topmenu

 

გ.ქავთარაძე - ტაოს უძველესი ციხე-ქალაქების ადგილმდებარეობის გამო

<უკან დაბრუნება...<<<ტაო - კლარჯეთი // გ.ქავთარაძის სტატიები>>>


კავკასიურ - ახლოაღმოსავლური კრებული

XII

ეძღვნება პროფესორ მანანა ხიდაშელის დაბადების 70 წლისთავს

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

თბილისი

2006

გიორგი ქავთარაძე

ტაოს უძველესი ციხე - ქალაქების ადგილმდებარეობის გამო

http://www.geocities.ws/komblege/xida.htm

[გვ.86] საქართველო ისტორიულად სამი ძირითადი – აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი – ნაწილისაგან შედგება. სამივე ეს მხარე ჩამოყალიბებული იყო მათივე წიაღში არსებულ უმთავრეს მდინარეთა აუზების გარშემო: აღმოსავლეთი საქართველოსათვის განმსაზღვრელი იყო მტკვრის  აუზი, დასავლეთი საქართველოსათვის – რიონისა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთისათვის – ჭოროხის. აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ეპოქებში აღმოცენდა წარმართული იბერია, ქრისტიანული ქართლი (ივერია) და ქართლ-კახეთის სამეფო, დასავლეთ საქართველოში – კოლხეთი, ეგრისი/ლაზიკა, აფხაზეთისა და იმერეთის სამეფოები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ საქარ თველოს ტერიტორიაზე - დაიაენი/დიაუხი, ხორძენე-მოსხიკე, ტაო-კლარჯეთი და სამცხე-საათაბაგო. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ამ სამ ძირითად ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა საქართველოს სამი უმთავრესი მდინარე – მტკვარი, ჭოროხი და რიონი, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისათვის ძველთაგანავე სასიცოცხლო არტერიების ფუნქციას ასრულებდნენ. საქართველოს ძლიერების ხანაში ხდებოდა ამ სამი, ერთი შეხედვით განსხვავებული, თუმცა ერთი ძირიდან წარმომდგარი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე მხარის გაერთიანება, ხოლო დაუძლურებისას – ერთმანეთისაგან დაშორება. ამავე დროს, ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების აღმოცენების ადრეულობას სხვა მხარეებთან შედარებით უნდა მიგვანიშნებდეს საქართველოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი განვითარების პროცესის თავისებურებანი და ადგილობრივი საისტორიო ტრადიცია. სწორედ ამ მხარეში ეძებს ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებს ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია [2 ხაზარაძე 2001]. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” აზოს, ”მცხეთას შინა პირველი მეფის” წარმომავლობა არიან-ქართლის ქვეყნიდან და "ქართლის ცხოვრების” მიხედვით, აზონის [გვ. 87] დამარცხების შემდეგ ფარნავაზის გალაშქრება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, აგრეთვე არსენ იყალთოელის ცნობილი განმარტება, ქართველთა არიან-ქართლიდან წარმომავლობის თაობაზე. საგულისხმოა, რომ მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრითაც, ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უნდა იყოს საძებარი ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეები, ყველაზე ადრეული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები – დაიაენი/დიაუხისა და კულხა/კოლხეთის ქვეყნები. შუა- და ახალასურული წერილობითი წყაროების დაიაენისა და ურარტული წყაროების დიაუხის ქვეყნების ადგილმდებარეობა სამხრეთ-დასავლეთი ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთი ანატოლიის ძველი ისტორიის ერთ-ერთი საპრობლემო საკითხია. ჯერ ისევ გასარკვევია თუ რას უნდა აღნიშნავდნენ სივრცობრივად და ქრონოლოგიურად ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებში გამოყენებული ტერმინები ”დაიაენი” და ”დიაუხი”. კერძოდ, ყველასთვის ბოლომდე ნათელი არ არის თუ რა უნდა იყოს ნაგულისხმევი ამ ტერმინებში – ორი სხვადასხვა თუ ერთიდაიგივე ქვეყანა. დაიაენი/დიაუხის ქვეყნის (თუ ქვეყნების) ადგილმდებარეობის დადგენას შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს საქართველოს უძველესი ისტორიის ძირეულ საკითხთა გადაწყვეტაში; კერძოდ, გასარკვევია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მდებარეობდა ეს ქვეყანა თუ მის ფარგლებს გარეთ. ხოლო თუ ძირითადად ამ მიწა-წყალზე მდებარეობდა, რა მიმართება უნდა ჰქონოდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღმოცენების პროცესთან, მიუხედავად იმ გარემოებისა, უპირატესად ქართველური მოსახლეობით იქნებოდა იგი დასახლებული თუ არაქართველურით. სამხრეთ-დასავლეთი ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთი ანატოლიის არქეოლოგიური და ზედაპირზე არსებული ნაშთების (ციხე-სიმაგრეების, ციკლოპური ნაგებობების და სხვ.), ძველაღმოსავლური და კლასიკური ხანების წერილობითი წყაროების, ონომასტიკისა და ტოპოგრაფიულ თავისებურებათა მონაცემები ცხადყოფენ აღნიშნული რეგიონების უდიდეს შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე ადრეული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბების საკითხთან მიმართებაში. კერძოდ, ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები და დანატოვარი კულტურული ნაშთები მოწმობენ დაიენი/დიაუხის ქვეყნის სიდიდესა და განვითარების მაღალ [გვ.88] დონეს, გამოვლენილს მრავალრიცხოვანი "ქალაქებით", ციხე-სიმაგრეებით, ციკლოპური ნაგებობებით, მეურნეობის დაწინაურებული სახეობებითა და მეტალურგიით. რეგიონის სიმდიდრეთა თავდაცვის საწიროებას ჯერ ასურელთა, ხოლო შემდეგ ურარტელთა ძალმომრეობისაგან და ეკონომიკურ უპირატესობათა საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებისათვის მისწრაფებას უნდა განეპირობებინა რკინით განსაკუთრებით მდიდარი დაიაენი/დიაუხის ქვეყნის წარმოქმნა და ხუთსაუკუნოვანი არსებობა ძვ.წ. XII-VIII საუკუნეების მანძილზე. დაიაენის ქვეყანა ასურულ ეპიგრაფიკულ წყაროებში წარმოდგენილია დაიაენი ან დაიანის ფორმით, რაც შეესატყვისება ურარტულში დიაუხი ან დიაუეხი ფორმას. ამ ტერმინთა შესატყვისი ჩანს ქსენოფონტის "ანაბასისში" მოხსენიებული ტაოხთა ქვეყანა. მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა მდ. ევფრატის სათავის ჩრდილოეთით ანუ ისტორიული ქართული მხარის ტაოს (სომხური წყაროების – ტაჲქი) რაიონში. შენიშნულია, რომ სომხური და ქართული წყაროების ტაჲქი/ტაო ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს. უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრებით, ტერმინი ”ტ-ა-ო” ურარტულ დამწერლობაში ქართველური ბგერების გადაცემის წესის მიხედვით იწერებოდა დი-ა-უ-ხ-ი და იკითხებოდა ”ტაოხი” [3 ქურდიანი 2003, 74, 75.]. თუკი მოვახდენთ ამ ვარაუდის ექსტრაპოლირებას ასურულ ლურსმულ წარწერებში დადასტურებულ და იმავე ქვეყნის აღმნიშვნელ ტერმინზე – ”დაიაენი”,  შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მისი საწყისი ფორმა უნდა ყოფილიყო შესაბამისად ”ტაიაენი”, საკმაოდ ახლო მდგომი მრავლობითი რიცხვით ნაწარმოებ და ტაოს მხარეთა აღმნიშვნელ ძველ ქართულ ტერმინთან – ”ტაონი” [4 დ. მუსხელიშვილი შენიშნავს, რომ ქართული წყაროები იცნობენ რა ორ ტაოს, ამ კუთხის სახელწოდებას ზოგჯერ მრავლობითი რიცხვით გამოთქვამენ ”ტაონი”//”ტაოთა” (მუსხელიშვილი 1980, 170)]. გასათვალისწინებელია აგრეთვე, ქართულში ხმოვანთა კომპლექსის მიდრეკილებას ერთმარცვლოვნობისაკენ [5 ფუტკარაძე 1999, 62-68.] და ამავე რეგიონის ტოპონიმიკის ამსახველ ურარტულ წყაროებში დადასტურებული და სავარაუდოდ "ნ"-არიანი მრავლობითით [გვ.89] გაფორმებული დიაუხის შემადგენელი ქვეყნების აღმნიშვნელი ფორმები: ”ბიანი" და ”ხუშანი” [6 Меликишвили 1960, 247; შდრ., მუსხელიშვილი 2004, 8, 9]. შემდეგდროინდელი ტაოს ადგილას დაიაენის ლოკალიზაციის შესაძლებლობას იძლევა ასურ მეფეთა წარწერები: შუაასურული ხანის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. წ. 1114-1076 წწ.) მეფობის მესამე წლის, ძვ. წ. 1112 წ. წარწერიდან ირკვევა, რომ ნაირის ქვეყნების კოალიციის მონაწილე დაიაენი, ამ ქვეყანათაგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და ”ზედა” ანუ შავი ზღვის მახლობლად უნდა ყოფილიყო განლაგებული [7 Lehmann-Haupt 1931, 792, 851; შდრ., მელიქიშვილი 1951, 207-209; Diakonoff 1984, 69, შენ.127-128.]. დაიაენის ჩრდილოურ მდებარეობაზე მიგვანიშნებს ახალასურული ხანის მეფის, სალმანასარ III-ის (ძვ.წ. 858-824 წწ.) ძვ.წ. 856 ლაშქრობის აღწერილობაც, როდესაც იგი მდ. არაწანის (მურათ-სუს, იგივე აღმოსავლეთი ევფრატის) დინების ჩრდილოეთით მდებარე სუხმის ქვეყნიდან გადავიდა დაიაენიში [8 მელიქიშვილი 1951, 219]; ”სოხმე”//”სუხმი” დაიაენის ქვეყანას ხომ სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრებოდა [9 მუსხელიშვილი 2004, 9].

კიდევ უფრო მეტად არის დაკონკრეტებული დაიაენის ადგილმდებარეობა, სალმანასარ III-ის უფრო გვიანდელ, ნიმრუდის სასახლის "ფრთოსან ხარებზე" დატოვებულ წარწერაში. სალმანასარი გვამცნობს: ”ჩემი მმართველობის მეთხუთმეტე წელს წავედი ნაირის ქვეყანაზე, ტიგროსის სათავესთან კლდოვან მთებზე, იქ საიდანაც წყალი გამოდის, გამოვკვეთე ჩემი მეფურობის გამოსახულება, დავწერე მასზე ჩემი ძლევამოსილების გამარჯვება და შემართების გზები. თუნიბუნის ზეკარით გადავიარე არამე ურარტელის ქალაქებზე ევფრატის სათავემდე და დავანგრიე, აღვგავე და ცეცხლით გადავწვი. მივედი ევფრატის სათავესთან, მსხვერპლი შევწირე ჩემს ღვთაებებს და აშურის იარაღი განვბანე მასში. ასია, დაიაენის ქვეყნის მეფე, ფეხთჩამივარდა, ხარკი და ძღვენი, ცხენები, მივიღე მე მისგან, ჩემი სამეფო გამოსახულება გავაკეთებინე და დავდგი მისი ქალაქის შუაგულში” [10 სტრ. 102-107; შდრ., მელიქიშვილი 1970, 374; Дьяконов 1951, 299]. ძველი შუამდინარეთული წარმოდგენით, წყალი განწმენდისა და აღორძინების სიმბოლოა, ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს ზღვარი და დამაკავშირებელი – "ციური ოკეანის ჭურჭელია", [გვ.90] ხოლო მდინარეები ტიგროსი და ევფრატი მნიშვნელოვან მითოლოგიურ სიმბოლოს, საკრალური ტოპოგრაფიის ელემენტებს წარმოადგენდნენ, ისინი, ისევე როგორც ყოველივე, ციური სუბსტანციების მიწიერი გამოსახულებებია: ცის ერთ თანავარსკვლავედში ტიგროსია, ხოლო მეორეში ევფრატი. ესაიას ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ასურეთის მეფის სიძლიერე შედარებულია ევფრატის ძალასთან: "...აჰა აღმოიყვანებს უფალი, თქჱნ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა, ასსურასტანელთა მეფისა, და დიდებასა მისსა და აღმოვიდეს ყოველსა ზედა ჴევნებსა თქჱნსა, და ვლოს ყოველსა ზედა ზღუდესა თქჱნსა..." (წინასწარმეტყველება ესაიასი, თავი ჱ). თუმცა ასური მეფის ლაშქრობა საფიქრებელია უფრო ამქვეყნიური ინტერესებით ყოფილიყო განპირობებული, ასურ მეფეთა იმპერიულ პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა გზების, მათ შორის მდინარეთა არტერიების დაქვემდებარებას, რაც მომავალში ხელსაყრელ გარემოებას წარმოადგენდა მთლიანი ტერიტორიის დაუფლებისათვის [11 Parker 2003, 525-553.]. ზემოაღწერილი ამბავი ხდება ძვ.წ. 844 წელს, თანამედროვე ქ.ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლ. 40 კმ-ით მდებარე ევფრატის სათავესთან, სადაც მისულ სალმანასარს ეახლა ასია, დაიაენის მეფე, რომლის სატახტო ქალაქიც, სადაც ასურ მეფეს აღუმართავს თავისი გამოსახულება, მდინარის სათავიდან ძალზე დაშორებული არ უნდა ყოფილიყო [12 შდრ., მაგ., Salvini 1967, 22]. უკვე სალმანასარის მიერ დაიაენის მეფის ყმად მიღების ადგილმდებარეობის განსაზღვრა ევფრატის სათავის მხარით, თავისთავად უნდა მიუთითებდეს ამ გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდების – დაიაენი – იდენტიფიცირების შესაძლებლობაზე ურარტული წყაროების დიაუ(ე)ხთან და ამ უკანასკნელის მეშვეობით ქსენოფონტის მიერ მოხსენიებულ ტაოხთა ქვეყანასთან. გასათვალისწინებელია, რომ ასურელები და ურარტელები ხშირად განსხვავებულ ტოპონიმებს იყენებდნენ ერთიდაიმავე ადგილის აღსანიშნავად. როგორც ირკვევა, მდინარე ევფრატი (უფრო ზუსტად, დასავლეთი ევფრატი ანუ კარა-სუ) მრავალრიცხოვან წყაროთა შეერთების შედეგად არის წარმოქმნილი, რომელთა რიცხვიც, ზოგიერთი ცნობით, ასზე მეტია. ევფრატის სათავის დასადგენად საგანგებო ძიება XIX საუკუნის შუა ხანებში ჩაატარა [გვ. 91] გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა მ. ვაგნერმა. მისი ცნობით, ევფრატის სათავე წყაროს წარმოადგენს დუმლუ-სუ, რომელიც გიაურ დაღის განშტოების შემადგენელ დუმლუ დაღის ფერდობიდან გამოედინება [13 Wagner 1852, 240, 241, შდრ., აგრეთვე, Проскуряков 1905, 71.]. აშკარაა, რომ დაიაენის მეფის ასიას სატახტო ქალაქი, უნდა მდებარებულიყო იმ მთათა სისტემაში, რომელიც ჭოროხის, სერჩამ-სუს, თორთომის-წყლის, კარა-სუსა და ოლთისის-წყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მკვლევართა მიერ სავსებით გამორიცხულია, რომ სალმანასარის მიერ მონახულებულ მდინარის სათავეში აღმოსავლეთი ევფრატი (იგივე მურათ-სუ, ძველი არაწანი) ყოფილიყო ნაგულისხმევი, ვინაიდან იგი ძველად არ მოიხსენებოდა ხოლმე ამ სახელით [14 Mеликишвили 1963, 117; Дьяконов 1968, 125.]. ურარტუს მეფის, მენუას (ძვ.წ. 810 – დაახლ. 785/80 წწ.) კლდეზე ამოკვეთილი წარწერები იაზილითაშიდან (თანამედროვე ეშექ ილიასი, დელიბაბას სამხრეთით, ქ.ჰორასანიდან  დაახლ. 40 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) და ზივინიდან (დღევ. ს.სიუნგიუთაში, ქ.სარიკამიშის სამხრეთ-დასავლეთით დაახლ. 35 კმ) გვამცნობენ, ძვ.წ. IX საუკუნის დამლევისა და VIII საუკუნის დასაწყისის დიაუხის (უფრო ადრეული ხანების ასურული წყაროების დაიაენის) ქვეყნის მთავარი ქალაქის სახელწოდებას – შაშილუ. მენუას იაზილითაშის  წარწერა იუწყება: ”დავიპყარი მე დიაუეხის ქვეყანა, იერიშით დავიპყარი ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი, ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები (დავაქციე). მივედი (?) შეშეთის ქვეყნამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი... უტუპურშინი დიაუეხის მეფე მეახლა, ფეხებში ჩამივარდა, თავქვე დაემხო”. სოფელ ზივინში ნაპოვნ ქვის ფილაზე, რომლის მხოლოდ ორი ფრაგმენტია შემორჩენილი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, სწერია: ”მენუა ამბობს: დავიპყარი მე ქალაქი შაშილუ: დაუდგი მე ეს წარწერა ღვთაება ხალდის, ჩემს მეუფეს” [15 Меликишвили 1960, 159-160; Арутюнян 2001, 80.]. როგორც უკვე ვიცით, სალმანასარ III-ის წარწერაში არაფერია ნათქვამი დაიაენის დედაქალაქის სახელწოდების თაობაზე, გარდა იმისა, რომ ეს ქალაქი სადღაც მდ. ევფრატის სათავესთან ახლოს მდებარეობდა და რომ იგი სალმანასარს დანგრევის ნაცვლად თავისი ძეგლით ”დაუმშვენებია”. ვინაიდან მენუას ეს წარწერები მხოლოდ ნახევარი საუკუნით თუ არის დაშორებული სალმანასარის ლაშქრობის ხანიდან, არ არის გამორიცხული სალმანასარის წარწერაში მოხსენიებული ასიას [გვ.92] ქალაქი, სწორედ ”შაშილუ” ყოფილიყო. მით უმეტეს რომ, სალმანასარის მემკვიდრეების – შამში-ადად V-ის (ძვ.წ. 823-811 წწ.) და ადადნირარ III-ის (ძვ.წ. 810-782 წწ.) დროინდელი, დასუსტებული ასურეთის მიერ დაიაენის დალაშქვრის შესახებ არაფერია ცნობილი. არც ურარტუს სამეფო იყო ძვ.წ. IX საუკუნის მეორე ნახევარში, მენუას გამეფებამდე, იმდენად ძლიერი, რომ დაიაენი, ანუ ურარტული წარწერების დიაუხი, დაელაშქრა. მხოლოდ ძვ. წ.  IX საუკუნის დამლევიდან ხდება დიაუხი ურარტელთა აგრესიისა და ექსპანსიის ობიექტი. რადგან ურარტუს მეფე მენუას წარწერები, დიაუხის ”სამეფო ქალაქის” შაშილუს დაპყრობის შესახებ, ერთმანეთის მახლობლად მდებარე იაზილითაშსა და ზივინშია მიკვლეული, ვარაუდობენ ხოლმე, რომ იმხანად ეს მხარე დიაუხის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული და არც ამავე მხარეში, კერძოდ ზივინის რაიონში, გამოირიცხება დიაუხის ”სამეფო ქალაქის” – შაშილუს ლოკალიზების შესაძლებლობა [16 მელიქიშვილი 1951, 203; Diakonoff 1984, 171n.216. შდრ., Mеликишвили 1959, 176, 205.], როგორც ჩანს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზივინში ნაპოვნ ზემომოყვანილ წარწერაში, მენუას მიერ ქალაქ შაშილუს დაპყრობაა ნაუწყები. 1961 წელს გამოცემული სომხეთის ისტორიული ატლასის მიხედვით კი, ზუაინი, მდ.არაზის ჩრდილოეთით, ზივინის ადგილას, ხოლო შაშილუ, ამავე მდინარის სამხრეთით, იაზილითაშის ადგილას არიან განლაგებულნი. ორივე შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ დიაუხის ფარგლებს გარეთ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით [17 Атлас 1961, 102, карта: Государство Урарту и сопредельные страны в VIII-VII вв. до н.э.].

