topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

შიომღვიმე - საქართველოს სულიერი საგანძური

< უკან დაბრუნება

"მამაო შიო, ასურო, მსურის შენდა". შიომღვიმე // საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I. - თბ., 2005. - გვ. 196 - 199.

ასურელი მამის, წმინდა შიოს მოღვაწეობის შესახებ. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის (იოანე ნათლისმცემლისა და ზემო ეკლესიის-ღვთისმშობლის სახელობის, სატრაპეზოსა და სამლოცველოს) ხუროთმოძღვრული დახასიათება, მშენებლობის ეტაპები, კულტურულ-საგანმანათლებლო და მწიგნობრული მოღვაწეობა. მოხსენიებული არიან: კათალიკოსი ბასილ კარიჭის ძე (XI ს.), არსენ იყალთოელი, იონა ხელაშვილი, გერონტი სოლოღაშვილი, იოსებ სამებელი და სხვები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ძეგლის საერთო ხედისა და დეტალების ფოტოები. ასურული სახელი "შიო" ("შმეონ"-ის ალერსობით-კნინობითი ფორმაა) ბერძნული „სვიმეონიდან“ მომდინარეობს. "დაყუდების მოყუარე" ნეტარი მამა შიო საქართველოში ჩამოსვლამდე ოცი წელი მოსაგრეობდა უდაბნოში თავის მოძღვართან, წმინდა მამა იოანე ზედაზნელთან ერთად. წმიდა შიომ ქარლთშიც უდაბნოს მიმართა და, წმიდა იოანეს კურთხევით, მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეებში იპოვა მიუვალი, უწყლო,მხეცებით სავსე მღვიმე. წმიდა ელია თაზბიტელის მსგავსად, მას მტრედი უზიდავდა საზრდოს. სამოცი დღე დაითმინა ნეტარმა შიომ საზრდელისა და სასმელის გარეშე, ყველანაირ საცდურსაც სძლია. ამის წილ იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხილვის ღირსი შეიქმნა. ერთ დღეს, ცისკრის დადგომისას, მიუთხრობელი ნათელი და განუცდელი სურნელება მოეფინა წმიდა შიოს მღვიმეს - მის წინაშე იდგნენ ყოვლადწმიდა მარიამი და წმიდა იოანე ნათლისმცემელი. დედაღვთისამ ქრისტეს ერთგულ მსახურს თოვლის მსგავსი რამ მისცა საზრდოდ.

