topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გელათი - ვ. ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება... <<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


გელათი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974. - გვ.59-60. 64.

XII საუკუნე შუა საუკუნეების საქართველოს "ოქროს ხანაა". დაახლოებით 120 წელი დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფემდე არა მარტო სრული სტაბილიზაციის დროა, არამედ პოლიტიკური სიძლიერისა და ეკონომიური აყვავებისაც. XII საუკუნე "იხსნება" გელათის სახელგანთქმული მონასტრით, რომელიც 1106 წელს დაარსა დავით აღმაშენებელმა ქუთაისის მახლობლად, მისგან დაახლოებით 12 კალომეტრის დაშორებით. მემატიანე აღტაცებით მოგვითხრობს, რომ დავითმა "მოიგონა აღშენება მონასტრისა... ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა" და ააშენა ტაძარი ყოვლად წმიდისა (ე.ი. ღვთისმშობლისა), "აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა".

იგი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ გელათი მხოლოდ მონასტერი კი არ იყო, არამედ მეცნიერებისა და განათლებულობის ცენტრიც - "მეორე იერუსალემი" და, იმავე დროს, მეორე ათენი (ათენი ყოველთვის მიჩნეული იყო სიბრძნისა და მეცნიერების კერად). მართლაც, მონასტერთან დაარსებულ იქნა აკადემია - ძველი საქართველოს ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრთაგანი (აქ იღვწოდა გამოჩენილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი), ხოლო ის ადგილი, სადაც მონასტერი მდებარეობს, სავსებით ამართლებს მემატიანის სიტყვებს. ეს ერთი უმშვენიერესი კუთხეთაგანია იმერეთისა, ამწვანებული მთის კალთაზე, საიდანაც გრანდიოზული პანორამა იშლება - შორეული მთებით, ხეობებით, უხვ მცენარეულობაში ჩაფლული სოფლებით. მონასტრის გალავანში მთავარი ტაძრისა და აკადემიის გარდა, მოთავსებულია სამრეკლო და ორი მცირე ეკლესია - წმ.გიორგისა დიდი ტაძრის აღმოსავლეთით, და წმ.ნიკოლოზისა, ორსართულიანი, სულ მცირე სადგომებით - ტაძრის დასავლეთით. ეს შენობები უფრო გვიანდელია, XIII საუკუნისა, მაგრამ მათი განლაგება მოწმობს, რომ ახალი მშენებლები ითვალისწინებდნენ შენობათა ურთიერთშეფარდებას - ამიტომ აქ შესაძლებელია ანსამბლზე ლაპარაკი.

მთავარ ტაძარს აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს. ამ მხრივ იგი შავი ზღვის სანაპიროს ზოგ ეკლესიას ემხრობა. ძალიან ფართო შიგა სივრცე, უპირველეს ყოვლისა, ჰაერისა და შუქის სიუხვით გვიზიდავს - გუმბათის ყელის სარკმელთა გარდა, ტაძარს საკურთხევლის, დასავლეთისა და გრძივი კედლების უზარმაზარი სარკმლები ანათებს. აქ კვლავ გვხვდება პატრონიკე დასავლეთის მკლავის გარშემო, მაგრამ მისი სივრცობლივი მნიშვნელობა, წინანდელთან შედარებით, დიდად შემცირებულია - დასავლეთის მხარეს დარჩენილია მხოლოდ ვიწრო გადასასვლელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის პატრონიკეთა ურთიერთდასაკავშირებლად. სამ მხარეს ტაძარს ექვტერები აკრავს. ტაძრისა და ამ მინაშენთა კედელ-კამარები ერთიანად მოხატულია, ხოლო საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლისა და ორი მთავარანგელოზის მოზაიკური გამოსახულებაა. მოზაიკა XII საუკუნისაა, ფრესკები სულ სხვადასხვა დროისა (XII საუკუნიდან XVII საუკუნემდე), ასე რომ აქ ქართული მხატვრობის თავისებური მუზეუმია თითქოს.

