topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ქართული ხელოვნების ისტორია - ვ. ბერიძე (ნაწილი2)
There are no translations available.

< უკან დაბრუნება

 

ქართული ხელოვნების ისტორია // ვ. ბერიძე - ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974

თავისი "შინაარსით“ მისი ხუროთმოძღვრების საფუძვლად დადებული ძირითადი იდეით, უმთავრესი შემადგენელი ნაწილების განლაგების მხრივაც, ქართული ეკლესია, რა თქმა უნდა, მთლიანად და სავსებით ემხრობა მთელ ქრისტიანულ სამყაროში მიღებულ ნორმებს; ფუნქციური თვალსაზრისით იგი ემთხვევა სხვა ქრისტიანული (უპირველეს ყოვლისა მარლთმადიდებელი) ქვეყნების ეკლესიას. აღმოსავლეთისკენ მიმართული, ნახევრწრიულ აფსიდიანი საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო მის ორსავ მხარეს (გარდა უძველესი ეკლესიებისა, სადაც ეს სადგომები ჯერ კიდევ არ არის), მლოცველთა დარბაზი (განსხვავებული სახისა ზემოთ ჩამოთვლილი ტიპების მიხვდვით) - ესაა ძირითადი შემადგენელი ნაწილები ყოველი ქართული ეკლესიისა. მაგრამ ქართული ეკლესიები იმთავითვე ატრიუმების გარეშე შენდებოდა, მათ არ გააჩნდათ არც ნართექსები დასავლეთის მხარეს (გამონაკლისი იშვიათია), არც ცალკე აშენებული სანათლავები (ბაპტისტერიუმები), დასავლური ეკლესიებისა, ხოლო სამრეკლოები შედარებით გვიან გაჩნდა - დღემდე არსებულთაგან უძველესი XIII ს-ისაა. მაგრამ, ცხადია, ხუროთმოძღვრების ცოცხალ თავისებურებას - მხატვრულსა და ეროვნულს - მარტო გეგმა ან შენობის ტიპი არ ქმნის. ყოველი ერი თავისებურ სულს შთაბერავდა ამ საყოველთაოდ გავრცელებულ სქემებს სწორედ ამიტომაა საინტერესო სხვადასხვა ქვეყნის ხუროთმოძღვრული შემოქმედების გაცნობა. ზემოთქმული მხოლოდ სარწმუნოებრივ არქიტექტურას ეხებოდა. თავისთავად იგულისხმება, რომ შუა საუკუნეების მანძილზე საქართველოში განაგრძობდა არსებობას ხუროთმოძღვრების ყველა სხვა სახეობაც - სამოქალაქო, უტილიტარული, სათავდაცვო შენობები. სამწუხაროდ, ეს ძეგლები ბევრად უფრო უარესადაა დაცული, ვიდრე საკულტო შენობები. მართალია, საქართველოს მთებსა და ხეობებში ციხე - კოშკები ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, მაგრამ თითქმის ყველა დანგრეულია, ან დაზიანებული მაინც, ყოველ შემთხვევაში, არ მოიძებნება არც ერთი ციხე, თავდაპირველი სახე რომ ჰქონდეს შენარჩუნებული. სასახლეებისა და ციხე-დარბაზების მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია: თუ დასავლეთ ევროპაში ძველი ფეოდალური ციხე-დარბაზები და ბევრი სამეფო რეზიდენცია თითქმის ხელშეუხებლად დგას, საქართველოში კვლავ მხოლოდ ნანგრევები გვაქვს. თბილისის, ქუთაისის, თელავის სიღნაღის ძველ უბნებში ჯერ კიდევ არსებობს ქუჩების ძველი ქსელი, მაგრამ ძველი (XIX ს-ზე ადრინდელი) საცხოვრებელი სახლები აღარ არის (მხოლოდ ზოგი ნაქალაქარის გათხრისას აღმოჩნღა თითო-ოროლა ნიმუში). ამის ახსნა ძნელი არ არის საკმარისია გავიხსენოთ სისხლისმღვრელი გამანადგურებელი შემოსევები, დასახლებულ ადგილთა აოხრება და მოსახლეობის ჟლეტა არაბ - თურქ - სპარსელთა და სხვა მტერთაგან. მაგრამ სამოქალაქო და სათავდაცვო არქიტექტურა უკეთაც რომ გადარჩენილიყო, თავისი მნიშვნელობით იგი მაინც ვერ შეედრებოდა საეკლესიოს. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს არ შეადგენს: ცნობილია, რომ შუა საუკუნეთა ეპოქაში უმთავრეს როლს საეკლესიო არქიტექტურა (მონასტრები, ეკლესიები) თამაშობდა, რომ არქიტექტურის მხატვრულ-სტილისტიკურ თავისებურებათა შესახებ ყველაზე უკეთ სწორედ საეკლესიო შენობების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. სამშენებლო ტრადიციების სიძველემ და სიმტკიცემ იმაშიაც იჩინა თავი, რომ IV-V საუკუნეებში, როდესაც ქართული ხუროთმოძღვრება ახალი იდეური და მხატვრული ამოცანების წინაშე დადგა, მას უკვე სავსებით შემუშავებული ჰქონდა ტექნიკური ხერხების არსენალი - ეს ეხება საშენ მასალათა გამოყენებასა და დამუშავებას, ეხება კონსტრუქციებსაც. ყველა მონუმენტური შენობა ქვით შენდება, კირის ხსნარის გამოყენებით. ეკლესიების კედლები, ფასადის მხრიდანაც და შიგნიდანაც, ნაშენია კარგად გათლილი წესიერი ფორმის კვადრებით, რომლებიც წესიერ ჰორიზონტალურ რიგებს ქმნის (გამონაკლისია მხოლოდ კახეთი, სადაც რიყის ქვას იყენებდნენ); ამოვსება ქვა-ყორე-ბეტონისაა, მცირე სიგანისა. კედლის მასალის შერხევისას ხუროთმოძღვრები მარტო პრაქტიკული მოსაზრებით კი არ ხელმძღვანელობდნენ, არამედ ესთეტიკურითაც; ისინი გულგრილად კი არ ეკიდებოდნენ ქვის ფერსა და ფაქტურას, არამედ საგანგებოდ არჩევდნენ მას, ზოგჯერ უფრო ადვილად მისაწვდომ ქვას თმობდნენ და მას შორიდან ეზიდებოდნენ, თუკი ამ მხრივ უფრო შესაფერისად მიაჩნდათ. აგურს, როგორც საშენ მასალას, კარგა ხანს მეორეხარისხოვანი ადგილი ეჭირა, მხოლოდ ბევრად უფრო გვიან XVI- XVIII საუკუნეებში დაიმკვიდრა მან საქართველოს ზოგიერთ ნაწილში მთავარი ადგილი. ბიზანტიისთვის დამახასიათებელი მონაცვლეობა ქვისა და აგურისა, ქართულ ეკლესიებში გვიანა ხანამდე უცნობია. სახურვის მასალად იხმარება ქვის ფილები და კრამიტი. სადგომთა გადასახურავად საეკლესიო შენობებში მიღებულია კამარები და გუმბათები, მალის გადასახურავად უმეტესად თაღები; ცალკე მდგომი საყრდენი, ჩვეულებრივ, ქვით ნაწყობი ბოძია (მონოლითური სვეტები იშვიათია და მათ უმნიშვნელო ადგილი უჭირავთ, ორიოდე გამონაკლისის გარდა). საკმაოდ ადრე ვრცელდება კამარის სხვადასხვა სახეები. შეკრული კამარა, რომელიც ზოგჯერ სფერული გუმბათის მაგივრობას წევს. ნახევარწრიული და ჯვაროვანი კამარები; ამგვარად, საქართველოში V-VII საუკუნეებში უკვე გავრცელებულია კონსტრუქციები, რომლებშიც შუა საუკუნეთა ევროპაში მხოლოდ რომანულ ეპოქაში მოიკიდებს ფეხს. დაახლოებით VIII ს-მდე კვადრატულ საფუძველზე გუმბათის დასამყარებლად ხმარობენ ტრომპებს (და არა პანდანტივებს, როგორც მაშინ ბიზანტიაში იყო). სასახლეებში დარბაზებს ზოგჯერ ბრტყელი, კოჭებზე დამყარებული გადახურვაც ჰქონდა (ზოგჯერ კამაროვანიც), მაგრამ მალებისთვის აქაც თაღებს იყენებდნენ. ყველაფერი, რაც აქ ითქვა ხუროთმოძღვრულ თემათა, შენობების ტიპების, საშენ მასალათა და კონსტრუქციათა შესახებ, არსებითად, შეეხება მომდევნო პერიოდებსაც, თუმცა, ბუნებრივია, ადგილი ჰქონდა სტილისტიკურ ევოლუციას და ცალკეული ფორმები და პროპორციებიც იცვლებოდა.