ურარტული ხანის ზუაინა/ზუას თანამედროვე ზივინთან გაიგივებისა და იაზილითაშის წარწერაში შაშილუს მოხსენიების გამო, რომელიც ზუაინა/ზუასთან ერთად არის არგიშთი I-ის (ძვ.წ. 785/80-დაახლ. 760 წწ.) ხორხორულ მატიანეში ნახსენები, უკანასკნელ ხანებში ნ.არუთიუნიანის მიერ გამოთქმული მოსაზრებით, შაშილუ სადღაც დიაუხის ვრცელი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ზუაინა/ზუას ანუ ზივინის მახლობლად უნდა ყოფილიყო განთავსებული, ხოლო დიაუხის ტერიტორია მენუას ხანაში სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მდ. არეზის სამხრეთით იაზილითაშამდე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული ანუ ჰასანკალე-პასინლერსა და დელიბაბა-ველიბაბას რაიონამდე. თუმცა მკვლევარი იქვე [გვ.93] შენიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საფიქრებელი იქნებოდა, ურარტელებს ეს წარწერა დიაუხის სამფლობელოთა ფარგლების გარეთ, ურარტუსაკენ მიმავალი გზის პირას დაეტოვებინათ [18 Арутюнян 2001, 523.]. გასათვალისწინებელია, რომ იაზილითაშის მახლობლად ურარტუსაკენ მიმავალ გზაზე (ჰორასანსა და ელეშქირთ/ალაშქირთს შორის) მდებარე თაჰირის (საჩის) უღელტეხილს ურარტული ციხე-სიმაგრე აკონტროლებდა [19 Kleiss & Hauptmann 1976, 22, №156.]. როგორიც არ უნდა ყოფილიყო დიაუხის სამეფო ქალაქის, შაშილუს ადგილმდებარეობა, ჩემთვის ერთი რამ უდავოა, დაახლოებით ნახევარი საუკუნით უფრო ადრე, სალმანასარ III-ის ძვ.წ. 844 წლის წარწერაში მოხსენიებული დაიაენის მეფის, ასიას ქალაქი ვერ იქნებოდა იაზილითაშისა და ზივინის მახლობლად მდებარე, თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი ევფრატის სათავესა (ერზურუმიდან დაახლ. 40 კმ ჩრდილოეთის მიმართულებით) და ამ ადგილებს შორის დაახლ. 160-170 კმ-ს შეადგენს. იაზილითაში და ზივინი ერზურუმიდან 90 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე დღევ. ქ.ჰორასანიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით (შესაბამისად, დაახლ. 40-20 კმ) არიან განლაგებულნი. ამასთანავე, ნაკლებად მოსალოდნელია, დაიაენი/დიაუხის ქვეყნის დედაქალაქს სალმანასარისა და მენუას ლაშქრობებს შორის გასულ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ესოდენ მნიშვნელოვნად შეეცვალა ადგილმდებარეობა და შორს აღმოსავლეთისაკენ გადაენაცვლა. გ.მელიქიშვილი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ მენუას დროს დიაუხის ”სამეფო ქალაქის” (ტერმინი, რომელიც უნდა აღნიშნავდეს სამეფო რეზიდენციასა თუ დედაქალაქს) ეპითეტით მოხსენიებული ქალაქი შაშილუ, არგიშთი I-ის დროს ურარტუს დაქვემდებარებაში გადადის, ხოლო დიაუხის ”სამეფო ქალაქად” უკვე ქალაქი – ზუაინა/ზუა ჩანს [20 მელიქიშვილი 1955, 86.]. ვფიქრობ, არც ურარტული წყაროების ზუაინა/ზუას თანამედროვე ზივინთან გაიგივების ვარაუდი უნდა იყოს დამაჯერებელი. მართალია, არგიშთი I-ის სურბ საჰაკის (ვანის) წარწერა იუწყება, მის მიერ ზუაინა/ზუაში წარწერის დატოვებას, მაგრამ ზივინში შაშილუს დაპყრობის მაუწყებელი მხოლოდ მენუას, და არა მისი ძის არგიშთის, წარწერაა მიკვლეული; ეს გარემოება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს ზუაინა/ზუასა და ზივინის გაიგივების საშუალებას. [გვ.94] რაც შეეხება ამ ორი, ძველი (ზუაინა/ზუა) და ახალი (ზივინი) ტოპონიმის ფონეტიკურ მსგავსებას, ანალოგიური ჟღერადობის სახელწოდებები სხვაც არაერთი მოიძებნება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დიაუხის ქვეყანას ჰქონდა ადრე დაკავებული. დიაუხის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ზუაინი/ზუას ლოკალიზების სასარგებლოდ შესაძლოა მოწმობდეს მენუას იაზილითაშის წარწერაში ამ ქალაქის დიაუხში შემავალ შეშეთის ქვეყანასთან თუ შეშეს მთასთან ერთ კონტექსტში მოხსენიება, რომელთაც შავშეთ-იმერხევში მდებარედ მოიაზრებენ ხოლმე (იხ.ქვემოთ); ვინაიდან შაშილუს ქვეყნის უშუალოდ ურარტუს შემადგენლობაში მოქცევის შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქად გამხდარი ზუაინი/ზუა არგიშთი I-ის სურბ-საჰაკის წარწერების თანახმად უკვე ”დიდი”-ს (განსხვავებული წაკითხვით – ”ულდინი”-ს) ქვეყანაში მდებარეობდა [21 აღნიშნული წარწერის ამ ტოპონიმს ფ.ვ.კიონიჰი ”ულდინი”-ს, ხოლო გ.მელიქიშვილი ”დიდი”-ს სახით კითხულობდა (შდრ., Меликишвили 1960, 234 (128, B12), 235; König 1955, 82 (უკანა მხარე); König 1957, 207). ნ.არუთიუნიანი უფრო ფ.ვ.კიონიჰის წაკითხვის სისწორეს ვარაუდობს (Арутюнян 2001, 186 (174, B12), 187, შენ.7, იხ., აგრეთვე, 528).], ეს გარემოება შეშეთისა და ”დიდი”-ს (თუ ”ულდინი”-ს) ქვეყნების იდენტურობაზე თუ არა, მათ ნაწილობრივ ტერიტორიულ დამთხვევაზე მაინც უნდა მიგვანიშნებდეს; მითუმეტეს რომ ორივე ეს ქვეყანა, როგორც მენუას, ასევე არგიშთი I-ის წარწერაში, დიაუხის ქვეყანის შემადგენლობაში იგულისხმება და სპეციალისტები ჩვეულებრივ მათ დიაუხის ქვეყნის გადაღმა ანუ მის ჩრდილოეთ პერიფერიაზე მდებარედ მიიჩნევენ [22 შდრ., დიდის შესახებ: "next to the land of Diaueḥe"  (Diakonoff & Kashkai 1981, 27). შავშეთ-იმერხევში ტერმინ ”დიდი”-ს პარალელი ეძებნება ”დიობანი" ← დი(დი)+ობანი←დიდი უბანი (თურქული სახელწოდებაა – მეიდანჯიკი). გ.მელიქიშვილი ამ სახელწოდებას სავარაუდოდ აკავშირებდა კაპადოკიურ ფირფიტებში ხშირად დადასტურებულ სახელთან ”დიდი” (ე, ა) (მელიქიშვილი 1951, 213). ანლაუტში დენტალური ფონემის მერყეობის (დიდი/იდი) გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნებოდა აგრეთვე ტოპონიმ ”იდი”-ს მხედველობაში მიღება, რაც განსაკუთრებით საგულისხმო იმ მხრივ იქნებოდა, რომ იდი ოლთისის-წყლის ზემო წელზე (შდრ., ბარამიძე, 1923), ზუაინა/ზუა(ნ)-ად მიჩნეული ზივინის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ვახუშტის მიხედვით, ”ნარუმაკს” (თვით ვახუშტის განმარტებით: "აწ ნარიმანი") ზეით..., ჭოროხის აღმოსავლეთ კიდეზედ, არს დაბა დიდი იდი..." (ვახუშტი, 683, 684). აქ ვახუშტის ჭოროხი, ცხადია, ოლთისის-წყალი უნდა იყოს, ვინაიდან იგი შემდეგნაირად განსაზღვრავს ტაოს ფარგლებს: ”აღმოსავლით ჭოროხის მდინარე; სამჴრით თორთომიდამ ჩამოსული მთა იდამდე; დასავლით თორთომის მთა; ჩდილოთ ჭოროხი და ისპირის მთა” (ვახუშტი, 684). ანგარიშის გასაწევ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ იდის მდებარეობა თანხვდება, ფ.ვ.კიონიჰის მონაცემებზე დაყრდნობით, ნ.