topmenu

 

ყინწვისი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

ყინწვისის კომპლექსი, არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ხეობაში.

კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო.

ყინწვისის კოშკი დაზიანებულია. შემორჩენილია: ღვთისმშობლის ეკლესიის საკურთხეველი, გალავნის ნაშთი და მასში ჩართული კოშკი-სამრეკლოს ორი სართულის კედლები.

გალავნის და კოშკის ნანგრევები

უკეთაა მოღწეული წმ. ნიკოლოზის და მცირე ეკლესიები.

სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა რამდენიმეჯერ: 1938 წელს - ზერელე. 1939-40 წლებში აღდგა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის დაზიანებული გარე კედლების ზედაპირი; შეიცვალა ქვის ლავგარდნები; აღდგა და დაკონსერვდა მინაშენები; გადაეწყო გუმბათის კონუსური გადახურვის დაზიანებული ქვის ლორფინები; ჩატარდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა. დამზადდა და ჩამოიკიდა ცულით გათლილი ძველის მაგვარი ხის კარები; მოეწყო წყალგამტარი კიუვეტები; დაკონსერვდა ეზოში შესასვლელი ნაგებობა (ჭიშკარი); დასავლეთის მინაშენი და მცირე ეკლესია გადაიხურა ღარიანი, თანამედროვე კრამიტით: ხის საყრდენი გაუკეთდა ავარიულ თაღს დასავლეთის მინაშენის სამხრეთ სათავსში; სარკმლებში ჩაიდგა მავთულისბადეებიანი ალათები. 1953-57 წლებში წმ.ნიკოლოზის ეკლესია გადაიხურა თანამედროვე ღარიანი კრამიტით; სახურავის ქანობებზე გაკეთდა წყალმიმღები ღარები და წყალსავალი მილები; ღვთისმშობლის ეკლესიის ნახევრად დანგრეული კამარა გადაიხურა, ხოლო დასავლეთის ორი კედელი დაკონსერვდა. 1964 წელს ჩატარდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის რესტავრაცია. 1964-66 წწ. გაიწმინდა და გამაგრდა წმ. ნიკოლოზის ტაძრის მხატვრობა (რესტავრატორები შ.აბრამიშვილი, კ.ბაკურაძე).

წმ. ნიკოლოზის ეკლესია - ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა 19,7 (მონაშენის გარეშე) X 14 (მინაშენების გარეშე) მ, სიმ. გუმბათის ქვეშ 24,3 მ), ნაშენია აგურით. თარიღდება XII-XIII სს-ის მიჯნით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV ს-ში.

ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით.

ეკლესიაში შემავალი ჩრდილოეთ კარი

კვადრატის საფუძველზე აღმართული გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ცილინდრულ ყელზე თორმეტი სარკმელია. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის წინ ღრმა ბემა ისრული კამარითაა გადახურული. კონქი მეოთხედი სფეროა. აფსიდში სამი სარკმელი და ერთი ნიშია. შუა სარკმლის ღერძზე აგურის სატრაპეზოა. საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია. მოგვიანებით ნაგები (XVI-XVII სს.) აგურის კანკელი საკურთხევლის საზღვრებიდან წინაა წამოწეული. კანკელის ცენტრში თაღოვანი აღსავლის კარია, გვერდებზე ერთ ხაზზე განლაგებულია სამ-სამი თაღი. განაპირა თაღები ხატის შესანახი ნიშებია. საკურთხევლის ორივე მხარეს ორსართულიანი სათავსებია. პირველ სართულზე აფსიდიანი, ცილინდრული კამარით გადახურული სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც ეკლესიის ძირითად სივრცეს კარებით უკავშირდებიან. სათავსებს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. II სართულხე ასეთივე გეგმის თითო საიდუმლო ოთახია. ამ ოთახებში მოხვედრა შეიძლება ქვედა სართულის გადახურვაში დაყოლებული ხვრელიდან მისადგმელი კიბით. ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები მოკლე და თითქმის თანაბარია. დასავლეთის მკლავი ოდნავ წაგრძელებულია. მკლავები ისრული კამარითაა გადახურული. დასავლეთის მკლავში მაღლა ერთი სარკმელია, გვერდის მკლავებში კი სამ-სამი (ორი ქვევით და თითო ზევით). სარკმლებს ნახევარწრიული გადახურვა აქვთ. ვიწრო და გრძელი გვერდის ნავები ცილინდრული კამარითაა გადახურული. მათ განივ კედლებში თითო სარკმელია.

ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია XIII ს-ის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. კტიტორი მოხსენიებულია სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედლის ძლიერ დაზიანებულ წარწერაში. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანის ვინაობას განმარტავს ქართული ასომთავრული წარწერები. მხოლოდ ჯვარცმის კომპოზიციაში და ნართექსში, გასასვლელი კარის წირთხლებზე, ვხვდებით ბერძნულ წარწერებს. გაძრის გუმბათი, ოთხივე მკლავი, მკლავებშორისი სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთ სივრცის კედლები მთლიანად იყო მოხატული. დასავლეთ მკლავისა და კამარების მოხატულობის დიდი ნაწილი არ შემორჩენილა. გუმბათში გამოსახულია ძვირფასი ქვებით შემკული ჯვარი, ქვემოთ, სარკმლების თავზე ვედრების კომპოზიციაა განვითარებული იკონოგრაფიული რედაქციით (ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და ცხრა მთავარანგელოზი); სარკმლებს შუა ფიგურები განლაგებულია ორ რიგად: პირველ რიგში აღმოსავლეთ სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია მამამთავარი აბრაამი, ამავე სარკმლის სამხრეთით წინასწარმეტყველები ელია, ზაქარია, იერემია, მალაქია, ეზეკიელი, ესაია; მეორე რიგში - წმინდანები: სოზონ, მინა, აბიბოს, პლატონ, ფლოროს, ლავროს, მუკი, ანდრია სტრატილატი, გორია, სამონა, იაკობ დაჭრილი და ონისიფორე. გუმბათის აფრებში გამოსახული მახარებლები, რომლებსაც სახარება უჭირავთ ხელში, ჩასმულია მედალიონებში, ხოლო აქეთ-იქით კი აღმოსავლეთისკენ მიბრუნებული მფრინავ ანგელოზთა ორ-ორი ფიგურაა.

საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისრტრად იყოფა.

ზედა რეგისტრში გამოსახულია ღვთისმშობელი მჯდომარე ოდიგიტრიას სახით, მის გარშემო ანგელოზთა ფიგურებია (ორი კონქში, ოთხი ბემის კამარაში). ბემის თაღის ცენტრში წრეში ჩახაზული ჯვარია გამოსახული, მეორე რეგისტრში ბემის კედლებზე - მოციქულთა ზიარება. აბსიდის სარკმლებს შუა ორი წმინდანია: ჩრდილოეთით - წმ. ნიკოლოზი, სამხრეთით - წმ.სილიბისტრო. მესამე რეგისტრში გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი: ჩრდილოეთით - იოანე ოქროპირი, ხარლამპი, ნიკოლოზ, კვირილე ალექსანდრიელი, გრიგოლ საკვირველმოქმედი და პეტრე ალექსანდრიელი; სამხრეთით - გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბაგრატი, ბასილი, ათანასე, გრიგოლ ნოსელი და მიტროფანე. საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე დიაკვნების ტიმონის, ტიმოთეს, ტიტეს, სტეფანეს, პარმენისა და პროქორის გამოსახულებებია. შუა სარკმლის ქვემოთ, ნიშში, მაცხოვრის წელზედა ფიგურაა. ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების სცენებია; სამხრეთ მკლავის პირველ რეგისტრში, სამხრეთის კედელზე - ხარება, აღმოსავლეთით - ღვთისმშობლის შობა, დასავლეთით - ტაძრად მიყვანება; მეორე რეგისტრში, სამხრით - ქრისტეს შობა, აღმოსავლეთით - ამაღლება, დასავლეთით - სულიწმიდის მოფენა: მესამე რეგისტრში, სამხრეთით - მკერდისა განხილვა ქრისტესი თომასაგან;  აღმოსავლეთით - ღვთისმშობლის მიძინება; დასავლეთით - საიდუმლო სერობა; ჩრდილოეთის მკლავის პირველ რეგისტრში, ჩრდილოეთის კედელზე - ლაზარეს აღდგინება; აღმოსავლეთით - ნათლისღება (დასავლეთით ნალესობა ჩამოცვენილია); მეორე რეგისტრში, ჩრდილოეთით - იერუსალიმს შესვლა, აღმოსავლეთით - ჯვარცმა, დასავლეთით - ფერისცვალება; მესამე რეგისტრში, ჩრდილოეთით - დედანი მაცხოვრის საფლავთან; აღმოსავლეთით - ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, დასავლეთით - ქრისტეს დატირება. ორივე მკლავის ქვედა რეგისტრებში წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები: ჩრდილოეთით - გიორგი III, თამარი და მეფისწული გიორგი ლაშა;

