topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ი.ადამია - ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრება

<უკან დაბრუნება

ქ.დიღმელაშვილის ფოტო

ადამია ი. ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრება* // ძეგლის მეგობარი. - 1980. - N55. - გვ.52-62.

" - " 1981. - N57. - გვ.7-19. 1981. - N5.- გვ.7-19.

*1980 წლის კვლევის შედეგები ცალკე იქნება გამოქვეყნებული.

წინამდებარე ნარკვევში განხილულია ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო ხუროთმოძღვრული კომპლექსი. იგი მდებარეობს სოფელ ეკში (ცხაკაიას რ-ნი), ქ.ცხაკაიას ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ. მანძილზე. სოფელ ეკის მოსახლეობა შეფენილია უნაგირას (ეკის) მთის კალთის ბორცვებსა და გორაკების წელმისაწვდომ ფერდობებზე (ეკი მეგრულად ნიშნავს აღმართს, უფრო შესატყვისია - "აღმა"). ეკის ნათლისმცემლის კომპლექსი (ეკლესია, სამრეკლო, პალატი და სხვ. ნაგებობები) გაშენებულია სოფლის ჩრდილოეთით, (საადამიოს) მაღალი მთის თხემის დავაკებულ ადგილზე და შემოზღუდულია ქვითკირის მაღალი გალავნით. გალავნამდე კარგა მოზრდილი აღმართია ფეხით ასასვლელი, კარგ ამინდში მსუბუქი მანქანაც თავისუფლად ადის გალავნის კარიბჭემდე. ამ მაღლობიდან მეტად ლამაზი გადასახედია, ჩვენს წინ იშლება აკვარელური ნაირფერებით მოხატული კოლხეთის დაბლობის უმშვენიერესი პეიზაჟი.

