topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ. ქავთარაძე - ტაოხთა უძველესი ქვეყანა

<უკან დაბრუნება

გიორგი ქავთარაძე


"ტაოხთა უძველესი ქვეყანა და ქართული


სახელმწიფოებრიობის საწყისები"


ნაწილი I...

 

გაგრძელება (ნაწილი II)

ფიზიკური გეოგრაფიის თვალთახედვით ამიერკავკასია ანუ უკანასკნელ ხანებში სულ უფრო ხშირად მიღებული ნომენკლატურით  - “სამხრეთი კავკასია”[1], სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, მკვეთრად გამოკვეთილი ბუნებრივი ზღუდეებითაა შემოფარგლული - კავკასიონის მთაგრეხილით, შავი და კასპიის ზღვებით, ხოლო სამხრეთის საზღვარი არ არის ამავე დონის გლობალური მნიშვნე­ლობის მქონე მიჯნით გამოყოფილი. სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ზღვრად ძირითადად მდინარე არეზის დინება მიიჩნევა ხოლმე. რაც შეეხება სამხრეთ-დასავლეთს, ამ მხრიდან გამყოფად ჯერ რუსე­თის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვარი ითვლებოდა.

გადიდებისათვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ამდენად ამ მონაკვეთის სივრცობრივი განზომილება საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციისა და შესაბამისად მისი სახელმწიფო საზღვრის (რომელიც ამავე დროს “რკინის ფარდის” ფუნქციასაც ასრულებდა) მოშლის შემდეგ გადასინჯვას მოითხოვს. ასეთ მიჯნად ამიერკავკასიის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრისათვის შეიძლება ჩაითვალოს მდინარე არეზის ზემო წელის დინება (რაც სავსებით ბუნებრივია თუ გავავრცელებთ ზემომოყვანილ ცნობას სამხრეთის მხრიდან მისი მსაზღვრავი ფუნქციის შესახებ) და მისგან დასავლეთით მიმდინარე ხაზი პალანდიონკენის მთაგრეხილიდან ჩრდილოეთისაკენ კოპის ქედის გადაკვეთით მდ.ჭოროხის შუა და ქვემო დინებების გაყოლებით შავ ზღვამდე გამავალი. ამიერკავკასიის საზღვრის ასეთი განსაზღვრება მეტ-ნაკლებად ემთხვევა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიულ საზღვარს (ერზურუმის მხარის გამოკლებით)[2]. ამიერკავკასიის ასეთი ტერიტორიული დეფინიცია, ზრდის მის არეალს მდინარეების არეზის, ევფრატის (კარა-სუ) და ჭოროხის ზემო წელის სანახებით, სადაც მდებარეობდა ასურულ-ურარტული წყაროების დაიაენი/დიაუხის ქვეყანა. საქართველო ისტორიულად სამი ძირითადი - აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი - ნაწილისაგან შედგება. სამივე ეს მხარე ჩამოყალიბებული იყო მათივე წიაღში არსებულ უმთავრეს მდინარეთა აუზების გარშემო: აღმოსავლეთი საქართველოსათვის განმსაზღვრელი იყო მტკვრის აუზი, დასავლეთი საქართველოსათვის - რიონისა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთისათვის - ჭოროხის. აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ეპოქებში აღმოცენდა წარმართული იბერია, ქრისტიანული ქართლი (ივერია) და ქართლ-კახეთის სამეფო, დასავლეთ საქართველოში - კოლხეთი, ეგრისი/ლაზიკა, აფხაზეთისა და იმერეთის სამეფოები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე _ დაიაენი/დიაუხი, ხორძენე-მოსხიკე, ტაო-კლარჯეთი და სამცხე-საათაბაგო. აღმოსავლეთ საქართველოში ანუ ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის ადგილობრივ საფუძველზე აღმოცენება დაკავშირებული ჩანს ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქემენიანთა იმპერიის დაპყრობასთან. ამ პერიოდიდან ყალიბდება ქართლის სამეფოს ისტორიული ფუნქცია გადაჯაჭვული სხვა ელინისტურ პოლიტიკურ წარმონაქმნთა ინტერესებთან და სათავეს იღებს დღევანდელი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული განვითარების პროცესი[3]. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ანუ სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების აღმოცენების ადრეულობას სხვა მხარეებთან შედარებით უნდა მიგვანიშნებდეს ისტორიული საქართველოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი განვითარების პროცესის თავისებურებანი და ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია [გვ.93]. სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიული სიახლოვე ახლო აღმოსავლეთის მაღალგანვითარებულ სამყაროსთან და ამ უკანასკნელიდან მომდინარე ზეგავლენა არ უნდა ყოფილიყო ადგილობრივი საზოგადოების სოციალური განვითარების ძირითადი განმაპირობებელი გარემოება. უფრო ისე ჩანს, რომ ადრეული და შუა ბრინჯაოს ხანაში ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი პერიფერიის ცენტრალური ნაწილის დაბალი განვითარების მობილური, მესაქონლე ტომები, რომლებიც ფლობდნენ ბუნებრივი სიმდიდრეების მნიშვნელოვან მარაგს, პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც ხშირ შემთხვევაში იქვემდებარებდნენ სამხრეთის დაწინაურებულ საქალაქო ცივილიზაცი­ებს. ანალოგიური ვითარებაა ახლო აღმოსავლეთის დასავლურ – ეგეოსურ და ჩრდილოაღმოსავლურ ანუ ცენტრალურაზიურ ფლანგებზეც [4].

