There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<თერჯოლის რაიონის ძეგლები>>>

ჩიხორის ნაქალაქარი
ნ.ცინაძე
ჩხარის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სკანდის სამხრეთით, მდინარე ძუსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ჩიხორი, "ქალაქი მცირე, მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი (ვახუშტი). ნ.ბერძენიშვილის მოსაზრებით, "ჩიხორი" წარმომდგარია სიტყვისგან "ჯიხა"-ციხე (საკუთრივ "ხის ციხე"). "ყველა ეს ჩხარი, საჩხერე, ჩიხორი, ჩიხა, ჩხერი "ციხეს" ნიშნავს და ჩანს ამ მხარეში ჩვეულებრივი, საერთო სახელი იყო სიმაგრისათვის". ამასვე ამბობდა სარგის კაკაბაძე, როცა აღნიშნავდა, რომ სახელები ”ჩიხორი” და ”ჩხარი” სიტყვა ”ჯიხასგანაა” წარმომდგარიო. რაც შეეხება ჩიხორში ციხის არსებობას, საეჭვოა, რადგან მხოლოდ ერთი კოშკის ნანგრევია შემორჩენილი. თუმცა, ქვეყნის დაცვაში მონაწილეობს არა მარტო ციხე, არამედ ყოველი სახის სიმაგრე, მათ შორის მაკავშირებელი კოშკები, რომლებიც ისე იყო განლაგებული, რომ ერთმანეთს უცქერდა. იქმნებოდა უწყვეტი ჯაჭვი, საფრთხის გამოჩენის შემთხვევაში კოშკზე ინთებოდა კოცონი, მომდევნო კოშკის მზვერავი ამის დანახვისთანავე თვითონაც ანთებდა ცეცხლს და ამგვარად, სიგნალი ელვისებურად გადაეცემოდა ცენტრს. უახლოეს შემოგარენში ყველაზე მძლავრ სამხედრო-სასიმაგრო ცენტრს წარმოადგენდა სკანდის ციხე-სიმაგრე. ვახუშტი ჩიხორის მოსახლეობას ასე აღწერს: ”იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი”, ამასვე გვიდასტურებს იმერეთის მეფის ალექსანდრეს ბრძანებით შედგენილი დასავლეთ საქართველოს რუკაც: ”ქალაქი ჩიხორი სომეხთა საყდარი”. სომხები სახლობდნენ ნაქალაქარის ჩრდილო და სამხრეთ ფერდობებზე. თუმცა მათ ისე აუთვისებიათ ადგილობრივთა წეს-ჩვეულებანი, რომ ძნელად თუ გაარჩევს კაცი მკვიდრი მოსახლეობისაგან. 1463 წელს ჩიხორის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა ”მეფე გიორგი და ბაგრატ ეწყუენენ ჩიხორს ურთიერთსა და ძლიერითა ბრძოლითა მოსწყდნენ მრავალნი იმერნი და ამერნი. შემდგომად იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა ქართლს. მაშინ ბაგრატმან დაიპყრა იმერეთი, აღიღო ქუთათისი და ეკურთხა მუნ მეფედ”. ამ ბრძოლის შესახებ ცნობები გვხვდება, კინკლოსებში და ქ-ცის გაგრძელებებში. თ.ჟორდანიას მასალებში ჩიხორის ცნობები ასეა გადმოცემული: ”1463 წ. ქ-კს:რა (151): აქა მეფე და ყუარყუარე ჩიხორს შეიბნეს. ათაბაგს გაემარჯვა”. ვახუშტის კი ნათქვამი აქვს, რომ ”წელსა 1462, ქართულსა 150” ბაგრატი ათაბაგ ყუარყუარეს ჩაგონებით იმერეთში მეფედ დაჯდა თუ არა, გიორგიმ მის წინააღმდეგ გაილაშქრა”. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ვახუშტის უწერია, რომ მეფე გიორგი და ბაგრატ შეიბნენ ჩიხორს და ბაგრატს გაემარჯვა. თ.