topmenu

 

დაშბაში

< უკან დაბრუნება ...<<ეკლესია-მონასტრები// საქართველოს მეგალითები>>>

იმედა ქურთაულის ფოტო

დაშბაში // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. III.- თბ., 1978. - გვ.408.

დაშბაში, ტაშბაში, სოფელი წალკის რაიონში (თრიალეთის სადაბო საბჭო), ჭოჭიანის პლატოზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, წალკიდან 2,5 კმ....სოფელში ორი ეკლესიაა. ერთი - წმ.გიორგისა, "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. წარწერის მიხედვით, X- XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. ნაგებობა დაზიანებულია. გუნბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი. შენობის დეკორატიულ სამკაულში გავრცელებულ სახეებთან ერთად გვხვდება ორიგინალური სკულპტურული კომპოზიციებიც. მეორე ეკლესია თლილი ქვით ნაგები უგუმბათო ერთკამარიანი შენობაა. საპირე ქვებზე ასომთავრულით ამოკვეთილი ლაპიდარული ტექსტების ფრაგმენტებიდან ირკვევა, რომ ისიც რატი ერისთავთ-ერისთავის მმართველობის დროს აუგიათ. დაშბაშის ძველი ქართული სახელწოდებაა ახალქალაქი. აქ სხვადასხვა დროს თრიალეთის ერისმთავართა, საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი იყო.

ლ. რჩეულიშვილი

ლ. მელიქსეთ - ბეგი, - ტაშბაშ //მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ.,1938 წ., გვ. 54

"ტაშბაშ"||"დაშბაშ", როგორც უკვე ნათქვამი გვქონდა, თურქული სიტყვაა, რაც ქვა-თავა, ქვის-თავი, თავის ქვა"-ს აღნიშნავს. ასე ეწოდება სომეხთა სოფელს ზემო-წალკაზე, სადაც აწ ტაშბაშჰესი აშენდა, ბარმაქსიზ-წალკის მახლობლად (4 კილომეტრზე), სწორედ იმ კლდოვან ნახევარკუნძულზე, სადაც მდ.ქცია ღრმა ხრამში ვარდება. მისი ძველი სახელწოდება „ახალქალაქი" ყოფილა, სწორედ ისე, როგორც ბარმაქსიზ-წალკისა "ეძანი". აქ ყოფილა ოდესღაც საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი. აქ საინტერესოა ჯვარის რიგის ეკლესია რატ ერისთავთ - ერისთავის საუცხოო ასომთავრული წარწერით, ხოლო ეკლესიის წინ ემჩნევა ციკლოპური ზღუდის ნაშთი: როგორც ეტყობა, ციკლოპურ ციხეს მხოლოდ ეს ერთი ზღუდე ახლდა დასავლეთით, რამდენადაც სწორედ ამ მხრიდან იყო იგი მისადგომი, დანარჩენი მხრიდან კი მას უვლიდა ღრმა ხრამი დაქანებული კლდეებით. (ლ.მელიქსეთ -ბეგი, ახალი პრობლემა საქართველოს ისტორიაში, გვ.222-223. მისივე, ტაშბაშ, - "ხრამჰესის დამკვრელი", 1935 წ. 6 X, № 35, ზღუდის ფოტოსურათით). აღნიშნული ზღუდის ანალოგია იხ. სომხეთში, სახელდობრ ჰორომის სადგომში (სურ.4).

დაშბაში (წალკის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. III.- თბ., 1978. - გვ.408. - მოკლე ცნობები სოფ.დაშბაშში (ტაშბაშში) მდებარე ორი ეკლესიის შესახებ.

2. დაშბაში. წმ. გიორგის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980.- გვ.243-248. - წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების წარწერების (პილიგრიმული, საამშენებლო, ქტიტორული) შესახებ. მოხსენიებულია ექვ.თაყაიშვილი.

3. ლ. მელიქსეთ - ბეგი, - ტაშბაშ //მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ.,1938 წ., გვ. 54