არუთიუნიანის მიერ, ”ულდინი”//”დიდი”-სათვის განსაზღვრულ ადგილს: «недалеко от царского города Зуани (совр.Зивин) страны Диаухи, где-то у верховьев реки Олту, притока Чороха» (Арутюнян 2001, 528; König 1957, 207).]. [გვ.95]. გარდა ამისა, ურარტუს მიერ შაშილუს აღების შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქად შაშილუს ნაცვლად ზუაინა/ზუა(ნი)ს გახდომა, თავისთავად უნდა მოწმობდეს შაშილუსთან მიმართებაში ზუაინა/ზუა(ნი)ს უფრო დიდი მანძილით დაშორებაზე ურარტუს საზღვრებიდან, რასაც ადგილი ვერ ექნებოდა ჰორასანის-სარიკამიშის გზის დასავლეთ სექტორში მდებარე ზივინსა თუ იაზილითაშის შემთხვევაში, რომლებიც ევფრატის სათავის მხარესთან შედარებით ურარტუს საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარეობდნენ, ძველი ბასიანის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. არეზის ხეობაში. აქ ზუაინა/ზუა(ნი)ს ლოკალიზაცია თითქოს არ შეესაბამება იმ ხანად ამ რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას. მენუას ზემომოყვანილ იაზილითაშის წარწერაში ერთიდაიმავე კონტექსტში ”შეშეთის ქვეყნის, ქალაქ ზუასა და ქალაქი უტუხაის” მოხსენიებაც, თითქოს უფრო მდ. ჭოროხის შუა წელის მარჯვენა შენაკადების ზონაზე უნდა მიგვანიშნებდეს, ვიდრე მდ.არეზის ზემო წელსა და მის მახლობლად მდებარე მხარეებზე. ნ.არუთიუნიანის მიხედვით, ქალაქ უტუხაის მხარის სახელწოდება მეტათეზის დაშვების შედეგად შესაძლოა უკავშირდებოდეს თორთუმ-ჩაის მარჯვენა შენაკადთან მდებარე ”უხტა”//”ოხდა”-ს [23 Арутюнян 2001, 529.]. დ.ბაქრაძის 1873 წლის რუკაზე იმავე ადგილას ”ოხტა” არის მითითებული [24 Бакрадзе 1878, карта: Чурук-су, Адчара и Гурия в 1873 году.]. აღსანიშნავია, რომ დ. ბაქრაძის რუკაზე ”ოხტა”-ს სამხრეთ-დასავლეთით ”აზორდ”//”აზორთ”-ია აღნიშნული. ეს სახელი იმავე სამოსახლოსა და ზოგადად თორთომის ხეობის აღმნიშვნელად – ”აზორდაცფორი” – ცნობილია ჯერ კიდევ ”VII საუკუნის სომხური გეოგრაფიიდან” [25 Hewsen 1992, 65-65A, 204n.243, 209n.253.]. ამ დასახლებული პუნქტის თანამედროვე თურქული სახელია უზუნდერე და მას სამხრეთიდან უშუალოდ ესაზღვრება შუა თორთომის ხეობის უმძლავრესი ციხე-სიმაგრე – აღჯა-ყალა. არ არის გამორიცხული, რომ თორთომის-წყლის შუა დინებაზე განლაგებული აღჯა-ყალა წარმოადგენდეს ზუაინა/ზუას. თუ ზუაინა/ზუას ვერ გავაიგივებთ ზივინთან, მაშ რა უნდა ყოფილიყო იაზილითაშსა და ზივინში ურარტული წარწერების [გვ.96] არსებობის გამომწვევი მიზეზი? მ.სალვინი ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ როგორც იაზილითაში, ასევე ზივინი, ერზურუმ-ყარსის შარაგზაზთან მდებარეობენ, რომელიც უკვე ურარტელთა ხელში იქნებოდა იქ ნაპოვნი წარწერების შედგენის ხანაში [26 შალვინი 1995, 54. ყარსი-ერზურუმ-ერზინჯანის მხარეების ნაწილი სპეციალურ ლიტერატურაში ურარტუს მიერ დამორჩილებულ დიაუხის ქვეყნის ყოფილ ტერიტორიად არის ხოლმე მიჩნეული, რომელმაც დიაუხის დაპყრობის საშუალებით აღმოსავლეთ პონტოს მთების კალთებს მიაღწია (იხ., მაგ., Yakar 2000, 442).], ხოლო კ. საგონა იაზილითაშსა და ზივინს ათავსებს ძველ ურარტულ გზაზე, რომელიც თაჰირის უღელტეხილის გავლითა და მდ. არეზის ზემო დინების გადაკვეთის შედეგად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა; იგი თვლის, რომ, იაზილითაშისა და ზივინის წარწერების ადგილმდებარეობა უკვე თავისთავად უნდა მიგვანიშნებდეს აქ ურარტული გზის არსებობაზე [27 Sagona 2004, 304, 306n.39.]. როგორც ჩანს, არცთუ იშვიათად ურარტელები წარწერებს დალაშქრული მხარეებისაკენ მიმავალ გზებთან ათავსებდნენ ხოლმე [28 შდრ., არტაან-ახალციხის გზაზთან ნაპოვნი თარიუნის ქვეყნის წინააღმდეგ არგიშთი I-ის ლაშქრობის ამსახველი ხანაკის წარწერა (იხ.ქვემოთ). არგიშთის ძის სარდური II-ის (დაახლ. 760 - დაახლ. 730 წწ.) ლაშქრობის ამსახველი კლდეზე ამოკვეთილი წარწერა ნაპოვნია უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაშ კერპისთან (სოფ. თაშქიოფრიუ), ჩრდილის ტბიდან 2 კმ-ით დასავლეთით, ხოლო თვით არგიშთის წარწერიანი სტელა – სარიკამიშთან (ეს უკანასკნელი თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, იხ. Lehmann-Haupt 1926, 58; Kleiss & Hauptmann 1976, 13, № 48; 15, № 62).]. ის გარემოება, რომ მენუა შაშილუს აღების შემდეგ მიემართება შეშეთის ქვეყნისა და ქალაქ ზუაინა/ზუასკენ, უნდა მიუთითებდეს ერთიდაიმავე ვექტორზე მათი განლაგების სასარგებლოდ, რომლის დასაწყისში ქალაქი შაშილუ, ხოლო მის გადაღმა, სავარაუდოა, ჩრდილოეთით, შეშეთის ქვეყანა და ქალაქი ზუაინა/ზუა მდებარეობდნენ. თუ შეშეთის ქვეყანა შავშეთია, მაშინ გამოდის, რომ შაშილუ ურარტუდან შავშეთისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა და მისგან უფრო სამხრეთით უნდა ყოფილიყო განლაგებული; ამდენად დასაშვები ხდება თორთომის-წყლის ხეობაში მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. ერზურუმის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილზე გაბატონებულ ევფრატის სათავის მხარეში ქვეყნის მთავარი ქალაქის მდებარეობა, ამ უკანასკნელს დიდ სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებდა და შესაბამისად ასიას ქალაქის აქ არსებობა, სალმანასარის წარწერაში ევფრატის სათავის მხარეში მისი ლოკალიზების შესახებ ცნობის გარეშეც, [გვ.97] თავისთავად უფრო მოსალოდნელი იქნებოდა ვიდრე იაზილითაშ-ზივინის სექტორში. ქალაქ ”შაშილუს” ლოკალიზაციისათვის გასათვალისწინებელია, რომ მდ. ევფრატის (კარა-სუს) სათავე მდინარის, დუმლუ-სუს სათავეებიდან (აქ რამდენიმე ათეული ნაკადული იყრის თავს [29 როგორც ჩანს, მდ.ევფრატის სათავეს ”მომხიბვლელობა” არც სალმანასარ III-ის შემდგომ ხანებში დაუკარგავს. გადმოცემის თანახმად, დუმლუ-სუს ერთ-ერთი უმთავრესი წყაროს სათავესთან დაუმალავს წმ.ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი ჰერაკლე კეისარს, სპარსელებთან გადამწყვეტ ბრძოლაში წასვლის წინ. XIX ს-ის მეორე ნახევარში, ზაფხულობით, მოლოცვისა და განბანისათვის აქ ისევ იყრიდნენ თავს სომხები, ქურთები და ლაზები (იხ.Ерицов 1883, 5-6, прим. №39).]) დაახლ. 20 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, იმიერ-ტაოში, თორთომის-წყლის (თურქ. თორთუმ-ჩაი) ზედა წელთან მდებარე თორთომის ციხე (თურქ. თორთუმ-კალე) და მისი შემოგარენი; თორთომის ციხესთან ერთ დროს დიდი ქალაქი უნდა არსებულიყო [30 Sinclair 1989, 14.].

