topmenu

 

თ.ლეთოდიანი - მურის ციხის ისტორიისა და ახლანდელი მდგომარეობისათვის

<უკან დაბრუნება...<<მურის ციხე<<<ცაგერის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>


თამარ ლეთოდიანი

მურის ციხის ისტორიისა და ახლანდელი მდგომარეობისათვის

ჟურნალი "ქართველოლოგია", 2015 წ., N5, გვ.46-59

მუდამ მტრის თავდასხმის მოგერიებასა და თავდაცვაზე ორიენტირებული, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შუა საუკუნეებში იფარება საფორტიფიკაციო ნაგებობების ერთიანი ქსელით, რომლის ორგანიზებას საფუძველი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ჩაეყარა. საფორტიფიკაციო ნაგებობები თითოეულ რეგიონში გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც საქართველოს გეოგრაფიული მრავალფეროვნება განაპირობებს. ამ მხრივ საქართველოს კუთხეებს შორის ერთ-ერთ საინტერესო, გამორჩეული და ნაკლებად შესწავლილი მხარეა ლეჩხუმი, რომელიც ანტიკური ხანიდან მოყოლებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენდა საქართველოში, რასაც უპირველესად აქ გამავალი თაკვერის გზის არსებობა განსაზღვრავდა. ის ქედის გადაღმა მცხოვრებ ჩრდილო კავკასიურ ტომებს დასავლეთ საქართველოს ბართან აკავშირებდა და ზღვით კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა. ამას ემატებოდა სვანეთიდან მომავალი ერთ-ერთი უმოკლესი გზა ბარისაკენ, რომელიც სწორედ ლეჩხუმზე გადიოდა. ადრე შუა საუკუნეებში, ლეჩხუმში, ამ გარემოების შედეგად, თავდაცვის გაძლიერებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. საჭირო გახდა მთავარი გზების გაკონტროლება, ჩრდილოელი ტომების თავდასხმებისაგან ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრების დაცვა. ყურადსაღებია, რომ ეს ტომები საფრთხეს უქმნიდნენ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ბარს, არამედ ბიზანტიასაც, რაც კიდევ უფრო ზრდიდა პრობლემის აქტუალობას. ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად და ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ლეჩხუმში მრავლად იგება ციხე-სიმაგრეები. განვითარებული შუა საუკუნეებიდან ლეჩხუმის სტრატეგიული მნიშვნელობა უფრო მეტად გაიზარდა. ეს ხვამლის "მეფეთა საგანძურთ სადებად“1 ქცევამ განაპირობა. შედეგად ეს მხარე მთლიანად ციხე-სიმაგრეების ქსელით დაიფარა. ამ სისტემის ფუნქციას წარმოადგენდა, როგორც ჩრდილოელი ტომებისათვის გზის ჩაკეტვა და კონტროლი, ასევე ქვეყნის საგანძურის დაცვა. გვიან შუა საუკუნეებში ისევე, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ლეჩხუმშიც დაეცა ახალი ციხე-სიმაგრეების მშენებლობის ტემპი. ძირითადად მიმდინარეობდა ციხე - სიმაგრეების აღდგენა - გამაგრების სამუშაოები. ასევე, მოხდა მათი სახეცვლა და მორგება იმ ახალი მოთხოვნებისადმი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შემოღებასთან იყო დაკავშირებული. ამდენად, შემორჩენილ ციხე-სიმაგრეთა უმრავლესობას სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი ეტყობა. ლეჩხუმის საფოტიფიკაციო ნაგებობებს შორის- მდებარეობით, სტრატეგიული მნიშვნელობით, ფუნქციური დატვირთვით ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია მურის ციხე, რომელიც სვანეთ-ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს და მეტად მიუდგომელ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. მურის ციხე, მის მოპირდაპირე, კლდოვან ნაპირზე მდგარ რაგვის (იგივე ლაწუნდარას) კოშკთან ერთად, კეტავდა ცხენისწყლის ხეობიდან ბარისაკენ მიმავალ გზებს. მურის მიდამოებში ადამიანის კვალი ადრეული პერიოდიდან დასტურდება. აქ აღმოჩენილია ანტიკური ხანის ქვევრ სამარხები, ბრინჯაოს, რკინის, კერამიკის და ოქროს ნივთები2. გარდა ამისა, მურის ციხის დასავლეთი კოშკის ძირში მდებარეობს VII საუკუნის დიდი ფილოსოფოსის და საეკლესიო მოღვაწის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი და საფლავი. პირველი ცნობები მურის ციხეში მაქსიმე აღმსარებლის განსასვენებლის შესახებ კ.კეკელიძისა და ა.ბრილიანტოვის მიერ მიკვლეულ იქნა XII საუკუნის N222 ხელნაწერის 440 გვერდის თავისუფალ არშიაზე. აქ ამოკითხულია შემდეგი მინაწერი „წმ.მაქსიმეს გვამი განისვენებს (მურის ციხეში) ცაგერის ახლოს“3. დავით კოპალიანის მოსაზრებით წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ბიზანტიიდან ლაზიკაში გადმოსახლების ადგილად მიჩნეული ერთ-ერთი პროვინციის ციხე-სიმაგრე სხიომარი - სქიომარის ადგილსამყოფელს და მის მიმდებარე ტერიტორიას უხსოვარი დროიდან და დღესაც ეწოდება „ციცხნარი“ (ციხეების ადგილსამყოფელმა მიიღო სახელი „ციხნარი“ და დღეს მას დამახინჯებულად უწოდებენ „ციცხნარს“), ხოლო მისი მეორე სახელწოდება „მური“ მომდინარეობს შუა საუკუნეებიდან, რაც „ბოლს“ ნიშნავს4.

მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი

დ.ერმაკოვის ფოტო (1910 წ.)

