topmenu

 

წინარეხის ძეგლები - ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

წინარეხი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. -  თბ., 1990. - გვ.212 - 219

წინარეხის ძეგლები:

260. ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია და სასაფლაო, არქიტექტურულ ისტორიული ძეგლი, ეკლესია. დგას სოფლის სამხრეთ - დასავლეთით 7 კმ-ზე, ნასოფლარ ბოტისის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

(ა) ეკლესია დარბაზულია (5,7X4,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5-2 მ-ია. იატაკი დაფარულია ნანგრევებით, არ ჩანს გადახურვის კვალი.

(ბ) სასაფლაოზე (თარიღდება XIX ს. და XX ს-ის დასაწყისით; ფართობი 600 -კვ.მ) ძირითადად ორი ტიპის საფლავის ქვებია: სარკოფაგული და ვერტიკალური ანუ მატური. გამონაკლისია სამხრეთ - დასავლეთით მდებარე ქვა, რომელიც ეკლესიის გამოსახულებას წარმოადგენს. საფლავის ქვებზე ამოკვეთილია ადამიანის, ცხენისა და სხვა გამოსახულებები, ეპიტაფიები, რომლებშიც გადმოცემულია დაკრძალულთა ვინაობა, მათ ცხოვრებასთან და შრომა - საქმიანობასთან დაკავშირებული ცნობები.

ბალხამიშვილი ლ.

261. ეკლესია ძუძუხატი, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის სამხრეთით 4 კმ-ზე, პარატისისა და ქვათახევის გზის გასაყართან, მთის ტყიან ფერდობზე. სავარაუდოდ თარიღდება X -XI ს-ით. ეკლესია დარბაზულია (7X5 მ),ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. არა აქვს გადახურვა, კედლები მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი, შიდა სივრცე ქვაყრილითა და მცენარეულობითაა ამოვსებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევაროვალური აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. საკურთხეველში ორი ნიშია. ისინი გადახურულია ერთ ქვაში ამოკვეთილი შეისრული თაღით. შემორჩენილია მინაშენის კვალი.

262. ელიას ეკლესია. არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე, ტყეში, ჩადრისთავის მიდამოებში, მთის ფერდობზე. თარიღდება სავარაუდოდ X -XI სს-ით. ეკლესია დარბაზულია (7X6მ), ნაგებია საკმაოდ მოზრდილი კლდის ლოდებით. დაზიანებულია: აღმოსავლეთ კედელი 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი, შიდა სივრცე ამოვსებულია ქვაყრილითა და მცენარეულობით, შიგ შესვლა შეუძლებელია. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. კარი გადახურულია ქვის დიდი ლოდით.

მარჯანიძე ნ.

 

263. ზეგარდის ნიში, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელში, ბუზიანთ უბნის სამხრეთ -აღმოსავლეთით 400 მ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნიში (სიმაღლე 2,5 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, საფუძველი სწორკუთხაა, ზედა ნაწილი კი პირამიდული. აღმოსავლეთ - დასავლეთით და ჩრდილოეთ მხარეს ნიშს მოზრდილი თახჩები აქვს.

კვიტაიშვილი რ

264. თავკავთის კომპლექსი, არქიტექტურულ - მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, მდებარეობს სოფლის სამხრეთით 7-8 კმ-ზე, მდ.კავთურისა და ბოტისისწყლების გამყოფი ქედის კლდის კონცხზე. თავდაპირველად აიგო ციხე-გალავანი. მოგვიანებით კონცხის აღმოსავლეთით ციცაბო კალთაზე საყრდენი კედლით შექმნეს ბაქანი, რომლის ჩრდილოეთ კიდეში ააშენეს წმ.გიორგის ეკლესია. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, წმ.გიორგის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები. კომპლექსს ორი მისადგომი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან -კავთურის ხეობიდან. მდ.კავთურაზე გადებული ყოფილა ქვის თაღოვანი ხიდი, რომლისგანაც მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ციხე-გალავანი ძლიერ დაზიანებულია: ყველგან ჩამოშლილია გალავნის კედლების ხედა ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია ქვედა ციხის დასავლეთ კედელი, ციხის შიგნით ნაგებობათა გეგმა გაურკვეველია.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

(ა) ციხე - გალავანი (70X25 მ) განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება, მას თითქმის მთელი კონცხი უჭირავს, მიჰყვება კლდის რელიეფს და უსწორმასწორო ფორმისაა, წაგრძელებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. ნაგებია სხვადასხვა ზომის დაუმუშავებელი ქვიშაქვით, რაც ციკლოპური წყობის შთაბეჭდილებას ტოვებს. წყობაში ზოგან ჩართულია ნატეხი ქვიშაქვის ქვა და აგური. გალავნის კედლები გარედან გამაგრებულია ერთმანეთისგან არათანაბარი მანძილით დაცილებული ნახევარწრიული კონტრფორსებით. გალავნის ზოგიერთი ნაწილი გატანილია ზღუდის გარეთ, რითაც გალავანზე კოშკისმაგვარი გამონაშვერები იქმნება. ციხე - გალავნის შიდა ტერიტირია სხვადასხვა დონეზე მდებარე ორი ნაწილისგან შედგება. დონეებს შორის განსხვავება დაახლოებით 10 მეტრია. მაღალ ნაწილს - ზედა ციხეს ციტადელის ჩრდილოეთ ნაწილი უჭირავს. იგი ფართობით თითქმის ორჯერ უფრო მცირეა ქვედა ციხესთან შედარებით. ციხეში შესასვლელი გალავნის გარეთ მდგარი ეკლესიის ეზოდანაა. ფართო სწორკუთხა კარის პირდაპირ, შუა ეზოში, ჭაა. ციხის ტერიტორიაზე შეიმჩნევა სხვა ნაგებობების კვალიც.