ჟორდანიას ცნობითა და კინკლოსებში დაცული მასალების მიხედვით კი ბრძოლა მეფესა და ათაბაგს შორის მომხდარა და ათაბაგს გაუმარჯვია. ვახუშტის თავისი ცნობის დასტურად ამილახვრიანთა საგვარეულო გუჯრები აქვს დასახელებული. ათაბაგისა და ბაგრატის შეთქმულებაზე გიორგი მეფის წინააღმდეგ ატეხილი ბრძოლის შესახებ აღწერილი აქვს ერთ ზევდგენიძეს (ამილახორს) თავის საჩივრის წიგნში, რომელიც დარბაზის ერთათვის მიურთმევია. ეს საბუთი ექვთიმე თაყაიშვილმა დაბეჭდა თავის ”საქართველოს სიძველენის” მეოთხე წიგნში. ტექსტი ნაკლულია და ბრძოლის სურათის მთლიანად წარმოდგენა ვერ ხერხდება, მაგრამ შესაძლებელია დასაწყისი, გიორგი მეფის პირველ გალაშქრებას ეხებოდეს, აჯანყებული ბაგრატის წინააღმდეგ. მეორე ნაწილი კი ჩიხორთან მომხდარ ბრძოლას ეხება, რომლიდანაც განსაცდელში ჩავარდნილი გიორგი მეფე ზევდგენიძეს ძლივს გამოუყვანია სამშვიდობოს. XV საუკუნის ერთი უთარიღო, პატარა ხელნაწერის თანახმად ყუარყუარე ათაბაგის ორგულობისთვის დასასჯელად გიორგი მეფემ სამცხეში ილაშქრა და ათაბაგი ”წავიდა იმარეტს ბაგრატისათანა ლტოლვილ”. ხოლო 1466 წელს შედგენილი იკორთის ჟამან-გულანის კიკლოსის მიხედვით ”ქორონიკონსა ჩნდ აქა მეფე დაიჭირა ყუარყუარემ ტყედ”. ქ-ცის შედგენილ - გადაკეთებულ მეორე გაგრძელებაში ამავე ამბის თარიღი 1465 წელია. ამ გაურკვევლობასა და ზევდგენიძის ნაკლოვან ცნობებს ავსებს კონსტანტინე მეფის, ზაქარია ჯავახიშვილისადმი მიცემული წყალობის სიგელი, სადაც ნათქვამია, რომ ”ღ-თისა გარეგანმან ყუარყუარე პატრონსა ბიძასა ჩვენისა მეფესა გიორგის უღალატა”. ამ ისტორიულ ცნობებში ხდება ყველაზე ფართოდ ჩიხორის გაჟღერება. ადგილი ჩიხორი, თანამდეროვე რუკაზე შავშეთშიცაა აღნიშნული, თუმც ამ უკანასკნელის გეოგრაფიული გარემო და ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი ცნობები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ეს ბრძოლა სწორედ იმერეთში, ნაქალაქარ ჩიხორთან მოხდა. ჩიხორი ძველად ჩხართან ერთად მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა, კარგად განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. ჩიხორი იყო სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი, რასაც განაპირობებდა ხელსაყრელი გეოგრაფიული გარემო, აქ გამავალი სავაჭრო-საქარავნო გზა, ”მეფის შარა” და როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის მაკავშირებელი გზები. XVI-XVII საუკუნეებში მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მუდმივი ომიანობითა და მისი თანამდევი ეპიდემიით იყო გამოწვეული. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჩხარსა და ჩიხორში მოსახლეობის კატასტროფულად შემცირებაში ლომის წილი სამეგრელოს მთავრს ლევან დადიანს ერგებოდა. იმერეთის სამეფოს ეკონომიკის დაკნინებისათვის მან არაერთგზის ილაშქრა ჩიხორსა და ჩხარში. გადაწვა ჩიხორი, დაანგრია ჩხარი, მოაოხრა მიმდებარე სოფლები. ჩხარსა და ჩიხორში მცხოვრები სომხების 4-5 ათეული კომლი რუხს გადაასახლა, რათა იქ ვაჭრობა განევითარებინა. ლ.