topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

რაჭა - გ.ბოჭორიძე

<უკან დაბრუნება...<<<რაჭა // საქართველოს კუთხეები>>>

რაჭის ისტორიული და დღევანდელი საზღვრები  - ბოჭორიძე გ.// რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბილისი, 1994. - გვ.40-43

რაჭა შეადგენს დასავლეთ საქართველოს ერთ კუთხეს. მის საზღვართათვის ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "რამეთუ მზღვრის რაჭას: აღმოსავლეთით კუდაროსა, წონისა და ფაწის მდინარის შორისი მთა, და კავკასი კედელა, და მუნიდამ ჩრდილოთ წარსული კავკასივე, ვიდრე დიგორის კავკასამდე, რაჭა გლოლისა და ჟღელეს შორისი; სამჴრით წონიდამ წამოსული მთა დასავლეთად აღმოსავლეთიდამ, ვიდრე არპანისა და დღნორამდე, გაჭრილი რიონისაგან მუნ. და მთასა ამას საერთოდ უწოდებენ რაჭის მთას, ხოლო განყოფით დღნორს ზეით წმიდის გიორგისას, მერმე გაჭრილს, ნაქერალას, ველევს, საღორეს, გარჯილას, ნაჯიხურევს, საწალიკეს და კეცებს. ამ მთათა ჩდილოთ კერძი არს რაჭისა და სამჴრეთის კერძი - გარჯილა - ნაჯიხურევ - საწალიკე - კეცებისა - არს არგუეთისა, და მდინარენიცა ეგრეთვე; დასავლით მზღვრის საღორის მთიდამ დღნორამდე რომელნი მთანი აღვსწერეთ, და მთა გუელის თავისა. ხოლო მათ მთათა დასავლის კერძო არს ოკრიბა... და ჩდილოთ მზღვრის რაჭას კავკასი, რომელი განჰყოფს გლოლას, ღებს, ჭიორასა და დიგორს - ბასიანსა, ლუხუნსა და სუანეთსა, სადმელს, ტოლას და სუანეთსა. და ამ საზღვართ შინაგან არს რაჭა, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა ჴრამითა, ჴევითა და ტყითა, შეუალი გარე მტრისაგან ჰავით არს კეთილმშვენი, ზაფხულს გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი, მტილოვანნი ყოველნი". (ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, გვ. 382). ზემოხსენებული მიწა-წყლიდან დღევანდელი პოლიტიკური და ადმინისტრაციული დაყოფით რაჭის ფარგლებში (ამბროლაურის, ონის რაიონებში) არ შედის აღმოსავლეთის ერთი კუთხე - კუდაროს ნაწილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაშია მოქცეული და მეორე დასავლეთისა - დღნორიდან ჭრებალომდე, რომელიც ლეჩხუმზე (ცაგერის რაიონზე) არის მიწერილი. გეოგრაფიულად რაჭა იყოფა ორ ნაწილად: ზემო რაჭა და ქვემო რაჭად; ზემო რაჭა იპყრობს ტერიტორიას დაწყებული ღებ-ჭიორიდან და გათავებული წესით ("იწროთა"); ქვემო რაჭა კი წესის ქვემო ნაწილს. რაჭის სახელისათვის ვახუშტი წერს, რომ "სახელი რაჭა, მოიგო გარემოთა დიდროვანთა მთათაგან და შიგან ღრმის ადგილებისა მიერ "იხილე რა ჭაა ესე"-ო; ეს განმარტება, რასაკვირკელია, საეჭვოა: სიტყვა "რაჭა" სხვა ძირიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ვახუშტი აგრეთვე წერს: "რაჭას პირველად თაკუერი ეწოდებოდა" (ვახუშტი, "ქართლის ცხოვრება", IV, გვ.748, შენ.1). ივ.