topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ. გამყრელიძე - ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ (2)

<უკან დაბრუნება (ნაწილი I) ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე... <<<საქართველოს არქეოლოგია>>>


გაგრძელება... (ნაწილი II)

სამწუხაროდ, შემდგომშიც ეს ჩანაფიქრი არ განხორციელდა. კონფერენციის სტუმრებისათ­ვის სპეციალურად მოეწყო არქეოლოგიური ნივთების გამოფენა; ამასთანავე განაახლეს კავკასიის მუზეუმის ექსპოზიციები. კონ­ფერენციის მონაწილეებისათვის ექსკურსიები მოეწყო მცხეთაში, უფლისციხეში, გელათში. სახელი «არქეოლოგიური» თბილისის არქეოლოგიური კონფერენციისათვის ფრიად პირობითია, რადგან მისი მუშაობის დროს სხვა მეცნიერებები უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი, ვიდრე არქეოლოგია. კონფერენცია კავკასიაში ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებისათვის დიდ მნიშვნელოვანი იყო; მაგრამ საქართველოს არქეოლოგიური შესწავლისათვის, საერთოდ არქე­ოლოგიური კვლევა­ძიების მეთოდიკის გაუმჯობესებისათვის, მისი, როგორც მეცნიერების წინსვლისათვის თითქმის არაფერი გაკეთებულა. ცნობილი ისტორიკოს­არქეოლოგი ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს, რომ ამ არქეოლოგიურ თავყრილობაზე «...რატომ­ღაც არც ბაიერნი გამოჩენილა, არც მისი მცხეთას ნამუშევარი და, საერთოდ, არც ჩვენში წარმოებული თხრის შედეგები». ამგ­ვარად, ეს კონფერენცია მხოლოდ იმით არის ნიშანდობლივი, რომ მან კიდევ უფრო გააღვივა კავკასიის, კერძოდ, საქართველოს სიძველეებისადმი ინტერესი. 1881 წელს «კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგა­დოება» უსახსრობის გამო დაიშალა. 1881 წლის 28 ნოემბერს ამ საზოგადოების ყოფილი წევრები გაერთიანდნენ «კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოებაში». ამ ახალი საზოგა­დოების წესდების მიხედვით გაფართოვდა მისი მოღვაწეობის არე. საზოგადოებას უნდა შეესწავლა კავკასიის ისტორია, უპირატე­სად მისი ისტორიის წერილობითი და ნივთიერი წყაროები; შესა­ძლებლობის ფარგლებში უნდა დაეცვა ეს ისტორიული ძეგლები განადგურებისაგან; გათხრების შედეგად მოპოვებული ან მოსახ­ლეობისაგან შესყიდული ძველი ნივთები ბარდებოდა კავკასიის მუზეუმს (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ხოლო ძველი ხელნაწერები თბილისის საჯარო ბიბლიოთეკას. ამ ახალი საზოგადოების დაარსების ერთ­ერთი ინიციატორი იყო ისტორიკოსი დ.ბაქრაძე, რომელიც მას 1886 წლამდე ხელმძღ­ვანელობდა. 1881-­85 წლების განმავლობაში მოხერხდა ნაშრომების ორი ტომის გამოცემა. აქ გამოქვეყნებული ძეგლებიდან არქეოლო­გიური თვალსაზრისით საინტერესოა რამდენიმე პუნქტი, სადაც მოუპოვებიათ ზედაპირული არქეოლოგიური მასალა. ესენია: ახალ­ციხე, ახალქალაქი, სოხუმი, ახალი ათონი, ხუცუბანი, ანაკოფია და სხვ. საინტერესოა საზოგადოების შრომებში დაბეჭდილი სამხედრო მოსამსახურის პოლკოვნიკ ნ.წილოსანის ინფორმაცია დილიჟანთან (ამჟამად სომხეთშია) ჩატარებული გათხრების შესახებ. ნ.წილოსანის აზრით, აქ აღმოჩენილი სამარხები თავისი აღნაგობით და ინვენ­ტარით ჰგავს მცხეთის სამთავროს სამარხებს. საზოგადოების შრომების მეორე კრებულის გამოსვლის შემ­დეგ, «კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საზოგადოება», მის წინამორბედ «კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებასავით», უსახსრობის გამო დაიშალა. საზოგადოებას არქეოლო­გიური გათხრები არ უწარმოებია. მიუხედავად ამ საზოგადოების დაშლისა, საქართველოს სიძველეებისადმი ინტერესმა მაინც არ იკლო. ამას მოწმობს ტროისა და მიკენის აღმომჩენის და გამთხრელის ჰენრიხ შლი­მანის დაინტერესება საქართველოს შავიზღვისპირეთით, ძველი კოლხეთით, საბერძნეთის ისტორიასთან კავშირში. კერძოდ, არგო­ნავტების ოქროს საწმისისათვის ჩამოსვლის ამბავი. ჰ.შლიმანს 1883 წელს საქართველოში არქეოლოგიური გათხრების ჩატარების ნებართვა უთხოვია, მაგრამ სამუშაოები ვერ ჩატარდა. XIX ს­ის ბოლოსათვის ეროვნულ­-განმათავისუფლებელი განწყო­ბილებების გააქტიურებასთან დაკავშირებით, იხურებოდა ყოველგ­ვარი საზოგადოება, სადაც კი შეიძლებოდა ადამიანების თავშეყრა და მსჯელობა. ამან კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში არქე­ოლოგიური კვლევა­ძიების გარკვეული ჩაკვდომაც გამოიწვია. ექ.თაყაიშვილის თქმით, 1887 წელს, როცა იგი ევროპიდან საქართ­ველოში დაბრუნდა, თითქმის სულ მიტოვებული დახვდა არქეოლო­გიური კვლევა­ძიება. ამ მხრივ მხოლოდ 1889 წელი გამოირჩევა, როცა მცხეთის სიძველეებმა ისევ მიიქცია ყურადღება. უძველესი ნივთები იმჟამად ბაგინეთთან, არმაზციხეზე აღმოჩნდა. ბაგინეთში ნივთების აღმოჩენის ფაქტს ყურადღება მიაქციეს ილია ჭავჭავაძემ და დიმიტრი ბაქრაძემ. ამ უკანასკნელს ხნოვანების გამო თვითონ აღარ შეეძლო თხრის მეთვალყურეობა და თავზე დადგომა, ამიტომ გათხრების წარმოება ბაგინეთში ექვთიმე თაყაიშვილს და დავით ქუთათელაძეს დაავალა. ბაგინეთთან მუშაობა სულ სამი კვირის განმავლობაში მიმდი­ნარეობდა, ხოლო შემდეგ უსახსრობის გამო შეწყდა. გათხრები, ხანმოკლეობის მიუხედავად, საინტერესო და საყურადღებო გამოდგა. გაითხარა ნაგებობა, სადაც დადასტურდა სამი სხვადასხვა პერი­ოდის კულტურული ფენა. ნაგებობის ნანგრევებში აღმოჩნდა ქვათლილები, ალიზის აგური, მარმარილოს ნატეხები, მინისა და თიხის ჭურჭლი, სპილენძის ცული. ნაგებობის შემორჩენილ კედელზე გამოხატული ყოფილა ქალის გამოსახულება. ბაგინეთში მუშაობის ხელმძღვანელობა ქართველოლოგიის სწორუპოვარი  მკვლევარის და დიდი მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილისათვის (1863-­1953 წწ.) ერთ­ერთი პირველი არქეოლოგიური გათხრა იყო. მცხეთის ამ გათხრებიდან მოყოლებული საქართველოში არქეო­ლოგიურ კვლევას სათავეში უდგება ექ.