topmenu

 

ბეშთაშენი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება ...<<<საქართველოს მეგალითები>>>

ბეშთაშენი (ისტ. ბეშქენაშენი), სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე აგრიჩაის ნაპირას, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 1540 მ. წალკიდან 5 კმ. ბეშთაშენი არის წმინდა გიორგის ეკლესია (დაახლოებით X-XIII სს), მის მახლობლად - VII საუკუნის ეკლესია, სოფლის ჩრდილოეთით 0,5 კმ-ზე, ციკლოპური ციხის ნანგრევები, მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, ბრინჯაოს ხანის გორასამარხები, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის სამაროვნები, გათხრილი 1938 -1939 წლებში თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ბ. კუფტინი).

ბეშთაშენი

ბეშკენაშენი (ქც 4: 319,19).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 319,19), 1392 წ. ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 117), 1559 წ. ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 264), XVII ს-ის ისტორიული საბუთი (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 87; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 41-42), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 326), XVIII ს-ის აღწერის მასალები (მასალანი საქ. სტატ. 1907: 19), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 48).

ვახუშტი ბაგრატიონი ბეშკენაშენის შესახებ გადმოგვცემს: „ეძანს ზეით ერთვის ქციას ბეშკენაშენის-ხევი ჩრდილოდამ. გამოსდის ერჯევნისა და კლდე-კარის მთასა. აღმოსავლით ბეშკენაშენისა არს ტბა ბარეთისა, მცირე, უთევზო“.

მდებარეობს წალკის მუნიც-ში, წალკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 7 კმ-ზე, თანამედროვე სოფელ ბეშთაშენის ტერიტორიაზე.

ისტორიულ საბუთებში პირველად მოხსენიებულია XIV ს-ში. 1697 წ. ქართლის კათოლიკოსმა იოანე დიასამიძემ ბეშკენაშელებს ხელშეუვალობლის წიგნი მისცა. 1721 წ. ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილმა და გივი თუმანიშვილმა შეადგინეს საბარათიანოს მეწინავე სადროშოსა და სომხითის აღწერა, რომლის მიხედვით ბეშკენაშენში ითვლებოდა 1 მებატონე – სვიმონ ბატონიშვილი, 4 მემამულე-აზნაური რჩეულიშვილები, 12 გამომღები და 3 ბოგანო ყმა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 41-42; ლორთქიფანიძე 1935: 291). XIX ს-ში რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგ თრიალეთში ბერძნების ჩამოსახლება დაიწყო. საუკუნის ბოლოსათვის ბეშკენაშენი უკვე ბერძნული სოფელი ბეშთაშენია, სადაც 250 კომლზე მეტი ცხოვრობდა (თაყაიშვილი 1913: 15-17).

ბეშთაშენის სიძველეთა მეცნიერული შესწავლის დასაწყისი დაკავშირებულია ექ. თაყაიშვილის სახელთან, რომელმაც XIX ს-ის დასასრულს აღწერა თრიალეთის სოფლები, მათ შორის, ბეშქენაშენი. პირველი არქეოლოგიური კვლევა კი იოაკიმოვს ჩაუტარებია. ბეშთაშენის ტერიტორიაზე, მის დასავლეთ ნაწილში 1882 წ. კომაროვსა და იოაკიმოვს ანტიკური ხანის სამარხები გაუთხრიათ. ამავე ეპოქის 7 სამარხი 1896 წ. ექ. თაყაიშვილსაც შეუსწავლია. 1936-1948 წწ. წალკის წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა ბ. კუფტინი. 1989 წ-დან გათხრებს ატარებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თრიალეთის ექსპედიცია (ხელმძღ. გ. ნარიმანიშვილი).

სოფ. ბეშთაშენიდან ჩრდილო-დასავლეთით 0,2 კმ-ზე, მდ. გერიაკ-ჩაის და მდ. ბაშკოვსუს ხერთვისში, მაღალ კანიონებს შორის მოქცეულ კონცხზე განლაგებულია „ციკლოპური ნაქალაქარი“, რომელიც მრავალფენიან ძეგლს წარმოადგენს: უძველესია მეზოლითური ხანის ღია სადგომის ნაშთები, რომელიც „ნაქალაქარის“ სამხრეთით, მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

„ციკლოპური ნაქალაქარის“ ტერიტორიაზე გათხრილია ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის 2 ჰორიზონტი და შუაბრინჯაოს ხანის დასასრულის ფენა, რომელსაც ფარავს გვიანბრინჯაოს ხანის შენობების ნაშთები და შუა საუკუნეების ფენები. აქვე გაითხარა ძვ. წ. III-II სს-ის ნამოსახლარის 2 ნაგებობა და ძვ. წ. IV-III და I სს-ის სამარხები.

