topmenu

 

ბეშთაშენი - ჟღერს ქვის ჰარმონია

<უკან დაბრუნება ...<<<ეკლესია - მონასტრები // მეგალითები საქართველოში>>>


გ. ბაგრატიონის ფოტო

ბეშთაშენის წმ. გიორგის ეკლესია - დევი ბერძენიშვილი //ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13., გვ.186-187

ბეშთაშენი სოფელია წალკის რაიონში მდ.აღრის მარცხენა ნაპირას, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წალკიდან 5 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1540 მ-ზე. სოფელი მდებარეობს ისტორიულ თრიალეთში. ძველად ბეშქენაშენი ერქვა, ბეშთაშენით შეცვალეს 1830-იან წლებში არზრუმის მხარიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. მდ.აღრისაც ვახუშტი ბატონიშვილი ბეშქენაშენის ხევს უწოდებს. 1392წ. ბეშქენაშენი თრიალეთის სხვა სოფლებთან ერთად მცხეთის საკათალიკოსო მამულების ჩამონათვლშია. შუა სოფელში დგას წმ.გიორგის სახელობის ეკლესია. იგი დიდრონი თლილი ქვებითაა ნაგები და კარგადაც შენახულა. მოზრდილ დარბაზულ შენობას სამხრეთიდან მინაშენი აქვს მთელ სიგრძეზე, რომელიც უფრო დაბალია, ვიდრე მთავარი ნავი. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთ დაბალ სვეტზე დაყრდნობილი 2 ღია თაღით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მინაშენის სამხრეთ კედელზე ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია აუგიათ გურგენისძეებს ერისთავ ვახტანგის ბრძანებითა და თანადგომით: წარწერა გაუკეთებია გურგენ მღვდელს, აქ მოხსენიებული პირები სხვა წყაროებში არ ჩანან, მაგრამ ფიქრობენ, რომ წარწერა XII ს-ში უნდა იყოს გაკეთებული თრიალეთიდან ბაღვაშების გადაშენების შემდეგ, თამარის გამეფებამდე. ეკლესიის გალავნის ყორეში, დასავლეთით, ჩაყოლებულია დიდი ლოდი ნუსხური წარწერით, საიდანაც ჩანს, რომ ეკლესიის მშენებლობაზე უშრომია ვინმე მონაზონ თავაის ძეს. ეს ქვა სოფლის პირველი ეკლესიიდან (ნათლისმცემლის) უნდა იყოს აქ მოტანილი და X-XI სს-ით თარიღდება.

ბეშთაშენში ყოფილა ციკლოპური წყობის ციხე, სადაც 1938-39 წლებში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ბ.კუფტინმა. ამ ციხისგან ახლა თითქმის აღარაფერია დარჩენილი, ქვები მოსახლეობას საკუთარი სახლების მშენებლობაზე გამოუყენებია. სოფლის ჩრდილო - აღმოსვლეთით, ქედზე, დაახლოებით 150 წლის წინ აგებული პატარა ეკლესია დგას. ეკლესიაში ძველი მოზრდილი ქვაჯვარია, რომელსაც ნუსხურად აწერია: "ქ.წმიდა ნათლისმცემელი". მეორე ეკლესია სოფლის ჩრდილო - დასავლეთითა. ის ძველი ქართულ სალოცავის ნაშთია, ბერძნების მიერ გვიან შეკეთებული. საკურთხეველში სატრაპეზოს ლოდზე რელეფური ჯვარია გამოსახული. ეკლესიის  ირგვლივ ახალი ბერძნული სასაფლოა.

ბეშთაშენის  წმ.ნიკოლოზის ეკლესია