ჯავახიშვილის აზრით, "იქნებ წინათ თაკუერი საზოგადო სახელი იყო რაჭა-ლეჩხუმისა, ხოლო შემდეგ რაჭა შემოიღეს და თაკუერი ლეჩხუმს შემორჩა"-ო (ივ.ჯავახიშვილი, თხზ. ტ II, თბ., 1983, გვ.52). საჭიროდ ვთვლი მოვიყვანო ზოგიერთი ისტორიული ცნობები რაჭის დასახლებული ადგილების შესახებ. რაჭის უძველესი ხანის მოსახლეობისათვის ძვირფას მასალას იძლევა ნიკორწმინდის ეტრატზე ნაწერი სიგელი XI ს. მასში მოხსენებული არიან შემდეგი სოფლები: ზნაკუა, მეტეხარა, ჯვარისა, ნიკოლაოს წმიდა, ბეთაბრელი, ზახლეული, კაჩაეთი, ჴევ-ჴმელი, შხრო, შომეთი (შოშიეთი ?), ქუმელოანი, თერნეული თუ თერნეულისთავი, ხოტევი, აგარა, ძირგეული, ჴივში, შქმერი, საჴიდი, ველიშეული, ცხილათი, საწირუ, მუხურა, ამათგან ზნაკუა, ჯვარისა, ნიკოლაოსწმიდა იგივე ნიკორწმინდა, ხოტევი, აგარა, ძირგეული იგივე ძირაგეული, ჴიეში და შქმერი დღესაც არსებობენ; შომეთი (შოშიეთი ?) თ.ჟორდანიას მიერ შეცდომით არის ამოკითხული; უნდა ყოფილიყო შომიეთი, რომელიც დღესაც ეწოდება ნიკორწმინდის დასავლეთ - ჩრდილოეთ განაპირას მდებარე ადგილს, ჭელიშისაკენ მიმავალ გზაზე, რომელზედაც უბანი გაშენებულა ამ 60-80 წლის წინათ. კაჩაეთი ჰქვიან სოფელს ნიკორწმინდის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით (მობმულია ნიკორწმინდაზე); შხრო დღეს ჰქვიან ერთ წყაროს ნიკორწმინდაშივე რომელიც ხვდება ტყიბულიდან მიმავალ ადამიანს მარჯვენა მხარეს, ე.ი. ნიკორწმინდის ეკლესიის დასავლეთით, მცირე უბანში (30 კომლი); ალბათ, ამ წყაროს გარშემო მდებარე ადგილსაც ძველად იგივე სახელი ერქვა. ჴევ-ჴმელიც ადგილს ეწოდება ორგან: ერთი სოფ.ნიკორწმინდის ბოლოზე, დასავლეთით მეორე კი ნიკორწმინდიდან დასავლეთით მთაში, 3 ვერსზე; უფრო პირველი უნდა იყოს. არა ჩანს მდებარეობა: მეტეხარასი, ბეთაბრელისა, ზახლეულისა, ქუმელოანისა, თერნეულისა თუ თერნეულისთავისა და საჴიდისა. სხვა რა სოფლები არსებობდა XI ს. არ ვიცით. მერმე, XV ს. მოსახლეობისათვის მცირე ცნობებს იძლევა ალექსანდრე მეფის სიგელი 1432 წლისა (ს.კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის წ.I, გვ.126-130). აქ მოხსენებული არის ზემო რაჭის ერთი ნაწილის შემდეგი ადგილები: ონი, ჭიდროთა, გლოლა, ზედაქალაქი, ბუბა, ჩუშო, ჭიორა, შოდა, ღები და თევრეშო; ამათში ყველა დასახლებული ადგილია, მხოლოდ ჭიორა და გლოლა არა ჩანს მოსახლეობიანია თუ არა. შემდეგ, XVII ს. მოსახლეობისათვის ცნობები მოგვეპოვება აგრეთვე რუსეთის ელჩების ტოლოჩანოვის და იევლევის ელჩობის წიგნში. იმერეთის სამეფოს დასახლებული ადგილების - ციხესიმაგრეების აღწერაში მათ შეტანილი აქვთ რაჭის ციხესიმაგრეებიც. ბევრი სახელი ელჩების მიერ სწორად ვერ არის გადმოცემული: დავასახელებ მათგან მარტო იმათ, რომელთა აღმოკითხვა და აღმოცნობა შესაძლებელი გახდა (გვერდები მომყავს მ.პოლიექტოვის გამოცემით Посольство стольника Толочанова и дьяка Иевлева в Имеретию, ტფილისი, 1926 წ.)

