topmenu

 

ზ.კიკნაძე - ჯვარი და საყმო (ნაწილი 9)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<სტატიები მითოლოგიაზე>>>

ზურაბ კიკნაძე

ქართული მითოლოგია

I

ჯვარი და საყმო

ქუთაისი

1996

შეწირულნი

ის ეპოქა აღბეჭდილი იყო მტრის ნიშნით, ამას კი, რომელზედაც ახლა იქნება საუბარი, პატრონის ბეჭედი ადევს; პატრონისა, რომლისთვისაც თავს სწირავს გადარჩენილი საყმო. ეს ეპოქები საყმოს შეგნებაში არ ემიჯნებიან ერთმანეთს ქრონოლოგიური ნიშნით; ისინი, შესაძლებელია, ერთდროულად არსებობენ ანდრეზულ წარსულში. ჩვენ განვიხილავთ მათ დროულ მონაკვეთებად, რაკი ვიცით, რომ ერეკლეს ხანა მოსდევს ზურაბ ერისთავის ხანას; მაგრამ საყმოსათვის ეს ეპოქები, ერთმანეთში შეღწევადნი, უფრო მოდალური მდგომარეობებია საყმოსი, რომელთაც ქმნის დევურისა და ღვთაებრივის (თ.ჩხენკელი) ურთიერთმონაცვლეობა საყმოს თავგადასავალში. როცა ღვთაებრივი, ჯვარის სახით წარმოდგენილი, უკან იხევს, მაშინ წამოიწევა "მას ჟამსა შინა" დათრგუნული დევური ძალა. ზურაბ ერისთავი მაშინ აღზევდება, როცა ბაგრატიონის ხელისუფლება დაუძლურებულია. ჯვარი - ბატონი უკან იხევს და სტოვებს საყმოს ბედის ან მისი ადამიანური დავლათის ანაბარა. ზურაბ ერისთავი იმავე ბატონის ყმაა, ვისაც ფშავ-ხევსურნი არიან შევედრებულ-შეხვეწილნი. ის არის ყმა ბაგრატიონ მეფისა, რომელიც თავის თავს თვლის (რასაც საყმოც ადასტურებს) გუდანის საღვთოსა და ლაშარის ჯვარის მოძმედ, რომელსაც კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში მეფე თეიმურაზი წარმოადგენს. ზურაბ ერისთავი სხვა არავინაა, თუ არა გაბუდაყებული ყმა, რომელიც ცდილობს თავისი ბატონის ადგილის დაჭერას, რაც მხოლოდ მისი დაუძლურების შემთხვევაშია შესაძლებელი: დალივნა ბაგრატიონნი, თავად ბატონად ზისაო (88, N54). ეს სიტყვები სხვა ისტორიულ ვითარებაზეა ნათქვამი, მაგრამ ისინი კარგად მიესადაგება გაბუდაყებული ყმის სულისკვეთებას და საბოლოო სურვილს. ზურაბ ერისთავის ბატონი (ყოფაცხოვრებაში მისი სიმამრი) თეიმურაზ მეფე ამგვარად არის შექებული ერთ ხევსურულ პოეტურ ფრაგმენტში, რომელიც ზუსტად გამოხატავს საყმოს შეგნებაში არსებულ წარმოდგენას თავის ხორციელ ბატონზე:

აიმ ადგილის ჭირიმე, სად თეიმურაზი ბზანდება:

დაიცემს წითლის კარავსა, ზედ ოქროს სვეტი დადგება (98, N34).

ეს "ოქროს სვეტი" არის გამოძახილი იმ "ნათლის სვეტისა", რომელიც ღვთისშვილთა ჯვარ ენის ერთ - ერთი სახეა. თეიმურაზს, როგორც ბაგრატიონ მეფეს და ღვთისშვილის მოძმეს, თან ახლავს ღვთისშვილთა ანუ ჯვართა, "ცით სვეტად ამოსულთა", ატრიბუტები. წითელიც ხომ ღვთისშვილთა განსაკუთრებული ნიშანია:

სანება ხკაზმებს ზერდაგსა, სამწყარსა, სამის წლისასა,

დაახვევს მასართავებსა წითელის ატლასისასა". (6, 97).

"წითელი ატლასი" ჯვარის უპირველესი სიწმიდის - დროშის მასალად გვევლინება ერთ ხმით ნატირალში:

დროშათ ქვე ვინაღ აგვიბემდაო,

მალას წითლითა ატლასითაო. (79, N157).

ცხადია, ატლასის წითელი არ არის უბრალო, ბუნებრივი ფერი, რომელიც ჩვეულებრივ საგნებს მოსავს; ის საკრალური ფერია, როგორც ძოწეული. თეიმურაზი, ზურაბ ერისთავის ბატონი (და მერე სიმამრი მისი), ერთი წარმომადგენელია იმ მოდგმისა, რომლის ძირს ბაგრატიონთა დინასტიური ლეგენდა ისრაელის მეფეში - დავითში ხედავს. ამ მოდგმაში იშვა ქრისტე, ასე რომ ბაგრატიონები თავად მაცხოვრის ნათესავები არიან. ამ ლეგენდას, რომელიც წერილობით არის დადასტურებული ქართულ საისტორიო წყაროში (70, 371-2), ეხმაურება ერთი ხევსურული ეპიზოდური ანდრეზი მეფე ერეკლეზე, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში სულის ძალით ზეატაცებული ლოყით ეხუტება გუმბათზე გამოსახულ ქრისტე - პანტოკრატორის ლოყას (38, N25401)*ლოცვის დროს ლევიტაციის უნარს მიაწერენ ქრისტიანობის ისტორიაში წმ.ეკატერინეს, წმ.თომა აქვინელს და სხვ., ხოლო ქართულ ანდრეზებში - თამარ დედოფალს, ვიდრე ის ქალწულობას ინახავდა..