თაყაიშვილი. კერძოდ, სადგურ მცხეთის დასავლეთით, არმაზისხევის მახლობლად, იგი თხრის სამაროვანს, სადაც ყელსაბამები, ბეჭდები, საყურეები, სამ­აჯურები, მინის ნაშთები და ჭურჭლი აღმოჩნდა. ხსენებული ძველი ნივთები ექ.თაყაიშვილმა ახ.წ. I­V საუკუნეებით დაათარიღა. 1896 წელს ექ.თაყაიშვილი, არქეოლოგიურ გათხრებს ატარებს მდ.სულორის ხეობაში, ვანის ახვლედიანების გორაზე და ამის შესახებ გვთავაზობს რამდენიმე საყურადღებო მოსაზრებას. ახვ­ლედიანების გორაზე მან პირველმა დაადასტურა თლილი ქვით აშენებული ნაგებობების ნაშთები, თიხის ჭურჭელი, სხვადასხვა სამკაულები, მონეტები, ლითონის სამეურნეო და საბრძოლო იარ­აღი. აქ აგრეთვე აღმოჩნდა ეგვიპტური, ბერძნული, ირანული და რომაული ნივთები. ექ.თაყაიშვილი ვანის არქეოლოგიური თხრის შედეგს განიხილავს საერთო ისტორიულ ჭრილში; მკვლევარი ითვალისწინებს აგრეთვე აქ წინა წლებში ნაპოვნ მასალას და უკვე იმ დროს აღნიშნავს, რომ ახვლედიანების გორაზე კლასიკური პერიოდის ძველი ნაქალაქარის ნაშთებთან უნდა გვქონდეს საქმე; იგი უცხოური ნაწარმის და მონეტების მიხედვით ვარაუდობს, რომ ეს ნაქალაქარი ძველ სავაჭრო­სატრანზიტო მაგისტრალთან მდებარეობდა, ხოლო ნაქალაქარზე ნაპოვნი ოქროს სამკაულები ადგილობრივი ნაწარმია, რადგან აქვე, მდ. სულორის შენაკადის - საქვაბიას ღელის ქვიშა გარკვეული რაოდენობით ოქროს შეი­ცავს. 1896 წელს დასავლეთ საქართველოშივე - სოფ.საჯავახოსთან, მდ.რიონის მარცხენა მხარეს (ამჟამად სამტრედიის რ­ნში) და სოფ.ხუცუბანთან, მდ.კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე(ამჟამად ქობუ­ლეთის რ­-ნში) ექ.თაყაიშვილს ჩაუტარებია არქეოლოგიური თხრა. სოფ.ხუცუბანში შემთხვევით აღმოჩენილმა ძველმა ნივთებმა იმთავითვე მიიქცია ყურადღება და ამ პუნქტისადმი ექ.თაყაიშ­ვილის ინტერესი გამოიწვია. დასახელებულ ადგილზე ექ.თაყაიშ­ვილს მიუკვლევია კულტურული ფენებისათვის, სადაც აღმოჩე­ნილა კერამიკა და ლითონის რამდენიმე ნივთი. სოფ.საჯავახო­სთან დრანდაღელეს ნაპირზე არქეოლოგიური დაზვერვისას დიდი რაოდენობით კერამიკა აღმოჩნდა, რის მიხედვითაც ექ.თაყაიშ­ვილი აქ კერამიკული სახელოსნოს არსებობას ვარაუდობდა. 1902 წელს არქეოლოგიური თვალსაზრისით ყურადღება მიიქ­ცია სოფ.ბორმა მდ.ბორიმელას მარჯვენა ნაპირზე. აქ ადგილო­ბრივი მცხოვრებლები მიწის ხვნის დროს შემთხვევით წააწყდნენ მდიდრულ სამაროვანს, სადაც აღმოჩნდა ოქროს და ვერცხლის სამ­კაულები, ჭურჭელი. აქ განსაკუთრებით საინტერესოა ვერცხლის თასი საკურთხეველთან მდგომი ცხენის გამოსახულებით; რომაული და პართული მონეტები. სოფ.ბორში ნაპოვნი ძვირფასი ნივთები ს.­პეტერბურგის ”ერმიტაჟის” მუზეუმში მოხვდა (ახლაც იქ ინახება). 1904 წელს ციხისძირთან (ქობულეთის რ­ნი) სახლის საძირკვ­ლის გაჭრის დროს II საუკუნის მდიდრული ნივთები აღმოჩნდა. ესენია ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, ჭურჭელი, მონეტები, ამოკვეთილ გამოსახულებიანი ქვები (გემები). სულ ორმოცამდე საგანი (ინახება ს.­პეტერბურგის ”ერმიტაჟში”). 1908 წელს მდ.ქსნის ხეობაში სოფ.საძეგურთან მიწის სამ­უშაოების დროს შემთხვევით წააწყდნენ მდიდრულ ნივთებს, რომლებიც ცნობილია ”ახალგორის განძის” სახელით. სამწუხ­აროდ, ამ ძვირფასი ნივთების მხოლოდ ნაწილის შეგროვება და კავკასიის მუზეუმისათვის შეძენა შეძლო ექ.თაყაიშვილმა. ეს ნივთებია ოქროს საყურეები, საკისრე რკალები, სასაფეთქლეები, სამაჯურები, ყელსაბამი, ბეჭდები, ვერცხლის ფიალები, ცხენის აღკაზმულობა და სხვ. ამავე წელს სოფ.ახალქალაქთან (ახლა კასპის რ­ნშია) მიწის სამუშაოების დროს იპოვეს ბრინჯაოს ცულები და ლითონის რამ­დენიმე ზოდი. ნივთები ექ.თაყაიშვილმა კავკასიის მუზეუმისათ­ვის შეიძინა. ამ ნივთების აღმოჩენამ ექ.თაყაიშვილს, ჯერ კიდევ მაშინ, აქ ლითონსადნობი სახელოსნოს არსებობა ავარაუდებინა. 1912 წლის ზაფხულში ექ.თაყაიშვილს არქეოლოგიური გათხრები ჩაუტარებია მდ.ბანისხევის და მდ.მტკვრის შესარ­თავთან. აქ აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯურები, საკინძეები, სარდი­ონის მძივები. ამავე პერიოდში ექ.თაყაიშვილს არქეოლოგიურად დაუზვერავს აგრეთვე საჩხერე, სადაც სპილენძის რამდენიმე ცული, სამაჯურები, საკინძეები და თიხის ჭურჭელი უპოვია. ექ.თაყაიშვილი, რომელიც ამ დროს ახლადდაარსებულ საისტ­ორიო-­საეთნოგრაფიო საზოგადოებას ედგა სათავეში, ცდილობდა საქართველოს მიწის წიაღში შემთხვევით ნაპოვნი არცერთი ნივთი არ გამოჰპარვოდა მხედველობიდან, რათა კავკასიის მუზეუმისათ­ვის შეეძინა. საქართველოს არქეოლოგიის განვითარების ამ ეტაპზე ექ.თაყაიშვილმა პირველმა გამოთქვა ზოგიერთი ფრიად საყურა­დღებო მოსაზრება: არქეოლოგიური მონაპოვრის გააზრებისას ადგილობრივი ეთნოლოგიურ­ფოლკლორული ფაქტების მოშვე­ლიების აუცილებლობა; მოსაზრებები ვანის ნაქალაქარის შეს­ახებ (იხ.