(ბ) წმ. გიორგის ეკლესია - სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესიის სამშენებლო ბაქანი შექმნილია აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით რელიეფის შესაბამისად ამოშენებული მაღალი საყრდენი კედლებით, რომლებიც მომრგვალებული კონტრფორსებითაა გამაგრებული. ეკლესია სამხრეთიდან შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რომელშიც კვადრატული გეგმის კარიბჭე იყო ჩართული. ეკლესია მოგვიანებით (XIV -XV სს) შეუკეთებიათ და ძლიერ შეცვლილი აქვს სახე: დადაბლებულია შიდა სივრცე. აგურის წყობითაა განახლებული კედლების უმეტესი ნაწილი, კამარა, საბჯენი თაღები და კონქი. თავდაპირველი, კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით ნაგები, კედლებიდან შემორჩენილია სამხრეთის კედელი სარკმლების თაღის ქუსლამდე, დასავლეთისა 3 მ სიმაღლეზე და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი; აღმოსავლეთით ძველი წყობის მხოლოდ ქვედა რამდენიმე რიგია შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია (14,5X8,5 მ). სამხრით სწორკუთხა შესასვლელი აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, თითო სარკმელი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ორი სამხრეთ კედელში. საკურთხევლის ბაქანი ერთი საფეხურით ამაღლებულია. საკურთხევლის გვერდებზე, კედელში, მცირე ზომის სათავსებია. აგურის კანკელი გვიანდელია. საკურთხევლის სამხრეთ მხართან გაჭრილი თავდაპირველი სამშენებლო ფენის სწორკუთხა შესასვლელი საკურთხეველს აკავშირებდა რაღაც სათავსთან, რომლისგანაც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია კრონშტეინი. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ  კუთხეში პილასტრებია, რომლებსაც, ისე როგორც აფსიდის მხრებს, კუთხეები იატაკიდან 3,5 მ სიმაღლეზე ჩამოკვეთილი აქვთ. დარბაზში დევს ბაზალტის ქვისგან გამოქანდაკებული გუმბათოვანი ტაძრის მოდელი, რომელიც თავდაპირველი ფრონტონის წვერს აგვირგვინებდა. ეკლესია მთლიანად ყოფილა მოხატული. მოხატულობის ფრაგმენტები მხოლოდ საკურთხევლის ქვედა ნაწილშია შემორჩენილი. მოხატულობა მიეკუთვნება XIV- XV სს. აფსიდის შუა წელზე გაირჩევა მთელი ტანით გამოსახული წმინდანთა სილუეტები. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია ეკლესიის მამები. საკურთხევლის სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით წმინდანთა ორ-ორი ფიგურაა შემონახული, ცენტრისკენ სამი მეოთხედით შებრუნებულ წმინდანებს ხელში გაშლილი გრაგნილები უჭირავთ. ამავე რიგის სამხრეთ ნაწილში, ნიშის თავზე ანგელოზის წელზედა გამოსახულებაა, სარკმლის წირთხლებზე მთავარანგელოზთა ორ-ორი ფიგურა, სარკმლის ქვემოთ - ხატი მანდილისაი. ამ კომპოზიციაში მაცხოვრის შარავანდს შემოვლებული აქვს ორ რიგად განლაგებული ყავისფერი წერტილები. ყველა გამოსახულებას თან ახლავს ასომთავრული წარწერა. მოხატულობა დასრულებულია ჭადრაკისებრი ორნამენტული ზოლით. კოლორიტში ჭარბობს ოქროსფერი ოქრა, მუქი მოწთალო - ყავისფერი, თეთრი, წითელი ფერები. აღმოსავლეთ ფასადი ორი ნაწილისგან შედგება. თავდაპირველი სახით შემორჩენილი ქვედა ნაწილი წარმოადგენს სამშენებლო ბაქნის საყრდენ კედელს, რომელზეც დადგმულია საკუთრივ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი. ფასადის სიმეტრიის ღერძზე ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლის თავზე ლეკალური აგურის წყობით გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიას ორფერდა სახურავი ჰქონია. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კალთა, რომელსაც თითქმის მთელ სიგრძეზე გასდევს ლავგარდანი. დასავლეთ ფასადის აგურით განახლებულ ზედა ნაწილში თაღოვანი სარკმელია, რომლის ზემოთ, ქვიშაქვის ქვაზე ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი. სამხრეთ ფასადის მორთულობას რთულპროფილიანი პორტალი და მის ორივე მხარეს საპირეებით მოჩარჩოებული თითო სარკმელი შეადგენს. ორნამენტიანი ყოფილა პორტალის ამოზნექილი საპირეებიც, რომლებიც ახლა ჩამოქერცლილია. ეს ფასადი დასრულებულია წრეთარგიანი გლუვზედაპირიანი ფართო ლავგარდნით. შეკეთებისას გამოუყენებიათ ძველი ლავგარდნის ქვები და გადახურვის ქვის ფილები. ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად აგურისაა. თავდაპირველი წყობიდან მხოლოდ რამდენიმე რიგია შემორჩენილი. ფასადის ქვედა ნაწილში ორნამენტით მორთული ბაზისია, რომელზედაც შემორჩენილია სამი ლილვისაგან შედგენილი კონის ფრაგმენტი. ასეთივე ფრაგმენტია ფასადის დასავლეთ მონაკვეთშიც.

