topmenu

 

ნეკრესის საფლავთა ზედა ეკლესიის რეაბილიტაცია

<უკან დაბრუნება ....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია - მონასტრები>>>


ნეკრესის მონასტერი - ე.წ. "საფლავს ზედა ეკლესიის" რეაბილიტაცია - ხელოვნებათმცოდნე: გია ჭანიშვილი; არქეოლოგი: ნოდარ ბახტაძე; არქიტექტორ-რესტავრატორი: მიხეილ გელაშვილი// "ძველი ხელოვნება დღეს", 01/2010, გვ.31-39

http://www.heritagesites.ge/files/PDF/Maketi.pdf

2009 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დავალებით დავიწყეთ ნეკრესის მონასტრის ე.წ. "საფლავს ზედა ეკლესიის" შესწავლა და შევადგინეთ ამ ნაგებობის რეაბილიტაციის პროექტი (არქიტექტორ-რესტავრატორი მიხეილ გელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი, არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე). ვინაიდან პროექტირების დანიშნულება სამლოცველოს რეაბილიტაცია და მისთვის თავდაპირველი ფუნქციის დაბრუნება იყო, ჩვენი კვლევის მიზანს ამ ნაგებობის დაზიანებული, გადაკეთებული და აღარ არსებული ნაწილების თავდაპირველი სახის დადგენა წარმოადგენდა.

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო კომპლექსური ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რაც ითვალისწინებდა ძეგლის ისტორიულ-ბიბლიოგრაფიულ, არქიტექტურულ, სახელოვნებათმცოდნეო და არქეოლოგიურ შესწავლას. სარესტავრაციო სამუშაოები აქ ადრეც ჩატარებულა და გარკვეულწილად, ჩვენი მიზანი, ამ სამუშაოთა შეფასება და ხარვეზების აღმოფხვრაც იყო. ადგილმდებარეობა - ნეკრესის მონასტერი მდებარეობს სოფ.შილდასა და ყვარელს შორის კავკასიონიდან ჩამოზრდილ ქედზე და გადაჰყურებს ალაზნის ველს. გრემი - ყვარელის სამანქანო ტრასიდან ჩრდილოეთით მონასტრამდე სამნახევარი კმ-ის მანძილია. მთის ძირას ნეკრესის ნაქალაქარია მაღლა სერზე კი - ნეკრესის მონასტერი. ნეკრესის სამონასტერო კომპლექსი ეროვნული მნიშვნელობის ხუროთმოძღვრული ძეგლია. დამტკიცებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს 2006 წ. 07.11.№3/133 და საქართველოს პრეზიდენტის №665 ბრძანებულებით.

მონასტერი ორ დახრამულ ფერდობს შორის მოქცეულ დამრეც სერზეა შეფენილი. სამონასტრო ნაგებობები დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზეა მიმართული. "საფლავს ზედა ეკლესია" მონასტრის ცენტრში ხელოვნურად მოწყობილ სუბსტრუქციაზე დგას. იგი სამეცნიერო ლიტერატურაში "მცირე ბაზილიკად" მოიხსენიებოდა და მიჩნეული იყო IV საუკუნის ნაგებობად. "საფლავს ზედა ეკლესიის" აღმოსავლეთით, ზედა ტერასაზე ღმრთისმშობლის სამეკლესიიანი ბაზილიკაა (VI-VII სს); იქვე, სამხრეთით საეპისკოპოსო სასახლეა (გარდამავალი ხანა - VIII-IX სს) სათავდაცვო კოშკითურთ (გვიანი შუა საუკუნეები); დასავლეთით დაბლა, სატრაპეზო და სხვა სამონასტრო ნაგებობებია; მონასტრის ქვედა ტერასაზე, უკიდურეს დასავლეთ ნაწილში ასევე გარდამავალი ხანის გუმბათიანი ეკლესიაა; მონასტერი შემოფარგლული ყოფილა გალავნის კედლით, რომელიც ამჟამად თითქმის მთლიანად განადგურებულია; ფერდობზე ირგვლივ, ბევრგან არის შემორჩენილი სამონასტრო ნაგებობათა ნაშთები. ისტორიული ცნობები – ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით ქალაქი ნეკრესი იბერიის მეფე ფარნაჯომის დაარსებულია ძვ.წ. II საუკუნეში: "იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი" [10.29,33]. ლეონტი მროველთან და "მოქცევაი ქართლისაიში" დაცულია ქალაქ ნეკრესში იბერიის მეფე თრდატის მიერ IV საუკუნეში ეკლესიის აგების ცნობა [10.137], [11. 325].