ზემოთ); ოქროსა და სხვა ლითონის იარაღის და სამკაუ­ლის ადგილობრივი წარმოშობის შესახებ (ადრე თითიქმის ყველა ლამაზ, პეწიან ნივთს შემოტანილად და უცხოურად თვლიდნენ); მიუთითა აუცილებლად შესასწავლ ძეგლებზე - ვანში, საჩხერეში, თრიალეთ - ­წალკაში, ბაგინეთში და ჟინვალში. 1918 წელს ცნობილმა ენათმეცნიერმა ნიკო მარმა ექ.თაყაიშ­ვილი მიიწვია მის მიერ თბილისში ახლად დაარსებულ კავკასიის ისტორიულ-­არქეოლოგიურ ინსტიტუტში. ეს ინსტიტუტი ფართო პროფილის დაწესებულება იყო. ნ.მარის მოუცლელობის გამო ინსტიტუტს ძირითადად ექ.თაყაიშვილი უძღვებოდა. ამავე პერი­ოდში ექ.თაყაიშვილი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ადგენს არქეოლოგიის კურსის პროგრამას და იწყებს ამ კურსის კითხვას. 1924 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით - ”სიძველეთა და ხელოვნების ძეგლების დაცვის შესახებ”, სათანადო სამეცნიერო დაწესებულებათა ნებართვის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი თვითნებური არქეოლოგიური გათხრები აიკრძალა. ამ წლიდან მოყოლებული, არქეოლოგიური მემკვიდრეობის მოვლა-­მზრუნველობაზე სახელმწიფო იღებდა პასუხისმგებლობას. თავდაპირველად არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება და მოპოვებული ნივთების მოვლა თბილისის სახელმწიფო უნივერ­სიტეტს, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და საქართველოს საისტორიო-­საეთნოგრაფიო საზოგადოებას დაევალა. პირველ ეტაპზე არქეოლოგიურ აღმოჩენებს უმეტესწილად შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და დაგეგმილი წინასწარ მომზადებული არქე­ოლოგიური კვლევა არ ტარდებოდა. ამ მხრივ გამონაკლისს წარ­მოადგენს გიორგი ნიორაძის მიერ 1925­-1931 წლებში ჩატარებული გათხრები კარსნისხევში, ზემო ავჭალაში, სასირეთში, დევისხ­ვრელში და საკაჟიაში. გ.ნიორაძეს პროფესიული არქეოლოგიური განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული და კარგად იცნობდა იმ პერიოდის საველე არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების მეთოდიკას. 1925 წელს იგი, დაბრუნდა სამშობლოში და სათა­ ვეში ჩაუდგა საველე არქეოლოგიურ კვლევა­ძიებას. გ.ნიორაძე დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად. მან საველე არქეოლოგიური კვლევა­ძიების გადახალისების მიზნით შემოიკრიბა ძველი და ახალი თაობის მეცნიერები - ს.მაკალათია, გ.გოზალიშვილი, ს.იორდანიშვილი, ბ.კუფტინი, ლ.მუსხელიშვილი და გ.ჩიტაია, რომ­ლებიც მაშინ საველე არქეოლოგიურ კვლევას ეწეოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კერძოდ, ფლავისმანში, თაგილონში, იყალთოში, ნოქალაქევში, კიკეთში და წიწამურში.

1925 წელს გ.ნიორაძემ გააგრძელა და განაახლა ექ.თაყაიშვილის მიერ ჯერ კიდევ 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტში დაწყე­ბული არქეოლოგიის კურსის კითხვა. თავდაპირველად გ.ნიორაძე ძველი ისტორიის კათედრაზე მუშაობდა, ხოლო 1934 წლიდან - მატერიალური კულტურის ისტორიის კათედრაზე, რომელიც ისტორიის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა და აერთიანებდა არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სპეციალობებს. ამ კათ­ედრას 1953 წლამდე ხელმძღვანელობდა გ.ნიორაძე. 1953 წლიდან, წლების განმავლობაში არქეოლოგიის კათედრას სათავეში ედგა ოთარ ჯაფარიძე. თბილისის სახ.უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრა საქართველოში პროფესიონალი არქეოლოგების აღზრდის მთავარ კერად იქცა. ქართველი არქეოლოგების უმრავლესობა სწორედ ამ კათედრაზე დაეუფლა არქეოლოგიის საფუძვლებს. თბილსის სახ.უნივერსიტეტი თუ არქეოლოგების ახალი კად­რების მთავარი სამჭედლო იყო, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგი­ური მასალის ძირითად საცავს წარმოადგენდა. მათ ერთმანეთთან ახლო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდათ. 1919 წლიდან კავკასიის მუზეუმს, რომელიც ჯერ კიდევ 1852 იქნა დაარსებული, საქართველოს მუზეუმი ეწოდა. ამჟამად ის საქართ­ველოს ეროვნულ მუზეუმშია გაერთიანებული. 1929­-30 წლებში საქართველოს მუზეუმს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგა­დოების, უნივერსიტეტის სიძველეთა მუზეუმის კოლექციები გადაეცა. საქართველოს არქეოლოგიის სამსახურში ძირითადად მუზეუმის ერთი, – წინაისტორიული არქეოლოგიის განყოფილება იდგა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1925 წლიდან გიორგი ნიორაძე სათავეში ჩაუდგა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მიერ წარ­მოებულ არქეოლოგიურ კვლევა­ძიებას. განსაკუთრებით აღსანი­შნავია მისი დამსახურება საქართველოს ქვის ხანის ძეგლების შესწავლის საქმეში. ამ არქეოლოგიური კვლევის შედეგად, საბო­ლოოდ, მეცნიერულად დასაბუთდა, რომ ბრინჯაოს ხანის წინ საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანის ადამიანი ცხოვრობდა. ამ დრომდე კი გავრცელებული იყო აზრი, თითქოს პალეოლითური ხანის ადამიანს არ უცხოვრია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაშიც. 1926­-31 წლებში მიმდინარეობდა ქვის ხანის ადამიანის სადგომის დევისხვრელის (ხარაგაულის რ­ნში) გათხრები. მოპოვებული არქე­ოლოგიური მასალების საფუძველზე გ.