დვალი თ.

265. მარჯანიძეების სახლი - დარბაზი, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ძველ უბანში, ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად. აგებულია XVIII -XIX სს. ნაშენია რიყის ქვით. დარბაზს სამხრეთით აქვს ფასადი. დანარჩენი კედლები მიწაშია ჩამჯდარი. საცხოვრებელი ოთახი გეგმით კვადრატულია (6,2X6 მ), იგი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება სათონეს (3,85X3,8 მ),ხოლო სათონის სამხრეთ კედელში გაჭრილია ბოსელში (3,5X5,5 მ) გასასვლელი კარი. საცხოვრებელ ოთახში შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის წინ პატარა დერეფანია.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი დიდი თახჩაა, ხოლო მათ ზემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე - თითო დაბალი ნიში. დარბაზის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლები და ჭერი ორი მასიური კოჭითა და მათი საყრდენი ბოძებით დაახლოებით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. გადახურვა კოჭებსა და გვერდით კედლებს ეყრდნობა. კოჭებს შორის სივრცე პარალელური წყობით ამოყვანილი ოთხკუთხა გვირგვინითაა გადახურული. ორივე ბოძის ბაზისს დიდი ზომის რიყის ქვა წარმოადგენს. ბოძები სადაა, მათზე ირმის რქებია მიმაგრებული. ბოძებს შორის გვირგვინის ქვემოთ კერაა. დარბაზში ბევრი ძველი საოჯახო ნივთია. სათონეში, დაახლოებით შუა ნაწილში, თონეა მოწყობილი. ამ სათავსის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებშიც თახჩებია. სათონის ჭერი ორი კოჭით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ კოჭს შუა ნაწილში ბოძი აქვს შეყენებული. ბოძები სათონის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებთანაცაა, მაგრამ ისინი გადახურვის გასამაგრებლად მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. კოჭებს შორის სივრცე გადახურულია პარალელური წყობით ამოყვანილი სწორკუთხა გვირგვინით. ბოსელი გადაკეთებულია მარნად. ამ სათავსის სამხრეთ ნაწილში ჩადგმულია ქვევრები. კედლებში  მცირე ზომოს რამდენიმე თახჩაა. გადახურვა სამი გრძივი კოჭით ოთხ ნაწილად იყოფა. კოჭებს შორის იყო პარალელური წყობით ამოყვანილი ორი გვირგვინი (აღარ არის). სვეტები ამ სათავსშიც გადახურვის გასამაგრებლად მოგვიანებით უნდა იყოს გაკეთებული. დარბაზში შესასვლელის აღმოსავლეთით შემორჩენილია ოთახის ნანგრევები. სავარაუდოა, რომ ეს ადრე საძინებელი ოთახი იყო. დასავლეთ კედელს გარედან ბანზე ასასვლელი ქვის კიბე  მიჰყვება. ბანი თიხისა და დატკეპნილი მიწისაა. მარჯანიძეების სახლი XVIII-XIX სს. ე.წ. ქართლის დარბაზის ნიმუშია.

სუმბაძე ლ.

266. მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი, მაღალაანთ კოშკები, არქიტექტურული, არქეოლოგიური, ისტორიული ძეგლი მდებარეობს სოფელ წინარეხიდან სამხრეთით 2,5 კმ-ზე, მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე, მთის კალთაზე. მთელი კომპლექსი კარგად მოჩანს მდინარე კავთურის გაღმიდან. კომპლექსში შედის: მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკის და სხვა ნაგებობათა ნანგრევები გალავნის გარეთ. კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XV-ს დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების (მაღალაშვილების) გვართან. ამ გვარს თავის დროზე ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა. ისინი დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან და სამღვდელო წინამძღვრებთან, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებულ სიძლიერეს მაღალაძეებმა XVII საუკუნის II ნახევარში მიაღწიეს. ამ დროისათვის გვარის მეთაური ნიკოლოზ ქადაგის ვაჟი პაპუა მაღალაძეა, ”სვეტიცხოვლის სახლთუხუცესი”. მას წინარეხში აუგია ორი სასახლე, დიდად განუვრცია თავისი მამულები, უშენებია სოფლები, ციხე-კოშკი, საძვალე. პაპუას შვილებიდან განსაკუთრებით ცნობილია სვეტიცხოვლის ქადაგი ნიკოლოზ მაღალაძე, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული მშენებლობა მაღალაანთ ეკლესიის გარშემო.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

მისი სახელი მოხსენიებულია სვეტიცხოვლის საკურთხევლის სარკმლის ქვეშ არსებულ წარწერაში. XVIII საუკუნის მე-II ნახევარში მაღალაძენი წინარეხში უკვე აღარ ცხოვრობენ. ქართლის ერთ-ერთ აღწერაში (1764 წ.) ნათქვამია: ”წინარეხს მაღალაშვილების სასახლე ხარაბა დამწვარი”. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილი წარწერის თანახმად ნიკოლოზ მაღალაძემ 1677 წ. მაღალაანთ ეკლესია შეაკეთებინა, მოახატვინა და შიგ კანკელი დაადგმევინა. 1937-41 წლებში ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსთან არსებულმა ხელოვნების საქმეთა სამმართველომ. აღდგა ეკლესიის სახურავი (ახლა თუნუქისაა), კარიბჭის კამარა და სამლოცველოს სამხრეთ ფასადის დიდი ნაწილი; სამხრეთ სარკმლებში ჩუქურთმის ნაცვლად ახალი ქვები ჩასვეს; აღმოსავლეთ და დასავლეთ პილასტრების ჩამონგრეული კვარცხლბეკები შეიცვალა თლილი ქვის სუფთა კვადრებით, განახლდა ჩრდილოეთ კედლის წყობა, გამოიცვალა ცოკოლის ლილვების ნაწილიც და სამლოცველოს მარჯვენა დეკორატიული თაღის მარჟვენა ნაწილი იმპოსტიანად. აღდგა ფრონტონის მთელი მარჯვენა კუთხე, რისთვისაც გამოიყენეს ძველი ფრაგმენტები.