დღემდე თრდატის მიერ აგებული ეკლესია გაიგივებული იყო ნეკრესის "მცირე ბაზილიკასთან", თუმცა უკანასკნელი ხანის აღმოჩენებმა ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა. კერძოდ, მეფე თრდატის მიერ აგებულ ეკლესიად ზოგი მკვლევარი არა მონასტრის ნაგებობას, არამედ მონასტრის ქვევით, ნეკრესის ნაქალაქარში განათხარ სამნავიან, დიდი ზომის "ჭაბუკაურის" ბაზილიკას მიიჩნევს (არქეოლოგები ლ.ჭილაშვილი, ნ.ბახტაძე) [2.209]; ისტორიულ წყაროებში შემორჩენილია, ასევე, ცნობა აბიბოს ნეკრესელის მიერ ნეკრესში მონასტრის დაარსების შესახებ VI ს-ში [13.207]. ნეკრესის მონასტრის "საფლავს ზედა ეკლესია" ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულებით ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ადრეული და უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

იგი ბაზილიკურ ფორმას მიახლოვებული, ოთხივე მხრიდან თაღოვანი ღიობებით გახსნილი, ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანულ საკულტო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ე.წ. "საფლავს ზედა ეკლესიაა" - ეს არის განივ ღერძზე განვითარებული სამნავიანი სტრუქტურა, მცირე აბსიდიანი ცენტრალური მაღალი მოცულობით და დაბალი გვერდითი ნავებით. დღევანდელი სამლოცველო რამდენიმე სამშენებლო პერიოდის ნაყოფია. თავდაპირველი, ადრე შუასაუკუნეების ნაგებობის დაზიანების შემდეგ პირველი ცვლილება გარდამავალ ხანაში (IXს.) ხდება, შემდეგ კი გვიან შუა საუკუნეებში. თავდაპირველია დასავლეთისკენ დამრეც კლდოვან რელიეფზე ხელოვნურ სუბსტრუქციაში მოწყობილი, კამარულ გადახურვიანი კრიპტა და მასზე აღმართული სამლოცველოს გეგმარებითი სტრუქტურა და კედლების ძირითადი მასა, ოთხივე მხრივ გახსნილი საფასადო თაღოვანი ღიობებით. გარდამავალ ხანაში უნდა მომხდარიყო სამლოცველოს სამხრეთი ნავის დასავლეთი კედლის გრადუსის შეცვლა და მიმართვა იმავე დროს აგებულ საეპისკოპოსო სასახლისკენ, სადაც მოეწყო თაღოვანი კარიბჭე - გასასვლელი მონასტრის ზემო ნაწილისკენ; ამავე ხანაში უნდა იყოს მოწყობილი თაღით გახსნილი სტრუქტურა სამლოცველოს ჩრდილოეთი ნავის სახურავზე, რის შედეგადაც გაგანიერდა ცენტრალური დარბაზის ზედა მოცულობა. გვიან შუასაუკუნეებში მოხდა საფასადო თაღოვანი ღიობების ამოშენება. ასევე თაღოვანი ღიობის ამოშენება ცენტრალურ დარბაზსა და სამხრეთ ნავს შორის. გ.ჩუბინაშვილს აღნიშნული აქვს, რომ ამ დროს ჩრდილოეთ ნავზე აუშენებიათ მეორე სართული. ამ კედლის ფრაგმენტი აღბეჭდილია გ.ჩუბინაშვილის "კახეთის არქიტექტურის" II ტომში. ილ.2ა და 3ა [15]. ამავე დროს ხდება სამხრეთი ნავის სამხრეთი საყრდენი კედლის გადაკეთება და ახალი კრამიტის სახურავის მოწყობა. XX საუკუნის ბოლო მესამედში, მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების დროს, მოიხსნა ზედა სართულის კედლის ნაშთი სამლოცველოს ჩრდილოეთ ნავის სახურავზე. ნაგებობა გასუფთავდა მცენარეებისგან (გარდა ჩრდილოეთ ნავზე ამოსული ხისა). ცენტრალურ ნავზე გამაგრდა მორყეული წყობა და მოეწყო კრამიტის სახურავი. 2000 წელს აღდგა სამლოცველოს ცენტრალური ნავის კამარა და კონქის ზედა მონაკვეთი, ჩრდილოეთი ნავის კამარა და ჩრდილო-დასავლეთის გაგლეჯილი კუთხე. მოიხსნა ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხეში ამოსული ხე; გაიხსნა ჩრდილოეთ ნავის ჩრდილოეთი ღიობი და გადაეწყო ნალისებური თაღი; მოეწყო ლავგარდანი ჩრდილოეთ ნავზე; შეკეთდა და გადაეწყო კრიპტაში ჩასასვლელი ქვის საფე ხურებიანი კიბე; ამაღლდა ცენტრალური დარბაზისა და ჩრდილოეთ ნავის იატაკი; მოეწყო კრამიტის ახალი საბურავი. 2009 წ. გაიზომა სამლოცველო დაჩატარდა არქეოლოგიური გათხრები სამლოცველოში და მის ირგვლივ. ასევე სატრაპეზოს ჩრდილოეთ კუთხესთან ათიოდე მეტრში გაითხარა განვითარებული შუა საუკუნეების წყარო და ბერთა სენაკები (არქეოლოგი ნ.ბახტაძე);

