topmenu

 

საზანოს ციხე - გ.ცინაძე

<უკან დაბრუნება...<<<ზესტაფონის რაიონის ძეგლები>>>


ფოტოების ავტორი ნ.ცინაძე

საზანოს ციხე

გიორგი ცინაძე

”საზანოს წყალზედ არს საზანოს ციხე, კლდესა ზედაშენი კარგი“

ვ.ბატონიშვილი

საზანოს ციხე მდებარეობს ქ.ზესტაფონიდან ჩრდილოეთით 12 კმ-ის მოშორებით, სოფელ ქვედა საზანოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტყლაპივაკე-ს დასახლებაში. ხეობებს შორის მომწყვდეულ ტაფობში, სადაც მდინარე ბუჯას მომცრო მდინარე მაძარულა შეერთვის, მდინარეთა ამ შერთულის დასავლეთ ნაპირას, ჩრდილოეთი-სამხრეთი მიმართულებით გაწოლილ ციცაბო წითელ კლდის მასივზე. ციხე-სიმაგრე საშუალო, შეიძლება ითქვს მცირე ზომისაა, მის ხუროთმოძღვრებს გეოგრაფიული გარემოს სტრატეგიული რესურსები მაქსიმალურად აქვთ გამოყენებული. ციხის გალავნის კედლები კლდოვან ქანზეა გამართული და უშუალოდ შემოწერენ  კლდოვან ბორცვს. შემორჩენილი კედლების სისქე ერთი მეტრს აღემატება. ნაგებია კარგად გათლილი, საშუალო ზომის ოთკუთხა ქვით. საკმაოდ კარგი მწყობრი ჰორიზონტალური რიგებით.  მცირედ განსხვავებული სურათი გვაქვს მხოლოდ გალავნის აღმოსავლეთის კედლის ნაწილთან, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან ჩრდილოეთით, კლდემდე გამავალი გალავნის კედელი, ნაგებია სხვადასხვა ზომის ბრტყელი ქვით, აქ ქვის წყობის რიგები არასწორხაზოვანია. ციხის გალავანის სამხრეთ კედელი მთლიანად განადგურებულია, დასავლეთ კედლის მხოლოდ ნაწილიღაა (12მ.) შემორჩენილი. ციხის სამხრეთი ნაწილი ძლიერ დანგრეულია, გალავნის კედლები მთლიანადაა განადგურებული, ნანგრევებში გვხვდება ორთაღიანი გადახურვის მოზრდილი ნაშთები. ნანგრევები საშუალებას არ იძლევა სამხრეთის კედელში კარის არსებობა-არ არსებობის საკითხის გადაწყვეტისა. ციხეში შესასვლელი 1,5მ-ს სიგანის კარი, ბაზილიკის ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხიდან 4მ-ში ციხის გალავნის აღმოსავლეთ კედელში დატანებულია. კარის ამყოლებში დატანებულია ჩასაკეტ-გასამაგრებელი ძელების ჩასადგმელი ოთკუთხა ჭრილები, ციხის დასავლეთ ნაწილში, ერთგვარი კლდოვანი ტერასაა, რომელიც ციხის დასავლეთ გალავანს ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ თითქმის მთელს სიგრძეზე გასდევს. ამ ტერასაზე შემორჩენილია ნაგებობების ნაშთები, სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია მოზრდილი, ორმაგად ჩაკირული ოთხი ქვევრის ნაშთი, იქვე შეიმჩნევა კიდევ ორი ქვევრის არსებობა. ჩრდილოეთ ნაწილში კლდოვანი ტერასა კვეთრად მაღლდება, შემაღლებაზე ასასვლელად კლდეში ამოკვეთილია საფეხურები. შემაღლების ძირში (საფეხურებთა), აღმოსავლეთ მხარეს შემორჩენილია ერთგარი ნიში, შის იატაკი ქვითაა მოგებული, ნიშის შიდა სივრცის სიმაღლე 1,5მ-ს არ აღემატება. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ამ ნიშის ფუნქციური დატვირთვა ერთობ ბუნდოვანია. შემაღლებაზე როგორც ჩანს ოთახი იყო გამართული, გალავანს ამ კლდოვანი შემაღლების ნაწილში, ორი სარკმელი აქვს დატანებული. ორივე სარკმლის ჭრილები და პირები კარგადაა გამოყვანილი. როგორც ჩანს ეს ოთახი ხელმძღვანელი პირებისაა, გამორიცხული არც დიდებულის სასახლის არსებობაა. ციხე-სიმაგრის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვით ნაგები დიდი ორნავიანი ბაზილიკაა აღმართული, ტაძარი კვადრატის ფორმისაა 10X10მ. კედლების სისქე 0.9მ-ია. ბაზილიკაში მეორე ნავი გამოიყოფა ორი წყვილი რვაწახნაგა სვეტით, რომლეზეც გადადის სამი ვახევარწრიული თაღი. ეს მონაკვეთი - თაღები, სვეტები, საკურთხევლის ნიშიდან მოყოლებული ერთ მთლიან კლდეშია გამოკვეთილი. მშენებლებს ამ კონსტრუქციის და მთლიანად ტაძრის ასაგებად ადგილზე არსებული კლდე გამოუყენებიათ. (მსგავსი შემთხვევა გვაქვს იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს მონასტერში (VIს.) ნუკას საყდარში (IXს.) და სხვ...) ტაძარში შესასვლელი სამი კარია, ჩრდილოეთის ერთი და დასავლეთის ორი, კარის ამოყოლად სამივე კარში, გამოყენებილია თითქმის ერთნაირი ზომის მასიური ოთკუთხა ქვები.. დასავლეთ კარის არქიტრავი თავისი მონუმენტურობით ყურადღებას იპყრობს, აქ გამოყენებულია მონოლითის სიგრძე - 3.6მ, სისქე - 0.9მ, სიგანე კი - 1.6მ-ია. ბაზილიკის დასავლეთ კედელზე გვაქვს მცირედ გამოწეული მონაკვეთი, კამარის დასაყრდენად, რაც დასავლეთ მინაშენის არსებობას გვაფიქრებინებს, ამასვე გვაფიქრებინებს აქ არსებული მასიური ნანგრევის მაღალი ზვინული. აღმოსავლეთ კედელში, საკურთხეველში ერთი სარკმელია დატანებული, ორი სარკმელია სამხრეთ კედელში, სამხრეთი ნავის სახურავის მაღლა. დასავლეთის და ჩრდილოეთის კედელში თითო მცირე სარკმელია, ჩრდილოეთის კედელშივეა ერთ ქვაში ძაბრისებრად ამოკვეთილი ერთგვარი სასულე-სარკმელი, რომელიც ბაზილიკის კედლის გარე ზედაპირზე ვარდული ორნამენტითაა შემკული. სამხრეთ ნავსი, ორი მცირე სარკმელი გვაქს ნავის სამხრეთ კედელში და ერთი აღმოსავლეთ კედელში, საკურთხეველში. ბაზილიკის მთელი რიგი არქიტექტურული დეტალები, ფორმა, კონსტრუქცია, მოპირკეთება და მშენებლობის ტექნიკა, დახვეწილი, მაღალი პროფესიონალიზმის ნიმუშია.“ მისი თარიღისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკურთხევლის სარკმლის ორსავ მხარეს განთავსებული ნიშები. სავარაუდოდ ეს ის ნიშებია, რომლის სრულ განვითარებას მხოლოდ Xს-დან ვხვდებით ქართულ არქიტექტურაში, (თავწმინდა გიორგის Xს-ის ეკლესია, გუდარეხის ახალგათხრილი Xს-ის ეკლესია და სხვ...) აქ კი ამ ნიშების განუვითარებელ, ანუ არქაულ ფორმებთან უნდა გვქონდეს საქმე. ეს ყოველივე კი გვაძლევს საფუძველს, საზანოს ციხის ბაზილიკა გარდამავალ ხანას, ანუ ახ.წ. VII ს-ის მეორე ნახევრიდან Xს-ის პირველ ნახევრამდე პერიოდს მივაკუთნოთ“(1). სამხრეთი ნავის სახურავი, როგორც ჩანს გამოყენებული იყო ტერასად, ასასვლელი ტერასას დასავლეთით, გალავნიდან ჰქონდა. ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში, ბაზილიკის კედელში შედის სახურავზე ასასვლელი საფეხურები, საფეხურები ჩახერგილია. ბაზილიკა უშუალოდ ციხის გავალვანშია ჩადგმული, მისი აღმოსავლეთ კედელი რამდენამდე გამოსულია ციხის გალავანს გარეთ. როგორც ჩანს თავდაპირველად აგებულ იქნა ტაძარი და შემდეგ შეიკრა ციხის გალავნის მთელი პერიმეტრი. ბაზილიკის სამხრეთი ნავის ერთადერთი დასავლეთ კარის პირდაპირ 3მ-ში გამართულია წყაროს ნაგებობა. ნაგებობა ოთხკუთხაა, ორფერდა გადახურვის, ნაგებობის დასავლეთ კედელზე, სახურავ ქვეშ სამი ოთხკუთცა ჭრილია, როგორც ჩანს გადახურვის გასამაგრებლად სამი ხის ძელია გამოყენებული, ამასვე ადასტურებს იქვე წყლის ქვეშ, ნანგრევ მასაში დაფიქსირებული ხის ძელი. ნაგებობის სახურავის ნაწილი ციხის შიგა კედლების გადაქცევითაა ჩანგრეული, მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობა ნანგრევი მასალითაა ამოვსებული, მასში წყალი სუფთაა და ერთ დონეზე დგას. როგორც ჩანს წყარო გამდინარეა, გარშემო არსად შეიმჩნევა საიდანმე წყლის გამოყვანის რაიმე ნიშანი, გაშემო მთებზე, თუნდაც უახლოესი სამხრეთის მთიდან წყლის გამოყვანა გამორიცხულია, რადგან წყალი გარშემო ტერიტორიაზე მდინარის გარდა არსად არ მოიპოვება (მაძარულას მდინარისპირა წყაროდან იღებს წყალს დღესაც მოსახლეობა) მაშასადამე როგორც ჩანს წყარო მდინარეს დონეზეა და მიწისქვეშა გამდინარე წყლით ივსება. საზანოს ციხე-სიმაგრის მთელს კომპლექსში, როგორც ბაზილიკაში, ასევე დანარჩენ ნაგებობათა არქიტექტურაში ერთიანობაა, რაც კომპლექსის ერთი დროის მონაკვეთში აშენების საფუძველს გვაძლევს. საზანოს ციხის შესახებ ისტორიული მასალები ძალზედ მწირია, უფრო სწორედ კი თითქმის არაფერია. ციხის აგების მიზეზისა და მის ფუნქციონალურ დატვირთვაში გასარკვევად, გეოგრაფიული გარემოს ანალიზი და რეგიონის სხვა უშუალოდ მახლობელი ძეგლების გაცნობა საკმაოდ კარგად დაგვეხმარება. გეოგრაფიული გარემოს ანალიზი, გვაძევს საშუალებას განვსაზღვროთ ციხის სამხედრო რესურსი, მისი შეტევითი და თავდაცვითი პოტენციალი. საზანოს ციხე მდებარეობს ციცაბო კლდოვან ბორცვზე, თვით ეს ბორცვი კი მდებარეობს მდინარეების ბუჯასა და მაძარულას შერთულის დასავლეთ ნაპირას, კლდოვან ბორცვს დასავლეთიდან მცირე ვაკე მინდროი არტყვას, სამხრეთ მხარეს კლდოვანი ბორცვი მთისწინების გრეხილით უერთდება სამხრეთი მდებარე მაღალი მთების მასივს, ჩრდილოეთით ციხის ბორცვს საკმაოდ ციცაბო მთისგან მხლოდ საურმე გზა ჰყოფს. ციხის ბორცვის დასავლეთით მდებარე მცირე მინდორს თავის მხრივ მხოლოდ სამხრეთ დასავლეთით აქვს გასასვლელი, ხეობა, რომელიც ტყლაპივაკეს ზეგანზე ადის. სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრივ კი მინდორი მაღალი მთებითაა შემოსაზღვრული. ამრიგად საზანოს