საისტორიო წყარომ შემოინახა ხალხური წარმოშობის გადმოცემა, რომლის თანახმად პირველი ბაგრატიონი გუარამი, "ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა", ირმის ძუძუნაწოვარია, მსგავსად შუმერის ლეგენდარული მეფეებისა, რომლებიც ღვთაებრივმა ფურებმა გამოზარდეს თავიანთი "მადლიანი რძით" წმიდა ბოსლებში თუ მთებში. ვახუშტის "აღწერაში" ეს ლეგენდა ამგვარად არის გადმოცემული: "ვგონებ, ვითარცა სიტყვა არს ივერიელთა შინა, რამეთუ ირემმან განზარდაო ბაგრატიონი; იყო ესე გუარამ რაჟამს მოუკლეს მამა და მიუღეს ბერძენთა ბოლო კლარჯეთისა, ამას ეძიებდნენ და დამალეს გამზრდელთა და მწირობასა შინა ყრმა ესე შეეგუა ირემსა, აწოვებდა და აღივსის და ავლინებდა. შემდგომად იხილეს საკვირველი ესე კლარჯთა, ჰსცნეს ბაგრატოვანება მისი, მიიყვანეს და ჰყვეს კვალად ერისთავ-ერისთავად". (75, 694, შენ.1). გადადის ბაგრატიონთა თაობები - ლეგენდა რჩება უცვლელი, ოღონდ იცვლება სახელი დინასტიის დამაარსებლისა, ირმის ძუძუნაწოვარი ყრმისა, იკარგება ხსოვნა გვარამზე, "ბაგრატიონთა მამაზე", და ხალხის ცნობიერებაში თავს იჩენს ლაშა - გიორგი პირველ ბაგრატიონად, რომელსაც შობს თამარი უბიწო ჩასახვით მზის სხივისაგან; თამარი შობს ყრმას, რომელსაც ასევე გამოზრდის ირემი - მზიური ცხოველი (გავიხსენოთ მზე - ირმის სიმბოლიკა ფარნავაზის გამეფების ანდრეზში (44). პირველი ბაგრატიონის მზიურ წარმოშობას, საიდანაც ხალხური ანდრეზით დასაბამს იღებს საქართველოს ისტორია და, საზოგადოდ, დრო-ჟამი (43), ადასტურებს თამარის მემატიანის ("ისტორიათა და აზმათა" ავტორის) სიტყვები, რომ "ლაშა" აფსართა ენაზე "სოფლის განმანათლებელს" ნიშნავს (74, 58). ლეგენდა ბაგრატიონთა რჩეულობაზე დასტურდება კასტელის ჩანაწერებში, სადაც ვხვდებით ღმერთთან მათი წილნაყარობის იდეის გამოხატულებას. იტალიელი ბერი იმერეთის მეფეთა (ალექსანდრე III და ბაგრატ IV) ნახატების ქვეშ ათავსებს წარწერებს, რომლებიც თავისებურად გადმოსცემენ დინასტიურ ლეგენდას: "ყოველ ქართველს სჯერა, რომ როდესაც მეფე ბაგრატი ქუდმოხდილი ლოცულობდა ტაძარში, ციდან ჩამოეშვა ხილული შუქი და ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს გვირგვინი თავზე დაადგა". იმასაც ამბობენ, რომ მარჯვენა ბეჭზე ჯვრის ნიშანი აქვსო, რასაც საჯაროდ აცხადებენ ამ სამეფოებში". (41, 75); ალექსანდრე მეფეზე ის წერს: "დაბადებისთანავე მას ზურგის ორივე მხარეს ჯვარი ჰქონია გამოსახული, ამბობენ, რომ ბეჭებზე პატარა ჯვარი აქვსო" (41, 76). ბეჭებზე გამოსახული ჯვარი არის ერთ-ერთი ხილული ნიშანი ბაგრატიონი მეფის წილნაყარობისა თავის ღვთიურ ნათესავთან; ეს არის მისი ნაწილიანობა, რაც ნახსენები იყო თორღვასთან კავშირში, რომლის შობას ხევსურული ანდრეზი აკავშირებს ერთ-ერთი ბაგრატიონის ყოფნასთან შატილის თუ მუცოს საყმოში. თავისი მამისგან ჰქონდა მას გამოყოლილი საგვარეულო ნიშანი ნაწილისა - ჯვარი და ჰერალდიკურად განლაგებული მზე და მთვარე ბეჭებზე

დიდებულობა დაუთქვეს, ბეჭებს უნახეს ჯვარიო,

მარჯვნივ მზე წერებულიყვა, მარცხნისკე მთვარის ნალიო...

ბაგრატიონის მოქმედების კვალს ვხედავთ ფშავ - ხევსურეთის საყმოთა კულტის გენეზისში, სახელდობრ, როცა სამეფო ტახტისგან განმდგარი ფხოველნი, რომელთა რელიგიური აღმსარებლობა ამგვარად აქვს გამოხატული XIII ს-ის მეისტორიეს - "ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ", კვლავ დაიმორჩილა თამარმა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მათი ხელახალი მოქცევა ქრისტეს რჯულზე - მათ მიერ აღიარებული ჯვარის თაყვანისცემაში ჯვარის ჭეშმარიტი რელიგიის აღდგენა (74, 111). ამ ისტორიულ - პოლიტიკური აქციის გამოძახილი უნდა იყოს ტრადიციული ცნობები თამარის მიერ ხევსურეთის საზოგადოებებში ეკლესიის აგებაზე და თას - განძის შეწირვაზე, რაც კულტის დაარსებას ნიშნავს; ან მის ნაბინავარზე ზოგიერთი ჯვარის, მაგ., გუდანში ნახარელას ღვთისშობლის დაარსება (38, N25967); და განსაკუთრებით, თამარის კულტის - თამარ - აქიმ - დედოფლის სახელით, და ლაშა გიორგის ჯვარის არსებობა ფშავის ხევში, სადაც ისინი ცენტრალური სალოცავებია, რომელნიც თავის გარშემო იკრებენ ფშავის თორმეტ საყმოს. ფხოვში წარუშლელ კვალს სტოვებს ბაგრატიონი - მის ერთ ნაწილში (ხევსურეთში) ის კულტის დამაფუძნებელია, ხოლო ფშავში თავად არის გადაქცეული სალოცავად, ღვთისშვილად, ჯვარად, რომელიც ჰპატრონობს ფშავის ხევის საყმოებს, როგორც ერთ მთლიან საყმოს. ფშავ - ხევსურეთის საყმოები პიროვნულად იცნობენ ერთადერთ წარმომადგენელს ბაგრატიონთა დინასტიისას - ეს არის მეფე ერეკლე მეორე. ერეკლე სავსებით რეალურია მათ წარმოდგენაში, ის მათი ხორციელი ბატონია, რომელსაც დაჰყვებიან ბრძოლებში, მაგრამ მისი წარმოშობა ისევე ლეგენდარულია, როგორც ლაშა - გიორგისა. ისიც შობითგანვე გადაგდებულია ტყეში და ირმის ძუძუთია გაზრდილი:

ბატონიშვილს ერეკლესა ირმის ძუძუ უწოვნია,

წყალი უსვამს ალგეთისა, თრიალეთზე უძოვნია,

დაკარგულა საჩალეში, მონადირეს უპოვნია... (82, N1).