1. Гор Рача (გვ.113), Рачи (გვ.184), რომელიც ნიკოლოზ საკვირველმოქმედი ეკლესიის მიხედვით (გვ.124) ნიკორწმიდა არის

2. Гор. Знаку (113), Знаква (184) - ზნაკუა, ზნაკვა

3. Гор. Албралаву (113), Амбрулов (184) - ამბროლაური

4. Гор. Садмелии (113), Садмели - სადმელი

5. Гор. Схова (113)- სხოვა, სხვავა

6. Гор. Цесый (113)- წესი

7. Гор. Минда (113)-  მინდა

8. Гор. Гарии (113), Гари - ღარი

9. Гор. Сакацыи (113), Сакацы (184) - საკეცე (ვახ.) საკეცია

10. Гор. Хеб (113) - ღები

11. Горю Чиора (113) - ჭიორა

ორი უკანასკნელი ციხე-ქალაქი ელჩებს ერთადაც აქვთ მოხსენებული: (გვ.184) - ღებ-ჭიორა.

12. Гор. Тевризжии (113), Тевриж (122, 184) - თევრეშო.

13. Гор. Куараз (113), Куарач (184), Квара (105) - კვარა

14. Гор. Хотевис (184) - ხოტევი და სხვა....

ბოლოს, XVIII ს-ში რაჭა აღწერილი აქვს ვახუშტის. მისი აღწერილობა ყველაზე მთლიანი და სრულია: იგი აღწერს მიწა-წყალს, მოსახლეობას, მის ყოფა-ცხოვრებას, ისტორიულ ძეგლებს და სხვ. აქ აღვნიშნავ მხოლოდ მთავარ დასახელებულ ადგილებს - დაბებს, რომელიც მოყვანილი აქვს მას: კრიხი (ვახუშტი, საქ.გეოგრაფია, ბროსეს გამ., გვ.374), ხოტევი (იქვე), ნიკოლაწმიდა (იქვე), წესი (გვ.376), შქმერი (378), წედისი (იქვე), ონი, ღარი, ძეგლევი, უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები (გვ.380) და სხვ.

რაჭის ძველი ხანის პოლიტიკური მდგომარეობა

რაჭის უძველესი ხანის პოლიტიკური მდგომარეობისათვის ნამდვილი ცნობები არ მოგვეპოვება. ვახუშტი თავის გეოგრაფიაში წერს: "პირველად იყო რაჭა შორაპნის საერისთაო, მერე იქნა თვით საერისთაო"-ო (იქვე, გვ. 384); იგივე პირი საქართველოს ისტორიაში იმავე საერისთავოს დაარსებას მიაწერს (სხვა საერისთავოებთან ერთად) ლეონ აფხაზთა მეფეს, VIII ს. ბოლოს (ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოც., გვ. 271; ქართლ. ცხოვრ., II , გვ. 175-176), ბროსეს სიტყვით კი, რაჭა ძველად "ერთმეფობის დროს ირიცხებოდა მეფის სრულ დამოკიდებულებაში". თამარის, გიორგი ლაშასა და რუსუდანის დროს აქ იყვნენ ძლიერნი ერისთავნი, მაგრამ... იმათ არ ჰქონდათ უფლება საერისთაოს მემკვიდრეობით გადაცემისა" (მ.ბროსე, საქ.ისტ.II, გვ.175-176).

რაჭა ეკუთვნოდა თუ არა შორაპნის საერისთავოს?