სქიომარის ციხე-სიმაგრის შესახებ ჯერ კიდევ VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი წერს: „იგი სკვიმნიიდან სვანეთისაკენ მიმავალ გზას ჰკეტავდა“5. სიმონ ყაუხჩიშვილი სქიომარს მოიაზრებს მურის ციხედ, რომელიც სვანეთისაკენ მიმავალ გზას კეტავდა და აკონტროლებდა, ხოლო სკვიმნიას კი, ლეჩხუმის უცხოურ შესატყვისად6. XVIII საუკუნის I ნახევრში მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით „ცხენისწყალსზედ, არს კავკასიის ძირს მურის ციხე, არავისგან შემუსვრილ-აღებული“7 და მის მიერ შექმნილ ატლასებში მურის ციხე მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის მახლობლად არის დატანილი. XVIII საუკუნის დასაწყისიდან მური დადიანების რეზიდენცია ხდება, რაც ციხის მდებარეობამაც განაპირობა. ის ლუხვანოს გზით სამეგრელოსთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი ციხე-სიმაგრეა. მისი ხელში ჩაგდება ლეჩხუმის დიდი ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლეოდა. ჩიქვან-დადიანების დინასტიის დროს ლეჩხუმში და მურის ციხეში მათი ბატონობა უფრო განმტკიცდა, რასაც ადასტურებს XVIII საუკუნის დასაწყისის საბუთში „ლეჩხუმის მჭირავ - მქონებლად და სვანეთის კლიტედ“8 მოხსენიება. 1770 წელს მურის საასახლეში გარდაიცვალა ერეკლე II-ის და ელისაბედი, სამეგრელოს მთავრის კაცია დადიანის მეუღლე, რომელიც ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არის დაკრძალული9. 1772 წელს გიულდენშტედი საქართველოში მოგზაურობის დროს ვერ ახერხებს ოდიშის და მის შემადგენლობაში შემავალი ლეჩხუმის ნახვას, მაგრამ ხონში ყოფნისას კრებს მონაცემებ სამ რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი პუნქტების შესახებ, სადაც იხსენიებს მურის ციხესაც10. იმას, რომ ციხე ძლიერ მიუდგომელია, საგანგებოდ აღნიშნავს გენერალი ტუჩკოვი: „ის თავისი ბუნებრივი მდებარეობით მეტისმეტად მაგარია“11. XIX საუკუნის მოღვაწე იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში „კალმასობა“, მურის ციხის შესახებ აღნიშნავს „ძველად ეწოდა თაკვერი“ და იქვე მდგარი ბაზილიკაზე საუბრობს, რომელშიც მაქსიმე აღმსარებელი იყო დასაფლავებული12. 1860-1862 წლებში გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი გუსტავ რადე მოგზაურობს სამხრეთ კავკასიაში საბუნებისმეტყველო კოლექციების შეგროვების მიზნით. მის ნაშრომში განხილულია ცხენისწყლის და ლაჯანურის ხეობები. ნაშრომს დართული აქვს მურის კოშკის „ჰკა მაგას“ ჩანახატი, რომელზეც ძეგლი სრული სახით იკითხება და ასევე მოცემულია მთავარ ციხეშიდაცული ერთ-ერთ ზარბაზანზე გაკეთებული ლათინური წარწერა და გერბი13.

მურის კოშკი „ჰკა მაგას“ გ.რადეს მურის ციხის ზარბაზნის ლათინური

ჩანახატის მიხედვით წარწერა და გერბი გ.რადეს

ჩანახატის მიხედვით

1867 წელს დ.ბაქრაძეს მურში უნახავს ორი ზარბაზანი. ერთი იყო „თათრული“ და მეორეს გააჩნდა ლათინური წარწერა „Opu Federical Mussara“14. 1885 წელს ბოროზდინის ცნობით, ციხის შეიარაღება 60-იან წლებში შეადგენდა ხუთ ზარბაზანს და საკმაოდ ბევრი ციხის თოფი. ყველაზე დიდი ზარბაზანი შვედური ყოფილა. თუ იგი საიდან მოხვდა ლეჩხუმში, უცნობია. ყარსის აღებასთან დაკავშირებით კი წერს- სამეგრელოს მთავარმა ეკატერინემ გასცა ბრძანება ესროლათ მურის ზარბაზნები „შვედურმა ზარბაზანმა თავისი მძლავრი ხმა უთვალავის გამოძახილით მოსდო ლეჩხუმის მთა და ბარს“15. 1902-1903 წლებში ამბროსი ხელაია, შემდგომში უკვე საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი, მოგზაურობს რაჭა - ლეჩხუმში. იგი აღწერს ამ მხარეებში არსებულ მონასტრებს, იქ დაცულ სიძველეებს და მათ შორის მურის ციხესაც არ უვლის გვერდს და მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს16.

მურის კოშკი „ჰკა მაგას“ მურის თავციხე - დ.ერმაკოვის

დ.ერმაკოვის ფოტო (1910წ.) ფოტო (1910 წ.)