ყრმა ერეკლე არათუ იმეორებს თავის წინაპრის, ლაშა გიორგის ანდრეზულ თავგადასავალს, არამედ მის ადგილსაც კი იკავებს, გვევლინება რა, ხევსურული ანდრეზების თანახმად, თამარის ძედ და პირველ ბაგრატიონად (82, NN43-ი, 43-კ). ის არის პირველი და ამავე დროს უკანასკნელი: ის იწყებს ისტორიას და ისვე ამთავრებს მას; თამარსა და ერეკლეს შორის უკიდურესად შეკუმშულია წუთისოფლის დრო - ჟამი; ისე რომ, ერეკლეს გარდა, ბაგრატიონთა დინასტიის სხვა წარმომადგენელს არ რჩება ადგილი. საყმოს ცნობიერებაში თამარი და ერეკლე ერთჟამობაში არიან მოქცეულნი: "ხალხს სწამს, რომ მეფე ერეკლე და თამარ - მეფე ცოცხლები არიან ღმერთთან და როცა გაუჭირდება საქართველოს, მიეშველებიანო" (88, 365). თამარი და ერეკლე ერთი ღვთაებრივი სიწმიდით არიან მოსილნი და ერთგვარად ადასტურებენ ამ სიწმიდეს; თამარზე ამბობენ, რომ ლოცვისას იატაკზე არ იდგა, არამედ ნახევარი ადლის სიმაღლეზე ჰაერში იყო გაჩერებული (81, 239), რომ "მისი ტანისამოსი ეკიდა სარკმლიდან შემონათებულ სხივზე" (81, 81); ასევე, "ერეკლე როცა ლოცვაზე დადგებოდა, ხმალს მზის შუქზე დაჰკიდებდა ხოლმეო და ლოცვას როცა გაათავებდა, ი სხივიდგან ისევე აიღებდა ხმალსა" (88, 365); სვეტიცხოველში ლოცვისას ის ზეაღიტაცებოდა და მაცხოვრის ხატს ეხუტებოდა (38, N25468). სვეტიცხოვლის ტაძარი, კულტის გენეზისის ადგილი, სადაც მისი საფლავია, არის ის ადგილი, საიდანაც მეფე ცად ამაღლდა:

ცხეთას დგას თეთრი საყდარი, შიგ ნათობს კელაპტარიო,

შიგ იდგა ოქროს კუბოი, გამოხატული ჯვარიო.

შიგ იწვა ნეფე - ერეკლე, ბაგრატიონთა გვარიო.

ზეცას წავიდა ერეკლე, ქრისტესთან წილნაყარიო... (88, N58-გ).

"შიგ იწვა" ახლა ზეცას არის წასული და დაბრუნდება, როგორც მესია - ამგვარად უნდა გამოხატულიყო ბაგრატიონთა ღვთიური წარმოშობა, მათი ქრისტესთან ნათესაობა იმ კონკრეტულ წარმომადგენელში, რომელსაც, როგორც უკანასკნელს, უნდა ეტვირთა თავისი დინასტიის მთელი სიმძიმე.

არ მოკვდა, ღმერთთან წავიდა, ძმა არი, წილნაყარია... (88, N58-ი).

მეფის, როგორც ღმერთთან წილნაყარის, არსება წარმოდგენილია მირონის წყაროდ - "მირონი ნეფე ერეკლეს ძვლებს ჩამოჰდისო"**ქრისტიანობის ისტორიაში ცნობილნი არიან მირონმდინარენი - წმ.დიმიტრი თესალონიკელი (III-IV სს.) და ღირსი სვიმეონ სერბეთის მთავარი (XII-XIII სს.) გვაუწყებს ხალხური თქმულება, რომელსაც ისტორიული მეფე სვეტიცხოვლის ან კულტის დასაბამში გადაჰყავს, იმ ანდრეზულ ხანაში, როცა საუფლო კვართზე აღმოცენებული ხიდან მირონი წვეთავდა, ამ ადგილას კი ახლა მისი საფლავია. ხოლო ხევსურის რელიგიურ შეგნებაში სვეტიცხოველს სწორედ ამ საფლავის გამოც ენიჭება საკრალურობა, როგორც სალოცავს. ლაშა გიორგისა და თამარ მეფის საფლავებზე აღმოცენდა, ფშაველთა რწმენით, ლაშარისა და თამარ - ღელის სალოცავები; ისინი იქ მარხიან, ამიტომაც იქ არის დაარსებული მათი ჯვრები. "კალმასობაში" ეს თქმულება ამგვარად არის გადმოცემული: ბერი იოანე ასე ეუბნება ფშავლებს, გაახსენებს მათსავე ანდრეზს, რაც მათ უნდა სცოდნოდათ: "იმან (ლაშა გიორგიმ, ზ.კ.) მოგაქცივათ თქვენ, რომელიც ახლა იქ ფშავში მარხია და თავის უნჯ ყმათ გამოგელოდათ" (10, 82). ერეკლე, როგორც ღვთის ცხებული მეფე, ხევსურეთისა და ფშავის საყმოებში ღვთისშვილის ღირსებაშია აყვანილი. მისი პოვნაც ისეთივეა, როგორც ღვთისშვილის ჯვარჩენა.

ბატონიშვილ ერეკლესა ირმის ძუძუ უწოვნია,

გადუგდიათ საჩალეში, მონადირეს უპოვნია.

