topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

საქართველო - პალეოლითიდან ანტიკურ ხანამდე - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

უძველესი დროის ხუროთმოძღვრება // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.11-16

ადამიანის მოღვაწეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე პალეოლითის ხანას მიეკუთვნება (ზემო პალეოლითის დროინდელი გამოქვაბული საცხოვრებლები აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში). არქეოლოგიური კვლევა-ძიებით აღმოჩენილია ნეოლითისა და ენეოლითის ძეგლებიც. მომდევნო დროისთვისაც - ე.ი. ჩვენი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნეებამდე - უმთავრესი მასალა კვლავ არქეოლოგიური მონაპოვარია. ქართველი ხალხი წარმოშობით დაკავშირებულია წინა აზიის უძველეს მკვიდრ მოსახლეობასთან. საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც სხვაგანაც, საცხოვრებლის თავდაპირველი სახე პალეოლითის ხანის ბუნებრივი გამოქვაბულები იყო, ხოლო ხუროთმოძღვრული ხელოვნების უადრესი ნიმუშები (ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც ჩვენ დღესდღეობით ვიცნობთ) შეიძლება მიეკუთვნოს გვიანა ნეოლითის ხანას. ეს არის ნასოფლარები შულავრის მახლობლად (აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის სამხრეთით), ე.წ. შულავრის გორა და იმირის გორა. მათ ძველი წელთაღრიცხვის V და  IV ათასწლედს მიაკუთვნებენ. აქ დარჩენილია მრგვალი გეგმის მქონე მცირე საცხოვრებელ უჯრედთა მთელი ჯგუფი. ყოველ ასეთ უჯრედს, რომლის დიამეტრიც 2,5-3 მეტრია, თავისი კერა აქვს; სამეურნეო სადგომები აგრეთვე მრგვალია, მაგრამ კიდევ უფრო მცირე - მათი დიამეტრი 1,5 მ. არ აღემატება. შენობები ალიზისაა, თიხის ხსნარით. ოთახები კონუსური გუმბათებით იყო გადახურული. მთელი ინვენტარი შედგება პრიმიტიული კერამიკისა, სამეურნეო დანიშნულების ობსიდიანის, ძვლისა და რქის ხელსაწყოებისაგან. მაგრამ იმირის გორაზე გამოვლინდა ბრტყელსახურავიანი საცხოვრებლებიც.  გადახურვისთვის ხის ბოძები და კოჭები იყო გამოყენებული, ხოლო კერის თავზე სახურავში კვამლის გასასვლელი ნახვრეტი იყო გაკეთებული: ძალიან საყურადღებო გარემოებაა, რადგანაც ეს ხუროთმოძღვრული თემა - ზემო  ხვრელი შუქის შესაშვებად და ბოლის გასასვლელად - საქართველოში განვითარდება და ძალიან დიდხანს იარსებებს (იხ. ქვემოთ, დარბაზი). საცხოვრებლის უფრო განვითარებული ფორმა აღმოჩნდა ქვაცხელებში, სოფ. ურბნისის მახლობლად (გორიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე). აქაური საცხოვრებელი სახლები ჩამოყალიბებული ტიპისაა, გეგმა სავსებით შემუშავებულია, მისი ვარიაციები უმნიშვნელოა. ოთახი დაახლოებით კვადრატულია, კუთხეები კი მომრგვალებული აქვს, რაც მოწმობს ამ შენობების გენეზისურ კავშირს მრგვალ სახლებთან. შუაში ბოძი დგას, მის წინ კი კერაა. ოთახს წინ უძღვის ტალანი. ოთახიცა და ტალანიც ბრტყელი ჭერითაა გადახურული, აქაც დამახასიათებელია ჭერის ცენტრში გაკეთებული ხვრელი. კედლები ან ალიზისა იყო, ან დაწნული, ხის სარებით გამაგრებული კარკასისა, რომელიც ორივე მხრიდან - შიგნიდანაც და  გარედანაც - თიხის რამდენიმე ფენით იყო შელესილი. გადახურვისთვის იყენებდნენ მრგვალ კოჭებს, რომლებიც კედლებსა და ცენტრალურ ბოძს ეყრდნობოდა. ეს ბოძი და კერა, რომელიც წმიდათა წმიდად ითვლებოდა, შეადგენდნენ საცხოვრებლის ბირთვს - ოჯახის მთელი ყოფა-ცხოვრება მათთან იყო დაკავშირებული. ქვაცხელების უძველესი ფენა ძვ.წ. III ათასწლედის დასაწყისსა და ნახევარს მიეკუთვნება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ქვაცხელების სახლთა გარკვეული ნათესაობა ეგეოსის ზღვის არეში გავრცელებული საცხოვრებლის - მეგარონის ტიპთან. II-I ათასწლედებს მიეკუთვნება დასახლებათა სხვა ტიპები - ხელოვნურად გამაგრებულ გორაკებზე. მიკვლეულია ერთოთახიანი საკულტო და საცხოვრებელი შენობები: მათ საძირკვლები და კედლების ქვემო ნაწილები რიყის ქვისა ჰქონდათ, ზემო ნაწილები კი ხის ჯარგვალი იყო. საფიქრებელია, რომ ამ სახლებსაც ზემო ხვრელი ჰქონდა (ნაცარგორა ცხინვალთან).

