topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სასახლეები და საერო ნაგებობანი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ციხე ქალაქები - კოშკები და სხვა ნაგებობანი>>>

საერო ხუროთმოძღვრება // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.45

ზემოთ ვახსენეთ ამ ეპოქის სამოქალაქო შენობები - VIII- IX საუკუნეთა სასახლეები. ყველა ეს სასახლე კახეთშია. ნეკრესის მონასტერსა და ჭერემში საეპისკოპოსო სასახლეებია, ვაჩნაძიანსა და ვანთაში - ფეოდალთა საცხოვრებლები. ტიპით ყველა ერთმანეთს ენათესავება. ეს გრძელი სწორკუთხა ორსართულიანი შენობებია. ჩვეულებრივ, არ არის არავითარი შვერილი, არც აივანი ან ლოჯია. ქვემო სართული დამხმარე სადგომებისთვისაა, უფრო დაბალია, მცირე სარკმლებით ზემო - საცხოვრებელი და საზეიმოა. აქ, ჩვეულებრივ, მიყოლებით (ანფილადის წესით) დალაგებული ერთი დიდი დარბაზი და უფრო მცირე ოთახებია. მთავარი ფასადის მხარეს, რომელიც ხეობას ან ფართოდ გაშლილ ველს გადაჰყურებს, დიდი თაღოვანი სარკმლების მწკრივია. ფართო სარკმლები, რომლებიც იატაკიდანვე იწყება, უშუალოდ და მჭიდროდ აკავშირებს დარბაზის ინტერიერს გარემო ბუნებასთან - ლანდშაფტთან. ამგვარი კონტაქტი ყველა სასახლის აუცილებელი ნიშანია. მაგალითად, ალაზნის ველის თვალუწვდენელი პანორამა იშლება ნეკრესის სასახლიდან, რომელიც ზედ ხრამის პირასაა დაკიდული. დარბაზებში უზარმაზარი ბუხრებია - ასეთ ბუხარში მთელი ირმის შეწვა შეიძლებოდა: ქართველი ფეოდალები არ განსხვავდებოდნენ სხვა ქვეყნების ფეოდალთაგან - ნადირობა მათთვისაც ერთი უმთავრესი და უსაყვარლესი საქმეთაგანი იყო. ეკლესიებისაგან განსხვავებით, სასახლეების დარბაზებს ხის ბრტყელი კოჭებიანი გადახურვა ჰქონდა: სახურავები ორკალთიანი იყო. სარკმლის თაღები ჯერ კიდევ ინარჩუნებს მკაფიო ნალისებრ მოხაზულობას. კედლები რიყის ქვისაა - გარედან შელესილი ნაკერები ჰქონდა, შიგნით კი ერთიანად შელესილი იყო. დიდად დასანანია, რომ სასახლეთა დღევანდელი მდგომარეობის გამო, არაფერი არ ვიცით მათი გამართულობის შესახებ. ამ მხრივ ქართული საერო ხუროთმოძღვრების მდგომარეობა ვერ შეედრება დასავლეთ ევროპულისას. ამ სასახლეებს შეიძლება დავუკავშიროთ იყალთოს აკადემიის შენობაც - ორსართულიანი, დიდი, ოცმეტრიანი დარბაზით ზემო სართულში, სადაც, ალბათ სამეცნიერო კრებები იმართებოდა. დაახლოებით X ს-ისს შუა წლებში და, მით უფრო, მომდევნო ათეულ წლებში, ახალი სტილის ნიშნები უკვე გამოკვეთილი და შემუშავებულია. იწყება ახალი „დიდი ეპოქა“ ქართული ხუროთმოძღვრებისა, დაკავშირებული თვით ქვეყნის ცხოვრების ახალ ისტორიულ საფეხურთან.

http://mshwan1.livejournal.com/18205.html

საერო ხუროთმოძღვრება, ქართული დარბაზი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 75-78

