვილი გაეგზავნა91. შაჰ-აბას II რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შაჰ-სეფისაგან განსხვავებით უფრო აქტიურ პოლიტიკას დაადგა კავკასიაში და ამ მხრივ კიდეც ჰქონდა მოპოვებული გარკვეული წარმატებები, რასაკვირველია, თეიმურაზის ეს ნაბიჯი მისთვის ყოვლად მიუღებელი იყო. ასე, მაგალითად, 1650 წლისათვის მისი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული დერბენტის სახანო, კაიტაღის საუცმიო, საშამხლო და სხვ.92. შაჰის ყურადღებას არ გამორჩენია დაღესტანში მესამე დიდი ენდერის გაერთიანების მთავარი კაზანალპიც, რომელიც რუსეთის ერთგულებისა და სამსახურისათვის, 1640-50 წწ. სურხაი შამხლის აქტიური მხარდაჭერით შაჰის ჯარებით რამდენჯერმე იქნა შევიწროებულ - დარბეული. კაზანალპის სიტყვით, სურხაი შამხალი შაჰის ყველაზე ერთგული ყმა იყო93. შაჰ-აბას II 50-იანი წლებისათვის, როგორც ვხედავთ, საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო დაღესტანში და ბუნებრივია, რომ იგი უფრო ენერგიულად ამოქმედდებოდა საქართველოს წინააღმდეგ. 1648 წ. შაჰის ერთგულმა როსტომ ქართლის მეფემ თეიმურაზი დაამარცხა და შემდეგ იგი იმერეთშიც განდევნა; 1648 წ. ერთ თავის სიგელში როსტომი ამბობს: "თეიმურაზი იმერეთს გავაგდეთ, კახნი და დარბაისელნი ერთგულებაზე ვაფიცეთ და კახეთი ნასისხლად დავიჭირეთ... ყაენმაც გვიბოძაო"94. მიაღწია რა ერთგვარ წარმატებას დაღესტანსა და ქართლ - კახეთში, შაჰ - აბას II წინაშე, როგორც ჩანს, კვლავ წამოიჭრა შაჰ-აბას I დროინდელი "სამკუთხედის საკითხი". რაკი შაჰს ქართლ - კახეთსა და საშამხლო - დაღესტანში ფეხი უკვე მოკიდებული ჰქონდა, ამდენად მისთვის რჩებოდა მესამე კუთხე - ყაბარდო, რის შემდეგ კავკასიაში გაბატონება თითქოს რამდენადმე წყდებოდა კიდეც მის სასარგებლოდ. სავსებით სამართლიანად შენიშნავს ნ.სმირნოვი, რომ მდგომარეობა (94) XVII ს. მეორე ნახევრის ჩრდ.კავკასიაში საკმაოდ გართულდა, რადგან საქართველოში გაუთავებელმა შინაომებმა, ქვეყანა გაანადგურეს და ამან კი შაჰს დიდად შეუწყო ხელი თავისი გეგმების განსახორციელებლად ჩრდილო კავკასიისა და დაღესტნის მიმართ. ყაბარდოს ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად ალბათ ჯერ 1648 წ შაჰ-აბასი, როდესაც ყიზილბაშთა გაერთიანებული ჯარით სურხაი შამხალი თავს დაესხა ყაბარდოს და 1651 წ., როდესაც შაჰის ყმამ ზაალ არაგვის ერისთავმაც ყუმიკელებთან ერთად განახორციელა თავდასხმა ყაბარდოზე95. და იმავე 1651 წ., როდესაც სურხაი შამხალმა ყიზილბაშ - დაღესტნელთა გაერთიანებული ლაშქრით შეუტია სუნჯა - თერგ - ქალაქს, რათა გაეთავისუფლებინა "ყაბარდოს გზა" თვით ყაბარდოში წარმატებით ლაშქრობისათვის96. საამისო საფუძველი ირანისათვის ის იყო, რომ ყაბარდოელ ფეოდალთა დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ 1645 წ. რუსეთის მეფეს ერთგულების ფიცი მისცა97. შემახაში მყოფ არსენ სუხანოვს შემახის ხანმა, სხვათა შორის, სუნჯა - თერგ - ქალაქზე ლაშქრობის მიზეზები ისეთნაირად დაუხატა, თითქოს შაჰი არაფერ შუაში არ ყოფილიყოს; მისი სიტყვით, შაჰის მშვიდობიანი განწყობილება დღევანდელ რუს მეფესთან კვლავინდებური რჩება, მაგრამ რადგან თერგის სარდლები ავიწროვებდნენ შამხალსა და ყაბარდოელებს, ააგეს ციხე-სიმაგრე, ძარცვავდნენ სავაჭრო ქარავნებს, ხაზინას, ელჩებსა და სხვ. თითქოს "ამ უსამართლობის გამო" შაჰმა მასა და სხვა რვა ხანს, თერგზე ლაშქრობა, თერგის ციხე-ქალაქის მოთხრა და შემდეგ კი ასტრახანზე წასვლა უბრძანა98. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც შაჰის მიზნები საკმაოდ გაშიშვლებულია. თერგ-სუნჯაზე ამ ლაშქრობის შესახებ უნდა ჰქონდეს მოთხრობილი მოჰამედ თაჰერსაც, როდესაც იგი ეხება ირანის შაჰის ბრძანებით გაერთიანებული ჯარის თავდასხმას "თარქის" (თერგის - ო.ბ.) ოლქში", "რუსთა ქვეყნების ხელმწიფის" მიერ აგებულ ციხეებზე99. თერგ-ქალაქის სარდლების (95) სიტყვით, ყიზილბაშთა ლაშქართან ერთად მონაწილეობა მიიღო აგრეთვე სურხაი შამხალმა, ენდერის დიდმა მთავარმა კაზანალპიმ, კაიტაღის უცმა ამირხან სულთანმა და სხვა ყუმიკელმა თავადებმაც100. თერგ-ქალაქის, სუნჯის და ყაბარდოს ხელში ჩაგდების ცდა ეს შაჰის შორსგამიზნული გეგმა იყო და მისი განხორციელება მართლაც ერთგვარად გადაწყვეტდა კიდეც რუსეთ - საქართველოს ურთიერთობას ამ უკანასკნელის მტრული გარემოცვის რკალში მოქცევის თვალსაზრისით. მაგრამ ამჯერადაც შაჰის ცდები მარცხით დამთავრდა. ირანს, როგორც მოსალოდნელი იყო, არც თურქეთ - ყირიმხანი ჩამოუვარდა. 1663 წ. მან აზოვში დიდი ლაშქარი შეჰყარა, რომელსაც ყაბარდოს გავლით თერგ-ქალაქი უნდა აეღო101, მაგრამ მისი ცდები აემხედრებინა ყაბარდო - დაღესტანი რუსეთის წინააღმდეგ მარცხით დამთავრდა. XVII ს. მეორე ნახევრისათვის, მიუხედავად რუსეთის მხრიდან საქართველოთი ნაკლებ დაინტერესებულობისა, თეიმურაზი მაინც დაჟინებით ცდილობდა არ დაერღვია ურთიერთობა და მეტიც, იგი ყველა საშუალებას მიმართავდა, რათა რუსეთს საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეებიც დაკავშირებოდა. ასევე არ იშურებდა იგი არავითარ ძალ-ღონეს საერთო ქართული სამხედრო კავშირის შექმნისათვის, რომელიც რუსეთის აქტიური დახმარებით შეძლებდა წარმატებით ბრძოლას თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ102. რამდენადაც რუსეთთან ცხოველი ურთიერთობა და მით უფრო მისგან ქმედითი დახმარების მიღება შეუძლებელი ჩანდა დაღესტან - საქართველოს შორის გამწვავებული ურთიერთობის გამო, ხოლო საქართველოს კი ამ საკითხის გადაწყვეტა უკვე თავისით აღარ შეეძლო, ამდენად თეიმურაზმა მისი მოგვარებაც იმავე რუსეთს დაუკავშირა. მართალია დაღესტნის საკითხის გადაჭრას რუსეთის დახმარებით საქართველო ადრეც, ალექსანდრე კახთა მეფის დროსაც, აპირებდა, მაგრამ მაშინ დაღესტნის საკითხი ანტითურქული თუ ანტიირანული კოალიციისა და დიდი ქრისტიანული სამყაროს შექმნის თვალსაზრისით განიხილებოდა. ამ გარემოებას ხელს უწყობდა, ერთი მხრივ, რუსეთის საქართველოთი უფრო მეტი დაინტერესება, მეორე მხრივ, ის რომ დაღესტანთან ურთიერთობაში საქართველოს ჯერ არ ჰქონდა შეტევითი ინიციატივა დაკარგული. XVII ს. მეორე ნახევრისათვის კი მდგომარეობა საკმაოდ შეიცვალა და დაღესტნის საკითხმა საქართველოსთვის გაცილებით მწვავე ხასიათი (96) მიიღო. შაჰ-აბასის შემოსევებით ეკონომიურმა დაუძლურებამ აღმოსავლეთით დაცარიელებულ და გაპარტახებულ ადგილებში პირიქითა კავკასიის დაღესტნური მოსახლეობის ჩამოწოლამ და შეტევაზე გადმოსვლამ, გამწვავებულმა შინაფეოდალურმა ომებმა და თურქეთ - ირანის მოძალეობამ, ქართველ პოლიტიკურ მესვეურთათვის თითქოს თვალნათელი გახადეს ქვეყნის მომავალი ბედის სიმძიმე და მისი საკუთარი ძალით მოგვარების შეუძლებლობა. დგება გარდატეხის მომენტი რუსეთის შეფასებაში თუ აქამდე ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთი პრინციპში თავისი მიზნების განხორციელებაში დამხმარედ მიაჩნდათ, ახლა იგი ძირითადი ხდებოდა, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, საკუთარი ძალის ტოლად ან თითქმის მის შემცვლელად უნდა გამოსულიყო. ასეთი კუთხით რუსეთს პირველად თეიმურაზმა შეხედა. საქმე ისაა, რომ მართალია თეიმურაზამდეც არსებობდა თურქეთ - ირანი და მათი მხრიდან ე.წ. მტრული გარემოცვის რკალის შეკვრის საშიშროებაც, მაგრამ პრაქტიკულად მთელი მისი მნიშვნელობის წარმოდგენა მხოლოდ მის დროს გახდა შესაძლებელი, როდესაც საქართველო სამი მხრიდან გარშემორტყმული შეიქმნა თურქეთ - ირანისაგან და მათივე ხელშეწყობით დაღესტნის ფეოდალებისაგან. თეიმურაზმა სწორად აუღო სიტუაციას და ასევე სწორადვე განსჭვრიტა ქვეყნის მომავალიც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რუსეთზე ორიენტაციის საკითხი საბოლოოდ და ძირითადად XVII ს. გადაწყდა; XVIII ს. მეორე ნახევარში კი როდესაც მსგავსი ვითარება შეიქმნა და ამასთან უფრო მეტად მძიმეც, ერეკლე II იგი 1783 წ. ტრაქტატით პრაქტიკულადაც გადაწყვიტა. დამაჩქარებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში საქართველო - დაღესტნის მძფრად გამწვავებული ურთიერთობა იყო. ასეთი განწყობა, სხვათა შორის, არცთუ ძნელი შესაცნობი აღმოჩნდა არსენ სუხანოვისათვის, რომელმაც 1652 წ. ზაფხულ - შემოდგომა დაჰყო ქართლ-კახეთმი. ქართველებმა, როგორც ჩანს, კარგად იცოდნენ ამხანად საშამხლო - რუსეთის გამწვავებული დამოკიდებულება და შეცდილან კიდეც მის გამოყენებას. ასე მაგალითად, თბილელმა ეპისკოპოსმა პირდაპირ მოახსენა არსენს, რომ ყუმიკები რუსეთის ხალხს ემტერებიან და რუსეთის ხელმწიფეს არ შეუძლია განა ყუმიკების წინააღმდეგ რაიმე მოიმოქმედოსო?! ეპიკოპოსი უფრო შორს წავიდა და ძირითადი გულისტკივილიც ბოლომდე თქვა: „ხელმწიფე რომ როგორმე ყუმიკებს დაიპყრობდეს, მაშინ კახეთიც მისი სახელმწიფოსი შეიქმნება, ხოლო როგორც კი კახეთს დაიჭერს, თბილისიც მისი, ხელმწიფისავე, გახდება"103. გამაჰმადიანებული როსტომის სამეფო კარზე თბილელი ეპისკოპოსის (97) ეს გეგმა, ე.პოლიევქტოვის სიტყვით, სხვა არა იყო რა, თუ არა იგივე თეიმურაზისეული პროგრამა; ამ საუბარზე და იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ  როსტომმა რუსეთში თავისი ელჩი მაჰმეტ-ხან-ბეკი გაგზავნა (სხვა ცნობები ჩვენ ამ ელჩობის შესახებ სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. თ.ბ.), ი.ცინცაძე საერთოდ დადებითად წყვეტს როსტომის რუსეთზე ორიენტაციის საკითხს: "როსტომს და მის ხელქვეით მყოფს მოწინავე ქართველობას, არ შეიძლებოდა არ დაენახა საით მიექანებოდა ირანის ხელქვეით მყოფი საქართველო. ამიტომ სრულიად ბუნებრივად გვესახება ის საუბარი, რომელიც საქართველოს ეკლესიის მესვეურებს სუხანოვთან ჰქონიათ. როსტომ მეფეს, ვითარცა პოლიტიკურ მოღვაწეს, რუსეთის გამოსვლა კავკასიონზე შეიძლება გახარებოდა და აქ საკვირველი და უცნაური არაფერია"104. ძნელია დავეთანხმოთ პატ. მკვლევარს ამ დებულებაში, რამდენადაც ამის უფლებას არც მოვლენების ლოგიკურობა გვაძლევს და მით უფრო კი რუსეთ - ირან - საქართველოს ურთიერთობის ამ პერიოდის მთელი ისტორია. ჯერ მარტო, ნ.ცინცაძის ამ დებულებიდან გამომდინარე, თეიმურაზ I მოღვაწეობის შეფასება გვაცლის საფუძველს, რათა როსტომის რუსეთზე ორიენტაცია როგორღაც მაინც გავამართლოთ. ი.ცინცაძე წერს: "თეიმურაზ I რუსეთზე ორიენტირების მომხრე პოლიტიკოსი მოჩანს. მან არ ისურვა ირანის წინაშე ქედის მოხრა. 