ციხე მჭიდრო მაღალი მთაგრეხილებით შემოსაზღვრულ ტაფობშია მოქცეული. მის წინ  სივრცე გაშლილი აღმოსავლეთით მხოლოდ მდინარეთა შერთული და დასავლეთი კი მცირე ვაკეა. მდინარეთა ხეობები მკვეთრად ტეხილია, როგორ შერთულამდე ისე შეთულს შემდეგ, შედეგად საზანოს ციხეს არ შეუძლია მისი გარშემო ტერიტორიის საშუალო და მითუმეტეს დიდ მანძილზე კონტროლი. ციხეს იმდენად ფარავს გარშემო მთები, რომ სანამ მდინარეთა შერთულს უშუალოდ არ მიადგები ციხე არ ჩანს. ციხეს ფაქტიურად არ გააჩნია შეტევითი პოტენციალი, ციხეს მხოლოდ თავდაცვა და მდინარეთა ხეობების გამოსასვლელების იდეალურად ჩაკეტვა შეუძლია. მართალია ციხე მცირეა და მასში მხოლოდ მცირე (ასეულამდე) კონტიგენტის განთავსებაა შესაძლებელი, მაგრამ მისი თავდაცვითი პოტენციალი ძალზე მძლავრია. ციხე ფაქტიურად მიუდგომელია სიმაგრეთა აღების ყოველგვარი მანქანებისათვის, იქნება ეს საბრძოლო გოდოლები, თუ გალავნის სანგრევი მანქანები. ციხე იმდენადაა დაშორებული, გარშემო მთებზე არსებული იმ ადგილებიდან, სადაც შესაძლებელ იქნებოდა ლოდ, თუ ისარ სატყორცნი მანქანების განთავსება, რომ მისი ერთ მეტრზე მეტი სისქის მეტად მტკიცედ ნაგები კედლებისათვის საგრძნობის ზიანის მიყენებას თითქმის ვერ შეძლებდნენ. აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ციხის აღების მსურველთ თავიანთი მანქანებისათვის საჭირო სასროლი ნედლეულის მოძიება ერთობ გაუჭირდებოდათ, გარემოს გეოგრაფიული თავისებურებების გამო. ციხის გარშემოწყობას მეტად აძნელებს კლდოვანი ბორცვის სამხრეთ მთისწინების მთაგრეხილთან შეერთება, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ციხე  სრულიად მიუვალია, რადგან კლდოვანი ბორცვის კედელი თითქმის იდეალურად შვეულია. ციხეზე ფართო იერიშის მიტანა მხოლოდ დასავლეთიდანაა შესაძლებელი, თუმცა დასავლეთით არსებული მინდორი თავადაც ერთგვარი საკმაოდ კარგად დაგებული ბუნებრივი ხაფანგია. რაც შეეხება აღმოსავლეთის მხარეს, მდინარეთა ხერთვი მცირე ნახევარკუნძულს ქმნის, ხოლო ციხის აღმოსავლეთ კედელთან მისაღწევად ძლიერი დახრილობის ფერდობი უნდა აიარო, ციხის კარისკენ მიმავალი გზა ხერთვისის ნახევარკუნძულიდან მდინარის ფონის გავლით მიემართება, იგი ფერდობს ჩრდილოეთ კუთხიდან აუყვება და კარამდე მიდის და მხოლოდ ქვეითთა სავალია. ციხის ინფრასტრუქტურა გათვლილია ხანგრძლივ ალყაზე. საკმაოდ მოზრდილი ათეულამდე ქვევრი და წყლის გამოულევი მარაგი. მეციხოვნეებს საშუალება მისცემდა ხანგრძლივად გაეძლოთ ალყისათვის. მაშინ როდესაც ბუნება მოალყეებს გაცილებით ცუდ პირობებს ბუნებივად უქმნის. მხოლოდ დიდი სამხედრო ძალითაა ციხის წარმატებით აღება შესაძლებელი. ცეცხლსასროლმა იარაღმა, უპირველესად კი არტილერიამ ყველა “აუღებელი“ ციხე, აღებადი-დანგრევადი გახადა. სწორედ დენთის ნაწარმმა შექმნა საზანოს ციხის დღევანდელი განადგურებული სახე. საზანოს ციხის შესახემ ისტორიული წყაროები გვაუწყებს, რომ ეს ციხე სავაჭრო-საქარავნო გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია, აქ თავს იყრის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი, ასევე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმავალი გზები. ამ გზებს შორისაა უმთავრესი სამდინარო გზა, მდინარე ყვირილიდან (ჯერ მდინარე ჩოლაბური-ძუსა, შემდეგ მდ.