შემორჩენილია 1910 წელს ექ.თაყაიშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილ ლეჩხუმ-სვანეთის ექსპედიციის წევრის დ.ერმაკოვის ფოტომასალები მურის ციხის და კოშკების იმ დროინდელი მდგომარეობის შესახებ. იგი ახლდა ასევე 1914 წელს მურის ციხეში წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავის მოძიებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელშიც ნ.მარი, დ.ყიფშიძე, ე.მიქელაძე და ნ.ტიხონოვი იღებდა მონაწილეობას. ეროვნულ არქივში დაცულ გიორგი ბოჭორიძის პირად ფონდში ინახება 1923-1926 წლებში ლეჩხუმში აღწერილი ძეგლების შესახებ მასალების ნაწილი. მათ შორის არის მურის ციხისა და მაქსიმე აღმსარებლის მონასტრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებული არ არის17. 1938 წლის გ.ჩიტაია ლეჩხუმის ექსპედიციის მოკლე ანგარიშში იხსენიებს მურის ციხე-სიმაგრეს გვირაბით და იქ არსებულ ქვაბულებს18. საინტერესო და მნიშვნელოვანია 1945 წელს არქ. მ.კალაშნიკოვის ანაზომები, რომელიც ასახავს ძეგლის იმდროინდელ მდგომარეობას. მ.ალავიძის მიერ შეკრებილი ხალხური თქმულების მიხედვით „მურის ციხე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. ის პირველად ეკუთვნოდა შვიდ ძმა ჩარკვიანს, რომლებიც ქვემო სვანეთს ფლობდნენ. კაცია ჩიქვანს მათი გაძლიერების ეშინოდა. გორდის სასახლეში მიიპატიჟა ისინი და ღალატით დახოცა“19. ამის შემდეგ კაცია დადიანი განაგებდა არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმს. ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილია ასევე ცნობები ოსმალების მიერციხის აღების უშედეგო მცდელობის შესახებ. მ.ალავიძის მიერ შეგროვებული ზეპირი გადმოცემების მიხედვით „მურის ბალავერი IX საუკუნისაა, დანაშენი კი XII საუკუნეს ეკუთვნის“20. შემდგომ, მეცნიერთა ჯგუფი- დ.ბერძენიშვილი, ი.ბანძელაძე, მ.სურამელაშვილი, ლ.ჭურღულაია ახდენენ მურის ციხე - კოშკების მოკლე აღწერას და ურთავენ მთავარი ციხის გეგმას და ფოტომასალას21. შემორჩენილია 1986 წელს ნ.თათარაშვილი მიერ აზომილი და გ.ბოჭოიძის, შ.ქუთელიას და ცინცაძის მიერ გამოხაზული გეგმები და ფოტო მასალა22. მოგვეპოვება, აგრეთვე, 1986 წელს გ.მორბედაძის მიერ გადაღებული ფოტომასალა23. დღეს მურის ციხე - სიმაგრე  ნანგრევების სახით არის შემორჩენილი. ის 1991 წლის მიწისძვრის შედეგად კიდევ უფრო დაზიანდა. მურის ციხე აერთიანებს მთავარ ციხეს და ორ ცალკე მდგომ კოშკს. ერთ-ერთი კოშკი ლეჩხუმ-სვანეთის სასაზღვრო ხაზთან ახლოს, ფერდზეა აგებული. მისგან შედარებით დიდი ინტერვალითარის დაშორებული, აღმოსავლეთით, მთის სერის კლდოვან შემაღლებაზე მდებარე მთავარი ციხე, რომელთან შედარებით ახლოს, ასევე, მთის სერზეა აგებულია მეორე კოშკი. მურის ციხის ანსამბლში შემავალი თითოეული ეს ნაგებობა დამოუკიდებელი სახელწოდებებით მოიხსენიება, რაც ამ ციხე-კოშკების ფუნქციებით არის ნაკარნახები, მაგრამ არსებობს გარკვეული უზუსტობები სახელების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით.

მურის ციხე-კოშკების განლაგება არქ. მ.კალაშნიკოვის 1945 წლის ანაზომის მიხედვით

1914 წელს დ.ყიფშიძის მიერ შესრულებულ გეგმაზე იკითხება შემდეგი თანმიმდევრობა ციხე-კოშკების სახელწოდებებისა: პირველი კოშკი რომელიც აღმოსავლეთით მდებარეობს - „მაგრად დახვდი“, მთავარ ციხეს - „ჰკა მაგას“, ხოლო დასავლეთით, წმ.მაქსიმე აღმსარებლის მონასტრის თავზე მდებარე კოშკს - „არ გაუშვა“24. გ.ბოჭორიძის მიხედვით აღმოსავლეთი კოშკს ეწოდება - „დახვდი“, მეორეს - „დაჰკარი“, ხოლო მესამეს - „არ გაუშვა“. მ.ალავიძის მიერ შეგროვებული ხალხური გადმოცემების და მ.კალაშნიკოვის გეგმის მიხედვით, მურის ციხე არ იმეორებს დ.ყიფშიძის და გ.ბოჭორიძის მიერ მოცემულ ციხე-კოშკების სახელწოდებების თანმიმდევრობას. მ.ალავიძის და მ.კალაშნიკოვის მიხედვით: აღმოსავლეთ კოშკს ეწოდებოდა „ჰკა მაგას“, რომელსაც სათვალთვალო ფუნქცია ეკისრებოდა და თავციხისათვის „მარჯვედ (მაგრად) დახვდი“ უნდა ეცნობებინა მტრის მოახლოება, ხოლო დამარცხებულ მტერს, რომელიც პირს იბრუნებდა დასავლეთით მდებარე კოშკთან „არ გაუშვა“ უნდა გაევლოთ. მ.კალაშნიკოვის და მ.ალავიძის მიერ დაფიქსირებული მურის ციხე-კოშკების სახელწოდებების ქრონოლოგია, შესაძლებელია უფრო ლოგიკურად და სწორად ჩაითვალოს, ამიტომ ვიყენებთ სახელწოდებებს აღნიშნული თანმიმდევრობით. კოშკი „ჰკა მაგას“ თავციხის აღმოსავლეთით მდებარეობს და შედარებით კარგად არის შემორჩენლი. გეგმაში სწორკუთხა ფორმისაა და ზემოთ ვიწროვდება. კოშკი ოთხსართულიანი უნდა ყოფილიყო. მისი ინტერიერი და ექსტერიერი დაფარული იყო ნალესობით, რისი კვალი ეხლაც ნათლად იკითხება. შესასვლელი კოშკის დასავლეთ მხარეს, მეორე სართულის დონეზეა გაჭრილი. მეოთხე სართული შვერილი თაღედით და მაშიკულებით სრულდებოდა, რომლის მხოლოდ შვერილი თაღედის ფრაგმენტები იკითხება. სართულშუა გადახურვა ხის უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს მეორე სართულის დონეზე არსებული ხვრელობებში ხის ძელების ფრაგმენტების არსებობა. გუსტავ რადეს მიხედვით კოშკს ხის, პირამიდული გადახურვა ჰქონდა. დღეისათვის კოშკის ზედა სართულიდან ჩამოშლილი ქვების ნაწილი ინტერიერში არის მოქცეული. ამ დაზიანების გარდა შიდა სივრცის აღქმას მცენარეული საფარი და მომცრო ზომის ხეები უშლის ხელს.

