topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სკანდის (სკანდას) ციხე - სიმაგრე - ნ.ცინაძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ციხე - ქალაქები და კოშკები>>>

სკანდის (სკანდას) ციხე - სიმაგრე
ნ.ცინაძე

”არს მთის კალთას სკანდას სასახლე მეფეთა და ციხე დიდი დიდნაშენი."- ვახუშტი.
ძველი ხუროთმოძღვარნი ციხე-სიმაგრეთა ასაშენებლად კარგად იყენებდნენ ბუნებრივი გარემო პირობების სტრატეგიულ რესურსებს. ამის ნათელი მაგალითია სკანდის(სკანდას) ციხე-სიმაგრე, რომელიც აგებულია სოფელ სკანდის ჩრდილოეთით, მაღალ და მეტად დაქანებულ მთაზე (120მ.). ციხე სამმხრივ მიუვალია, მისასვლელი მხოლოდ სოფლის მხრიდანაა. ციხის ნაგებობას უჭირავს 7000 კვ.მ. ფართობი (გვირაბის გარეშე). ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია ცენტრალური ნეგაბობის აღმოსავლეთი კედელი და მის შიგნით სვეტებიანი თაღი. ამ ცენტრალურ ნაგებობას სამხრეთით უკავშირდება ზღუდე, რომლის საძირკველი ჩანს მხოლოდ ერთ ნაწილში, იგი ცხადია უნდა გრძელდებოდეს ჩრდილო-დასავლეთის კოშკამდე, საიდანაც იწყება გვირაბი. ციხის ცენტრალური ნაგებობა და მის შიგნით დაცული თაღები თლილი ქვითაა ნაგები, სვეტების კედლის უდრის სისქე 1,6-1,9მ., თაღების საყრდენი კაპიტელის სიგრძე 2,43მ., სიგანე-1,64მ. თაღებში შეზნექილი თლილი ლოდების სიგრძე უდრის 1,15მ., სიგანე 0,68მ. ერთ-ერთი თაღის თლილ ქვაზე ხუთ-სტრიქონიანი ქართული წარწერა ყოფილა, რომელიც დღეს აღარ იკითხება. აღმოსავლეთ მხარეს დაცული ზღუდის ნაწილის ძირა კედელში, აღმოჩნდა ძველი ნაგებობის ნაშთი: აგურიანი წყობა, ჩატანებული თლილ კვადებს შორის. შორაპნის კედლის მსგავსად, გაწყობილი ზოლია. აგურის ზომები 0,34X0.34მ. სისქე კი 0.04მ-ია. აგურებს შორის დუღაბის სისქე 0,04მ-ია. ზოგ ადგილას აგურის მაგიერ იმავე სისქის ქვაა ჩატანებული (ე.წ. ”ჩიხორის ქვა”). ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე აღმართულია კოშკი, ამჟამად პერანგშემოცლილი, ნაშთების სახითღაა შემორჩენილი. კოშკს დასავლეთით უერთდება გვირაბი, რომელიც ჩადის ხევის ღელეში ე.წ. ”გვირაბღელეში”. გვირაბის კედლები და თაღიანი პირი დაცული იყო 2008 წლის შემოდგომამდე, განადგურდა ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებული ”გვირაბღელეს” წყალობით. აღნიშნული წვიმების დროს ციხის ჩრდილო-დასავლეთით  რამოდენიმე ათეულ მეტრში ნიაღვარმა ჩამორეცხა ნიადაგი და გამოაჩინა საკირის ნაშთი, რომელიც შესაძლოა სწორედ ციხის სამშენებლო-შემკეთებელი სამუშაოებისთვის იყო გამართული. სკანდის(სკანდას) ციხე-სიმაგრე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხეა, მისი ქონგურებიდან მომზირალს შეუძლია გააკონტროლოს ტერიტორია აღმოსავლეთით ძუსისა და ბუჯის ხეობებიდან მოყოლებული დასავლეთით მდინარე ძერულის ხეობამდე. სამხრეთით კონტროლი შესაძლებელია თითქმის მდინარე ყვირილას ხეობამდე. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სასიმაგრო სისტემის სხვადასხვა კომპონენტების ფართო ქსელის საშუალებით სკანდის ციხე-სიმაგრეს შეეძლო მის წინ გადაშლილი ტერიტორიის კარგად კონტროლი და  ამ ტერიტორააზე როგორც თავდაცვითი, ისე შემტევი სამხედრო მოქმედებები. სკანდის(სკანდას) ციხე-სიმაგრის  შესახებ ცნობები ძირითადად დაცულია ბერძენ, რომაელ და ბიზანტიელ ავტორთა ნაშრომებში. ისინი სკანდეს(სკანდას) მოიხსენიებენ, როგორც ციხე-სიმაგრედ ისე ციხე-ქალაქად. ავტორები, როგორებიც არიან აგათია და პროკოფი ერთიმეორის შესატყვისობით იყენებენ ”სკანდის ქვეყანა", ”ქალაქი სკანდე”. ეს მოწმობაა იმისა, რომ აქ ციხე-ქალაქი ისევე იგულისხმება თავისი ქვეყნით, ვითარცა სამეურნეო და სამხედრო ადმინისტრაციული ერთეული. საერთოდ, ციხეები იგივე ადმინისტრაციული ცენტრებია ლაზიკისა, მისი განვითარების ნიშნებია, რომელსაც თავის გამგებლობაში აქვს გარკვეული ტერიტორია, მაგალითად, ციხე-სიმაგრის უახლოესი დასახლებული პუნქტები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ მეციხოვნეთა გამოკვება, ასევე ციხის დაცვა და აღდგენა-გამაგრება. ყველაზე ადრეული ცნობა სკანდის(სკანდას) ციხე-სიმაგრის შესახებ ეკუთვნის პროკოფი კესარიელს, რომელიც V საუკუნის ბოლოსა და VI საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა, იუსტინიანეს დროს სარდლის მრჩეველი იყო და ბიზანტია-სპარსეთის ომისას სამხედრო ოპერაციებს აღწერდა. საომარი მოქმედებები ძირითადად ლაზიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ვინაიდან ლაზიკას დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა ორივე მხარისათვის. ირანელთა მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დასაცავად ბიზანტიამ გადაწყვიტა ეგრისის გამაგრება. იმპერატორმა ჯარი, პირველ რიგში სასაზღვრო ციხე-სიმაგრეებში სკანდასა და შორაპანში ჩააყენა, რადგან ვის ხელშიც იქნებოდა ეს ორი ციხე, მისთვის უზრუნველყოფილი იყო ლაზიკის მთელ აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ბატონობა. მეციხოვნეთა გამოკვება ლაზებს დაევალათ, ”თავდაპირველად ლაზები აწოდებდნენ ძლივ-ძლიობით საჭირო სურსათს, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადეს ამ სამსახურზე და რომაელებმა ვეღარ გაუძლეს ამ მდგომარეობას და სკანდის ციხე მიატოვეს”. როგორც ჩანს აქ საქმე უნდა გვქონდეს ოსტატურად მოფიქრებულ გეგმასთან. კეისრის პოლიტიკით უკმაყოფილო ლაზები ცდილობდნენ ირანელების მოშველიებით ბიზაანტიის ბატონობის გადაგდებას, რაც პროკოფის ამ ცნობას, რომ ”ადგილობრივ მცხოვრებლებს ბევრი ნაკლებობის გადატანა უხდებოდათ, რადგან იქ არ მოდის არც ხორბალი, არც ღვინო და არც სხვა რამ სიკეთე” ეჭვქვეშ აყენებს. ასევე აღსანიშნავია, რომ სკანდის მიწა ნაყოფიერებით გამოირჩევა და ბოლო დრომდე ადგილობრივებს ხორბალიც კი მოჰყავდათ. მაგრამ, რადგან ლაზებს ბიზანტიელთა თავიდან მოშორება უნდოდათ არ არის გამორიცხული, რომ ამ ფანდს მიმართეს გარნიზონს მხოლოდ ქვრიმა (ფეტვი) უზიდეს, ვითომც მართლა არაფერი ებადათ. მეორეს მხრივ, შესაძლოა პროკოფი მართალიც ყოფილიყო, რადგან ომიანობის პირობებში შესაძლოა ლაზებს მართლაც არ ჰქონოდათ ამხელა გარნიზონის გამოკვების საშუალება. ასეა თუ ისე სკანდა VI საუკუნის დასაწყისში ლაზების ხელშია, ვიდრე 523 წლამდე, იქამდე სანამ იბერიის მეფე გურგენის აჯანყება კრახით არ დასრულდა და მეფემ თავისი ტაძრეულით სკანდას შეაფარა თავი. თუმცა, მცირე ხნით, რადგან ლაზებმა მიწასთან გაასწორეს ციხე-სიმაგრე ”რათა მტერმა არ დაიკავოს". სპარსელებმა დანგრეული ციხე ”კვლავ აღადგინეს და ხანგრძლივად დაიჭირეს იგი”. 532 წლის ბიზანტია-სპარსეთს შორის საზავო მოლაპარაკებისას რომაელებმა მისცეს სპარსელებს ფარანგონი და ბოლონის სიმაგრე ფულითურთ (110 კერდინარი (11 000 ლიტრი ოქრო)) სკანდისა და შორაპნის ციხე-სიმაგრეთა სანაცვლოდ. 542 წელს ომი ბიზანტია-სპარსეთს შორის განახლდა. ეგრისის სამეფო ხელისუფლებამ მომავალი გართულებების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე ციხე და მათ შორის სკანდე დაანგრია. ასე იყო 551 წლამდე, ვიდრე ირანელებმა სკანდე კვლავ არ აღადგინეს და იქიდან მოყოლებული 25 წელი ციხე-სიმაგრე მათ ხელში იყო. VII-VIII საუკუნეებში ციხეს ისევ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს მისი სტრატეგიული მდებარეობით იყო განპირობებული. სწორედ სკანდაზე გადიოდა ქუთაისიდან სკანდესა და მის მიმდებარე სოფლებთან მაკავშირებელი და სკანდიდან ქართლში გადასასვლელი გზები. ”მეტად მოკლე და მოხერხებული, დასახლებულ რაიონებზე გამავალი უძველესი გზა”- აღნიშნავს ნ.ბერძენიშვილი. არსებობს მესამე გზაც სკანდიდან რაჭაში გადასასვლელი, თუმცა ეს გზა არავის დაულაშქრავს. სკანდის ციხე-სიმაგრის შესახებ შემდეგი ცნობები საქართველოს მეფის ალექსანდრე დიდის (1412-1442 წ.წ.) დროს გვხვდება, მას თემურ-ლენგის ურდოების მიერ დარბეულ-გაპარტახებული ციხე-სიმაგრე კვლავ აღუდგენია, ხოლო XV საუკუნის სკანდის ციხე-სიმაგრე უკვე ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ VI (1466-1478 წ.წ.) საზაფხულო რეზიდენციადაა ქცეული, შენდება მეფის სასახლე. ყველაზე უფრო გვიანდელი მასალა ციხე-სიმაგრისა და მიმდებარე ტერიტორიის  შესახებ, ასევე ციხე-სიმაგრისა და მასში მცხოვრებთა დეტალური აღწერა გადმოცემულია ალექსეი იევლევის 1650-1652 წლების იმრეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობაში, როდესაც იმერეთის მეფე ალექსანდრე III-თან იმყოფებოდა 1648 წლეს კახეთის მეფობიდან განდევნილი თეიმურაზ I. მეფეები სკანდის ციხეში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის ელჩებთან, იევლევსა და ტოლოჩანოვთან, რადგან ურჯულო სპრასელებთან კავშირს ერთმორწმუნესთან კავშირს არჩევდნენ. ელჩები აღწერენ გზას, რომლითაც ქუთაისიდან სკანდეში მივიდნენ. გადმოიარეს