ნიორაძემ გამოაქვეყნა მონოგრაფია, რომელიც პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო საქართველოს პალეოლითის შესახებ. შემდეგ დევისხვრელის არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე საქართველოს სახ.მუზეუმში გამოქვაბულის მაკეტი დამზადდა, რომლითაც საზოგადოებას მიეცა საშუალება ქვის ხანის ადამიანის ცხოვრებას გაცნო­ბოდა. დევისხვრელის გათხრებს მოჰყვა ქვის ხანის სხვა არქეოლოგი­ური ძეგლების შესწავლა. კერძოდ, 1936 წელს გაითხარა საკაჟიას გამოქვაბული (თერჯოლის რ­ნი). 1934­-1936 წლებში ითხრებოდა მღვიმევის გამოქვაბული (ჭიათურის რ-­ნი), ხოლო აფხაზეთში ქალაქ სოხუმის მახლობლად გაითხარა იახშთხვას ქვის ხანის უძველესი სადგომი. 1936 წელი საქართველოს არქეოლოგიური მეცნიერების განვი­თარებისათვის ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ წელს კავკასი­ის-მცოდნეობის ინსტიტუტის (ნ.მარის მიერ დაარსებული ყოფილი კავკასიის ისტორიულ­-არქეოლოგიური ინსტიტუტი) ბაზაზე ჩამოყალიბდა ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერი­ალური კულტურის ინსტიტუტი (შემოკლებით ”ენიმკი”), რომელიც ძირითად ქართველოლოგიურ ცენტრად იქცა. ინსტიტუტში სხვა ქართველოლოგიურ დარგებთან ერთად გაიხსნა საქართველოს არქეოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყო­ფილება, რომელსაც 1938 წელს ცალკე გამოეყო არქეოლოგიის განყოფილება. ამ განყოფილებას შეუერთდა განათლების სამინის­ტროს არქეოლოგიის ინსტიტუტიც. ”ენიმკის” ინსტიტუტის არქე­ოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად იმთავითვე დაინიშნა გ.ნიორაძე. აქედან მოკიდებული ეს განყოფილება საქართველოში არქეოლოგიური კვლევის ძირითად კერად იქცა. განყოფილებაში შეიქმნა სათანადო სამეცნიერო–მატერიალური ბაზა, რომელიც აუცილებელი იყო გეგმაზომიერი საველე არქეოლოგიური სამ­უშაოების ჩასატარებლად. “ენიმკი”­ს არქეოლოგიის განყოფილების გარდა მნიშვნელო­ვანი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმში. ეს მუზეუმი ძირითადად შუა საუკუნეების, კერ­ძოდ, რუსთაველის ეპოქის ამსახველი გამოფენის მოსაწყობად იყო დაარსებული. ამ მუზეუმმა 1936­-1939 წლებში გათხრები აწარმოვა დმანისში, გუდარეხში, ბოლნისში, გეგუთში და სხვ. აქედან განსა­კუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა ბოლნისში აღმოჩენილი ქვაზე ამოკვეთილი 493 წ. ასომთავრული წარწერა, რომელიც ერთ­-ერთ უძველეს ქართულ დათარიღებულ წარწერად ითვლება. ივანე ჯავახიშვილმა, ისევე როგორც სხვა ქართველოლო­გიურ დარგებს, ქართულ არქეოლოგიასაც დასდო ამაგი. მან იმთავითვე მიუთითა, რომ `არქეოლოგია ისტორიის უძველესი ხანისათვის მთავარ საგნად უნდა ჩაითვალოს”, ”არქეოლოგია, ვითარცა თავისი საკუთარი მეთოდის მქონე მეცნიერების დარგი, სათანადო სპეციალისთა კვლევა­ძიების სარბიელს შეადგენს და ჩვეულებრივ ისტორიკოსი მისი მონაპოვრით სარგებლობს ხოლმე თავისი მიზნებისათვის”. ივ.ჯავახიშვილს საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდის შესასწავლად არქეოლოგიური მონაცემების გამოყენება აუცილე­ბლად მიაჩნდა. ჯერ კიდევ ”ქართველი ერის ისტორიის” პირველ გამოცემაში გამოყენებულია არქეოლოგიური მასალა, ხოლო ამავე წიგნის 1928 წლის გამოცემას წინ უძღვის სპეციალური ნაწილი - ”კავკასიისა და ქართველების ნივთიერი კულტურა”, რომელშიც, მაშინდელი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, განხილულია კავკასიის ბრინჯაოს და რკინის ეპოქების მატერიალური კულ­ტურა. აქვე მოცემულია არქეოლოგიური მასალის ფოტოები და გრაფიკული ჩანახატები. გათხრით საველე არქეოლოგიურ სამუშაოებში ივ.ჯავახიშვილი 1930 წლიდან მონაწილეობს, როცა იგი ნოქალაქევ-­არქეოპოლისის არქეოლოგიური შესწავლის ერთ­ერთ ხელმძღვანელად ინიშნება. სამწუხაროდ, ნოქალაქევის გათხრები მხოლოდ ორიოდე თვე მიმ­დინარეობდა და მერე შეწყდა. 1936 წლიდან კი ივ.ჯავახიშვილი უფრო აქტიურად ებმება საველე არქეოლოგიურ კვლევა­ძიებაში. იგი საერთო ხელმძღვანელობას უწევს დმანისის, გუდარეხის, გეგუთის და ბოლნისის არქეოლოგიურ გათხრებს. ივ. ჯავახიშ­ვილმა პირველმა შეიმუშავა საქართველოში შუა საუკუნეების არქე­ოლოგიური ძეგლების შესწავლის მეცნიერულად დასაბუთებული გეგმა. მასში საქართველოს ძველი კულტურის შესწავლის ერთ­ - ერთ საყურადღებო ამოცანად ძველი ნაქალაქარების შესწავლაა მიჩნეული. კერძოდ, გეგმარების, საშენი მასალის და სხვადასხვა დანიშნულების ნივთების კვლევა. ამავე დროს იგი ყურადღებას ამახვილებს წყალსადენებისა და სარწყავი არხების შესწავლაზეც, რისი კვლევაც მაშინ სრულიად ახალი საქმე იყო. 1937 წელს ივ.ჯავახიშვილი კრებულ ”ენიმკის მოამბეში” ბეჭ­დავს სპეციალურ წერილს, რომელიც სხვა ქართველოლოგიურ დარგებთან ერთად, საპროგრამოა საქართველოს არქეოლოგი­ისათვისაც - ”ჩვენი ამოცანები ენათმეცნიერებისა და კულ­ტურის ისტორიის სფეროში”, სადაც აღნიშნავს: ...”აუცილე­ბლად საჭიროა, რომ ამიერიდან არქეოლოგიური კვლევა­ძიება გარკვეული გეგმისდა მიხედვით, ისტორიული სააღებმიცემო გზე­ბის მიმართულებით და გზათა შესაყარების გათვალისწინებით, ძველი ყველა ისტორიული ცნობების ცოდნითა და კულტურის ისტორიის მთავარი ამოცანების გადასაჭრელად ყველა მასალი­სადმი ჯეროვანი ყურადღების მიპყრობით წარმოებდეს”. ივ.