ისიც არის რომ უღრუბლო ამინდში დასავლეთით, ცის დასალიერთან - შავი ზღვის ჰორიზონტზე, რატომღაც "შავს" ვამბობ, თორემ სინამდვილეში გარკვევით მოჩანს ლაჟვარდოვანი ფერის, (ზოგჯვრ ვერცხლისწყლისებრივად) მოლაპლაპე ამოზნექილი "სარკის" ზოლი. დროდადრო აქედან დიდი გემებიც კი შეინიშნება. ეკის ნათლისმცემლის კომპლექსის ისტორია დღემდე იდუმალებითა და ბურუსითაა მოცული, მის შესახებ ისტორიას არაფერი შემოუნახავს, არც უძველეს გუჯრებსა და ქრონიკებშია ეკის ანსამბლის შესახებ რაიმე ცნობა დაცული. ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ გვიან პერიოდის პუბლიკაციებშიც, 19 ს. ოცდაათიანი წლებიდან გამოცემულ სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერია ცნობილი, იგი ამ პერიოდშიც მკვლევართა მიღმაა დარჩენილი. არც საბჭოთა პერიოდის სამეცნიერო ლიტერატურაში არ ყოფილა გამოქვეყნებული ამ ძეგლის არსებობის შესახებ რაიმე უბრალო ცნობაც კი. ამ უცნობ ძეგლს დღემდე მემორიალური დაფაც არა აქვს და არც ოფიციალური მცველი ყოლია არასოდეს უკანასკნელ დრომდე. ამის გამო ეკის სამონასტრო კომპლექსი ახალ ნაპოვნ ძეგლად, უნდა იქნას არიარებული და როგორც ახალი შეძენილი ძეგლი მეცნიერულად შესასწავლია. თუ რატომ იყო უგულვებელყოფილი საუკუნეების მანძილზე ეს ფრიად მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი, ჯერ კიდევ ამოუცნობი რჩება. რამდენიმე სიტყვით მინდა მკითხველის ყურადდება გავამახვილო ძეგლის სახელდების შესახებ., როგორც ირკვევა ეკის სამონასტრო კომპლექსი აგებულია "იოანე ნათლისმცემლის" სახელზე. მსგავსი სახელწოდების ეკლესიები გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში-კახეთში, სამცხეში, საინგილოში, იმერეთში, გურიაში და სხვ. ადგილობრივი მოსასლეობა მას "ნათლისმეცემელს".. ან კიდევ (ამ სახელწოდების) "ოხვამეს" უწოდებს. სანდაზმული მოხუცები მას იოანეს კი არა "ივანეს" სახელს უკავშირებენ, რის გამოც ტრადიციული სახალხო დღესასწაულიც "ხვამაივანობა" (მცხეთობის, ალავერდობის და ქურმუხობის მსგავსად) უხსოვარ დროიდან ყოფილა დამკვიდრებული, 24 ივანობის თვეს (24 ივნისს ძველი სტილით). ხოლო მეორე ტერმინი "ოხვამე", მეგრულად სამლოცველოს ნიშნავს. როგორც ჩანს ეს ტერმინი საკულტო დანიშნულობისაა, რომლის ფუძე "ხვამა" (ლოცვა) - "ოხვამე"-რი (სალოცავი) შორეული წარსულიდან მომდინარეობს. მეცნიერების აზრით მის წარმოშობას წარმართულ სარწმუნოებასთან უდევს სათავე. ტერმინ ეკლესიამ თავისი სინონიმი "ოხვამე" საუკუნეების მანძილზე ვერ განდევნა ხალხური მეტყველებიდან და დღესაც სამეგრელოში ეკლესიას ყველგან "ოხვამეს: ეძახიან. სამეგრელოს ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებულია, რომ არსებობდა მრავალი "ოხვამერი". (სალოცავი), რომლის რიტუალი სრულდებოდა მარანში. უხსოვარი დროიდან მარანი სამეგრელოში აღიარებული იყო, როგორც სამლოცველო, (წმიდა ადგილი)1. ამ წეს-ჩვეულებამ ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების შემდეგაც გადმოინაცვლა და მტკიცედ დამკვიდრდა, ამიტომაც ტერმინი "ოხვამე" ქრისტიანულ- სამლოცველო შენობასაც დაერქვა. ასეთია ტერმინი "ოხვამეს" ეტიმოლოგიის შესახებ მოკლე განმარტება.

გალავანი. მონასტრის საკმაოდ ვრცელი ეზო შემოზღუდულია ქვითკირის მაღალი გალავნით. მისი ზოგიერთი ადგილი ჩამოქცეულია განსაკუთრებით კარიბჭის განიერ ღიობს დაკარგული აქვს ადრინდელი ფორმა - უსწორმასწოროდაა მეტნაკლებად გაგანიერებული. გალავნის წყობა სხვადასსვა ზომის (კაჭარის) კირქვითაა აგებული კირის დუღაბზე. გალავანს ბევრგან აჩნია ნგრევისა და აღდგენის კვალი. დუღაბის ინერტულ შემადგენლობაში კარგად გამოირჩევა კვარცისა და სხვა ქანების მსხვილმარცვლოვანი კენჭები, რომლებიც კირის ხსნარითაა ("კოწიწით") შეზავებული და დროთა ვითარებაში დუდაბი და ქვა ისეა ერთმანეთში ჩაკირული, რომ გალავნის წყობა "კონგლომერაციულ", ერთ მკვრივ შეცემენტებულ მონოლითურ მასას წარმოადგენს. სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონის წყალობით ეკის ნათლისმცემლის კომპლექსმა გაუძლო ჟამთა ქარტეხილებს, ბუნების სტიქიას, მაგრამ ყველაზე დიდი ხელყოფა, მაინც ადამიანისაგან აქვს მიყენებული როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, გარედან მოსულიცა და შინაურიც მაინც ადამიანი ყოფილა მისი შემმუსვრელი. გალავანი დავაკებული ადგილის კონტურს გასდევს და ისეა რელიეფზე მორგებული, რომ მოსაზულობაც დაახლოებით მის ანალოგიურად აქვს მიღებული. გალავნით შემოზღუდულ მონასტრის ვრცელ ეზოში ცენტრალური ადგილი ეკლესიას უკავია. რომელიც გალავნის კარიბჭიდან მარცხნივ დაახლოებით 20 მეტრითაა დაშორებული. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმართულია ორსართულიანი სამრეკლო, იქვე სამრეკლოს აღმოსავლეთით დგას ორსართულიანი შენობის ნანგრევები, რომელსაც აქ "პალატს" უწოდებენ. სამრეკლოს ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ე.წ. დილეგი. პალატის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით შეინიშნება აგრეთვე მიწასთან გასწორებული უძველესი შენობათა კონტურები, რომელთა გამოსავლენად საჭიროა კედლის საგულდაგულოდ გაწმენდა ჯაგნარისაგან ასეთია ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის სიტუაციურ გეგმაზე ობიექტების განაშენიანების (განლაგების) სქემა.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ეკლესია. ეკის ნათლისმცემლის ეკლესია ("ოხვამე"), გეგმის კომპოზიციისა და მოცულობითი ფორმის მიხედვით განეკუთვნება საქართველოში ფართოდ გავრცელებულ დარბაზული ტიპის (ერთნავიან) მცირე მოცულობის უგუმბათო ეკლესიების ჯგუფს.