თორთომის ციხესთან გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან (დღევანდელი ქ.რიზეს მახლობლად) ისპირისა და ხახულის გავლით რიზედან ერზურუმისაკენ მიმავალი გზა, რომელიც შემდეგ ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს გაყოლებითა და ქართლის ყელის (”გურჯი ბოღაზის”) გავლით სამხრეთით, ქ.ერზურუმისკენ მიემართებოდა. თორთომში ისპირ-ერზურუმის გზა ნარიმან-ოლთისის გზით იკვეთება, ხოლო მესამე, ჩრდილოეთის გზა, მდ.თორთომის-წყალს მიყვება და შემდეგ მდ.ჭოროხის გაყოლებით, ამ უკანასკნელის შესართავთან შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს. შემთხვევითი არ ჩანს ის გარემოება, რომ სწორედ თორთომის ციხე წარმოადგენდა XV საუკუნის დასაწყისში თემურ-ლენგის ერთ-ერთ ძირითად ბანაკს ანატოლიასა და ამიერკავკასიაში მისი ლაშქრობების დროს [31 Clavijo 1928.]; ხოლო 1549 წ. დეკემბერში ფერდინანდ I-სადმი გაგზავნილ წერილში სულეიმან კანუნი იუწყება ოსმალთა მიერ თორთომის ციხისა და აღჯა-ყალას აღებას და თორთომს ”გურჯისტანის ქვეყნების” დედაქალაქად მოიხსენიებს [32 აბულაძე 1993, 259.]. ისტორიულად თორთომის ციხე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მიჯნას დარაჯობდა. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, თორთომის სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი იყო ჯუანშერთან [გვ.98] მოხსენიებული ”გზა ქართლისა”, ანუ ვახუშტის ”საქართველოს ყელი”, რომელსაც თურქებმა ”გურჯი-ბოღაზი” უწოდეს [33 ჯავახიშვილი 1965, 67.]. როგორც ზემოთ ითქვა, სალმანასარ III-ისა და მენუას ლაშქრობათა შორის განვლილ ხანაში, დაიაენი//დიაუხის მიწაზე დიდ კატაკლიზმებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ საფიქრებელია, რომ ასიას სატახტო ქალაქი სწორედ შემდეგდროინდელი დიაუხის დედაქალაქი შაშილუ უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ბგერები: ს და შ, რ და ლ, ო და უ ურარტულ დამწერლობაში ერთმანეთისაგან არ განირჩევა [34 Mеликишвили 1960, 46.], ხოლო ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის კვლევისას რეკომენდირებულია შ-ს ს-დ, ხოლო უ-ს ო-დ წაკითხვა [35 იხ.Diakonoff 1984, 194n.82; Diakonoff & Kashkai 1981, xi; Wilhelm 2004, 122.], ტოპონიმი "შაშილუ" უნდა წავიკითხოთ, როგორც ”სასირო” ან ”სასილო”. გ.მელიქიშვილი ამ ტოპონიმს სასილო-ს ფორმით აღადგენდა [36 იხ.მელიქიშვილი 1970, 375, 377]. ფორმა ”სასილო” საინტერესოა იმ მხრივ, რომ თორთომის ციხეს დასავლეთის მხრიდან უშუალოდ ეკვრის თურქული სოფელი საირი (თურქ. ”საღირ”-ი ანუ ”ყრუ”, ამჟამად ს. ესენ-დურაქი ანუ ”ჯანსაღი ბანაკი”, ვახუშტის თქმითაც თორთომი ადგილია "მოსავლიანი, პირუტყჴანი, ფრინველიან-ნადირიან-თევზიანი"), რომლის ძველი ქართული სახელწოდებაა ”სასირე” [37 შდრ., ბარამიძე, 1923.], საკმაოდ ახლო მდგომი ურარტული სამეფო ანალებში დადასტურებულ ტოპონიმ ”სასილო”-სთან. შესაბამისად, თუკი ტოპონიმი ”სასირე” ურარტული წყაროების ”შაშილუ”-სთან არის დაკავშირებული, ამ უკანასკნელის წაკითხვისას ფორმა ”სასილო”-სთან” შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს - ”სასიროს”. სა-სირ-ო-ს პარალელური ყალიბია ”სა-სირ-ე” [38 აფრიდონიძე/მაკალათია 1980, 287, 289]. ვინაიდან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე თორთომის ციხე, ერზურუმის ზეგნისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და გაბატონებული მდგომარეობა ეკავა მდ. ევფრატის სათავეებსა და საზოგადოდ ერზურუმის მხარეზე, სავარაუდოა, რომ აქვე ყოფილიყო დაიაენის მეფის, ასიას სატახტო ქალაქი და ამასთანავე დიაუხის ქვეყნის ადრეული ხანის დედაქალაქი – შაშილუ, რაზედაც აქ ტოპონიმ სასირეს არსებობაც უნდა [გვ.99] მიგვანიშნებდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ურარტუს ისტორიის ცნობილი სპეციალისტი, ბ.პიოტროვსკი, ქალაქ შაშილუს ათავსებდა X საუკუნის ქართული მონასტრის, ხახულის მიდამოებში [39 კუფტინი 1949, 315.], რომელიც თორთომიდან მხოლოდ ოციოდე კილომეტრით თუ არის დაშორებული. სხვა ავტორები ამ ქალაქს ბევრად უფრო ჩრდილოეთით, ჭოროხის შუა დინებასთან ერთ-ერთი მცირე შენაკადის შეერთების ადგილთან მდებარე არსის//ერსისთან აიგივებენ [40 Mанандян 1956, 18-19; შდრ., Hewsen 1992, 206n.243, 210n.256; Hewsen 1992, 206n.243, 210n.256].  წინამდებარე კვლევის თვალსაწიერიდან მნიშვნელოვნად გვესახება ის გარემოება, რომ ”შაშილუსა” და მისი მსგავსი ძირების შემცველი ტოპონიმების ეტიმოლოგია გაურკვეველად არის მიჩნეული. ამ მხრივ გარკვეული დატვირთვა იქნებ ტოპონიმ ”სასირო”-ს მიეცეს, რომელიც შესაძლოა დიაუხის მოსახლეობის ქართველურობაზე მიგვანიშნებდეს; ”სასირო”//”სასირე” ხომ ძველქართულად ”ჩიტების ადგილს" ნიშნავს. ტოპონიმი ”სასირეთი” დასტურდება თეძმის ხეობაში და ცხინვალ-სამაჩაბლოს ხეობებში. სოფელ აჭყვისთავთან (აჭარაში, ქ. ქობულეთის ჩრდილო-დასავლეთით) სამ ადგილას დასტურება ტოპონიმი – “სასირე”. გ.კლიმოვმა ჩიტის აღმნიშვნელი *სირ-არქეტიპი აღადგინა ქართულ-ზანური ერთიანობის ხანისათვის [41 Климов 1964, 163.]. დღევანდელ ქართულშიც სიტყვა ”სირ-ი” ”ჩიტის” მნიშვნელობით ასახულია სიტყვებში: სირ-აქლემ-ი; სარ-ა-სირ-ი – ”ღობემძვრალა”. საზოგადოდ, მდ.ევფრატის სათავეების მხარეში, მოგზაურები იუწყებიან ხოლმე ფრინველთა გამორჩეულ სიჭარბეს. თორთუმ-ჩაისა (თორთომის-წყლის) და ოლთუ-ჩაის (ოლთისის-წყლის) წყალგამყოფ ქედს დღესაც თურქულად ეწოდება – კარგაფაზარლი დაღლარი ანუ ”ყვავთა ბაზრის მთები”, ხოლო ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს შემადგენელი წყაროების სათავეების მქონე და ამავე დროს მტაცებელი ფრინველების ბუდეებით გამორჩეულ მთას – კუშ კუშლარინ ბაშ-ი ანუ ”ჩიტთა თავების მთას” [42 იხ.Проскуряков 1905, 70, 71.]. აღსანიშნავია, რომ ერზურუმის ოლქის დასახლებული პუნქტების 1878 წლის აღწერის დროს დაფიქსირებულია ტოპონიმი კუშჩიქოი, რაც თურქულ ენაზე ”მეჩიტბადეთა” ანუ ”ფრინველზე მონადირეთა” [გვ.100] სოფელს ნიშნავს. იგი ერზურუმიდან 4 საათის სავალით ანუ დაახლ 20 კმ-ით ყოფილა დაშორებული. მასთან ერთად მოხსენიებული სოფლების მდებარეობის გათვალისწინებით, ეს სოფელი ერზურუმიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ანუ იმავე დუმლუ-სუს სათავის მხარეში, უნდა ყოფილიყო განლაგებული [43 იხ.Ерицов 1883, 6.], სავარაუდოდ ”გურჯი-ბოღაზის” მახლობლად. დიაუხის ქვეყნის მოსახლეობის წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით, ითვალისწინებენ ხოლმე, აგრეთვე, დიაუხის შემადგენელი ქვეყნების – შეშეთის, დიდის და სხვ. – სახელწოდებათა ქართულ ჟღერადობას. პირველ ტერმინში გამოყოფენ გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელ ქართულ -ეთ სუფიქსს და მას აიგივებენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მდებარე მხარის – ”შავშეთის” სახელთან [44 Меликишвили 1954, 60; მაისურაძე 1991, 18-22.], თუმცა, ვინაიდან რეკომენდირებულია ურარტული შ-ს ს-დ გახმოვანება, ეს ტერმინი უნდა იკითხებოდეს, როგორც ”სესეთი” [45 შდრ., მელიქიშვილი 1970, 375]. მენუას იაზილითაშისა და არგიშთი I-ის სურბ საჰაკის წარწერათა შეპირისპირება, როგორც უკვე ითქვა, ცხადყოფს, რომ ”სესეთი”//”შეშეთი” დიაუხის ქვეყნის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, ვინაიდან არგიშთის მიერ ნახსენები დიაუხის სამეფო ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი), მენუას წარწერის მიხედვით შეშეთის ქვეყანაშია. მეორეს მხრივ, დაიაენის ტერიტორიისა და შეშეთის თანხვდენაზე შესაძლოა მიუთითებდეს ტიგლათფილესერ I-ის ზემოაღნიშნული წარწერა, რომლის მიხედვითაც დაიაენის ნაირის ქვეყანათა ჩამოთვლისას, ხოლო ”შეშეს მთას” ნაირის მთებს შორის ყველაზე ბოლოს მოიხსენებიან [46 იხ.