საჩალე (ხევსურეთში) ცნობილია როგორც ჯვარჩენის მთა, სადაც დაარსდა ერთ - ერთი ჯვარი წმიდა გიორგისა - "საჩალეს სვეტად ჩამოსული, სამკიბალ შუქის დამკრავი". მონადირის ხსენებაც არ არის ამ ფრაგმენტში მოულოდნელი: გავიხსენოთ ის მონადირე, რომელსაც, როგორც მკადრეს, ჩამოჰყავს ნაპოვნი ჯვარი თავის საყმოში. ასევეა ნაპოვნი ერეკლე ღვთისშვილად ხევსურეთისა და ფშავის საყმოებისათვის. ერეკლე ნაპოვნია, როგორც ანდრეზული პატრონი საყმოებისა, მაგრამ მას თავად ჰყავს მოპოვებული საყმო, ის თავად ქმნის თავის საპატრონებელ საყმოს, რაც რეალური ისტორიული ფაქტით არის გაპირობებული. "ქრონიკონს უმგ (443) = 1755 წ. ამა ხანთა შინა ხევსურის ქვეყანა აღარ დაემორჩილა კახს ბატონს და პირველისამებრ აღარ მონებდნენ. ჩამობრძანდა კახეთიდამ კახი ბატონი ერეკლე ქალაქს და მოსთხოვა ფარვანი მამასა თვისსა ქართველს ბატონს მეფეს თეიმურაზს, ინება ხევსურეთისა დალაშქვრა, გაისტუმრა მამამან ცხებულმან ძეი თვისი მეფე ერეკლე და გასცა ბრძანება თავადთა ქართლისათა, რათა იახლნენ თან: მობრძანდა მეფე ერეკლე ანანურს, შემოეყარნენ იქ ქართველნი ამორჩევით დიდებულთა შვილნი და აზნაურშვილნი ზემო ქართლისანი და ერისთავები ორივე დავით და ჯიმშერ, წაბძანდა ანანურიდამ, მიბრძანდა თიანეთს, იქ შემოეყარნენ ჯარი კახეთისა. ზამთარი იყო, თოვლი დიდი და გზა საჭირო. დაიქვეითეს ყოველთა, თვინიერ მეფისა და იმანცა ბევრჯერ იარის ქვეითად. მივიდნენ, ფშავნი მიეგებენ, ფშაველნი დახვდნენ, რაც იმ ქვეყანას გაეწყობოდა, მოართვეს მოსართმევი. ენებათ იქიდამ გადასვლა ქვეყანაში ხევსურეთისა. რა შეიტყვეს ხევსურთ, შემოეხვეწენ ხევსურნი და ითხოვეს დანაშაულისა მიტევება. შეუნდო ცდომა მათი და შემოირიგა. იახლნენ უფროსნი კაცნი და მოართვეს ჯორნი, ძროხანი და ცხვარნი ფეშქაშად და დაიდვეს თავს სამსახური, რაცა ძველთაგან კახ ბატონებისაგან სდებოდათ, გამოართო მეფემან მძევლები და განუტევა ხევსურნი მშვიდობით"(54, 39). მეფე ერეკლე - თამარის ანდრეზული მემკვიდრე რეალურადაც იმეორებს თამარის ქმედებას, როგორც არქეტიპულ საქციელს წინაპრისას: მეორდება XIII ს-ის ვითარება, როცა თამარს მოუხდა ფხოვის შემომტკიცება და იქ ჯვარის სარწმუნოების განახლება, რასაც თავის მხრივ არქეტიპული მაგალითი აქვს IV ს-ში, როცა წმიდა ნინო გაემართა მთიელთა (კერძოდ, ფხოველთა) მოსანათლავად. ერეკლე განაახლებს, ხელახლა ქმნის ქრისტიანულ თემს ხევსურეთში, აღადგენს საყმოებს, რაც ბუნებრივად რელიგიური აქტით არის განმკიცებული: ამ ლაშქრობის დროს ერეკლე (ჯერ კიდევ უფლისწული) ნათლავს ორმოცდაოთხ ხევსურ ბავშვს (54, 40) და, ამრიგად, ნათლის მამად ევლინება კვლავ შემომტკიცებულ საყმოს. ის უწესებს მათ ყოფა - ცხოვრების საკრალურ რეჟიმს; ტრადიციით, ერეკლეს დაუწესებია ხევსურეთისათვის ორშაბათის უქმე - «კვირაის საპატიო დღე» (37, 59) და თავისი წილი დაუდევს მათი კულტის უწმიდეს საგანში: იგი ზარს შეაბამს გუდანის საღვთოს დროშას. არსებობს გადმოცემა, რომ ერეკლეს გუდანის წმ. გიორგის ჯვარისათვის მიუძღვნია განთქმული დროშა - «გაჟეკაური», რომლის ხმა არაგვის ჭალაში ისმოდა სანედან (4, 6). ერეკლე, როგორც საკულტო ცხოვრების ამაღორძინებელი ხევსურეთის საყმოებში (რაც ანდრეზული ხანის პირველდამფუძნებლის ღვაწლის განმეორებად უნდა დავსახოთ ისტორიულ ხანაში), შერაცხილია გუდანის ჯვარის მოძმედ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორციელი მეფე იერარქიულად ღვთისშვილისა და ჯვარის საფეხურზე დგება. ის ახორციელებს ღვთისშვილებსა და ბაგრატიონებს შორის ადრითგანვე დაწესებულ მოძმეობას, რასაც, თავის მხრივ, ღვთისშვილთა მოძმეობის ინსტიტუტში აქვს საფუძველი (7). ზემოთ ითქვა, რომ ამ ურთიერთობას თამარისა და ლაშა გიორგის ხანაში დაედო საფუძველი, რაც ასახულია ანდრეზულ გადმოცემებში. მოგვიანო ხანის წერილობითი დოკუმენტები მოწმობენ ამ ტრადიციული მოძმეობის სიცხოველეს ბაგრატიონთა დინასტიურ შეგნებაში. კახეთის მეფეები წყალობის წიგნებში ლაშარის ჯვარს თავიანთ მოძმედ, ხოლო ლაშარის ჯვარის ყმებს, ფშავლებს, თავიანთ ყმებად იხსენიებენ, რითაც ადასტურებენ თავიანთ თანასწორობას ღვთისშვილთან, ლაშარის წმიდა გიორგისთან, რომელთანაც პირველად, «მას ჟამსა შინა», ლაშა-გიორგიმ დაამყარა მოძმეობა. ამ ტრადიციას კახეთის თვით გამაჰმადიანებული მეფეებიც კი ინახავდნენ: «... ჩვენსა დიდათ ერთგულათ ჭირნახულად ნამსახურსა ჩვენის ძმის ლაშარის-ჯვრის ყმათ, ერთობით ფშაველთ...» ვკითხულობთ ერეკლე პირველის ძის დავითის (იმამყული-ხანის, 1703-1722) წყალობის წიგნში (5, 400); კონსტანტინე ერეკლეს ძე (მაჰმადყული-ხანი, 1722-1732) მიმართავს ლაშარის ჯვარს: «...მოუშლელი ძღვენი და შესაწირავი მოგართვით და შემოგწირეთ თქვენ ყოვლად დიდებულსა და ყოვლად ქებულსა მხედარსა ღუთისასა, მოძმესა ჩვენსა წმიდასა გიორგის ლაშარის ჯვარსა და კვალად მიუბოძეთ მოყმეთა, მოლაშქრეთა, დეკანოზთა, ქადაგთა და სრულიად ფშაველთა...» (5, 42). ერეკლე II ფშავის სალოცავს თავისი «მოძმის კარს» უწოდებს: «ეს განაჩენის წიგნი დაგვიდვია ჩვენ, მეფე ერეკლეს: ასე რომ გრიგოლ სახლთუხუცესი გავგზავნეთ ფშავს, ჩვენი მოძმის კარზე იყო და ფშაველთ სტუმარი იყო...» (5, 44)). კანონზომიერია, რომ ლაშარის ჯვარს, როგორც მეფის მოძმეს, თავის ბატონად აღიარებს მეფის ყმა, ქვეშევრდომი ერისთავი: «...თქვენ დიდსა და ამაღლებულს და აღმატებულსა, ზღვითი ზღვამდე გათქმულსა, მთისა და ბარისა სალოცავსა, პატიოსანსა და მრავალჯერ მესასოესა, კეთილად გამარჯვებულსა დიდსა ლაშარის ჯვარსა გიორგისა და სულ ერთობით თქვენს სალოცავსა და თქვენს კარგს ყმათ ფშაველთა: ასე რომ ჩვენი მამა-პაპამდინ თქვენის ერთგულებისა და სამსახურისა მე და შენი ვყოფილვართ... არც ჩვენს სიცოცხლეში მანამდინ ჩვენის მამის თესლი ამ ქვეყანას ვიყვნეთ, არც თქვენს სამსახურზედ და ერთ-გულობაზედ ჴელი ავიღოთ...» (5, 41). ბაგრატიონ მეფეთა მოძმეა აგრეთვე ხევსურეთის (კერძოდ, სამაგანძუროს) ძლიერი სალოცავი გუდანის წმიდა გიორგის ჯვარი, ბერ ბაადურად წოდებული ადგილობრივ ტაბუირებულ ენაზე. თუმცა ცნობილი არ არის მათი მოძმეობის ამსახველ დამადასტურებელი სამეფო წერილობითი დოკუმენტები, მაგრამ საყმოში თავის დროზე ძლიერად ჰქონდა ფესვი გადგმული ამ რწმენას და, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაგრატიონ მეფეთა შორის ერთადერთ ერეკლეში ხედავდნენ გუდანის წმიდა გიორგის ხორციელ მოძმეს. ერეკლეს პიროვნებაშია დაუნჯებული დინასტიური კრებითი პიროვნება, რომელიც ახორციელებს მოძმეობის პრინციპს.