გეგმის კომპოზიცია. ეკის ნათლისმცემლის ეკლესიის ახლანდელ გეგმას წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმა აქვს, რომელიც აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. ეკლესიის გეგმა ერთი გრძელი დარბაზისაგან შედგება კვადრატული მოყვანილობის ორი მასიური სვეტი, რომელიც დაახლოებით დარბაზის შუაშია აღმართული, შიდა სივრცეს ორგანყოფილებიან სახეს აძლევს, რომელიც ერთ ნავშია მოქცეული. აღნიშნული ნავის პირველი განყოფილების (დასავლეთი ნაწილის) კედლების სისქე 100 სმ. უდრის, ხოლო მეორე განყოფილების (აღმოსავლეთი ნაწილის) კედლებისა კი უფრო თხელია (70სმ. არ აღემატება). ნავის პირველი და მეორე ნაწილის გრძივი კედლების ქვის წყობა სვეტების გასწვრივ ერთმანეთთან არაა გადაბმული. ეს ადგილები გამოყოფილია ე.წ. "სამშენებლო ნაკერით"; ისინი შიგნიდან ხსნარითაა გადალესილი, ხოლო გარედან ნაკერის ხაზი შეწობას მთელ სიმაღლეზე მიყვება და იგი დაუფარავად გარკვევით ჩანს. აფსიდის ცილინდრული კედლის ცენტრში ერთი საშუქი სარკმელია მოთაესებული. იქვე კედლის სისქეში მარჯვნივ და მარცსნივ მცირე ზომის ნიშისებრი შეღრმავებაა დატოვებული განჯინის თუ სხვა დანიშნულებისათვის. დარბაზის პირველი განყოფილების გეგმა ზედმიწევნით სიმეტრიულია. ვერტიკალური სიმეტრიის ღერძზე დასავლეთის კედელზე კარიბჭის ღიობია მოთავსებული, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარის კედლებში ერთმანეთის პირდაპირ ორ-ორი მოზრდილი სარკმელია გამოჭრილი. დარბაზის ამ განყოფილების კედლებში ოთხი მცირე ზომის შეღრმავებაა დატოვებული (იხ.გეგმა). დარბაზის მეორე განყოფილების (კორპუსის) სამხრეთის კედელზედაც აგრეთვე ერთი კარიბჭეა მოთავსებული. ამ განყოფილების ჩრდილოეთის კედელზე ზემოხსენებული პატარა ნიშების ანალოგიურად ერთი ნიშისებრი შეღრმავებაა გამოკვეთილი. როგორც გეგმიდან ჩანს ეკლესიის შიდა სივრცე ერთმანეთზე მიშენებული სხვადასხვა მოცულობის ორი განყოფილებისაგან (ორი კორპუსისაგან) შედგება და ერთი მთლიანი დარბაზის შთაბეჭდილებას ტოვებს. გეგმაზე ცხადად იკითხება მშენებლობის ორი პერიოდი - ჩვენი აზრით, ქრონოლოგიურად შენობის დასავლეთი მხარის ის ნაწილი, რომელიც "სამშენებლო ნაკერითაა" გამოყოფილი. დარბაზის "პირველი განყოფილება, (როგორც დამოუკიდებელი ცალკე ნაგებობა) კარგა ხნით ადრე უნდა იყოს აგებული, ხოლო დარბაზის მეორე განყოფილება (აღმოსავლეთი ნაწილი) ცხადია მერეა, უფრო გვიან მიშენებული. საინტერესოა ვიცოდეთ თუ როგორი იყო ეკის ნათლისმცემლის ეკლესიის ზემოხსენებული "პირველი განყოფილების (დასავლეთი ნაწილის) თავდაპირველი სახე, რომელიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ გაცილებით ადრეა აგებული. უპირველეს ყოვლისა ამის დადგენა შესაძლებელია გეგმარების იმ უძველესი კომპონენტების საფუძველზე რომლებიც არავითარ ეჭვს არ იწვევს და თან ახლავს გეგმის იმ ნაწილს, რომლის შესახებაც გვაქვს საუბარი.

