topmenu

 

დავით გარეჯი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

დავით - გარეჯის მონასტერი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.65

ახლა უნდა მოვიხსენიოთ კლდეში ნაკვეთი ნაგებობანი. ასეთა ნაგებობა საქართველოში ბევრია. ერთ-ერთი - უფლისციხე, დაარსებული ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე - უკვე მოვიხსენიეთ. შუა საუკუნეების კომპლექსთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი: დავით გარეჯის მონასტრები, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 70 კმ მანძილზე და ვარძია, მტკვრის ზედა წელზე, ისტორიული პროვინციების სამცხისა და ჯავახეთის საზღვარზე. დავითგარეჯის მონასტერი ჯერ კიდევ VI საუკუნეში დაარსა დავით გარეჯელმა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ჩამოსული "ათცამეტი ასურელი მამის“ დასს ეკუთვნოდა. დროთა განმავლობაში მონასტერი დიდად გაიზარდა და მონასტრების მთელ კომპლექსად იქცა. შუა საუკუნეებში დავითგარეჯამ რამდენიმეჯერ მიაღწია აკვავებას - აქ დიდი მშენებლობა წარმოებდა, ფრესკები იხატებოდა. ინტენსიური სამწიგნობრო მოღვაწეობა იყო გაშლილი. მონასტრების აქტიური ცხოვრება, სხვადასხვა ინტერვალებისა და კრიზისების მიუხედავად, XVIII ს-ის მიწურულამდე გრძელდებოდა. თავისი დღევანდელი სახით დავით გარეჯის მონასტრები შედგება მრავალი ასეული სენაკისა, სატრაპეზოებისა, სამლოცველოებისა და ეკლესიებისაგან, რომლებიც კლდეშია გამოკვეთილი. არის აშენებული ნაწილებიც გალავნებისა და კოშკების სისტემა, ზოგი საცხოვრებელი კოშკი. უდიდესი აყვავების ხანა XI- XIII საუკუნეები იყო.

ნ.თურმანიძის ფოტო

დავით - გარეჯის მონასტერი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.168

გამოქვაბულ მონასტერთა გრანდიოზული კომპლექსი. ერთი უდიდესთაგანი მსოფლიოში. მდებარეობს თბილისის სამხრეთ -აღმოსავლეთით 60-70 კმ. მანძილზე, საგარეჯოს რაიონში, იმ მთების კალთებზე, რომლებიც ივრისა და მტკვრის აუზებს ჰყოფს. გადაჭიმულია დაახლ. 25 კილომეტრის მანძილზე. უძველესი მონასტერი - დავითის ლავრა - დაარსებული VI ს-ში, ერთ - ერთი ასურელი მამის დავით გარეჯელის მიერ. მის დროსვე შეიქმნა ორი სხვა მონასტერიც (ფილიალები), რომლებიც საერთო კომპლექსში შედის - ე.წ. დოდოს - რქა და ნათლისმცემელი. სამი სხვა მონასტერი - უდაბნო, ჩიჩხიტური და ბერთუბანი უფრო გვიანაა დაარსებული. შუა საუკუნეთა მანძილზე, თვით XVIII ს-ის მიწურულამდე, აქ არ შეწყვეტილა სამონასტრო ცხოვრება, სასულიერო და შემოქმედებითი მოღვაწეობა. განსაკუთრებული აყვავების ხანა XI - XIII საუკუნეები იყო, საქართველოს სამეფოს გაერთიანების დროს. დავით გარეჯაში მრავალი ასეული გამოქვაბული სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზოა. ბევრი მათგანის კედლებმა შემოგვინახა დიდად მნიშვნელოვანი ძველი ფრესკები (ისტორიული პირების  - მათ შორის თამარ მეფისა და ლაშას პორტრეტებით). აქტიური მშენებლობა იყო გვიანა ფეოდალურ ხანაშიც - XVI - XVIII საუკუნეებში: ამ ხანას მიეკუთვნება ზოგი საფორტიფიკაციო ნაგებობა, საცხოვრებელი კოშკები და გამოქვაბული ოთახებიც. მთლიანად დავით გარეჯის მონასტერს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეთა ქართული კულტურის ისტორიაში.

1. Г.Чубинашвили, Пещерные монастыри Давид-гареджи, Тб., 1948.

2. თეიმურაზ თოდუა. გარეჯა (მონასტრის ლოკალიზაციისათვის): ძეგლის მეგობარი, კრებული 31-32, თბ., 1973, გვ.16-30