ძუსა-ბუჯას და შემდეგ კი მდინარე ბუჯას ხეობით) სწორედ აქ ამოდიოდა ფაზისიდან, თუ შორაპნიდან მომავალი უძველესი და უმსხვილესი სავაჭრო-საქარავნო გზა. საზანოს ციხეში ამოსული ვაჭარნი, თუ მოგზაურნი სამდინაროდან სახმელეთო გზით აგრძელებდნენ სვლას, ჩხარისა და ჩიხორის ქალაქებისაკენს, თუ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთისაკენ, ან დღევანდელი საჩხერე-ჭიათურის რაიონებზე გამავალი მაგისტრალებისაკენ. საზანოს ციხე ერთი კომპონენტი იყო იმ დიდი ინფრასტრუქტურული ქსელისა, რომელიც ამ რეგიონში იყო განვითარებული. სავაჭრო-საქარავნო გზების ოთხკუთხივ გზაჯვარედინი განვითარების კარგი კატალიზატრი გახლდათ. მართალია ისტორიული წყაროები მწირა, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგ ინფორმაციას გვაძლევს აღნიშნულ რეგიონში განვითარების სურათისათვის. ისტორიის ფურცლებზე საზანოს ციხემ ყველაზე ფართოდ და სამწუხაროდ უკანასკნელად 1819-20 წლების საეკლესიო აჯანყების მსვლელობისას გაიჟღერა. იგი აჯანყებულთა მთავარი შტაბი გახლდათ. სწორედ ამ აჯანყების წინააღმდეგ დაძრულმა რუსეთის საექსპედიციო ჯარებმა გაანადგურეს ციხე, აფეთქებებითაა ციხის სამხრეთ ნაწილი და ჩრდილოეთ ნაწილში შემაღლებაზე არსებული ნაგებობები განადგურებული, დასავლეთ გალავანს და ციხის შიდა კედლებს გამოშლილი აქვთ საძირკველი, შიდა კედლები თითმის დაურღველვად, მთლიანდვეა ჩაწოლილი ციხის ეზოში, ხოლო გალავნის კედლები ფერდობებზეა ჩაშლილი. ბაზილიკაში, საკურთხევლის ჩრდილოეთ კუთხეში იატაკის დონეზე დაფქისირდა ძლიერ ნახანძრალი ფენა, თვით ბაზილიკის კედლებსაც აშკარად ეტყობა ძლიერი ხანძრის კვალი.

პ.ს. დიდ მადლობას ვუხდი ქართული მატერიალური კულტურისა და ხელოვნების დაუღალავ მკვლევარსა და მოამაგეს თამარ სიხარულიძეს დახმარებისათვის.

ლიტერატურია :

1.საქართველოს ატლასი; ვახუშტი ბაგრატიონი, თბ.1997.

2.საქართველოს გეოგრაფია; ვახუშტი ბაგრატიონი, თბ.1997.

3.ფუსტები; მამა ავთანდილ გიორგობიანი, თბ., 2010.

4.საქართველოს ეკონომიური ისტორია; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი, ტ.4. თბ.1996,

5.ქართველი ერის ისტორია; ივ.ჯავახიშვილი, თბ., 2012,

6.ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე; ზაქარაია, პარმენ, თბ.2002,

7.ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია; აბრამიშვილი, გ. და სხვ. თბ., 2000,

8.ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს, ზაქარაია, პარმენ, თბ.1990,