ექსტერიერის მოცულობით ფორმები (მასები). მონასტრის ეზოს სიღრმეში ხელმარცხნივ დგას მორუხო ფერის მცირე ზომის ეკლესია, რომელსაც სამონასტრო კომპლექსის გენერალურ გეგმაზე ცენტრალური ადგილი უკავია. პირველი შთაბეჭდილება შორიდან შეიძლება ითქვას მცირე მოცულობითი მარტივი ფორმების გამო არავითარ ემოციურ ესთეტიკურ განცდებს არ იწვევს და უფერულადაც გამოიყურება, მაგრამ თანდათანობიო ძეგლთან მიახლოვებისას ნატიფი - ხატოვანი მიჩქმალული ორნამენტების გამოჩენა ეკლესიის კედლებიდან მოულოდნელად იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას. პირველი უფერული შთაბეჭდილებებიც ანაზდეულად ქრება და მნახველი თვალს ვერ აშორებს ძეგლის მხატვრულად დამუშავებულ ქვებში სიძველემოკლებულ "მიძინებული ორნამენტების" მრავალფეროვნებას. აღნიშნული ძეგლის მარტივი მასები სხვადასხვა სიდიდის ერთნაირი ფორმის მცირე მოცულობის ერთმანეთზე მიდგმულ ორ ეკლესიას მოგვაგონებს. ეკის ნათლისმცემლის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში დღემდე შემორჩენილია ქვაზე ამოკვეთილი მრავალფეროვანი სტილიზებული ორნამენტები და სხვადასხვა სახის განუმეორებელი სიფაქიზით (გეომეტრიული მოტივებით) შესრულებული წნულები.
(+)

ისინი ისტორიის ისეთი დაფანტული ფურცლებია, რომლებშიც აშკარად იკითხება ეკის "ნათლისმცემლის" ჟამგადასული ცხოვრების ბურუსით მოცული ისტორია. ხსენებული ორნამენტებიანი ქვები თვითონვე ღაღადებენ ეკის "ნათლისმცემლის" დრამატიზმით სავსე მძიმე თავგადასავალს. ეკლესიისა და სამრეკლოს კედლებიდან ამოცვენილი თუ ჩამონგრეული რელიეფურ-ორნამენტებიანი ქვები უხვადაა მიმოფანტული მათვე შემოგარენში. მათ შორის რამდენიმე ცალი კანკელისა და ტრაპეზის მხატვრულად დამუშავებული უძველესი ქვებიცაა შემორჩენილი, "რომლებიც ეკლესიის შიგნით უთავბოლოდაა აქეთ-იქით მიყრილი.