გვიანი ბრინჯაოს ხანიდან სამხედრო ლიდერის აქტიური ფუნქციის არსებობის მქონე საზოგადოების განვითარების არაურბანულ (პირობითადად - ჩრდილოურ) ტიპს, თანდათანობით ენაცვლება უპირატესად საორგანიზაციო მართველობითი ხასიათის ურბანისტული (პირობითადად - სამხრეთული) ტიპი, გამორჩეული მიწათმოქმედების მზარდი მნიშვნელობით, რომელსაც სახელმწიფოებრიობის აღმოცენებისაკენ უნდა მიეყვანა ადგილობრივი საზოგადოება. რამდენადმე უფრო გვიან, ამიერკავკასიის ტერიტორიის ცალკეული რეგიონების მოქცევამ ურარტუს სახელმწიფოს შემადგენლობაში, დააჩქარა ამ პროცესის განვითარება[5]. მდგომარეობა მთლიანად იცვლება ირანის აქემენიანთა იმპერიის აღმოცენების ხანიდან, როდესაც ცივილიზებული სამხრეთის გაბატონებული მდგომარეობა ბარბაროსული ჩრდილოეთის მიმართ უკვე ეჭვს აღარ იწვევს[6]. წინაელინისტურ ხანაში სწორედ ირანის ზეგავლენა განაპირობებდა ადგილობრივი საზოგადოების განვითარების პროცესს ამიერკავკასიაში. აღსანიშნავია, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, იმიერკავკასიიდან კიმერიული და სკვითური ტომებისა და სამხრეთიდან ახალი მოსახლეობის ნაკადების შემოჭრა-შემოდინებამ სახე უცვალა ამიერკავკასიაში ადგილობრივად მიმდინარე სოციალურ-კულტურული განვითარების მსვლელობას და აქ რთული, სინთეტური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი წინაპირობები შექმნა. შემთხვევითი არ არის ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრების" ცნობა, რომ ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლეგენდარულ შემოსვლამდე: “…იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს ყუველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა”[7]. ცნობილია, რომ ე.წ. მელტინგ პოტ-ის ეფექტი სახელმწიფოებრიობის წარმოქმნისათვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენს. უფრო ადრე, ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის შუა ხანებში, რამდენადმე მსგავს სიტუაციას ადგილი უნდა ჰქონოდა სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც, დღევანდელ ქალაქ ერზურუმის ჩრდილოეთით, დაახლ. მდ.ევფრატის სათავეების მხარიდან შავ ზღვამდე, მდებარეობდა დაიაენი,[8] სადღეისოდ არსებული მონაცემებით,[9] საქართველოსა[10] და, როგორც ჩანს, ამიერკავკასიაში მიკვლეული უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომლის არსებობას უკვე ძვ.წ. XII ს-ში ადასტურებს ასურული წერილობითი წყაროს ცნობა[11]. ამ რეგიონში ადგილი უნდა ჰქონოდა ქართველური, ხურიტული და შესაძლოა ხეთური წარმომავლობის მქონე ტომთა თანაცხოვრებას. მომდევნო ხანების წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა ვრცელი რეგიონის შიგნით, რომლის ფარგლებიც შემოისაზღვრებოდა დასავლეთიდან ლაზისტანის ქედით, ჩრდილოეთიდან შავშეთის ქედითა და მისი განშტოებებით, აღმოსავლეთიდან ალაჰუექბერისა და ჩაქირბაბას ქედებით, ხოლო სამხრეთიდან დაახლოებით თანამედროვე თურქული ქალაქების პასინლერისა და ბაიბურთის შემაერთებელი ხაზით[12]. დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სამხრეთითა და აღმოსავლეთით განლაგებული ურარტუს სამეფო, ადრეულ ეტაპზე მაინც, “ურუათრის” ტომთა გაერთიანების მსგავსად, ძირითადად ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ, მის დასავლეთითა და სამხრეთით ანუ მდ.არეზის სამხრეთითა და დასავლეთით მდებარეობდა [გვ.94].