პირველი საკითხი, მართლა ეკუთვნოდა თუ არა რაჭა შორაპანს (არგვეთს): ამაზე საისტორიო წყაროები არაფერს გვეუბნებიან: მათში გვხვდება საქართველოს სხვადახვა კუთხის საერისთავოები, მაგრამ რაჭის საერისთავო არსად არ არის მოხსენებული XII ს-მდე; იგი სხვა საერისთავოს ფარგლებში უნდა ყოფილიყო მოქცეული. არის კიდევ ორი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ ამ საკითხისათვის. პირველი - რაჭის ერისთავები კახაბერისძეები მონათესავენი ჩანან შორაპნის (ანუ არგვეთის) მამულობით მემკვიდრე ერისთავთა ლიპარიტეთთა, რაც ჩანს შემდეგიდან: თვითეული ამ გვართაგანი (ლიპარიტეთი და კახაბერისძეები) საისტორიო წყაროებში იხსენიება ერთი უძველესი ხანის გვარის ბაღუაშის, შტოდ, სტეფანოს ორბელიანი ამბობს, რომ ლიპარიტები ბაღუაშის გვარისანი არიანო (ქრონიკები I, გვ. 194). ჟამთააღმწერელიც ამასვე ამბობს კახაბერისძეებზე: „მოკუდა და მოისპო... ნათესავი... ბაღუშთა კახაბრის ძეთაა“-ო (ქცხ. მარ. დედ. ვარ. 721. კახაბერიძეთა ბაღუაშიდან ჩამომავლობას ეხება აგრეთვე ს.კაკაბაძე 1929 წელს გამოცემულ ნაჭრომში - საისტ. კრ. 4, 105, შენ 2). მერმე, კახაბერთა გვარი ცხადდება ლიპარიტეთა გვარიდან მომდინარედ; ივ.ჯავახიშვილის მიერ ახლად აღმოჩენილი ქ~ცხა გვეუბნება: ბრძოლად... ყუესცა... დრკუესა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტეთთა შვილთა კახაბერთაო" (ახლად აღმოჩენილი ქართულსი ცხოვრება, 213). შემდეგ, ამავე გვართა ერთობას ამოწმებს სხვა ადგილებიც იმავე წყაროებისა: იგივე ჟამთააღმწერელი ზემოხსენებულ ადგილსავე ამბობს კახაბერზე: „გვარისაგან მოაქვნდა ორგულობა, იწყო ღალატად მეფეთაო" (ქართლის ცხოვრ., მარიამ დედოფლისეული ნისხა, ე.თაყაიშვილის გამოც. თბ., 1906, გვ.724); ახლად აღმოჩენილი ქ~ცხაც ამასვე იმეორებს -„ბრძოლად... ყუესა... დრკუსა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტის შვილთა კახაბერთა“ (ახლ. აღმ. ქცხ. 210). და ამით ორივენი უთითებენ ბაგრატ IV-ის ცნობილ მოწინააღმდეგე ლიპარიტსა და მის გვარზე. ბოლოს კახაბრის გვარის წევრნი ძალიან ხშირად ატარებენ იმავე სახელებს, რომელნიც საზოგადოდ ძლიერ მიღებული და გავრცელებული იყო ლიპარიტეთა გვარში, ასეთია სახელები რატი და კახაბერ. რატი ლიპარიტეთა გვარში ოთხი არის ცნობილი: XI-XII საუკუნეში  (რატი I, II, III და IV) (ИКОМАО), ხოლო კახაბერთა გვარში რამდენიმე ჩანს XI-XIII  სს-შია ორი ნიკორწმინდის წარწერებში (წ.III და ს.№3) და მერამე სხვავის ჯვარისა (ს. №1);  კახაბერი ლიპარიტეთა გვარში ცნობილია ნიანიას ძე (ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. III, გვ.465), ხოლო კახაბერთაგან რამდენიმე; ოთხი ნიკორწმინდის წარწერებში (წ.III და ს.№3) და მესამე იმავე სხვავის ჯვარისა (ს. №1). მეორე - ორივე კუთხე შორაპან-რაჭა) კულტურულად დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. წარწერები რაჭა-არგვეთის მთავარი ისტორიული ძეგლებისა იმეორებენ ერთსა და იმავე ზემოხსენებულ სახელებს კახაბერს (კაცხი,  მღვიმევი, ნიკორწმინდა), რატის (კაცხი ნიკორწმინდა) და ნიანიას (მღვიმევი, ნიკორწმინდა). უმეტეს შემთხვევაში ამ სახელების ქვეშ ერთი და იგივე პირნი იკითხებიან, მაგ., კახაბერი და რატი კაცხისა და ნიკორწმინდისა: ერთი და იგივე პირთა მოღვაწეობა ორივე კუთხის ასპარეზზე ცხადყოფს ამ კუთხეთა პოლიტიკურ და კულტურულ კავშირს. ყველა ამის შემდეგ დავასკვნით: შორაპან-რაჭის ერისთავთა ლიპარიტ-კახაბერთა ნათესაობრივი კავშირი და იმავე კუთხეთა კულტურული კავშირი გვაფიქრებინებს ამ კუთხეთა ტერიტორიალურ და პოლიტიკურ ერთიანობას, რაც საბაბს გვაძლევს ვთქვათ, რომ რაჭა უძველეს ხანაში შესაძლებელია იყო შორაპნის (არგვეთის) საერისთავოს ნაწილი. ამასვე გვკარნახობს უძველესი ხანის საისტორიო წყაროების სიჩუმე ამ კუთხის შესახებ.

როდის წარმოიქმნა რაჭის ცალკე საერისთავო?