არაგვის ერისთავებზე უფრო წვრილი ფეოდალის საცხოვრებლის ნიმუშია ძაღინის კოშკიანი სასახლე, რომელიც ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდა (სამხრეთ ოსეთშია). თბილისისა და ქუთაისის იმდროინდელი სამეფო სასახლეებისა, მცირე ნაწილთა გარდა, აღარაფერი არ დარჩენილა, ამიტომ მათი სახის წარმოდგენა მხოლოდ წერილობითი ცნობებითა და მწირი გრაფიკული მასალით გვიხდება. არჩილ მეფის სასახლე თელავში (1667-1675 წწ.) გადააკეთეს ჯერ XVIII, შემდეგ კი XIX საუკუნეებში, მაგრამ მისი გეგმა ასე თუ ისე მაინც შეგვიძლია აღვადგინოთ (იხ. ანოტაცია). კარგადაა შენახული ერეკლე II მიერ აგებული გალავანი ამ სასახლისა. მთელი ეს რეზიდენცია ბატონის ციხის სახელითაა ცნობილი. იმისთვის,რომ შევძლოთ ქართული ხალხური საცხოვრებლის მრავალფეროვნების გათვალისწინება, უნდა გავეცნოთ თუნდაც სამ ტიპურ ნიმუშს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან. ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს (ყოველ შემთხვევაში, წყაროებით დადასტურებული ისტორია მაინც) ე.წ. დარბაზს, საცხოვრებლის ტიპს, რომელიც გავრცელებული იყო ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში. ეს არის ერთსართულიანი შენობა, ჩვეულებრივ მოთავსებული მთის თუ ბორცვის კალთაზე, ისე რომ მისი ზურგი მიწაშია შეჭრილი; ფასადი მხოლოდ ერთი აქვს - სვეტებიანი ღია ტალანი. მთავარია დარბაზის ინტერიერი. ყველაზე არსებითი, განმსაზღვრელი ნაწილია მისი გადახურვა, ე.წ. გვირგვინი, რომელიც ადგია სახლის უმთავრეს ოთახს, ან ამ ოთახის მთავარ ნაწილს. გვირგგინი წარმოადგენს პირამიდულ კონსტრუქციას, აწყობილს ჰორიზონტალურად დალაგებული ხის კოჭებისაგან. ყოველი ზემო რიგი კოჭებისა თითო საფეხურითაა წინ გადმოწეული, ასე რომ სივრცე ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება. გვირგვინის წვერში დატოვებულია ხვრელი, საიდანაც გადის კვამლი და შემოდის შუქი.  გვირგვინი შეიძლება იყოს მარტივი, როცა მისი ყოველი რიგი შედგება ოთხ-ოთხი კოჭისაგან და, ამიტომ, ინარჩუნებს კვადრატულ ფორმას ან რთული, რვაწახნაგოვანი მაშინ ყოველი ზემო რიგი ქვემოსთან შედარებით შემობრუნებულია, თითქოს კოჭების რიგები შვეული ღერძის გარშემო ბრუნავდეს. გვირგვინოვანი გადახურვა, რა თქმა უნდა, გულისხმობს კერას, შუაცეცხღის არსებობას, იგი გენეტიკურადაც კერასთანაა დაკავშირებული. მაგრამ გვხვდება ისეთი დარბაზებიც, რომლებშიაც კერის ნაცვლად კედლის ბუხარია. ეს უფრო განვითარებული ტიპი უნდა იყოს. დარბაზის ინტერიერი ხალხური შემოქმედების მშვენიერი ნიმუშია. აქ ყოველი წვრილმანიც კი გააზრებულია ფუნქციური და ესთეტიკური თვალსაზრისით. ეს დამახასიათებელია. გლეხს სურდა და უნარიც შესწევდა, რომ თავის გარშემო სილამაზისა და მყუდროების ატმოსფერო შეექმნა. კედლები, ჩვეულებრივ, თაროებითა და განჯინებითაა აღჭურვილი; არსებითი ელემენტია დედაბოძი, მთლიანი ხისგან გამოთლილი, ზემოთკენ გაფართოებული ბოძი (როგორც კრეტისა და მიკენის სასახლეთა სვეტები იყო), რომელსაც გვირგვინი ეყრდნობა და რომელიც დარბაზის შუა, გვირგვინით გადახურულ, ნაწილს ფარგლავს.

