topmenu

 

სამთავრო - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

სამთავროს ტაძარი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 57

სვეტიცხოვლის მახლობლად, იქვე, მცხეთაში, მდებარეობს XI საუკუნის I ნახევრის კიდევ ერთი ძეგლი, სამთავროს საეპისკოპოსო ტაძარი. სიდიდით იგი საგრძნობლად ჩამოუვარდება სვეტიცხოველს, პროპორციების დახვეწილობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, მაგრამ ეს მაინც მრავალმხრივ ღირსშესანიშნავი ძეგლია. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მისი გეგმა. სწორედ აქ იჩენს თავს მიდრეკილება უფრო კომპაქტური სივრცის შექმნისა. გეგმა დამოკლებულია, დარჩა მხოლოდ ორი ბოძი, პატრონიკე აღარ არის. სხვა ყველაფერი - ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც გარედან სწორი კედლის სიბრტყეს ეფარება, სადიაკვნე და სამკვეთლო, აღმოსავლეთი ფასადის კომპოზიცია ხუთი თაღითა და ორი ნიშით, მორთულობის სიმდიდრე - იმგვარივეა, როგორც ახლახან განხილულ სხვა ძეგლებში. სამხრეთით მიშენებულია ვარსკვლავისებრი კამარებით გადახურული დიდი ექვტერი - კარიბჭე. ფასადთა დამუშავება და მდიდარი, ბრწყინვალედ შესრულებული მორთულობა ხუროთმოძღვრის უტყუარ ოსტატობას მოწმობს. თუმცა იგი ტრადიციების საზღვრებს არ სცილდება, მაინც სრულ დამოუკიდებლობას იჩენს, როგორც შემოქმედი. ყველაფერი კონტრასტზეა დაფუძნებული: აღმოსავლეთისა და, განსაკუთრებით, დასავლეთის ფასადები დიდი ზომიერებითა და თავშეკავებითაა დამუშავებული, აქ მთავარია ქვის კედლების ფართო სიბრტყეები. სამაგიეროდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადების შუა ნაწილები, სადაც ორმაგი სარკმლებია, არაჩვეულებრივ ინტენსიურადაა მორთული. იმავე დროს, ოსტატი აშკარად განასხვავებს ამ ორ ფასადსაც: მზით გაშუქებულ სამხრეთ ფასადზე იგი რამდენსამე სიბრტყეს ქმნის - ზოგი წინაა, ზოგი შეღრმავებულია, ფასადს თავისებური სკულპტურულობა ენიჭება. ჩრდილოეთით საფუძვლად აღებულია დაძაბული ხაზოვანი დინამიკა (რთული საერთო ჩარჩო დახრილი ხაზებით, მახვილი კუთხეებით და სხვ.), ამას გარდა, გამოყენებულია სხვა ფერის ქვის ჩანართები ძალიან ფაქიზი, უნაზესი ჩუქურთმით მორთული მედალიონების სახით.

სამთავროს ტაძარი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.141-142

(XI ს. პირველი ნახევარი)

ტაძარი მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზასათან. საყურადღებოა როგორც ქვაზე ნაკვეთი მდიდრული ორნამენტაციით, ისე ახლებური გეგმით (ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქეეშა ბოძი, ნაცვლად ოთხისა, გეგმის დამოკლება), რომელიც შემდეგში კანონიკურად იქცევა. გუმბათის ყელი XIII-XIV საუკუნეებშია მთლიანად აღდგენილი. მისი საპირეების ტლანქი ჩუქურთმა მკვეთრად განსხვავდება ფასადების ბრწყინვალედ შესრულებული ორნამენტებისაგან. გალავანში დგას მინიატურული გუმბათოვანი ეკლესია (ძლიერ შეკეთებული), როგორც ჩანს ძალიან ადრინდელი ხანისა (IV ს.?). ეკლესიის ჩრდილო - დასავლეთ კუთხესთან აღმართულია სამსართულიანი ლამაზი სამრეკლო, აგებული არა უადრეს XIII ს-ისა. ეკლესიის ზომები: სიგრძე - 27,3 მ., სიგანე ექვტერების გარეშე - დაახლ. 17,2 მ., ექვტერებიანად - 27,5 მ., სიმაღლე შიგნით - 27,5 მ.