წყალწითელა, მდინარე ძევრულა, შემდეგ დარბაზის მდივნის ფეშანგის კუთვნილი სოფელი ჩხარი, სადაც სომხების საყდარია, შემდეგ ალისუბანი, წმინდა გიორგის ეკლესია და მიადგნენ სკანდეს. ”ციხე-ქალაქ სკანდეში წმინდა გიორგის სახელობის ქვის საყდარია. ტაძარში აღსავლის კარების მარჯვენა მხარეს ყოვლადმოწყალე მაცხოვრის ოქროცურვებული ხატია ვერცხლითმოჭედილი ხატია. მარცხენა მხარეს წმინდა ღვთისმშობლის ოქროცურვებული ვერცხლითმოჭედილი ხატია. მის ქვევით მთავარმოწამე გიორგის ხატი დგას. იგი ოქროცურვებული ვერცხლჳთ არის მოჭედილი". სავარაუდოდ, ეს ტაძარი ქვედა და ზედა სკანდის გადასახვევთან, ”ზვიადის წყაროს” მახლობლად, მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა. სამწუხაროდ ნაშთები ტაძრისა აღარ შეიმჩნევა, მხოლოდ რამდენიმე საფლავის ქვაა დარჩენილი. ”თვით ციხე-გალავანში“- აღნიშნავენ ელჩები, - ”სამი მაღალი ქვის კოშკია. ერთ კოშკზე სპილენძის ზარბაზანია, ყუმბარები გირვანქა ნახევრიანია, ორი ასეთივე ზარბაზანი მეორე კოშკზე ყოფილა მეთოფურების გადმოცემით. კედელში დიდი პალატებია გაკეთებული. ამ პალატის ქვეშ კიდევ ორი პალატია მეფის ბეჭდით დაბეჭდილი, იმიტომ რომ იქ თურმე მეფის სალაროა შენახული. ზედა პალატაში კი სიასამურის განძი ინახება. ხაზინასთან მეთოფურები ცხოვრობენ. გალავანში ხის მორებისგან გაკეთებული ბეღელია ხორბლით სავსე, მტრის გარემოცვითი შემთხვევისთვის იქვე არის ორი დიდი სარდაფი ღვინისთვის და ორი ხის ქოხი. ქვის ზღუდის გარშემო ხის ზღუდეა შემოვლებული და ხრეშით არის ამოვსებული. ზღუდეების (ქვისა და ხის) გარშემო წრის სიგრძე 300 საჟენამდე იქნება, ციხე-გალავნის გარშემო დიდი ხრამებია, მტრის დიდი ლაშქარი ვერ მიუდგება. კედლები 10 საჟენის სიმაღლე იქნება. წინათ, ძველ დროს, დიდი ქვის კედელი ყოფილა, მაგრამ ახლა ის ჩამონგრეულია. ძველი კედელი 500 საჟენი იქნებოდა." ელჩები სკანდიდან 1652 წლისათვის გაემგზავრნენ და ქვეყანა სკანდე-მუჯირეთი-მუხურა-რაჭა-ბალყარეთი-თერგი-მოზდოკის გზის დატოვეს. XVIII საუკუნეში ვ.ბაგრატიონის ცნობით, სკანდე ისევ განსაკუთრებული ციხე-სიმაგრეა იმერეთისა მეფეებისთვის, იგი კვლავ მეფის სასახლეა. ციხე-სიმაგრის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა იმერეთის მეფის ალექსანდრე I მეფობისას, იგი აქტიურად შეუდგა სრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეების აღდგენას. 1810 წლის იმერეთის სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ და 1819-1820 წლების სკანდის ციხე-სიმაგრის შემოგარენში მომხდარი საეკლესიო აჯანყების შემდეგ ციხე-სიმაგრე, როგორც მისი მიმდებარე სოფლების სიამგრეები, თუ თავდაცვითი კოშკები სრულად იქნა განადგურებული რუსეთის სექსპედიციო ძალების მიერ ჩატარებული საომარი ოპერაციების შედეგად. Леквинадзе, В.