ასეთი ბოძი შეიძლება ყოფილიყო ორი, სამი ან ოთხი. დედაბოძებიც, განჯინების კარებიც და გვირგვინის ქვედა კოჭებიც ნაკგეთი ჩუქურთმებით იყო მორთული. დარბაზს ბევრი "ნათესავი" ჰყავს აზიის ქვეყნებში. მისი ძირები შორეულ წარსულშია. უკვე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე რომაელმა ავტორმა ვიტრუვიმ აღწერა კოლხური სახლი, რომელიც ამ პრინციპით დარბაზს უახლოვდება. ამ წიგნის დასაწყისში იმაზედაც გვქონდა საუბარი, რომ ბოლო ხანების არქეოლოგიური გათხრების წყალობით აღმოჩენილი იქნა ძალიან ადრინდელი საცხოვრებლების ნაშთები, რომლებიც საფუძველს გვაძლევს, რომ ტიპის ჩასახვა ან მისი წინაპრები მაინც რამდენიმე ათასი წლით უფრო ადრე ვივარაუდოთ. ახლა დარბაზის ნიმუში თითო ოროლაღა გადარჩა. შეიცვალა ყოფა - ცხოვრების პირობები, ბუნებრივია, რომ აღარავის არ სურს ამ ძველთაძველი ტიპის შენობებში ცხოვრება. კედლებში სარკმლებს ჭრიან, გვირგვინებს ხსნიან. უმატებენ ახალ ოთახებს. მაგრამ საუკეთესო დარბაზები დაცულია, როგორც კულტურის ძეგლები. (დარბაზული საცხოვრებელი გავრცელებული იყო ქალაქადაც. თბილისში გვიანა ფეოდალურ ხანაში ეს საცხოვრებლის ძირითადი სახეც კი იყო. ბევრი საინტერესო, დიდი მხატვრული ღირებულების მქონე, დარბაზი არსებობდა ბოლო დრომდე ახალციხეში. სულ სხვანაირი სახის საცხოვრებელი შემუშავდა დასავლეთ საქართველოში. ძველი კოლხეთის დაბლობ რაიონებში, სადაც ჰაერი ტენიანია და ნალექიც ბევრი. ეს მიწათმოქმედების რაიონებია. სახლები ხისაა, ჩვეულებრივ შედგმულია ქვის მცირე სიმაღლის ბოძებზე ან პარაპეტზე. წინიდან მთელი ფასადის გასწვრივ გადახურული აივანია - ხის ბოძებითა და მოხარატებული ან რიკულებიანი მოაჯირით. შიგნით, უმეტესად, სამი ოთახია - ერთი დიდი და ორი პატარა. ზოგჯერ აკეთებდნენ გასახსნელ ტიხრებს, ისე რომ საჭიროებისამებრ მეზობელი ოთახების გაერთიანება შეძლებოდათ. ზოგ სახლში ძალიან საინტერესოა ბუხრის ქვების მოჩუქურთმება, კედლის კარადებისა და მთელი კედლების დამუშავება - აქაც მშენებლებს მარტო პრაქტიკული მხარე არ აკმაყოფილებდათ. დამახასიათებელია, რომ სამეურნეო სადგომები ცალკეა და არა საცხოვრებელ სახლში. სამზარეულო, სასიმინდე (ნალია) დამოუკიდებელი შენობებია (აგრეთვე ხისა), რომლებიც ეზოშია განლაგებული გარკვეული ინტერვალებით. რა თქმა უნდა, სახლები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან სიდიდითაც და მორთულობითაც, მათი პატრონების შეძლების მიხედვით. დასასრულ, მთა-საქართველო: სვანეთი, მთა-რაჭა, ხევი, მთიულეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი. დაბლობი რაიონებისაგან განსხვავებით, აქ.