მეორე საკითხი, როდის წარმოიქმნა რაჭის ცალკე საერისთავო,  მე-8 ს. ბოლოს, როგორც ამას ამბობს ვახუშტი (ვახუშტი, საქ. ცხ., ზ.ჭიჭინაძის გამოც., თბ., 1913), თუ სხვა დროს? არც ამის საბუთი გვაქვს. საისტორიო წყაროები უძველესი დროისა იხსენიებენ სხვადასხვა  კუთხის ერისთავებს, მაგრამ რაჭის ერისთავი არსად არა ჩანს XII ს-მდე. პირველად იგი გვხვდება თამარ მეფის დროს, მაგრამ მასზე უწინ რაჭის ერისთავს იხსენიებს ნიკორწმინდის მაცხოვრის ხატის წარწერა XI ს. ბოლოსი; იქ იკითხება: "...მე კახაბერ ყოფილმან კირილე... მოვჭედე ხატი ესე... სადღეგრძელებლად ძისა ჩემისა ერისთავთ ერისთავისა რაჭის ერისთავისა რატისად" (იხ. ს. №3). ეს პირველი ცნობაა, რომელიც რაოდენიმედ ნათელს ჰფენს რაჭის საერისთავოს დაარსების საკითხს. შემდეგ ხანაში რაჭის ერისთავები თამარ მეფიდან დაწყებული მრავალ ადგილას არიან მოხსენიებულნი. ამგვარად, ზემოთ მოყვანილი ხატის წარწერის დროზე (XI ს. ბოლო) ადრინდელი ცნობა არსად არა გვაქვს. ის გარემოება, რომ რაჭის შესანიშნავ ძეგლზე, ნიკორწმინღის ტაძარზე მის აშენების დროის წარწერებში არც ერთი პირი არ არის რაჭის" ერისთავის ტიტულით საბუთს გვაძლევს ვთქვათ, რომ ამ ტაძრის აშენებამდე, ე.ი. XI ს. დასაწყისამდე რაჭის საერისთავო არ უნდა ყოფილიყო დაარსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ მოხდებოდა, რომ იქ, სადაც იხსენიება ცნობილი ერისთავთერისთავი და ნოველისიმოსი ნიანია, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მხოლოდ  კაბერი და რატი (უტიტულონი), მათ შორის რაჭის ერისთავი, ასე ვთქვათ, ამ ორ კიდეთა შუა მდგომი პირი, არ ყოფილიყო მოხსენებული. იგივე ტაძარი სხვა საბუთსაც გვაძლევს: მის აშენებას დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა რაჭის ცხოვრებაში და საფიქრებელია, რომ იგი ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ამ კუთხის ცალკე საერისთავოს შექმნის საქმეში. ამგვარად, რაჭის საერისთავოს დაარსების საკითხისათვის მთავარი და ერთადერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზემოთ მოყვანილ წარწერას, რომელიც მიეკუთვნება XI ს. ბოლოს. ვემყარები რა ხსენებულ წარწერას და აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ნიკორწმინდის ტაძრის წარწერები არ იხსენიებენ რაჭის ერისთავს და იმ მოსაზრებას, რომ რაჭის საერისთავოს დაარსებაში თვალსაჩინო როლი უნდა ეთამშა ამ ტაძრის აშენებას, ვფიქრობ, რომ ხსენებული საერისთავოს დაარსება უნდა მომხდარიყო X ს. ბოლოს, ანუ X- XI სს საზღვარზე და ზემოხსენებული წარწერის (მაცხოვრის ხატისა) ერისთავთერისთავი და რაჭის ერისთავი რატი უნდა იყოს რაჭის პირველი ერისთავი. საისტორიო წყაროების - რაჭისა და არგვეთის ძეგლთა წარწერების მიხედვით შესაძლებელია შევადგინოთ რაჭის პირველ ერისთავთა გვარ - შთამომავლობის სია XI ს. ნახევრიდან XIII საუკუნემდე;

კახაბერი და რატი (ნიკორწმინდის კედლის წარწერა №3). უკანასკნელი შემდეგ ერისთავთერისთავი (ნიკორწმინდის წარწერების №3-ის რატი, №5-ის ერისთავერისთავი რატი და №3 ერისთავთერისთავი რატი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს. ეკლესიია კარიბჭის აშენებისას იგი უჴელოა (წ. III), ხოლო შემდეგ (წ. მე-5 და №3) იგი უკვე ერისთავთერისთავია.).

XI საუკუნის მეორე ნახევარი - ევფემია (ნიკოწმინდის წარწ.)  კახაბერ ყოფილი კირილე (ნიკორწმინდის სიძვ., №3) XI ს.

ბოლო ერისთავთერისთავი, რაჭის ერისთავი რატი, XI ს. ბოლო და XII ს. დასაწყისი (რაჭის პირველი ერისთავი (?).

კვირიკე (ქ~ცხ. მარიამ  დედ. ნუსხა, 400, შენ. II), XII ს. ნახევარი.