სამხრეთით - მწიგნობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე ეკლესიის მოდელით ხელში. აქვეა შემორჩენილი ვრცელი ისტორიული წარწერის ნაშთები. კტიტორის გვერდით გამოსახულია სამი მეომარი (უშუალოდ მის გვერდით წმ.გიორგია). ისტორიულ პირთა გამოსახულებებს შუა საუკუნეების ქართული ტრადიციის მიხედვით ყველაზე თვალსაჩინო ადგილი აქვთ დათმობილი (შესასვლელის მოპირდაპირე მხარე, ქვედა რეგისტრი). ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე მხატვრობის ექვსი რეგისტრია. ზემოთ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი წმ.ნიკოლოზის ცხოვრების სცენები, რომლებიც გრძელდება ამავე მკლავის სამხრეთის კედელზეც. აქ გაირჩევა წმ. ნიკოლოზის მღვდლად კურთხევა, მისი მღვდელმთავრად კურთხევა და კერპების დაქცევა. დასავლეთ კედლის მეორე რეგისტრის სცენები დაზიანებულია. მესამე რეგისტრში წარმოდგენილია სამი ჭაბუკი ცეცხლის სახმილში. მომდევნო სამი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა ფიგურებს. მ.შ. უშუალოდ პატრონიკეში შესასვლელის სამხრეთითა და ჩრდილოეთით გამოსახული წმინდანები იოანე ზედაზნელი და დავით გარეჯელია (მთელი ტანით). დანარჩენ ორ რეგისტრში, დასავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე წელზევით გამოსახულია მარტვილები (იკითხება მხოლოდ რამდენიმე წმინდანის სახელი). სამხრეთით, მეხუთე რეგისტრის მესამე ფიგურა წმ. ბარბარეა, ქვემოთ, ნართექსში, გასასვლელის ჩრდილოეთის მხარეს - წმ.კვირიკე და წმ.ივლიტა. სამხრეთ-დასავლეთ მკლავებშორისი სივრცის კედლებზე გამოსახული იყო წმ.გიორგის ცხოვრების სცენები. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია წმ. გიორგი კირის ორმოში. აქვე, სამხრეთ კედელზე - იესეს ძელი. სარკმლის წირთხლებზე და გუმბათქვეშა ბურჯებზე ცალკეულ წმინდანთა ფიგურებია. ასომთავრული წარწერების მიხედეით ხერხდება მხოლოდ რამდენიმე წმინდანის სახელის დადგენა. სამხრეთ მკლავის აღმოსავლეთ სარკმლის წირთხლზე გამოსახულია წმ. სვიმეონ მესვეტე, ამავე კედლის დასასვლეთ სარკმელში - წმ.კოზმა, გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის აღმოსავლეთ და სამხრეთ მხარეს - წმ.მეომრები არტემი და მერკური. ყველა თაღისა თუ კამარის ცენტრში გამოსახულია წრეში ჩახაზული ჯვარი. ტაძრის მოხატულობაში დიდი ადგილი ეთმობა დეკორატიულ ელემენტებს. გუმბათქვეშა ბურჯებისა და კედლების ქვედა ნაწილები სხვადასხვა ფერის ვერტიკალური ზოლებითაა შემკული. გუმბათის ყელის სარკმლების და თაღების საფეხურები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ქვემოდან მხატვრობა მოჩარჩოებულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტები საკურთხევლის კანკელზე XVII ს-ისაა. მოხატულობას განუმეორებელ იერს ანიჭებს ოქროსფერ და მოწითალო ოქრასთან, ღია მწვანე, ცისფრისა და თეთრ ფერებთან შეხამებული ლაჟვარდი. კონტურის დენადი ხაზი და წმინდანთა სახეების რბილი მოდელირება (ოქროსფერ ოქრას ლაქებთან შემდნარი გამჭვირვალე მწვანე ჩრდილები) შესრულების დახვეწილ ოსტატობაზე მეტყველებს. კომპოზიციები, რომლებიც იშლება მთიანი თუ არქიტექტურულ პეიზაჟის ფონზე, მონუმენტუროა, ფიგურათა მოძრაობა - მშვიდი, სახის გამომეტყველება - რბილი და შთაგონებული. მოხატულობის საერთო კომპოზიციური აგება თავისუფალი და დინამიკურია, რაც დამახასიათებელია XII-XIII სს. მიჯნაზე შემუშავებული კედლის მხატვრობოს სისტემისათვის. ყინწვისის მოხატულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული და საერთოდ შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის განვითარების ისტორიისათვის. ეკლესიის ფასადები, გარდა აღმოსავლეთისა, წარმოადგენს საფეხურებიან ცოკოლზე აღმართულ ერთ მთლიან სადა სიბრტყეს. ჯვრის მკლავები სივრცეში მკვეთრადაა გამოვლენილი. მათ გადაკვეთაზე აღმართულია კონუსური გუმბათის ყელი. აღმოსავლეთის ბრტყელი ფასადი ქვის სწორკუთხა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ჯვრის მკლავის არეში ორი მაღალი და განიერი, გეგმით სამკუთხა ნიშია.