დადიანის მოქმედებებმა მართალია ჩიხორისა და ჩხარის სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობა რამდენამდე შეასუსტა, მაგრამ საქალაქო ცხოვრება აქ მაინც აღდგა. 1810 წლის იმერეთის სამეფო ხელისუფლების გაუქმებისა და სტრატეგიულ პუნქტებში რუსული სამხედრო ნაწილების ჩაყენების, 1819-20 წლების საეკლესიო აჯანყებისას ფაქტიურად სრულად განადგურდა ჩიხორი. არქეოლოგიური მონაცემები ჩიხორის შესახებ ძალზედ მწირია, არ მომხდარა ნაქალაქარის მნიშვნელობანი დაზვერვა-შესწავლა სათანადო სპეციალისტების მიერ. ნაქალაქარი განლაგებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ - სამხრეთ-დასავეთ დამხრობის კლდოვან ბორცვზე, როგორც შემორჩენილი ნაშთები გვიჩვენებენ, ბორცვს გარს შემოუყვებოდა კლდოვან ქანზე დაბჯენილი ქვის ზღუდე. ბორცვის თხემზე შემორჩენილია ნაგებობის ნაშთები, ჰორიზონტის აღმოსავლეთ დასავლეთ ხაზზე დამხრობის 4X6მ. ფართობის სწორკუთხა ნაგებობა. კედლები ნაგებია ოთკუთხა საშუალო ზომის ბრტყელი ქვით. მშენებლობაში აგური ჩანს, შემორჩენილ ნაშთებზე არ ჩანს აგრეთვე განახლების კვალი. ნაგებობის შიდა აღმოსავლეთ მხარის ნახევარწრიული ფორმა, რომელიც აფსიდს რამდენადმე ჰგავს გვაფიქრებინებს, რომ ეს ნაგებობა სავარაუდოდ ტაძარია, ყოველ შემთხვევაში, მისი კოშკად მიჩნევა საფუძველს მოკლებულია. ნაქალაქარის ტერიოტორიაზე, ზემოთხსენებული ნაგებობის ჩრდილოეთ, ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, გვხვდება რამოდენიმე ჩაკირული ქვევრის ნაშთი. ქვევრები მძლავრი ორმაგი ჩაკირულობით გამოირჩევა. მათ მახლობლად ნაპოვნ იქნა ქვაში ამოკვეთილი ხარის თავის ფორმის მქონე საწნახელის პირი, როგორც ჩანს გამოიყენებოდა საწნახელში დაწურული ღვინის ქვევრებში ჩასასხმელად. ნაქალაქარის ჩრდილოეთ ფერდობზე ადგილობრივებს უპოვნიათ სპილენძის ორი მოზრდილი ქვაბი (ქვაბების ადგილსამყოფელი უცნობია). ჩიხორის რამოდენიმე საუკუნოვან საქალაქო ცხოვრებას საბოლოო წერტილი დაუსვა 1819-20 წლების საეკლესიო აჯანყების წინააღმდეგ რუსეთის საექსპედიციო ძალების მოქმედებებმა, რის შედეგადაც განადგურებულ იქნა აღნიშნული რეგიონი. ჩიხორმა, როგორც ქალაქმა არსებობა შეწყვიტა

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ივ.ჯავახიშვილი ”ქართველი ერის ისტორია” (წიგნი 4)
2. Donald Rayfield “Edge of Empires (A history of Georgia)” 2012
3. ვახუშტი ბაგრატიონი ”აღწერა სამეფოსა საქართველოსა”
4. მანანა ხომერიკი ”იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები”
5. ნ.ბერძენიშვილი, ი.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია ”საქართველოს ისტორია”
6. თამარ გოგნაძე ”სკანდის ციხე”
7. კ.ხარაძე ”ჩხარი”
8. მამა ავთანდილ გიორგობიანი “ფუსტები”
9. მ.ხომერიკი - ”იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები”

|