50 წელი იბრძოლა და უთანასწორო ბრძოლაში დაეცა კიდეც. თეიმურაზი უშუალო მოწამე შეიქნა მისი გეგმების საშინელი მარცხის, რუსეთით იმედეულმა სამეფო დაჰკარგა, აუარებელი მსხვერპლი გაიღო, საკუთარი ოჯახის წევრების ჩათვლით, და ბოლოს ყოველმხრივ დამარცხებული, თითქმის ყველას მიერ მიტოვებული, ირანის შაჰს მიუვიდა და ტყვეობაში სული დალია კიდეც"105. ჩვენი აზრით, ასეთი მსჯელობის შემდეგ თითქოს შეუძლებელი უნდა იყოს როსტომის მიერ რუსეთზე ორიენტაციის დაშვება, მით უფრო, რომ მის თანამედროვე პოლიტიკურ მოღვაწეს თეიმურაზს მთელი რიგი ცდებისდა მიუხედავად ასე რიგად დაუტრიალდა საქმე - ანუ რუსეთით იმედეულმა ჯერ სამეფო დაკარგა., მერე საკუთარი ოჯახის წევრები და რაც მთავარია ბოლოს მაინც ირანის შაჰის კარზე დაიღუპა. რა ისეთი განსხვავებული დახმარება უნდა გაეწია მაგალითად რუსეთს როსტომისათვის (რომელიც მას შეეძლო, მაგრამ არ გაუწია თეიმურაზს და ახლა მაინცადამაინც გაუწევდა როსტომს, შაჰის ერთგულ კაცს)? განა თეიმურაზი კანონიერი მეფე არ იყო და რუსეთს ნაკლებად უმტკიცებდა ერთგულებას?! რაც შეეხება ეკლესიის მესვეურების საუბარს არსენ სუხანოვთან, მათი აზრის გაიგივება როსტომ მეფის აზრთან, ვფიქრობთ, რომ არც ეს (98) არის საბუთი. ამ შემთხვევაში მხედველობიდან არ უნდა გამოვტოვოთ ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილი იყო ამ დროს ეკლესიის; მესვეურთათვის და მეორე მხრივ პოლიტიკურ მოღვაწეთათვის. ეკლესიის მესვეურთათვის უფრო ადვილად მოჩანდა საქართველოს, ასე ვთქვათ, "სულიერი" გაერთიანება ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებით, ვიდრე ეს შეეძლო განეხორციელებინა სახელმწიფო მოღვაწეს პოლიტიკურად. როგორც თვით ი.ცინცაძე წერს: "თურქეთის გაბატონების შემდეგ, გაჭირვებაში ჩავარდნილ აღმოსავლეთის პატრიარქებს, რუსეთის ეკლესია სიმდიდრითაც სჯობნიდა და, რაც მთავარია, მის ზურგს უკან მდგომ რუსეთის დიდ სახელმწიფოთაც"106. საამისო საფუძველი კი ქართველი ეკლესიის მსახურებს ის ჰქონდათ. რომ შაჰ-აბას I შემოსევებისა და ლეკ-ყუმიკელთა თავდასხმების შედეგად ქართლ-კახეთის ეკლესიათა უმრავლესობა, რუსი ელჩის მიშეცკის სიტყვით რომ ვთქვათ, მთლად დაცარიელებული იყო. რაც შეეხება როსტომ მეფის ელჩს მოსკოვში, მას, რასაკვირველია, გარკვეული მიზანი უნდა ჰქონოდა და ის არც თუ ისე უმნიშვნელო იქნებოდა გართულებულ საერთაშორისო ვითარებაში. ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ი.ცინცაძეს იმაში, რომ ირანის შაჰისაგან დამოუკიდებლად და მასთან შეთანხმების გარეშე, ან თვით შაჰის დავალების გარეშე, როსტომს ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო თუ ირანთან დამოკიდებულებას ისე არ გაწყვეტდა, როგორც ეს თეიმურაზმა მოიმოქმედა. მაგრამ თეიმურაზის მდგომარეობა არც ისე სახარბიელო ჩანდა, რომ მის გზას როსტომიც დადგომოდა107. ამ თავისი დებულებით ი.ცინცაძე, ჩვენის აზრით, თავისდაუნებურად თვით ვარდება წინააღმდეგობაში. საქმეც სწორედ ისაა, და ჩვენც ამას ვამტკიცებთ, როცა უარვყოფთ როსტომის რუსეთზე ორიენტაციის მომხრე პოლიტიკურ მოღვაწეობას. ხომ ცნობილია, რომ როსტომი სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე ირანის მომხრე და ერთგული დარჩა?! ჩვენის აზრით, როსტომ მეფის მიერ მოსკოვში ელჩის გაგზავნა, გამოწვეული უნდა ყოფილიყო თეიმურაზისა და მისი შვილიშვილის ერეკლეს გზის მოსაჭრელად, რომელიც ეს-ეს არის აპირებდა მოსკოვში გამგზავრებას. ასეთი დიპლომატიური ნაბიჯით როსტომი, როგორც ჩანს, ცდილობდა თუ აპირებდა ტახტის მოცილე თეიმურაზისა და მისი შვილიშვილის ნიკოლოზის ჩამოცილებას. თუ, რასაკვირველია, მოსკოვი "შეცდომაში შევიდოდა", როსტომი ამით მაშინ ორ საქმეს აკეთებდა - თავისას და შაჰისას. მოჩვენებითი ქვეშევრდომობით როსტომი ალბათ რუსეთს თავის თავს სთავაზობდა; ამასთან მას თითქოს ის პრიორიტეტი უნდა მისცემოდა თეიმურაზთან შედარებით, რომ (99) ქართლ-კახეთის ტახტზე მკვიდრად მჯდომი იყო, ხოლო თეიმურაზი კი ტახტაცურებული და მაძიებელი. ასე რომ, როსტომის ანგაშით რუსეთს თეიმურაზისა და ერეკლესათვის კარი უნდა მოეხურა, რაც იმხანად თეიმურაზისათვის აშკარად ერთადერთი იმედის მოსპობას ნიშნავდა. მეორე მხრივ, როსტომი, თავისთავად ცხადია, რომ შაჰის საქმეს აკეთებდა. შაჰ-აბას II, ბუნებრივია, თანახმა იყო ასეთი ნაბიჯისა და სრულიადაც შესაძლებელია, რომ ეს მისი გეგმაც იყო - როსტომის ხელით მისი ხმალამოღებული და დაუძინებელი მტრის თეიმურაზის მოთოკვა, პრორუსული დასის დიდი ლიდერის განიარაღება შაჰის ასეთი ნდობის საფუძველი მისადმი ის იყო, რომ როსტომი ქართლ-კახეთის ტახტზე მისი წყალობით იჯდა, ხოლო თავის დროზე კი თვით შაჰიც ამავე როსტომის ხელშეწყობით გამეფდა ირანში. და საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ თუ შაჰი მიდიოდა როსტომის სამეფოში მშენებლობისა თუ სხვა მშვიდობიანი პოლიტიკისადმი ერთგვარ დათმობებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ თეიმურაზი და მისი ქვეყანა მას გააფთრებით ებრძოდა. შაჰს ამ შემთხვევაში საქართველოს დაკარგვისა არ ეშინოდა. სათანადო საბუთების უქონლობის გამო ძნელი სათქმელია, რამდენად მოტყუვდა რუსეთის სამეფო კარი როსტომისა თუ შაჰის დიპლომატიით, მაგრამ ერთი კი ნათელია, რომ რუსეთს თეიმურაზისა და მისი შვილიშვილისათვის კარი მაინც არ მოუხურავს. ხოლო თუ ჩვენი ვარაუდი საერთოდ სწორია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ როსტომისა და შაჰის ცდები მარცხით დამთავრებულა. შაჰი, რომ გულგრილად ვერ უყურებდა თეიმურაზის მიერ რუსეთის სამეფო კარზე ბატონიშვილ ნიკოლოზის გაგზავნას, რამდენადაც მისი სახით მიაჩნდა, რომ ირანს შეიძლებოდა მეორე თეიმურაზი გაზრდოდა, იქიდანაც ჩანს, რომ 1653 წ. მან ყაბარდოში მოსკოვს მიმავალი ბატონიშვილის ხელში ჩაგდება უკვე ძალითაც სცადა108. წყაროებიდან აშკარავდება, რომ ყაბარდოზე გამავალი ბატონიშვილის შეპყრობა უცდიათ არა ყაბარდოედებს, არამედ ყუმიკელ მფლობელებს (ბიბაგამეტოვს, კაზანალპის და სხვ.), რომლებიც აშკარად შაჰის დავალებით მოქმედებდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ყუმიკელებმა ტყვეები შაჰთან გაგზავნეს ირანში109. 1655 წ. თეიმურაზმა უკვე. მერამდენეჯერ მოსთხოვა მოსკოვს ყუმიკებზე 50 ათასიანი რაზმით ლაშქრობა და მათი მორჩილებაში მოყვანა110. (100) რადგან, მისი სიტყვით, ისინი ირანის შაჰთან იყვნენ შეკრულნი და ამდენად დიდ ზიანს აყენებდნენ როგორც რუსეთს, ისე საქართველოს. 1658 წ. საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი მრავალტანჯული თეიმურაზი ყაბარდოზე გავლით „წარვიდა თვითცა რუსეთს ვედრებად რუსთა ხელმწიფისად”111. თეიმურაზ I ცდები მოსკოვში უშედეგოდ დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მოსკოვის სამეფოსადმი საქართველო განსაკუთრებით კარგად იყო განწყობილი, მაგრამ ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, მოსკოვმა რეალურად ვერ გამოიყენა ეს და ვერც გამოვიდა საქართველოს გამაერთიანებლისა და მისი ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ დამრაზმველის როლში112, და მაინც ქართველებს რუსეთზე აღებული პოლიტიკური გეზისათვის არ გადაუხვევიათ; თავის მხივ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობდნენ ან უნდა არსებულიყვნენ სხვა ორიენტაციის პოლიტიკური დასებიც, როგორც ეს რიგ მკვლევარებს მიაჩნიათ. ასე, მაგალითად, ი.ცინცაძე საბუთების თავისებური გაანალიზების შემდეგ რატომღაც ასკვნის, რომ სპარსეთზე ან თურქეთზე ორიენტირებული ქართველი პოლიტიკოსების არსებობა საქართველოში, რუსეთის სამეფოს სამხრეთით სისუსტემ განაპირობა, თორემ მაჰმადიანი კოსტანტინე და როსტომიც პრინციპულად რუსეთს არჩევდნენ, იმდენად აუტანელი იყო ირანელი შაჰების ჯიქურ გასპარსელების უხეშ პოლიტიკა საქართველოში”113. სამწუხაროდ, ჩვენ ხელთ არ მოგვეპოვება ის საბუთები, რომლებიც დაგვარწმუნებდნენ, რომ კონსტანტინე და როსტომი პრინციპულად რუსებს არჩევდნენ და არა სპარსეთს; მაგრამ სამაგიეროდ მთელი მათი პოლიტიკური მოღვაწეობა და მისი პრაქტიკული შედეგები სწორედ, რომ საწინააღმდეგოს ამტკიცებენ - ორივე იყო პროსპარსული ორიენტაციისა და დარჩნენ კიდეც ბოლომდის. ვერ დავეთანხმებით ავტორს მაგალითად იმაშიც, რომ როსტომის დროს საქართველოში ადგილი ჰქონდა ირანის მიერ ჯიქურ გასპარსელების უხეშ პოლიტიკას. პირიქით, როსტომის მეფობის დროს, შაჰ-სეფიმ და შაჰ-აბას II ე.წ. "ჯიქურ გასპარსელების უხეში პოლიტიკა“, რომელსაც (101) ასე თავგამოდებით ატარებდა შაჰ-აბას I, შეცვალეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ქართველობის“ კულტურულ - მშვიდობიანად გასპარსელების პოლიტიკით. ამის თვალნათლივ მაგალითს წარმოადგენს სწორედ გამაჰმადიანებული როსტომის მოღვაწეობა; მის დროს ხომ არაერთხელ შეილახა ქართველთა ეროვნულ - სარწმუნოებრივი გრძნობა და ამასთან რამდენადმე მოიკიდა ფეხი კიდეც სპარსულ - მაჰმადიანურმა წესმა, როგორც სახელმწიფო მმართველობაში, ასევე ყოფა - ცხოვრებაშიც. მაგრამ, ასეთი პოლიტიკა საბოლოო გამარჯვებისათვის ხანგრძლივ და დიდ დროს მოითხოვდა, რადგან, ერთი მხრივ ქართველობა არ დრკებოდა ადვილად, მით უფრო, რომ ეს ხორციელდებოდა არა მთელი საქართველოს მასშტაბით; არამედ მარტო ქართლისა (კახეთი ხმალამოდებული იყო 1648 წლამდე და დასავლეთი საქართველო მოწევეტილი), ხოლო, მეორე მხრივ, პრინციპში ამ პოლიტიკამ ირანს სასურველი შედეგი მაინც ვერ მოუტანა; როსტომის დროს ქართლ-კახეთი უფრო მოშენდა და გამაგრდა, რაც, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენოდა შაჰს. ამიტომ მოხდა, რომ შაჰმა კახეთი, რომელიც 1648 წ. როსტომს "უბოძა", 1657 წ კვლავ უკან ჩამოართვა და სელიმ ხანს გადასცა. სელიმ ხანს რასაკვირველია, არ დაუყოვნებია და მანაც ვახუშტის სიტყვით: "მოიყვანა ელნი და დასხნა შიგნით და გარეთ კახეთს და დაიპყრეს ამათ ბახტრიონი, ალავერდი და განიყუნეს წმიდანი ეკკლესიანი, რამეთუ იყუნენ ასევე მროწელთა მათთა სადგურად და იყო ჭირიცა დიდი მათგან კახეთსა შინა და ქურდთა ლეკთაგან”114. მოჰამედ თაჰერის სიტყვით, ჩამოსახლებული ელები შაჰის ბრძანებით დაუყოვნებლივ უნდა შედგომოდნენ ციხე - სიმაგრეების აშენებას, ხვნა-თესვას, შენებასა და დასახლებას115. ასე რომ, შაჰ-აბას II კახეთის მიმართ კვლავ დაუბრუნდა ძველ პოლიტიკას. რაც შეეხება ქართლს, შაჰმა იგი კვლავინდებურად დატოვა, რადგან მის მიმართ ჯიქურ გასპარსელების უხეშ პოლიტიკაზე გადასვლას შეეძლო იგი კახეთივით აეჯანყებინა. არადა შაჰს არ შეეძლო კახეთი მშენებარე ქართლთან ერთად დაეტოვებინა და ისიც საბოლოოდ აშენებულ - მომაგრებულიყო, როგორც ეს იმ პერიოდში შეიმჩნა, როცა კახეთი როსტომს ჰქონდა სამმართველოდ 1648-1657 წწ. კახეთისათვის ახალი არ იყო ეს ჯიქურ გასპარსელების უხეში პოლიტიკა, რომელსაც მან 1659 წ. ბახტრიონით უპასუხა. ბახტრიონი შაჰ-აბას მეორესათვის მარტყოფის ველი იყო, რომელსაც კიდევ ერთხელ (102) დაერწმუნებინა ირანის სამეფო კარი "გურჯისტანში" "ქართველობის" ლიკვიდაციის მოუწვდომლობაში116. აღსანიშნავია, რომ საქართველოსათვის ასეთ კრიტიკულ მომენტში, მსგავსად შაჰ-აბას I დროისა, დაღესტნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამჯერადაც წინააღმდეგ გამოვიდა - მეტიც, იგი აუჯანყდა - შაჰ-აბას II-ს. შაჰმა სასწრაფოდ დაუგზავნა რაყამები დაღესტნის შამხალ სურხანი-ხანსა და სხვა მთავრებს, რათა მათ მორჩილებაში მოეყვანათ "ცთუნებისა და ურჩობის უდაბნოში მოხეტიალე და დღედაბნელებულები" ანუ აჯანყებული დაღესტნელები. სურხაი შამხალმა შაჰს სხვათაშორის, თითქმის იგივე პასუხი გაუგზავნა, როგორც მაშინ ტარკის მმართველმა გირეი-ხანმა. სურხაი-ხანი შაჰს ახსენებდა: - "ხალხი ფიქრობსო, რომ ვაი თუ დაღესტანში ციხეები ააშენოთ, ისე როგორც კახეთში, და ისინი რაიათობის ბორკილებში მოაქციოთ, ამიტომ ჩემს ბრძანებას და აკრძალვას არ ემორჩილებიანო"117. დაღესტნის ხალხისათვის მაინ მაინცადამაინც არ იყო ხელსაყრელი საქართველოს გათურქმანება-გასპარსელება და ამდენადვე ირანის უშუალო გამეზობლებაც, რამდენადაც ისინი ამაში ხედავდნენ თავიანთი თავისუფლების დაკარგვას; მათ, როგორც ჩანს, ერჩიან ირანისადმი მხოლოდ ისეთი ყმობა, როდესაც ირანი გეოგრაფიულად მოშორებული იქნებოდა და უმეტესწილად ძალის პოზიციის ნაცვლად "თხოვნა" თუ "მოსყიდვის", მორიგება" თუ "გარიგების" პოლიტიკით იხელმძღვანელებდა. ასე რომ, როსტომ მეფის დროს ადგილი ჰქონდა არა ჯიქურ გასპარსელების უხეშ, არამედ, პირიქით, კულტურულ-მშვიდობიანი გასპარსელების პოლიტიკას; ხოლო რაც შეეხება ი.