როგორც საკრალური პიროვნება, ერეკლე ზედროულობაში მყოფობს, ერთის მხრივ, თამართან ერთად, რომელთა შორის გასული რეალური დრო-ჟამი წარხოცილია ან უკიდურეს ზღვრამდეა შეკუმშული; მეორე მხრივ, გუდანის წმიდა გიორგის გვერდით, რომელთანაც მორიგე ღვთის განგებით წილს ჰყრის. «ღთის ნასახთ ბატონი რომენი ვიყოთ, და ხორციელთი რომენიო. ხორციელთ ბატონობა ერეკლეს რგებია და ღთისნასახთი (ხატებისა) ბერ ბაადურს...» (77, 303), ამბობს ანდრეზი. როგორც ვხედავთ, თითქოს შემთხვევის (წილისყრის) წყალობით გადაწყვეტილა, რომ ერეკლეს რგებოდა გუდანის ხორციელთა საყმოს ბატონობა. წილისყრის ფაქტი მათ შორის ადასტურებს საყმოს თვალში მათ პოტენციურ თანასწორობას, კერძოდ იმას, რომ ერეკლე პოტენციურად ფლობდა ღვთისშვილთა ბატონობის უნარს, როგორც თავად ღვთისშვილი. ერეკლეს, როგორც ხორციელთ საყმოს პატრონის, ბედი ცაშია გადაწყვეტილი; აქ ჩააბარეს და მიიღო მან თავისი უნჯი საყმო - თავისი წმიდა მხედრობა, ლაშქარი. მეფე პერიოდულად ადის გუდანში, და, როგორც ქადაგი, შედის ჯვარის წმიდათა წმიდაში თავისი მოძმის წინაშე პირისპირ შესაყრელად. ალ.ოჩიაურის ჩანაწერებში ამგვარად არის გადმოცემული ხორციელ-უხორცო მოძმეთა ურთიერთობა: «ხევსურებს მეფე ირაკლიც ისე მიაჩნდა, როგორც ღვთაება და ეძახოდნენ გუდანის ჯვარის მოძმეს. იგიც ამოდიოდა ხევსურეთში, ხევსურთ გუდანის ჯვარში მოუყრიდა თავს და თვითონ ბეღელში შევიდოდა და ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი. ხევსურებს ეგონა, გუდანის ჯვარს ირაკლი პირადად ელაპარაკებაო, ჩვენ ვერ ვხედავთ გუდანის ჯვარს, რადგან საფარველი აძევსო და როგორც მისი მოძმე და თვითონაც წმიდა კაცი, როგორც ღვთაება, ირაკლი თვალით ხედავს და ერთად ბაასობენო...» (60, 143-4); «...ის რომ ხევსურეთში მოვიდოდა ხევსურთ გასაყვანად ჯარში, მაშინ პირველად გუდანში ავიდოდა, შევიდოდა გუდანის ჯვარის ბეღელში და იქიდან საუბარი ისმოდა ირაკლისა და გუდანის ჯვარისა ერთად. იგინი საუბრობდნენ ხევსურთ საჭირბოროტო და აგრეთვე საქართველოს საკითხებზე. გუდანის ჯვარს ხევსურნი ვერ ხედავდნენ, ირაკლის კი პირადად ეცხადებოდა და როგორც მოძმეს ესაუბრებოდა. საუბარს რომ გაათავებდნენ, ირაკლი გამოვიდოდა და გუდანის ჯვარის სურვილს შეყრილ ხევსურთ უამბობდა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ გამოსული გამოაცხადებდა ირაკლი: «გუდანის ჯვარი ბრძანებს, ჩემნი ყმანი ხევსურნი მოემზადენით, ჩემი დროშა ააბით, საქართველოს მტერი შემოესევა, უნდა დავეხმაროთ. ხთისგან გამარჯვება ვითხოვე და მიბოძა. მე ჩემს ფხასისხლიან ხმალს შემოვირტყამ და თქვენთან ერთად ომში ვიქნებიო. როგორც დამბადებელმა მიბოძა, გამარჯვება და დავლა მე და ჩემ ყმათ დაგვრჩებაო» (62, 662). ხორციელ და უხორცო ბატონებს ერთი საერთო საზიარო საყმო ჰყავთ: გუდანის წმიდა გიორგის საყმო იმავდროულად ერეკლეს უნჯი საყმოც არის და ისევე ემსახურება მას, როგორც ჯვარს. უნჯი ყმა ვალდებულია მიაშუროს, გაჰყვეს თავის პატრონს პირველსავე დაძახილზე; მაგრამ ეს ვალდებულება პატრონის ნებით არ არის ნაკარნახევი, ის ბუნებრივად, რაიმე განსჯის გარეშე იბადება საყმოს შეგნებაში, როგორც მისი შინაგანი მოთხოვნილება. ის ივალებს, სისხლი დაღვაროს თავისი პატრონისათვის და სახელის გარდა არ ელის სხვა საზღაურს დაღვრილი სისხლის წილ. ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული ფშავ-ხევსურული საგმირო პოეზია იმ «სისხლის წვიმების» დროებისა, როცა მათი საგმირო ცხოვრების სულისჩამდგმელი და მათი ისტორიის წარმმართველი მეფე ერეკლეა; როცა ის, როგორც ჯვარი, გარს იკრებს თავის უნჯ საყმოს და გაჰყავს იგი თავისი მხარის ვიწრო საზღვრებიდან უცხო ქვეყანაში საქართველოს მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად; ისინი, როგორც წმიდა მხედრები, უანგაროდ ემსახურებიან ბატონს და არ კადრულობენ, რომ რაიმე ნივთიერ დოვლათზე მიჰყიდონ მას თავიანთი ერთგულება. აი, ეპიზოდი პატრონ-ყმის ურთიერთობისა, რომელიც გულმართლად გამოხატავს საყმოს უშუალო გულისპასუხს:

«მიშველეთ, ჩემო ჴევსურნო, უნჯნი ყმანი ხართ ჩემნია.

ფულს მაგცემთ მაგოდენასა, რო არ ზიდავდეს ცხენია»

ჴევსურთ სწყენიოს ეს სიტყვა, რომავ «ჩვენ მეფემავ ეს რაად გვითხრავ, რო «ფულს მაგცემთავ»? ჩვენ განა ფულის გულისად ვომობთავ»? მაშინ ერთჴმად უთქომ ხალხს:

«თავს ვერ გაგიხრით ჴევსურნი, - უნჯნი ყმანი ვართ შენნია;

თეთრს ვინც აიღებს ჴევსური, ვინაც მახკიდას ჴელია,

გაუწყრას, ნეფევ ერეკლევ, ის სალოცავი ჩვენია!» (17, 162-3).