ნამოსახლარსა და სამაროვნებს 30 ჰა ფართობი უკავია. სამკუთხა ფორმის კონცხის ჩრდილოეთი ნაწილი მძლავრი „ციკლოპური“ კედლითაა გადაკეტილი. მის წინ თავდაცვითი თხრილია მოწყობილი, რომლის სიღრმე 5 მ-მდეა.

ციკლოპური ნაქალაქარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს აქემენიდური და მიდიური ეპოქის სამაროვნები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – გვიანბრინჯაოს ხანისა. აქემენიდურ და მიდიურ ქვაყუთებს ჩაჭრილი აქვთ ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ფენები. აქვე აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის ერთი სამარხი (ნარიმანიშვილი ... 1998: 39-55; ჟორჟიკაშვილი, გოგაძე 1974: 6).

„ციკლოპური“ ნამოსახლარის აღმოსავლეთით, მდ. ბაშკევ-სუს მარცხენა ნაპირზე მდებარეობს მეგალითური სადგომი. ადგილობრივი მოსახლეობა მას „დაშლეხს“ უწოდებს, რაც ქართულად „ლოდოვანს“ ნიშნავს. სადგომი შედგება ნაპრალ-გვირაბების და დოლმენისებური ნაგებობებისაგან (მელიქსეთ-ბეგი 1938: 55).

„ციკლოპური“ ნამოსახლარის დასავლეთით, მდინარის მარჯვენა ნაპირზე ძვ. წ. XIII-VII სს-ის მრავალიარუსიანი სამაროვანია გამართული. აქ, ბეშთაშენიდან საფარ-ხარაბასაკენ მიმავალი გზის პირას ბ. კუფტინმა 1936-1939 წწ. 49 სამარხი გათხარა. 1990-1999 წწ. კიდევ 11 სამარხი გაითხარა (კუფტინი 1936: 93; 1939: 3-71; 1941: 41-49, 65-75; მენაბდე, დავლიანიძე 1968: 98-143).

„ციკლოპური“ ნამოსახლარის სამხრეთით, მდინარეთა შესართავთან ახლოს ყოფილა გამართული ძვ. წ. IV-I სს-ის დიდი დასახლება, რომელიც მდ. ბეშქენაშენზე გადებული ხიდიდან იწყება, მიუყვება მდინარის მარჯვენა ნაპირს და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვნამდე მიდის.

სოფ. ბეშთაშენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1,5 კმ-ის დაცილებით, უსახელო მთის თხემზე კნოლეს „ციკლოპური“ ნამოსახლარი მდებარეობს. ის შედგება სიმაგრისა და მის გარშემო არსებული ნამოსახლარისაგან. სამხრეთ-აღმოსავლეთით სამაროვანია გამართული. სიმაგრეს გეგმით წაგრძელებული ოვალის ფორმა აქვს (დაახლ. 50X45 მ). კედლები, რომელთა სიგანე 1,2-2 მ-ია, ნაგებია დიდი ზომის დაუმუშავებელი ბაზალტის ქვებით. სიმაგრე გაყოფილია ორად. დამცავი კედლის თითქმის მთელ პერიმეტრზე მიდგმულია სახლები. გაითხარა ერთ-ერთი მათგანი. მისი კედლები შედგენილია დიდი ზომის (2X1 მ) ბაზალტის ლოდებით. იატაკი კლდოვან დედაქანზეა გამართული. კედლების მაქსიმალური შემორჩენილი სიმაღლე 2 მ-ია. სახლში აღმოჩენილი მცირერიცხოვანი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ძეგლი ძვ. წ. VIII-VI სს-ით თარიღდება.

ნამოსახლარი გაშენებულია სიმაგრის სამხრეთით. სახლები განლაგებულია ცალკეულ ჯგუფებად, რომლებიც, როგორც ჩანს, დამოუკიდებელ კომპლექსებს წარმოადგენენ. რამდენიმე სახლი სიმაგრის კედელზე გარედანაა მიდგმული.