ჯავახიშვილის მიერ მოცემული ძირითადი მიმართულების მიხედვით მცხეთაში 1937 წელს არქეოლოგიური გათხრები დაი­წყო. აქ ”ენიმკი”-ს ინსტიტუტიდან გაიგზავნა არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელმაც არმაზისხევის შესართავთან, მდ.მტკვრის მარჯვენა მხარეს აღმოაჩინა ძველი აბანოს ნაშთები. ამ აღმო­ჩენის გარდა მცხეთაში ყურადღება მიიქცია სამთავროს ველის ცნობილმა სამაროვანმა. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ველის დასახლება განეზრახა, რაც ძველი საქართველოს ისტორიისათ­ვის პირველხარისხოვან არქეოლოგიურ ძეგლს განადგურებას უქადდა. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ მიიქცია არქეოლოგთა ყურა­დღება და დააჩქარა გეგმაზომიერი გათხრების დაწყება მცხეთაში. სამთავროს ველის დაზიანებული სამაროვნის საკითხი განიხილეს "ენიმკის" სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე და მისი არქეოლოგიური შესწავლა გადაწყდა. ამის საფუძველზე შეიქმნა და 1938 წლის 27 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ”მცხეთა­სამთავროს არქეოლოგი­ური ექსპედიცია”, თოთხმეტი კაცის შემადგენლობით. არქეოლო­გიური ექსპედიციის ხელმძღვანელად დაინიშნა ივ.ჯავახიშვილი. იგი ჩვეული პასუხისმგებლობით და ენერგიით შეუდგა საექსპედი­ციო საქმიანობას. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ყველა მეცნიერ­თანამშრომლის შრომის შედეგია, დღეს, საყოველთაოდ ცნობილი, უდიდესი მეცნიერული მნიშვნელობის აღმოჩენები. ესენია ნაგე­ბობები, სამარხები და სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, რომ­ლებიც საქალაქო ცხოვრების მაღალ დონეზე მიგვანიშნებს იმ ეპოქის საქართველოში. მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესიული საველე არქეოლოგიური დაოსტატების სკოლად იქცა. აქ არქეოლოგიურ და საველე­ - საექსპედიციო საქმიანობაში მრავალი ქართველი არქეოლოგი გამოიწრთო. მცხეთის არქეოლო­გიური ექსპედიციის სამეცნიერო მუშაობის იმ დროინდელი ეტაპის შეჯამება იყო 1955 წელს გამოცემული მონოგრაფიული ნაშრომი - მცხეთა I (არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები). 1936­-40 წლებში ხრამჰესის წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით წალკის რაიონში, თრიალეთში მდიდრული ყორ­ღანები გაითხარა. აქ ბრინჯაოს ხანის შესანიშნავი ძეგლების მთელი წყება აღმოჩნდა, რომელიც ”თრიალეთული კულტურის” სახელით არის დღეს ცნობილი. თრიალეთის და საერთოდ საქართველოს არქეოლოგიური მასალის შესწავლის საფუძველზე არქეოლოგმა ბ.კუფტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველთა კულ­ტურის უძველესი ფესვები ადგილობრივ­ ავტოქტონურია. 1941 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა არქეოლოგიური გამოფენა - ”თრიალეთი და მცხეთა - უძვე­ლესი ქართული კულტურის კერები”. ეს მცხეთის და თრიალეთის ბრწყინვალე არქეოლოგიური მასალის პირველი საყოველთაო­ საზოგადოებრივი ჩვენება იყო. მოწყობილი გამოფენა ქართული არქეოლოგიის ერთ­ერთი მესვეურის სიმონ ჯანაშიას ენერგიული ორგანიზაციული ძალისხმევის შედეგი იყო. ივ.ჯავახიშვილის გარდაცვალების შემდეგ ს. ჯანაშიაზე გადავიდა საქართველოში არქეოლოგიური სამუშაოების საერთო ორგანიზაციული ხელმძღვანელობა. შემდეგ კი, ეს საქმე ნ.ბერძენიშვილმა იტვირთა. ჯერ კიდევ ”ენიმკის” ინსტიტუტის შექმნისას არქეოლოგიის განყო­ფილებას დაუსახეს არქეოლოგიური კვლევის სამეცნიერო-­საორ­განიზაციო გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდგომში სამუშაოები საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარდა. საქართველოს ტერიტორიაზე გეგმაზომიერმა არქეოლოგი­ურმა კვლევამ განსაკუთრებით ფართო მასშტაბი გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მიიღო. ამ დროისათვის გათხრები ჩატარდა გრემში, რუსთავში, დმანისში, ხოვლეში, ბაკურციხეში, უჯარმაში, ნადარბაზევში, თბილისში, საგარეჯოში, თეთრწყ­აროში, ბოლნისში, გუდარეხში, სამშვილდეში, ურბნისში, ვაშნარში, ეშერაში, ტყვიავში, გელათში, სკანდაში, შორაპანში, კლდეეთში, იაშთხვაში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, ოდიშში, თეთრამიწაში, საკაოში, საჩხერეში, ბრილში, ანაკლიაში, დაბლაგომში, ქობულეთ­ ფიჭვნარში, ურეკში, ყულევში, ბიჭვინთაში, გეგუთში, სოხუმში და სხვ. ჩამოთვლილი არქეოლოგიური ძეგლებიდან მომდინარე მასალის განზოგადების საფუძველზე 1959 წელს საქართველოს არქე­ოლოგიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო გამოიცა. 1941 წელს ენის, ისტორიისა და მატერიელური კულტურის ინსტიტუტიდან ცალკე გამოყვეს ისტორიის ინსტიტუტი, რომელიც 1943 წლიდან ივ.ჯავახიშვილის სახელს ატარებს. შესაბამისად, ”ენიმკი”-­ში მომუშავე არქეოლოგები ჩაირიცხნენ ისტორიის ინსტიტუტში, რომელსაც 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერე­ბათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი ეწოდა. ისტორიის ინსტიტუტს `ენიმკისაგან” გამოყოფისას არქეოლოგიის მხოლოდ ერთი განყო­ფილება ჰქონდა. ამ განყოფილების ბაზაზე ინსტიტუტში შემდგომ არქეოლოგიის სექტორი შეიქმნა, რომელშიაც უკვე რამდენიმე არქეოლოგიური განყოფილება გაერთიანდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფართოდ გაშლილ ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით გაიზარდა მოთხოვნილება სასწრაფო გადაუდებელ არქეოლოგიურ სამუშაოებზე. ამიტომ 1977 წელს პროფ.