(ა) მაღალაანთ ეკლესია, ბეთლემის ღვთისმშობელი, საქადაგო მონასტერი. წრილობითი ცნობა ეკლესიის აგების შესახებ არ არსებობს. შემორჩენილი წარწერები გვიანდელია. ეკლესია დარბაზულია (12,2X10,6 მ), ნაგებია მოყვითალო ფერის ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. კონსტრუქციული ნაწილები (პილასტრები, კაპიტელები, საბჯენი თაღები, კარის თაღი და წირთხლები) თლილი ქვისაა. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, შესასვლელი სამხრეთიდანაა. განიერი ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე – თითო პატარა ნიში. ეკლესიას კიდე სამი სარკმელი აქვს: ერთი – დასავლეთით, ორი – სამხრეთით. ჩრდილოეთით მოზრდილი კარია, საიდანაც შეიძლება კონქის თავზე ასვლა. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი.

(+)

(ბ) შემორჩენილი მოხატულობა სხვადასხვა დროის ორ ფენას შეიცავს: პირველი ეკლესიის თანადროულია. ცალკეული ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში, დარბაზის კედლებსა და ეგვტერის ჩრდილოეთ კედლებზე. მოხატულობა საკურთხეველში მუქი მოწითალო - ყავისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად: პირველი რეგისტრიდან შემორჩენილია კონქის კომპოზიციის მხოლოდ ქვედა ნაწილი (ჩანს ტახტი, მაცხოვრის შიშველი ტერფი და მდიდრულად გაფორმებული ფეხსადგამი). მეორე რეგისტრში მოციქულთა ფიგურებია. ამავე რიგში, სარკმლის თავზე, ჯვარია გამოსახული. მესამე რეგისტრში ეკლესიის მამათა დიდი ზომის ფიგურებია. კიდეებში თითო დაიკვნის გამოსახულებაა. ორი დიაკვნის ფიგურა სარკმლის წირთხლებზეცაა. დარბაზში, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია მიძინების სცენა, რომლისგანაც შემორჩენილია სარეცელზე დასვენებული ღვთისმობლის ზედა ნაწილი, იქვე გამოსახულია პეტრე საცეცხლურით ხელში, რამდენიმე მოციქული და მღვდელთმოძღვარი. უკან ჩანს სივრცობრივად გადმოცემული შენობა, რომლის თავზე ორი ანგელოზია. ამ სცენის გვერდით, კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, თაღნარით მოჩარჩოებული სამი წმინდანი ყოფილა (შემორჩენილია თაღნარისა და შარავანდების ფრაგმენტები). დასავლეთ კედლის მოხატულობა ოთხ რეგისტრადაა დაყოფილი: პირველ რეგისტრში წარმოდგენილია მირქმა, მეორე რეგისტრის სამხრეთ მონაკვეთზე - ჯვარცმა, ჩრდილოეთ მონაკვეთზე - დედანი მაცხოვრის საფლავთან, მესამე რეგისტრში, კედლის მთელ სიგრძეზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განლაგებულია სებასტიელ წმინდანთა თაღნარით მოჩარჩოებული ხუთი ფიგურა.

(+)

თითოეულ გამოსახულებას ასომთავრულით მიწერილი აქვს თავისი სახელი. მეოთხე რეგისტრში გადმოცემულია წმ.გიორგის ორი სასწაული: კედლის სამხრეთ მონაკვეთზე - ლასია ქალაქის მოქცევაი, ჩრდილოეთ მონაკვეთზე - ბარღარეთით ტყვისა მოყვანაი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ქვემოთ წმ.მეომართა ფიგურებია თაღნარის ქვეშ. ასეთივე გამოსახულებებია დასავლეთ მონაკვეთზე, ზემოთ. პილასტრის გვერდები და დასავლეთ კედლის სარკმლის წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით. ეგვტერში შესასვლელის თავზე შემორჩენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის სამოსისა და მუთაქის ფრაგმენტი. წმინდანთა კონტურები გაირჩევა შესასვლელის ორივე მხარეს. ეკლესიის მოხატულობის პირველი ფენა დასრულებულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. ამ ფენას ახასიათებს მოქნილი ნახატი, სახის დახვეწილი ნაკვთები, სამოსის ცალკეული ნაწილების (აბჯარი, ორნამენტული არშიები და სხვა) მაღალი ოსტატობით გადმოცემა და ნათელი კოლორიტი – მომწვანო-ფირუზისფერი, ცისფერი, წითელი და ოქრა. მოხატულობის მეორე ფენა შემორჩენილია აღსავლის კარზე, კანკელზე, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, ეგვტერისა და დარბაზის შესასვლელის თავზე და დარბაზში შესასვლელის წირთხლებზე. კანკელის ჩრდილოეთ შესასვლელის სამხრეთით, მხატვრობის მესამე რეგისტრში, გამოსახულია ნიკოლოზ მაღალაძის დედა ელენე. ნახატს ახლავს ბერძნული წარწერა, რომლის თანახმად მოხატულობის ეს ფენა შესრულებულია ელენეს გარდაცვალების (1681 წ.) შემდეგ.

