topmenu

 

იშხანი - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გ.ჩანადირის ფოტო

იშხანი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.32-33

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ტაოში VI ს-ში აშენდა ერთისა და იმავე ტიპის ორი მონუმენტური კათედრალი იშხანსა და ბანაში. მათი გეგმა ტეტრაკონქის თემის თავისებური ვარიანტია ტეტრაკონქი მრგვალი გარშემოსავლელით. კონსტრუქციული თვალსაზრისით ეს ფრიად ორიგინალური და რთული შენობებია. მოგვიანოდ, IX და XI საუკუნეები იშხნის ტაძარი საფუძვლიანად გადააკეთეს. თავდაპირველი ნაგებობისაგან დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის (საკურთხევლის) აფსიდი, რომელიც გვიანდელი შენობის ფარგლებში მოექცა. ბანა XX ს-ის დასაწყისში, როდესაც იგი ექვიმე თაყაიშვილის ექსპედიციის წევრებმა გაზომეს, უკვე დანგრეული იყო, მაგრამ იმდენი მაინც არის გადარჩენილი, რომ მის შესახებ ასე თუ ისე მსჯელობა შეგვეძლოს. საკუთრივ ტეტრაკონქი მოქცეულია ორ კონცენტრულ წრეში, რომლებიც მის გარშემო ერთიან, უწყვეტ გარშემოსავლელ გალერეას ქმნის; აფსიდები ქვემო ნაწილში კედლებით კი არ არის შემოფარგლული, არამედ სვეტებზე დაყრდნობილი გამჭოლი თაღებით. სწორედ ეს თაღები შეადგენდა შუაგულ ტაძარში შესასვლელს. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის სვეტები დგას შემაღლებით, ქვის ბარიერზე. ტეტრაკონქის ოთხ მკლავს შორის, ე.ი. ოთხ კუთხეში, აქაც მცირე ოთახებია, როგორც ჯვარის ტიპის ძეგლებში. განსხვავება ის არის, რომ ამ ოთახების თავზე ორ-ორი სართულია, ე.ი. კუთხეებში ოთახები სამ-სამ იარუსადაა განლაგებული. ეს კუთხის ნაწილები იმავე დროს შეადგენს ძირითად ბურჯებს, რომელთაც გუმბათი ეყრდნობა. შიდა კონცენტრული სარტყელი ქვემოთ აზის აფსიდების სვეტებს და დამატებით სვეტებს - მისი დაყრდნობა კონსტრუქციულად ყველაზე რთული ამოცანა იყო. ტაძრის გარეგნული სახე შედგება ორი ცილინდრისაგან. ქვემო უფრო ფართოა - იგი შეესაბამება შენობის კორპუსს, მოიცავს თვით ტეტრაკონქს, გარშემოსავლელს და ამ უკანასკნელის თავზე მოთავსებულ II სართულის გალერეას. მეორე - გუმბათის ყელია, რომლის დიამეტრიც გაცილებით უფრო მცირე იყო და 10 მეტრს არ აღემატებოდა (ეს სახე თეორიული რეკონსტრუქციის მიხედვით წარმოგვიდგება, რადგანაც მთელი ზემო ნაწილი დანგრეულია. ამგვარია არქ.სიმონ კლდიაშვილის რეკონსტრუქცია, რომელსაც გ.ჩუბინაშვილიც იზიარებს. არქ.ა.კალგინის თანახმად შენობა გარედან სამ საფეხურიანი, ე.ი. "სამცილინდრიანი" უნდა ყიფილიყო. მის რეკონსტრუქციაში ზემო გალერია გარშემოსავლელის თავზე კი არ არის, არამედ გუმბათის ყელის გარშემო). შიგა სივრცე - დიდ სამაღლეზე აზიდული გუმბათით (ვარაუდით ტაძრის სიმაღლე 32 მეტრამდე უნდა ყოფილიყო), აფსიდების კოლონადებითა და თაღედებით, კუთხის ოთახების სარკმლებით, რომლებიც ხაზს უსვამდა მასშტაბს - დიდად შთამბეჭდავი იქნებოდა. განსაკუთრებით საინტერესოა იშხნის ძველი საკურთხეველისა და ბანას მორთულობა, კერძოდ სვეტისთავები, რომლებიც იონიურ სვეტისთავების სახეშეცვლილ გამოძახილს წარმოადგენს. ეს იშვიათი მაგალითია საქართველოს "ქრისტიანულ" არქიტექტურაში ელინისტური მოტივების შემოჟონვისა. ბანაში გარედან ქვემო ცილინდრის მთელ გარშემოწერილობას დეკორაციული თაღების უწყვეტი მწკრივი მისდევდა, თაღებს ზემოთ კი, სამკუთხა არეებში, სტილიზებული ბროწეულის რელიეფურ გამოსახულებებია. ბანასა და იშხნის ტიპი აგრეთვე უცნობია საქართველოსა და სომხეთის გარეთ (სომხეთში ამ ტიპისაა ზუართნოცის აწ ნანგრევებად ქცეული ცნობილი ტაძარი ეჩმიაძინის მახლობლად და ანისის გაგიკისეული ეკლესია 1001 წლისა). ბოსრას ტაძარი სირიაში, სადაც ტეტრაკონქის აფსიდები აგრეთვე კოლონადებითაა შემოფარგლული, კონსტრუქციულად ქართულ და სომხურ ძეგლებზე უფრო მარტივია. იქ არ არის კოლონებზე "დაკიდებული" კედელი, რადგანაც  არ არის მრგვალი გარშემოსავლელი, მთავარი კი ისაა, რომ არ არის გუმბათოვანი გადახურვა.