რაჭა - თაკვერის ერისთავი კახაბერი, იგივე რაჭის ერისთავი XIII ს. მეორე ნახევარი.

რაჭის ერისთავი რატი, შემდეგ რაჭის ერისთავთერისთავი, XIII ს. დასაწყისი.

კახაბერი, შემდეგ რაჭის ერისთავი, იგივე ერისთავთერისთავი XIII ს. ნახევარი (1278 წ.). საერისთავოს ქვეშეთი ერთეული რაჭაში ძველად იგივე არის, რაც აღმოსავლეთ საქართველოში - ჴევი (ა.ქ.სამ. ისტ. 8; ბ. იმერეთის ზოგიერთი ადგილის წარწერებშიაც ესევე ტერმინი იკითხება: მაგ., სოფ. მათხოჯის წმ.ბასილის ხატის წარწერა იხსენიებს „მათხოჯისჴევს“ და სხვ.; ჩანს ამ კუთხეშიაც ერთი საგამგეო ერთეულთაგანი ჴევი ყოფილა). სხვავის ჯვრის წარწერა ამბობს: „ააშენენ... მოჴევენი და ჴევნი"-ო მრავალძალის ორი ხატის (№4 და 5) წარწერები იხსენიებს ფარახეთის (მრავალძალის მახლობლად არის) ჴევს; ღებისა (№19) - ღების ჴევს და სხვ.

რა როლს თამაშობდა რაჭა საქართველოს ცხოვრებაში

როგორც ზევით აღვნიშნე, XII ს-მდე საისტორიო წყაროები არავითარ მასალას არ იძლევიან რაჭის შესახებ, ხოლო ამ ხანიდან მოკიდებული რაჭა ერთი თვალსაჩინო მოძრავი და ცოცხალი კუთხეა საქართველოსი; იგი მთავარი მონაწილეა საქართველოს ბედისა თუ  უბედობისა; უმისოდ არც ერთი საქმე არ წყდება ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში (გაყოფამდე საქართველოსი) და მერმე დასავლეთში (გაყოფის შემდეგ); მისი წარმომადგენელი - ერისთავი - ერთი პირველთაგანია სამეფო კარზე, იგი ხან ქვეყნის მთლიანობას და სიმტკიცეს ემსახურება, ხან კი დარღვევას და დანაწილებას. აქ მოვიყვან მთავარ ფაქტებს რაჭის ცხოვრებიდან, ამოღებულს ქ~ცხისა და ვახუშტის ისტორიიდან. დასაწყისში რაჭის ერისთავები საქართველოს მთლიანობას და მის მეფეებს ემსახურებიან. თამარის მეფედ კურთხევაში რაჭის ერისთავს პირველი ადგილი უჭირავს ქუთათელი ანტონის შემდეგ; თამარ მეფის ისტორიკოსი მოგვითხრობს: "ლიხთ-იმერთაგან იყო დადგმად გჳრგჳნისა თავსა  სამეფოსა, აწუიეს... მთავარეპისკობოზი ქუთათელი ანტონე საღირის ძე მიღებად გვირგვინისა და ცალკე კერძისა კახაბერი ერისთავი რაჭისა და თავკვერისა, და სრულყვეს... ვარდანის ძეთა, საღირის ძეთა და ამანელის ძეთა მოღებად და დადებად ჴრმლისაო. როგორც ჩანს, რაჭის ერისთავი, დასავლეთ საქართველოს სხვა ფეოდალებთან ერთად, თამარს მეფედ კურთხევისას ხმალს არტყამს; ეს წესი. ეჭვი არ არას, მარტო ამ გარემოებისათვის არ უნდა  ყოფილიყო შედგენილი, არამედ ძველთაგანვე უნდა მომდინარეობდეს. ასევე მონაწილეა რაჭის ერისთავი რუსუდან დედოფლის დროს მისი ძის დავითის ტახტზე დასმისა. რაჭის ერისთავნი იხსენიებიან იმავე რუსუდანას ძის დავით მეფის ნოინებთან წარგზავნისას. რუსუდანის სიკვდილის შემდეგ რაჭის ერისთავი ცოტნე დადიანთან ერთად მონახევრე ხდება "ყოველი იმერი სამეფოჲსა". იგი მონაწილეა აგრეთვე: კოხტისთავს კრებაში თათართაგან განდგომისათვის; საქართველოს ორ სამეფოდ გაყოფასა და დასავლეთში დავითის  გამეფებისას და სხვ. ამის შემდეგ რაჭის ერისთავები განდგომის გზას ადგებიან.