(+)

წარწერაში მოხსენიებულია მხატვარი აპოსტოლე. აღსავლის კარის სამხრეთით ზემოთ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ შემდეგი სცენებია შემორჩენილი: სამნი ყმანი სახმილსა შინა, დანიელი ლომთა მღვიმეში, ეზეკიელის ხილვა; მეორე რეგისტრში - ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმს შესვლა; მესამეში - ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარტყვევნა, ქრისტეს ამაღლება, ღვთისმშობლის ამაღლება. აღსავლის კარის წირთხლზე ორი მთავარანგელოზია გამოსახული. კანკელის ჩრდილო შესასვლელის ჩრდილოეთით, ზემოდან ქვემოთ გამოსახულია წმ.მეომარი და მღვდელთმოძღვარი საცეცხლურით ხელში, წმ.ნიკოლოზ, რომელმან სამნი ქალნი იხსნა წარწყმენდისაგან და რომელიღაც მუხლმოყრილი წმინდანი (ამბა სისოე?). კანკელის ჩრდილოეთ შესასვლელის სამხრეთით, ზემოთ წარმოდგენილია აბრაამის მსხვერპლად შეწირვა, მეორე რეგისტრში - ხარება და შობა, მესამე რეგისტრში - მირქმა. კანკელის შესასვლელის წირთხლები და ნიშები შემკულია მცენარეული ორნამენტით (დაჩითულ ქსოვილთა სახეებს იმეორებს). დარბაზში, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, ქვემოთ გამოსახულია განკითხვის დღე. ეგვტერის შესასვლელის ტიმპანში წარმოდგენილია ფხიზელი თვალი. წირთხლებზე აღმოსავლეთით გაირჩევა ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნა, დასავლეთით - შეცოდება (შემორჩენილია ხის, გველის კუდის, ადამისა და ევას გამოსახულების ფრაგმენტები). ეგვტერის ფასადზე, შესასვლელის თავზე გამოსახულია წინასწარმეტყველებით გარშემორტყმული ღვთისმშობელი ყრმით ხელში. მოხატულობის მეორე ფენა ხასიათდება მუქი კოლორიტით, უმთავრესად გამოყენებულია ლურჯი, მონაცრისფრო-ცისფერი, მოწითალო ყავისფერი, მღვრიე ნაცრისფერი. ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა მორთული. დეკორატიული მიზნით ფირუზისფერი ქვაცაა გამოყენებული ფრიზისთვის. აღმოსავლეთ ფასადის შუა არეში შედარებით დაბალი დეკორატიული სამთაღედია, მის ზემოთ ორნამენტით მორთული ჰორიზონტალური ფრიზია, რომელიც გამოჰყოფს ფრონტონის არეს. შუა თაღში განიერი ორნამენტიანი საპირით მოჩარჩოებული სარკმელია (მსგავსადაა გაფორმებული კარიბჭის აღმოსავლეთი და ეკლესიის დასავლეთ კედლების სარკმლებიც). კეხქვეშ ლენტოვანი წნულითა და ოთხი დიდი ფოთლით მორთული მრგვალი სარკმელია. დასავლეთ ფასადზე დეკორატიული სამთაღედი მაღალია და ფრონტონის არეშია შეჭრილი. სარკმლის ზემოთ დარჩენილ არეს ორნამენტული ჯვარი და ფრინველების კომპოზიცია ავსებს. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მიდგმულია კარიბჭე. ეს ფასადი მკვეთრად ასიმეტრიულია. სარკმლები ფართო ჩუქურთმიანი საპირეებითაა შემკული. კარიბჭის შესასვლელის მაღალი, ფართო თაღის ორივე მხარეს თითო პატარა დეკორატიული თაღია. კარიბჭის კედლის აღმოსავლეთ ფრთა სრულიად მოურთველია. პორტალს ჩუქურთმიანი საპირე ევლება. კარიბჭის ფრონტონში მაღალი რელიეფური ჯვარია გამოსახული. მთელ ნაგებობას ჩუქურთმიანი ფრიზით შემკული ორნამენტირებული ლავგარდანი აქვს შემოვლებული. სახურავი ორფერდაა. ეკლესიას სამხრეთიდან ეგვტერი აქვს მიშენებული. იგი სამნაწილად დაყოფილი ვიწრო გრძელი სათავსია საკმაოდ ამაღლებული შესასვლელით. გადახურულია ცილინდრული კამარით. ეგვტერის აღმოსავლეთ ნაწილი აფსიდიანი სამლოცველოა.