    სამლოცველოს გეგმარება, ფასადები და სტრუქტურა

  • ეკლესიას გარეგნულად სამნავიანი ბაზილი კის მსგავსი ასახულობა აქვს. იგი აგებულია ხელოვნურად მოწყობილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც განთავსებულია ნახევარწრიულ კამარიანი კრიპტა (ჩრდილო მონაკვეთში) და ქვაყუთი სამარხები (სამხრეთ და ცენტრალურ მონაკვეთებში); ნაგებობა დაგეგმარებულია სამხრეთ-ჩრდილოეთის გრძივი მიმართულებით. აქ ერთმანეთს ერწყმის სამი დამოუკიდებელი კომპონენტი:ცენტრში მაღალი და ვიწრო დარბაზია კამარული გადახურვით და საკურთხევლის მცირე ნალისებრი აბსიდით აღმოსავლეთისკენ;
  • ცენტრალურ დარბაზს ნალისებური, ოდნავ შეისრული ღიობით ემიჯნება ჩრდილოეთის ცალქანობიანი ნავი მრუდე ნახევარწრიული კამარით, რომელიც დანარჩენი სამი მხრიდანაც გახსნილია ნალისებური ფორმის სხვადასხვა ზომის თაღოვანი ღიობებით (დასავლეთი ღიობი ამოშენებულია. მასში დატანილია მცირე სარკმელი. აღმოსავლეთის ღიობი გადაკეთებულია თარაზულ ზედანიან შესასვლელად. ჩრდილოეთის უფრო მოზრდილი ღიობი რამდენიმე წლის წინ არის რესტავრირებული); ჩრდილოეთ ნავის ქანობზე, ცენტრალური დარბაზის მაღალ მოცულობაზე მიშენებულია შუაში თაღით გახსნილი სტრუქტურა, რომელიც აგანიერებს ცენტრალური დარბაზის ვიწრო ფასადს;
  • სამხრეთით ცენტრალურ დარბაზს, ასევე ნალისებური ოდნავ შეისრული ღიობით, სამხრეთი ნავის მოცულობა ემიჯნებოდა, რომელიც ამჟამად თითქმის სრულად მონგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ მისი დასავლეთი ფასადის თაღოვანი ღიობის ჩრდილო ნაწიბური (რომელიც დანარჩენ საფასადო ღიობების მსგავსად მოგვიანებით ამოუშენებიათ) და კამარის მცირე მონაკვეთი. კამარა დანარჩენი ნავებისგან განსხვავებით, ამ ნავის ჩრდილო - სამხრეთის ღერძზე იყო მიმართული. სამლოცველოს ცენტრალური დარბაზის ზედა ნაწილი აბსიდთან ერთად წარმოადგენს აზიდული პროპორციების მქონე ერთიან სივრცეს. აბსიდში დატანილია ვიწრო და მაღალი, ნალის ფორმის კლიტისებური სარკმელი. ვიწრო მართკუთხა სარკმელია დატანილი ცენტრალური დარბაზის სამხრეთ ფასადის ზედა მონაკვეთშიც. ცენტრალური დარბაზი თაღოვანი ღიობებით სივრცობრივად გაერთიანებულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებთან. ეს ნავები დასახსრულია მომცრო არქიტექტურული ფორმებით – თაღოვანი ღიობებით. ცენტრალური დარბაზის აზიდულ პროპორციებს ექსპრესიულობას მატებს კამარისა და კონქის ნალისებური მოხაზულობები. ასევე ნალისებური მცირე ღიობები და მოზრდილ ღიობთა შეისრული ფორმები (მცირე ღიობები და ცენტრალური დარბაზიდან სამხრეთისკენ გამავალი შეისრული ღიობი მოგვიანებით ამოაშენეს). ნაგებობას ერთგვარ ხიბლს სძენს ფასადების არქაული მხატვრული წყობა. ეკლესია ძირითადად ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. ოდნავ დამუშავებული ქვა გამოყენებულია საფასადო კედლების წიბოებისა და ლავგარდანებისათვის. ქვები