სამაროვანი მდებარეობს ნამოსახლარის აღმოსავლეთით და სიმაგრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 200 მ-ის დაცილებით. გაითხარა 19 სამარხი. ისინი წარმოადგენენ ქვაყუთებს, რომელთაც შემოუყვებოდა 5-7 მ დმ-ის ქვაწრეები (კრომლეხები). სამაროვანი ძვ. წ. VII-VI სს-ით თარიღდება. ნამოსახლარის, სიმაგრისა და სამაროვნის საერთო ფართობი დაახლ. 8 ჰა-ს უდრის (ნარიმანიშვილი ... 1998).

სოფ. ბეშთაშენის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას, მდ. ბაშკოვ-სუს მარცხენა ნაპირზე, მთა ელი-ბაბას თხემსა და ფერდობებზე მდებარეობს საბეჭდავის „ციკლოპური“ ნამოსახლარი.

მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს XII-XVIII სს-ის ნასოფლარი. „ციკლოპური“ ნამოსახლარი, რომელიც მთის თხემზე და დასავლეთ კალთაზეა განფენილი, ძვ. წ. XIII-XII სს-ით თარიღდება. ის წარმოადგენს კომპლექსს, რომელიც სასიმაგრო სისტემების (ზედა და ქვედა სიმაგრეები), მათ შიგნით და გარეთ არსებული უბნებისაგან შედგება. ქვედა სიმაგრე, ხევის და მდინარის ხერთვისში, ბუნებრივ კონცხზეა გამართული. იგი 2 ნაწილისაგან შედგება და 2 შესასვლელი აქვს. ერთი სამხრეთიდანაა. მისი სიგანე თავდაპირველად 5 მ უნდა ყოფილიყო. შესასვლელის მარჯვნივ, ბუნებრივ ბაქანზე მდგარა ხუთკუთხა ნაგებობა, რომელიც ძლიერაა დაზიანებული. ამ შესასვლელით ვხვდებით სიმაგრის ტერიტორიაზე. მისი დასავლეთი ნაწილი პატარაა და, როგორც ჩანს, დაუსახლებელი იყო. მისი სიგრძე ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე 87 მ-ს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე კი 32 მ-ს შეადგენდა. სიმაგრის მთლიანი სიგრძე აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე 162 მ-ია, ჩრდილოთ-სამხრეთის ხაზზე კი 90 მ.

სიმაგრის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი გაყოფილია 1,0 მ სიგანის კედლით, რომლის შუა ნაწილში 1,3 მ სიგანის კარის ღიობია. გალავნის კედლები ნაგებია ბაზალტის დიდი დაუმუშავებელი ლოდებით, უდუღაბოდ. კედლების სისქე 3-4 მ-ს აღწევს. გალავნის მთელ პერიმეტრზე მიდგმულია სხვადასხვა ზომის 30-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელთა შორის დატოვებულია გასასვლელები და ქუჩები. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 0,8-1,5 მ-ს უდრის. ქვედა სიმაგრეში გათხრილია 9 სახლი. ყველა მათგანი მიდგმულია სასიმაგრო კედელზე, ნაგებია დაუმუშავებელი ქვებით. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 0,6-1,8 მ-ს უდრის. იატაკი, უმეტეს შემთხვევაში, თიხატკეპნილია. ერთ შემთხვევაში სახლის იატაკს მოშანდაკებული ბაზალტის დედაქანი წარმოადგენს. სახლებში დადასტურდა კერები. ისინი წარმოადგენენ თიხისაგან გამოძერწილ, სტაციონალურ კერებს, რომელთა დმ 0,3-0,4 მ-ია.

სახლებში აღმოჩენილი მასალა ძირითადად კერამიკითაა წარმოდგენილი. მათი უმეტესობა ხელითაა ნაძერწი, უხეშკეციანია და არათანაბრადაა გამომწვარი. დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი რიყისა და ბაზალტის ქვის სანაყები და სასრესები. სახლებში აღმოჩენილი მასალები ძვ. წ. XIII-XII სს-ით თარიღდება.

ნამოსახლარს 4 სამაროვანი აკრავს. ერთი მათგანი სამხრეთ-დასავლეთით არსებულ მინდორზეა განლაგებული, მეორე მდ. ბაშკევ-სუს მარჯვენა ნაპირზე, მესამე ნამოსახლარის დასავლეთით, მეოთხე კი ჩრდილო-დასავლეთით. ეს უკანასკნელი 2002-2003 წწ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისას შეისწავლეს. გაითხარა 129 სამარხი, რომლებიც ძვ. წ. VII-VI სს-ით თარიღდება (ნარიმანიშვილი 1998: 39-55; 2009; მურვანიძე 2005: 147-163).