IV - VII საუკუნეთა ხუროთმოძღვრების ისტორიული მიმოხილვა

პირველი ქართული ეკლესია, რომელიც IV ს-ის 30-იან წლებში ააშენა მირიან მეფემ საქართველოს "განმანათლებლის" წმ.ნინოს მითითებით, აღარ გადარჩენილა. მეორე ეკლესიისაგან, რომელიც იქვე ააგო ვახტანგ გორგასალმა (V ს-ის მეორე ნახევარში), გადარჩა ცალკეული ნაწილები, ამჟამად ჩართული სვეტიცხოველის დღევანდელ კორპუსში. (1970-71 წლებში ჩატარებულმა მუშაობამ გამოავლინა, ცალკულ ფრაგმენტებთან ერთად, გორგასალისეული ეკლესიის მთელი მოხაზულობა და მირიანისეული სამლოცველოს კვალიც). ქართველი მატიანეები იმ ადრინდელ ხანაში ყოველთვის აღნიშნავდნენ ეკლესიის აშენების ფაქტს, რადგანაც მაშინ ეს ახალი ამბავი იყო და ახალი იდეოლოგიის დანერგვას ემსახურებოდა. მატიანეების ცნობით, პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და მისი მემკვიდრეების ბაკურის, მირდატისა და სხვათა დროს, მცხეთის გარდა, ეკლესიები აუშენებიათ ურუშეთში, მანგლისში, ბოდბეში, წილკანში, ნეკრესში, რუსთავში, წუნდასა და თუხარისის ციხეში, ე.ი. ისტორიულ პროვინციებში ქართლში, კახეთსა და მესხეთში. თითქმის ყველა ამ ჩამოთვლილ პუნქტში ეკლესია დღესაც არსებობს, მაგრამ ყველა უფრო გვიანდელია, თუმცა ზოგი კი მაინც ადრინდელ ხანას მიეკუთვნება. მხოლოდ ნეკრესის მონასტრის (კახეთშია) სხვადასხვადროინდელ ნაგებობათა შორის დგას ერთი სულ პატარა ეკლესია, რომელსაც მკვლევარნი IV საუკუნეს მიაკუთვნებენ და მატიანეთა ცნობებს უკავშირებენ. ეს ნატეხი ქვით ნაშენი სამნავიანი ეკლესიაა (ჩვენ უკვე ვთქვით, რომ კახეთი საქართველოს ერთადერთი კუთხეა, სადაც თლილ ქვას არ ხმარობდნენ). იგი აღმართულია საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიაც კრიპტა (სამარხი) არის მოთავსებული. შენობის თავისებურებას ის შეადგენს, რომ მას სიგანე მეტი აქვს სიგრძეზე, და არა პირიქით, როგორც ნამდვილ ბაზილიკაში უნდა იყოს, შიგნით მას არა აქვს ბოძები, რომელთა მწკრივი აგრეთვე დამახასიათებელია ბაზილიკისათვის, მისი ნავები ფართოდ გახსნილი თითო თაღით უკავშირდება ერთმანეთს. გვერდის ნავებსაც ღია თაღები ჰქონდა გარეთკენ, ასე რომ, მთელი შენობა გამჭოლი ფანჩატურივით იყო. ეს საშუალებას აძლევდა მლოცველთ წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ. დღეს ძნელია ნეკრესის სამლოცველოს თავდაპირველი სახის წარმოდგენა - დროთა განმავლობაში იგი დაზიანდა, გადარჩა მხოლოდ შუა და ჩრდილოეთის ნავები. აქ ჯერ კიდევ ნაადრევია რაიმე მკაფიოდ დასახული მხატვრული ამოცანის შესახებ ლაპარაკი. ეს მხოლოდ მიახლოებაა ახალი ამოცანების ამოხსნასთან. მაგრამ დამახასიათებელია, რომ ნეკრესის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავი, რომელთაგან შუა ძლიერ ამოზიდულია ორ დანარჩენთან შედარებით), მაგრამ უგულებელყო ბაზილიკის ისეთი არსებითი მხარეები, როგორიცაა ხაზგასმული სიგრძივი ღერძი და სივრცის დამანაწილებელი ბოძების მწკრივი. V საუკუნის პატარა ეკლესია კახეთის მეორე მონასტერია - ძველი შუამთის - ანსამბლში თითქოს ბაზილიკური თემას განვითარების შემდეგ საფეხურს გვიჩვენებს. აქ უკვე საგრძნობია სივრცის დაგრძელება აღმოსავლეთ - დასავლეთის ღერძის გასწვრივ, ნავები ერთმანეთისგან გაყოფილია ბოძებზე დაბჯენილი ორ - ორი თაღით; მაგრამ თაღოვანი მალების სიგანე უბრალო კარის სიგანეს არ აღემატება. გვერდის ნავები ვიწრო და გრძელი კორიდორებია, საკუთარი საკურთხევლის აფსიდების გარეშე. დასავლეთით ეს ორი განაპირა ნავი განივი ნავით უკავშირდება ერთმანეთს. ამის გამო, შუა ნავის გარშემო სამმხრივი გარშემოსავლელი იქმნება, ხოლო გვერდის ნავებს უბრალო დერეფნების მნიშვნელობა-ღა რჩებათ. ეს თავისებურებები შეიძლებოდა საგანგებოდ არც აღგვენიშნა, რომ მათ აქ შემთხვევით ვხვდებოდეთ; იგივე მეორდება V ს-ის კიდევ ერთ ძეგლში, მატანის ე.წ. ცხრაკარის მონასტრის ბაზილიკაში (ესეც კახეთშია - ამ კუთხემ შემოგვინახა ქრისტიანობის პირველი ხანების ხუროთმოძღვრების ყველაზე მეტი ნიმუში). შემდეგში ეს მოტივი ადგილს დაიმკვიდრებს ზემოთ უკვე მოხსენებული ორიგინალური ტიპის - სამეკლესიაანი ბაზილიკის - ნიმუშებში. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის პირველი ნიმუშები VI ს-ის შუა წლებს მიეკუთვნება. მათი წარმოშობის მიზეზი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ სურდათ დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გადაეხადათ წირვა და ყოველი წირვისთვის ცალკე საკურთხეველი ჰქონოდათ. უძველესი ნიმუშების აღნაგობა ელემენტარულია. სამი წაგრძელებული სადგომი ერთიმეორის გვერდით, ერთმანეთთან დაკავშირებული კარებით; შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე უფრო მაღალი და ფართოა, რის გამოც გარედან შენობას ნამდვილი ბაზილიკის იერი აქვს. შემდეგში, ახალ პრაქტიკულ მოთხოვნილებათა გაჩენასთან ერთად (მაგ. როცა რიტუალისათვის საჭირო სადიაკვნე და სამკვეთლო გამოჰყვეს), მხატვრულ ამოცანათა უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბების შემდეგ, ტიპი თანდათან რთულდება, კომპოზიციურად უფრო მთლიანი და შეკრული ხდება. გვერდის ნავები ერთმანეთს უკავშირდება დასავლეთის შემაერთებელი გალერიით (ამ მოტივის ადრინდელი ნიმუში ჩვენ უკვე ძველ შუამთაში ვნახეთ); ამ გალერიიდანაა შესასვლელი შუა ეკლესიაში (ნავში), რომელიც დომინანტის მნიშვნელობას იძენს; ჩნდება ახალი, დიდად მეტყველი, მოტივი - ორ ან სამთაღიანი ღია შესასვლელები გვერდის ეკლესიებისა, მრგვალ ბოძებზე დაყრდნობილი თაღებით. სამეკლესიიანი ბაზილიკის ნიმუშებია VI -VII საუკუნეების ეკლესიები ზეგანში, ზემოთ უკვე მოხსენებულ ნეკრესის მონასტერში (ორივე კახეთშია); ქვემო ბოლნისი (1,5 კმ-ით დაშორებული ჩვენთვის უკვე ნაცნობ ბოლნისის სიონს); გვიანა ხანებში ძლიერ გადაკეთებული ეკლესია შუა საუკუნეების ქალაქ (ან ნაქალაქარ), დმანისში (ქვემო ქართლში, თბილისიდან დაახლ. 100 კმ. მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით). ცალნავიანი ეკლესია საკულტო ნაგებობის უმარტიგესი ტიპია. ეს არის წაგრძელებული სწორკუთხედი, რომელიც შიგნით, აღმოსავლეთის მხარეს, ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება. იშვიათ გამონაკლისს გარდა, აფსიდი გარეთ გამოშვერილი არ კეთდება, არამედ სწორკუთხედის ფარგლებშივე რჩება (საქართველოში არსებობს სწორკუთხა საკურთხევლიანი ცალნავიანი ეკლესიებიც, მაგრამ ეს ტიპი ფართოდ არ გავრცელებულა). სახურავი ორფერადაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე ფრონტონებს ქმნის. შესასვლელი, ჩვეულებრივ, სამხრეთით ან დასავლეთითაა, მოზრდილ ეკლესიებში - ორივე მხარეს. სწორედ გეგმისა და კონსტრუქციის სიმარტივეს მიეწერება, რომ ცალნავიანი შენობის ტიპი დიდად გავრცელდა სოფლის ეკლესია-სამლოცველოების მშენებლობაში. უფრო გვიან, როდესაც უგუმბათო ეკლესიების ყველა სხვა ტიპი წყვეტს არსებობას, ცალნავიანი ეკლესია სულ ბოლომდე რჩება გუმრათიანი ტაძრების "თანამგზავრად". ხუროთმოძღვრული მასის სიმარტივე ცალნავიანი ეკლესიის მშენებელს თითქოს რამდენადმე ზღუდავს, და მაინც, ადრინდელი სახის ძეგლები ამ ტიპისა გვიზიდავს თავისი მხატვრული ღირსებებით: პროპორციები ჰარმონიულია, კედლების წყობა მშვენიერი (ზოგი კედლის პერანგი ორიოდე ათეულ ქვას თუ შეიცავს), იგრძნობა ის მომხიბვლელი არტისტიზმი, რომელიც იმ დროს თანაბრად ახასიათებს დიდ ძეგლებსაც და მცირეთაც. ნიმუშებად შეიძლება დავასახელოთ ოლთისის პატარა ეკლესია წალკაში (ახლა ამ სოფელს კუშჩი ეწოდება), აგრეთვე ორი სამლოცველო ე.წ. კაცხის სვეტზე იმერეთში ჭიათურის რაიონში. თუმცა VI ს-ში კვლავ ბევრი ბაზილიკა, სამეკლესიიანი ბაზილიკა და მცირე ერთნავიანი სამლოცველო აშენდა, ამ საუკუნის ნახევრიდან საკულტო არქიტექტურის უმთავრეს თემად თანდათანობით გადაიქცა გუმბათოვანი ტაძრის თემა, რომელმაც ასიოდე წლის მანძილზე თვალსაჩინო ევოლუცია განიცადა; შემდეგშიაც, საუკუნეთა მანძილზე, გუმბათოვანი ხეროთმოძღვრება, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, ადგილობრივ ღრმა ფესვები ჰქონდა, შეინარჩუნებს უპირველეს მნიშვნელობას - ყველაზე უფრო საინტერესო შემოქმედებითი ძიება და წარმატება მასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მაშინდელ გუმბათიან ეკლესიათა უმეტესობამ ვერ მოაღწია დღემდე. ზოგი სულ დაიღუპა, ზოგი უფრო გვიან ძლიერ გადააკეთეს. მაგრამ დარჩენილთა მიხედვითაც შეიძლება საკმაოდ ნათელი სურათი წარმოვიდგინოთ. ირკვევა, რომ VI-VII საუკუნეებში გუმბათიან ნაგებობათა რამდენიმე ტიპი არსებობს: ტეტრაკონქების ვარიანტები, "თავისუფალი ჯვრის" ტიპი - აგრეთვე რამდენიმე ვარიანტით, "ჩახაზული ჯვრის ტიპი" და სხვ., ამ ტიპთაგან ადრინდელ ხანაში ყველაზე უფრო საინტერესო ევოლუცია ტეტრაკონქმა განვლო. ყველა ამ ეკლესიაში VII საუკუნემდე, წრომის ტაძრამდე, გუმბათი ეყრდნობა უშუალოდ კედლებს და არა ბოძებს. ცალკე მდგომი ბოძები მანამდე საერთოდ არ გვხვდება. ყველა გუმბათიანი ეკლესია (იმავე წრომამდე) ცენტრულია, ე.