Меликишвили 1959, 178.], რაც მათთან ერთად ერთ კონტექსტში ჩამოთვლილ სხვა ქვეყნებთან და მთებთან შედარებით უფრო ჩრდილოურ მდებარეობაზე უნდა მიგვინიშნებდეს. ამისდა შესაბამისად მათ ადგილმდებარეობას მდ. ჭოროხის შუა დინების ჩრდილოეთით განსაზღვრავენ ხოლმე [47 იხ. Арутюнян 1970, 417; Арутюнян 1985, 246.]. აქვე, შავშეთსა და ჭოროხს შორის, მდებარეობდა ვახუშტის ცნობით, მთა შავშეთისა [48 ვახუშტი, 680, 5.]; დაახლოებით ამავე ტერიტორიაზე ეძებენ ”სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში” მოხსენიებულ შეშის მთასაც: ”მთაჲ ესე მაღალი არს. თავი [გვ.101] ყოველთა ამათ ქედთაჲ, რომელსა ჰრქვიან თავი შეშეთაჲ…” [49 იხ. მაისურაძე 1991, 21-22; ცეცხლაძე 2000, 10]. გამოთქმულია ვარაუდი, ტყიანი მხარის ”შავშეთის” აღმნიშვნელი და ტერმინ ”შეშეთის” ახლო მდგომი სახელწოდების მიღების შესახებ სიტყვა ”შავი”-სა და ძველ ქართულში ”ხე” სიტყვის მნიშვნელობით ხმარებული სიტყვა ”შეშა”-საგან, -ეთ სუფიქსის დართვის შედეგად [50 მაისურაძე 1991, 21-22]. თუკი დასაშვები იქნებოდა შავშეთში დიაუხის სამეფო ქალაქ ზუაინა/ზუა(ნი)ს ლოკალიზება, ტოპონიმ ”ზუა”-სთან მიმართებაში გასათვალისწინებელი გახდებოდა ქართული ფუძე ზუ-, აქედან მ-ზუ-არ-ე, რაც ნიშნავს ”მზიან ადგილს” [51 საინტერესოა, რომ ს. წერაქვის (ქვემო ქართლში) მიდამოებში მდებარე შუა საუკუნეების ციხის სახელია: ”დიდი მზიგული”.]. სულხან-საბას მიხედვით: ”მზუარე, ადგილი მზის მდეგი (მზე-მდეგი)” [52 ორბელიანი 1966, 472.]. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე მეორე ქართული სიტყვა – ”ზუავ-ი”, ანუ გოროზი, ამაყი: ”ზუავი იგი ნაბუქოდონოსორ” [53 მამათა ცხოვრება, 15ვ, იხ.აბულაძე 1973, 169]. ქართული თუ ქართველური კუთვნილების სახელებად მიჩნეულია, სავარაუდოდ დიაუხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, არგიშთი I-ის ძის სარდური II-ის წარწერაში მოხსენიებული ცუდალა, რომელშიც გ.მელიქიშვილი გამოჰყოფს ქართულ სიტყვას – ”ცუდ-ი”-ს და ქართულივე სუფიქსს – ”(ა)ლა”-ს და აგრეთვე იმავე წარწერიდან ცნობილ ტოპონიმებს – ”ფუზუნია” და ”ალქანია” [54 Меликишвили 1954, 115; Меликишвили 1960, 287]. გასათვალისწინებელია, რომ მტკვრის ზემო დინების რეგიონის დიაუხის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისადმი კუთვნილებას საკუთრივ ურარტული ეპიგრაფიკული მონაცემები მოწმობენ. კერძოდ, არტაანის ჩრდილოეთით (არტაან-ახალციხის გზაზე) მდებარე ხანაკის მახლობლად პატარა მდინარის პირზე მდებარე კლდეზე ორი ათეული წლის წინ აღმოჩნდა არგიშთი I-ის წარწერა. ურარტული ტექსტი გვამცნობს მისი ლაშქრობის შესახებ თარიუნის ქვეყნის წინააღმდეგ რაც საქართველოს ტერიტორიაზე დიაუხის ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრის გავრცელების მოწმობად მიიჩნევა [55 Dinçol & Dinçol 1992, 109-117. აღსანიშნავია, რომ არტაანთან და ყარსის აღმოსავლეთით, ანისთან მიკვლეულია სავარაუდოდ ურარტული კერამიკის შემცველი გორანამოსახლარები (Kleiss & Hauptmann 1976, 22, № 162; 20, № 131).]. თუ ადრე ამ ქვეყნის ლოკალიზებას ჩილდირის ტბის სამხრეთ-დასავლეთით ახდენდნენ, ხანაკის [გვ.102] წარწერამ მეტი დამაჯერებლობა შესძინა ვარაუდს ”თორის” მხარესთან მისი კავშირის შესახებ [56 ასათიანი 1993, 14]. როგორც ჩანს, მტკვრის დინება წარმოადგენდა სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ეთნიკური სიახლოვის განმაპირობებელ ფაქტორს, ხელს უწყობდა რა მდინარის გაყოლებაზე მოსახლეობის გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ყარსისა და არტაანის სანახებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვიანბრინჯაო-ადრეული რკინის ხანის მცხეთა-სამთავროს კერამიკის ანალოგიურად არის მიჩნეული [57 მუსხელიშვილი 2001, 16.]. ამავე დროს, აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოებრიობის ადგილობრივ საფუძველზე აღმოცენება ძირითადად დაკავშირებული ჩანს ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქემენიანთა იმპერიის დაპყრობასთან და Pax Achaemenia-ს Pax Macedonica-თი შეცვლასთან. ამ პერიოდიდან ყალიბდება ქართლის სამეფოს ისტორიული ფუნქცია გადაჯაჭვული სხვა ელინისტურ პოლიტიკურ წარმონაქმნთა ინტერესებთან და სათავეს იღებს დღევანდელი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული განვითარების პროცესი [58 იხ., მაგ. ქავთარაძე, 2003.]. დიაუხის ქვეყნის საპირისპირო, ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე, ჭოროხის ხეობაში ყალიბდებოდა დიაუხის მეტოქე და მემკვიდრე ქვეყანა, ურარტული ლურსმული წარწერების ”კულხა” – კოლხეთის ადრეული სახელმწიფო – ურარტუს სამეფოს ახალი მეტოქე ჩრდილოეთის სატრანზიტო გზებისათვის ბრძოლაში. დროის მსვლელობასთან ერთად ჭოროხის აუზში მდებარე კულხა შეცვლა შავიზღვისპირეთში მდებარე ძველბერძნული წერილობითი წყაროების ”კოლხიდამ” [59 ინაძე 1993, 43-52.]. სწორედ ჭოროხის დინებას უნდა უკავშირდებოდეს კოლხეთის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის თანდათანობითი გადანაცვლება სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ნავარაუდევია, რომ ძვ.წ. VII საუკუნიდან, როდესაც ადგილი აქვს ბერძნული ახალშენების მოწყობას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე, აქ ამ დროს არსებული დიდი პოლიტიკური წარმონაქმნის – კოლხას სახელი [გვ.103] გადაიქცა ამ მხარეების ვრცელი ტერიტორიის ზოგად აღმნიშვნელად, კრებითი სახელწოდება ”კოლხიდის” სახით [60 მელიქიშვილი 1955, 87, 88.]. ზემოაღნიშნული გარემოებანი და დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი დედაქალაქის დღევანდელი თორთუმ-კალესა და ს. ესენ-დურაქის ადგილას, ზემოთ ნავარაუდევი, ლოკალიზაცია, შესაძლოა, ძვ.წ. IX ს-ში არსებული უძველესი ქართული დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებასაც იძლეოდეს. ამ საკითხის საბოლოოდ გარკვევა მხოლოდ ამ მხარის არქეოლოგიურ შესწავლას შეუძლია. წინასწარული გამოკითხვით, ესენ-დურაქის მოსახლეობამ მათ სოფელში უხეში, ნაცრისფერი ჭურჭლის გამოვლენის შესახებ გვამცნო, რაც შესაძლოა აქ ერზურუმის მხარისათვის დამახასიათებელი ადრერკინის ხანის ნაწარმის არსებობაზე მიგვანიშნებდეს, რომელიც ურარტუს სამეფოს ადრეული პერიოდის სინქრონული უნდა იყოს. ამრიგად, მდინარეების ევფრატისა და ტიგროსის დინების გაყოლებაზე მდებარე ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული და პოლიტიკური განვითარების განმაპირობებელი შუამდინარეთის რეგიონის უმთავრესი მდინარის, ევფრატის სათავის მხარეში განლაგებული დაიაენი/დიაუხი ქვეყანა უნდა ყოფილიყო ამიერკავკასიის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეებში არსებული ქართული სახელმწიფოების წინაპარი ქვეყანა და შესაბამისად, ამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის რაობის გარკვევას სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საზოგადოდ ადრეული კავკასიური სახელმწიფოების აღმოცენება-განვითარების საკითხთა შესწავლის თვალთახედვით და კერძოდ ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიციის ფესვების ძიებისას.

