topmenu

 

ფარავნის ასფარა - ლ. მელიქსეთ - ბეგი

< უკან დაბრუნება ...<<<საქართველოს მეგალითები >>>

 

ფარავნის ასფარა // ლ. მელიქსეთ- ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში., თბ., 1938 წ., გვ. 60-61

"ასფარა" ძველი სახელწოდებაა იმ სოფლისა, რომელსაც აწ "ბობლიკან"||"პუბლიკან" ჰქვია ფარავნის ტბის ნაპირზე. აქ ერთვერსიან ძველ რუკაზე აღნიშნულია "ნაციხარი, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. იგი. უთუოდ, ციკლოპური სისტემისა უნდა ყოფილიყო, რამდენადაც მის ადგილზე, ძველ ნაგებობათა განადგურების შემდეგ, იგივე მასალა (დაუმუშავებელი მსხვილი ქვები უკიროდ) საქონლის ფარეხად (кутан) გადაუქცევიათ. ამრიგად, ამ პუნქტში ჩვენ გვაქვს მეგალითური ნაგებობის ახალი დროის გადაშენების ნიმუში. ეჭვს გარეშეა, რომ ესევე სახელწოდება "ასფარა" იგულისხმება, "თავფარავნელი ჭაბუკის" ხალხურ თქმულებაში, უკეთუ „ასფარა"-დ ვიგულისხმებთ ამავე ტბის ერთ-ერთ დაძირულ კუნძულთაგანს, რომელთა შესახებ გადმოცემებს ჩვენამდე მოუღწევია. თავისთავად ცხადია, რომ „თავფარავნელი ჭაბუკი"-ს ლეგენდა ხალხურ ლეგენდა-ბალადათა იმ ციკლიდანაა, რომელსაც, სხვათა შორის, სომხური "ახთამარი" ეკუთვნის, რასაკვირველია, იმ ვერსიით, როგორც იგი ჩაწერილი და პოეტურად გაფორმებულია ოჰ. თუმანიანის მიერ. ამ ბალადის დედააზრი რომანია ჭაბუკსა და ქალს შორის, რომელნიც ერთმანეთისგან ზღვით||ტბით არიან დაშორებულნი, ისე რომ ერთი მათგანი წყლის განპირას მცხოვრებია, მეორე კი კუნძულისა. სომხურ ბალადაში "ახთამარ" კუნძულის სახელწოდებაა. კუნძულის სახელწოდებავე უნდა იყოს ქართული "ასფარა", ქართული ბალადის გარკვეულ ვერსიებში სხვადასხვანაირად იკითხება: ხან "ასპანა" და ხან "გასპარა".

მაგალითად, ერთში ვკითხულობთ:

მთაფარავნელი ჭაბუკი

ასპანას ქალსა ჰყვარობდა.

შუაში ერთი ზღვა ჰქონდა,

იმაში გასვლას ზარობდა

მეორეში:

თავფარავნელის ჭაბუკი

ასპანას ქალსა ჰყვარობდა,

ზღვა ჰქონდა წინად სავალი,

გასვლას შიგ არა ზარობდა.

მესამეში:

ზემო-ქართლელი ჭაბუკი

გასპარას ქალსა ჰყვარობდა

შუაზე დიდი ზღვა ედო,

გასვლასა არა ზარობდა".

(ხალხური სიტყვიერება ე.თაყაიშეილის რედ., I,428, 284; და სხვ.

ამ ვერსიაში რომ ფარავნის ტბაა ზღვად ნახსენები, ეს ყოველ ეჭვს გარეშეა, ხოლო "თავ-ფარავანი" აქ ტბას კი არ უნდა აღნიშნავდეს, არამედ ფარავნის ტბის თავში მდებარე სოფელს, ე.ი. საკუთრივ ფარავანს ანუ აწინდელ როდიონოვკას, სადაც თამარ მეფის დროინდელ ნაგებობათ (ფუნდუკ - ქარვასლა, ეკლესიები, ჯვარიან ქვად გადაქცეული მენჰირ-ვეშაპი თამარის დროის წარწერითა და თამარ დავით სოსლანის ემბლემით) მოუღწევიათ ჩვენამდე. ამიტომაცაა, რომ "თავფარავნელი ჭაბუკი"ს ბალადის ერთ-ერთ ვერსიაში თავფარავნის მაგივრად "თამარაშენი"იხსენიება; ხოლო ეს "თამარაშენი" თითქოს ძველი სახელწოდება უნდა იყოს აწინდელი როდიონოვკასი ანუ თავფარავანისა (თამარის საპატიოდ წოდებულისა), ვიდრე აწინდელი სტალინირის (ცხინვალის) მახლობლად მდებარე სოფლისა, რაც კონტექსტით ვერასგზით ვერ იქნება გამართლებული.