წმ ნიკოლოზის სახ. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადი

დასავლეთ ფასადის ცენტრში მოურთავი სარკმელია. უფრო რთულია ფასადის წინ წამოწეული ნაწილი. აქ ძირითადად ერთი სიბრტყეა, რომელსაც ცენტრში ოდნავ აწეული ფრონტონი და გვერდის ჰორიზონტალები ამთავრებს. ქვედა ნაწილში სამი თაღია. მათგან შუა (თაღის ქვედა ნახევარი ამჟამად ამოშენებულია) მაღალი, ვიწრო და გახსნილია. გვერდის დაბალი და განიერი თაღები ღრმა ნიშებს ქმნიან. ნიშების ზედა ნაწილში თითო მაღალი სარკმელია. თაღები ნახევარწრიულია, ოდნავ ჩაწეული რელიეფით. ზედა ნაწილში სამი დიდი სარკმელია: გვერდებზე - თანატოლი, შუაში - მაღალი და განიერი (ამჟამად იგი თითქმის მთლიანად ამოქოლილია). ჩრდილო და სამხრეთ ფასადები ერთნაირია. სამხრეთის ფასადზე ოთხი სარკმელი და ერთი კარია. კარი მარცხენა მონაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილშია, ხოლო სარკმლებიდან ერთი ვიწრო და მაღალი ჯვრის მკლავის ცენტრშია, ხოლო სამი ქვემოთ, ერთ ჰორიზონტალზე (ორი ჯვრის მკლავის მონაკვეთში, ხოლო ერთი მის მარცხ. ნაწილში). ჩრდილოეთის ფასადზე კარ-სარკმლები ასევეა განლაგებული გარდა მარჯვენა მონაკვეთის სარკმლისა. ფასადებს ამთავრებს მარტივპროფილიანი ქვის ლავგარდანი. გუმბათის ყელზე თორმეტი უწყვეტი დეკორატიული თაღია, რომლებიც სარკმლების არეებს საზღვრავენ.