ცინცაძის ზემო-აღნიშნული დებულების მეორე ნაწილს, რომ საქართველოში სპარსეთზე ან თურქეთზე ორიენტირებული ქართველი პოლიტიკოსების არსებობა განაპირობა თითქოს რუსეთის სამეფოს სამხრეთით სისუსტემ118, ჩვენი აზრით, არც ეს შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. ცნობილია, რომ საქართველოში გარდა იმ პერიოდისა, როდესაც საქართველო გაერთიანებული იყო ერთიან ფეოდალურ სახელმწიფოდ, თავის სოციალურ-პოლიტიკურ - ეკონომიური ინტერესებიდან გამომდინარე, თვითოეულ ადრეფეოდალურ გაერთიანებასა თუ შემდეგდროინდელ ქართულ სამეფო-სამთავროების მმართველ წრეებში ყოველთვის არსებობდა იმ პერიოდის რომელიმე დიდ სახელმწიფოზე ორიენტაციის მქონე პოლიტიკური დასები. დიდ სახელმწიფოთა (103) სისუსტე-სიძლიერეს, რასაკვირველია, ჰქონდა თავისი განმაპირობებელი მნიშვნელობაც, რადგან ამა თუ იმ დასის მოთავე ხშირად სახელმწიფო მართვის სათავეშიც იდგა და ამისდა მიხედვით ახორციელებდა პოლიტიკას, მაგრამ ეს უკვე საკითხის მეორე მხარეა. ბახტრიონმა, როგორც ჩანს, შაჰ-აბას II კახეთის მიმართ კვლავ შეაცვლევინა პოლიტიკა. 1658 წ., როსტომ ქართლის მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის სამეფო ტახტი ვახტანგ V ანუ შაჰ-ნავაზმა დაიკავა, რომელმაც თავისი შვილი არჩილი ჯერ იმერეთში (1663 წ.), ხოლო შემდეგ (1664 წ.), შაჰ-აბას II დასტურით, კახეთში გაამეფა. მოვლენების განვითარებით და არა ქრონოლოგიურად ამით თითქოს დამთავრდა XVII ს. პირველ ნახევარში ქართველი ხალხის მიერ "დიდი ბრძოლების გადახდის ხანა". ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამი იყო სწორედ 1614-1616, 1624-1626 და 1657-1659 წლები, როდესაც ირანის შაჰებმა ცეცხლითა და მახვილით სცადეს "გურჯისტანში", "ქართველობის" ლიკვიდაცია. ვფიქრობთ, როშ ქართლ-კახეთს ამ მძიმე განსაცდელის ჟამს შესაფერისი პოლიტიკური მოღვაწეები დაურჩნენ თეიმურაზისა და როსტომის სახით, რომელთაც თავიანთი პოლიტიკით ირანთან სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლაში "ქართველობისა" და ქვეყნის მომავალი განვითარების ბედი აშკარად გადაარჩინეს (მიუხედავად იმისა რომ სათანადო მსხვერპლის გაღებისას ისინი სხვადასხვა მდგომარეობაში იყვნენ). კახეთის მიმართ ირანის ჯიქურ გასპარსელების უხეშ პოლიტიკას მხოლოდ და მხოლოდ შეიძლებოდა ხმალი დაპირისპირებოდა და თეიმურაზიც ასე ხმალამოღებული დახვდა ირანის შაჰებს: ის მსხვერპლი, რაც მან და კახეთმა გაიღო, ასიათასჯერ უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება კახეთსა და საქართველოს მოსწეოდა, რომ არა მარტყოფი, მარაბდა და ბახტრიონი. თეიმურაზმა საერთოდ სწორად აუღო ალღო იმ პერიოდში ძალთა განლაგებასა და მიმართულებებს; იმხანად მისგან რუსეთზე აღებული გეზი ასევე სწორი და ამავე დროს ერთადერთიც იყო. თეიმურაზის მთელი უბედურება ის იყო, რომ იგი მოხვდა რუსეთ-ირანის, თურქეთ-რუსეთძსა და თურქეთ-ირანის ურთიერთობათა ისეთ სტადიაში, როდესაც თითოეული მათგანისაგან საქართველოს ინტერესების აშკარა დაცვა შეიძლებოდა მათ შორის "განხეთქილების ვაშლად" ქცეულიყო. ასე, მაგალითად, რუსეთს, რომელიც ერთგვარ კავშირში იყო ირანთან და თავის ურთიერთობას "ძმობითა და მეგობრობით" ნათლავდა, მისი საქართველოზე აშკარად გამოქომაგების გამო შეიძლებოდა, ერთი მხრივ ირანთან, ეს მოჩვენებითი "ძმობაცა და სიყვარულიც" დაეკარგა, ხოლო, მეორე მხრივ კი, გაემწვავებინა ურთიერთობა (104) თურქეთთან (რომელიც ფლობდა რა სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს, ამდენად გულგრილი ვერ დარჩებოდა). საქართველოს ინტერესები მით უფრო თურქეთ-ირანის ურთიერთობაში არ თავსდებოდა, რადგან ერთ-ერთი ძირითადი მიზეზთაგანი მათ შორის იმ დიდი ომებისა, რომლებიც XVI ს. 40-იან წლებში დაიწყო და თითქმის ასი წელი გაგრძელდა ის იყო, რომ დროისა და ძალის შესაბამისად ერთი მათგანი საქართველოს ან (სრულად დაპყრობას ან კიდევ ხელმეორედ განაწილებას უპირებდა. ამის ნათელი დადასტურებაა მათ შორის პერიოდულად დადებული ზავები: 1555, 1592, 1612, 1618 წლებში და ბოლოს 1639 წელს, როდესაც საქართველო რამდენჯერმე იქნა გადანაწილებული ოსმალეთსა და ირანს შორის 1639 დადებული ზავი კი თითქმის ასი წლის მანძილზე აღარ დარღვეულა და, როგორც ჩანს, ამიერკავკასიის განაწილების ამ ბოლო ვარიანტმა ორივე მხარე რამდენადმე დააკმაყოფილა. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, საქართველოს ცდებიც თურქეთ - ირანის კარზე უშედეგოდ დამთავრდებოდა. თეიმურაზის საგარეო პოლიტიკის უკუღმართობა მისი პირადი უუნაროების ბრალი არ იყო. მან ყველაფერი სცადა რაც შეიძლებოდა რუსეთის, ირანისა თუ თურქეთის კარზე მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამდენად ჩვენ სავსებით გეთანხმებით ი.ცინცაძეს თეიმურაზის პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასებაში, რომ..."იგი პოლიტიკაში მოლექსე" "კი არ იყო, არამედ საქართველოს პროგრესულ მოწინავე წრეების სათავეში მყოფი ხელისუფალი, ფეოდალური საქართველოს დაჩიხული მდგომარეობიდან გამოსავალი გზების შეუდრეკელი მაძიებელი, მოწინავე საქართველოს მეთაური, საქართველოს ჯიქურ გასპარსელების წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი, საქართველოს მოამაგე მწერალი, რომელმაც ერთ ხანს "ირანის სამეფო კარის საქართველოს მიმართ წარმოებული პოლიტიკის შეცვლა შეძლოოო"119. მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა როსტომ ქართლის მეფე, რომელმაც არანაკლებ დიდი წვლილი შეიტანა "ქართველობის" გადარჩენაში. საქმე ისაა, რომ ირანის სამეფო კარის მიერ "კულტურულ - მშვიდობიანი" გზით "საქართველოს გასპარსელების" პოლიტიკის გატარებისას, როსტომმა თავისი კულტურულ - სამეურნეო მოღვაწეობით შეძლო სპარსულ - ყიზილბაშურ გარესამოსელში "ქართველობის" ძირითადი ბირთვის, შეიძლება ითქვას არათუ შენახვა, არამედ მომძლავრებაც. ამიტომ შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ როდესაც XVII ს. მეორე ნახევარში საქართველო "აღდგომისა და (105) "გამოხსნისათვის" ძალას იკრებდა და საამისოდ ირაზმებოდა, თავისი ეკონომიურ-პოლიტიკური მდგომარეობით სწორედ ქართლმა შეძლო შეესრულებინა ამ დიდ საქმეში წამყვანი როლი. XVII ს. პირველ ნახევარშივე ჩაეყარა საფუძველი საქართველოსთვის ერთ დიდ განსაცდელსაც; სპარსეთისა და ოსმალეთის ხელშეწყობით ქართულ მიწაზე შემოიხაზა მომავალი კონტურები ახალი პოლიტიკური ერთეულების ე.წ. "უბატონო" "ლეკური" თემების, კერძოდ, ჭარ-ბელაქნისა და ელისუს სასულთნოს სახით. აღნიშნული ერთეულები საბოლოოდ XVII-XVIII სს. მიჯნაზე ჩამოყალიბდნენ120 და ისინი ირან-თურქეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ხელისშემშლელ გარემოებად იქცნენ121. XVII ს. მესამე მეოთხედში, როდესაც, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ერთგვარად დამყარდა საგარეო მშვიდობა, ქართლიცა და კახეთიც შესამჩნევად მომძლავრდა. 1658 წ., როსტომ ქართლის მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის სამეფო ტახტი ვახტანგ V ანუ შაჰ-ნავაზმა დაიკავა, რომელმაც თავისი შვილი არჩილი გაამეფა ჯერ იმერეთში 1663 წ., ხოლო შემდეგ 1664 წ. შაჰ-აბას II-ის დასტურით კახეთში. როსტომმა, ვახტანგმა და არჩილმა შესძლეს მოახალშენე ლეკთა მორჩილებაში მოყვანა და პირიქითა დაღესტნელ ლეკთა თავდასხმების დროებითი ალაგმვაც. კახეთისათვის ასეთი პირობა საკმაო აღმოჩნდა, რომ ხიზან-ბოგანო გლეხები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსულიყვნენ და მათაც ქვეყნის მოშენებაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ. ვახუშტის სიტყვით არჩილის დროს "შენდებოდა კახეთი, ვინადგან იყო მშვიდობა და უმტრობა და ნიჭვიდა და სწყალობდა ყეენი არჩილს, რამეთუ ვერცაღა თუ ლეკნი იკადრებდნენ ხდომასა"122. ჭარელ ლეკთა არჩილისადმი დამოკიდებულების ფაქტობრივი დადასტურება უნდა იყოს თითქოს ასეთი უმნიშვნელო ფაქტი 1667-1668 წწ. არჩილმა თავის ძმას ლუარსაბს ქორწილი გადაუხადა. ჭარელებმა ქორწილზე ლევან კახთა მეფის დროიდან მათზე დაკისრებული (106) ვალდებულებით ყინული მოიტანეს ცხენით და არა ზურგით. არჩილმა როგორც ჩანს, ამ აქტში, ურჩობა დაინახა და ამიტომ "შეიპყრნა და სტანჯა იგინი, აღკიდა კვალად ტვირთად და მოაღებინა კვალად მუნიდამეცა ტვირთითვე ყინული"123. XVI-XVIII სს. და შემდეგაც თოვლ-ყინულს, როგორც გამოკვლეულია, მეტად დიდი გამოყენება ჰქონია ყოფა-ცხოვრებაში124. მასზე დიდი მოთხოვნილება იყო დუქან-ბაზრებში, სადაც აცივებდნენ ღვინოებს, ხორცეულს, თევზეულს და სხვა საჭმელ-სანოვაგეს. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ყველა თავადიშვილის ოჯახს საცხოვრებელ სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსში ე.წ. საყინულეც ჰქონდა. ყინულის მოჭრა და მისი მოტანა კოლექტიურ შრომას მოითხოვდა. ყინულის მოსაჭრელად 10-20 ურემი და მეტიც მიდიოდა ხოლმე. თოვლ - ყინულის ზიდვა თვით საქართველოში საბატონო და სამოხელეო გამოსაღების ერთ პუნქტთაგანს შეადგენდა. მაგალითად, ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით თრიალეთელებს ...სძეთ... თოვლის ზიდვა". ლევან კახთა მეფის დროს, როდესაც კახეთის ქალაქებში გარდა იმისა, რომა მდებარეობდნენ ამიერკავკასიის დიდ სავაჭრო-სატრანსპორტო გზებზე, თვით წარმოადგენდნენ აგრეთვე ცხოველ სავაჭრო - სახელოანო ცენტრებს, სავსებით შესაძლებელია, რომ თოვლ-ყინულზე დიდად გაზრდილიყო მოთხოვნილება, რასაც ალბათ მთლად ვერ აკმაყოფილებდა ადგილობირვი ძალები. სწორედ ამ გარემოებას უნდა გამოეწვია ლევან კახთა მეფის ცნობილი გადაწყვეტილების მიღება: ..."მოიყვანნა ლეკნი და დახსნა ფიფინეთს ზიდვად ყინულისად ზაფხულისათვის კავკასიდამ"125. ჭარულ-ლეკური თემების ზედა ფენასაც, ჩანს გარკვეული ვალდებულებები ეკისრათ სხვადასხვა საჩუქარ-ძღვენებისა თუ მოსართმევების სახით, რაზეც თითქოს უნდა მეტყველებდეს აგრეთვე "არჩილიანის" ის ადგილი, სადაც აღნიშნულია, რომ ქ.ბაზარში:

"იქ მოვიდიან ლეკები, მებატონენი კაცები:

მოკრძალვით, გულს ელმოჭდობით, მშიშრად ვითა

ცხვართ ვაცები;

ფეშქაშსა მოცაზიდვიდეს, ვერ რბევით რის მომტაცები"126.

(107) მომაზრებული კახეთი ბუნებრივია დაღესტნელთა თითოეულ გამოხდომას სათანადო რეაქციით პასუხობდა; ასე იყო, მაგალითად, არჩილის კახეთში მეფობის უკანასკნელ ხანს 1674-1675 წწ., როდესაც ვახუშტის სიტყვით: "...იწყეს ლეკთა ჭურმურტთა ავაზაკობით კირთება გაღმა-მხართა და ელისენთა შინა". ვახუშტისვე სიტყვით, "შეიკრიბნა არჩილ სპანი; მოიყვანნა ქართველნი წარავლინა და მიუხდნენ ჭურმუტს, შემუსრნეს სიმაგრენი, მოსყვიტნეს, მოსტყვევნნეს და მოვიდნენ გამარჯვებულნი: ამისთვის მარადის ემატებოდა და შენდებოდა კახეთი და იყუნენ შეერთებულნი ქართველთათანა ყოვლითურთ"127. კახეთის ასეთი მოშენება-გაძლიერება, რასაკვირველია, არ მოსწონდა შაჰ სულეიმანს (1664-1694 წწ.) და როდესაც 1676 წ., ვახტანგ V გარდაცვალების შემდეგ, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფო ტახტისათვის ბრძოლამ ქვეყნის საშინაო საქმეები ძალზე არია, მან მისი დალაგება მოგვარება თავისი სურვილისამებრ სცადა. შაჰ სულეიმანმა 1676 წ. მოუწოდა გიორგი XI და "მისცა ქართლი“, რომელსაც გიორგი 1676 წ. 1680 წლამდე განაგებდა128. რაც შეეხება კახეთს, შაჰმა მის მიმართ კვლავ შეცვალა პოლიტიკა და იგი ამიერიდან ყიზილბაშ ხანებს გადასცა, რომელთა რეზიდენცია ყარაღაჯში იყო და რომელთა მმართველობამაც თითქმის 1703 წლამდე გასტანა, ვიდრე კახეთში კვლავ ქართველი, თუმცა გამაჰმადიანებული დავით II არ დაჯდა, შემდეგში იმამ-ყული-ხანის სახელით ცნობილი. ირანის კარი საქართველოს მიმართ უკვე მესამეჯერ ცვლიდა თავის პოლიტიკას. საქმე ისაა, რომ ქართველების ჯიქურ გასპარსელების უხეშმა პოლიტიკამ და გასპარსელების "კულტურულ-მშვიდობიანმა" გზამ საბოლოოდ მას სასურველი შედეგი ვერ მოუტანა; პირიქით, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, კახელები "...მოსრულთა მალე ექმნებოდიან და მოსვრიდიან, ვინადგან ამ ჟამებთა აღივსებოდა ქართლიდამ კაცით კახეთი და აშენდებოდა მრავალნი უშენნი დაბნები და აგარაკები"129. ამიტომ იყო რომ კახეთის მმართველი ყიზილბაში ხანები (1677 წ. ბეჟან-ხანი, 1683 წ. აზიზ-ყული ბანი, 1692 წ. ქალბალი - ხანი და სხვ.) მეტად მტრულად მოეკიდნენ კახეთის გაძლიერებასა და იქ ქართველთა მომრავლებას. შაჰის აშკარა მხარდაჭერით ხანები კვლავ დიდის გულმოდგინებით შეუდგნენ ქვეყნის თურქმანებით დასახლებას, მაგრამ ამჯერად მათ გარდა საკუთარი სამხედრო ძალებისა და თვით ჩამოსახლებული თურქმანების, ძირითადად გამოიყენეს დაღესტნელები (108) და უკვე მომძლავრებული ჭარ-ბელაქნელი ლეკები შექმნილ ვითარებაში ლეკთა "უბატონო თემები" კავკასიის პირიქით დაღესტნელ-ლეკთა "სადგურად და "საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებული ურდოების გამტარ არტერიად გადაიქცა130. რაკი ჭარ-ბელაქნელ ლეკთა ძლიერება დაღესტნელ ფეოდალთა მჭიდრო კავშირსა და ოსმალეთ-ირანის მხარდაჭერას ეყრდნობოდა, ამდენად ბრძოლა მათ წინააღმდეგ იყო აგრეთვე ბრძოლა კავკასიას პირიქითა დაღესტნიდან მომდინარე აბრაგთა დასტებისა და მათ ზურგში მდგომი თურქეთ-ირანის წინააღმდეგ. ამიტომ ძნელი არ იყო ყიზილბაში მოხელეების ბეჟან ხანის, აბაზ-ყული ხანისა და სხვათა საქმიანობის პირველივე ნაბიჯების შეცნობა. ვახუშტის თქმით: "...ხანმა მისცა ნება და ძალი ლეკთა და დაუწყეს კახეთს კირთება და ტყვევნა, არა თუ ლაშქრით, არამედ ავაზაკობით. კვალად აღაზუავნა უმეტეს ჭარელნი და ელიფადარი დასხმული ხანთაგანვე, რამეთუ თუცა მოჰკლიან კახნი ლეკთა ანუ თათართა შერისხვიდა ხანი ანუ მოაკუდიანებდი, ანუ მიაცემინის სისხლი მეტყველი: რამეთუ არა ჯერ არს გიაურთაგან მუსლიმნის სიკუდილი და თუცა მოჰკლიან თათართა კახი არა რაი ავნის, რამეთუ "ესრეთ ჯერ არს" და იყო ამით ჭირი დიდი"131. ბუნებრივია, ასე ზურგმომაგრებული დაღესტნელები და ჭარელები "კვლად ეკირთებოდნენ მარადის და სადაც შეხუდიან კახნი მოსყვეტდენ"132. ყიზილბაშ ხანთა მხარდაჭერამ ლეკური მოსახლეობის გაძლიერებისათვის კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში და აშკარა პასიურობამ ლეკ-აბრაგთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ქართველი პოლიტიკოსებისათვის ნათელი გახადა ქვეყნის მძიმე მდგომარეობა და მათაც ამის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიმართეს. ამჯერად ქართლ-კახეთის საწინააღმდეგო მოქმედებას სათავეში ქართლის მეფე გიორგი XI უდგება. გიორგი XI საქმიანობა, როგორც ჩანს, შაჰ-სულეიმანს არ გამოპარვია მხედველობიდან. გიორგი XI ერთგულებაში თავიდანვე დაეჭვებულმა შაჰმა 1688 წ. გადააყენა იგი და მისი სამეფო ქართლი ერეკლე I უბოძა. გიორგი ქართლის ტახტზე 1691 წ. კვლავ დაბრუნებულა და სპარსელთა წინააღმდეგ შეთქმულებას სათავეში მაინც ჩადგომია. როგორც წყაროებიდან ირკვევა, პირველ რიგში ქართველთა მობილიზებისა და საშამხლო-დაღესტანთან კავშირით უცდია გიორგის ირანის ბატონობის მოსპობა აღმოსავლეთ (109) საქართველოსა და კავკასიაში. აღსანიშნავია, რომ საშამხლო ამხანად სწორედ მეტად გაძლიერებული იყო და მისი გავლენაც თითქმის მთელს დაღესტანზე ვრცელდებოდა133. ბუდაი შამხალთან მოლაპარაკებას გიორგი აჰმად ბეგ ალი აღას შვილის მეშვეობით აწარმოებდა; ამ კავშირის უფრო მეტი სიმტკიცისა და გარანტიისათვის გიორგისა და ბუდაის ერთმანეთისათვის მძევლები უნდა გაეცვალათ - გიორგის თავისი ძმისწული ვახტანგ VI, ამ დროს ბატონიშვილი, ხოლო ბუდაი შამხალს კი შვილი. კვალად ეზრახა, - წერს ვახუშტი, - გიორგი მეფე შამხალსა, რათა მწე ექოს და მან (შამხალმა) აღუთქვა (მოკავშირეობა) აჰმად-ბეგ ალი ადის შვილის დესპანობითა. ამისათვის წარავლინა ძმისწული თავისი ვახტანგ მძევლად შამხლისა თანა"134. აღნიშნული მომენტი, სხვათა შორის, გერგეტის მატიანეში თვით ვახტანგ ბატონიშვილსაც აქვს მოთხრობილი: "მე, ვახტანგ, გამაგზავნა ლექში (ლეკეთი = დაღესტანს - თ.ბ.) და მე, ბრძანებითა მისთა, შემოვიარე აქ და მივდიოდი, რათა შეგვეწიონ სპარსთა ზედა"135. შაჰ-სულეიმანისათვის უცნობელი არ უნდა დარჩენილიყო, არც ის რომ ამხანად არჩილ მეფე კვლავ რუსეთში მიდიოდა და ისიც ენერგიულად ამოქმედდა. შაჰმა ამჯერადაც საშამხლოთი დაიწყო. რათა ამით მოეჭრა გზები ძმების - გიორგისა და არჩილისათვის და თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი გართულებები. მართლაც, ვახუშტის სიტევით, "მიუგზავნა ნიჭი დიდი ყეენმან შამხალსა", წინადადებით "ვინადგან გიპყრავს გზა" - რუსეთს მიმავალი არჩილ მეფე "შეიპყარ და წარმომივლინეო". შამხალი დაჰყვა შაჰის ნებას და დაარღვია გიორგი მეფისათვის მიცემული "ფიცი და პაემანი". ვახუშტითვე, მან "მოიბირა ყილჩიყო ჩერქეზ ბატონი ყეენის გამო, რათა შეიპყრას არჩილ და მისცეს ყეენსა". მაგრამ, როგორც ცნობილია, შამხალმა არჩილი ხელთ ვერ ჩაიგდო. შამხლის ღალატმა, ბუნებრივია, გიორგი მეფის მიერ მომზადებულ შეთქმულებასაც გამოაცალა საფუძველი. ვახტანგი, რომელიც საშამხლოში მიდიოდა მძევლად და რომელსაც ამ ამბავმა ხევში მოუსწრო, ვახუშტის სიტყვით, "წამოვიდა და მოვიდა გორს"136. ქრონოლოგიურად ეს ამბები 1692-1693 წწ. თავსდება137. (110) ასე რომ, გიორგის ცდა ქართლ-კახეთის აჯანყებათა და შამხლის დახმარებით ბოლო მოეღო ირანის ბატონობისათვის, მარცხით დამთავრდა. ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, საშამხლოს.  პოლიტიკა არასტაბილური და მერყევი იყო. ასე, მაგალითად, 1685-1686 წწ. ბუდაი შამხალმა, რომელიც თითქოს რუსეთს ქვეშევრდომობდა, არჩილ მეფეს საიდუმლო წერილი მოსწერა და შემოუთვალა, რომ მას და მის წინაპრებს მოსკოვის მეფეთაგან წყალობა და სარგებლობა არასდროს არ მიუღიათ და ამიტომ სჯობს, რომ არჩილმა ისევ მასთან (შამხალთან) დაიჭიროს კავშირი და ერთად სცნონ ერთი ხელმწიფე138. (ეს წერილი, სხვათა შორის, ხელთ ჩაუვარდა რუსეთის საგანგიოს - თ.ბ.) "ერთი ხელმწიფე" თურქეთის სულთანი უნდა იყოს, რაზეც თითქოს უნდა მეტყველებდეს ერთი ასეთი ფაქტი: 1689-1690 წწ. არჩილი დავით თურქესტანიშვილს აგზავნის თურქეთის სულთანთან. ალბათ, იმერეთის ტახტზე ასვლის სანქციის მისაღებად. ყირიმის სახანოში მიმავალი დავითი შამხალმა შეიპყრო, მაგრამ ნაცვლად მისი გაძარცვისა და დატყვევებისა მან, პირიქით, ყირიმის ხანთან უშუამდგომლა მას და ამდენადვე, შეიძლება ითქვას, სულთნის წინაშეც. "მივიდა დავით შეწევნითა შამხლისათა ყირიმის ხანისთანა და იგი აღძრულიყო შეწევნად არჩილისად წინაშე ხონთქრისა"139. შამხლისა და ყირიმის ხანის "შუამდგომლობას" გაუჭრია სულთანთან, რადგან მან "წარმოავლინა ყაფუჩი თვისი და დავით მისთანა"... და "შთაიცვა არჩილ ხალათი ხონთქრისა და დაემორჩილნენ იმერნი"140 (1690 წ.). 1692-1693 წწ. კი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, შამხალმა ირანის შაჰს გაუწია სამსახური და შეეცადა რუსეთს მიმავალი არჩილი შეეპყრო კიდეც და შაჰისათვის გაეგზავნა. 1695 წ. შაჰმა კახეთის მმართველად ქალბალი ხანი გამოგზავნა, რომელიც მსგავსად წინამორბედი ყიზილბაში ხანებისა, თანმიმდევრულად შეუდგა ირანის პოლიტიკის გატარებას. მის დროს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ჭარ-ბელაქნელი ლეკები გარდა იმისა, რომ  თვით "უმეტესად მძლავრობდნენ ელისენ გაღმა-მხარსა", ამავე დროს "იყუნენ მესადგურე ეტიკნი დაღისტნელთა" და ვახუშტის სიტყვით, "იყო ამათ მიერ ტყვევნა, ოხრება და კლვანი კაცთა, მზირობით, ავაზაკობითა და პარვით"141. თავმობეზრებულმა კახელებმა ქალბალი ხანს სთხოვეს "რათა ნება სცეს ჭარელთა ზედა და შემოსრონ იგინი"142. სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ კახელებმა მართლაც დალაშქრეს (111) ჭარი, მაგრამ კარგად დაწყებული ბრძოლა წააგეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქალბალი ხანმა "განიხარა, ვინადგან ენება დამდაბლება კახთა". ვახუშტის სიტყვით, რომ ვთქვათ, ამის შემდეგ იწყეს უმეტესი კირთება, ტყვევნა და რბევა კახეთისა ლეკთა"143. ასე რომ, ქალბალი ხანი აშკარად თუ ფარულად ჭარ-ბელაქნელ ლეკთა და კახელთა ურთიერთობაში შეგნებულად ლეკთა მხარეზე იდგა. "მარადის იყოფოდნენ წარჩინებულნი კახნი მის წინაშე და ევედროდენცა შეწევნასა ლეკთა ზედა, არამედ იგი უზრუნველ იყო, რამეთუ აძლევდნენ მას ხარკსა და მორჩილებდნენ და კახთა ეტყოდა ტკბილად და ნიჭვიდა მრავლითა"144. 