ურარტუს სახელმწიფოს აღმოცენებისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ასურეთის აგრესიამ. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ პ. ციმანსკის, რომ ურარტული სახელმწიფო ძალის გამოყენების შედეგად შეიქმნა – ომი იყო მისი აღმოცენების გამომწვევი მიზეზიცა და პასუხიც. მთელი მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურა ასახავს უდიდეს ზრუნვას თავდასხმითი და თავდაცვითი სამხედრო საქმიანობისადმი. როდესაც მზარდმა ახალასურულმა სახელმწიფომ ძვ.წ. IX საუკუნის მანძილზე გაფართოება დაიწყო, მისმა ლაშქრობებმა ჩრდილოეთის მიმართულებით სულ უფრო მზარდი ხასიათი მიიღო, ამას შედეგად მოყვა არა ასურელთა კონტროლის დამყარება რეგიონზე, არამედ მათ მიმართ მძაფრი წინააღმდეგობა; მანამდე დანაწევრებული “ნაირის ქვეყნები” გაერთიანდა ვანის ტბის მხარის დინასტიის ხელქვეით, რომელმაც დაცვა აღუთქვა დამორჩილებულებს და ძალით დაიქვემდებარა ურჩები[13]. ურარტული ხელისუფლების გავრცელებას აღმოსავლეთ ანატოლიის, ჩრდილო-დასავლეთ ირანისა და სამხრეთ ამიერკავკასიის დიდ ფართობებზე ხელი უნდა შეეწყო ასურელთა ლაშქრობების შედეგად ამ მხარეებისათვის ამ უკანასკნელთა მიერ მიყენებულ ზარალს[14]. დაიაენის ადგილმდებარეობა განსხვავებული იყო, ურარტელთა ზურგს უკან იგი შედარებით ნაკლებად ექვემდებარებოდა ასურულ აგრესიას. ასურელთა სამხედრო დაწოლას უნდა განეპირობებინა ურარტუს ტერიტორიაზე ადრეარსებულ, ადგილობრივ სოციალურ და პოლიტიკურ ტრადიციებთან რადიკალური განხეთქილება. თუმცა, ამასთანავე, აუცილებული იყო საკუთრივ ადგილობრივი საზოგადოების მზადყოფნა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისათვის – პირველი, ნამდვილი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის რკინის ხანაში. უკანასკნელ დროს გამოითქვა აზრი, ურარტუს სახელმწიფოებრივი ტრადიციის საწყისების არსებობის თაობაზე სამხრეთ ამიერკავკასიაში, სადაც უკვე ძვ.წ. II ათასწლეულში არსებობდა ციკლოპურკედლიანი ციხე-სიმაგრეები და მათთან დაკავშირებული საირიგაციო არხების ქსელები. იგულისხმება არა უშუალოდ ურარტუს სახელმწიფო აპარატის სამხრეთამიერკავკასიური წარმომავლობა, არამედ სამხრეთ ამიერკავკასიაში არსებული გვიანი ბრინჯაოს ხანის სახელმწიფოებრივი ტიპის წარმონაქმნებში აღმოცენებული პოლიტიკური ტრადიციის – ინსტიტუციონალური ფორმებისა და მმართველობითი სტრატეგიის ერთობლიობის – არეკვლა ურარტუს პოლიტიკურ ცხოვრებაში; სხვა სიტყვებით, ურარტუს სამეფო წარმოადგენდა ნახევარი ათასწლეულით უფრო ადრე, გვიანი ბრინჯაოს ხანის სამხრეთ კავკასიაში ჩასახული გარკვეული პოლიტიკური ტრადიციის აპოგეას[15]. ა.სმითისა და თ.თომპსონის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ურარტუს წარმატება, ე.წ. სომხეთის მთიანეთის ერთიან პოლიტიკურ ერთეულში გაერთიანებისა, წარმოადგენდა სამხრეთკავკასიური პოლიტიკური ტრადიციის უმაღლეს რეალიზაციას, იგი იყო, ამავე დროს, აღნიშნული ხანგრძლივი ტრადიციის ზედა ზღვარი. ურარტუს დაცემის შემდეგ აქ აქემენიდური და გვიანელინისტური ტრადიციების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული პოლიტიკური ძალაუფლების ახალი მოდელები სჭარბობენ.[16] ასურელებთან პირისპირ კონფრონტაციაში ურარტული ჯარი ნაკლებად ეფექტური იქნებოდა; მაგრამ ეფექტურ თავდაცვით სისტემას ციხე-სიმაგრეები ქმნიდნენ, რომლებიც აგებული იყო ცენტრალური ხელისუფლების მიერ მაშინაც კი, თუ მათი თავდაცვა დამოუკიდებლად, რეგიონალური ძალების საშუალებით ხდებოდა. ურარტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე შექმნილი იყო ხელოვნური თავდაცვითი სისტემა, რათა ბუნების მიერ ბოძებული სადამცველო პოტენციალი კიდევ უფრო გაზრდილიყო.[17] მკვლევართა დაკვირვებით, მასიური ურარტული ციხე-ციტადელების კომპლექსები წარმოადგენდნენ[გვ. 95], ძველი ახლო აღმოსავლეთის ანალოგიურ ძეგლთა კონტექსტში, საერო არქიტექტურის უაღრესად განსხვავებულ სახეობას; ისინი ფუნქციონირებდნენ როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სამხედრო და საკულტო ინსტიტუტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი პოლიტიკური ძალაუფლების სივრცობრივად გადაბმული ცენტრები და ამდენად სინთეზირებას ახდენდნენ იმ ძირეული შემადგენელი ნაწილებისა, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა ურარტული სახელმწიფოს პოლიტიკური ორგანიზება ერთ, მკვეთრად გამოხატულ და ხელოვნურად ჩამოყალიბებულ სივრცედ. პ.ციმანსკის ვარაუდით, ურარტუ შეიძლებოდა აღმოცენებულიყო მხოლოდ რკინის ხანაში, ვინაიდან გამძლე და ძლიერი რკინის წერაქვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კლდეთა ძირითადი ქანის დამუშავება ციხე-სიმაგრეებისათვის პლატფორმის მოსაწყობად.[19] იგივე შეიძლება ალბათ ითქვას ციხე-სიმაგრეების სიმრავლით გამორჩეული დაიაენი/დიაუხის ქვეყნის აღმოცენების ხანის შესახებ; ქსენოფონტის ხანაშიც ხომ ტაოხები სიმაგრეებში სახლობდნენ მთელი თავისი ავლა-დიდებითურთ[20]. მთაგრეხილებით სეგმენტირებული ურარტუს ტერიტორია ძირითადად წარმოადგენდა თვითუზრუნველყოფილი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთეულების მოზაიკას, ხოლო მის განაპირას მდებარე დაიაენი/დიაუხის ქვეყანა ერთ-ერთი ასეთი ერთეული იყო, რომლის თავის ორბიტაში მოქცევა წარმოადგენდა ამ დიდი სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პოლიტიკურ ამოცანას. ურარტუმ შედარებით უმტკივნეულოდ მოახერხა სხვა მსგავსი პოლიტიკური ერთეულების დაუფლება.