(+)

(გ) სოლომონ მაღალაძის სამრეკლო ეკლესიის სამხრეთით დგას. მისი ქვედა სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს. სამხრეთის ფასადის ვრცელი სამშენებლო წარწერის თანახმად აგებულია 1716 წელს ნიკოლოზის ძმის, რევაზ სახლთუხუცესის შვილის, სოლომონის მიერ. ოშკისებრი სამსართულიანი სამრეკლო (5 X 5 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელის ადგილას სხვადასხვა დონეზე მხოლოდ ვიწრო საფეხურებია შემორჩენილი. დასავლეთ კედელში დატანებულია დიდი მომწვანო თლილი ქვა ექვსი წრიული ნახვრეტით. პირველი სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ღიაა, მეორეზე ერთი ოთახია, მესამე სართულიდან დარჩენილია მხოლოდ წრიული საფუძველი. მეორე სართულზე ამოშენებული სათოფურების კვალი ჩანს. აქ, დასავლეთ კედელში, ბუხარი ყოფილა. მეორე სართულზე ადიოდნენ პირველი სართულის კამარიდან მისადგმელი კიბით, მესამეზე კი – მეორე სართულის კედელში ჩატანებული კიბით. სამხრეთ ფასადზე შესასვლელი თაღი კედელში ჩაწეული სწორკუთხა არეში ზის. მეორე თაღზე ხის ჭიშკარია შებმული და საკმაოდ შეწეულია ფასადის წინა პირთან შედარებით. სამშენებლო წარწერის ზემოთ რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა მოკლე წარწერით. დასავლეთ კედელზე, წითელ ქვაზე ამოკვეთილია რელიეფი (კომპოზიციის გარჩევა ძნელდება).

(დ) პაპუა მაღალის სამრეკლო - საძვალეგალავნის შიგნით დგას. იგი ადრე სამრეკლო იყო. პაპუა მაღალაძემ (გარდაიცვალა 1681 წელს) საძვალედ გადააკეთა. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. სამრეკლო-საძვალე (3,72 X 3,7 მ) ორსართულიანია. ყოველი სართული ცილინდრული კამარით გადახურული თითო სათავსისგან შედგება. მეორე სართულის კედლები და ღუმელი (ჩრდილოეთ კედელთან) მთლიანად შეთეთრებულია. გადაკეთების კვალი ნაგებობას აშკარად ემჩნევა: თავდაპირველად ორივე სართული ყოველ მხარეს ღია ყოფილა. ქვემოთ სამრეკლოს ოთხი ბურჯი და ოთხი ისრული თაღი ჰქონია, ზემოთ - ოთხივე მხარეს ორ-ორი ისრულთაღოვანი მალი. პაპუა მაღალაძემ ყველა მალი ამოაშენებინა.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

(ე) ინტერიერი მოგვიანებით მოუხატავთ. მოხატულობა მიეკუთვნება XVII საუკუნის II ნახევარს. პირველ სართულზე შემონახულია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. ცილინდრულ კამარაში წარმოდგენილია ქრისტე ყოვლისმპყრობელი წრეში, კუთხეებში მახარებელთა სიმბოლოებია. ქვემოთ, კედლებზე მოხატულობა მოწითალო-ყავისფერი ხაზით ორ რეგისტრადაა გაყოფილი. აღმოსავლეთით, პირველ რეგისტრში წარმოდგენილია შემდეგი სცენები: ხარება, შობა, მირქმა; მეორე რეგისტრში, კედლის მთელ სიგრძეზე მოციქულთა ზიარება; კედლის ცენტრში, შავი და წითელი ტალღოვანი პარალელური ხაზებით შემკულ სარკმლის ქვეშ ნიშში, გამოსახულია გოლგოთის ჯვარი (ბერძნული წარწერებით); სამხრეთ კედლის ზედა რეგისტრში - სულიწმინდის მოფენა; ქვედა რეგისტრში შემდეგი სცენებია: ლაზარეს აღდგინება, დედანი მაცხოვრის საფლავთან; დასავლეთ კედელზე, ზემოთ, სამხრეთით გაერთიანებულია ორი კომპოზიცია - მოსე ცეცხლმოდებული მაყვლოვანის წინაშე და მოსე სინას მთაზე; ჩრდილოეთით - ბრმათა თვალთახელა; ქვემოთ, შესასვლელის თავზე, მაღალაძეთა ძლიერ დაზიანებული ჯგუფური პორტრეტია (იკითხება სახელები: ადამ, ზურაბ, მამუკა, პაატა, რევაზ, ნიკოლოზ, გიორგი). ჩრდილოეთ კედელზე, ზემოთ - ჯოჯოხეთის წარტყვევნა; ქვემოთ, თაღის ლუნეტის ორივე მხარეს - მუხლმოდრეკილ წინასწარმეტყველთა ორი ფიგურა (მარჯვნივ ესაიაა). მოხატულობა ხასიათდება შესრულების მანერის სიმშრალით; კოლორიტი მუქი და მღვრიეა (მოვარდისფრო-ყავისფერი, ვარდისფერი, ნაცრისფერი, მონაცრისფრო-თეთრი და მუქი ლურჯი). სამრეკლო-საძვალის პირველ სართულს დასავლეთით ჰქონია ერთი ვიწრო შესასვლელი, აღმოსავლეთით - სარკმელი. სარკმლის ქვეშ ყოფილა ნიში მღვდელმსახურებისათვის. სამხრეთითაც ერთი პატარა ნიშია. ჩრდილოეთით, ლუნეტამდე, კედელი ამოშენებულია. ლუნეტი ერთი რიგის ქვის წყობითაა ამოქოლილი (წყობაში შუქი ატანს). დასავლეთ ფასადზე ჯვრისებრ განლაგებული ღრმულებია, რომლებიც კერამიკულ სამკაულთა ბუდეებს წარმოადგენდა. სამრეკლო თავისი კონსტრუქციით არსებითად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი ტიპის სამრეკლოებისგან – მას არა აქვს ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატური.