ი. მათი ორი ღერძი - აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთისა - ან ერთნაირია, ან პირველი მხოლოდ ოდნავ სჭარბობს მეორეს. ადრინდელი ნიმუშები მცირე და მარტივია. შემდეგ, VI ს-ის მეორე ნახევარსა და VII ს-ში ზომებიც იზრდება და კომპოზიციებიც რთულდება. ერთი დამახასიათებელი მაგალითთაგანია შიომღვიმის სამონასტრის ძველი ეკლესია VI ს-ის 50-60იანი წლებისა (თბილისიდან 40 ოდე კმ. მანძილზე, ჩრდილო-დასავლეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე ეს მცხეთის რაიონია). ურბნისში (ქართლი, ქარელის რაიონი, მტკვრის მარცხენა ნაპირზე) სიგრძივი ღერძი, ე.ი. საკუთრივ ბაზილიკურობა უფრო მკვეთრადაა გამომჟღავნებული, ვიდრე ბოლნისში: ბოლნისში სიგანისა და სიგრძის შეფარდება (შიგნით) 1:1,8 არის, ურბნისში კი თითქმის 1:2,26. VI საუკუნის სხვა მნიშვნელობანი ბაზილიკებია წყაროსთავი ისტორიულ ჯავახეთში (თურქეთის ტერიტორიაზე იყო, მაგრამ უკვე აღარ არსებობს), ხაშმის სამება (V-VI სს მიჯნა) და ურიათუბანი (ორივე კახეთში). VI ს-ის მეორე ნახევარსა და VII საუკუნეში ქართულ ბაზილიკათა განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება. განსაკუთრებით დამახასიათებელია სიგრძივი ღერძის საგრძნობი დამოკლება. ახშანის მახლობლად მდებარე „გორისჯვრის" ეკლესიასა და ბაიხოში გეგმა თითქმის კვადრატს უახლოვდება. შემდეგ, VIII- IX საუკუნეებში, ეს მისწრაფება სპეციფიკური ბაზილიკური სივრცის უარყოფისა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. არის ისეთი გეგმებიც, რომლებიც ძლიერ უახლოვდება გუმბათოვანი ეკლესიების გეგმებს. გუმბათოვანი ეკლესიების გავლენა სივრცის აგების ზოგ თავისებურებაშიაც იჩენს თავს. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის პირველი ნიმუშები VI ს-ის შუა წლებს მიეკუთვნება. მათი წარმოშობის მიზეზი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ სურდათ დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გადაეხადათ წირვა და ყოველი წირვისთვის ცალკე საკურთხეველი ჰქონოდათ. უძველესი ნიმუშების აღნაგობა ელემენტარულია. სამი წაგრძელებული სადგომი ერთიმეორის გვერდით, ერთმანეთთან დაკავშირებული კარებით; შუა სადგომი დანარჩენ ორზე რამდენადმე უფრო მაღალი და ფართოა, რის გამოც გარედან შენობას ნამდვილი ბაზილიკის იერი აქვს. შემდეგში, ახალ პრაქტიკულ მოთხოვნილებათა გაჩენასთან ერთად (მაგ.როცა რიტუალისათვის საჭირო სადიაკვნე და სამკვეთლო გამოჰყვეს), მხატვრულ ამოცანათა უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბების შემდეგ, ტიპი თანდათან რთულდება, კომპოზიციურად უფრო მთლიანი და შეკრული ხდება. გვერდის ნავები ერთმანეთს უკავშირდება დასავლეთის შემაერთებელი გალერიით (ამ მოტივის ადრინდელი ნიმუში ჩვენ უკვე ძველ შუამთაში ვნახეთ); ამ გალერიიდანაა შესასვლელი შუა ეკლესიაში (ნავში), რომელიც დომინანტის მნიშვნელობას იძენს; ჩნდება ახალი, დიდად მეტყველი, მოტივი - ორ ან სამთაღიანი ღია შესასვლელები გვერდის ეკლესიებისა, მრგვალ ბოძებზე დაყრდნობილი თაღებით. სამეკლესიიანი ბაზილიკის ნიმუშებია VI -VII საუკუნეების ეკლესიები ზეგანში, ზემოთ უკვე მოხსენებულ ნეკრესის მონასტერში (ორივე კახეთშია); ქვემო ბოლნისი (1,5 კმ-ით დაშორებული ჩვენთვის უკვე ნაცნობ ბოლნისის სიონს); გვიანა ხანებში ძლიერ გადაკეთებული ეკლესია შუა საუკუნეების ქალაქ (ან ნაქალაქარ), დმანისში (ქვემო ქართლში, თბილისიდან დაახლ. 100 კმ. მანძილზე სამხრეთ-დასავლეთით). ცალნავიანი ეკლესია საკულტო ნაგებობის უმარტიგესი ტიპია. ეს არის წაგრძელებული სწორკუთხედი, რომელიც შიგნით, აღმოსავლეთის მხარეს, ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება. იშვიათ გამონაკლისს გარდა, აფსიდი გარეთ გამოშვერილი არ კეთდება, არამედ სწორკუთხედის ფარგლებშივე რჩება (საქართველოში არსებობს სწორკუთხა საკურთხევლიანი ცალნავიანი ეკლესიებიც, მაგრამ ეს ტიპი ფართოდ არ გავრცელებულა). სახურავი ორფერადაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე ფრონტონებს ქმნის. შესასვლელი, ჩვეულებრივ, სამხრეთით ან დასავლეთითაა, მოზრდილ ეკლესიებში - ორივე მხარეს. სწორედ გეგმისა და კონსტრუქციის სიმარტივეს მიეწერება, რომ ცალნავიანი შენობის ტიპი დიდად გავრცელდა სოფლის ეკლესია-სამლოცველოების მშენებლობაში. უფრო გვიან, როდესაც უგუმბათო ეკლესიების ყველა სხვა ტიპი წყვეტს არსებობას, ცალნავიანი ეკლესია სულ ბოლომდე რჩება გუმრათიანი ტაძრების "თანამგზავრად". ხუროთმოძღვრული მასის სიმარტივე ცალნავიანი ეკლესიის მშენებელს თითქოს რამდენადმე ზღუდავს, და მაინც, ადრინდელი სახის ძეგლები ამ ტიპისა გვიზიდავს თავისი მხატვრული ღირსებებით: პროპორციები ჰარმონიულია, კედლების წყობა მშვენიერი (ზოგი კედლის პერანგი ორიოდე ათეულ ქვას თუ შეიცავს), იგრძნობა ის მომხიბვლელი არტისტიზმი, რომელიც იმ დროს თანაბრად ახასიათებს დიდ ძეგლებსაც და მცირეთაც. ნიმუშებად შეიძლება დავასახელოთ ოლთისის პატარა ეკლესია წალკაში (ახლა ამ სოფელს კუშჩი ეწოდება), აგრეთვე ორი სამლოცველო ე.