მურის კოშკი „ჰკა მაგას“

თავციხე „მაგრად დახვდი“ გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხა ფორმას მიახლოებული, ირეგულარული გეგმარებისაა, რაც რელიეფმა განაპირობა. ციხეში ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულის დონეზე სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან არის გაჭრილი. მთავარი ციხე საკმაოდ დაზიანებულია. დ.ერმაკოვის ფოტომასალების და მ.კალაშმიკოვის ანაზომების მიხედვით, ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარეობდა სწორკუთხა გეგმარების კოშკი. მასზე აღმოსავლეთის მხრიდან მიჯრით მიდგმული იყო ნაგებობა. ორივე მათგანს სამხრეთი მხრიდან შვერილი თაღები მიუყვებოდა. კოშკს სამი, ხოლო მასზე მიბმულ შენობას ხუთი. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ეკავა ასევე კოშკს, რომელზეც დასავლეთით, მიჯრით მიდგმული იყო ნაგებობა, რომელიც დღეისათვის ფრაგმენტულად იკითხება. კოშკი წაგრძელებული სწორკუთხა ფორმისაა, რომლის ჩრდილოეთი კედელი კარგად იკითხება, ხოლო აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხარეს კედლის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. ავტორთა ჯგუფის მიერ 1983 წლის აღწერით, კოშკი ოთხსართულიანი უნდა ყოფილიყო25. სავარაუდოთ, ეს იყო დადიანების ციხე-სახლი, რომელიც ჩრდილოეთ კედლის გარდა სამივე მხრიდან ორმაგი კედლით იყო ამოყვანილი26. პირველი სართული შესაძლებელია სამეურნეო დანიშნულებისათვის ყოფილიყო განკუთვნილი, რაზეც მიწაში ჩაფლული ქვევრები მეტყველებდა27. თუმცა დღეს ქვევრების კვალი არ ჩანს.

მურის ციხე „მაგრად დავდი“

ზედა სართული საცხოვრებელადაა მიჩნეული, რაზეც კედლებში გაჭრილი დიდი ზომის სარკმლები მიუთითებს. სართულშუა გადახურვა ხის უნდა ყოფილიყო, რასაც ადასტურებს ხის ძელის ფრაგმენტები, რომელიც შემორჩენილია სართულშუა გაჭრილ ხვრელობებში. დ.ერმაკოვის ფოტოს მიხედვით  აღნიშნულ კოშკს მესამე და მეოთხე სართულის დონეზე სამ - სამი შვერილი თაღ - სალოდეები მიუყვებოდა. ციხის გარეთ, შედარებით ვაკე ადგილზე წყლის რეზერვუარი, ქვევრები და დამხმარე ნაგებობათა ნაშთი იყო შემორჩენილი28. გამომდინარე იქედან, რომ ციხის შიდა სივრცე და მიმდებარე ტერიტორია მცენარეული საფარით, ეკალბარდებით და ხეებითაა დაფარული, შეუძლებელი გახდა დამხმარე ნაგებობებისა და ქვევრების ადგილსამყოფელთან მიახლოვება და დღევანდელი მდგომარეობის ზუსტად დაფიქსირება. კოშკი „არ გაუშვა“ მდებარეობს ციხე-სახლის დასავლეთით. მაქსიმე აღმსარებლის მონასტრის ზემოთ, დამრეც ფერდობზე. კოშკი გეგმაში სწორკუთხაა. ნაგებობა 3 მეტრის სიმაღლემდეა შემორჩენილი. შესასვლელი კოშკში დღეისათვის აღმოსავლეთიდან პირველი სართულის დონეზეა. დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები ყრუა. სამხრეთ კედელში იკითხება სართულშუა გადახურვისთვის კედლებში გაკეთებული სამი ხვრელობი, რომელშიც ხის ძელების ფრაგმენტებია დარჩენილი. კოშკის ინტერიერი მოფენილია კედლებიდან ჩამოშლილი ქვებით და ეკალ-ბარდებით. სამხრეთ კედელში განირჩევა მხოლოდ ერთი ღიობი, რომლიდანაც კარგად ჩანს მურის ხიდი და მდინარე ცხენისწყალი. მურის კომპლექსში მთავარი იყო თავციხე, რომლის დაცვა უნდა უზრუნველეყო მის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდგარ კოშკებს. ციხის გეგმა რელიეფით არის ნაკარნახევი და ხასიათდება კომპაქტურობით, ლაკონურობით, რაც დამახასიათებელია მთის არქიტექტურისათვის.

