topmenu

 

ტიმოთესუბანი - ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ტიმოთესუბნის ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", საკითხავი ყმაწვილთათვის, ტ.15. - თბ., 2007. - გვ.66-69.

ტიმოთესუბნის ეკლესია. ტიმოთესუბნის ეკლესია ბორჯომთან, წაღვერიდან 3 კილომეტრზე, მდინარე თორის (ხლანდელი გუჯარეთისწყალი) ღრმა და ვიწრო ხეობაში მდებარეობს. გუჯარეთის (თორის) წყლის გაღმა განმარტოებით აღმართული კლდიდან უზნარიანის ციხე გადმოგვყურებს. ეს ციხე თორელთა საგვარეულო ციხე ყოფილა. ტიმოთესუბანში მას კიმოთესუბანსაც უწოდებენ, ასე ჰქვია აქ მდებარე სოფელსაც) დღესაც შეიმჩნევა სხვადასხვა სახის ნაგებობათა ნანგრევები. ტიმოთესუბნის მონასტერი XVIII ს-მდე მოქმედი იყო. XIX ს-ში დაყრუვდა და დაცარიელდა, შენობები კი დაინგრა. ისტორიული წყაროები ძეგლის შესახებ დუმან. პირველი ისტორიკოსი, ვინც ტიმოთესუბნის მონასტერს იხსენიებს, ვახუშტი ბატონიშვილია: „თორის წყლის აღმოსავლეთით არის კიმოთესუბანი, მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, შვენიერს ადგილს ზის წინამძღვარი“. ტიმოთისუბნის სამონასტრო კომპლექსის შენობათა შორის მთავარი ნაგებობა წმ.მარიამის ეკლესია. მისი გეგმა რთულია. სამი მკლავი სწორხაზოვანი აქვს, მეოთხე, აღმოსავლეთისა კი - წრიული. აქ სამი დამოუკიდებელი წახნაგოვანი აფსიდი გეგმიდან გარეთაა გამოწეული. აფსიდების გარე კონტური უფორმო წრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძარი აგებულია აგურით და მოკლებულია ყოველგვარ დეკორატიულ გაფორმებას. შიგა სივრცის გადაწყვეტა ჩვეულებრივია: ცენტრში აღმართულია გუმბათი, რომელიც საკურთხევლის კუთხეებისა და დასავლეთ ბურჯებს ეყრდნობა. გვერდითი მკლავები შედარებით მოკლეა, დანარჩენი ორ კი - გრძელი. გვერდითი ნავები თაღებითაა გამოყოფილი. საკურთხეველი სამი ნაწილისაგან შედგება. გვერდითი სათავსოებიც სადიაკვნე და სამკვეთლო, აფსიდებით მთავრდება. საკურთხეველი ამაღლებულია ერთი საფეხურით, სარკმლების ქვეშ კიდევ ერთი საფეხურია, ცენტრშიც ერთი საფეხურია დამატებული. ეს, როგორც ჩანს, მღვდელმთავრის დასაჯდომი ადგილი იყო. საკურთხევლის გვერდით, სათავსოები - სადიაკვნე და სამკვეთლო - ორსართულიანია; სამკვეთლო ერთი კარით უკავშირდება საკურთხეველს. ტრაპეზი მხოლოდ საკურთხეველს შერჩა. ტაძარში შესვლა შეიძლება დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან. ორივე კარი არქიტრავითაა გადახურული, შიგნიდან კი თაღოვანია, ტაძარი კარგადაა განათებული გუმბათის ყელში გაჭრილი 12 სარკმლით. ამას გარდა, საკურთხეველსა და გვერდით ნაწილებში სამ-სამი სარკმელია, დასავლეთ მკლავს ერთი, სარკმელი აქვს, ჩრდილოეთი სარკმლები ამოქოლილია. აღმოსავლეთი ფასადი მხატვრული გაფორმებით განსხვავდება სხვა ფასადებისაგან; სხვა ფასადები დეკორატიულად გაფორმებული არ არის. აღმოსავლეთისა კი შვერილი აფსიდებითაა გაფორმებული. მაღალი და ფართოა შუა ხუთწახნაგოვანი აფსიდი. სადიაკვნეს აფსიდს შვიდი წახნაგი აქვს, სამკვეთლოსას - ექვსი. ტაძარს დასავლეთიდან მიდგმული აქვს მცირე ზომის კარიბჭე (კარიბჭეზე ორფერდიანი გადახურვაა). ეკლესია გადახურულია ქვის ფილებით (მაგრამ გადახურვა თავდაპირველი არ ჩანს: ეზოში ყრია ფერადი კრამიტის ნატეხები - ალბათ ადრეულ სახურავის ფრაგმენტები). გუმბათის ყელი ცილინდრულია, დამუშავებულია თაღედით; სარკმლებიც თაღებშია ჩასმული. გუმბათის ყელი გაფორმებულია ცისფერი კერამიკული ფილებით. ასეთივე ფილებისგან თაღედის არეში ჯვრებია შექმნილი. სამშენებლო აგური კვადრატული ფორმისაა, ხსნარი სქელია. განირჩევა კარნიზის ორი ფენა. ადრეული ფენა უფრო კარგადაა დამუშავებული. კარნიზი ყველგან შემორჩენილი არ არის. ტიმოთესუბნის ეკლესია ცენტრალურგუმბათიანი ძეგლია, ტაძრის აღმოსავლეთი ფასადი თავისებურადაა გადაწყვეტილი: ესაა მისი შვერილი აფსიდები, რომლებიც ძეგლს თავისებურ ხასიათს ანიჭებენ. ასეთი ფორმის აფსიდები დამახასიათებელია ადრეული ძეგლებისათვის. ძეგლის კომპოზიციის ძირითადი ნაწილია გუმბათი. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. ტაძარი კარგადაა განათებული, უფრო უხვადაა განათებული. გუმბათქვეშა სივრცე. ამით ოსტატმა შექმნა ფერწერული განათება, რაც გარკვეულ მხატვრულ შთაბეჭდილებას ქმნის. ტიმოთესუბნის ეკლესია დათარიღებულია მხატვრული და ხუროთმოძღვრული ანალიზის მეშვეობით. იგი ყინწვისის და ბეთანიის  ხუროთმოძღვრულ ძეგლების ტიპის გაგრძელებაა, ამიტომაც მკვლევარებს XII XIII სს-ის მიჯნს ძეგლად მიაჩნიათ. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შედარებით კარგადაა დაცული. აქ სულ 31 კომპოზიციაა (ამათგან 5 დაღუპული). ეკლესიის კედლებზე გამოსახულია სახარების, ღვთისმშობლისა და ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სცენები. ფიგურები მოძრავი, ემოციური, მოქნილი და ელასტიურია. ოსტატურადაა შესრულებული ტანსაცმლის ნაოჭები. ღრმა დრამატიზმით, კოლორიტით მხატვრობა ენათესავება ვარძიის, ყინწვისის, ბეთანიის, ბერთუბნის ეკლესიების კედლის მხატრობას. ეკლესიის ზომებია უკარიბჭეოდ: 20X13,8 მ. სიმაღლე შიგნით - 21,5მ.

ამირან ჩხარტიშვილი