წ. კაცხის სვეტზე იმერეთში ჭიათურის რაიონში. მცხეთის ჯვარი წინა დროის ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოები - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII ს-ში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ ბუნებრივია, კერძო თვისებებითა და დეტალებით განსხვავდება მისგან. დამახასიათებელი და მნიშვნელოვანია, რომ ეს ძეგლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშია, რაც მოწმობს, რომ ქართველი ერის კულტურული ერთიანობა წინ უსწრებს მის სახელმწიფოებრივ გაერთიანებას: ატენის სიონი ქართლშია, გორის სამხრეთით, 10-12 კმ. მანძილზე, ძველი შუამთა კახეთშია (ჩვენ უკვე გავეცანიოთ იქაურ ბაზილიკას), მარტვილი - დასავლეთ საქართველოში, ეგრისში. მათ შესახებ იხ.ანოტაციებში. დასასრულ, უნდა დავუმატოთ, რომ ჯვარის ტიპი, ე.ი. კუთხის ოთახებიანი ტეტრაკონქი, ცნობილია მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში. იქაური ნიმუშები ქართულ ნიმუშთაგან განსხვავდება გარკვეული თავისებურებებით, ისე როგორც საერთოდ ამ ორი ქვეყნის ხუროთმოძღვრება. (ერთი განმასხვავებელი ნიშანთაგანია ის, რომ ჯვარის ტიპის სომხური ძეგლები გარედან ერთიან ბლოკს წარმოადგენს - მთელი შიდა გეგმა გარედან მკაცრ სწორკუთხედშია მოქცეული: ქართული ნიმუშების გარეგანი მასები კი უფრო დიფერენცირებულია აფსიდთა შვერილების წყალობით. განსხვავებულია პროპორციები, შენობის კორპუსისა და გუმბათის ყელის შეფარდება და სხვ..). საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ტაოში VI ს-ში აშენდა ერთისა და იმავე ტიპის ორი მონუმენტური კათედრალი იშხანსა და ბანაში. მათი გეგმა ტეტრაკონქის თემის თავისებური ვარიანტია - ტეტრაკონქი მრგვალი გარშემოსავლელით. კონსტრუქციული თვალსაზრისით ეს ფრიად ორიგინალური და რთული შენობებია. მოგვიანოდ, IX და XI საუკუნეები იშხნის ტაძარი საფუძვლიანად გადააკეთეს. სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლთაგან სხვებზე უკეთაა ცნობილი ძველი ქალაქის უჯარმის ციტადელი - ივრის მარჯვენა ნაპირზე, გარეკახეთში, თბილისიდან დაახლოებით 40 კმ დაშორებით აღმოსავლეთისაკენ. ქალაქი წარმოიშვა ანტიკურ და ადრეფეოდალურ ეპოქათა მიჯნაზე, მაშინ იგი ქართლის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში იყო. IV -VI საუკუნეებში უჯარმა, თბილისსა და მცხეთასთან ერთად, ერთი უმთავრესი ცენტრთაგანია ქართლისა. ერთხანს აქ მეფის რეზიდენციაც იყო, შემდეგ კი საუფლისწულო ქალაქად დარჩა. იმდროინდელი სიმაგრეებისა და ციხე -ქალაქების ნანგრევები დასავლეთ საქართველოშიაც არის დარჩენილი, მაგრამ ამ ძეგლთა დღევანდელი მდგომარეობა ისეთია, რომ მათს ხუროთმოძღვრებაზე საუბარი ძნელია, თანაც ეს ძეგლები ჯერ კიდევ საკმარისად გამოკვლეული არ არის. თუ IV –VII საუჯენეთა ქართული ხუროთმოძღვრების ზოგადად დახასიათებას მოვისურვებთ, უპირველესად უნდა ითქვას, რომ მისი თვისებებია საერთო აგებულების სიმკაცრე და სიცხადე, სრული წონასწორობა და სიმეტრიულობაც კი მასებისა, რომლებიც საფეხურებად იზრდება საფუძვლიდან გუმბათამდე; შენობათა აღქმის ფრონტალობა; დიდებულება, მონუმენტალობა და, იმავე დროს, ადამიანურობა მასშტაბისა, მშვიდი პროპორციული შეფარდებანი (ხაზგასმული ვერტიკალების გარეშე); განწყობილების სიხალისე, მაჟორულობა; სამკაულთა სიძუნწე, მათი გამოყენება მხოლოდ მახვილებად, რომლებიც ხაზს უსვამს ნაგებობის ამა თუ იმ ნაწილს. ეს "წმინდა წყლის" არქიტექტურის ხანაა, კლასიკურობის სულით გამსჭვალული ხანა, როდესაც განსაკუთრებული ძალით იგრძნობა დაუფარავი კონსტრუქციის - მძლავრი კედლის, თაღის, კამარის, ტრომპის, კონქის - სილამაზე და მატერიალურობა. VI ს-ის დასასრულს და VII საუკუნის პირველ ნახევარში, სტილის მომწიფების პერიოდში, მიღწეულია ნაგებობის ყველა ნაწილის, მთელისა და ნაწილთა სრული ჰარმონია, სრული ერთიერთშეპირობება, კანონზომიერება. მცხეთის ჯვარი, წრომი, სამწევრისი ძალაუნებურად მოგვაგონებენ მშვენიერის განსაზღვრას რენესანსის დროის დიდი თეორეტიკოსის ლეონ-ბატისტა ალბერტის მიერ: მშვენიერია ხელოვნების ის ნაწარმოები, რომელშიც ვერც ერთ დეტალს ვერ შეცვლი ისე, რომ ამან მთელის დარღვევა არ გამოიწვიოსო. VII საუკუნის მეორე ნახევრიდან და VIII საუკუნეში ქართულ ხუროთმოძღვრებაში განვითარების ახალი საფეხური იწყება.