ბიბლიოგრაფია

აბულაძე 1973 = ი.აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი: "მეცნიერება", 1973.

აბულაძე 1993 = ც.აბულაძე. საქართველოსა და მისი პოლიტიკური წარმონაქმნების სახელწოდებანი ოსმალურ წერილობით ძეგლებში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების [გვ. 104] აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ.პაიჭაძე. თბილისი: "მეცნიერება", 1993.

ასათიანი 1993 = შ.ასათიანი. ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ონომასტიკა ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ.პაიჭაძე. თბილისი: "მეცნიერება", 1993.

აფრიდონიძე/მაკალათია 1980 = შ.აფრიდონიძე, ფ.მაკალათია. ქართული ოიკონიმები. 3. განმეორებადი პრეფიქსები (ნა-; სა-), – ტოპონიმიკა II, შ. ძიძიგურის საერთო რედაქციით. თბილისი 1980.

ბარამიძე 1923 = საქართველოს ისტორიული რუკა. შედგენილი ტოპოგრაფ ევ.ბარამიძის მიერ, პროფ. ივ.ჯავახიშვილის რედაქტორობით. თბილისი: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გამოცემა, 1923.

ვახუშტი = ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტ. IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი: "საბჭოთა საქართველო", 1973.

ინაძე 1993 = მ.ინაძე. ტერმინები "კოლხი" და "კოლხეთი" ანტიკურ მწერლობაში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ.პაიჭაძე. თბილისი: "მეცნიერება", 1993.

კუფტინი 1949 = ბ.კუფტინი. საქართველოს ძველი ეთნო- და ტოპონიმიკის ზოგიერთ გაურკვეველ შემთხვევაზე უცხო წყაროებით, – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. X, № 5, 1949, გვ. 315-322.

მაისურაძე 1991 = გ.მაისურაძე. აღმოსავლურქართულ ტომთა კვალი ძვ. წ. XII საუკუნის სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე (ერთი ტოპონიმის იდენტიფიკაციის მაგალითზე), – ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევები. თბილისი: "მეცნიერება", 1991.

მელიქიშვილი 1951 = გ.მელიქიშვილი. უძველესი სამეფო სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, – მიმომხილველი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორის ინსტიტუტი), II, 1951, 203-230.

მელიქიშვილი 1955 = გ.მელიქიშვილი. საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის საკითხისათვის. თბილისი, 1955. [გვ. 105]

მელიქიშვილი 1970 = გ.მელიქიშვილი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, - წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.I. თბილისი, 1970.

მუსხელიშვილი 1980 = დ.მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II. თბილისი: გამომცემლობა "მეცნიერება", 1980

მუსხელიშვილი 2001 = დ.მუსხელიშვილი. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის წარმოქმნის ისტორიულ-გეოგრაფიული და ეთნიკურ-კულტურული საფუძვლები. – ანალები (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი), 2001, № 1. თბილისი, 2001.

მუსხელიშვილი 2004 = დ.მუსხელიშვილი. "დაიაენი" - "დიაოხის" ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობისათვის, – ანალები (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი), 2004, № 1. თბილისი, 2004.

ორბელიანი 1966 = სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, წიგნი I. თბილისი: გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1966.