1703 წ. დასრულდა ყიზილბაშ ხანების თითქმის 30-წლიანი მმართველობის ხანა კახეთში, როდესაც შაჰმა კახეთის ტახტი გამაჰმადიანებულ ქართველს, მაგრამ მაინც ქართველ მეფეს დავით II იმამ ყული ხანს ჩააბარა. კახეთში ყიზილბაშ ხანების 30 წლიანმა მმართველობამ, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში, მდგომარეობა არსებითად შეცვალა. ირანის კარმა ამჯერად თავის ერთ ძირითად მიზანთაგანს მიაღწია - კახეთის დასუსტებას. ამასთან, მან ეს მოახერხა არა მარტო ყიზილბაშთა ჯარითა და მომთაბარე თურქმანების დახმარებით, არამედ დაღესტნელ და ჭარ-ბელაქნელ ლეკთა საშუალებითაც. ირანის მეორე ძირითადი მიზანთაგანიც აღსრულდა თითქოს, ეს იყო აღმოსავლეთ კახეთის "გალეკება", "ნაცვლად გათურქმან - გაყიზილბაშებისა. "გალეკება" კი ირანის შაჰისათვის იმდენად იყო ხელსაყრელი, რამდენადაც ეს ამ მხარისა და მოსახლეობის გამუსლიმანებასაც ნიშნავდა. ყიზილბაშ ხანთა მმართველობა, თუ მისი შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად დავით II მოღვაწეობისა, ინერციით XVIII ს. 10-იან წლებამდე გაგრძელდა, ვიდრე "ლეკთა დაიპყრეს ელისენი და იწყეს ლაშქრობა"; და როდესაც "დაუტევა იმამ - ყული - ხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვისი თელავს და მანავს და იყოფიდა მუნ"145. სწორედ 1710 წ. ახლო ხანებში მიიჩნევს ა.ბაკიხანოვიც ჭარული თემების წახურელ თემებთან გაერთიანებას146 ანუ ჭარ-ბელაქნისა და ელისენის საბოლოოდ ლეკთა მიერ გაახალშენებას. ძირითადად ამით დასრულდა თითქოს დაღესტნელ მოახალშენეთა ფეხის მოკიდების პროცესი ქართულ მიწა-წყალზე. ამიერიდან საქართველო - დაღესტნის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება: თუ აქამდე (112) საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა შემოისაზღვრებოდა საქართველო - "პირიქითა" დაღესტნის ურთიერთობით და თავდასხმებიც უპირატესად და ძირითადად იქიდან მომდინარეობდა, ამიერიდან საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა დამატებით მოიცავს აგრეთვე, ასე ვთქვათ, პირაქეთა "დაღესტანსაც" - ჭარ-ბელაქანს; ქართულ მიწა-წყალზე შემოტევებსაც ძირითადად უკვე ეს ჩამოსახლებული წახურელ-ავარელი "ლეკები" - ჭარელები ახორციელებენ147. ამიერიდან დაიწყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, "ასწლიანი ლეკური ომი", რომელიც თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის ხელშეწყობით, საქართველოს აღდგენა - მოშენებისათვის სათანადო პირობებს განუხრელად და თანმიმდევრულად სპობდა. თუ ამ პირობებს მაინც ჰქონდა ადგილი თათარ-მონღოლთა ბატონობისა და თემურ-ლენგის შემოსევების შემდეგ, ამიერიდან ასეთი პირობები რამდენადმე ხანგრძლივი ვადით უკვე ვეღარ იქმნებოდა. საქმე ისაა, რომ ეს ადრეული შემოსევები თუ ბრძოლა - ომები და ამის შედეგად გაბატონება, მაინც დროის კონკრეტულ მონაკვეთში თავსდებოდა და ქვეყნის საერთო ძალების მობილიზების შემთხვევაში მისი უკუგდებაც შედარებით ხანგრძლივი ვადით ხერხდებოდა ასე რომ, საერთო ჯამში აღნიშნული ბრძოლა - ომები იყო, ასე ვთქვათ, მომენტალური, ხოლო თავსმოხვეული ბატონობა კი დროებით წყვეტილი, რომლის შუა პერიოდებში გაცილებით ადვილად ახერხებდა ერთიანი საქართველო აღდგენა - მოშენებას. დროდადრო ამას დაშლილი საქართველოს თვით ცალკეული სამეფო - სამთავროებიც კი ახერხებდნენ, ვიდრე მათ შაჰ-აბასის ხმალი არ მიწვდა. შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ, კახეთის აოხრებით დაღესტნელებს გზა გაეხსნათ148. ამიერიდან ზემოთ მოყვანილი დებულების თვალსაზრისით, მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. საქმე ისაა, რომ, ლეკთა თავდასხმები წინა პერიოდთან შედარებით გახშირდა და დამსხვილდა; ამასთან, სწრაფი ტემპით დაიწყო ქართულ მიწა - წყალზე პირიქითა კავკასიის ლეკურ მოახალშენეთა კომპაქტურად ჩამოსახლებისა და დამკვიდრების პროცესი, რასაც თურქეთ-ირანის ხელშეწყობით XVII-XVIII სს. მიჯნიდან მოჰყვა ამ ლეკური მოსახლეობის ზედა ფენისა და დაღესტნის ფეოდალთა თითქმის განუწყვეტელი ე.წ. "ასწლიანი ლეკური ომი" და ამისდა შესაბამისად "დროშემოუსაზღვრელი ბატონობა, ვიდრე საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე. მდგომარეობა აღდგენა - მოშენების თვალსაზრისით კიდევ იმით (113) მძიმდებოდა, რომ ამის პარალელურად თვით თურქეთი და ირანი ამყარებდნენ აგრეთვე თავიანთ უშუალო ბატონობას "ოსმალობისა" თუ "ყიზილბაშობის" სახით. "ასწლიანი ლეკური ომის" დედაარსი ასეთი იყო: "ლეკნი მოსრნიან, ტყვენი და საქონელნი წარიყვანიან: ხოლო კახნი ეწეოდნენ მდევრობით, ხან მათ სძლიან და ოდესმე ამათ და იყო მარად-დღოვანი ესე ვითარ ხდომა. გარნა დაზავდიანცა და კვალად იწყიან უძვირესი სხდომანი"149. ხოლო რაკი "ლეკური ომი" და კულტურული მეურნეობა - მიწათმოქმედება, ნიკო ბერძენიშვილის სიტყვით, შეუთავსებელი მოვლენები იყო150, თავისთავად გასაგებია თუ რაოდენ გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო იგი ქართული საწარმოო ძალების განვითარებისათვის; მეტიც, მან ერთი პირველთაგანი როლი შეასრულა ამ ძალების სტაგნაციისა და თვით სტაგნაციის პერიოდის გახანგრძლივებას და ამდენადვე საქართველოს ჩიხში ყოფნის საქმეში. ძნელია დაღესტნური ტომების მოსახლეობის საქართველოს, კერძოდ კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში გაჩენის, განვითარებისა და საბოლოოდ ჩამოყალიბების მთელი პროცესის თანმიმდევრულად წარმოდგენა, თვით ამ ჩამოსახლების სპეციფიურობისა და ამავე დროს საბუთების უქონლობის გამო, მაგრამ მისი ძირითადი მომენტების გაცნობა რამდენადმე მაინც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას. ლეკური მოსახლეობის საქართველოში ჩამოსახლების ქრონოლოგიასთან დაკავშირებით მკვლევართა შორის ძირითადად ორი ჯგუფი არსებობს. პირველი, რომელსაც მიაჩნია, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ XVII ს-დან იღებს სათავეს, განსაკუთრებით, შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ (დ.ბაქრაძე, ალ.ხახანაშვილი, თ.ბატონიშვილი, მ.დუმბაძე, დ.მეგრელაძე, თ.პაპუაშვილი და სხვ.) და მეორე (ნ.ბერძენიშვილი, ი.პეტრუშევსკი და სხვ.), რომელსაც მიაჩნია, რომ ავარულ-წახურული "ლეკური" თემები ჯერ კიდევ XVI-XVII სს-მდე უნდა არსებულიყვნენ151. მკვლევართა ეს ორი ჯგუფი სხვადასხვა კუთხით უდგება ზემოაღნიშნულ საკითხს, თორემ თვით ჩამოსახლების წარმოდგენა თავის ისტორიულ განვითარებაში, ჩვენის აზრით, არ გამორიცხავს ორივე ჯგუფის ძირითად ფაქტორებს. ასე მაგალითად, პირველ ჯგუფს მიაჩნია, რომ "ლეკური" თემები კახეთში (114) გაჩნდნენ შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ, უარყოფენ რა იმავე დროს საერთოდ "ლეკური" მოსახლეობის რამდენადმე არსებობას XVI-XVII საუკუნემდე. ამ ჯგუფს შეიძლება დავეთანხმოთ მხოლოდ იმაში, რომ XVI-XVII საუკუნემდე ადგილი არ ჰქონდა ალბათ დიდი ჯგუფების თუ მთელი სოფლების კომპაქტურად დასახლებას, ყოველ შემთხვევაში ისეთი მასშტაბით, როგორც შაჰ-აბასის შემდეგ და განსაკუთრებით კი XVII ს. ბოლო მეოთხედში იყო; ხოლო ვერ დავეთანხმებით იმაში, რომ XVI-XVII საუკუნემდე ეს ჩამოსახლება საერთოდ არ ყოფილა. მკვლევართა მეორე ჯგუფი კი მართალია იმაში, რომ ისინი XVI-XVII საუკუნემდე და სავსებით სამართლიანადაც უშვებენ ლეკთა ჩამოსახლებას ქართულ მიწა-წყალზე, მაგრამ რამდენადმე აჭარბებენ, როდესაც "უბატონო თემების" გაჩენის დროდ XVI საუკუნემდელ პერიოდს მიიჩნევენ (ი.პეტრუშევსკი). მ.დუმბაძე აღნიშნავს, რომ პეტრუშევსკი სწორედ შენიშნავსო, რომ ავარული სოფლების გაჩენა კახეთში სწრაფი ან ერთროული მიგრაციის შედეგი კი არა, არამედ ხანგრძლივი პროცესის შედეგი იყოო. მაგრამ, იგი იმავე დროს კატეგორიულად უარყოფს რა პეტრუშევსკის აზრს XVI ს-მდე დაღესტნური მოსახლეობის საქართველოში არსებობის შესახებ, ამბობს, რომ ეს განცხადება დაუსაბუთებელია და არაა სწორიო152. მ.დუმბაძეს პეტრუშევსკის ეს მიდგომა, როგორც ჩანს, მხოლოდ XVII-XVIII სს. მიმართ მიაჩნია სწორად. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ პეტრუშევსკის ზემოაღნიშნული დებულება გასათვალისწინებელია გაერთიანებული საქართველოს ხანაში დანშემდეგ მისი დაშლიდან სამეფო-სამთავროებად ვიდრე XVIII ს. დასასრულამდე. საქმე ისაა, რომ X-XIII სს. 30-იან წლებამდე საქართველომ საკუთარი ძალის შესაბამისად თავისი პოლიტიკურ-კულტურული და მასთან ერთად, თუ შეიძლება ასე ითქვას, სარწმუნოებრივი (ქრისტიანული) საზღვრები საკმაოდ ვრცლად გადაჭიმა - დასავლეთიდან აღმოსავლეთით ე.წ. "ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდის“, ხოლო ჩრდილოეთით კი ხუნძახაშდე. ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზმი დაპყრობილი თუ შემოერთებული ქვეყნების მიმართ სხვადასხვა პოლიტიკას მიმართავდა: ნაწილს უშუალოდ იერთებდა, ნაწილს ყმადნაფიცად იხდიდა, ზოგისაგან ერთდროულ ხარკს იღებდა და ზოგსაც რეგულარულ ხარკს აკისრებდა. როგორც, სამართლიანად შენიშნავს მ.ბერძნიშვილი, ძირითადი განმსაზღვრელი საქართველოს პოლიტიკისა დაპყრობილი ქვეყნის მოსახლეობის (115) რელიგიური შემადგენლობა იყო. აქედან გამომდინარე, ქართველი პოლიტიკოსები იმ ტერიტორიას, სადაც ქრისტიანი მოსახლეობა ჭარბობდა "სამეფოდ იჭერდნენ", ანუ უშუალოდ იერთებდნენ და მმართველობის ქართულ სისტემას ამყარებდნენ, ხოლო სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მაჰმადიანები შეადგენდნენ, იმას დამოკიდებული ქვეყნების სხვაგვარ რიგებში აქცევდნენ ან "ყმადნაფიცობის (ვასალის) ან მოხარკისა153. ამხანად წყაროების მიხედვით საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ: აღმოსავლეთით შარვანი და რანი; ჩრდილოეთით: ქაშაგუთი (ადიღე-ჩერქეზეთი - თ.ბ.), ოვსეთი, დურძუკეთი (ჩეჩნეთ-ინგუშეთი - თ.ბ.), დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი და დარუბანდი (ეს ოთხი უკანასკნელი დაღესტანში შემავალი რაიონებია. - თ.ბ.); რაკი საქართველოს მმართველი წრეები (XV სს. ასე დაჟინებით და თანმიმდევრულად ცდილობდნენ განსაკუთრებით დურძუკეთის, დიდოეთის, ღუნძეთისა და ლეკეთის "წარმართობიდან მოქცევას" და გაქრისტიანებას, როგორც ჩანს, ისინი ამ მხარეების ყმადნაფიცობას არა სჯერდებოდნენ და ცდილობდნენ მათ სამუდამო შემოერთებას, "სამეფოდ დაჭერას", რაც თავის მხრივ უკვე პრაქტიკულად ნიშნავდა პირველ ნაბიჯებს ერთიანი კავკასიური სამყაროს შექმნის გზაზე. პირველი ასეთი ცდა კი ქართველებს დაღესტნის სამხრეთით მდებარე რაიონის წახეთ-წახურის მიმართ უნდა განეხორციელებინათ, რომელიც საისტორიო წყაროებში ცნობილია როგორც წუქეთის, წახეთის, ზახურის, წახურის, საფურის და ცაკურის სახელწოდებებით154. ეს გარემოება იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ წახურ - წუქეთზე გადმოდიოდა ყველაზე დიდი გზა, რომელიც წახურის ხეობიდან ქურმუხის ხეობაში გადმოდიოდა და სარუბაშ-ელისუს გზით კახში და ბოლოს მდ.ალაზნამდე ჩამოდიოდა. ეს გზა გაღმა მხარის ანუ ძველი ჰერეთ - კახეთისათვის იგივე დარიალის კარი იყო155 და მას ასეთი დიდი მნიშვნელობის გამო სხვათა შორის უძველესი დროიდანვე მეორე შესაფერისი სახელიც (116) "რკინის ჭიშკარი" შეარქვეს156, ქურმუხის ხეობაში მომავალი ეს გზა, ალბათ, ქართულ წყაროებში ცნობილი "გზა ბელაქნის" უნდა იყოს. ამ გზაზე ყველაზე დიდი სტრატეგიული პუნქტები წახური და კაკი იყო, რომლებიც "დარაჯად ედგნენ ამ თავისებურ "დარიალის კარს" და "იცავდნენ დანარჩენ საქართველოს"157. ამის მოწმობაა ამ რაიონებში დღემდე შემორჩენილი დიდი ციხე-სიმაგრეების ნაშთები. ინტერესს არაა მოკლებული, სხვათა შორის, აქვე შემორჩენილი ერთ-ერთი სოფლისა და მდინარის სახელწოდებაც- სოფ.