 

"გარდამავალი ხანის"  (VII საუკუნის მეორე ნახევრიდან X ს-ის ნახევრამდე) ქართული კულტურა. იმდროინდელი ხუროთმოძღვრების ხასიათი.

მას შემდეგ, რაც არაბებმა აღმოსავლეთი საქართველო და მისი ცენტრი თბილისი დაიპყრეს, საქართველოს კულტურული ძალები პერიფერიაში იყრის თავს. თუმცა არაბთა უღელი მძიმე და ხანგრძლივი იყო, მას საქართველოსთვის არ მოუტანია ისეთი შედეგი. როგორიც მოუტანა, მაგალითად, ირანს, სადაც ისლამის დამკვიდრებასთან ერთად, ცხოვრებისა და კულტურის ყველა მხარემ არსებითი ცვლილება განიცადა. საქართველომ ქრისტიანული სარწმუნოება შეინარჩუნა არაბობის დროსაც, ეს კი იმ პირობებში ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნებას უდრიდა. მართლაც საკვირველია, რომ არც ქართულ ხელოვნებას, არც მწერლობას, რომელიც გამდიდრდა არაბულიდან ნათარგმნი თხზულებებით და რომელმაც ასახა არაბობისდროინდელი მოვლენები, არსებითად არ განუცდია არაბული გავლენა, ორივე თავისი ბუნებრივი, სრულიად დამოუკიდებელი გზით ვითარდებოდა. ქვეყნის სულიერი ცხოვრებისათვის, მთელი შემდგომი კულტურული განვითარებისა და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისათვის უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა დიდ ქართულ მონასტრებს, რომლებიც არაბთა შემოსევების შემდეგ წარმოიშვა. ამ შემოსევებისგან ყველაზე მეტად აოხრებულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ჩვეულებრივ, სიმოკლისთვის ამ კუთხეს ტაო-კლარჯეთს უწოდებენ, თუმცა ეს სამთავრო სხვა ისტორიულ პროვინციებსაც აერთიანებდა). VII- IX საუკუნეებში დაარსებული მონასტრები იშხანი, ბერთა, წყაროსთავი, ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, ზარზმა, ხახული, ოშკი და სხვები გადაიქცა დიდ კულუტურულ კერებად, სადაც ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა იყო გაშლილი. იქმნებოდა ორიგინალური აგიოგრაფიული თხზულებები, ითარგმნებოდა უცხოური თხზულებები, გადაიწერა უამრავი წიგნი, რომლებიც განსაცვიფრებელი კალიგრაფიული ოსტატობით გამოირჩევა, სრულდებოდა ჭედური ხატები, ჯვრები, წიგნის ყდები; ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ აშენდა მონასტრების მთელი ხუროთმოძღვრული ანსამბლები ეკლესიებით, სამლოცველოებით, სატრაპეზოებით, გადამწერთა სახელოსნოებით, სემინარიებით, სამეურნეო შენობებით; აღდგა ძველი და დაარსდა ახალი ქალაქები, აშენდა მიუვალი ციხეები, ხიდები, გაყვანილი იქნა გზები. შემოქმედებითი ცხოვრება ქვეყნის სხვა ნაწილებშიაც გრძელდებოდა. დასავლეთ საქართველოში ე.წ. აფხაზთა სამეფოში, კახეთში და ქართლშიაც კი, ე.ი. საამიროსგან ყველაზე მეტად შევიწროვებულ პროვინციაში. ამაზე, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს სწორედ ხუროთმოძღვრება, რომლის ძეგლებიც გვხვდება საქართველოს სულ სხვადასხვა კუთხეში - შავი ზღვის სანაპიროებიდან სამხრეთისა და აღმოსავლეთის საზღვრებამდე. ამ ხანას მიეკუთვნება შუა საუკუნეთა ქართული სასულიერო მწერლობის ბევრი შესანიშნავი ნაწარმოები. იოანე საბანის ძის "აბო ტფილელის მარტვილობა" (VIII ს-ის დასასრულისა), ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება," მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" (X ს.) და სხვ. (მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ამავე პერიოდს, IX საუკუნეს, მიეკუთვნება ბალავარიანის - შუა საუკუნეებში დიდად პოპულარული ბუდისტური ლეგენდის  ქართული ვერსია, რომელიც ბერძნულის წყაროდ იქცა, იქედან კი სხვა ენებზე ითარგმნა). ყველა ეს ნაწარმოები უშრეტი წყაროა ერისა და ქვეყნის მაშინდელი ცხოვრების გასაცნობად და გასაგებად, ყოველი მათგანი, თავისი განსაკუთრებულ მხატვრული ღირსებების წყალობით, პროზის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. აქტიური