ა) შენობები ქვისაა (კედლები. ინტერიერის დასამუშავებლად იყენებენ ხესაც). იხმარება დაუმუშავებელი ქვა, ხშირად - შიფერი.

ბ) საცხოვრებელი სახლი სათავდაცვო ფუნქციასაც ასრულებს. ხშირია ციხე-სახლები. გვხვდება სოფლები (შატილი ხევსურეთში და სხვ.), რომლებიც ერთიან გამაგრებულ კომპლექსადაა გადაქცეული.

გ) საცხოვრებელ სახლშივეა სამეურნეო დანიშნულების სადგომები - საქონლის სადგომი, საკვების შესანახი და სხვ.

დ) განსხვავებული ტიპების მიუხედავად, ყველა საცხოვრებელი ერთზე მეტ სართულს შეიცავს, ზოგან სახლები რელიეფთანაა შეფარდებული და სართულები ტერასებადაა განლაგებული.

სვანეთის ზოგ ნაწილში კოშკი ყოველ სახლს ჰქონდა. თვით სახლი ორსართულიანი იყო, კოშკები 4-5-6 სართულიანი, სიმაღლით 25 მეტრამდე. სოფელში შეიძლება რამდენიმე ათეული კოშკი ყოფილიყო, რაც სრულიად განსაკუთრებულ განუმეორებელ სურათს ქმნიდა, მით უფრო კავკასიონის გრანდიოზული მუდმივთოვლიანი მწვერვალების ფონზე. სვანეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის კოშკები და ციხე-სახლები ზოგი ლოკალური თავისებურებით განსხვავდება. მაგრამ ყველა ეს შენობა მძიმე ისტორიული ვითარების თავისებური ამსახველია. მტრის შიში და მკაცრი ბუნებრივი პირობები განსაზღვრავდა მათს სახეს. რა თქმა უნდა, საცხოვრებელი პირობები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საცხოვრებელ კოშკებში მძიმე იყო. და მაინც ამ სახლების მხატვრული ღირებულება უეჭველია: ესთეტიკური ზემოქმედების დიდი ძალა აქვს მთის სოფლების ანსამბლებსაც, ცალკეულ შენობებსაც, ზოგან (განსაკუთრებით სვანეთში) ინტერიერებსაც, რომლებიც „დარბაზების" მსგავსად, ხალხური შემოქმედების საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენს. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უკანასკნელი ფურცლები უკვე XIX ს-ის პირველ ათეულ წლებში იშლება, მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა და რუსეთისავე მეშვეობით დაუბრუნდა ევროპული კულტურის წიაღს. ძველი ხუროთმოძღვრების ძირითადი თემები ან სულ ისპობა (ციხე-სიმაგრეები, კოშკები, ციხე-დარბაზები), ან მეორე პლანზე გადადის (ეკლესიები). ამიერიდან მთავარია საქალაქო მშენებლობა, რომელშიაც წინანდელი სტიქიურობა პირველად უთმობს ადგილს გეგმიან საწყისებს. თბილისსა და სხვა ქალაქებში ახალი კვარტალები წინასწარ შედგენილი გეგმით შენდება, თუმცა მთელი ქალაქის მთლიანი დაგეგმარების და გენერალური პროექტის დონემდე მაშინ არ მიუღწევიათ. ოფიციალური შენობების სტილი საქართველოშიაც იგივე იყო, რაც რუსეთში - კლასიციზმი. ეკლესიებიც კარგავს ეროვნულ სახეს (მხოლოდ სოფლად, სადაც ქართველი ოსტატები აშენებდნენ, ინარჩუნებდნენ ტრადიციასთან კავშირს). სამაგიეროდ, ბევრი საინტერესო რამ ჩნდება საქალაქო საცხოვრებელი სახლის არქიტექტურაში. ეს სახლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული „სანიმუშო ფასადების" მიხედვით შენდებოდა; მაგრამ საქართველოს ბუნებრივი პირობების სპეციფიკა, ეროვნული არქიტექტურის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ყოფა-ცხოვრების თავისებურებანი მაინც ღრმა კვალს ამჩნევენ მათ. აქ ორგანულადაა შერწყმული სახეშეცვლილი კლასიკური დეტალები (სვეტები, პროფილები) და სრულიად თავისებური გეგმარება - ღია კიბეები და გადასასვლელები, ხის დიდი აივნები (ფასადის მხარეს - დაკიდული აივნები), რომელთა ფართობი ზოგჯერ სჭარბობს ოთახებისას, შემინული ვერანდები. განსაკუთრებულ როლს თამაშობს ხის მოაჯირების მშვენიერი ნახატი, რიკულებიანი აივნები, რომლებიც სანიმუშო პროექტებით გათვალისწინებული არ ყოფილა და თბილისელი ოსტატების ხელით იქმნებოდა. სხვა ქალაქებში - ქუთაისში, თელავში, სიღნაღში, გორში, დუშეთში, საჩხერეში - კლასიკური და ტრადიციული ფორმების შეხამება აგრეთვე ძალიან საინტერესოსა და ყოველ მათგანში სრულიად თავისებურ შედეგებს იძლევა. ამგვარი სახლებით განაშენიანებული ძველი უბნები საქართველოს ქალაქებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობასა და ემოციური ზემოქმედების ძალას ანიჭებს. მათი წყალობაცაა, რომ ქალაქები მკაფიოდ გამოსახულ მხატვრულ ხუროთმოძღვრულ ინდივიდუალობას ინარჩუნებს.

