There are no translations available.
< უკან დაბრუნება
უძველესი საქართველო: ანტიკური ხანა - ვ. ბერიძე // ძველი ქართული ხუროთმოძღრება, თბილისი, გამ „ხელოვნება“, 1974 წ., გვ. 12-15
ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლედის მეორე ნახევრისა და ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის, ე.ი. იმ ხანისათვის, როცა კოლხიდისა და იბერიის სახელმწიფოები წარმოიქმნა, დარჩენილია ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობები. ეს ავტორები არიან ქსენოფონტე (ძვ.წ.V-IV სს.), სტრაბონი (ძვ.წ I ს. - ჩვ.წ.I ს.). ვიტრუვი (ძვ.წ. I ს.). ქსენოფონტეს "ანაბაზისში“ ამიერკავკასიაში გაშლილი სამხედრო მოქმედების აღწერისას, ნახსენებია გამაგრებული ქალაქები, სასახლეები, კოშკებით აღჭურვილი ხის სახლები. სტრაბონის თანახმად, იბერიის უმეტესი ნაწილი მშვენივრადაა დასახლებული ქალაქებითა და სოფლებით, ასე რომ იქ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და სახუროთმოძღვრო ხელოვნების თანახმად მოწყობილი საცხოვრებლები და ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები (წიგნი XI, თავი III). ამ სიტყვების მნიშვნელობას უკეთ დავაფასებთ, თუ გავიხსენებთ, რომ რომაელი ვიტრუვი, ავტორი ათი წიგნისა ხუროთმოძღვრების შესახებ (ეს დღემდე გადარჩენილი ერთადერთი რომაული ტრაქტატია მშენებლობაზე), წერს, რომ დაახლოებით იმავე ხანებში გალიასა და ესპანეთში სახლებს კრამიტით კი არ ხურავდნენ, არამედ ჩალითა და ყავრით. იგივე ვიტრუვი აღგვიწერს კოლხურ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ძელებით ნაშენი პირამიდული სახურავი და ზემო ხვრელი აქვს (კვამლის და შუქისათვის). ახალ არქეოლოგიურ მონაპოვართა შუქზე (იხ.ზემოთ - შულავერი, ქვაცხელები), ვიტრუვისეული ცნობები ახალ მნიშვნელობას იძენს - ისინი სამშენებლო ტრადიციების ღრმა ფესვების არსებობასა და უწყვეტობას ადასტურებენ. მეორე მხრივ, კოლხური საცხოვრებლის ტიპი, რომელსაც წინა აზიის მრავალ ქვეყანაში მოეძებნება პარალელი, შეიძლება გლეხური საცხოვრებლის, ე.წ. დარბაზის პროტოტიპად მივიჩნიოთ. დარბაზს, რომელსაც ქვემოთ ცალკე შევეხებით, მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეთა ქართული საეკლესიო არქიტექტურის კომპოზიციური თავისებურებების შემუშავებისათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ იმდროინდელი ხუროთმოძღვრების შესახებ ამ წერილობითი ცნობების ვარდა ჩვენ არც არაფერი ვიცოდით. რა თქმა უნდა, ადრექრისტიანული ხანის დიდად განვითარებული ძეგლების გაცნობა ნათლად გვიჩვენებდა, რომ V-VI საუკუნეთა შესანიშნავი ტაძრების შექმნამდე ქართულ ხუროთმოძღვრებას გრძელი და რთული გზა უნდა გაევლო, რომ ასე მომწიფებულიყო, რომ ასეთი დასრულებული კომპოზიციური და ტექნიკური ხერხები შეემუშავებინა, როგორთაც იმ ძეგლებში ვხვდებით. ამ დასკვნის გამოტანას წერილობითი წყაროები არც ესაჭიროებოდა, ამისთვის აპრიორული მსჯელობაც საკმარისი იყო. ოცდაათიანი წლების დასასრულისა და ორმოციანი წლების დასაწყისის გათხრებმა ძველ დედაქალაქ მცხეთაში (გათხრები ომის შემდეგაც გაგრძელდა) ბრწყინვალედ დაადასტურა ეს მოსაზრებებიც და ანტიკური დროის ავტორთა ცნობებიც. აქ აღმოჩენილი იქნა ანტიკური ხანის - ძველი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეთა და ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეთა უმნიშვნელოვანესი ძეგლები. უზარმაზარი აკროპოლისი, ქართლის (წინანდელი იბერიის) მმართველთა რეზიდენციის ნაშთი, სასახლის ნანგრევები, მცირე მავზოლეუმი და სხვ.. ამის შემდეგ მცხეთა, რომელიც მანამდე ყურადღებას იპყრობდა შუა საუკუნეთა დიდებული ტაძრებითა და ძველი სამარხებით, გადაიქცა საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების ნამდვილ ცოცხალ მუზეუმად, რომელშიაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ განვითარების საფეხურებს მრავალი საუკუნის მანძილზე. მცხეთის დაწინაურებას ხელს უწყობდა მარჯვე ადგილმდებარეობა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზების ჯვარედინზე, მტკვრისა და არაგვის შეერთების ადგილას გაშენებული დედაქალაქი გადაჭიმული იყო მტკვრის ორსავ მხარეს, ძალიან რთულსა და მრავალფეროვან რელიეფზე.
|