გელათის ფასადები დეკორაციული თაღების საკმაოდ რთული სისტემთაა გაფორმებული, მაგრამ ჩუქურთმა თითქმის სულ არ არის: დავითის სიცოცხლეში მისი გაკეთება ვერ მოასწრეს. კედლები მოპირკეთებულია, ჩვეულებისამებრ, მშვენივრად გათლილი ქვით - ზოგი მათგანი უჩვეულოდ დიდია და, თქმულების თანახმად, ეს უშველებელი ლოდები თვით დავითის ხელით უნდა იყოს დაწყობილი. შვერილი აფსიდები, ჯვრის მკლავები, ექვტერები, მათი დაქანებული სახურავები და ფრონტონები მთელ შენობას მოძრაობასა და დინამიზმს მატებენ. შენობა მთლიანად დიდად პლასტიკურია: გეგონება, თითქოს მის თიხისფერ კედლებს ჯერ კიდევ აჩნია მისი გამომძერწველი ხელის კვალი. ანსამბლის ყველა სხვა ნაგებობა, არქიტექტურის საერთო ხასიათითაც, ქვის ფერითაც, დეტალების დამუშავებითაც, ერთგვარი ანარეკლია მთავარი ტაძრისა, რომელიც მთელი ანსამბლის ბირთვსა და დომინანტს წარმოადვენს. ეს დიდად უწყობს ხელს საერთო შთაბეჭდილების მთლიანობას. საუკუნეთა მანძილზე გელათი ქართული ხელოვნების ნამდვილი საგანძური იყო: მხატვრობა ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ: მაგრამ აქ ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და მოკაზმული ხელნაწერების მრავალი შესანიშნავი ნიმუშიც, მაგალითად, ხახულის ღვთისმშობლის ხატი, სხვადასხვა სახარებები და სხვა.

გელათის აკადემია, არსებითად, წარმოადგენდა ერთადერთ დიდ დარბაზს კარიბჭითა და ვესტიბიულით....მათი უმეტესობა დაზიანებულია. სტილის მხრივ სამოქალაქო შენობები უახლოვდება საეკლესიოს, მათი განსხვავება გამოწვეულია მხოლოდ ფუნქციური სხვაობით და ამასთან დაკავშირებით - სხვანაირი კონკრეტული გეგმითა და მასებით. გარეგნულ მორთულობას სამოქალაქო შენობებში გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ეკლესიების ფასადებზე.

გელათი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.147 - 150.

დაარსებულია 1106 წ.

ტყიბულიც რაიონშია. ქუთაისიდან 12 კმ-ის დაშორებით. (მონასტრის დაარსებისა და მთავარი ტაძრის არქიტექტურის შესახებ იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში). მონასტერი გალავადშემორტყბულია. გალავნის შიგნით დღემდე მოაღწია რამდენიმე შენობამ. ესენია: ა) მთავარი ტაძარი; ბ) წმ.გიორგის ეკლესია მის აღმოსავლეთით; გ)წმ.ნიკოლოზის ეკლესია მის დასავლეთით; დ) სამრეკლო წმ.ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით; ე) აკადემიის შენობა წმ.ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით, ციცაბო კალთის პირას) ვ)ძველი კარიბვე, სადაც დავით აღმაშენებელია დაკრძალული, და ძველი შენობების ნანგრევები. არის XIX ს-ში აშენებული ან განახლებული სახლებიც. შენობები გაფანტულია მონასტრის გარშემოც - ე.წ. სოხასტერი, წმ.ელიას ეკლესია და სხვ.

მთავარი ტაძარი, დღევანდელი სახით, მთლიანად ერთდროული არ არის. კარიბჭე - ექვტერები, რომლებიც მას დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით აკრავს, თანდათან შენდებოდა XII და XIII საუკუნეთა მანძილზე. წმ.გიორგის ეკლესია, XIII საუკუნისა, თითქოს შემცირებული ზომით იმეორებს მთავარ ტაძარს: სამი შვერილი აფსიდი, ორი გუმბათქვეშა ბოძი, სტოა დასავლეთის მხარეს (პატრონიკე არ არის). წმ.ნიკოლოზის ეკლესია, აგრეთვე XIII ს-ისა, შესმულია გამჭოლი თაღებით გახსნილ სწორკუთხა კონსტრუქციაზე. კიბე გარედანაა მოწყობილი. ეკლესია მინიატურულია - ჯვარისებრი, გუმბათით გადახურული, სივრცე ერთი აფსიდით. (შიდა ზომებია: 6,5X5 მ).

სამრეკლო - ადრინდელი სამრეკლოების ტიპისაა: ქვემოთ მასიური კუბია, ზემოთ-რვაბოძიანი გამჭოლი ფანჩატური. მაგრამ კუბი ორ იარუსს შეიცავს - ღია თაღოვან გასასვლელს და დაბალ კამაროვან ოთახს მის თავზე. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სულ ქვემო ნაწილი, სადაც წყაროა, XII ს-ში არსებობდა, ხოლო ზემო ნაწილი XIII ს-ში დააშენესო. მთავარი ეკლესიის გარეთა ზომები: უკარიბჭეებოდ: 30X21 მ. (დაახლოებით), კარიბჭეებიანად - სიგრძე 35,5 მ., სიგანე - 35 მ. (დაახლ.). სიმაღლე შიგნით - 33,5 მ.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - "+"