ეს მომენტი შესაძლოა ურარტუსა და დიაუხის მოსახლეობის მკვეთრ ეთნიკურ განსხვავებაზე მიგვანიშნებდეს. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები და დანატოვარი კულტურული ნაშთები მოწმობენ დაიაენი /დიაუხის ქვეყნის სიდიდესა და განვითარების მაღალ დონეს, გამოვლენილს მრავალრიცხოვანი “ქალაქებით”, ციხე-სიმაგრეებით, ციკლოპური ნაგებობებით, მეურნეობის დაწინაურებული სახეობებითა და მეტალურგიით. რეგიონის რესურსების თავდაცვის საჭიროებას ჯერ ასურელთა, ხოლო შემდეგ ურარტელთა ძალმომრეობისაგან და ეკონომიკურ უპირატესობათა საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებისათვის მისწრაფებას უნდა განეპირობებინა რკინით განსაკუთრებით მდიდარი დაიაენი/დიაუხის ქვეყნის წარმოქმნა და ძვ.წ. XII-VIII საუკუნეების მანძილზე ხუთსაუკუნოვანი არსებობა. როგორც ჩანს, ეს ქვეყანა ხასიათდებოდა “საბელადო” ტიპის საკმაოდ დაწინაურებული პოლიტიკური სტრუქტურით და წარმოადგენდა წინა-სახელმწიფოებრივი საფეხურიდან სახელმწიფოზე გარდამავალ წარმონაქმნს ანუ სახელმწიფოებრიობისაკენ მიმავალ ევოლუციურ ტრაექტორიაში ეკავა ეგალიტარულ სეგმენტურ საზოგადოებებსა და სინთეტურ სახელმწიფოებს შორის არსებული საშუალედო ეტაპისათვის განკუთვნილი ადგილი.[21] დაწინაურებულ, იერარქიული ტიპის სახელმწიფოებრივ სტრუქტურაზე უნდა მიუთითებდეს მისი სოციალური სისტემის თავისებურებანი: მეფე-სიუზერენი, ცალკეულ პროვინციათა მმართველი “მეფეები”, ერთიანი მმართველის ხელქვეით სხვადასხვა ტომთა გაერთიანება.[22] როგორც ჩანს, ურარტუს სამეფოს მსგავსად დიაუხის ქვეყანაც პროვინციებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანს განაგებდა ადგილობრივი მმართველი. როგორც ასურული წყაროები მოწმობენ, ურარტუში ასეთ მმართველთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო და ინდივიდუალურად ისინი საფრთხეს ვერ შეუქმნიდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.[23] დაიაენის ქვეყანა ასურულ ეპიგრაფიკულ წყაროებში წარმოდგენილია აიაენი ან აიანი-ს ფორმით, რაც შეესატყვისება ურარტულში დიაუხი ან დიაუეხი ფორმას.[24] ასურული დაიაენი/დაიანისა და ურარტული დიაუხი/დიაუეხის შესატყვისია ქსენოფონტის “ანაბასისში” მოხსენიებული ტაოხთა ქვეყანა. დაიაენისა და დიაუხის იდენტურობა პოსტულირებული იყო ჯერ კიდევ ა. სეისის, მ. შტრეკის, ა. ბილერბეკისა და ფ. დელი[გვ. 96]ჩის მიერ, ხოლო ტაო/ტაიქთან პირველ მათგანს უკვე კ. ლემან-ჰაუპტი და ე. ფორერი აკავშირებდნენ.[25] გ. მელიქიშვილის აზრით, ეს სატომო სახელი ხურიტული უნდა იყოს, ვინაიდან ხურიტულ ონომასტიკონში ფართოდ გავრცელებული ჩანს ტაი-ელემენტი.[26] ანლაუტში დ- > ტ- პროცესი დამახასიათებელია ხურიტული და ქართველური ენებისათვის. თუმცა უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრებით, ვინაიდან ქართველურ ენებში ხშულ თანხმოვანთა სამეულებრივი სისტემაა, სოლისებრი დამწერლობით ჩაწერილი მისი ლექსიკაც აბრუპტივებს ასახავდა არა ყრუებით, არამედ მჟღერებით და შესაბამისად ქართველური ტ-ა-ო ურარტულად დაიწერებოდა დი-ა-უ-ḫი და წაიკითხებოდა: ṭაოḫი (ტაოხი), რასაც ადასტურებენ სომხური და ერთგვარად ბერძნული ფორმები: Τάοχοι, Τάοι).[27] თუ კი მოვახდენთ ამ ვარაუდის ექსტრაპოლირებას ასურულ ლურსმულ წარწერებში დადასტურებულ და იმავე ქვეყნის აღმნიშვნელ ტერმინზე – “დაიაენი”, ალბათ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მისი საწყისი ფორმა უნდა ყოფილიყო “ტაიაენი”, საკმაოდ ახლო მდგომი მრავლობითი რიცხვით ნაწარმოებ ძველ ქართულ ტერმინთან “ტაონი”[28]. ვითვალისწინებთ, ქართულში ხმოვანთკომპლექსის მიდრეკილებას ერთმარცვლოვნობისაკენ [29] და იმ გარემოებას, რომ ამავე რეგიონის ტოპონიმიკის ამსახველ ურარტულ წყაროებში დადასტურებულია სავარაუდოდ “ნ”-არიანი მრავლობითით გაფორმებული დიაუხის შემადგენელი ქვეყნების აღმნიშვნელი ფორმები: “ბიანი” და “ხუშანი” [30]. მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა მდ. ევფრატის (კარა-სუ) სათავის ჩრდილოეთით [31] ანუ ისტორიული ქართული მხარის ტაოს რაიონში [32]. დაიაენის შემდეგდროინდელი ტაოს ადგილას ლოკალიზაციის შესაძლებლობას იძლევა ასურ მეფეთა წარწერები: შუაასურული ხანის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ.წ. 1114-1076 წწ.) მეფობის მესამე წლის, ძვ.წ. 1112 წ. წარწერიდან ირკვევა, რომ ნაირის ქვეყნების კოალიციის მონაწილე დაიაენი, ამ ქვეყანათაგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და “ზედა” ანუ შავი ზღვის მახლობლად უნდა ყოფილიყო განლაგებული[33]. დაიაენის ჩრდილოურ მდებარეობაზე მიგვანიშნებს სალმანასარ III-ის (ძვ. წ. 858-824 წწ.) ძვ.წ. 856 ლაშქრობის აღწერილობაც, როდესაც იგი მდ. არაცანის (მურათ-სუს, იგივე აღმოსავლეთ ევფრატის) დინების ჩრდილოეთით მდებარე სუხმის ქვეყნიდან გადავიდა დაიაენიში; “სოხმე//სუხმი” დაიაენის ქვეყანას სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრებოდა [34,35]. კიდევ უფრო მეტად არის დაკონკრეტებული დაიაენის ადგილმდებარეობა ახალასურული ხანის მეფის, სალმანასარ III-ის მიერ ნიმრუდის სასახლის “ფრთოსან ხარებზე” დატოვებულ წარწერაში. სალმანასარი გვამცნობს: “ჩემი მმართველობის მეთხუთმეტე წელს წავედი ნაირის ქვეყანაზე, ტიგროსის სათავესთან კლდოვან მთებზე, იქ საიდანაც წყალი გამოდის, გამოვკვეთე ჩემი მეფურობის გამოსახულება, დავწერე მასზე ჩემი ძლევამოსილების გამარჯვება და შემართების გზები. თუნიბუნის ზეკარით გადავიარე არამე ურარტელის ქალაქებზე ევფრატის სათავემდე და დავანგრიე, აღვგავე და ცეცხლით გადავწვი. მივედი ევფრატის სათავესთან, მსხვერპლი შევწირე ჩემს ღვთაებებს და აშურის იარაღი განვბანე მასში. ასია, დაიაენის ქვეყნის მეფე, ფეხთჩამივარდა, ხარკი და ძღვენი, ცხენები, მივიღე მე მისგან, ჩემი სამეფო გამოსახულება გავაკეთებინე და დავდგი მისი ქალაქის შუაგულში”[36].