ყიფჩაღისა და მდ.ყივჩაყ-ჩაისა, რაზეც დაყრდნობით სავსებით სამართლიანად ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დავით აღმაშენებელს თავის დროზე ამ დაღესტნისეული "დარიალის კარისა" თუ "რკინის ჭიშკრის" დასაცავად ყიფჩაღთა ერთი ნაწილი აქაც დაესახლებინა158. ბუნებრივია, რომ დიდოეთის, ღუნძეთის, ლეკეთისა და სხვათა ყმადნაფიცობის დროს ეს დაღესტნისეული დარიალის კარი თუ ჭიშკარი ღია იქნებოდა ქართული და ლეკურ-დაღესტნური ტომების თავისუფალი მიმოსვლისათვის, მაგრამ დაძაბულობის შემთხვევაში კი ალბათ დაკეტილი. რაკი საქართველო - დაღესტნის ურთიერთობისათვის წახეთ-წუქეთს ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, მისი "სამეფოდ დაჭერისათვის" ჯერ კიდევ ადრე, თვით საქართველოს გაერთიანებამდისაც უზრუნიათ. ასე, მაგალითად, VII-VIII სს არჩილის მეფობის დროს (668-718 წწ.) წუქეთი საერისთავოს სახით კახეთის სამეფოში შემოდიოდა159 და მისი ერისთავი აბუხუასრო გარდა თვით წახურელებისა "ერისთავობდა აგრეთვე თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა"160. რამდენადაც წახურ-წუქეთი ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემაში შემოდიოდა, ამდენად მისი მოსახლეობა ქართველების მიერ, ასე ვთქვათ, "წარმართობიდან მოქცეული" ანუ გაქრისტიანებული უნდა ყოფილიყო. ამის დადასტურებაა თითქოს ვახუშტის ცნობა, რომ ჰერეთში იჯდა ქართველი ეპისკოპოსი - "მწყემსი ელისენისა, წუქეთისა და შაკიხისა"161. საერთოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ VII-VIII სს. დაწყებულა თუშთა, (117) ხუნძთა და წახურელთა გაქრისტიანება, რამდენადაც ჯუანშერი მათ ცალკე გამოჰყოფს "ყოველთა წარმართთაგან მთისათა"162. ქართული წყაროებიდან ირკვევა, რომ წახურ - წუქეთის გარდა, ქართველებს ავარიის სხვა ნაწილის "სამეფოდ დაჭერაც" მოუხერხებიათ. მაგალითად, დიდოეთისა. მაგრამ, როგორც ჩანს, დიდოელები არც თუ ყოველთვის ცნობდნენ ამას, რაზეც მეტყველებს მათი აჯანყება თამარ მეფის დროს"163 და აშკარა ურჩობა ლევან კახთა მეფის დროს164. ქართული წყაროების მიხედვით წახური და დიდოეთი ასე თუ ისე XVI ს-მდე ჰერეთ-კახეთის შემადგენლობაში ჩანან. ამის ფაქტობრივი დადასტურებაა, რომ როდესაც გიორგი VIII (1446-1476 წწ) კახეთში არსებული საერისთავოები გააუქმა და მათ ნაცვლად სამოურავოები შემოიღო, ეს ცვლილება სხვასთან ერთად დიდოეთსა და წახურსაც შეეხო. ვახუშტის სიტყვით, "მაშინ მოისპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დასხნა მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილთა ვითარცა არიან დღემდე. მოურავი ქისიყისა, ელისენისა, წუქეთისა, დიდოეთისა"165. ასე რომ, XXVI სს. საქართველოსა და დაღესტნის მოსახლეობის თავისუფლად ურთიერთმიმოქცევისა და ემიგრაციისათვის დამაბრკოლებელი ზღუდეები პრინციპში არ არსებობდა. ჯერ ერთი, დაღესტნის განაპირა რაიონების საქართველოს "ყმადნაფიცობის" თუ "სამეფოდ დაჭერის" გამო, ხოლო, მეორე მხრივ, დაღესტნისეულ "დარიალის ჯვარზე" ქართველთა გავლენის გამო. რაკი ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, სახნავ - სათესად და საცხოვრებლად ვარგისი მიწების სიმცირე დაღესტნელ ტომებს ბარზე დამოკიდებულს ხდიდა, ხოლო დაწინაურებული ბარი კი მთის ჭარბ მოსახლეობას დაბლობისაკენ გზას უხსნიდა166, ბუნებრივია, რომ დაღესტნელთა ცალკეული ოჯახების ჩამოსახლებას კახეთში აუცილებლად ჯერ კიდევ ადრე X-XV საუკუნეებშიც ექნებოდა ადგილი. (118) ი.პეტრუშევსკიც ძირითადად სწორად ხსნის დაღესტნის მოსახლეობის საქართველოში ჩამოსვლის ეკონომიურ საფუძველს: "В условиях земледельческо-скотоводческого, полукочевого хозяйства дагестанцы, зимние пастбища (кишлаги), которых находились на южной стороне Главного хребта, периодически перекочевывали сюда и при грузинском (кахетинском) владычествею Это обстоятельство, как и малоземелье, привлекло дагестанцев в Кахетию небольшими группами".167. ლეკები, როგორც ეს შესწავლილია რიგი ავტორების მიერ, მოიწევდნენ საქართველოსაკენ და აქ ესახლებოდნენ. ისინი ჩამოდიოდნენ სამუშაოდ, ხელზე მოსამსახურეებად, მიწის მუშებად, მკალავებად, ნახშირის გამომწველებად, ქვის მთლელებად, მეწაღეებად, მკერავებად, დურგლებად და სხვ. შირაქსა და აღიზლოში მოჰყავდათ თავიანთი ცხვრის ფარები და საზამთრო საძოვრებს აქ მართავდნენ168. ასე, რომ საძოვრების, სამუშაოს საძებრად, სავაჭროდ ხარკის ჩამოსატანად თუ დაქირავებულ ლაშქრად ჩამოსული დაღესტნელები ეცნობოდნენ რა მკვიდრი მოსახლეობის ინტენსიურ მეურნეობას, სიმდიდრეს და სხვ. როგორც მ.დუმბაძე შენიშნავს, აქ დარჩენის გუნებაზე უნდა დამდგარიყვნენ169. მხოლოდ იმაში ვერ დავეთანხმებით მ.დუმბაძეს, რომ ჩამოსახლებულები და დაღესტნიდან მოდენილი ახალი ტალღები თავიდანვე უდიდეს ზიანს აყენებდნენ დაწინაურებულ და მდიდარ, განვითარებული მიწათმოქმედების მქონე კახეთის მოსახლეობას170. ასეთი მდგომარეობა ძირითადად შეიძლება XVII ს. დასასრულიდან ვივარაუდოთ, ხოლო რაც შეეხება უფრო ადრინდელ პერიოდს, ვფიქრობთ, პირიქით უნდა ყოფილიყო: ლეკები ერწყმოდნენ ქართულ ფეოდალურ ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას და რამდენადმე თავისი წვლილიც კი შეჰქონდათ მის განვითარებაში. არ არის გამორიცხული აგრეთვე ქართველ მეფე-მთავართა მიერ თავის საგარეო, კლასობრივ თუ შიდაკლასობრივ ბრძოლებში მოწვეული და გამოყენებული "დიდოთა", "ლეკისა და კავკასიის", (119) "ლეკნის და ყივჩაყნის" თუ "ლეკნისა და თარასნის"171 რაზმეულთა ნაწილის საქართველოში დარჩენისა მუდმივ საცხოვრებლად172. ლეკური მოდგმის იმ სამხედრო ნაწილებს, რომლებაც ქართულ ფეოდალურ ლაშქარში უხდებოდათ ბრძოლა, არ შეიძლებოდა არ განეცადათ ფეოდალური საქართველოს კულტურული გავლენა173. ამას კი თავის მხრივ არ გამოეწვია მათში საქართველოში დარჩენის სურვილი, მით უფრო თუ ერთგულებისა და სამსახურის გამოჩენისათვის ისინი აყვანილი იქნებოდნენ ქართულ თავადაზნაურულ წოდებაში და ამისდა შესაბამისად ებოძებოდათ ყმა-მამულებიც. ამ პერიოდში, ჩვენის აზრით, შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა მთიელთა ბარში ჩამოსახლების - დ.გვრიტიშვილისეული კლასიფიკაციით ორ ფორმას. პირველი: ქართველ მეფე-ერისთავთა თუ მთავართა მიერ წინასწარი შეთანხმებით გარკვეული ჯგუფების გადმოყვანასა და დასახლებას თავის მიწა - წყალზე და მეორე - ეკონომიურად შევიწროვებული გლეხების ნებაყოფლობით დაყმობას ქართველი ფეოდალებისადმი174. დაღესტნელთა საქართველოში ჩამოსახლების პროცესი უნდა გაინტენსივებულიყო თათარ - მონღოლთა ჩრდილო კავკასიაში გაბატონების შედეგად, როდესაც მათ იმიერკავკასიის ველები დაიჭირეს და თავის სამომთაბაროდ აქციეს, რის გამოც მთას შემოხიზნული ადგილობრივი მოსახლეობა - ჩერქეზ-აფხაზური მოდგმის ტომები, ოსები, ღუნძ - ღილღვები თანდათან ამიერკავკასიისაკენ წამოვიდნენ და პირაქეთი კავკასიის ტომებს - აფხაზებს, დვალებს, ფხოველებსა და სხვ. შეერივნენ. ჩამოწოლა - ჩამოსახლების ეს პროცესი, როგორც სამართლიანად შენიშნავს ნიკო ბერძენიშვილი, ზოგგან ნელა და შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა, ზოგგან კი განსაკუთრებით ქართლში, ის სწრაფი და მტკივნეული აღმოჩნდა175. ვფიქრობთ, რომ ლეკურ - დაღესტნური ტომების ქართულ მიწა-წყალზე ჩამოსახლების პროცესი X-XVI სს. ბოლო მეოთხედამდის ხელა, ნაკლებ მტკივნეულად და შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა, რის გამოც მოხდა ალბათ, რომ ქართულ წყაროებში ის (120) ნაკლებად აისახა, ვიდრე ოსებისა ქართლში176. ეს გარემოება კი განპირობებული იყო იმით, რომ ლეკურ - დაღესტნური ტომები, ცალკეული პიროვნება თუ მცირერიცხოვანი ჯგუფები ამ პერიოდში არ აწარმოებდნენ ქართველ თავადაზნაურთა წინააღმდეგ საადგილმამულო ბრძოლას, ანუ უფრო ზუსტად მათ ქართული თავადაზნაურობის მიწისმფლობელობა არ დაუყენებიათ საფრთხის წინაშე, რაც სხვა შემთხვევაში გამოიწვევდა სასტიკ და დაუნდობელ ბრძოლას რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ ოსების მიმართ. ასეთ ვითარებაში ძნელი არ უნდა ყოფილიყო ჯერ ერთიანი საქართველოს, ხოლო შემდეგ კი ძლიერი კახეთის სამეფოს „ქართველობისათვის“ ამ ჩამოსული ტალღების შეერთება - შესისხლხორცება. ამიტომ იყო, რომ ლევან კახთა მეფის დროს (1520-1574. წწ.), როდესაც კახეთი "აღვსილი იყო მშვიდობით", თუმცა "კავკასთა არა მორჩილებდენ" მას, მაგრამ, ვახუშტის სიტყვით, "გარნა ვერც არას ჰყოფდნენ სავნოს მისსა"177, მან 1549 წ. ახლო ხანებში თამამად ჩამოასახლა ლეკურ-დაღესტნური ტომების ერთი პარტია თავის სამეფოში. "ხოლო მთის ძირს არს ფიფინეთი, სად დასხნა მეფემან ლევან ლეკნი, რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიდამ ყინული და იყო არჩილამდე ეგრეთ. შემდგომად იწოდა ჭარი და ყვეს სიმაგრე"178. ინტერესმოკლებული არ არის ზ.ედილის შენიშვნა ვახუშტის ამ ცნობასთან დაკავშირებით. იგი თვლის, რომ ლევანმა ლეკები თავდაპირველადვე ფიფინეთში კი არ დაასახლა, რომელიც ქართველებით მჭიდროდ ყოფილა დასახლებული და სადაც მართლაც მრავალი ნასახლარი და სამი ეკლესიაც ყოფილა აგებული, არამედ იქვე მდინარის მეორე, მოპირდაპირე მხარეზე, საიდანაც პირდაპირი გზა მიდიოდა ჭარში. თვით სახელი ჭარი ლეკურად გზა-კვალს ნიშნავსო რითაც ლეკები დაღესტნისაკენ მიმავალ გასავალს აღნიშნავდნენო179. თ.პაპუაშვილს დადგენილი აქვს, რომ ჭარი-ჩორი, გამოითქმება ჭარად, ჩარად და საერთოდ ნიშნავს კარს180. თუ ყველაფერი ეს ასეა, მაშინ ვახუშტის ცნობაც შეიძლება სხვაგვარად გავიგოთ და რაც მთავარია, ეს გაგება უფრო ახლოს იქნება თვით ისტორიულ ვითარებასთან. ასე მაგალითად, ლევანმა ლეკები თავდაპირველად ჩამოასახლა ჭარში ფიფინეთის მოპირდაპირედ და მის ახლო, სადაც ისინი (121) იყვნენ "ვიდრე არჩილამდე", ხოლო არჩილის "შემდგომად" ე.ი. 1675 წ. ზევით, როდესაც ყიზილბაში ხანების მმართველობის პერიოდი დაიწყო, მათ, ჭარელებმა ფიფინეთი დაიჭირეს და ვახუშტითვე რომ ვთქვათ მას "ეწოდა ჭარი". ასე რომ, ჩვენის აზრით, ზ.ედილის შენიშვნა მთლად სიმართლეს არ უნდა იყოს მოკლებული. ქართული წყაროების მიხედვით ეს არის პირველი კომპაქტური ლეკური ახალშენი, რომელსაც ალბათ მომავალში სხვა ახალშენებიც მოჰყვა. პერიოდი XVI ს. 80-იანი წლებიდან XVII ს. 10-იან წლებამდე, ლეკურ - დაღესტნური ტომების ქართულ მიწა-წყალზე ჩამოსახლების თვალსაზრისით, შეიძლება ერთგვარ გარდამავალ პერიოდად მივიჩნიოთ ანუ პერიოდად, როდესაც, ალქსანდრე კახთა მეფის სიტყვით, "ათასწლოვანმა ყმებმა" გავლენა - მორჩილებიდან დაიწყეს გამოსვლა და თანდათან მოაწვნენ ბარს. განსხვავებით წინარე ხანასთან, ახლა დამახასიათებელია შეიარაღებული ლეკურ დაღესტნური დიდი ჯგუფების ცდა, რათა დაიკავონ ქართველებით დასახლებული ხეობები და სხვ. თუ XVI ს. 80-იან წლებამდე კახეთის სამეფო მაინც ახერხებდა მტკიცე ხელით და შედარებით ადვილად აელაგმა მთიელი აბრაგები და ლეკურ-დაღესტნური ტომების მეთაურები რამდენადმე მორჩილებაშიც ჰყოლოდა, ამიერიდან ბრძოლა მათ წინააღმდეგ ძალზედ გაძნელდა. შეიძლება ქართველებს მეტი წარმატებისათვის მიეღწიათ, რომ არა თურქეთ-ირანის შემოტევა, განსაკუთრებით ირანისა, შაჰ-აბასის მეთაურობით. შაჰ-აბასმა თავისი პოლიტიკით დიდად შეუწყო ხელი ლეკურ-დაღესტნური ტომების ბელადებს და ფეოდალებს თავიანთი მიზანი რამდენადმე მაინც განეხორციელებინათ. 