ფასადების კომპოზიცია. გეგმისა და მოცულობითი ფორმების განსხვავება მშენებლობის ძველ და ახალ პერიოდებს შორის კიდევ უფრო ძლიერად და აშკარად მჟღავნდება განსაკუთრებით ფასადების ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ დამუშავებაში. "პირველი განყოფილების" (ადრე აგებული ნაგებობის) ფასადების ფრონტალური სიბრტყეები მაღალ - მხატვრულ დონეზეა მდიდრული კვეთილხატოვანი ორნამენტებით დამშვენებული; ხოლო რაც შეეხება გვიან პერიოდში მიშენებულ ნაწილის ფასადებს მოკლებულია მხატვრული გადაწყვეტის ტრადიციულ მოტივებს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადრე აშენებული ეკლესიის ("ოხვამეს") ფასადების მხატვრული შესრულება ერთნაირ დონეზე არაა წარმოდგენილი. როგორც ირკვევა ეგრისელი ხუროთმოძღვარ-მშენებელი კარგად არის დაუფლებული შუქჩრდილის გამოყენების კანონებს, რის გამოც გაძლიერებული ყურადღება გადატანილი აქვს ძეგლის ფასადების იმ ფრონტალური სიბრტყეების მხატვრულ დამუშავებაზე, დღის განმავლობაში მეტი ხანგრძლივობით რომ არის მზის სხივებით განათებული. იმ ფასადზე, სადაც ორნამენტი ვერ აღწევს შუქჩრდილებით ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ ეფექტებს, არცაა გამოყენებული, რის გამოც ძეგლის ჩრდილოეთი ფასადის სიბრტყე, სრულიად მოურთავია და სადათაა დატოვებული, ყოველგვარი ორნამენტაციის გარეშე, რადგან ეს მხარე მოკლებულია ინსოლაციის აქტივობას. ეკლესიის დასავლეთის ფასადზე სამი სარკმელია სიმეტრიულად განლაგებული; ერთი მათგანი კამაროვანია და მოთავსებულია კარიბჭის ზემოთ ფასადის სიმეტრიის ღერძზე, ხოლო ორი წრიული მოყვანილობისაა და მოთავსებულია კამაროვანი სარკმლის მარჯვნივ და მარცხნივ. ეს უკანასკნელი დაზიანებულია. დამკვირვებლის ყურადღებას იზიდავს ზემოხსენებული სარკმელების სხვადასხვა სიუჟეტებითა და მოტივებით მხატვრულად დამუშავებული (მოჩუქურთმებული) მკვეთრი რელიეფური ჩარჩოების სინატიფე. ეკლესიის დასავლეთი ფასადის კარიბჭის ჩარჩო ფაქიზად მოწნული მომხიბლავი ორნამენტითაა მორთული. როგორც ირკვევა იგი დროდადრო მრავალჯერ ყოფილა დანგრეული და აღდგენილი, ამაზე^მეტყველებს კარიბჭის მარცხენა მხარეზე გვერდმორღვეული ღიობის სხვადასხვა ქვებით შევსება - არეული წყობით ამოშენების ფაქტი. რის გამოც კარიბჭის ღიობის სახელდახელოდ ამოშენების დროს - წყობის პროცესში შემთხვევითაა მოხვედრილი შეუფერებელ ადგილებზე სრულიად განსხვავებული ორნამენტებიანი ცალკეული ქვები. ეკლესიის პირველი კორპუსის სამხრეთის ფასადზე ორი ღიობია შემორჩენილი - ერთი კამაროვანია, ხოლო მეორე არქიტრაული ზღუდარითაა გადახურული (ეს უკანასკნელი მერე უნდა იყოს შეცვლილი - აღდგენის დროს).