А. ნაშრომში „Монументальные сооружения Лазики“ სკანდის ციხეს VI საუკუნით ათარიღებს. ციხე-სიმაგრის შესწავლა ცხადყოფს, რომ აქ საყოველთაოდ გამოყენებულია გვიანრომაულ და ბიზანტიურ არქიტექტურაში მიღებული წყობა. კედლები იგება შედარებით უხეშად გათლილი საშუალო ზომის კვადრებისგან, ციხის მაშენებელნი, საფიქრებელია,რომ ლაზები იყვნენ, რომელნიც როგორც ჩანს, კარგად იცნობდნენ რომაულ-ბიზანტიურ არქიტექტურას და ფართოდ იყენებდნენ მას მშენებლობაში. ს.ყაუხჩიშვილი სკანდეს, კერძოდ, მის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე აღმართული პერანგშემოცლილი კოშკის ნაშთისა და მასთან დაკავშირებული დასავლეთის ფერდობისკენ მიმართული გვირაბის ქვის წყობებში ბიზანტიური ხანის სამშენებლო წესს "ოპუს მიხტუმ''-ის გამოყენებას უშვებს. ასეთივე დაშვება მოულოდნელი არც ვახტანგ ჯაფარიძისთვის არის, რომელმაც შორაპნის ციხის არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში საჭიროდ ჩათვალა მოენახულებინა სკანდე. აღნიშნული დასკვნებით უნდა ვივარაუდოთ, რომ სკანდის ციხე-სიმაგრის თარიღი ახ. წ-აღ IV საუკუნით უნდა განისაზღვროს. თუმცა, აქვე აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ უძველესი მონაცემი რაც სკანდეს უკავშირდება არის ბრინჯაოს ხანის თ-ს ფორმის მაგვარი საკინძი, რაც შესაძლოა მიუთითებდეს აქ უკვე, ადრე ბრინჯაოს ხანაში გარკვეული სამოსახლოს არსებობაზე. ციხე-სიმაგრის თანამდეროვე მდგომარეობა სავალალოა, როგორც უკვე ავღნიშნეთ 2008 წელს წვიმიანობით გამოწვეულმა ნიაღვარმა ჩამორეცხა და დააზიანა ციხის დიდი ნაწილი. სრულად განადგურდა ის ერთადერთი გზა, რომლითაც ციხე სოფელს უკავშირდებოდა. ადგილობრივთა ცნობით, აღნიშნული სტიქიის შემდეგ ციხის მიმდებარედ ნაპოვნ იქნა ოქროს ქინძისთავები, რამდენიმე ცალი შავლაკიანი კერამიკის ნამტვრევები და დოქი. 2010 წელს ციხეზე სტუმრობისას დაგვხვდა წმინდა გიორგის ვერცხლით მოჭედილი ხატი, ბერძნული წარწერით, ხატი ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც სავარაუდოდ თავის დროზე აღმომჩენმა დაუმზადა. გაურკვეველია ხატის წარმომავლობა, ერთი კი ცხადია, რომ ის უბრალოდ უკან დააბრუნეს. ამჟამად ხატი ადგილობრივ მცხოვრებს სოფლის მაღაზიაში აქვს დაბრძანებული.
ლიტერატურა:
1. „ფეოდალური რევოლუცია საქართველოში“; ს.ჯანაშია, ტფ.1935,
2. „გეორგიკა“ (II) ბიზანტიელ მწერალთა ცნობები საქართველოზე;  რედ. ს.ყაუხჩიშვილი, 1965,
3. „საქართველოს ისტორიის საკითხები“, ტ.I.; ნ.ბერძენიშვილი, თბ. 1964,
4. „საქართველოს ისტორიის საკითხები“, ტ.VII.; ნ.ბერძენიშვილი, თბ.1974,
5. „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“; ვ.ბაგრატიონი, თბ.1941,
6. „ეგრისის ახ.წ. I-VIIს.ს. მატერიალური კულტურის ძეგლები“; ვ.ჯაფარიძე, თბ.2006,
7. „Монументальные сооружения Лазики“;  Леквинадзе, В.А. Тб, 1962.
8. „ალექსი იევლიევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოს ელჩობის საანგარიშო აღწერილობა (მუხლობრივი აღწერილობა)“; რედ. იასე ცინცაძე, 1969,