მურის კოშკი „არ გაუშვა“

მთავარი ციხე გარკვეული პერიოდის მანძილზე ითავსებდა სხვადასხვა ფუნქციებს. ის იყო პირველ რიგში ციხე-სიმაგრე, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა სტრატეგიული მნიშვნელობის გზები. გარკვეული ცნობების მიხედვით ციხე ზოგ შემთხვევაში საპყრობილის ფუნქციასაც ასრულებდა. ამას ადასტურებს ზეპირი გადმოცემები, რომლის მიხედვით ბატონყმობის დროს ბატონისგან დასჯილი გლეხი იქ უნდა ყოფილიყო რამოდენიმე წელი „რკინის ჯაჭვით მიბმული და შებორკილი“29. მოგვიანებით, XVIII საუკუნის დასაწყისში მურის ციხე დადიანების რეზიდენცია ხდება. ციხის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდგარი კოშკები სათვალთვალო-დაზვერვითი ფუნქციის მატარებელი იყო. ისინი თავციხესთან ერთად ერთიან კომპლექსს და სათავდაცვო სისტემას ქმნიდა. ლეჩხუმის ციხეების ზოგადი მახასიათებლების გათვალისწინებით და, კონკრეტულად, ამ ციხის შესახებ არსებული ცნობების მიხედვით, შესაძლებელი ხდება მშენებლობის სხვადასხვა პერიოდზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ცუდად არის დაცული და არქეოლოგიურად არ არის შესწავლილი, შესაძლებელია რამდენიმე სამშენებლო ფენის გამოკვეთა. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით და წმ.მაქსიმე აღმსარებლის შესახებ არსებული წყაროების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე VI-VII საუკუნეებში უკვე არსებობდა ციხე-სიმაგრე. საგულისხმოა, რომ ციხის და კოშკების ადგილმდებარეობა, მთის რელიეფით ნაკარნახევი გეგმარება, განიერი სატრანსპორტო შესასვლელი ჭიშკრის არარსებობა, ასევე, მიუთითებს ადრეულ თარიღზე. ციხის დასავლეთ ნაწილში მდებარე კოშკი და მასზე მიჯრით მიდგმული ნაგებობის კედლების დიდი ნაწილი ამოყვანილია მტკიცე თარაზული წყობით, კარგად შერჩეული, თანაბარი ზომის ქვის კვადრებით, რაც ასევე ადრეული შუა საუკუნების ძეგლებისათვის არის დამახასიათებელი. მსგავსი წყობა შეინიშნება ციხის შესასვლელის მარცხენა მხარეს, კედლის ქვედა ნაწილში. განვითარებულ შუა საუკუნეებში, როდესაც მთლიანი რეგიონი იფარება საფორტიფიკაციო ნაგებობების ქსელით, სრულიად შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები განეცადა ციხეს. აღსანიშნავია, რომ ზეპირი გადმოცემების მიხედვით „ციხის საძირკველი IX საუკუნისაა, ხოლო შემდგომ XII საუკუნეში მოხდა მასზე დაშენება“30. ციხის შესასვლელის ირგვლივ არსებული კედელი, რომელიც დიდი და საშუალო ზომის ქვის კვადრებით, ნაკლებად მოწესრიგებული წყობით არის ნაგები, განვითარებულ შუა საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხეში შესასვლელი კარგადაა გააზრებული. გარედან მეორე სართულის დონეზე ადის, ხოლო ზღურბლს შიგნით დაფერდებაა, რაც მეციხოვნეებს შემომსვლელის კონტროლის მეტ შესაძლებლობას აძლევდა. გვიანი შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელ შესასვლელის გადიდებას აქ ადგილი არ ქონია, რაც რელიეფის და კონკრეტული ადგილის სპეციფიკით არის განპირობებული. ვ.ბერიძე მიხედვით მურის ციხე აგებულია იმერთა მეფის ბარატ III (1510-1565) მიერ ანუ გვიან შუა საუკუნეების საწყის პერიოდში31. შესაძლებელია ამ დროისათვის მოხდა ძეგლის რესტავრაცია, ხოლო როდესაც ციხე დადიანების ხელში გადადის ის კიდევ განიცდის სერიოზული სახის ცვლილებებს, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო გვიან შუა საუკუნეებში ცეცხლსასროლი იარაღის ფართო გამოყენებასთან. ნატეხი ქვით ნაგები ციხის კედლების ზედა ნაწილი, რომელიც სვანური ტიპის კოშკებისათვის დამახასიათებელი თაღ-მაშიკულებითა და სათოფურებით იყო აღჭურვილი გვიანი შუა საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხესა და კოშკებში გვხვდება გვიანი შუა საუკუნეების საწყისი პერიოდისთვის დამახასიათებელი სათოფეებისათვის საჭირო ამბრაზურის ჭრილები, რომლებიც მარტივი, ცალმაგი ფორმისაა. წერილობითი წყაროების მიხედვით ციხეში არსებობდა ხუთი ზარბაზანი32 და სავარაუდოდ იქნებოდა მისთვის განკუთვნილი სპეციალური ამბრაზურა, რომელიც აღარ არსებობს. რაც შეეხება ცალკე მდგომ კოშკებს „ჰკა მაგას“ და „არ გაუშვა“-ს, პირველი კოშკის ინტერიერი და ფასადების უმეტესი ნაწილი ნალესობით არის დაფარული. კოშკი ნაგებია ძირითადად დაუმუშავებელი ნატეხი ქვით, მაგრამ კუთხეების ამოსაყვანად  და შესასვლელის ირგვლივ ნაწილობრივ ჩართულია დიდი ზომის დამუშავებული ქვის კვადრები. ნატეხი ქვის გამოყენება და თხელი კედლები გვიან შუა საუკუნეებზე მიუთითებს, მაგრამ თავდაპირველ ფენებზე საუბარი ამ ეტაპზე ჭირს. იგივე შეიძლება ითქვას, კოშკი „არ გაუშვა“-ს შესახებ. ის ნაგებია ნატეხი, ერთმანეთზე კარგად მორგებული დაუმუშავებელი ქვის კვადრებით. კუთხეების ამოსაყვანად დიდი, დამუშავებული ქვის კვადრები არაა გამოყენებული, როგორიც კოშკ „ჰკა მაგას“ შემთხვევაში გვხვდება. მთავარი ციხე და მისგან აღმოსავლეთით, ცალკედ მდგარი კოშკი „ჰკა მაგას“ შვერილი თაღებით გვირგვინდებოდა, რაც სვანური ტიპის კოშკის გავლენაზე მიუთითებს, ხოლო ციხის აღმოსავლეთით ცალკე მდგომი კოშკი „არ გაუშვა“ სწორკუთხა ფორმისაა და ცუდად არის შემორჩენილი. სავარაუდოდ, ისიც შვერილი თაღებით სრულდებოდა. ციხის შიგნით არ არსებობდა წყლის მომარაგების სისტემა. ამიტომ წყლის რეზერვუარს, რომელიც ციხის გარეთ, შედარებით გავაკებულ ადგილას მდებარეობს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რაზეც მიუთითებდა იქვე დამხმარე ნაგებობათა ნაშთი. ამრიგად, მურის ციხეში განირჩევა რამდენიმე სამშენებლო პერიოდი - ადრეული შუა საუკუნეებიდან გვიან შუა საუკუნეებამდე. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მისი სტრატეგიული მდებარეობა ყველა ეპოქაში იყო მნიშვნელოვანი და არ კარგავდა აქტუალობას. მურის ციხის არქიტექტურულ სახეზე საუბარი რთულია სხვადასხვა სამშენებლო პერიოდის არსებობისდა ცუდი დაცულობის გამო. მიუხედავათ ამისა, ჩვენ ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული სახის მახასიათებლების გამოყოფა. მურის ციხის არქიტექტურულ გადაწყვეტაში ძალზედ საინტერესოა სვანური კოშკებისათვის დამახასიათებელი შვერილი თაღ-მაშიკულების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ სვანური კოშკების გავლენა იკვეთება, ასევე, ლეჩხუმში მდებარე ორბელის ციხეშიც. თუ გავითვალისწინებთ ლეჩხუმსა და სვანეთს შორის ოდითგანვე მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირს ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია. საინტერესოა რა პერიოდიდან შეიძლება ვივარაუდოდ ამგვარი თაღ-მაშიკულების გავრცელება. მეცნიერთა ნაწილის მოსაზრებით, ლეჩხუმის ტერიტორიაზე ადრეულ პერიოდიდანვე სვანური ტომები სახლობდნენ, რის ერთ-ერთ დასტურად ლეჩხუმის, ძირითადად, ჩრდილოეთ ნაწილში (სადაც ეს ძეგლები მდებარეობს) მდებარე სოფლების ტოპონიმების სვანური წარმომავლობა მიიჩნევა. გარდა ამისა, ქვემო სვანეთის ცაგერის ეპარქიის დაქვემდებარებაში ყოფნა, ლეჩხუმ-სვანეთის აქტიური სავაჭრო ურთიერთოებები, ლეჩხუმზე გამავალი ბართან დამაკავშირებელი უმოკლესი გზის არსებობა ორი მეზობელი რეგიონის მჭიდრო კავშირს განაპირობებდა. ამგვარი სიტუაციის მიუხედავად, სვანური ტიპის კოშკებისათვის დამახასიათებელი შვერილი თაღ-მაშიკულების გავრცელება ლეჩხუმში გვიან შუა საუკუნეებამდე ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეებში ლეჩხუმში აგებული ციხეების სამშენებლო მასალა, მისი დამუშავება, ციხეთა გეგმარება, სრულიად განსხვავდება სვანური ტიპის კოშკებისათვის დამახასიათებელი ნიშნებისაგან. ლეჩხუმის ადრე შუა საუკუნეების ციხეებში წყობა თანაბარი ზომის, დამუშავებული ქვის კვადრებით, სწორხაზოვანი რიგებით ხდებოდა. განვითარებულ შუა საუკუნეებში კედლები სხვადასხვა ზომის, დამუშავებული ქვით, ნაკლებად მოწესრიგებული წყობით არის ნაგები. კოშკების გეგმარება კვადრატს მიახლოვებული არ არის, რაც რელიეფით არის განპირობებული. სვანეთში საუკუნეების მანძილზე უცვლელად იყენებდნენ ნატეხ ქვას, ფასადები იფარებოდა ნალესობით, ხოლო გეგმა კი კვადრატს იყო მიახლოვებული. ეს ყველაფერი უნდა მიუთითებს იმაზე, რომ ადრე შუა საუკუნეებიდან იწყება ლეჩხუმის რეგიონის ქართიზაცია და უფრო მჭიდრო კავშირები აქვს დასავლეთ საქართველოს ბართან და მათ სამშენებლო ტრადიციებთან. სვანური ელემენტებს გაჩენა კი სხვადასხვა რეგიონში და ლეჩხუმშიც გვიან შუა საუკუნეებში შეიმჩნევა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც დადიანები იკავებენ ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს. სამეგრელოში სამადრეული პერიოდის ჭაქვინჯის, აბედათის და შხეფის ციხეებში, გვიან შუა საუკუნეების გადაკეთებისას მოხდა კოშკებზე სვანური ტიპის შვერილი თაღ-მაშიკულების დაშენება. სვანური ტიპის კოშკების გამოძახილს ვხედავთ, ასევე, ქართლში, კავთურას ხეობაში აგებულ წინარეხელ მაღალაძეთა კოშკში. რაჭაში, კერძოდ ღებში, სადაც სვანური ტიპი კოშკის მსგავსი ციხე-სახლებია. აღსანიშნავია, რომ მურის ციხის ხუროთმოძღვარი, რომელსაც ეკუთვნის გვიანი შუა საუკუნეების გადაკეთება, შეიძლება ითქვას, რომ უფრო შემოქმედებითად უდგება ციხის, როგორც ესთეტიური მხარის წარმოჩენას და მის მორგებას ერთიან სისტემაზე, ვიდრე ამას ვხედავთ სამეგრელოს ციხეების შემთხვევაში. აქ   კოშკების ნაწილზე სვანური ტიპის შვერილი თაღები დააშენეს, ანუ უფრო მარტივად განხორციელდა სვანური ელემენტის გამოყენება. საშენ მასალად ორივე რეგიონში გამოყენებულია ნატეხი ქვა. გარდა ამისა, თუ სვანური კოშკების მხოლოდ ბოლო სართული გვირგვინდებოდა მაშიკულებითა და შვერილი თაღებით, მურის ციხის შემთხვევაში არ ერიდებიან და მთავარ კოშკს მესამე და მეოთხე სართულის დონეზე აყოლებენ შვერილ თაღებს.მურის თავციხეში ჩრდილო აღმოსავლეთით და ჩრდილო დასავლეთით მდებარე კოშკები და მათზე მიჯრით მიდგმული ნაგებობები შვერილი თაღებით სრულდებოდა, რაც გარკვეულ მსგავსებას ავლენს მურყვამიანი ტიპის სახლებთან, რომელიც ამ შემთხვევაში ციხის შემადგენლობაშია მოქცეული და სხვა დატვირთვის მატარებელია. თვითონ სვანური კოშკის ფენომენი იმდენად სახიერი, ფუნქციური, მხატვრულად და არქიტექტურულად გამართული იყო საუკუნების განმავლობაში, რომ გასაკვირი არ არის მისი გავლენა მეზობელ კუთხეებზე და მათ შორის ლეჩხუმზე. მიუხედავდა ამისა, სვანეთსა და ლეჩხუმში თვისობრივად სხვა ამოცანები იყო დასმული. კერძოდ,  სვანეთის ტერიტორიაზე წმინდა ციხე-სიმაგრის ტიპის ნაგებობები არ დასტურდება. ამ რეგიონში ძირითადად კოშკები, გამაგრებული ციხე-სახლები და მურყვამიანი ტიპის ნაგებობები გვხვდება, რომლის ამოცანას კონკრეტუალად ერთი ოჯახის თავდაცვა წარმოადგენდა, ხოლო ლეჩხუმში მთელი თავდაცვითი სისტემა ორიენტირებული იყო ქვეყნის და რეგიონის დაცვაზე. ამრიგად, მურის ციხე მდებარეობით, სტრატეგიული და ისტორიული მნიშვნელობით, ფუნქციური დატვირთვით,სტილისტურ-არქიტექტურული გადაწყვეტით ერთ-ერთი სინტერესო ნიმუშს წარმოადგენს არა მხოლოდ ლეჩხუმის რეგიონისათვის, არამედ მთლიანად ქართულ საფორტიფიკაციო ნაგებობებს შორის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. საერთოდ, საქართველოში მრავლად გვხვდება ციხე-სიმაგრეები, მაგრამ ცუდი დაცულობის გამო არქიტექტურულ გადაწყვეტაზე საუბარი ჭირს. ასეთივე ვითარებაა მურის ციხეშიც, რომელმაც დროთა განმავლობაში მრავალი ნგრევა-განახლება განიცადა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელი ხდება, სამშენებლო პერიოდების გამოყოფა, არქიტექტურ-სტილისტური გავლენების ხაზგასმა და დაკავშირება მომიჯნავე კუთხეების ნაგებობებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მურის ციხე ყოველთვის პასუხობდა თავის დროის მოთხოვნებს. სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენებმა, საბრძოლო იარაღის გაუმჯობესებამ თავისებური ასახვას ჰპოვა უშუალოდ ნაგებობის საერთო გადაწყვეტასა თუ დეტალებში.