გუმბათის ლავგარდანი თავისებურია: ქვემოთ აგურის წყობის სხვადასხვა კომბინაციით მიღებულია რთული არშია, ზემოთ კი პროფილირებული ქვაა. ეკლესია გადახურული იყო მოჭიქული კრამიტით (ამჟამად შეცვლილია ახალი კრამიტით). ეკლესიის დასავლეთის მხარე, მთელ სიგრძეზე, ნართექსს უჭირავს. მას ქვემოთ გარე მხარეს ღია თაღები აქვს, ხოლო ზემოთ ზედა სართულის პატრონიკეს სარკმლებია. ნართექსი სამი სათავსისაგან შედგება და აგებულია ეკლესიასთან ერთად (შიდა კედლები ჩაშენებულია ზაზა ფანასკერტელის დაკვეთით XV ს. II ნახ-ში). ნართექსი მთლიანად იყო მოხატული. ამჟამად მოხატულობის ნაწილი დაღუპულია (უმთავრესად სამხრ-ისა და ჩრდ-ის სათავსებში). მხატვრობა შესრულებულია გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვადასხვა პერიოდში. შუა სათავსის ჩრდილო კედლის ზედა ნაწილში წარმოდგენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით და მისკენ მიბრუნებული ორი მთავარანგელოზი. ქვემოთ, ამავე კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, გამოსახულია XV საუკუნის II ნახევრის ცნობილი მოღვაწე ზაზა ფანასკერტელი.