ფუტკარაძე 1999 = ტ.ფუტკარაძე. ხმოვანთ კომპლექსთა ტრანსფორმაციისათვის ქართულში, – საენათმეცნიერო ძიებანი, VIII. თბილისი: გამომცემლობა "ქართული ენა", 1999.

ქავთარაძე = გ.ქავთარაძე. იბერიის სამეფოს "არსებობის არსი" ძველი საისტორიო წყაროების მიხედვით, – მნათობი (მწერლობა, მეცნიერება, ხელოვნება), № 7-8. თბილისი: გამომცემლობა "სანი", 2003, გვ. 94-154.

ქურდიანი = მ.ქურდიანი. ორი ურარტოლოგიური ეტიუდი, – ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 349). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003.

ცეცხლაძე 2000 = ნ.ცეცხლაძე. შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია. ბათუმი: "გამომცემლობა აჭარა", 2000.

ხაზარაძე 2001 = ნ.ხაზარაძე. ლეონტი მროველი და არიან-ქართლის ლოკალიზაციის საკითხი, – DEDICATIO, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. თბილისი, 2001. [გვ. 106]

ჯავახიშვილი 1965 = ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე. თბილისი: გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1965.

Арутюнян 1970 = Н.В.Арутюнян. Биайнили (Урарту). Ереван, 1970.

Арутюнян 1985 = Н.В.Арутюнян. Топонимика Урарту. Ереван, 1985.

Арутюнян 2001 = Н.В.Арутюнян. Корпус Урартских Клинообразных Надписей. Ереван: Издательство «Гитутюн» НАН РА, 2001.

Атлас 1961 = Атлас Армянской Советской Социалистической Республики. Ереван-Москва, 1961.

Бакрадзе 1878 = Дм.Бакрадзе. Археологическое Путешествие по Гурии и Адчаре. СПб, 1878.

Дьяконов 1951 = И.М.Дьяконов. Ассиро-Вавилонские источники по истории Урарту, – Вестник древней истории, 1951, № 2.

Дьяконов 1968 = И.М.Дьяконов. Предыстория армянского народа. Ереван: Издательство АН Армянской ССР, 1968.

Ерицов 1883 = А.Ерицов. Список населенных пунктов бывшей Эрзерумской области, находившейся во временном управлении России. Тифлис, 1883.

Климов 1964 = Г.А.Климов. Этимологический словарь картвельских языков. Москва, 1964.

Mанандян 1956 = Я.А.Mанандян. О некоторых спорных проблемах истории и географии древней Армении. Ереван, 1956.

Меликишвили 1954 = Г.А.Меликишвили. Наири-Урарту. Тбилиси, 1954.

Меликишвили 1959 = Г.А.Меликишвили. К истории древней Грузии. Тбилиси, 1959.

Меликишвили 1960 = Г.А.Меликишвили. Урартские клинообразные надписи. Москва, 1960.

Меликишвили 1963 = Г.А.Meликишвили. Ассирия и "Страны Наири" на рубеже XII­XI вв. до н.э., – Вестник Древней Истории № 2, 1963.

Проскуряков 1905 = Я.С.Проскуряков. Заметки o Турции (Записки Кавказского Отдела Императорского Русского Географического Общества. Книжка XXV, выпуск 1-й.). Тифлис, 1905.

Clavijo 1928 = R. G. Clavjo. Embassy to Tamerlane 1403-1406 (trans. G. Le Strange. New York & London, 1928.

Diakonoff 1984 = M. Diakonoff. The Pre-History of the Armenian People. Translated from the Russian by Lori Jennings. With revisions by the Author. Delmar, New York: Caravan Books, 1984.

Diakonoff & Kashkai 1981 = I. M. Diakonoff and S. M. Kashkai. Geographical Names According to Urartian Texts. Répertoire [gv. 107] Géographique des Textes Cunéiformes IX. Beihefte zum Tübinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 7. Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert Verlag, 1981.

Dinçol & Dinçol 1992 = Dinçol, Ali M., and Belkıs Dinçol. Die urartaeische Inscrift aus Hanak (Kars), in: Hittite and Other Anatolian and Near Eastern Studies in Honor of Sedat Alp, ed. H. Otten et al., 1992, 109-117. Anadolu Medenizetlerini Araştırma ve Tanıtma Vakfı Yayınları – Sayı I. Ankara: Türk Tarih Kurumu Basımevi.

Hewsen 1992 = R. H. Hewsen. The Geography of Ananias of Širak (Ašxarhac'oyc'), The Long and Short Recensions. Introduction, Translation and Commentary by R. H. Hewsen.Wiesbaden. Beihefte zum Tübinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr.77.

Kleiss & Hauptmann 1976 = W. Kleiss & H. Hauptmann. Topographische Karte von Urartu. Verzeichnis der Fundorte und Bibliographie. Berlin, 1976.

König 1955 = F. W. König. Handbuch der chaldischen Inschriften, I. Graz, 1955.

König 1957 = F. W. König. Handbuch der chaldischen Inschriften, II. Graz, 1957.

Lehmann-Haupt 1926 = C. F. Lehmann-Haupt. Armenien einst und jetzt. Band I. Berlin/Leipzig 1926.

Lehmann-Haupt 1931 = C. F. Lehmann-Haupt. Armenien einst und jetzt. Band II, 2. Hälfte. Berlin/Leipzig 1931.

Parker 2003 = B. J. Parker. Archaeological Manifestations of Empire: Assyria’s Imprint on Southeastern Anatolia, – American Journal of Archaeology, vol. 107, no. 4, 2003.

Sagona 2004 = C. Sagona. Did Xenophon Take the Aras High Road? Observations on the Historical Geography of North-East Anatolia, in: A View from the Highlands. Archaeological Studies in Honour of Charles Burney. A. Sagona (ed.). (Ancient Near Eastern Studies. Supplement 12). Leuven: Peeters Press, 2004.

Salvini 1967 = M. Salvini. Nairi e Ur(u)aṭri, contribuṭo alla storia della formazione del regno di Urarṭu (Incunabula Graeca, vol.XVI). Roma, edizioni dell’Ateneo, 1967.

Salvini 1995 = M. Salvini. Geschichte und Kultur der Urartäer. Darmstadt: wissenschaftliche Buchgesellschaft, 1995.

Sinclair 1989 = T. A. Sinclair. Eastern Turkey: an Architectural and Archaeological Survey, vol. II. London: The Pindar Press, 1989.

Wagner 1852 = M. Wagner. Reise nach Persien und dem Lande der Kurden. Erster Band. Leipzig, 1852. [გვ.108]

Wilhelm 2004 = G. Wilhelm. Urartian, in: The Cambridge Encyclopedia of the World’s Ancient Languages. Edited by Roger D. Woodard. Cambridge: Cambridge University Press, 2004.

Yakar 2000 = J. Yakar. Ethnoarchaeology of Anatolia. Rural Socio-Economy in the Bronze and Iron Ages. Tel Aviv University Sonia and Marco Nadler Institute of Archaeology, Monograph Series 17. Tel Aviv: Emery and Claire Yass Publications in Archaeology, 2000.

 

 

G.Kavtaradze

TOWARDS THE LOCATION OF ANCIENT CITY-FORTRESSES OF TAO

The country of Daiaeni is mentioned in the inscription of the Assyrian king, Shalmanasar III, which was dated to 844 BC and where he informs us about the fact that he erected his statue in the anonymous city of the king of Daiaeni, Asia when the latter came to him to the source of the Euphrates and "fell before his feet". It is clear that the "Royal City" of Daiaeni was located near the source of the Kara-su (the Western Euphrates), in the territory which is known by Georgian and Armenian tradition as Tao or Taik.

An additional information from the point of view of the location of the Asia’s "capital" Daiaeni might be provided by the name of the ‘Royal City" of Diaukhi (Urartian form for Assyrian Daiaeni) – Šašilu – mentioned in the inscription of the Urartian king Menua who destroyed it nearly half a century after the Shalmanasar’s expedition. It seems that Šašilu was situated on the place of the Medieval Georgian village of Sasire (immediately west of the castle of Tortomi or Tortum-kale, on the upper flow of Tortomis-tskali or Tortum-зai, ca 20-30 km north-west of the source of the Euphrates (i. e. Dumlu-su). Such a location of Šašilu and at the same time of Asia’s city seems quite reasonable if we take into account that in the Urartian cuneiform script it is impossible to distinguish from each other the sounds š and s, l and r, u and o. and the above information of the inscription of Shalmanasar that he followed Asia to his anonymous city when the latter came to him exactly to the source of the Euphrates.

CAUCASIAN AND NEAR-EASTERN STUDIES

XII

The volume is Dedicated to the 70th Anniversary of Professor Manana Khidasheli

I. Javakhishvili Institute of History and Ethnology

Tbilisi

2006