ეს ამბავი ხდება ძვ.წ. 844 წელს, თანამედროვე ქ.ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლ. 40 კმ-ით მდებარე ევფრატის სათავესთან, სადაც მისულ სალმანასარს ეახლა ასია, დაიაენის მეფე, რომლის სატახტო ქალაქიც, სადაც ასურ მეფეს აღუმართავს თავისი გამოსახულება, იქვე, მდინარის სათავის მახლობლად უნდა ყოფილიყო.[37] მართებულად შენიშნავს მ. სალვინი, რომ სალმანასარ III-ის მიერ ევფრატის სათავესთან დაიაენის მეფის ყმად მიღების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, უნდა მიუთითებდეს ამ გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდების _ დაიაენი _ იდენტიფიცირებაზე ურარტული წყაროების დიაუ(ე)ხთან და ამ უკანასკნელის მეშვეობით ქსენოფონტის მიერ მოხსენიებულ ტაოხებთან.[38] [გვ. 97] ასურელები და ურარტელები ხშირად განსხვავებულ ტოპონიმებს იყენებდნენ ერთიდაიმავე ადგილის აღსანიშნავად.[39] სალმანასარის ცნობის სიზუსტეს ცხადყოფს გასული საუკუნის დასაწყისში, მდ. ტიგროსის სათავესთან, ბირკლინში (ე.წ. ტიგროსის გვირაბთან), კლდეზე მიკვლეული მეფის გამოსახულება და ოთხი წარწერა, რომელთა სალმანასარისადმი კუთვნილება ს.ფ.ლემან-ჰაუპტმა დაადგინა.[40] ძველი შუამდინარეთული წარმოდგენით, წყალი განწმენდისა და აღორძინების სიმბოლოა, ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს ზღვარი და დამაკავშირებელი – “ციური ოკეანის ჭურჭელია”, ხოლო მდინარეები ტიგროსი და ევფრატი მნიშვნელოვან მითოლოგიურ სიმბოლოს, საკრალური ტოპოგრაფიის ელემენტებს წარმოადგენდნენ, ისინი, ისევე როგორც ყოველივე, ციური სუბსტანციების მიწიერი გამოსახულებებია: ცის ერთ თანავარსკვლავედში ტიგროსია, ხოლო მეორეში ევფრატი. ესაიას ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ასურეთის მეფის სიძლიერე შედარებულია ევფრატის ძალასთან: “…აჰა აღმოიყვანებს უფალი, თქუენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა, ასსურასტანელთა მეფისა, და დიდებასა მისსა და აღმოვიდეს ყოველსა ზედა ჴევნებსა თქუენსა, და ვლოს ყოველსა ზედა ზღუდესა თქუენსა…” (წინასწარმეტყველება ესაიასი)[41]. ზემომოყვანილ სალმანასარის წარწერაში ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ მდ.ევფრატის სათავესთან მისული ასური მეფე, მსხვერპლშეწირვისა და აშურის იარაღის მდინარის წყალში განბანის შემდეგ, არაფერს ამბობს აქვე თავისი გამოსახულების დატოვების თაობაზე და იუწყება მხოლოდ თავისი “მეფური გამოსახულების” დადგმაზე დაიაენის მეფის ასიას სატახტო ქალაქში. როგორც ჩანს, ეს იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ “ტიგროსის გვირაბის” ადგილმდებარეობისაგან განსხვავებით, სადაც მდინარე მძლავრად გამოედინება კლდოვანი მთის ძირიდან, მდ.