ამ დროს ის სრულიად ქართველთა ჯვარისათვის იბრძვის, ჯვარისათვის, რომელიც საყმოს ისტორიის ამ ეპოქაში ერეკლეს სახით წარმოუდგება მას; ის ამ დროს არ იბრძვის თავის გადასარჩენად, რადგან მას არც დევები და არც გაბუდაყებული ფეოდალი არ ემუქრება; ის გადარჩენილია წინამავალ «სისხლის წვიმების» ხანაში; ის «ლაღის მტრის» მახვილისაგან არის «ნარჩომი» და სწორედ ამან გახადა თავისი ჯვარის უნჯ საყმოდ, რომელსაც ამიერიდან მფარველობს მისი ღვთაებრივი პატრონი. პატრონის ვალი საყმოს მიმართ გადადის ერეკლე მეფეზე, უხორცო პატრონის მოძმეზე, და ისიც არ სტოვებს მათ გასაჭირში: «გაფრინდი, ჩემო ცხენო, სადაც ყმანი იჴოცებიან, ერეკლეც იქ იყოს!» - უთქვამს მას. ბაგრატიონი მეფე თავისი მოქმედებით საყმოს ცნობიერებაში აღვიძებს თავისი მოძმის და ნათესავის, ლაშარის წმიდა გიორგის ხატს, რომელიც ამგვარად არის აღბეჭდილი ერთ ხალხურ ლექსში:

ლაშარელაის ლურჯასა ფაფარ ასხავის გიშლისა,

შაჯდება, გაემართება, კოტორ გაჰყვება ნისლისა,

თავის ყმათ მიეშველება ხან რომ არ იყოს მისვლისა...

<<<ნაწილი VIII

 

 

ლიტერატურა

1. არაბული ა., მითოლოგიური საწყისები აღმოსავლეთ საქართველოს  მთიანეთის ხალხურ პოეზიასა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში. თბ., 1882 (სადისერტაციო ნაშრომი, ინახება შოთა რუს-თაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში).

2. არდაშირ პაპაკის ძის საქმეთა წიგნი. ფალაურიდან თარგმნა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო თეო ჩხეიძემ. "მეცნიერება", თბ., 1975.

3. არჯევანიძე ე., ანოტირებული ბიბლიოგრაფია "СМОМПК"-ში გამოქვეყნებული ქართული ხალხური სიტყვიერების მასალისა. "მეცნიერება", თბ., 1971.

4. ბალიაური ნ., სწორფრობა ხევსურეთში. თსუ, თბ., 1991.

5. ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ - საკულტო ძეგლები, ტ.I, "მეცნიერება", თბ., 1974.

6. ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ - საკულტო ძეგლები, ტ.II, მეცნიერება", თბ., 1982.

7. ბარდაველიძე ვ., მთისა და ბარის მოსახლეობის ურთიერთობის ისტორიიდან საქართველოში (მოძმეობის ინსტიტუტი) ("მაცნე", ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ის-ტორიის სერია, 1971, N3).

8. ბარდაველიძე ვ., ქართველთა უძველესი სარწმუ-ნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარ-ბაზარ), თბ., 1941.

9. ბარდაველიძე ვ., ივრის ფშაველები, ენიმკის მოამბე, XI, 1941.

10. ბატონიშვილი იოანე, კალმასობა, ტ.I, ტფ., 1936.

11. ბატონიშვილი იოანე, კალმასობა, ტ.II, თბ., 1948.

12. ბედუკიძე ლ. ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში, "მეცნიერება", თბ., 1973.

13. ბეზარაშვილი ც., რიტუალური სამოსელი (კრებ. "ქსნის ხეობა", თბ. 1975).

14. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის სა-კითხები, წიგნი III, "მეცნიერება", თბ., 1966.

15. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის სა-კითხები, წიგნი VI, "მეცნიერება", თბ., 1973.

16. გამრეკელი ვ., ცქიტიშვილი ზ., 1970 წლის 5 აპრილის დემოგრაფიული ნუსხა ("მაცნე", ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1, 1973).

17. გაბუური ბ., ხევსურული მასალები პროფ.აკაკი შანიძის რედაქციით, ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული, I-II, ტფ., 1923-1924.

18. გვასალია ჯ., არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები (საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, V, "მეცნიერება", თბ., 1975).

19. გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თსუ გამომცემლობა, თბ., 1961.

20. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართვეოს შესახებ, ტ.II, "მეცნიერება, თბ., 1965.

21. დიდი სჯულისკანონი, "მეცნიერება", თბ., 1975.

22. დოლიძე გ., ხევსურული ტექსტები, თსუ გამომცემლობა, თბ., 1975.

23. ელიავა გ., აბაშისა და მარტვილის რაიონების ტოპონიმიკა, "მეცნიერება", თბ., 1977.

24. ერიაშვილი ჟ., უძველესი სოციალურ - რელიგიური ინსტიტუტები საქართველოს მთიანეთში, "მეცნიერება", თბ., 1982.

25. ვაჟა-ფშაველა, ბერდიხა (სურათები ფშაველების ცხოვრებისა), თხზულებათა სრული კრებული, ტ.VI, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1964.

26. ვაჟა-ფშაველა, გმირის იდეალი ფშაური პოეზიის გამოხატულებით, თხზულებათა  სრული კრებული, ტ.IX, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1964.

27. ვაჟა-ფშაველა, დროშა, თხზულებათა სრული კრე-ბული, ტ.VII, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1964.

28. ვაჟა-ფშაველა, ლაშარის ჯვარის დღეობა ანუ ლაშარობა, თხზულებათა სრული კრებული, ტ.IX, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1964.

29. ვაჟა-ფშაველა, ლაშარობა, თხზულებათა სრული კრებული, ტ.IX, "საბჭოთა  საქართველო", თბ., 1964.

30. ვაჟა-ფშაველა, რამე-რუმე მთისა, თხზულებათა სრული კრებული, ტ.IX, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1964.

31. ვაჟა-ფშაველა, ფიქრები "ვეფხისტყაოსნის" შესახებ, თხზულებათა სრული კრებული, ტ.IX, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1964.

32. ვაჟა-ფშაველა, ფშაველი დედაკაცის მდგომარეო-ბადა იდეალი ფშაური პოეზიის გამოხატულებით, თხზულებათა სრული კრებული, ტ.IX, "საბჭოთა  საქართველო", თბ., 1964.

33. ვაჟა-ფშაველა, ფშავლები, თხზულებათა სრული კრებული, ტ.IX, "საბჭოთა  საქართველო", თბ., 1964.

34. ვაჟა-ფშაველა, ფშავლების ძველი სამართალი და საოჯახო წესები. თხზულებათა სრული კრებული, ტ.IX, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1964.

35. ვაჟა-ფშაველა, ხევსურები (საზოგადო შენიშვნები), თხზულებათა სრული კრებული, ტ.IX, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1964.

36. თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობა და შენიშვნები, "ივერია, 1901, N2.

37. თევდორაძე გ., ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში, ტფ., 1930.

38. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული არქივი (ფოლკლორისტიკის კათედრა).

39. იქაური, ერთი კვირა ხევსურეთში, "ივერია", 1892, N163.

40. კაიშაური ლ., მთიულური ტექსტები, "მეცნიერება", თბ., 1978.

41. კასტელი დონ კრისტოფორო, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, "მეცნიერება", თბ., 1977.