სოფ. ბეშთაშენის გარშემო მრავალი ყორღანია. ერთი ჯგუფი სოფლის ჩრდილოეთით 0,8 კმ-ზე, ტყეში მდებარეობს. ისინი გამართულია ბეშთაშენის ჩრდილოეთით არსებული ქედის თხემზე, მდ. ბეიუკ-ჩაის მარჯვენა ნაპირზე. ყველა ყორღანი ქვაყრილიანია. ერთ-ერთი ყორღანის (XXVII) გათხრა დაიწყო ბ. კუფტინმა, მაგრამ არ დაუსრულებია. მეორე ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2,0 კმ-ის დაცილებით მდებარეობს. №1 ყორღანი განლაგებულია მანგლისი-წალკის გზასა და მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის ხაზის გადაკვეთასთან, ხიდის მარჯვნივ. ყორღანს გვერდზე ჩაუვლის გრუნტის გზა, რომელიც შავი მთისაკენ (კორსუ) მიემართება. ყორღანზე მდგარა მენჰირი, რომელიც ამჟამად მის ქვაყრილში გდია. ყორღანი დაზიანებულია რკინიგზის მშენებლობისას (ჩამოჭრილი აქვს ერთი მეოთხედი); №2 ყორღანი პირველისგან ჩრდილო-დასავლეთით 60 მ-ის დაცილებით მდებარეობს. №3 კი უშუალოდ შავი მთის ყველაზე მაღალ წერტილზეა გამართული. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდია წალკის რაიონში. ყველა ყორღანი ქვაყრილიანი ყორღანების ჯგუფს მიეკუთვნება. მესამე ჯგუფი (XII, XIII, XIV) განლაგებულია სოფ. ბეშთაშენის ჩრდილო-დასავლეთით, 1,0 კმ-ის დაცილებით. ეს ყორღანები ბ. კუფტინმა გათხარა 1938 წ. XII და XIII ყორღანები თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით, ხოლო XIV ყორღანი ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით (ჟორჟიკაშვილი, გოგაძე 1974: 11, 12, 19).

სოფლის აღმოსავლეთით მდებარე მინდორზე, ე. წ. „აეროდრომის“ ტერიტორიაზე განლაგებულია ქვაყრილიანი ყორღანების მეოთხე ჯგუფი, რომელთაგან XVIII და XXIII გაითხარა ბ. კუფტინის მიერ. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით (ჟორჟიკაშვილი, გოგაძე 1974: 21-22).

სოფ. ბეშთაშენიდან აღმოსავლეთით, 2,5 კმ-ის დაცილებით, ქვიშის კარიერის ტერიტორიაზე პალეონტოლოგიური ძეგლი და ბრინჯაოს ხანის სამაროვანი მდებარეობს. სამარხები გამართულია მდ. კორსუჩაის მარჯვენა ნაპირზე, მდინარეზე არსებული ხიდის დასავლეთით 500 მ-ზე. სამარხები გამოხატულია მცირე ზომის ქვაყრილებით. მათი ნაწილი დაზიანებულია ქვიშის ამოღების დროს. კარიერის ჭრილში 2003 წ. დაფიქსირდა სამხრეთული სპილოს ლულოვანი ძვალი.

პალეონტოლოგიური ნაშთები, რომლებიც 1,5 მილიონი წლით თარიღდება, მიკვლეულია სოფ. ბეშთაშენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2,0 კმ-ის დაცილებით სოფ. იმერადან ქ. წალკისაკენ მიმავალი გზის პირას. 2006-2007 წწ. ძეგლი ითხრებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგიური ექსპედიციის მიერ.

ბეშთაშენში რამდენიმე ეკლესიაა. სოფლის ცენტრალური მოედნის ჩრდილოეთ მხარეს დგას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც 1849 წ. განაახლეს ბერძნებმა. ეკლესია წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას. ნაგებია კარგად დამუშავებული კვადრებით. კედლის წყობაში ძველი ქართული ეკლესიის ქვებია ჩაყოლებული. ჩრდილოეთი სარკმლის ორივე მხარეს ჩაშენებულია ქვები, რომლებზეც ასომთავრული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. თარიღდება XI-XII სს-ით (ბერძენიშვილი 2005: 67). ეკლესია გადახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით ფარგლავს ნახევარწრიული აფსიდა და 2 პასტოფორია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. თაღოვანი სარკმლები ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დასავლეთის კეხზე დგას მცირე ზომის სამრეკლო. ეკლესიის დასავლეთით, ათიოდე მ-შია XX ს-ში აგებული სამსართულიანი სამრეკლო.

წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ეკლესია წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას (9,24X8,84 მ). აშენებულია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით. გეგმაში მართკუთხაა, აღმოსავლეთით 2 ნახევრადწრიული აფსიდით. ცენტრალური ნავის აფსიდში 2 თაღოვანი ნიშია: ერთი ჩრდილოეთით, მეორე სამხრეთით. ნიშებია სამხრეთის მცირე ნავის აფსიდშიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იგი გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის ვიწრო თაღოვანი სარკმლებით. სამხრეთის ფასადზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: „სახელითა ღმრთისათა ეს ეკლესია ჩვუენ გურგენისძეთ ავაგეთ ერისთავისა ვახტანგის ბრძანებით, თან-დგომით, სალოცველად მათთვის ქუაბს შემოიწირ(ა)დ დღის ყანა ჩაეწერ(ა) ჟამის წირვით, დაიდვა ყოველდთ წელიწადთ დღე აღუსების ხუთშაბათს. არა შეუცვალოს ესე ლოცვა და ჟამის წირვა, ვიდრე ეკლეს(ია) ესე დგეს, მღვდელი ვინცა შიგან ჟამს წირვიდეს. ვინ შეუცვალოს, ღმერთმან მიაგოს. გურგენ მღვდელმან დავწერე ცოდვილმან, უცებად (ვ)ჩხრეკე. ლოც(ვა) ყოთ ვინ, ღმერთმან (გა)კურთხოს, ამინ იყავნ“. წმინდა გიორგის ეკლესიის გალავნის დასავლეთის კედელში ჩაშენებულ დიდ ლოდზე ამოკვეთილია წარწერა: „ქ(რისტე) ღ(მრ)თ(ი)სა მშობლისა და ნათ(ლის)ა /მცემლ(ი)სა (მეოხებ)ითა ესე ეკლეს(ი)აიშრომა ხელითა /ჩემითა თავაის/ძ(ი)სა მოლაზონის/აითა გლახაკ/ისა და მშ(ი)ერ(ი)ს/ათა“ (თაყაიშვილი 1913: 16; ბერძენიშვილი 1982: 12; 2005: 65, 66; ლომთათიძე, გრძელიშვილი 1951: 323, 324). ეკლესია შემოზღუდულია ქვითკირის გალავნით, რომელშიც 2 კარიბჭეა დატანებული. გალავანში ჩაშენებულია საფლავის ქვები, რომელთა უმეტესობა გამოსახულებებითაა შემკული. ეკლესიის სამხრეთით ქვედა გალავანში ჩატანებულია ჯვრის გამოსახულებიანი ქვა. ჯვრის ორივე მხარეს ასომთავრული წარწერაა, რომელიც თითქმის არ იკითხება. ეკლესია თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით, წარწერები – X-XI სს-ით.

წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 100 მ-ის დაცილებით მდებარეობს ზეთსახდელი (20,10X8,25 მ), რომელიც ნაგებია დიდი ზომის დაუმუშავებელი ბაზალტის ქვით. დასავლეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში არის ნახევრადწრიული შეღრმავება (დმ 3,20 მ). ჩრდილოეთი კედელი დიდი ზომის ლოდებითაა ნაგები, რომლის ცენტრალურ ნაწილში გასასვლელია. ზედსახდელში დაცულია 2 გელაზის ქვა (დმ 1,70 მ, სიმაღლე 0,42 მ; დმ 1,85 მ, სიმაღლე 0,32 მ) და ხის ხრახნი (სიმაღლე 4,60 მ). გელაზის ქვები შემკულია ჯვრის რელიეფური გამოსახულებებით. XX ს-ის შუა წლებში ზეთსახდელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ადგილობრივმა ბერძნულმა მოსახლეობამ ააგო ზღუდე-ბაქანი და ზედ ააშენა მცირე ზომის სამლოცველო, რომლის აღმოსავლეთ კედელში ჩაშენებულია ჯვრის გამოსახულებიანი მონოლითი. ბ. კუფტინის მიხედვით XX ს-ის 30-იან წლებში აქ სამლოცველო არ იდგა და ჯვრიანი ქვა ზეთსახდელის აღმოსავლეთ კედელში იყო ჩაშენებული, რომლისკენაც ქვის კიბეები ადიოდა (კუფტინი 1936: 16-17).