1562 წ., მიუხედავად იმისა, რომ წახური ჯერ კიდევ კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შემოდიოდა181. შაჰ-თამაზმა წახურის მფლობელ ადიკურკულუბეგს საგანგებო ფირმანი უბოძა, სადაც აღნიშნავდა, რომ “ეს მფლობელი ჩვენი ერთგული ყმათაგანია. მისადმი ჩვენი მონარქიული მოწყალების გამო, მის მიწებს ნურავინ  შეეხება საქართველოს სამეფოს მოხელეთაგან, ერიდონ მის ჩივილსა და უკმაყოფილებას. საქართველოს მთავარს, ლევან-ხანს ევალება, რომ თვალყური ადევნოს ამ ჩვენი ბრძანების აღსრულებას"182. ირანის შაჰს არც თურქეთის სულთანი ოსმან II ჩამორჩა და მანაც იმავე ადიკურკულუბეგს, როგორც ერთგულ ყმას, სამემკვიდრეოდ მთელი რიგი სოფლები დაუმტკიცა 1592 წ.183. (122) 1603 წ., ერევნის აღების შემდეგ შაჰ-აბასმა "მოუღო ალექსანდრეს კაკი და მის წილ მოსცა შვიდასი თუმანი ყოველ წელსა”184. შაჰმა ალექსანდრეს ჩამორთმეული მიწები გამაჰმადიანებულ ქართველ თავად ვახვახიშვილს უწყალობა და იგი სულთნის პატივშიც აიყვანა. ასე ჩაეყარა საფუძველი ელისუს სასულთნოს185. ირანს ამჯერადაც არ ჩამორჩა თურქეთი. 1607 წელს ოსმან II წახურელ ალი სულთანს ერთგული სამსახურის საფასურად სოფლები - კახი, მუშაბაში, ზერნა, ლექეთი, ყუმი და ალაგიოზი უწყალობა186. თურქეთ - ირანის ასეთი ხელშეწყობით და დახმარებით, რასაკვირველია, კახეთისათვის მოიშალა დაღესტნური "დარიალის კარი", ხოლო ლეკურ - დაღესტნური ტომებისათვის კი იგი ფართოდ გაიხსნა. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს, ჩვენის აზრით, ბუტურლინის საშამხლო - დაღესტანზე ლაშქრობასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ფაქტი; კახეთში მყოფი რუსი ელჩები ივანე ნაშჩოკინი და ივანე ლეონტიევიჩი 1605 წ. იანვარში ბატონიშვილ გიორგის მოახსენებენ, რომ ყუმიკელები, რომლებიც გამოექცნენ დიდი ხელმწიფის ჯარებს მის სამფლობელო მიწებზე ძეგამთან ახლოს დასახლებულან, ხოლო სხვები კი თავისი ცოლებით, შვილებით და სხვა ნათესავებით ძეგამში ცხოვრობენო187. არ არის გამორიცხული სხვა მსგავსი მოვლენებიც. ცნობილია მაგალითად, რომ მთა-თუშეთში დასახლებულ ბარის ქართველებთან ერთად, რომლებიც ბატონყმობას ანდა სპარსელებისა და თურქების ბატონობას გამოექცნენ, დიდი რაოდენობით, იყვნენ აგრეთვე ჩრდილო-კავკასიელი მთიელები, კერძოდ, დიდოელები, ხუნძები, ლეკები, ქისტები და სხვ. (დართლოში, ფარსმანში, გირევში და სხვ.)188. ლეკურ-დაღესტნური ტომების ჩამოსახლება უფრო გაინტენსივდა შაჰ-აბასის მიერ ქართლ-კახეთის აოხრების შემდეგ, რომელმაც მართლაც გაუხსნა გზა დაღესტნელებს კახეთში. მაგრამ არ იქნებოდა სწორი, რომ "ლეკური უბატონო თემების" კახეთში გაჩენა ანუ მათი, ასე ვთქვათ, ერთდროულად და მასობრივად შემოჭრა მაინცადამაინც შაჰ-აბასის შემოსევებისათვის დაგვეკავშირებინა, როგორც ეს საერთოდ დღესაა ისტორიულ ლიტერატურაში მიღებული. შაჰ–აბასმა, რასაკვირველია, შექმნა ხელსაყრელი პირობები ლეკურ-დაღესტნური ტომების ქართულ მიწა-წყალზე ჩამოსახლებისათვის, რამდენადაც დააცარიელა ჩრდილო - აღმოსავლეთ კახეთის (123) რაიონები და ამდენად ეს მხარე ნაკლებ წინააღმდგომი გახადა მოახალშენეებისათვის, მაგრამ, მოვლენათა შემდგომმა მსვლელობამ ქართველებისათვის შესაძლებელი გახადა ამ მოახალშენეთათვის წინააღმდეგობა გაეწიათ და აჩქარებული ჩმოსახლების პროცესი რამდენადმე კვლავ შეენელებინათ. შაჰ-აბასის დროს რომ ჩამოსახლებულიყო კომპაქტურად ძირითადი მასა ჭარ-ბელაქნელი "ლეკების" ე.წ. "უბატონო თემები", მაშინ ჩვენის აზრით, ქართლ - კახეთს XVII ს. მესამე მეოთხედში დაახლოებით 1648-1677 წწ. ძნელია, რომ შეძლებოდა ამ მოახალშენეთა ისეთ მორჩილება ყოლა, როგორც ეს სინამდვილეში იყო (იხილეთ 20-30-იან წლებში კახელთა წახურელ ალი სულთანზე ლაშქრობა სარუბაშში და მისი სიკვდილით დასჯა. აგრეთვე 1664-7 წ. არჩილ მეფის ლაშქობა ჭურმუტელებზე. - თ.ბ.) ვფიქრობთ, რომ ეს გარემოება თავის მხრივ იმითაც უნდა განპირობებულიყო, რომ შაჰ-აბასის დროის წახურელ-ავარელნი ჯერ მხოლოდ ჩამოსახლებით დაკმაყოფილდნენ და იყვნენ, ასე ვთქვათ, ამ ახალი ტერიტორიების შეგუებისა თუ ათვისების პროცესში. XVII ს. მესამე მეოთხედის მშვიდობიან ხანას კომპაქტურად ჩამოსახლებისათვის არ უნდა შეეშალა ხელი. მეტიც, ალბათ ქართველები ურიგდებოდნენ კიდეც ასეთ მდგომარეობას, თვლიდნენ რა, რომ ეს მოსახლეობა დასჯერდებოდა უკვე მიღწეულს, ხოლო სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა მათი გამოყენებაც კი ერთგვარ დემიტარილიზირებულ ზონად პირიქითა დაღესტანსა და კახეთს შორის მომავალში დაღსტნიდან სხვა ახალი ტალღის შესაჩერებლად. ამ მხრივ საინტერესო უნდა იყოს თავად მიშეცკის ერთი ასეთი ცნობა: «А которые деревнишкн меж Крыму и Базару, и те деревнишки отданы кумыцким людем для того, как пойдут на Теймураза царя горские люди, кумыки, и они Теймуразу царю подают весть, чтоб з гор кумыцкие люди на него Теймураза царя бесвестию не пришли и над самим над ним дурна какова не учинили»189. ფაქტია, რომ XVII ს. მესამე მეოთხედში წახურელ - ავარელები ნომინალურად ჯერ ისევ ცნობენ თავის ყმობას კახეთის მიმართ190, რაც რასაკვირველია სავსებით არ გამორიცხავდა დროდადრო დაღესტნის ტომთა სხვა ბელადებისა თუ ფეოდალების თავდასხმას კახეთზე. მდგომარეობა დაღესტნელ და ჭარ-ბელაქხელ "ლეპებთან" დამოკიდებულება - ურთიერთობაში მკვეთრად იცვლება XVII ბოლო (124) მეოთხედსა და XVIII ს. დასაწყისში, როდესაც კახეთს ყიზილბაში ხანები განაგებდნენ. მათი მმართველობის პერიოდში, მათიიე აშკარა ხელშეწყობით, ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში და განსაკუთრებით კი შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ, უკვე ფენა-ფენად დადებული წახურელ - ავარული "ლეკური" მოახალშენეები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ და გაფორმდნენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებად ჭარ-ბელაქნისა და ელისუს სასულთნოს სახით, ანუ ავარულ (ჭარის, ბელაქნის, კატეხის, თალას, მუხახის და ჯინიხის) და წახურელ (ელისუს, ყარადულაკის. სუვაგილის და წახურის) ლეკთა "უბატონო თემებად". სწორედ ამ პერიოდში და შემდეგ. XVIII ს. მთელ მანძილზე ლეკთა ჩამოსახლების პროცესი საქართველოსთვის მეტად სწრაფი და მეტად მტკივნეული აღმოჩნდა, რაც უმალ აისახა კიდეც ქართულ წყაროებში. ასე რომ ჭარ - ბელაქნის საზღვრები, მის მცირე პოლიტიკურ ერთეულ ელისუს სასულთნოსთან ერთად ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური საზღვრების გარეშე საბოლოოდ XVII ს. დასასრულსა და XVIII ს. დასაწყისში მოექცა. ამიერიდან მათი ჩრდილოეთი საზღვარი გასდევდა კავკასიის მთავარ ქედს, რომლის გადაღმა ცხორობდნენ სოფ.ბელაქნის პირდაპირ - ჭურმუტელები, სოფ.კატეხის პირდაპირ - კესერუხები, სოფ.ჭარის - კალელები. სოფ.მუხარის - მიშლიშები, სოფ.ჯინიხის - კუსურები, ხოლო ელისუს სასულთნოს გადაღმა კი წახურები191. დასავლეთის მხრიდან ამ თემებს ესაზღვრებოდა კახეთის სამეფო, სამხრეთით შირაქის ველი, ხოლო აღმოსავლეთით კი შექის ანუ ნუხის სახანო. მთელი ეს ტერიტორია ძველად ჰერეთის ფარგლებში შედიოდა. კერძოდ იგი შეადგენდა მის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილს და ექვემდებარებოდა მაჭის ერისთავს (XI ს.); XV ს. კი კახეთში გატარებულ სამხედრო - ადმინისტრაციულ რეფორმებთან დაკავშირებით აღნიშნული ტერიტორია უკვე წუქეთის, ელისენისა და ჭიაურის სამოურაოებში მოექცა. წახურელ - ავარულ "ლეკთა" "უბატონო თემების" კახეთის ჩრდილო - აღმოსავლეთ ტერიტორიებზე საბოლოოდ ჩამოყალიბება - დამკვიდრება რამდენადმე განპირობდა აგრეთვე სოციალური მომენტით, რომელიც არ შეიძლება არ აღინიშნოს. ბუნებრივია რომ ლეკურ - დაღესტნური ტომების ჩამოსახლებას ფეოდალური კახეთის სხვადასხვა სოციალური კლასები სხვადასხვა კუთხით უყურებდნენ და ამისდა შესაბამისადაც მოქმედებდნენ. ასე მაგალითად, XVII ს. ბოლო მეოთხედამდე კახეთის მიწათმფლობელი არისტოკრატიის (125) დამოკიდებულება დაღესტნელ მთიელთა ჩამოსახლებისადმი მაინცდამაინც არ იყო გამწვავებული. ჯერ ერთი, ლეკები სახლდებოდნენ ალბათ იმ ტერიტორიაზე, სადაც თათარ-მონღოლთა, თემურ ლენგის თუ შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად ქართული მოსახლეობა რამდენადმე შეთხელებული ან ზოგან გაუკაცრიელებულიც იყო. ქართველი ფეოდალისათვის ხელსაყრელიც კი იყო ასეთი ჩამოსახლება, მით უფრო თუ მთის მკაცრი ცხოვრებით შევიწროვებული ავარელ - წახურელი ნებაყოფლობით შედიოდა მის "ბატონყმობის რიგში". მეორეც და რაც მთავარია, ჩამოსახლებულებს იმთავითვე ქართველ ფეოდალთა მიწისმფლობელობა საფრთხის წინაშე არ დაუყენებიათ და ამდენად სამამულო ნიადაგზე მათი ურთიერთობაც მწვავე კონფლიქტში არ გადადიოდა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მაგალითად ქართლში ოსთა ჩამოსახლების დროს. მდგომარეობა არსებითად შეიცვალა XVII ს. ბოლო მეოთხედში, როდესაც დაიწყო ლეკთა "უბატონო თემების" საბოლოო ჩამოყალიბება და რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო უკვე, აშკარა საფრთხის წინაშე დააყენა ქართველ ფეოდალთა მიწისმფლობელობის საკითხი. ამიერიდან ლეკთა ჩამოსახლება დაუნდობელ სამამულო ბრძოლაში გადადის, რამდენადაც მათი ქართულ მიწა-წყალზე დასახლების "წინაპირობა უკვე ფეოდალური მიწისმფლობელობის დარღვევა იყო, რაც თავისთავად ცხადია მეტად მტკივნეულად მოქმედებდა ქართველ ფეოდალთა ინტერესებზე. ქართველი თავადაზნაურობა თავს არ ზოგავს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენადაც ისინი ყმა მამულის აშკარა დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. ამან იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ ერთ-ერთი ქრონიკის ანონიმური ავტორის მოხდენილი თქმით "კახეთში თავადები აღარ დარჩნენ, ხოლო ჭარში კი ვაჟკაცებიო"192. XVII ს. ბოლო მეოთხედში შექმნილი მდგომარეობა ძირითადად XVIII, ს. მთელ მანძილზეც გაგრძელდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩამოსახლებისადმი დამოკიდებულების საკითხში თვით გაბატონებული ფეოდალური კლასის შიგნითაც არ არსებობდა ერთიანობა. ცნობილია, რომ ფეოდალთა ერთი ნაწილი ადგილზე დარჩა და ახალი პირობებისდა მიხედვით წარმართა თავისი "ბატონყმობის რიგი". მართალია, ისტორიკოსთა ერთი ნაწილი უარყოფს თავდაპირველ ლეკთა "ჯგუფური ანუ კოლექტიური სენიორიის", ხოლო შემდეგ კი მისგან გამოყოფილი ფეოდალური ზედაფენის შემადგენლობაში (126) ყოფილი კახელი ფეოდალების არსებობას193, მაგრამ აღნიშნული ფაქტი წყაროებისა და გამოკვლევების საფუძველზე არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