ევფრატის სათავის მხარე არ წარმოადგენდა ეფექტურ ადგილს ასურეთის მეფის სახელის უკვდავსაყოფად აგებული ძეგლისათვის, განსხვავებით ასია დაიაენელის დედაქალაქისა. როგორც ირკვევა, მდინარე ევფრატი (უფრო ზუსტად, დასავლეთ ევფრატი ანუ კარა-სუ) მრავალრიცხოვან წყაროთა შეერთების შედეგად არის წარმოქმნილი, რომელთა რიცხვიც, ზოგიერთი ცნობით, ასზე მეტია. ევფრატის სათავის დასადგენად საგანგებო ძიება XIX საუკუნის შუა ხანებში ჩაატარა გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა მორიც ვაგნერმა. მისი ცნობით, ევფრატის სათავე წყაროს წარმოადგენს დუმლუ-სუ, რომელიც გიაურ დაღის განშტოების შემადგენელ დუმლუ დაღის ფერდობიდან გამოედინება [42]. დიმ.ბაქრაძის რუკაზეც კარა-სუს სათავე წყაროდ – დუმლუ ბუკარია აღნიშნული [43]. ერზურუმის მხარეში ნამყოფი რობერტ ქერზონი 1843 წელს წერდა, რომ ერზურუმიდან თორთომისაკენ მიმავალ გზასთან მდებარე კლდოვანი მწვერვალიდან ჩანს სამი მდინარის სათავე, რომელთაგანაც ერთი შავ ზღვაში ჩაედინება, მეორე – სპარსეთის ყურეში, ხოლო მესამე – კასპიის ზღვაში;[44] უკანასკნელში მდ.არეზის (არაქსის) შენაკადი უნდა იგულისხმებოდეს. ეს ადგილი დუმლუ სუს სათავე წყაროების მახლობლობაშია, ზღვის დონიდან 2090 მ სიმაღლეზე მდებარე გიოქლიას უღელტეხილთან. შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეში ჩამდინარე მდინარეების წყალგამყოფია გიაურ დაღი, კლასიკური ხანის მწერლების ე.წ. მოსხური მთების სამხრეთული სექტორი – მისგან ჩრდილოეთით მდ.ჭოროხის შენაკადები თორთომის-წყალი (თორთუმ-ჩაი) და ოლთისის-წყალი (ოლთუ-ჩაი) მიედინებიან, ხოლო სამხრეთით მდ. ევფრატის შენაკადები[45] – კარა-სუს სათავე მდინარე დუმლუ-სუ და სერჩამ სუ. ძირითადად სწორედ კარა-სუსა და სერჩამ-სუს შეერთების შემდეგ იყო ცნობილი მდინარე როგორც “ფრატი” ანუ ევფრატი.[46] აღსანიშნავია, რომ სერჩამ-სუს წყლის ნაკადის მასა მეტი თუ არა ნაკლები არ არის კარა-სუს ნაკადზე და უფრო ჩქარი დინებაც აქვს; მაგრამ ამ ორი მდინარის შეერთების ადგილიდან მათ სათავეებამდე მანძილი სერჩამ-სუს შემთხვევაში კარა-სუს მანძილის ნახევარსაც კი არ შეადგენს.[47] პლიმიუსის მიხედვით, მდ. ევფრატი გამოედინება დიდი სომხეთის პროვინცია კარანიტისიდან, მთა აბას ფერდობიდან და მას სათავის მახლობლად Pყხურატეს-ი ეწოდება.[48] ამ მთას სტრაბონი აბოსის (Mტ. Aბუს) სახელით იცნობს.[49] პლინიუსს ეს ცნობა ნერონის დროს სირიის რეგენტად მყოფი [გვ. 98] დომიციუს კორბულოსაგან აუღია (კორბულო პართელებთან ბრძოლის მიზნით ახ. წ. 63 წ. ევფრატის ზემო წელისაკენ იყო გადაადგილებული); ექვსი წლის შემდეგ ლიცინიუს მუციანოსი (ვესპასიანის დროს სირიის რეგენტად დანიშნული), მდ. ევფრატის სათავედ, ძიმარა-დან 12 მილით აღმა მდებარე, მთა კაპოტესს მიიჩნევს.[50] კაპოეტის ციხეს ვახუშტი ბაგრატიონიც იცნობს [51]. როგორც ჩანს, აბა, აბოსი, კაპოტე ერთიდაიგივე მთის სახელწოდებებია – თავკიდურა ველარული ფონემების მონაცვლეობას ნულთან არცთუ იშვიათად აქვს ადგილი აღმოსავლეთანატოლიურ-კავკასიურ ტოპონიმებში. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე სერჩამ-სუს სათავის მქონე სერჩამ-დაღის მახლობლად მდებარე კოპ-დაღის სახელწოდება, რომელიც მდინარეების ევფრატისა და ჭოროხის წყალგამყოფად ითვლება.