კამაროვანი სარკმელი მხატვრულადაა მოჩარჩოებული სათნოებით შესრულებული წნული ორნამენტებით. ნახევარწრიული ფორმმის კამაროვანი გადახურვა ორი ქვის ბლოკისაგანაა აღდგენილი. მაგრამ დღეს კამარის წნულორნამენტიანი მარცხენა ქვა ჩამოვარდნილია და დაკარგული. აღნიშნული სარკმლის ირგვლივ წნულ ორნამენტებიანი ქვებიც ჩამონგრეულია, როგორც ირკვევა ისინი კარგა ხანია დაკარგულან. ამჟამად მისი გვერდები აღდგენილია იქვე მოპოვებული უსახო თლილი ქვებით. ეკლესიის ადრე აგებული კორპუსი სუფთად გათლილი, ლამაზი კირქვის პერანგშია ჩასმული. იგი მოპირკეთებულია ნაირფერი ტონალობის ადგილობრივი კირქვის სხვადასხვა ზომისა და ფორმის კვადრებისაგან რომლებსაც (გამოფიტვისაგან) აშკარად სიძველის იერი გადაჰკრავთ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ზუსტად ასეთივე კირქვის ქვებითაა მოპირკეთებული - ხობის, მარტვილის, ნოქალაქევის, ცაიშის და ამ რეგიონის სხვა ღირსშესანიშნავი შუასაუკუნეების ძეგლებიც. ასეთი სახის მოსაპირკეთებელი კირქვის სათლელი ქვებით მდიდარია ეს მხარე**საადამიას  მთაზე  დღესაც არსებობს ასეთი ქვების ქვის სატეხი კარიერი.. დღემდე აქ შემონასულია უძველესი ქვების ისეთი ერთეული ნიმუშები რომელთა მხატვრული კვეთილობისა და დანიშნულების შესახებ უსათუოდ ღირს საუბარი. ამათგან ორ ქვაზე შესრულებულია რთული კომპოზიციის უნიკალური წნულები. ამ წნულების მოტივები და სტრუქტურა (გრაფიკული მონახაზები) არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ერთ მათგანში, შუაში მოთავსებულია ჯვარი, ხოლო მეორეში გრეხილისებრი წნული მძივებივით ანცობილ რელიეფშია ჩასმული. ჩვენი აზრით მხატვრული კვეთილობის ხსენებული ქვები წარმოადგენენ ეკლესიის (ადრე აგებული კორპუსის) კანკელის ქვებს (10-11 სს.). ამ პერიოდს მიეკუთვნება აგრეთვე ჯვრის გამოსასულება, რომელიც ტრაპეზის ქვაზეა ამოკვეთილი. აღნიშნული ქვაჯვარის აბრისი მაღალ ამოწეულ რელიეფშია სადად შესრულებული და ჩასმულია გრეხილშემოვლებულ ჩარჩოში, რომელიც წარმოადგენს ე.წ. საწინამძღვრო (წინგასაძღოლი) ჯვრის ტიპურ გამოსახულებას. ეს ემბლემური მოტივი ფართოდაა გამოყენებული ადრე ფეოდალური ხანიდან მოკიდებული, ვიდრე 18 საუკუნემდე ქართული მონუმენტური ძეგლების მხატვრულ დამუშავებაში, ქვაზე კვეთილობის სახით. ეკის ეკლესიის დასავლეთის ფასადის კარიბჭის თავზე (შუაში) კედლის ერთ-ერთ მთლიან ქვაზე ღრმადაა ამოკვეთილი საწინამძღვრო (წინგასაძღოლი) ჯვრის ანალოგიური გამოსასულება. ქვაზე კვეთილობის ტექნიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ხსენებული ჯვარი დასავლეთის კარიბჭის ზემოთ კედლის ქვაზე შემდეგ უნდა იყოს კარგა ხნით გვიან ამოკვეთილი, როგორც ქვემოდ დავინახავთ სამშენებლო წარწერის შინაარსიდან ირკვევა. რომ იგი ივანე ქოროჯანიძისმიერ უნდა იყოს შესრულებული დანგრეული კარიბჭის "აღშენების" დროს (14-16 სს.), ზემოხსენებული