ოთარ ლორთქიფანიძის ძალისხმევით ისტო­რიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან ჩამოყალი­ბდა - არქეოლოგიური კვლევის ცენტრი (შემოკლებით - აკც). არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ძირითადი სამეცნიერო უჯრე­დები იყო: პალეოლითის, ბრინჯაო­ადრერკინის, ანტიკური ხანის იბერია-­კოლხეთის, შუა საუკუნეების, ინტერდისციპლინარული კვლევის დანაყოფები. ხსენებული სტრუქტურული დანაყოფების საშუალებით არქეოლოგიურ კვლევის ცენტრში მუშავდებოდა საქართველოს არქეოლოგიის კარდინალური პრობლემები. კერძოდ, საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლთა სტატისტიკურ­ტიპოლოგი­ური დახასიათება­კლასიფიკაცია; ადამიანის თავდაპირველი გან­სახლება საქართველოს ტერიტორიაზე; მწარმოებლური ეკონომი­კის ჩასახვა­განვითარება; ქართველთა ეთნოგენეზი; ბრინჯაოს და რკინის მეტალურგია; პოლიტოგენეზი საქართველოს ტერიტორიაზე (იბერია, კოლხეთის სამეფოები); პალეოურბანისტიკა; არქეოლო­გიური კულტურა და სოციალურ­ეკონომიკური სტრუქტურები; ძველი კულტერების ურთიერთობები გარე სამყაროსთან; საომარი იარაღი; ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა; სამონეტო მიმოქცევა; შუა საუკუნეების ქალაქები და სხვ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრში მიმდინარეობდა ცალკეული არქეოლოგიური არტეფაქტების კომპლექსური შესწავლა და საძიებო სისტემების შექმნა. ინტერ­დისციპლინარული კვლევის ლაბორატორიაში ხორციელდება რენდგენულ­სპექტრული, ქიმი­ური, მეტალოგრაფიული, არქეომაგნიტური, პალეობოტანიკური, პალეოზოოლოგიური, პალეოდენდროლოგიური და სხვა ანალი­ზები; ხდება არქეოლოგიური ნივთების კონსერვაცია. ცენტრში მიმდინარეობდა აეროფოტოგადაღებების არქეოლოგიური დეში­ფრირება. 1985 წლიდან ტარდება წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევები საქართველოს შავიზღვისპირეთსა და ტბა პალიასტო­მში. ჰიდროარქეოლოგიურად შესწავლილია ბიჭვინთის, სოხუმის, ანაკლიის, ფოთის, ციხისძირის შელფები. არქეოლოგიური კვლევის ცენტრი სადღეისოდ იწოდება –საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი. ის ამჟამად არქეოლოგიური კვლევა­ძიე­ბის მთავარ დაწესებულებას წარმოადგენს საქართველოში. მისი მეცნიერ­-თანამშრომლები არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ საქართველოს ყველა კუთხეში. ამ გათხრების მოკლე ანგარიშები ყოველწლიურად იბეჭდება კრებულში `საველე არქეოლოგიური კვლევა­ძიება”. ამჟამად მიმდინარე არქეოლოგიური კვლევა­ძიების შედეგად შესწავლილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხე. თანამედროვე ქართული არქეოლოგიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამხრეთ­აღმოსავლეთ ნაწილში, დმა­ნისის ნაქალაქარის ქვედა ფენებში ჰომინიდების თავის ქალების აღმოჩენა. მათი ასაკი 1,8 მილიონი წლითაა განსაზღვრული. აქვე, თავის ქალებთან დადასტურდა ქვის პრიმიტიული იარაღები და მრავალფეროვანი პალეოფაუნისტური და პალეობოტანიკური მასალა. დმანისში არქეოლოგიურად შესწავლილი უძველესი ადა­მიანების ნაშთები ჰომოერექტუსის ტიპს მიეკუთვნება და ტრან­სკავკასია წარმოადგენს ჰომინიდების ევროპაში გავრცელების ერთ­ერთ უძველეს კერას. სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიკვლეულია 350­ზე მეტი პალეოლითური პერიოდის სადგომი. მათ შორის მნიშვნელო­ვანი სტრატიფიცირებული სადგომებია – კუდარო I, კუდაროII, წონა, წოფი, ჯრუჭულა, ორთვალა, აფიანჩა, საკაჟია, ეძანი, ქვაჭარა, დარკვეთი, საგვარჯილე, თეთრი მღვიმე და სხვ. რომ­ლებიც შავიზღვისპირეთში, რიონ­ყვირილას ხეობაში, ჯავახეთის პლატოზე, ქვემო ქართლში მდებარეობენ. ამ ძეგლებზე გამოვ­ლენილმა ქვისა და ოსტეოლოგიურმა მონაცემებმა საინტერესო მასალა მოგვცა პალეოლითის ეპოქის ადამიანის ცხოვრების შეს­ახებ. ამ მასალაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართ­ველოს ტერიტორიაზე პალეოლითის პერიოდის უძველესი საფეხ­ურიდან დაწყებული ადრე სამიწათმოქმედო კულტურის ჩათვლით ადამიანის ცხოვრების უწყვეტი სურათი დასტურდება. საქართველოს ზედაპალეოლითურ არქეოლოგიურ ძეგლებში გარკვეუ­ლად შეიმჩნევა მსგავსება მესოპოტამიისა და სირია­პალესტინის სინქრონულ ძეგლებთან. ნეოლითის ანუ ახალი ქვის ხანის არქეოლოგიური ძეგლები სადღეისო კვლევა­ძიების შედეგად მრავლადაა აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, ანასეული, პალური, დარკ­ვეთი, ხორში, ჩხორთოლი და სხვ. ამ ძეგლების სულ გვიანდელ ეტაპს ძვ.წ. VI ათასწლეულით ათარიღებენ. ამ ეტაპის სამოსახ­ლოებზე უკვე გვხვდება სასოფლო­სამეურნეო იარაღები – ნამგ­ლის ჩასართები, სასრეს­საფქვავები და სხვ. ეს არტეფაქტები კი მიანიშნებენ იმაზე, რომ იმდროინდელი მცხოვრებლები უკვე მიწათმოქმედება - ­მესაქონლეობაზე გადავიდნენ. ეს კი საზოგა­დოებაში მიმდინარე კარდინალურ ძვრებზე მიგვანიშნებს. ამ პრო­ცესის ბოლო ფაზა გამოკვეთილად ჩანს ძვ.წ. IV ათასწლეულის საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებზე. ქვემო ქართლის ძვ.