topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ნ.რეხვიაშვილი - კერასთან დაკავშირებული საოჯახო რკინის ნივთები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეთნოგრაფია, ტრადიციები>>>


ნიკო რეხვიაშვილი (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი) - კერასთან დაკავშირებული საოჯახო რკინის ნივთები// ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1967 წ., №12, გვ.96-101

ქართველმა ხალხმა თავისი ხანგრძლივი ცხოვრებისა და გამოცდილების საფუძველზე ბევრი რამ საყურადღებო და მნიშვნელოვანი შექმნა, როგორც სულიერი ისე ნივთიერი კულტურის დარგში. ამ ნაქმნართაგან ღირსსახსოვარია კერასთან დაკავშირებული ზოგიერთი საოჯახო რკინის ნივთი; საკიდელი, სამკვრე კერა, ასტამი, საქორწილო კანდელი, ხათრითი, შამფური და სხვა. აღნიშნული საგნები ყურადღებას იქცევს თავისი აგებულებით და დანიშნულებით.

მათ განსაკუთრებით ამშვენებს "წმასნილი" (დაგრეხილი) სახის ტანის ნაკვთები. გრეხილი ტანადობა მათ გარკვეულ სიმტკიცეს, შნოსა და სილამაზეს აძლევს. ასევე, ხელმარჯვე სახმარს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ რკინა ძნელად დასამორჩილებელი მასალაა და მისი ნებისმიერ მოყვანა დიდ სიძნელეს წარმოადგენს, რკინის დამორჩილების მაღალმა კულტურამ მაინც თავისი გაიტანა. რკინის მოხელე ჩვენი წინაპრები არ ღალატობენ ტრადიციას განახორციელონ ამა თუ იმ ნივთში "სახმარი" და "სამშვენი" მხარეთა ერთობლიობა, შექმნან საგნის ფორმა-შინაარსის სისავსე, სადაც მარჯვედ არის გადაწყვეტილი პრაქტიკულ და ესთეტიურ მხარეთა ერთიანობა და თანაფარდობა. ზემოაღნიშნულ კერასთან დაკავშირებული საგნებისათვის ტანის დაგრეხვა გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებით; დაგრეხილი რკინა შედარებით მაგარი და მტკიცეა; იგი სახმარადაც მარჯვეა (ხელში არ ბრუნავს) შესახედავადაც ლამაზია. განსაკუთრებით ზოგიერთ საგანს ამგვარი აგებულება ერთობ შნოიანს ხდიდა და თავისებურ ელფერს აძლევდა. უნდა აღინიშნოს, რომ ტანის დაგრეხვას მოითხოვდა მხოლოდ გარკვეული ხასიათის რკინის ხელადი. მათ განაპირობებდა საოჯახო მოთხოვნილებები. მაგ.ერთ ჭერქვეშ მოქცეული ოჯახისათვის საკმარისი არ იყო ჩვეულებრივი ზომის უბრალო და ცალმაგი საკიდელი, ამიტომ საკიდელს რამდენიმე ენიანს და განიერს აკეთებდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დასახელებულ იქნას დადეშქელიანთა საკიდელი. რკინის საკიდელი, ანუ საქვაბე საოჯახო დანიშნულების ნივთია. იხმარება ქვაბთა საკიდლად საგბოლველისათვის ცეცხლზე. შუა ცეცხლიან დარბაზებსა, სამზარეულოებსა და თვით ბუხრიან სახლებში იგი აუცილებელი და საჭირო საგანი იყო და კერასთან ერთად სახლის "შინაში" "ნაწილიან" საპატიო საგნად იყო მიჩნეული. საკიდელი შედიოდა კერა-ცხვენის კომპლექსში და ითვლებოდა მათ ძირითად შემადგენელ ნაწილად. საკიდელი სხვადასხვა სახისა იყო. მათ ამზადებდა მჭედელი რომელიმე გამიზნული თარგის მიხედვით, ისე რომ მას ამისთვის არ გააჩნდა რაიმე წინასწარი დედანი, თუ ნახაზი. სამაგიეროდ მას პქონდა ტრადიციული ცოდნა-გამოცდილება და ახლის მიგნების კარგი ალღო. ამ მხრივ დადეშქელიანთა ზემო აღნიშნული საკიდელი უფრო ხალხური ხელოვნების ნიმუშია, ვიდრე უბრალო ნახელავი. გრეხილი ხელადის ერთ-ერთი ტიპიური და საყურადღებო წარმომადგენელია საკვრე, ანუ სანათური, რომელიც ყურადღებას იქცევს თავისი ლამაზი გარეგნობითა და განსაკუთრებით შემკულობით. იგი სახიერებით, კომპოზიციით და "თვალადობით” ისევე მდიდარი და მოხდენილია, როგორც ქართული საღვინე სასმისი - ”მარანი”. უნდა აღინიშნოს, რომ კერის კომპლექსში სამკვრეს სრულიად განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. სამკვრე დამახასიათებელი იყო უფრო მთიანეთისათვის კერძოდ, იმ ადგილების მოსახლეობის ყოფაში, რომელთაც ახლო მახლო ადგილებში გააჩნდათ წიწვიანი ტყეები სამკვრე ხის ჯიშებით; ნაძვი, ფიჭვი, ჩხირი, გიგიბი. იქ სადაც მკვრის შოვნის პირობები არ იყო, იქ სამკვრეს ცვლიდა საზეთე ლამპარი, ან სასანთლე, ჭრაქი, კანდელი და სხვა.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