42. კიკნაძე ზ., ვაჟას მთა და ბარი ("ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში", 1980, N3).

43. კიკნაძე ზ., თამარის ანდრეზული ხანა ("მნათობი", 1982, N10).

44. კიკნაძე ზ., ფარნავაზის სიზმარი ("მაცნკე", ენისა და ლიტერატურის სერია, N1, 1984).

45. კიკნაძე ზ., ქართლის მოქცევის ფოლკლორული ვარიანტები ("მაცნე", ენისა დალიტერატურის სერია, 1982, N1).

46.  კიკნაძე ზ., შუამდინარული მითოლოგია, "მეცნიერება", თბ., 1979.

47. კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, "საბჭოთა მწერალი", თბ., 1961.

48. კოხი კ., სპენსერი ო., ცნობები საქართველოს შესახებ, "მეცნიერება", თბ., 1981.

48-ა. ლეკიაშვილი ა., კვირია-მაცხოვარი ("მნათობი", 1982, N???).

49. მაკალათია ს., თუშეთი, ტფ., 1933.

50. მაკალათია ს., მთიულეთი, ტფ., 1930.

51. მაკალათია ს., ფშავი, ტფ., 1934.

52. მაკალათია ს., ქსნის ხეობა, თბ., 1968.

53. მაკალათია ს., ხევი, ტფ., 1934.

54. მაკალათია ს., ხევსურეთი, ტფ., 1935.

55. მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, "მეცნიერება"., თბ., 1976.

56.მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, 1, სსრკ მეცნ. აკად. საქართველოს ფილიალის გამომც., ტფ., 1938.

57.მაჭავარიანი ე., ბავშვის მოვლა-აღზრდის წესები მთიულეთში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XIX-A და XXI--B, 1957).

58. მოლოდინი დ., ჯალაბაძე გ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დროშების კატალოგი, თბ., 1962.

59. ონიანი ა., სვანური მითოლოგიისათვის, თქმულებები ღვთაებათა შესახებ ქვემო სვანეთში, 1939 (საქართველოს მეცნ. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი, M 21).

59-ა. ორტეგა ი გასეტი ხ., მასების ამბოხი, ესპანურიდან თარგმნა ბ.ბრეგვაძემ, თბ., «ხომლი», 1993. ,

59-ბ. ოჩიაური ალ., სტუმარმასპინძლობა ხევსურეთში, "მეცნიერება", თბ., 1980.

60. ოჩიაური ალ., თქმულებები ხევსურულ ღვთაებათა და ღვთისშვილთა შესახებ, 1938 (საქართველოს მეცნ. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივი, M 15).

61. ოჩიაური ალ., ხევსურული ხალხური დღეობების კალენდარი (არხოტი), 1938, (იქვე, M 16).

62. ოჩიაური ალ., ხევსურული ხალხური დღეობების კალენდარი (ბუდე-ხევსურეთი), 1939, (იქვე, M 17).

63. ოჩიაური ალ., ხევსურული ხალხური დღეობების კალენდარი, VII (პირიქითი ხევსურეთი, ხახაბო, არდოტი), 1939 (იქვე, M 18).

64. ოჩიაური ალ., რელიგია ბუდეხევსურეთისა და შატილის თემში, 1940 (იქვე, M 32).

65. ოჩიაური ალ., ფშაური ხალხური დღეობები (იქვე, M83).

66. ოჩიაური ალ., ხევსურული მასალები, I (იქვე, M86).

67. ოჩიაური თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართვეოს მთიანეთში,

"მეცნიერება, თბ., 1967.

68. ოჩიაური თ., ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1954.

69. ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წ. II, ტფ., 1897

70. რაზიკაშვილი ვ., მამაGემი ვაჟა-ფშაველა, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1966.

71. სანიკიძე თ., გერგეტის ხუროთმოძღვრული ანსამ-ბლი, "მეცნიერება", თბ., 1975.

72. ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება, მთიულეთ-გუდამაყარი, ტექსტების მომზადება, რედაქცია, გამოკვლევა და შენიშვნები ელ.ვირსალაძისა, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემობა, თბ., 1958.

73. ქართლის ცხოვრება, ტ.I, სახელგამი, თბ., 1955.

74. ქართლის ცხოვრება, ტ.II, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1959.

75. ქართლის ცხოვრება, ტ.IV, ბატონიშვილი ვახუშტი, "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", "საბჭოთა საქართველო", თბ., 1973.

76. ქართლული დიალექტის ლექსიკონი (მასალები), "მეცნიერება", თბ., 1981.

77. ქართული ხალხური პოეზია, ტ.I, მითოლოგიური ლექსები, "მეცნიერება", თბ., 1972.

78. ქართული ხალხური პოეზია, ტ.IV, საგმირო ლექსები, "მეცნიერება", თბ., 1975.

79. ქართული ხალხური პოეზია, ტ.V, საწესGვეულებო ლექსები, "მეცნიერება", თბ., 1976.

80. ქართული ხალხური პოეზია, ტ.VIII, საყო-ფაცხოვრებო ლექსები, "მეცნიერება", თბ., 1979.

81. ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, ტ.I, ტექსტების მომზადება, რედაქცია, შესავალი და შენიშვნები ქსენია სიხარულიძისა, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1961.

82. ქართული ხალხური საისტორიო სიტყვიერება, ტ.II, ტექსტების მომზადება, რედაქცია, შესავალი და შენიშვნები ქსენია სიხარულიძისა, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის გამომ-ცემლობა, თბ., 1964.

83. ღვთაების ეკლესია თელავში ("მწყემსი", 1887, #16).

84. ღლონტი ალ., ქართული ხალხური ნოველები (ტექსტები), თბ., 1956.

85. ყაზბეგი სოლ., ყაზბეგის მთა ("ივერია", 1895, #197).

86. ყუბანეიშვილი სოლ., ვაჟა-ფშაველა, სახელგამი, თბ., 1937.

87. შანიძე აკაკი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.I, "მეცნიერება, 1984.

88. შანიძე აკაკი, ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული, სახელგამი, ტფ., 1931.

89. შარდენის მოგზაურობა სპარსეთისა და აღმოსავ-ლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), "მეცნიერება", თბ., 1975.

90. შატბერდის კრებული, "მეცნიერება", თბ., 1979.

91. ჩიტაია გ., ეთნონიმიკური ხალხური გადმოცემები (ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის გამომ-ცემლობა, თბ., 1955).

92. ჩიტაია გ., ხევსურული სახლის სენე (ანალები, ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1947).

93. ჩიქოვანი მ., მიჯაჭვული ამირანი, თსუ გამომცემ-ლობა, თბ., 1947.

94. ჩხენკელი თ., ტრაგიკული ნიღბები, "განათლება", თბ., 1971.

95. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I (V-X სს.), "მეცნიერება", თბ., 1964.

96. ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ტ.II, "მეცნიერება", თბ., 1965.

97. ძიძიგური ვ., მასწავლებლის მოგონებები, თბ., 1957.

98. ჭინჭარაული ალ., ხევსურეთის თავისებურებანი, ტექსტები და ინდექსი, საქართველოს სსრ მეც-ნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1960.