მოღვაწეობა არ შეუწყვეტია არც უცხოეთის ქართულ მონასტრებს, რომლებიც ხელს უწყობდა ქართველთა მჭიდრო სულიერ კონტაქტებს  მთელ განათლებულ სამყაროსთან და, უპირველესად, ბიზანტიასთან. ადრე არსებულთა გარდა, იქმნება ახალი მნიშვნელოვანი ცენტრები. IX ს-ში ულუმბოს ქართული მონასტერი მცირე აზიის ბითინიაში, X ს-ის მეორე ნახევარსა და მიწურულში - ქართული მონასტრები სინას ნახევარკუნძულზე და ათონის მთაზე. ორივემ ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართული კულტურის ისტორიაში. გარდამავალი ხანის არქიტექტურაში წინანდებურად მთავარი ადგილი უჭირავს სარწმუნოებრივსა და სათავდაცვო ნაგებობებს -  ციხე-სიმაგრეებს, ციხე-ქალაქებს, ეკლესიებსა და მონასტრებს, რომლებიც ეს არის ვახსენეთ. მაგრამ სათავდაცვო შენობები ცუდადაა შენახული, ეკლესიათა დიდი ნაწილი კი ან შეუსწავლელია, ან არასაკმარისადაა შესწავლილი რაკი, როგორც ცნობილია, უფრო გვიან საქართველოს მიწა წყლის ნაწილი, განსაკუთრებით მდიდარი ძეგლების მხრივ, მიტაცებული იქნა თურქეთის მიერ და კვლევისათვის მიუწვდომელი გახდა. მაგრამ მკვლევარებმა მაინც იმდენი გააკეთეს, რომ შესაძლებელია ამ ეპოქის ხუროთმოძღვრების ძირითადი ტენდენციების გათვალისწინება. ამას გარდა, გარდამავალი ხანისაგან დაგვრჩა საცხოვრებელთა ნანგრევები (კახეთში), რომლებიც დიდად აფართოებს ჩვენს ცოდნას შუა საუკუნეთა მშენებლობის შესახებ. თემატიკურად საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში რაიმე შესამჩნევი ცვლილება არ მომხდარა - მნიშვნელობის მხრივ ახლაც გუმბათიან ეკლესიებს ენიჭება უპირატესობა, მაგრამ განაგრძობდნენ სამნავიანი და სამეკლესიიანი ბაზილიკებისა და ცალნავიანი ეკლესია - სამლოცველოების შენებასაც. ძირითადი საშენი მასალა კვლავ ქვაა, მაგრამ თლილ, ქვასთან ერთად გვხვდება ნატეხიც, რაც ხშირად ეკონომიური მოსაზრებითაც იყო გამოწვეული - მძიმე დრო იყო, ქვეყანას უჭირდა. კახეთში, VIII ს-ში, აქა-იქ აგურსაც იყენებდნენ რიყის ქვასა და ნატეხ ქვასთან ერთად. იცვლება ზოგი კონსტრუქცია. მაგ.ტრომპები თანდათანობით პანდანტივებს უთმობს ადგილს: VIII –IX საუკუნეებში არის შემთხვევა, როცა ტრომპი და პანდანტივი ერთდროულადაა გამოყენებული ერთსადაიმავე შენობაში, შემდეგ კი ტრომპები მთლიანად ქრება (საგულისხმოა, რომ ბიზანტიაში ტრომპები პირველად ამ დროს ჩნდება ეკლესიების ერთ ტიპში, რომელსაც ასე უწოდებენ კიდეც - კუთხისტრომპებიანი ეკლესიაო. ამის ნიმუშებია დაფნის მონასტრის ეკლესია, ფოკიდის ხოზიოს-ლუკასი და სხვ. თანდათან ქრება აგრეთვე მანამდე დიდად გავრცელებული ნალისებრი მოხაზულობა თაღებისა, კამარებისა და აფსიდებისა. მაგრამ, როცა უამრავ იმდროინდელ ძეგლს გადაავლებ თვალს, მთავარი ის არის, რომ გეგმები, ხუროთმოძღვრული თემები ჭრელია, რაც წინა ხანის მკაცრი სტილის დათმობასა და ახალი ხუროთმოძღვრული გზების ძიებას მოწმობს. ჩნდება დეკორაციული და ცხოველხატული ტენდენცაები, რაც X ს-ის შუა წლებში უკვე ახალი სტილის საბოლოო შემუშავებამდე მიგვიყვანს. ეს გარდამავალი ხანის დამახასიათებელი სურათია. ხან აქ, ხან იქ ამოტივტივდება ხუროთმოძღვრული თემები, ფორმები, დეტალები, რომლებიც ვერ მოიკიდებს ფეხს და მალე გაქრება (მაგ., ორგუმბათიანი ეკლესიის თემა, ან უყელო გუმბათი ორფერდა სახურავქვეშ და სხვ.); მაგრამ სამაგიეროდ, აღმოცენდება ისეთი მოტივებიც და კომპოზიციებიც, რომლებიც შემდგომ განვითარდება და ხუროთმოძღვრული და დეკორაციული ფორმების ძირითად ფონდში დაიმკვიდრებს ადგილს. ამ ძიებათა პროცესში მაინც შეიქმნა ზოგი ნაწარმოები, რომლებიც არა მარტო ევოლუციის გაგების თვალსაზრისითაა საყურადღებო, არამედ შესანიშნავი მხატვრული ღირსებებითაც.


 

 

 

 

 

 

<<დასაწყისი (ნაწილი I)