მურის ციხის ხედი დასავლეთიდან (არქ. მმურის ციხის ხედი სამხრეთიდან (არქ. მ.

(არქ. მ.კალაშნიკოვის 1945 კალაშნიკოვის 1945 წლის ანაზომის

წლის ანაზომის მიხედვით)მიხედვით)

მურის ციხის გეგმა (არქ. მ.კალაშნიკოვის

1945 წლის ანაზომის მიხედვით)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1.ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1941, გვ.150.

2.სულავა ნ., მთიანი კოლხეთი ანტიკურ ხანაში, თბილისი, მეცნიერება, 1996.

3.მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთაისი, მოწამეთა, 2001, გვ.30.

4.კოპალიანი დ., ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, წ.3, 2015 წ, გვ.98.

5.ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა, ტ.2, ტფილისი, 1934, გვ.204.

6.ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა, ტ.2, ტფილისი, 1934, გვ.204.

7.ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1941, გვ.150.

8.კაკაბაძე ს. მასალები იმერეთის სახელმწიფოებრივი მდგომარეობის შესახებ მე-17 ს., „საისტორიო მოამბე“, I,1925, გვ.86.

9.დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, თბილისი,საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962, გვ.179.

10.გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962, ტ.1 გვ.327.

11.Акты, Кавказской археографической комиссии. Том I Тбилиси. 1866. ст.575-577.

12.ბატონიშვილი ი., კალმასობა, ტ.2, ტფილისი, 1948, გვ.52.

13.Radde G., Berichte über die biologisch-geographischen Untersuchungen in den Kaukasusländern, Tiflis: Buch druckerei der Civil-Hauptverwaltung, 1866, 38-39.

14.Акты, Кавказской археографической комиссии 1873: 1095.

15. Бороздин К. А. Закавказские воспоминания. Мингрелия и Cванетия с 1854 по 1861 г. СПБ. 1885 г ст.39.

16.მწიგნობრობა ქართული, ტ.12, წ.1, თბილისი, ციცინათელა, 2011, გვ.315.

17.ბოჭორიძე გ. პირადი ფონდი 1753, საქმე 124, გვ.10.