სამკვრე ეკიდა კერის ახლო აღმართულ დედაბოძზე, ზედ ეწყო წმინდად "დაწიგნული" და ანთებული კვარი, რომელიც ანათებდა სახლის შინას. სამკვრე შედგება ნერჩისა, ტოტებისა, გუმბათისა და საკიდარი ჯაჭვისაგან. ჩვეულებრივად საკვრე შემკულია ორნამენტებით და ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებით. აქ წარმოდგენილია ჯიხვის, ხარ-ირმის, ხარის, თხის, არჩვის, შველის და ვერძის თავრიელის ქანდაკება. ეს ის ცხოველებია, რომლვბიც გარს ერტყა ადგილობრივ მოსახლეობას და გარკვეულ როლს ასრულებდა მათ სამუერნეო ცხოვრებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველთა თავრიელის მიხედვით სამკვრეზე წარმოდგენილია ძირითადად მამალი სქესის ცხოველების თავრიელი. ამ მიმართებით შეიძლება შემთხვევითი არ იყოს, რომ რკინის საგნებზე, რომელიც ქართველ ხალხსა და კავკასიის მთიელებში მიჩნეულია მამა მჭედლის, ამირანის წმინდა გიორგის, სოლომოს, შაშვის და ტელეფსის ნამოქმედრად, მამრი სქესის წარმომადგე ნელი ცხოველებია გამოსახული. გრეხილი რკინის ხელადის მესამე მთავარი წარმომადგენელია კერა. იგი სხვადასხვა სახისაა. ამის კვალობაზე განირჩევა მოყვანილობით, სიდიდითა და შემკულობით. ამ შემთხვევაში - მსჯელობა ეხება ე.წ. ქართულ კერას, რომელიც გავრცელებული იყო უფრო ქართლში, სადაც მისი გამოყენება ძირითადად დარბაზული სახის შუაცეცხლიან სახლებს ახასიათებდა. რკინის კერის მთავარი ფუნქცია იყო ცეცხლმსახურება. წარმოადგენდა მუგუზლების თავსაყრდენს, რომელთა ქვეშ გაწყობილი იყო კერის ყვერფი და მასზე დანთებული ცეცხლი. მუგუზლების გრძლად და თავწაშვერილად გაწყობა გაპირობებული იყო მასზე დამხობილი თიხის კეცების გახურების საჭიროებით და სავსებით შეესაბამებოდა მაშინდელი ოჯახის დიასახლისობის პირობებს. უნდა ითქვას, რომ რკინისას, ზოგიერთ კუთხეში, შეესაბამებოდა ქვის კერა. ეს უკანასკნელი შედგებოდა ორი ნაწილისაგან, ისინი კუთხედად იყო გამოყვანილი და საძირე ქალამნით ერთდებოდა. თითოეული თავი წარმოადგენდა კუბისებური მოყვანილობის "მხარს”, მარჯვენა-მარცხენა მხარს. ერთზე გამოხატული იყო "მთვარე”, მეორეზე - "მზე”. რკინის კერა ნაწილობრივ ან მთლიანად გრეხილი ტანისა იყო. გარეგანი შეხედულებით იგი ქვის კერას ჰგავდა. იგი შედგებოდა მარჯვენა-მარცხენა ფეხისა და მათ შორის გაწვდილი ბრტყელი გამირისაგან. ეს უკანასკნელი შეიძლება ცალი, ან წყვილი ყოფილიყო, ან სამი და ოთხმაგი. გამირებს შორის მოქცეული სიცარიელე გაწყობილი იყო ხარიხული წესით, ან გაწვდილი სახით დაგრეხილი რკინის რიკულებით.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+)