ჩემი აზრით, შესაძლოა პლინიუსისა და სტრაბონის ცნობები ევფრატის სათავის შესახებ, არა კარა-სუს, არამედ სერჩამ-სუს სათავეს უნდა გულისხმობდეს.[52] თუმცა, მიუხედავად იმისა, სერჩამ-სუს სათავე თუ კარა-სუს შემადგენელი რომელი წყაროც არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული სალმანასარ III-ის მიერ ევფრატის სათავედ, აშკარაა, რომ დაიაენის მეფის ასიას სატახტო ქალაქი, სადღაც ამ მდინარეთა სათავეების მახლობლად (სავარაუდოდ, სერჩამ-სუს აღმოსავლეთითა ან დუმლუ-სუს დასავლეთით) უნდა მდებარებულიყო ანუ იმ მთათა სისტემაში, რომელიც ჭოროხის, სერჩამ-სუს, თორთომის-წყლის, კარა-სუსა და ოლთისის-წყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მკვლევართა მიერ სავსებით გამორიცხულია, რომ ევფრატში აღმოსავლეთ ევფრატი (იგივე მურათ-სუ, ძველი არაცანი) ყოფილიყო ნაგულისხმევი, ვინაიდან იგი ძველად არ მოიხსენებოდა ხოლმე ამ სახელით.[53] მესოპოტამია-აღმოსავლეთ ანატოლიასა და შავ ზღვას შორის დიაუხის სტრატეგიული მდებარეობა დიდად განაპირობებდა ამ ქვეყნის ბედ-იღბალს ურარტელთა ექსპანსიის ხანაში. მკვლევართა აზრით, ბერძნულ კოლონიებსა და ურარტელებს შორის ვერ ხერხდებოდა ფართო სავაჭრო ურთიერთობა ვინაიდან მათ შორის დიაუხი და კოლხეთი იყო განლაგებული. თვით პონტოს მთების ლითონებით სიმდიდრეც ბერძნებს ურარტელებისაგან ჩრდილოეთ სირიის საშუალებით უნდა გაეგოთ და ეს უნდა გამხდარიყო ამ მხარით მათი დაინტერესების მიზეზი.[54] სავარაუდოა, რომ ევფრატის სათავესთან სალმანასარ III-სა და ასია დაიაენელს შორის გარკვეული გარიგება მომხდარიყო არამე ურარტელის საწინააღმდეგოდ. სალმანასართან იქ მისულ ასიას იმედი ექნებოდა ასურ მეფესთან საერთო ენის გამონახვისა. გ.მელიქიშვილის ვარაუდით, ასია ცდილობდა მოეპოვებინა ასურეთის მხარდაჭერა ახლადწარმოქმნილი და საშიში მეზობლის - ურარტუს სამეფოს – წინააღმდეგ ბრძოლაში[55]. მისი ამ მისწრაფების ძირითადი მიზეზი დაიაენსა და ასურეთს შორის ურარტუს მზარდი სამეფოს აღმოცენება იქნებოდა, რომელიც ჩრდილოეთიდან მესოპოტამიისაკენ მიმავალ სატრანზიტო გზებს ფლობდა და ამასთანავე შეეცდებოდა ხელში ჩაეგდო კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე მდიდარი მხარეების რესურსები. სავაჭრო გზების დაუფლებისათვის ბრძოლა სალმანასარ III-ის მოღვაწეობის ძირითადი განმსაზღვრელი მომენტი იყო და შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის მთელი მისი ყურადღება ასურეთის დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქვეყნებისაკენ იყო მიმართული.[56] ბუნებრივია, არა მხოლოდ დაიაენელთა, არამედ ასურელთა ინტერესებშიც შედიოდა, რომ დამყარებულიყო მათ შორის პირდაპირი ურთიერთობა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ასიასა და სალმანასარის შეხვედრის შემდეგ, ასურეთის მეფის ახალი ყმადნაფიცის, დაიაენის მეფის სატახტო ქალაქში ასურეთის ძლევამოსილი მეფის ქანდაკების დადგმა; ეს გარემოება ამავე დროს გარანტია იქნებოდა გარე ძალთაგან ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელშეუხლებლობისა [გვ. 99]. სალმანასარის აღნიშნული ქანდაკება დღემდე არ არის ნაპოვნი, მაგრამ უ.ე.დ. ალენი, გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში იუწყებოდა, ჭოროხისა და თორთომის-წყლის ლოდებს შორის მიკვლეულ, თუმცა იმ დროისათვის ჯერ ისევ შეუსწავლელ, ქვაში ამოკვეთილი ლომების არსებობას, რომელთა აქ პოვნა თითქოს ეხმიანებოდა ამავე რეგიონში დადასტურებულ ურარტულ ტოპონიმებს [57].