(+)

(ვ) ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი) მთელ კომპლექსს გადმოჰყურებს. ჩრდილო - აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი სამშენებლო წარწერის მიხედვით იგი პაპუა მაღალაძეს აუგია 1679 წელს. კოშკი ოთხსართულიანია (6X6 მ, სიმაღლე 13 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია: ჩრდილო - აღმოსავლეთ ფასადის მარჯვენა კუთხის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, კარ - სარკმლებს დაკარგული აქვთ ფორმა. გადახურვა მხოლოდ მეოთხე სართულს აქვს. შემორჩენილია კოჭების ბუდეები. კოშკს ჰქონია მეხუთე გადაუხურავი სართულიც. მთავარი ფასადი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენაა მიმართული. შესასვლელიც ამ მხარესაა, მიწის დონეზე. ამავე ფასადზე მეორე დიდი ხვრელობია მესამე სართულის დონეზე. ყოველ სართულზე რამდენიმე ხვრელი-სათოფურია, პირველ, მეორე და მეოთხე სართულებზე კი - ბუხრები. მეოთხე სართული თითქმის ძირიდანვე კამაროვანია. კამარა აგურისაა და ეყრდნობა აგურისავე საბჯენ თაღებს. თაღებს შორის მრუდე, შეზნექილი ზედაპირები იქმნება. მეხუთე სართულზე ასვლა კამარაში დატანებული ხვრელით შეიძლება. კოშკი დაგვირგვინებულია სალოდეებით. ყოველ ფასადზე ქვის ბრტყელი ფილები კონსოლებს ქმნიან. მათზე დაბჯენილია აგურის არმატურა, რომლის წინა პირი გამოშვერილია. ყოველ ფასადზე ოთხი თაღია. მცირე ლუნეტები დატოვებულია სათოფურებად. ბოლო სართული სათვალთვალო ბაქანიც იყო. მთავარ ფასადზე, მეორე სართულის დონეზე, შუა ადგილას ჩასმულია ფირუზისფერი ქვა წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულებით. რელიეფი დაბალი და ბრტყელია. მეოთხე სართულის მთელ სიმაღლეზე წყობაში ჩართულია რამდენიმე ფირუზისფერი ქვა, რომელთა შორის მოქცეული სათოფურები აღარ შეიმჩნევა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადზე, შედარებით პატარა აგურისფერ ქვაზე, გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს თრგუნავს. რელიეფის ზემოთ ლავგარდნის მსგავსი შვერილი ქვაა. სამხრეთ-დასავლეთით, მაღლა, მოწითალო ქვაზე მეორე რელიეფია: ყალყზე შემდგარ დიდრქებიან ირემს ქვემოდან წინა თათებით ვეფხვი ჩაფრენია ზურგში. ზემოთ კი კბილებდაკრეჭილი ცხოველია.

(ზ) აფთიაქი (3,35X3,2 მ) დგას პაპუა მაღალაძის კოშკის სამხრეთ - დასავლეთით 300 მეტრზე. ამ ადგილს მოსახლეობა ”საჯინიბოებს” და ”სამტრედოებს” უწოდებს. აფთიაქი ნაშენია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, კედლები. თავდაპირველი სახით შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედელი (3 მეტრის სიმაღლეზე). ინტერიერში კედლები დაყოფილია პატარ-პატარა თახჩებად (0,15 X 0,19; 0,15 X 0,23 მ). ყველა კედელი, გარდა აღმოსავლეთისა, გარედან მიწაშია მოქცეული (სიგრილის შესანარჩუნებლად). გალავნის შიგნით, უშუალოდ შესასვლელთან, სწორკუთხა აუზია. შემორჩენილია გარედან შეყვანილი წყლის მილი.ინტერიერში კედლები დაყოფილია პატარ-პატარა თახჩებად (0,15X0,19, 0,15X0,23 მ). ყველა კედელი, გარდა აღმოსავლეთისა, გარედან მიწაშია მოქცეული (სიგრილის შესანარჩუნებლად). გალავნის შიგნით, უშუალოდ შესასვლელთან, სწორკუთხა აუზია. შემორჩენილია გარედან შეყვენილი წყლის მილი.

ნ.ანდღულაძე, თ.გაგოშიძე, ფ.დევდარიანი, გ.ჭეიშვილი.

267. ნასოფლარი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფელში, შუა უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა ეკლესიის საძირკველი, ნასახლართა ნაშთები და სამარხი ქვაყუთები. ნაეკლესიარზე ამჟამად სოფლის მაღაზია დგას.

რ.კვიტაიშვილი

268. საკურთხისის მაცხოვრის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის სამხრეთით 7 კმ-ზე, ნასოფლარ საკურთხისის სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X სს-ით. ეკლესია დარბაზულია (8,5X4,7 მ.) ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია ჩრდილოეთ და დასავლეთის კედლების უმეტესი ნაწილი. დაზიანებულია აღმოსავლეთით მდგარი ეკლესიის მაღალი საყრდენი კედელიც. შესასვლელი ორია - სახრეთ კედლის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთებში. სახრეთსი კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან - სწორკუთხა. ნახევარწრიული აფსიდის ღეძზე ერთი სარკმელია. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდანის მხოლოდ ერთი ქვა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ჰქონია გვიანდელი მინაშენი (დანგრეულია)

269. საკურთხისის წმ. გიორგის ეკლესია, უმზეურა, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლიდან 10 კმ-ზე, ნასოფლარ საკურთხისის სახრეთით 300 -400 მეტრზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური, ეკლესია ძლიერ დაზიანებულია, კედლები მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია (5,3X3,8 მ), ნაგებია ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელი ყოფილა.