76 Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.241.

77 ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, (ზ.ქიჭინაძის გამოცემა), თბილისი, 1913, გვ.189, 377.

78 М.А.Полиевктов, Посольство князья Мышецкого Ключарева в Кахетию 1640-1643 гг., Тифлис, 1928, გვ.158.

79 М.А.Полиевктов, Посольство князья Мышецкого Ключарева в Кахетию 1640-1643 гг., Тифлис, 1928, გვ.18.

80 იქვე, გვ.149-150, 32.

81 იქვე, გვ.158.

82 იქვე, გვ.122-123, 129-130.

83 იქვე, გვ.57

84 М.Броссе, Переписка..., стр.52-53.

85 Русско-дагестанские отношения..., стр. стр. 47-49, 58-62, 73-76, 94-95, 129-131, 139-144, 146-154, 167-169.

86 Акты исторические, т.IV, 1842, стр.162.

87 М.А.Полиевктов, Посольство кн. Мышедкого стр.8-9, 16-17; იხ.მისივე, К вопросу о сношениях Ростома Карталинского с Москвою, Известия "ИЯИМК", №V-VI, Тбилиси, 1940, стр.523.

88 Русско-дагестанские отношения..., док.№ 61, გვ.134-137; А.А.Новосельский, Борьба Московского государства с Татарами в пер. пол. XVII в., Москва, 1948, стр.360; Н.Д.Смирнов, Политика России на Кавказе в XVI-XIX вв., М., 1958, გვ.48-50; Е.Н.Кушева, Народы..., стр.312-313, 316, 322-323.

89 М.Броссе, Переписка.... стр.X.

90 М.А.Полиевктов, Материалы..., стр.115, 294.

91 М.А.Полиевктов, Посольство князя Мышецкого... стр.147.

92 Русско-дагестанские отношения ..., стр.169.

93 Русско-кабардинские отношения ..., т.I, док. №165, стр.268; Русско-дагестанские отношения..., док. №80, стр.176; Е.Н.Кушева, Народы..., стр.322.

94 ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, ტ.II, ს.ყაუხჩიშვილის გამოც., 1959, გვ.427; თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.II, გვ.464.

95 Н.А.Смирнов, Политика России стр.52.

96 Русско-кабардинские отношения..., т.I, док. №188, გვ.298-299; М.А.Полиевктов, Посольство столника Толочанова и дьяка Иевлева в Имеретию 1650-1652, Тифлис, 1926, стр.34-35.

97 Русско-дагестанские отношения..., док. №85, стр.182-184; док.№86, стр.185186; док. №87, стр.188-189; იხ. Русско-кабардинские отношения..., т.I, док. №193, 194, 195, стр.302-306.

98 Русско-кабардинские отношения..., т.I, док.165, გვ.264-265; ი.ციციშვილი, ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1965, გვ.69, 79.

99 მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი, თარგმანი და შენიშვნები ვ.ფუთურიძის, მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, ნაკვ.30. თბილისი, 1964, გვ.384-385.

100 Русско-дагестанские отношения ..., док. №85, стр.182.

101 Армяно-русские отношения в XVII в., Сборник документов под ред. В.А.Парсаняна, Ереван, 1953, стр.19-20.

102 М.Д.Полиевктов, К вопросу о сношении Ростома Карталинского с Москвою, стр.523.

103 ი.ცინცაძე, ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ,  თბილისი, 1965, გვ.64, 73.

104 ი.ცინცაძე, ვასილ გაგარა.., გვ.44.

105 იქვე, გვ.54.

106 ი.ცინცაძე, დასახ. ნაშრ გვ.49.

107 იქვე, გვ.42.

108 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.188; Армяно-русские отношении в XVII , Стр.20-41; გ.პაიჭაძე, მასალები რუეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1652-1658 წწ.), საისტორიო მოამბე, გვ.445, 447 და სხვ.

109 Армяно-русские отношения в XVII в., стр.21; გ.პაიჭაძე, მასალები.., გვ.455, 447, 455 და სხვ.

110 გ.პაიჭაძე, მასალები.., გვ.455-456, 458 და სხვ.

111 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.188-189; გ.პაიჭაძე, მასალები.., გვ.461-469; იხ. ვ.მაჭარაძე, ჩანაწერები თეიმურაზ პირველის მოლაპარაკებისა მოსკოვში 1658 წ., თბ., სახ. უნივ შრომები, ტ.113, თბილისი, 1965, გვ.437-455.

112 ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს. საქართველოს ისტორიიდან, საქ-ს ისტ. საკ., ტ.II, გვ.150-151.

113 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ., გვ.52.

114 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.189

115 მოჰამედ თაჰერის ცნობები.., გვ.389, 393.

116 ვახუშტი. საქ-ს ც-ბა, გვ.189-190; მოჰამედ თაჰერის ცნობები.., გვ.392-393.

117 მოჰამედ თაჰერის ცნობები.., გვ.392-393.

118 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ.

119 ი.ცინცაძე, ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ,  თბილისი, 1965, გვ.55.

120 საქართველოს ისტორია, თბილისი, 1946 წ.. გვ.370; თ.პაპუაშვილი, ჭარ-ბელაქანი (კაკ-ენისელი) XIX ს. პირველ მესამედში. საკანდიდატო დისერტაცია, თბილისი, 1953, გვ.9, 61; მისივე, აღმოსავლეთ კახეთის სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, ი.გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ.III. 1959, გვ.181.

121 ნ.ბერძენიშვილი, აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.III, თბილისი, 1966. გვ.275.

122 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა. გვ.193.

123 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა. გვ.193.

124 ჯ.სონღულაშვილი, თოვლისა და ყინულის შენახვის ხალხური წესები თბილისის სანახებში, აკად. ს.ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XXII-13, 1962, გვ.171.

125 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა. გვ.165.

126 "არჩილიანი", დას. გამოცემა. ტ.II, გვ.39.

127 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა. გვ.193.

128 იქვე, გვ.85-86, 90-92.

129 იქვე, გვ.198.

130 ნ.ბერძენიშვილი, საქართველო XVIII საუკუნეში, საქ.-ს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.198; მ.დუმბაძე, დას. ნაშრ., გვ.21.

131 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.196.

132 იქვე, გვ.196.

133 А.Бакиханов, Ук. Соч., стр.101.

134 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.97.

135 ქ.შარაშიძე, საქართველოს ისტორიის მასალები XV-XVIII სს., მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, ნაკვ.30, თბილისი, 1954, გვ.242.

136 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.96-97, 325-327, 382; М.Броссе, Переписка стр.136.

137 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.382; ქ.შარაშიძე, დას. ნაშრ., გვ.244.

138 М.Броссе, Переписка... стр.XX.

139 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.322.

140 იქვე, გვ.323-324.

141 იქვე, გვ.197-198.

142 იქვე, გვ.197.

143 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.198.

144 იქვე.

145 იქვე, გვ.202.

146 А.Бакиханов, Ук. Соч., стр.102.

147 დ.მეგრელაძე, დას. საკანდ. დისერ., გვ.90.

148 ნ.ბერძენიშვილი, აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.III, თბილისი, 1966, გვ.268.

149 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.203.

150 ნ.ბერძენიშვილი, აღმ. კახეთის წარს., საქ. ისტ. საკითხები, ტ.III, გვ.271.

151 И.Петрушевский, Джаро-беллканские вольные общества в первой трети XIX в.. Тифлис, 1934, стр.11; საქართველოს ისტორია, დამხ. სახელმძ., თბილისი, 1958, გვ.245.

152 მ.დუმბაძე, აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბილისი, 1953; И.Петрушевский, Ук. соч., стр.13.

153 მ.ბერძნიშვილი, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები XIII საუკუნის დამდეგს, კრებ. საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966, გვ52.

154 ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.243-244; ვახუშტი, აღწერა.., გვ.96; ბერი ეგნატაშვიი, ახალი ქართლის ცხოვრება, "ქართლის ცხოვრება", ტ.II, გვ.414; არჩილიანი, ტ.II, თბილისი, 1937, გვ.82; А.Бакиханов, Ук. Соч., стр.128; Хроника войн Джара в XVIII столетии, Им. Аз. ГНИИ, Баку, 1931, стр.15, 23; С.Л.Белокуров, Сношения стр.59, 293.

155 ზ.ედილი, საინგილო, თბილისი, 1947, გვ.45.

156 ა.ჩხენკელი, მზიან საინგილოში, თბილისი, 1957, გვ.7.

157 ზ.ედილი, საინგილო, თბილისი, 1947, გვ.45.

158 ა.ჩხენკელი, დას. ნაშრომი, გვ.7; ქ.ჩხატარაიშვილი - უცხოელები XII ს. საქართველოს ლაშქარში, კრებ. საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966, გვ.174.

159 ვახუშტი, აღწერა..., გვ.95; მისივე, საქ-ს ცხოვრება.

160 ჯუანშერი, ცხოვრება..., "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.243-244

161 ვახუშტი, აღწერა..., გვ.95-96.

162 ჯუანშერი, ცხოვრება..., "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.243-244; ვ.ლაგაზიძე, თუშეთის ისტორიიდან (XVII-XVIII სს.), "მაცნე", გვ.4, თბილისი, 1965, გვ.72.

163 ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, "ქართლის ცხოვრება", ტ.I,  გვ.111-112.

164 ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, "ქართლის ცხოვრება", ტ.II, გვ.348.

165 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.158.

166 ზ.ანჩაბაძე და მ.ცინცაძე, საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია XII საუკუნისა და XIII ს. I ნახევარში. კრებ. საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966, გვ.148-149; ზ.ედილი, საინგილო, თბილისი, 1947, გვ.35.

167 И.Петрушевский, Ук. соч., стр.11.

168 ზ.ედილი, საინგილო, გვ.35; Аварцы, "Народы Кавказа", т.I, М., 1960. стр.443; Даргинцы, стр.471; იქვე, Лакцы, стр.491; იქვე, Лезгины, стр.507-508; იქვე, Цахуры, стр.549; М.А.Коцебу, Сведения о Джарских владениях - 1826; Сборник. История, география и этнография Дагестана, XVIII-XIX в. М., 1958, стр.252; მ.დუმბაძე, საარქივე საბუთები ჭარ-ბელაქნის შესახებ, საისტორიო მოამბე, ტ.4, თბილისი, 1950, გვ.505.

169 მ.დუმბაძე, აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბილისი, 1953, გვ.13.

170 იქვე.

171 ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, "ქართლის ცხოვრება", ტ.I გვ.45-46; იხ.ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.220; იხ.ცხოვრება მეფეთა-მეფისა დავითისი "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.344-345; იხ.ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, "ქართლის ცხოვრება", ტ.II გვ.19.

172 ქ.ჩხატარაიშვილი, დას. ნაშრ. გვ.162.

173 ზ.ანჩაბაძე, და მ.ცინცაძე, დას. ხაშრ., გვ.150

174 დ.გვრიტიშვილი, დვალთა ვინაობის და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის, "მიმომხილველი", ტ.I, თბილისი, 1949, გვ.119.

175 საქართველოს ისტორია, დამხ. სახ., თბილისი, 1958, გვ.245

176 გ.თოგოშვილი, საქართველო-ოსეთის ურთიერთობის ისტორიიდან (უძველესი დროიდან XIV ს. დამლევამდე), სტალინირი, 1958, გვ.185-224.

177 ვახუშტი, საქ-ს ც-ბა, გვ.164.

178 ვახუშტი, აღწერა..., გვ.96; მისივე, საქართველოს ცხოვრება, გვ.165.

179 ზ.ედილი, დას. ნაშრ.., გვ.36.

180 თ.პაპუაშვილი, დას. საკანდ. დის., გვ.37.

181 С.А.Бeлокуpов, Сношения ..., стр.59, 293.

182 Акты Кавказской археографической комиссии, т.II, дополнение II, док. №I, стр.1085.

183 საქართველოს ცსსა, ფონდი 236, აღწერა 2, საქმე N88, ფ.8-9.

184 ვახუშტი, საქს ც-ბა, გვ.169.

185 თ.პაპუაშვილი, დას. საკანდ. დის., გვ.55.

186 საქ. ცსსა ფონდი 236, აღწ.2, საქმე N9 88, ფ.12.

187 С.А.Бeлокуpов, Сношения ..., стр.481.

188 ვ.ლაგაზიძე, დას. ნაშრ., გვ.71-72.

189 М.А.Полиевктов, Посольство кн. Мышецкого… стр.159.

190 თ.პაპუაშვილი, დას. საკ.დის., გვ.59.

191 М.А.Коцебу, Сведения о джарских владениях, История, география и этнография Дагестана. XVIII-XIX вв., М., 1958, стр.252.

192 Хроника войн Джара в XVIII столетии, стр.8.

193 В.Иваненко, Гражданское управление Закавказьем. იხ. Утверждение русского владычества на Кавказе, т.XII, Тифлис, 1901, стр.269; იხ. С.Авалиани, Крестьянский вопрос в Закавказье, т.III, Одесса. 1914 стр.119; И.Петрушевский, Джаро-Белаканские вольные общества стр.58.