99. ხალხური სიბრძნე, ტ.III, ქართული ეპოსი, "ნაკადული", თბ., 1964.

100. ხალხური სიტყვიერების მასალები, შეკრებილი ჯ.სონღულაშვილის მიერ, საქართველოს სსრული მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1955.

101. ხარაძე რ., ხევსურული ანდრეზი - ხალხური სამართლის წყარო (საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის მიმომხილველი, ტ.II, თბ., 1951).

102. ხარაძე რ., რობაქიძე ალ., მთიულეთის სოფელი ძველად, "მეცნიერება", თბ., 1965.

103. ხახანაშვილი ა., ქართული სიტყვიერების ისტორია (უძველესი დროიდგან XVIII საუკ. გასულამდე), ტფ., 1904.

104. ხიზანიშვილი ნ., ეთნოგრაფიული ნაწერები, სსრკ მეცნ. აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, თბ., 1940.

105. ხიზანიშვილი დ., ფშავეთი და ფშავლები ("ივერია", 1899, N140).

106. ხიზანიშვილი დ., ფშავეთი და ფშავლები ("ივერია", 1899, N178).

107. ხიზანიშვილი დ., ფშავეთი და ფშავლები ("ივერია", 1899, N179).

108. ხიზანიშვილი დ., ფშავეთი და ფშავლები ("ივერია", 1899, N183).

109. ხიზანიშვილი დ., ფშაური ლექსები, ტფ., 1887.

109-ა. ხორნაული გ., მთები და სახელები, თსუ გა-მომცემლობა, თბ., 1983.

110. ჯაფარიძე გ., შორის ნათელსა და შორის ბნელს ("ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში", N2, 1981).

111. ჯაფარიძე გ., წმიდა დაფები (ენისა და ლიტერა-ტურის განყ. არსებული ფოლკლორის საკოორდი-ნაციო საბჭოს XXIII სამეცნიერო კონფერენციის თეზისები, თბ., 1984).

112. ჯაყელი თ., საუფლო ხე ალვა (`ჯვარი ვაზისა~, N2, 1990).

113. Аверинцев С. С. Золото в системе символов ранневизантийской культуры, Византия южные славяне и Древняя Рус. Западная Европа. Искусство и культураю Сб. статей в честь В. Н. Лазарева, «Наука», М., 1973.

113-ა Афанасьев А. Поэтичеке вззреия славян на риоду, т.2, М., 1868.

114. Бакрадзе Д. Кавказ в древних памятниках хрисиасва, Тифлис, 1875.

115. Бадавелидзе В. Древнейшие религиозные веоваия и обрядове грфичекое искуссво грузинских племн, Изд. АН ГССР, Тб., 1957.

116. Бубер М. Избраные роизведния, Иерусалим, 1979.

117. Гегель Г.В.Ф. Философия истории, Сочинения, т.VIII, Госсоц. – эк. изд., М.Л., 135.

118. Гумилев Л.Н. Внктренняя закономеность этногенеза (Ландшафт и этнос), Вестник ЛГУ., №6, 1973.

119. Гумилев Л.Н. Этногенез и биосфера земли, ВИНИТИ, 1979.

120. Гуревич А.Я. История и сага, «Наука», М., 1972

121. Гуревич А.Я. Эдда и сага, «Наука», М., 1979.

122. Диоген Лаертский Ожзни, учениях и изоечениях знаменитых философов, «Мысль», М., 1979.

123. Дрезден М. Мифология древнего Ирана, Мифология древнего мира, «Наука», М., 1977.

124. Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология, «Наука», М., 1976.

125. Зисерман А. Я. Двацать пять лет на кавказе (1842-1867), С.-Петербург, 1879.

126. Иорданский В.Б. Хаос и Гармония, «Наука», М., 1982.

127. Кавказский календарь на 1851 год. Тифлис, 1850, отд. III (Константинов О.).

128. Кикнадзе З. Жертва, жрец, охотник. Кавказско-ближневосточный сборник, VII, «Мецниереба», Тб., 1984.

129. Ковалевский М. Закон и обычай на Кавказе,т.I, М., 1890.

130. Малетинский Е.М. Миф и сказка, Фольклор и этнография, «Наука», М., 1970.

131. Малетинский Е.М. Поэтика мифа, «Наука», М., 1976.

132. Малетинский Е.М. Эдда и ранние формы эпоса, «Наука», М., 1968.

133. Мифы народов мира, т.I, «Сов. Энциклопедия», М., 1980.

134. Младшая Эдда, «Наука», М., 1970.

135. Натроев А. Мцхета и ег собор Светцхвели, Тифлис, 1990.

136. Осетинские (Дигорские) народные изречения, «Наука», М., 1980.

137. Раде Г. Хевсуря хевсуры, Тифлис,1881.

138. Собрание древних литургий, восточных и западных, вып. 3, С. – Петербург, 1875.

139. Стурлуссн Снори, Круг Земной, «Наука», М., 1980.

140. Уваров А. С. Христианская символика, ч.I, М., 1908.

141. Фейербах Л. История философии, т.I, «Мысль», М., 1967.

142. Хрестоматия по истории Древнего Востока, под. ред. акад. В.В. Струве и Д.Г. Редера, «Наука», М., 1963.

143. Худадов Н.А. Заметки о Хевсурии, Зап. Кавк. Отд. ИРГО, кн. XIV, вып.I, Тифлис, 1890.

144. Чибиров Л.А. Осетинское народное жилище, Цхинвали, 1970.

145. Шамалов А. Религиозные культы чеченцев и ингушей и пути их преодоления, Грозный, 1963.

146.Шейфер Д.П. Културная среда общины, ж. «Культура», №1, 1983 (Пространство и комуникация), Юнеско.

146-ა. Яйленко Б.П. Архаическая Греция и Ближний Восток, «Наука», М., 1990

147. Benveniste E. Le vocabulaire des institutions indo-europiennes, 2. Pouvoire, droit, religion, P., 1969.

148. Buchholz H.-G., Karagerghis V. Altagais und Altkypros, Lpz., 1972.

149. Charachidze G. Le Systeme Religieux de la Georgie paienne, P., 1968.

150. Dodds E.R. The Greeks and the Irrational, University of California Press, Berklay, 1970.

151. Eliade M. Patterns in Comparative Religion, New American Library, New York, 1974.

152. Eliade M. Rites and Symbols of Initiation. The Mysteries of Birth and Rebirth, New York, 1965.

153. Eliade M. Le Mythe de l’eternal Retour, Archetypes et Repetition, Galimard, 1949.

154. Eliade M. The Sacred and Profane, The Nature of Religion, New York, 1959.

155. Fustel de Coulanges. Le Cite Antique. Etude sur la culte, le droit les institutions de la Greece et de Rome, P., 1908.

156. Harwood Fr. Myth, Memory and Oral Tradition, “American Anthropologist”, vol.78, №4, 1976, pp. 783-796.

157. Robertson Smith W. Lectures on the Religion of the Semites, Edinburgh, 1889.

158. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000685/kartuli%20mitologia.pdf