ზაზა ფანასკერტელ -ციციშვილი

შეიმჩნევა მხატვრობის ორი ფენა. გამოსახულების ქუდი, სახე და მარცხენა მხარი ადრინდელია. დაზიანებული კედელი მოგვიანებით შეულესავთ და კვლავ მოუხატავთ. ზაზა ფანასკერტელის მარგალიტებით გაწყობილი მუქი მოწითალო შინდისფერი ვიწრომაჯებიანი კაბა და მოსასხამი ამ პერიოდისაა. ბათქაშის ქვედა ფენაზეა შესრულებული წმ. ნიკოლოზის წელზედა ფიგურაც, რომელიც საერო პირისკენაა მიბრუნებული. მოხატულობის ამავე რეგისტრში, კედლის დასავლეთ მონაკვეთზე მოცემულია მოციქული პეტრე. აქვე, ნართექსის ჩრდილო სათავსში გასასვლელის ტიმპანში წარმოდგენილია ხატი მანდილისაი. შუა სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ, ცენტრში, სამხრეთის სათავსში გასასვლელის თავზე გამეორებულია ხატი მანდილისაი, მისგან აღმოსავლეთით გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველი (ახლავს ასომთავრული ასო "დ") და ეკლესიის მამა; დასავლეთით - ღვთისმშობელი და წმინდანი (ქალის ფიგურა); ქვემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია ექვსფრთედი, მეომრის ტანსაცმელში გამოწყობილი მთავარანგელოზი მიქაელი, მოციქული პეტრე გასაღებით ხელში; დასავლეთით მოციქული პავლე; ამავე სათავსში, მთავარ ტაძარში გასასვლელის ტიმპანის ორივე მხარეს, სამკუხთა მონაკვეთზე გამოსახულია წმ.დედანი. ნართექსის სამხრ. სათავსის მოხატულობის მეტი ნაწილი განკითხვის დღის კომპოზიციას ჰქონდა დათმობილი. ამ სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ წარმოდგენილია ვედრება. ქვემოთ, კედლის დასავლეთ კუთხეში შერჩენილია ჯოჯოხეთის სცენის ფრაგმენტი. ამავე სათავსის აღმოსავ;ეთ კედელზე ორ რეგისტრად მოცემულია წმინდანთა ჯგუფები: წმ.ქალწულნი, წმ.მღვდელმოძღვარნი და წმ.მოწამენი. ქვემოთ, თაღით შემოსაზღვრულ არეზე, ჩრდილოეთ მონაკვეთზე გამოსახულია იოანე ნათლისმცემლისა და წინასწარმეტყველ ზაქარიას წელზედა ფიგურები ერთიმეორის ქვეშ. აქვე, სამხრეთ მონაკვეთზე, წმინდანთა ფიგურების ფრაგმენტებია შერჩენილი. ამავე თაღის გვერდით, მისგან ჩრდილოეთით ორ რეგისტრად მოცემულია: ზემოთ - ანგელოზისა და წმ.პავლეს ფიგურები, ქვემოთ - ეკლესიის მამა მთელი ტანით. ამავე სათავსის ჩრდილოეთ კედელზე, ზემოთ სამი წმინდანის წელზედა ფიგურებია: ცენტრში - წმ.ბარბარე, აღმოსავლეთით წმ. ირინე; ქვემოთ, კედლის აღმ. მონაკვეთზე წარმოდგენილია წმ.გიორგი კაპადოკიელი (ჰკლავს გველეშაპს), დასავლეთით - წმ.თევდორე მთელი ტანით. ნართექსის ჩრდ სათავსის მხატვრობა გაჭვარტლულია და ძნელი გასარჩევია. აღმოსავლეთ კედელზე, ზემოთ წარმოდგენილია ვედრება, ქვემოთ - წმ. მსხვერპლი და მის გარშემო ოთხი ეკლესიის მამა (თითოეული მხრიდან ორ-ორი ფიგურაა). ამავე სათავსის სამხრეთ კედელზე, ზემოთ გამოსახულია ქრისტეს შობა, ქვემოთ, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე - თაღნარის ქვეშ ეკლესიის მამები მთელი ტანით. წმინდანთა კონტურები ამავე კედლის დასავლეთ მონაკვეთზეც გაირჩევა. ნართექსის გასასვლელის წირთხლები, პილასტრების მხრები, თაღების სოფიტები შემკულია მცენარეული და გეომეტრიულო ორნამენტით. ნართექსის კამარებზე, შუა და სამხრეთ სათავსებში, წარმოდგენილია ანგელოზები და მჯდომარე მოციქულები. ზოგიერთ გამოსახულებას ახლავს ასომთავრული წარწერა. ნართექსის სამხრეთ სათავსის სამხრეთ  და აღმოსავლეთ კედლების მოხატულობა ხასიათდება უშუალო გამომსახველობით. კოლორიტში გაბატონებულია ზურმუხტისფერი მწვანე, ღია ცისფერი, ყვითელი და თეთრი ფერები. დანარჩენი მოხატულობის მეტი ნაწილი მდარეა. ნახატი სქემატურია, ხისტი. კოლორიტი მღვრიე ფერებისგან შედგება (შავი, მანაცრისფრო-ცისფერი, ყავისფერი, ყვითელი, ვარდოსფერი, მონაცრისფრო-თეთრი). ყინწვისის ტაძარი საქართველოს განვითარებული ფეოდალური ხანის გუმბათოვანი ტაძრების ტიპური ნიმუშია, თუმცა აქ "ტრადიციული" სამშენებლო მასალის - ქვის ნაცვლად გამოყენებული იყო აგური.