თ.დვალი

270. სამაროვანი , არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელში, ხვედრელიანთ უბნისკენ მიმავალი გზის პირას. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამაროვანზე გამოვლინდა სამარხი ქვაყუთები.

რ.კვიტაიშვილი

271. ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის ცენტრში, უჭუჭიანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კოშკი, სამრეკლო და გალავანი. ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,42X5,5 მ.).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

აღმოსავლეთ ფასადის ასომთავრული წარწერის თანახმად აუგია "ტფილელ მთავარეპისკოპოზს“ ბარნაბა ფავნელისშვილს 1588 წ. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ნახევარწრიული ნიში. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელში. შიდა სივრცე მაღალია და ზევითკენ ვიწროვდება. დარბაზი გადახურულია კამარით. რომელიც გრძივ კედლებს ეყრდნობა. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შელესილობის ქვეშ შეიმჩნევა (ა) მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი გამაგრებულია ორი კონტრფორსით, რომლებიც გადახურულია კრამიტით.

(ბ) კოშკი ეკლესიის დასავლეთ კედელზეა მიდგმული და სიმაღლით ეკლესიას უსწორდება. ორივე ნაგებობა გადახურულია საერთო ორფერდა სახურავით, შემოვლებული აქვს აგურის ერთიანი თაროსებრი ლავგარდანი. მოგვიანებით ეკლესიის დასავლეთ კედელი გაჭრეს და ფართო თაღოვანი მალით ეკლესია კოშკს შეუერთეს. ეკლესიის იატაკის დონე გააგრძელეს, რის შედეგადაც კოშკის ქვედა სართული ორ ნაწილად გაიყო. კოშკის ადრე არსებული დასავლეთის კარის ზედა ნაწილი სარკმლად გადაკეთდა. კოშკის ქვედა სართულის შესასვლელები ამოქოლილია. ზედა, ბოლო სართული შეისრული კამარით გადახურული  იზოლირებული სათავსია, რომელსაც ჩრდილოეთიდან თაღოვანი შესასვლელი აქვს. დასავლეთ კედლის ცენტრში სათოფურია

(გ) სამრეკლო დგას ეზოს შესასვლელთან, ეკლესიის სამხრეთ  - აღმოსავლეთით. მისი პირველი სართული მასიურია. მასზე აღმართულია სამრეკლოს ოთხბოძიანო აგურის ფანჩატური.

(დ) კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომლის მხოლოდ სამხრეთ ნაწილია შემორჩენილი.

თ.დვალი

272. ჩადრისთავის საყდარი, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთ - დასავლეთით, მთა ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,5X5,35 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია რიყის ქვაც. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. კედლები მხოლოდ 1-2 სიმაღლეზეა შემორჩენილი. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია.   საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია მწვანე ტუფის კარგად გათლილი ქვებით ნაწყობი სატრაპეზო.

გიორგობიანი კ., დვალი თ.

273. წმ.თევდორეს ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ჩრდილოეთით, ბორცვზე, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,75X4,3 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვის ლოდები, ფიქალი და აგურიც. არქიგრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. საკურთხევლის კედელში დატანებულია ორი ნიში, რომელთაგან სამხრეთისა ორი ბრტყელი ქვით პირამიდულადაა გადახურული, ჩრდილოეთისა კი სწორკუთხაა. დასავლეთ კედელში ერთი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის საბჯენი თაღი მარტივ კონსოლებს ეყრდნობა. თაღი კონქს ერწყმის

მგალობლიშვილი მ.

274. წყრუთის საყდარი, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის სამხრეთით 3-4 კმ-ზე, ნასოფლარ წყრუთის მიდამოებში. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,5X4,5 მ.), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: არ ჩანს გადახურვის კვალი, კედლები შემორჩენილია 2,6 მ სიმაღლეზე, ინტერიერი ამოვსებულია ქვაყრილით, ამოსულია მცენარეები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან მხრებითაა გამოყოფილი მის კედლებში ორი მოზრდილი ნიშია. საკურთხევლის სარკმლის კვალი არა ჩანს. ნიშებია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშიც. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით.

მარჯანიძე ნ.

275. ჯვარპატიოსნის ეკლესია არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ჩრდილოეთით 3 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,7 X 6,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრ. ნაწილები (პილასტრები, იმპოსტები და ლავგარდანი) შირიმის ქვისაა. დაზიანებულია: ჩანგრეულია გადახურვა (შემორჩენილი ნაშთების მიხედვით, კამარა ნახევარწრიული ყოფილა), დასავლეთ კედლის კუთხეების პილასტრებს ზედა ნაწილი აკლია, მთლიანად დანგრეულია მინაშენი. შემორჩენილია საძირკვლის ნაშთები. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიში. სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დასავლეთისაში ერთი. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. დარბაზის განივი კედლები კაპიტელებით დასრულებული წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებზე საბჯენი თაღი გადადის. აღმოსავლეთ სარკმელში შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის კვალი. ეკლესიაზე მიშენებულ ეგვტერს (11,7X 5 მ), რომლისგანაც მხოლოდ საძირკეელია შემორჩენილი, სამხრეთით შესასვლელი ჰქონია, ხოლო აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი.

ნუცუბიძე ა.

გამოყენებული ბმული: http://dzeglebi.com/view.php?id=264