წ. V­IV ათასწლეულის სამოსახლოთა არქე­ოლოგიური კვლევის საფუძველზე აღმოჩნდა უძველესი ადგი­ლობრივი სამიწათმოქმედო საზოგადოება, რომელთა ცხოვრების ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენდა მარტივ მორწყვაზე დამ­ყარებული მიწათოქმედება და მასთან ერთად მეცხოველეობაც. ეს არქეოლოგიური ძეგლებია – არუხლო I ­ IV, შულავერის გორა, იმი­რის გორა, ხრამის დიდი გორა და სხვ. მათი გათხრებისას აღმოჩნდა ალიზით აშენებული ნაგებობანი, სამეურნეო სათავსები, მრავალ­ფეროვანი კერამიკა, ქვისა და ძვლის იარაღები (ძირითადად სამი­წათმოქმედო დანიშნულების). აქვე დადასტურდა მრავალფერო­ვანი პალეობოტანიკური მასალა – ხორბალი, ღომი, ქერი. ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ახალი ეტაპი ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში. ეს ეტაპი საქართველოს სამეცნიერო ლიტერატურაში ”მტკვარ­არაქსის კულტურის~ სახელით იხსენიება. ეს არქეოლოგიური კულტურა ვრცელდება ტრანსკავკასიაში, ჩრდილო­აღმოსავლეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ანატოლიაში, ჩრდილოეთ ირანში და საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. საქართველოში ამ კულტურის კლასიკურ ძეგლებად მიჩნეულია – საჩხერის ყორღანები, ქვაცხელები, ხიზა­ნაანთ გორა, ამირანის გორა, ილტო, სამშვილდე, კოდა, ჟინვალის ნამოსახლარი, ღმახევისთავი, დიღომი და ა.შ. "მტკვარ­-არაქსული კულტურა" თანამედროვე სამცნიერო გამოკვლევებით განვითარე­ბული მიწათმოქმედ­მესაქონლეთა საზოგადოების კულტურადაა მიჩნეული. მასში უკვე ძვ.წ. III ათასწლეულის პირველი ნახევარი­დან აღინიშნება მეტალურგიის გამოყოფა ცალკე დარგად. წარმატებით მიმდინარეობს საქართველოში ძვ.წ. III ათასწლეუ­ლის დასასრულის და II ათასწლეულის პირველი ნახევრის ანუ შუა ბრინჯაოს პერიოდის არქეოლოგიური შესწავლა, რასაც საფუძველი დაედო თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანული კულტურის აღმო­ჩენით. ასეთივე არქეოლოგიური მონაცემები დადასტურდა დმა­ნისის რ­ნში გომარეთის პლატოზეც. გასული საუკუნის 70-­80­იან წლებში ამ კულტურის ახალი კერები დადასტურდა – მცხეთაში, კახეთში და სხვ. აქ არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა – ხის ძელებით ნაგები სამარხი ნაგებობები, მდიდრული არტეფაქტები: დასაკრძალავი ეტლები, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, ბრინ­ჯაოს იარაღი, შავად ნაპრიალები კერამიკა.  უახლესი გამოკვლევებით ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახ­ევარი საქართველოს ტერიტორიაზე აღინიშნება საწარმოო ძალების, პირველ რიგში, ბრინჯაოს მეტალურგიის დაჩქარებული განვითარებით, მიწათმოქმედების კიდევ უფრო აღმავლობით და პროტოურბანისტული ცივილიზაციის წანამძღვრების გამოჩენით. ამ ტიპის ძეგლების კვლევა სათავეს იღებს მცხეთის სამთავროს გათხრებიდან. საქართველოს ტერიტორიაზე მრავლადაა აღმოჩენილი გვიან­ ბრინჯაო-­ადრერკინის პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები – სამოსახლოები, სამაროვნები, სამლოცველოები, მეტალურგიული და კერამიკული წარმოების ნაშთები. ამ პერიოდის ძეგლები აღნუსხული და ნაწილობრივ გათხრილ­გამოკვლეულია: შიდა ქართლში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ივრისა და არაგვის ხეობებში, ქვემო ქართლში, მესხეთ­ჯავახეთში, კახ­ეთში, კოლხეთში, სვანეთში, რაჭაში და ა.შ. გვიან-ბრინჯაო-­ადრერკინის პერიოდის მსხვილი დასახლება, რომელიც პროტოქალაქური ტიპის დასახლებას ჰგავს, აღმოჩე­ნილია თბილისთან, დიღომში – ”თრელი გორები”. მისი არქეოლო­გიური გათხრები დღესაც მიმდინარეობს. ქართველმა არქეოლოგებმა გარკვეულწილად წარმატებას მიაღ­წიეს რკინის მეტალურგიის შესწავლისას, საქართველოს ტერიტო­რიაზე რკინის წარმოების დაწყება არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე ძვ.წ. XIV ს­დან ჩანს, ხოლო მისი ფართოდ ათვისება ძვ.წ. VIII ს­დან ივარაუდება. საქართვეოლს ტერიტორიაზე ამ პერი­ოდის რკინის წარმოების ასეულობით ფაქტია გამოვლენილი, რკი­ნის გამოსადნობი ქურის, წიდების და მადნეულის სახით. ეს არტე­ფაქტები არქეოლოგიურად აღმოჩენილია – პალურში, ნიგვზიანში, ურეკში, მერხეულში, ბრილში და სხვ. ძვ.წ. VIII­-VII სს. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურად შესწავლილ ძეგლებზე დადას­ტურებულია რკინის სასოფლო­სამეურნე და საომარი იარაღების საოცარი სიმრავლე. კლასიკურ ეპოქაში ძველი საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური ჰეგემონობა კოლხეთისა და იბერიის (ქართლის) სამეფოებმა მოიპოვეს (ორივე ეს სამეფო ბერძნულ­-რომაული  და ქართული წერილობითი წყაროებით კარგად არის ცნობილი), რომელთა ადგილსა და საფუძველზე წარმოიქმნა ერთიანი სახელმ­წიფო – საქართველო. სწორედ კლასიკური ეპოქის ამ სამეფოთა შესწავლის საქმეში ქართველმა არქეოლოგებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს. დღესდღეობით არქეოლოგიურად შესწავლილია ქართულ და ბერ­ძნულ წყაროებში არაერთგზის დაფიქსირებული ნაქალაქარები, კერძოდ: მცხეთა­არმაზციხე, ნასტაკისი, უფლისციხე, ძალისი, სარკინე, შორაპანი, ბიჭვინთა, აფსაროსი და სხვ. ამავე პერი­ოდის ძეგლებია – სამადლო, ციხიაგორა, ვანი, ეშერი, ქობულეთი­, ფიჭვნარი, საირხე, საქორქიო, სოხუმი­დიოსკურია, ოჩამჩირე და სხვ. ამ არქეოლოგიური ძეგლების უმეტესობას ურბანიზაცი­ისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ. კერძოდ, თავდაცვითი კედლები, აკროპოლისი, კრამიტით გადახურული და თლილი ქვითნაგები საზოგადოებრივი და საკულტო შენობები, აბანოები. ქართველი არქეოლოგების მრავალწლიანი ძალისხმევით ბერ­ძნულ-­რომაული წერილობითი წყაროების კოლხეთი გამოჩნდა როგორც რეალური ქვეყანა თავისი სახელმწიფოებრიობით, განვი­თარებული მიწათმოქმედებით, ქალაქებით, მრავალმხრივი ხელოს­ნური წარმოებით, საომარი იარაღებით, თავისებური კერამიკით, ტორევტიკით, ოქრომჭედლობით, მონეტებით, არქიტექტურით და სხვ. ზემოთ ნახსენები არქეოლოგიური ძეგლებიდან მომდინარე არტეფაქტები ძირითად წყაროდ იქცა საქართველოს ისტორიის ისეთი პირველხარისხოვანი სამეცნიერო საკითხების შესწავლი­სას, როგორიცაა არქაულ­კლასიკური პერიოდის საქართველოს საზოგადოების სტრატიფიკაცია, სამოსახლოების და ქალაქების ტოპოლოგიურ-­ფუნქციური კლასიფიკაცია, სავაჭრო-­ეკონო­მიკური და კულტურული ურთიერთობები გარესამყაროსთან, ხელოსნური წარმოება, მიწათმოქმედება, ფულადი მიმოქცევა, იდეოლოგია, ხელოვნების ნიმუშების კვლევა, არქიტექტურა და სხვ. საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები სხვა პერიოდის ძეგლებთან შედარებით უფრო მრავალია. ქართველმა არქეოლოგებმა შეისწავლეს შუა საუკუნეების ნაქალაქარები, ნასოფლარები, ციხესიმაგრეები, წარმოების ნაშთები, საკულტო ხუროთმოძღვრება, სარწყავი და სანიტარული სისტემები. მიმდინ­არეობს კონკრეტული არტეფაქტების კვლევა – კერამიკა, ლითონი, მინა, სამკაული, იარაღი, ნუმიზმატიკური მასალა და სხვ. გასული საუკუნის 60­-70 ­იან წლებიდან მოყოლებული ფართო საველე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს შუა საუკუნეე­ბის არქეოლოგიურ ძეგლებზე: თბილისში, რუსთავში, უჯარმაში, ვარდციხეში, ჟინვალში, სოფ.კაზრეთში, სოფ.მთისძირში (ვანის რ-­ნ), ბალიჭში, დმანისში, ახალქალაქში (ჯავახეთის რ-­ნ), გავაზში, თელავში, ფოთში (პალიასტომის ტბასთან) და სხვ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის და ამჟამად ოთ.ლორთქი­ფანიძის არქეოლოგიის ცენტრის წინამორბედი დაწესებულებების არქეოლოგთა ნაშრომები ქვეყნდებოდა ჯერ ”ენიმკის მოამბეში”, მერე ”ისტორიის ინსტიტუტის შრომებში” და კრებულ ”მიმომხ­ილველში”, ხოლო 1955 წლიდან ქართველ არქეოლოგებს უკვე ცალკე სისტემატური კრებული აქვთ - ”მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის". შემდგომ წლებში დაარსდა და სერიულად გამოიცა სხვა არქეოლოგიური კრებულებიც: "საქარ­თველოს არქეოლოგიის საკითხები", ”ვანი”, ”დიდი პიტიუნტი”, ”მცხეთა”, "თბილისი", "კავთისხევის არქეოლოგიური ძეგლები", "ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები", "არქეოლოგიური კვლევა-­ძიება საქართველოს ახალმშენებლობებზე", "კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები", "ჟინვალის ექსპედიციის შრომები", "ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში", "იბერია­ კოლხეთი" (კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის კვლევები), "კავკასიის არქეოლოგია"(რუსულ ენაზე), "ქართული არქე­ოლოგიის ჟურნალი" (ინგლისურ ენაზე) და სხვ. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგი­ური მასალების საცავი დღევანდელი საქართველოს ეროვნული მუზეუმია, რომელიც ქვეყნის უძველესი სამეცნიერო­საგან­ მანათლებლო ცენტრია. აქვეა სპეციალური სარესტავრაციო განყოფილება, სადაც არქეოლოგიური მასალის რესტავრაცია­ კონსერვაცია მიმდინარეობს. მუზეუმი ხელს უწყობს ახალ აღმო­ჩენილ არქეოლოგიურ ძეგლთა დაცვას და პოპულარიზაციას. არქეოლოგიურ კვლევას ახორციელებენ აგრეთვე რეგიონული ინსტიტუტები. ასეთებია დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის და ისტორიის, ქ.ცხინვალის სამეცნიერო­-კვლევითი, ქ.ბათუმის სამეცნიერო-­კვლევითი ინსტიტუტები. ამ დაწესებულებებში საგანგებო არქეოლოგიური უჯრედებია შექმნილი. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების ერთიან ზედამხედველობა­კოორდინაციას საქართ­ველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული არქეოლოგიური კომისია ახდენს, რომელიც ქვეყნის სახელით იძლევა გათხრების ნებართვას. ნებართვის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები აკრძალულია და ისჯება კანონით (იხ."საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შეს­ახებ" და `საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი" მუხლი 257). საქართველოს არქეოლოგთა ყველა თაობის წვლილი და დამ­სახურებაა თანამედროვე ქართველოლოგიის ერთ­-ერთი უმნიშ­ვნელოვანესი დარგის - ქართული არქეოლოგიის - საყოველ­თაოდ ცნობილი წარმატებები. არქეოლოგიური კვლევის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებულია ადამიანის გან­ვითარებისა და ცხოვრების ამსახველი ყველა საფეხურის ძეგლები ქვის ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით. ამ წარ­მატებების უტყუარი მოწმობაა რამდენიმე ათასი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია, რომლებიც ქართველმა არქეოლოგებმა გამოაქვეყნეს.

დასაწყისი (ნაწილი I)