საწინამძღვრო ჯვრების პარალელები ქვაზე კვეთილობის სახით კარიბჭეებისა და სარკმლების თავებზე, მოწმდება აგრეთვე ისეთ ძეგლებში როგორიცაა წრომის (8 ს.), საორბისის (11 ს.) ხცისის (11) და სხვა ძეგლებში2. ყურადღებას იქცევს აგრეთვე იგივე კარიბჭის არქიტრავის ქვაზე წნული ჯვრის გამოსასულება, რომელიც ლილვების შუაშია ნატიფად ამოკვეთილი. წნული ჯვრის მოტივების ანალოგიური ნიმუშები ფართოდაა გავრცელებული 10-11 სს. მონუმენტური ძეგლებისა და ცალკეული დეკორატიული ქვების მხატვრულ დამუშავებაში. სოფელ კრიხის (ამბროლაურის რ-ნი) მთავარანგელოზის ეკლესიის (10 ს.). სოფელ ზედა ვარძიის (ასპინძის რ-ნი) ღვთისმშობლის ეკლესიის (11 ს. )3. კარიბჭეების მხატვრულ დამუშავებაში, გამოყენებულია ქვაში კვეთილი წნული ჯვრის ("განედლებული ჯვრის") იდენტური სახეები: სოფელ თრეღვის გამოქვაბულში ნაპოვნი გრეხილშემოვლებულ ჩარჩოში ჩასმული ლეონტი მროველის წნული ქვაჯვარი (11 ს)4 და სხვ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ეკის ეკლესიის ტრაპეზის ქვაზე საწინაამძღვრო ჯვრის იდენტური ფორმები გვხვდება აგრეთვე, ჭედურ ხელოვნებაშიც, სადაც ჯვრის მკლავების ზედაპირები ფაქიზადაა რელიეფურად დამუშავებული, სხვადასსვა სახის სტილიზებული ორნამენტებით5 და სხვ. ბაგრატის ტაძრის (11 ს.) წნული ორნამენტები, რომლებიც გამოყენებულია სარკმლის არქივოლტის დამუშავებაში ზუსტად მეორდება ეკის ეკლესიის სამხრეთი ფასადის სარკმლის არქივოლტის წნულ ორნამენტში. ასევე ეკის დასავლეთის ფასადის კარიბჭის ჩარჩოს წნული  ორნამენტი, მცხეთის სამთავროს (11 ს.) წნულის იდენტურ კომპოზიციას წარმოადგენს6. ანალოგიური წნულები გვხვდება აგრეთვე ცაიშის ტაძრის (13-14 სს) სარკმელთა ჩარჩოების მორთულობაში7 და სხვ. როგორც ირკვევა ეგრისელთა მიერ ამ მცირე მოცულობის ეკლესიის მხატვრულ დამუშავებაში მჟღავნდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მონუმენტური ძეგლების მხატვრულ დამუშავებაში გამოყენებული თემატიკის ღრმა ცოდნა. ამრიგად ეკის ეკლესიის ქვაზე კვეთილობის ნიმუშების საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი დონე და მისი მხატვრული დაუშავების სიუჟეტები, ეგრისელ ქვით ხუროების დიდ ოსტატობაზე მეტყველებს.



1. ს.მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ.. 1941, გვ.327.

2. რენე შმერლინგი, ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი, თბ., 1954, გვ.32, 47, 48

3. ც.გაბაშვილი, პორტალები, 1955 ტაბ.24, 25

4. კ.გრიგოლია, რას მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება, 1971, გვ.14.

5. ოთარ სანებლიძე, სოფელ მლეთში დაცული ლომისას საგანძური, კრებული. "ძეგლის მეგობარი", 1969, გვ.25, 26

6. რენე შმერლინგი, დასახ. ნაშრომი. გვ.49, 62

7. პ.ზაქარაია, ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, 1956, გვ.74.

(გაგრძელება იქნება)