გ.ჩანადირის ფოტო

იშხანი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974, გვ.143-144

სამხრეთ საქართველოშია, ტაოში, მდინარე ოლთისსა და ტაოსკარს შუა (ახლა თურქეთის ფარგლებშია მოქცეული). შუა საუკუნეთა საქართველოს ერთი დიდი სამონასტრო ცენტრთაგანი, სადაც ინტენსიური კულტურულ - შემოქმედებითი მოღვაწეობა წარმოებდა. თავდაპირველი ეკლესია ააგო VII ს-ის ოცდაათიან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა, აღმაშენებლად წოდებულმა. იგი ეროვნებით სომეხი იყო, მაგრამ მართლმადიდებლობის მიმდევარი. თავდაპირველი ეკლესია წრიულ გარშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი იყო (იხ.ბანა). არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX ს-ის პირველ ათეულ წლებში განაახლა გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბანმა (ეს ამბავი გრიგოლის ცხოვრებაშია მოთხრობილი). ამის შემდეგ იშხანი ქართულ საეპისკოპოსო ტაძრად იქცა. ძნელი სათქმელია, რა სახე მიიღო საბანის დროს ტაძარმა, მაგრამ აშკარაა, რომ ახლანდელ შენობაში საბანის დროინდელი ნაწილები უნდა იყოს. ჩრდილოეთის ექვტრის შიდა კედელზე დარჩენილია საღებავებით შესრულებული წარწერა, რომელიც მოხსენიებულ ისტორიულ პირთა მიხედვით, 954-955 წლებს უნდა ეკუთვნოდეს. XI ს-ში ეკლესია კვლავ საფუძვლიანად შეაკეთეს: სამხრეთის შესასვლელის ტიმპანის წარწერის თანახმად, ეს შესასვლელი 1014-1027 წლებს შორის (გიორგი I-ს მეფობა) გაუკეთებიათ, მაგრამ უმეტესი ნაწილი ფასადთა უმდიდრესი, დიდი ოსტატობით შესრულებული ორნამენტაციისა მიეკუთვნება ბაგრატ მეოთხის ხანას, 1032 წელს (წარწერა სამხრეთის მეორე სარკმლის თავზე). ამ დროს, ეტყობა, ტაძარს კვლავ საფუძვლიანი რესტავრაცია განუცდია. წარწერაში ნათქვამია "...მე, ანტონი მთავარეპისკოპოსმან განვაახლე და განვასრულე წმიდაა ესე ტაძარი ღმრთისაა... და ვაშენე ხელითა იოვანე (ივანე?) მორჩაის ძისაითა". ამგვარად, ჩვენ იქ კიდევ ერთი დიდი ქართველი ხუროთმოძღვრის სახელი გვაქვს - ივანე მორჩაისძე. იქვეა აღნიშნული თარიღიც. იშხნის თავდაპირველი, ნერსესისეული ტაძრისგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი, სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით. ისევე, როგორც ბანაში, აქაც სვეტისთავები ვოლუტებითაა მორთული, კვლავ ბერძნულ - რომაული მოტივების გამოძახილია. ძველი აფსიდი გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით. ახლანდელი ტაძარი - თვალსაჩინოდ წაგრძელებული ჯვაროვან-გუმბათოვანი შენობაა, რომლის ჯვრისებრი მოხაზულობა თითქმის მთლიანად იხატება გარედანაც, მიწის დონეზე. დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები სწორკუთხაა. სადიაკვნე და სამკვეთლო წვრილი და გრძელი სადგომებია, აფსიდებით. დასავლეთის მკლავი, ისევე როგორც ოშკში, მთლიად, დაუნაწევრებელ, სწორკუთხა დარბაზს წარმოადგენს, რომლის გრძივი კედლებიც პლასტიკურადაა დანაწევრებული კედლის სვეტებით. ჩრდილოეთიდან მას გრძელი სწორკუთხა უაფსიდო სადგომი ეკვრის. ე.თაყაიშვილის აზრით, მას სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა. გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ მძლავრ ბოძს, რომლებსაც ძლიერ პროფილირებული და ჩუქურთმებით შემკული ბაზისები და სვეტისთავები აქვს. მრგვალი გუმბათის ყელი შიგნიდანაც და გარედანაც წვრილ ლილვებზე (შიგნით) და გრეხილებზე (გარეთ) დაყრდნობილი თაღებითაა შემკული. თაღი თექვსმეტ-თექვსმეტია, სარკმლები - 8 დიდი და 8 მცირე, წრიული. ფასადების დამუშავება დეკორაციული თაღების, შესასვლელთა და სარკმლების სათაურთა კარნიზების ჩუქურთმებისაგან შედგება, არის მოჩუქურთმებული მცირე ჯვრებიც. იშხანი ორნამენტის მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და ხარისხით თავისი დროის ერთი პირველი ძეგლთაგანია. ტაძრის შიგნით ძველი მხატვრობის ფრაგმენტებია, როგორც ფიქრობენ, XI ს-ის პირველი ნახევრისა. დიდი ეკლესიის გვერდით 1006 წელს აგებული პატარა სამლოცველოა, მშვენიერი ჩუქურთმებით მორთული (კარნიზი, სარკმლის საპირე და სათაური). დიდი ტაძრის ზომები გარედან: სიგრძე დაახლოებით 37 მ., სიგანე 22,5 მ. სიმაღლე შიგნით - 29 მ.

1. ე.თაყაიშვილი. 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში თბ., 1960, გვ.7-31

2. გ. ჩუბინაშვილი ქართული ხელოვნების ისტორია, გვ.169 – 179

"+"