18.ჩიტაია გ., ლეჩხუმის ექსპედციის მოკლე ანგარიში, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, ტ.12, 1944, გვ.261.

19.ალავიძე მ., ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება, თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1951, გვ.7.

20.ალავიძე მ., ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება, თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1951, გვ.148.

21.ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი,  თბილისი, მეცნიერება, 1983, გვ.18-19.

22.დაცულია ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

23.დაცულია ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

24.მუმლაძე მ., ლეჩხუმის არქეოლოგიური შესწავლის ისტორიიდან, ძიებანი, 2004, N13-14,  გვ.161.

25.დ.ბერძენიშვილი, ი.ბანძელაძე, მ.სურამელაშვილი, ლ.ჭურღულია, ლეჩხუმი, თბ., 1983, გვ.19.

26.დ.ბერძენიშვილი, ი.ბანძელაძე, მ.სურამელაშვილი, ლ.ჭურღულია, ლეჩხუმი, თბ., 1983, გვ.19.

27.დ.ბერძენიშვილი, ი.ბანძელაძე, მ.სურამელაშვილი, ლ.ჭურღულია, ლეჩხუმი, თბ., 1983, გვ.19.

28.დ.ბერძენიშვილი, ი.ბანძელაძე, მ.სურამელაშვილი, ლ.ჭურღულია, ლეჩხუმი, თბ., 1983, გვ.20.

29.მ.ალავიძე, ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება, თბ., 1951, გვ.8.

30.მ.ალავიძე, ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება, თბ., 1951, გვ.145.

31.ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ.1, თბილისი, 1983, გვ.115.

32.Бороздин К. А. Закавказские воспоминания. Мингрелия и Cванетия с 1854 по 1861 г. СПБ.  1885г ст.39.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ალავიძე მ., ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება, თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1951.

2. ბაგრატიონი ვ., საქართველოს ატლასი (XVIIIს), თბილისი, 1997, გვ.96.

3. ბატონიშვილი ი., კალმასობა, ტ.2, ტფილისი, 1948.

4. ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ.1, თბილისი, 1983.

5. ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი,  თბილისი, მეცნიერება, 1983.

6. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962, ტ.1.

7. დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, თბილისი, საქ.სსრ. მეცნიერება, 1962.

8. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1941.

9. ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბილისი, მეცნიერება, 1973.

10. ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988.

11. ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბილისი, 2002.

12. ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, ციხე- დარბაზები, ციხე- გალავნები, კოშკები, თბილისი, ციცინათელა, 2004.

13. ზაქარაია პ., ჭაქვინჯა, თბილისი, მეცნიერება, 1980.

14. თაყაიშვილი ექ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937.

15. თოფჩიშვილი რ., ლეჩხუმური გვარსახელები, თბილისი, საქართველო, 1993.

16. იოსელიანი ხ., საქართველოს ციხე-სიმაგრეები და საფორთიფიკაციო ქსელი, თბილის, 2009.

17. კაკაბაძე ს., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ.1, ტფილისი, 1921.

18. კაკაბაძე ს., მასალები იმერეთის სახელმწიფოებრივი მდგომარეობის შესახებმე-17 ს., „საისტორიო მოამბე“, I, 1925.

19. კოპალიანი დავით, ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, ქუთაისი, „მანდარიას სტამბა“,  2002.

20. კოპალიანი დ., ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, წ.3, 2015 წ.

21. კოპალიანი ნ., დიმიტრი ერმაკოვი, ლეჩხუმი ფოტო-ალბომი, ქუთაისი, ხომლი ენ, 2010 წ.

22. მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბილისი, ნაკადული, 1960.

23. მაკალათია ს., საბძოლო და თავდაცვითი ნაგებობანი საქართველოს მთიანეთში, თბილისი, 1945.

24. მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბილისი, სარი, 2006.

25. მამარდაშვილი გ., ლეჩხუმის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიიდან, თბილისი, უნივერსალი, 2006.

26. მუმლაძე მ., ლეჩხუმის არქეოლოგიური შესწავლის ისტორიიდან, ძიებანი, 2004, N13-14,  გვ.160-164.

27. მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთაისი, მოწამეთა, 2001.

28. მწიგნობრობა ქართული, ტ.12, წ.1, თბილისი, ციცინათელა, 2011.

29. საარქივო მასალა, საქართველოს ეროვნული არქივის ბოჭორიძე გ. პირადი ფონდი 1753, საქმე 124.

30. საქართველოს სტიქიით დაზიანებული ძეგლები, თბილისი, 1991.

31. სულავა ნ., მთიანი კოლხეთი ანტიკურ ხანაში, თბილისი, მეცნიერება, 1996.

32. ყაუხჩიშვილი ს, გეორგიკა, ტ.2, ტფილისი, 1934.

33. ჩიტაია გ., ლეჩხუმის ექსპედციის მოკლე ანგარიში, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, ტ.12, 1944, გვ.259-268.

34. ხეცურიანი ნ., ლეჩხუმის საფორთიფიკაციო ნაგებობების მნიშვნელობისათვის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, 2003, N7, გვ.138-149.

35. ხეცურიანი ნ., ლეჩხუმი XVI-XIX საუკუნეებში, თბილისი, 2005.

36. Radde G., Berichte über die biologisch-geographischen Untersuchungen in den Kaukasusländern, Tiflis: Buch druckerei der Civil-Hauptverwaltung, 1866, 225.

37. Акты, Кавказской археографической комиссии. Том I, Тбилиси. 1866, ст.827.

38. Акты Кавказской археографической комиссии. Том V, Тбилиси. 1873, ст.1187.

39. Бороздин К.А. Закавказские воспоминания. Мингрелия и Cванетия с 1854 по 1861 г., СПБ. 1885 г, ст.424.