უტკბესი იყო ეს ზეციური საზრდელი. მიუწვდომელი განცდით მიიღო წმიდა შიომ დედა ღვთისმშობლის ძღვენი, სიხარულით აღევსო გული, გაძლიერდა და ლოცვით მადლობდა ღმერთს. ნეტარი მამა შიოს სიწმიდემ და გულმოდგინებამ საღრმთო შური აღუძრა ფარსმან მეფის სპასპეტს, ციხედის მთავარს, ევაგრეს. მან მთელი თავისი საცხოვრებელი დაურიგა ღარიბ - ღატაკთ და უდაბნოში დარჩა სამოღვაწეოდ. ნეტარმა მამამ წმიდა ევაგრეს თავისი კვერთხი უბოძა, რითაც მან სასწაულებრივად გადალხა მდინარე მტკვარი - წმიდა მამა შიოს კურთხევით, წმიდა ევაგრემ კვერთხი მდინარეში ჩაჰყო და მშრალი ფსკერით გადავიდა მეორე მხარეს.ქრისტიან ბერ მონაზონთა სიწმიდე და ძალა მხეცთა თვინიერებითაც ცხადდებოდა ხოლმე. მღვიმის მონასტრის სახედრებს მგლები შემოეჩვივნენ, მათ რამდენიმეგზის დაგლიჯეს პირუტყვი. შეწუხებული წმიდა შიო ლოცვით შეევედრა  ღმერთს, რომ უდაბნოს ყველა მხეცი ერთად შემოკრებილიყო მის წინაშე. ასეც მოხდა. ნეტარი შიო ლმობიერად ესაურა მათ, მხეცები ნეტარის ბრძანებას ქედმოდრეკილნი ისმენდნენ. წმიდა მამამ მათ უთხრა: "იცის უფალმა იესო ქრისტემ, რომ გული მტკივა თქვენს გამო, მაგრამ რადგანაც ველურნი ხართ, ამიერიდან თქვენსა და ჩვენს დამბადებელს უბრძანებია, რომ მთელი ეს უდაბნო პირმეტყველი ადამიანებით უნდა აღივსოს, ახლა კი წადით, საყვარელნო, და სხვა ადგილი ეძიეთ თქვენთვის, ერთი თქვენგანი კი აქ უნდა დარჩეს სახედრების საყარაულოდ, რათა მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეთ ჩვენს ძმებს." საკვირველი მორჩილებით გაიფანტნენ მხეცები, ყველამ თავის ნაშიერს დაავლო პირი, მდინარე გადაიარეს და თვალს მიეფარნენ. ერთი მგელი თვინიერად დადგა წმიდა ბერის წინაშე. წმიდა შიომ მას უბრძანა, რომ ეს სახედრები განთიადისას გაეყვანა ხოლმე საძოვრად, მწუხრზე კი უკან მოეყვანა. მგელი წმიდა ბერის ბრძანებას დამორჩილდა. ერთელ ერთ-ერთ ბერის სახედარი გადაიჩეხა კლდიდან. ბერმა მგელი დაადანაშაულა და წმიდა შიოს მოსთხოვა პასუხი. მწყემსი-მგელი წკმუოდა, ტიროდა და ბერის კვერთხს ეძალებოდა. წმიდა მამამ ბერს უბრძანა, სახედრების მწყემსს მიჰყოლოდა და საკუთარი თვალით ეხილა, რაც დამართნოდა მის სახედარს. ახლა ძმათა სიძულვილშიც დადო ბრალი ბერმა წმიდა მამას.

მაშინ ნეტარმა შიომ ორი ძმა იახლა და ბერთან ერთად გაჰყვა მგელს. პარეხთან მათ გადაჩეხილი სახედარი იპოვეს. გაწბილებულმა ბერმა შენდობა ითხოვა. მგლის საკვირველმა მწყემსობამ ექვს წელიწადს გასტანა. ნეტარმა მამა შიომ მადლობა შესწირა მგელს სამსახურისათვის და უბრძანა, მგლებთან დაბრუნებულიყო და ნუღარასოდეს გაბედავდა კაცთა ვნებას:"წარვიდა მგელი იგი თავისუფალი ქმნილი ბრძანებითა წმიდისაჲთა", - შენიშნავს ქართველი ჰაგიოგრაფი. ამ სასწაულის მხილველნი გაოცებულში შეჰყუროდნენ მონა - მორჩილ მგელს და ადიდებდნენ ღმერთს. გობრონ (მიხეილ) საბინინი გვარწმუნებს, რომ ამ მსახური მგლის "მოსასვენებელი" დღემდეა შემორჩენილი წმიდა შიოს სამყოფელთან. წმიდა დიდი საკვირველმოქმედი შიო, ხელისგულზე ნაკვერჩხლით არის აღბეჭდილი ხატზე. სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეულმა წმიდა მამამ ხელისგულზე ნაკვერჩხალი დაიდო, საკმეველი დააყარა და კმევას შეუდგა, მაგრამ ხელისგული არ დაეწვა და უვნებლად დარჩა. წმიდა მამა შიო, თავისი სიცოხლის ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, საკუთარი ხელით გათხრილ ღრმა კლდოვან ორმოში იყო განმარტოებული და იქვე დაიმარხა. ღირსი მამა შიოს წმიდა ნაწილები ყოველი ყველიერის კვირის ხუთშაბათს სასწაულებრივად აღმოდიოდნენ საფლავიდან. ბოლოხანს კი იმავე ყველიერის ხუთშაბათს, წმიდა შიოს საფლავიდან საგრძნობი ცხოველმყოფელობით აღმოიფხვრა კეთილსურნელება, ღირსი მამა შიო მღვიმელი ხსენების დღეებია:  ყველიერის ხუთშაბათს, 7 (20) და 9 (22) მაისს.