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით ფერდობზე. აგებულია ბერძნების მიერ ძველი მოზრდილი ეკლესიის ნანგრევებზე. იგი დარბაზული მცირე ზომის ნაგებობაა. ნაშენია დამუშავებული ქვებით. გადახურულია შიფერით. გეგმით ეკლესია მართკუთხაა, აღმოსავლეთით ბრტყელი აფსიდით. ახალი სამლოცველო ძველ ეკლესიაში მდგარი ქვაჯვრისათვის შემოუშენებიათ ირგვლივ. ქვაჯვარი (0,80X0,53 მ) ჩადგმულია მასიურ ქვაში გამოკვეთილი ნახევარსფეროს ფორმის ბაზისში. ქვის ჯვარს შუაში რელიეფური კოპი აქვს. ჯვრის განივ მკლავებზე ასომთავრული წარწერაა: „ქ(რისტე) წმიდა ნათ/ლის(მ)ცემელი“. რელიეფურკოპიანი ჯვარია გამოსახული ბაზისის ქვაზეც. ქვაჯვარი X-XI სს-ს მიეკუთვნება. სამლოცველო აგებულია XX ს-ში (ბერძენიშვილი 1982: 11).

ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 48; ბერძენიშვილი 1982: 12; 2005: 65, 66; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 87; თაყაიშვილი 1913: 15-17; კუფტინი 1936: 16-17, 93; 1939: 3-71; 1941: 41-49, 65-75; ლომთათიძე, გრძელიშვილი 1951: 323-324; ლორთქიფანიძე 1935: 291; მასალანი საქ. სტატ. 1907: 19; მელიქსეთ-ბეგი 1938: 55; მენაბდე, დავლიანიძე 1968: 98-143; მურვანიძე 2005: 147-163; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 41-42; ნარიმანიშვილი 1998: 39-55; 2009; ჟორჟიკაშვილი, გოგაძე 1972: 6, 11-12, 19, 21-22; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 326; 1970: 117, 264; ქც 4: 319,19.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

„ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.

წყარო: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=271


ბეშთაშენი (წალკის რაიონი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერძენიშვილი დ. თრიალეთის უცნობი წარწერები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ.VI. - თბ., 1982.- გვ.11-13. - სოფ. ბეშთაშენის (ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით - ბეშქენაშენი) ნათლისმცემლის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებისა და მათში შემორჩენილი წარწერების აღწერილობა.

2. ბეშთაშენი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტII.- თბ., გვ.347. - სოფ. ბეშთაშენის მატერიალური კულტურის ძეგლთა აღწერილობა.

3. ლომთათიძე გ. გრძელიშვილი ი. თრიალეთში 1949 წელს მივლინების ანგარიში //მიმომხილველი. II. - 1951. - გვ.321-325. - სოფ.ბეშთაშენის (თაყაიშვილის მიხედვით ბეშქენაშენი)წმინდა თევდორეს, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიების აღწერილობა.

4. ბაქრაძე ა. თრიალეთისა და ატენის ეპიგრაფიკული ზეგლები, როგორც ისტორიული წყარო //საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე. - XX - В. - 1959. - გვ.55-77. - ბეშთაშენის ეკლესიაში შემორჩენილი წარწერების მიმოხილვა

5. ბეშთაშნი // ლ. მელიქსეთ - ბეგი  -  მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ.42

6. ბეშთაშენის წმ. გიორგის ეკლესია - დევი ბერძენიშვილი // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13., გვ.186-187

 

 

 

 

 

***********************************************************************************

ბეშთაშენის "დაშლეხ"-ი // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 42

"ბეშთაშენ" - ახალი სახელწოდებაა იმ სოფლისა, რომელსაც წინათ „ბეშკენაშენ“ ეწოდებოდა. თვით ამ სახელწოდებას განმარტავენ როგორც თურქულს, ვითომდა ხუთი (ბეშ) ქვისაგან აგებულ ობიექტს...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

ბეშთაშენის წმ. გიორგის ეკლესია - დევი ბერძენიშვილი // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ. 13., გვ. 186-187

ბეშთაშენი სოფელია წალკის რაიონში მდ. აღრის მარცხენა ნაპირას, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წალკიდან 5 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1540 მ-ზე...<<ტექსტი სრულად აქ...<<