ჩვენ განვიხილეთ ძველი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების უმთავრესი საფეხურები, რომლებიც დროის უზარმაზარ მონაკვეთს წვდება. ამ გრძელ გზაზე ქართული ხუროთმოძღვრება არასოდეს არ წყვეტდა კავშირს ხალხური შემოქმედების ცხოველმყოფელ წყაროებთან. იგი რთულ სამშენებლო - ხუროთმოძღვრულ ამოცანებს ისახავდა და ხსნიდა და მუდამ მაღალ პროფესიულ დონეზე იდგა. მას არაერთხელ მიუღწევია მხატვრული შემოქმედების მწვერვალებისათვის. ქართულმა არქიტექტურამ, რომელსაც მუდმივი კავშირი ჰქონდა შუა საუკუნეთა დასავლეთისა და წინა აღმოსავლეთის სხვა ხალხთა არქიტექტურასთან, მკაფიო ეროვნული თავისებურება შეიმუშავა. მას მუდამ ახასიათებდა - სტილთა ბუნებრივი ცვლის მიუხედავად - მონდომებულობა და, იმავე დროს, მასშტაბის ადამიანურობა. სიმკაცრე და ზომიერება "ემოციათა" გამოსახვისას,  იმავე დროს, მაჟორული, ხალისიანი განწყობილება. ეგზალტაცია და მისტიკა მისთვის უცხოა; თვით საეკლესიო შენობებშიც კი საერო, "ამქვეყნიური" განწყობილებაა; ქართული ხელოვნების ნაწარმოების აგებულება მუდამ ტექტონიკურია, კლასიკურად ნათელი და მკაფიო. იგი მუდამ რაციონალურია, მაგრამ, იმავე დროს, პოეტურიც. თავისი აყვავების ეპოქებში ქართული ხუროთმოძღვრება მოწინავე იდეების მატარებელი იყო. მან ბევრი მშვენიერი ნაწარმოები შექმნა და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა მსოფლიო ხელოვნების საგანძურში.