************************************************************************************

შიომღვიმეს სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ- ერთი თვალსაჩინო რელიგიურ კულტურული ცენტრი, თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. წყაროები იუწყებიან, რომ მონასტერი დაარსა იოვანე ზედაზნელის მოწაფემ - შიომ. VI საუკუნის შუა წლებში, მამა შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლებში ბნელ ღრმა მღვიმეში გაუტარებია, ხოლო გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული. XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთდა. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმებიანი ეკლესია თითქმის სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, აგებული წმიდა მამა შიოს ინიციატივით, VI საუკუნის 50-60 იან წლებში. ეკლესია გეგმით მარტივია, "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობაა-გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება.

აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდაა. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა გუბათის ყელი, დასრულებული რვაწახნაგავე შეკრული კამარით, რომელიც გადახურულია კონუსისებური სახურავით. ინტერიერს ამშვენებდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ორნამენტითა და ფიგურებიანი რელიეფით შემკული XI საუკუნის ქვის კანკელი. მიუხედავად XI და XVIII საუკუნეეში განხორციელებული მინაშენებისა, ეკლესიამ მაინც შეინარჩუნა თავდაპირველი სახე. აგურის სამრეკლო XVIII საუკუნეს განეკუთვნება. მონასტრის შუაგულში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც ზემო ეკლესიის სახელითაა ცნობილი და აშენებულია XI -XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათოვანი იყო, 1678 წელს კი აღადგინეს ბაზილიკის სახით. სამეურნეო დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია სატრაპეზო, რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნისაა, ხოლო გადაკეთებული და განახლებული-XVII საუკუნის. მთაზე აღმართული პატარა მოხატული სამლოცველო XII საუკუნეს განეკუთვნება. შიომღვიმე დაწინაურებული სამონასტრო ცენტრი იყო. დიდი მღვიმის უდაბნოს - "დიდ ლავრას" უწოდებდნენ. აქ ფართოდ იყო გაჩაღებული კულტურულ-საგანმანათლებლო და მწიგნობრული საქმიანობა. შიო მღვიმელი პირველი შემოქმედი იყო. მას მიეწერება "ასსამოცი თავის სწავლაი ყოვლად შუენიერი და ტკბილი, რომლითა განისწავლებოდეს ყოველნი იგი კრებულნი მარადის". მის კალამს ეკუთვნის ლირიზმით აღსავსე ჰიმნები.

XI საუკუნეში შიომღვიმეში მოღვაწეობდა კათალიკოსი ბასილ კარიჭის ძე. იგი ეფრემ მცირის ძმა უნდა ყოფილიყო. მან თავი მოუყარა გადმოცემებს შიო მღვიმელის სასწაულმოქმედებებზე და დაამუშვა ლიტერატურულად. შიომღვიმეში მოღვაწეობდა განთქმული ფილოსოფოსი და მწიგნობარი არსენ იყალთოელი. სწორედ აქ დაასრულა მან დოგმატიკურ - პოლემიკური კრებული "დოგმატიკონი".შიომღვიმეში მოღვაწობდა "სასო და განმანათლებელი" ბერი არსენი, რომელმაც სავანეში დაამკვიდრა სვიმეონ სასწაულმოქმედის მონასტრის ტიპიკონი. კალიგრაფმა, გიორგი ხუცესმონაზონმა (XIII - XIV სს.), გაამრავლა მრავალი თხზულება. მანვე შეადგინა ტიპიკონის მოზრდილი ხელნაწერი და გადაწერა შიომღვიმის ოთხთავი. XVIII საუკუნეში შიომღვიმეში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: იოსებ სამებელი, გამალიელ გამრეკელი, იონა ხელაშვილი, გერონტი სოლოღაშვილი. შიომღვიმეში მდიდარი წიგნსაცავი ყოფილა. 1804 წლის ცნობით, შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.