------------------------------------------------------------------------------

ღვთისმშობლის ეკლესია  -   დარბაზული ნაგებობაა (11,2 X 4,5 მ),

დგას წმ.ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე. თარიღდება XII-XIII სს-ის მიჯნით. ეკლესიის ძირითადი ნაწილი (დარბაზი) მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია საკურთხეელის ნაწილი და გრძივი კედლების ნაშთი. სამხრეთით ჩანს კარის წირთხლებიც. ძლიერ დაზიანებულია საკურთხევლის კედლები და სახურავიც. ეკლესია მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის მოხატულობა, სადაც ფერადოვანი შრე გადარეცხილია და გამოსახულებათა დიდი ნაწილი კონტურების სახითაა შემონახული. მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად (რეგისტრის ხაზი მოწითალო-ყავისფერია). კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზი. ღვთისმშობელი საქართეელოში საკმაოდ გავრცელებული იკონოგრაფიული ტიპის - მჯდომარე ოდოგიტრიას სახითაა წარმოდგენილი.

ქვემოთ, მეორე რეგისტრში ოთხი სცენაა: საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით ზიარების ორი კომპოზიციაა,

ხოლო ამავე რეგისტრის კიდეებში - მაცხოვრის სასწაულთა ორი სცენა: ჩრდილოეთით - ქარიშხალი ტიბერიადის ტბაზე, ხოლო სამხრეთით - იაიროსის ქალიშვილის განკურნება.

სარკმლის წირთხლებზე გამოსახულია ორი დიაკვანი - წმ. სტეფანე და წმ. პროქორე. მათი ფიგურები თაღნარითაა მოჩარჩოებული. სარკმლის თაღში მედალიონში ჩასმული ჯვარია გამოსახული.

მოხატულობოს მესამე რეგისტრში სარკმლებისაკენ სამი მეოთხედით მიბრუნებული ეკლესიის მამებია ამავე რიგში, სარკმლის ქვემოთ, რეგისტრის ხაზით გამოყოფილ სწორკუთხა მონაკვეთზე მაცხოვრის წელზედა ფიგურა იყო. მხატვრობის კოლორიტი ნათელია. უმთავრესად ღია მწვანე, ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-ყავისფერო და მოწითალო აგურისფერია გამოყენებული. ვხვდებით, აგრეთვე ლაჟვარდოვან-ცისფერს (ფონი, ტანსაცმელი), რაც ამ ეკლესიის მოხატულობას წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოხატულობას უახლოვებს. მსგავსება შეიმჩნევა ღვთისმშობლის გამოსახულებებშიც, რომლებიც ამ ეკლესიების საკურთხევლის კონქს ამკობს. წერის მანერა მთავარი ტაძრის მოხატულობასთან შედარებით უფრო ხაზოვანია. თავისებურია აგრეთვე საკურთხევლის მხატვრობაში სახარების სცენათა შეტანა და ქრისტეს განმეორებითი გამოსახულება ზიარების კომპოზიციაში (ზიარების ორივე სცენაში მაცხოვროს სამი ფიგურაა). მოხატულობა XIII ს-ის II ნახ-ით თარიღდება. ნახევარწრიულ საკურთხეველში ერთი დიდი სარკმელი და ოთხი ნიშია. ეკლესიის ფასადები ნაგებია ოდნავ დამუშავებულო ქვით; სახურავი ლორფინისა ყოფილა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მცირე ეკლესია დგას წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთის კედელთან.

აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში. ეკლესია დარბაზულოა (5,1 X 4,5), ნაგებია სხვადასხვა ზომის თლილი ქყის კვადრებით (აგური გამოყენებულია მხოლოდ ინტერიერში კარ-სარკმლის თაღებზე). შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი უსწორო მოყვანილობისაა და დარბაზის გრძივი კედლებისაგან არ არის გამოყოფილი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო მცირე, ხოლო დასავლეთით ერთი დიდი სარკმელია (სავარაუდოა, გვიანაა გაჭრილი ან გაგანიერებულია). დარბაზის (აფსიდიანად) გადახურვა უსწორო წაკვეთილი პირამიდის მსგავსია. ეკლესია დგას ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე გამოსახულია ცალმკლავა რელიეფური ჯვარი.

ყინწვისის კომპლექსი მდებრაეობს მდინარე ძამას ხეობაში - ქარელის რაიონში.