არც ამ ლომების შესახებ არის ჩემთვის რაიმე ცნობილი, მხოლოდ მახსენდება ერზურუმის მუზეუმის ფონდებში დაცული ქვის, დაახლ. 1,5 ხ 0,7 მ ზომის, ვითომდა ლომის ქანდაკება, რომლის ლომის ფაფარიც ანისის მეფის გაგიკ I-ის ხალათის დრაპირებული სახელო გამოდგა, ხოლო თვით “ლომის ქანდაკება” ამ მეფის ტორსის ძირითადი ნაწილი [58]. სპეციალურ ლიტერატურაში ნავარაუდევია, დაიაენის ქვეყნის სამხრეთი საზღვრის პალანდიოქენის ქედამდე გავრცელება და შესაბამისად, ერზურუმის მხარის მის ფარგლებში მოქცევა [59], თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები სალმანასარ III-ის ზემოხსენებული წარწერის ტექსტი, საიდანაც ირკვევა, რომ ტერიტორია მდ. ევფრატის სათავემდე ურარტუს მეფეს – არამეს ეკუთვნოდა და არა დაიაენის მეფეს – ასიას. ამავე დროს ცხადია, რომ ასიას ქვეყანა ევფრატის სათავეებთან მდებარეობდა [60] და რომ ეს სათავეც და მის მახლობლად მდებარე მაღლობებიც მისივე კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო. არ არის გამორიცხული, რომ თანამედროვე ერზურუმ-ჰორასანს შორის მდებარე მხარე, ანუ შუა საუკუნეების საქართველოში შემავალი პროვინცია ბასიანი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილშიც მიკვლეულია დიაუხის ქვეყანაში ურარტელთა ლაშქრობების ამსახველი წარწერები, ასიასათვის სამფლობელოდ სალმანასარს გადაეცა. ურარტუს მეფის, მენუას (ძვ.წ. 810 – დაახლ. 785/80 წწ.) კლდეზე ამოკვეთილი წარწერები იაზილითაშიდან და ზივინიდან გვამცნობენ, ძვ.წ. IX საუკუნის დამლევისა და VIII საუკუნის დასაწყისის დიაუხის (უფრო ადრეული ხანების ასურული წყაროების დაიაენის) ქვეყნის მთავარი ქალაქის სახელწოდებას – შაშილუ (URUŠAšulu(ni)). როგორც უკვე ვიცით, სალმანასარ III-ის წარწერაში არაფერია ნათქვამი დაიაენის დედაქალაქის სახელწოდების თაობაზე, გარდა იმისა, რომ ეს ქალაქი სადღაც მდ. ევფრატის სათავესთან ახლო მდებარეობდა და რომ იგი სალმანასარს დანგრევის ნაცვლად თავისი ძეგლით “დაუმშვენებია”. ვინაიდან მენუას ეს წარწერები მხოლოდ ნახევარი საუკუნით თუ არიან დაშორებული სალმანასარის ლაშქრობის ხანიდან, არ არის გამორიცხული სალმანასარის წარწერაში მოხსენიებული ასიას ქალაქი, სწორედ "შაშილუ" ყოფილიყო. მით უმეტეს რომ, სალმანასარის მემკვიდრეების - შამში-ადად V-ის (ძვ.წ. 823-811 წწ.) და ადადნირარ III-ის (ძვ.წ. 810-782 წწ.) დროინდელი, დასუსტებული ასურეთის მიერ დაიაენის დალაშქვრის შესახებ არაფერია ცნობილი. არც ურარტუს სამეფო იყო ძვ.წ. IX საუკუნის მეორე ნახევარში, მენუას გამეფემამდე, იმდენად ძლიერი, რომ დაიაენი, ანუ ურარტული წარწერების დიაუხი, დაელაშქრა. მხოლოდ ძვ.წ. IX საუკუნის დამლევიდან ხდება დიაუხი ურარტელთა აგრესიისა და ექსპანსიის ობიექტი. რაც შეეხება იაზილითაშის წარწერაში მენუას ფრაზას: “ის ტყვეები (?), (რომლებიც) დაბრუნდნენ, (მან) დააბრუნა მთლიანად (?)”,[61] ეს წარწერა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ “ტყვეებში”, აუცილებლად დიაუხური წარმომავლობის იმ ურარტელთა მონების დაბრუნება ვივარაუდოთ, რომლებიც ურარტუდან იყვნენ თავის ქვეყანაში გაქცეულნი.[62]

 

<<<გაგრძელება  (ნაწილი II)