მეგალითური ანუ ციკლოპური მშენებლობა აგრეთვე არ იყო უცხო ამიერკავკასიასა და, კერძოდ, საქართველოსთვის. მეგალითების ზუსტი დათარიღება ძნელია: ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ უძველესი ნიმუშები შეიძლება III ათასწლეულსაც მიეკუთვნოს. მეგალითური შენობებით განსაკუთრებით მდიდარია თრიალეთი. აქ აღმოჩენილია დაუმუშავებელი ლოდებით ნაშენი სიმაგრეები და საცხოვრებელი კომპლექსები. წყობა მშრალია, დუღაბის გარეშე. საცხოვრებელ და საკულტო (სარწმუნოებრივ) ნაგებობათა გარდა, ადრევე შემუშავდა სამარხების არქიტექტურაც. ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ძალიან გავრცელებული იყო ყორღანული სამარხები. 1950-1951 წლებში თბილისის მახლობლად, სამგორის ველზე, ყორღანის 10-მეტრიანი მიწაყრილის ქვეშ, აღმოჩნდა მუხის ძელებით ნაშენი სამარხი კამერის ნარჩენები. ამ ყორღანს კოხრას გორა ჰქვია და დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლედის დასასრულით თარიღდება. იატაკის ზემო ფენის ქვეშ იყო ორმო, რომელშიაც თიხის ჭურჭელი იდო, ჭურჭელში კი ფერფლი აღმოჩნდა - მიცვალებული დაუწვავთ. ინვენტარი მდიდარი არ ყოფილა. გვარის ან ტომის მეთაური, რომელიც იქ განისვენებდა, თავისი ეკონომიური მდგომარეობით ჯერ კიდევ ნაკლებად გამოირჩეოდა გვარის რიგითი წევრებისაგან. საქართველოში ასეთი ან სხვა ტიპის ყორღანული სამარხი სხვაც ბევრია გამოკვლეული. ამას გარდა, ცნობილია დოლმენების სახის სამარხებიც (აფხაზეთში). რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნას, მით უფრო მრავლდება ძეგლთა რაოდენობა. ალბათ ძვ. წელთაღრიცსვის I ათასწლედში უნდა ვეძიოთ კლდეში ნაკვეთი კომპლექსების შექმნის ტრადიციათა ძირები. ასეთი კომპლექსები ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სამხრეთით მდებარე ურარტუს სახელმწიფოში. მართალია, ძალიან ძნელია ამ ტიპის უძველეს ქართულ ძეგლთა დათარიღება, მაგრამ მათი გენეტიკური კავშირი ურარტუსთან უეჭველია.