ამგვარი კონსტრუქციის მიხედვით კერა სასიამოვნო გარეგნობისა და მოხერხებული აგებულების ნივთი იყო, რომელიც კარგად იყო მორგებული თავის პირად ფუნქციას და კერის საპატიო მოვალეობას მართებულად ასრულებდა. კერას ჰქონდა განზე გადგმული ფეხები, რომელთა გაყოლებით, როგორც სამკვრეს, ცხოველია გამოსახულება ("თავრიელი”) ამშვენებდა. გამოსახულებათა შორის და კიდეებზე კერა დაჭრელებული იყო სხვადასხვა ორნამენტებით. კერასთან დაკავშირებულ რკინის საოჯახო ნივთების წყებას განეკუთვნება აგრეთვე საქორწილო კანდელი, რომელიც ძალზე თავისებური და ორიგინალური სახისაა. იგი ყურადღებას იქცევს ლამაზად ”წმასნილი” ტანადობითა და რაც მთავარია, თავისი დანიშნულებით. როგორც სახელი უჩვენებს საქორწილო კანდელი, ნეფე-დედოფლისადმი მისართმევი საჩუქრებისათვის იხმარებოდა. ქორწილის დროს ნეფე-დედოფლის ახლობლები და ნათესავები რიგ-რიგობით ”ააყვავებდნენ” მას, ჰკიდებდნენ საჩუქრებს, შემოსავდნენ ტკბილეულით და ხილით, მიანთებდნენ სანთლებს და ამ სახით "აყვავებულსწინ დაუდგამდნენ მათ. ხილსა და ტკბილეულს მაყრები მიიღებდნენ, ხოლო საჩუქრები ნეფე-დედოფლისა იყო. ასევე, ქართველი ხალხის აზრმახვილი დაკვირვებიხა და გონივრული მიმხვდარობის საინტერესო ნამოქმედარს წარმოადგენს მწვადის საწვავი ხუთთითა შამფური, რომელსაც ხათრითიც ეწოდება. იგი ისეა აგებული, რომ თითოეულ მის თითზე წამოგებული მწვადი, შამფურის ტრიალის დროს, ისე იწვის ერთი მეორის ცვარში, რომ არც ერთი წვეთი მისი უბრალოდ არ იკარგება. ამავე დროს მას გააჩნია საყრდენი ფეხი, რომელშიაც იგი თავისუფლად ტრიალებს და მწვადიც ნებაზე იწვის ხოლმე. საერთოდ, უნდა აღინიშნოს რომ კერასთან დაკავშირებულ რკინის ნივთებზე წარმოდგენილი ზოომორფიული გამოსახულებანი "თავრიელის” სახით, და ზოგიერთი ჭრელი ამ საგნების აღნაგობაში უბრალო სამკაული კი არ არის, არამედ ორგანულადაა ჩაქსოვილი პრაქტიკული დანიშნულებით. სახმარ და "სამშვენ” დანიშნულებათა ამგვარი შერწყმა, როგორც ითქვა, ქართველი ხალხის გონივრული მიმხვდარობის გამოხატულებაა. საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს აღნიშნულ გამოსახულებათა იდეური მხარე. როგორც ცნობილია, ქართველი ხალხის ძველი შეხედულების მიხედვით - გამოსახულება, რეალური საგნის ორეულს "ზერანს” წარმოადგენს. მას, საგანთა და მოვლენათა მიმართ იმავე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რაც თვით დედანს. ნადირთა და შინაურ ცხოველთა ქანდაკებების წარმოდგენას კერასთან დაკავშირებულ საგნებზე მაგიური მნიშვნელობა ჰქონდა და "დაბედება”-ს ისახავდა მიზნად. საკიდელი, სამკვრე, თუ კერა სინათლისა და სითბოს ციურ წყაროსთან - მზე მთვარესთან იყო ასოცირებული. მზე "დამბადებლის” და მთვარე "შემქმნელის” თავისებურ ემანაციას წარმოადგენდა. მათზე მოცემული ცხოველთა "თავრიელის” გამოსახულებანი საღვთო წმინდა ცხოველთა ხატებაა. ცნობილია, რომ ქართველ-კავკასიელ ხალხთა ძველი მსოფლმხედველობის მიხედვით სხეულის რომელიმე ნიშანდობლივი ორგანო თავრიელი, გული, ღვიძლი, კუჭი, თუ სხვა, მთელი სხეულის ნიშანსვეტად და მაცოცხლებელ ძალად ითვლებოდა. ამ შემთხვევაში "თავრიელის” გამოსახულებას ეს მიზანი ჰქონდა. უსარკმელო ძველ სახლების შინაში, მკვრით განათებული შუქის ფონზე, კერის თავზე, დედაბოძზე დაკიდებული სამკვრე მითიური თქმულების - ცით ჩამოკიდებულ გვირგვინს ჰგავდა და თავისი დიდებული ქანდაკებებით ზღაპრულ იერს იღებდა.