სხვადასხვა ზომისაა, ოღონდ ქვების წყობა გარკვეული, ერთგვარი მხატვრული უწესრიგობით, წინასწარ დასახული ქარგით არის განაწილებული. ქვებს შორის არე გამოლესილია. ანალოგიური მასალა გამოყენებულ ინტერიერშიც, თუმცა ქვების წყობას შორის არეები მეტად არის გამოლესილი და ქვის ფაქტურას ნაკლები ყურადღება ექცევა. ნარჩევი ქვები გამოყენებულია აბსიდის მხრებისათვის. თაღოვანი ღიობები ნაგებობას ოთხივე მხრიდან აქვს. აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის ღიობები შესასვლელებად გამოიყენებოდა (შესაძლოა თავდაპირველად სამხრეთისაც). დასავლეთისა კი მაღალი სუბსტრუქციის გამო მხოლოდ ღიობებად რჩებოდა. ღიობები ერთნაირი სტრუქტურისაა. ნალისებურ ღიობებს ნარჩევი ფლეთილი ფილების ქუსლები აქვთ. თაღების ნალისებური ფორმა კი ოდნავ მრუდ წრე თარგიანია სამშენებლო მასალები, კონსტრუქციები და დაზიანებები სამლოცველოს საფასადო და ინტერიერის ფლეთილ ქვას შორის წვრილი ქვა და ღორღია დადუღაბებული კირის მკვიდრ ხსნარზე. საძირკველში – ფლეთილი ქვის მკვიდრი წყობა კირდუღაბზე; ფასადებზე – ფლეთილი ქვის სხვადასხვა ზომის ქვები; ინტერიერში – ფლეთილი ქვა. ნარჩევი ქვა აბსიდის მხრებში; კონსტრუქციული ნაწილები - (თაღები, კონქი, აბსიდის მხრები და სხვ.) ნარჩევი ფლეთილი ქვა; სახურავის საბურავი -კრამიტი, თავდაპირველად ბრტყელი; კონსტრუქციები – კამარები ეფუძნებოდა უშუალოდ კედლებს და თაღოვან ღიობებს; თაღების ფორმა ნალისებურია, ზოგან ოდნავ შეისრული. კრიპტაში ჩასასვლელი ქვის საფეხურებიანი კიბეა. დაზიანებები - ამჟამად სამლოცველოს ჩრდილოეთ ნავის და ცენტრალური დარბაზის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაზიანებულია სამლოცველოს გადახურვის კრამიტის საფარი;
  • ჩამოქცეულია სამხრეთი ნავი თითქმის მთლიანად;
  • დაზიანებულია ნაგებობის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხის გარე მონაკვეთი, გვიან ჩაჭრილი სამარხებით, რაც საფრთხეს უქმნის კრიპტას.

პროექტირების მიზანი და მოსაზრებები

პროექტირების დანიშნულებაა სამლოცველოს რეაბილიტაცია, რათა მას დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია. ამიტომ ჩვენი კვლევის მიზანია სამლოცველოს დაზიანებული და ჩამონგრეული ნაწილების თავდაპირველი სახის დადგენა. უნდა გაირკვეს, თუ რა უტყუარი მონაცემები შეგვიძლია მოვიპოვოთ საარქივო მასალებითა და ადგილზე არსებული მონაცემების კვლევით და რა უნდა დადგინდეს პროპორციული ანალიზისა და ანალოგიების მოშველიებით. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს რეაბილიტაციის მეთოდი. მეთოდის დადგენა ბევრად იქნება და მოკიდებული ნაგებობის არსებულ მონაცემებზე. სამლოცველოს სრული აღდგენის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, თუ რომელი სამშენებლო ეტაპის მიხედვით უნდა აღდგეს სამლოცველოს ესა თუ ის მონაკვეთი. გარდამავალი ხანის აღდგენა-გადაკეთების პერიოდს ეკუთვნის:

  • ჩრდ. ნავის სახურავზე მოწყობილი თაღია ნი სრუქტურა;
  • სამხრეთ ნავის დასავლეთ კედლის გამრუდება და მიმართვა საეპისკოპოსო სასახლისკენ;
  • ამავე პერიოდიდან იწყება სამლოცველოს გარე პერიმეტრზე, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებთან ქვაყუთი სამარხების მოწყობა. გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს ეკუთვნის:
  • საფასადო და ინტერიერის თაღოვანი ღიობების ამოშენება. მეორე სართულის მოწყობა ჩრდილოეთ ნავზე. სამხრეთი ნავის სამხრეთი კედლის გადაწყობა. ახალი კრამიტის სახურავის მოწყობა. მოსაზრებები – ამ სამლოცველოს შესახებ დიდძალი სამეცნიერო-ლიტერატურული მასალა არსებობს. პირველად იგი გა მოიკვლია აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა 1920-იან წლებში. იმავე დროს გაიზომა ძეგლი (არქიტ. ნ.სევეროვი) და მოხდა ფოტოფიქსაცია (ფოტოგრ. ტ.კიუნე). 1949 წ. სამლოცველო აზომა არქიტექტორ - რესტავრატორმა, პროფესორმა ვახტანგ ცინცაძემ. მას შემდეგ ამ ნაგებობას ბევრი მეცნიერი შეეხო და ამ უკანასკნელ დრომდე მას "მცირე ბაზილიკად" მოიხსენიებდნენ.
  • ეკლესიის დათარიღება IV ს-ით გ.ჩუბინაშვილს ეკუთვნის. ეკლესიის ადრეულობა მან სტილისტურ ნიშნებთან ერთად კრიპტის არსებობითაც განსაზღვრა. შემდგომში ყველა მკვლევარი იზიარებდა გ.ჩუბინაშვილისეულ დათარიღებას, ხოლო ამ სამლოცველოს მსგავსი ტიპის ნაგებობებთან ერთად, ბოლო ხანს, "საფლავს ზედა ეკლესიად" მოიხსენიებენ, ანუ ისეთ ნაგებობებად, რომლებიც საქართველოსა და სხვა ადრექრისტიანულ ქვეყნებ ში საგანგებოდ სამარხებზე იყო აღმართული. •ამგვარ სამლოცველოთა პროტოტიპი დაზუსტებული არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ ტიპის ნაგებობები რომაული და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მარტირიუმებისა და ბაპტისტერიუმების მაგალითებზე წარმოიშვა და მყარი კავშირი აქვს სულის მოსახსენიებელ წარმართულ ტაძრებთან (გ.ჩუბინაშვილი [15. 44], ნ.სილაგაძე [8. 209]).
  • ამგვარ ნაგებობათა შექმნის იმპულსი, ხელოვნებათმცოდნე ნ.ვაჩეიშვილის აზრით, კონსტანტინე იმპერატორის მიერ იერუსალიმში, უფლის საფლავზე აგებული სვეტებითა და თაღებით ყველა მხრიდან გახსნილი როტონდა უნდა იყოს ცენტრში ღია აბსიდიან კუბიკულათი [6. 34].
  • ასევე არ გამოირიცხება მათი კავშირი ირანის ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრებთან (გ. ჩუბინაშვილი [16. 36], ნ.სილაგაძე [9. 135]).
  • ანალოგიური ფუნქციის მქონე ნაგებობებად არის მიჩნეული საქართველოს სხვა მემორიალური ძეგლებიც – რამდენიმე მხრიდან გახსნილი ნაგებობები აგებული წმ.ნინოს, წმ.იოანე ზედაზნელის, წმ.სტეფანე ხირსელის სამარხზე და შემდეგ ჩართული მოგვიანებით აგებულ მოზრდილ ეკლესიებში. ასევე კრიპტაზეა აგებული უჯარმის სამლოცველო, აზმანა, თოკის მცირე ეკლესია, ურაველის აგარა. ეს ძეგლები სხვადასხვა ეპოქის ნაგებობებია და განსხვავებული არქიტექტურული სტილისაა. მათი გამაერთიანებელია ერთი აუცილებელი გარემოება – ყველა ეს ნაგებობა კრიპტაზეა აგებული და მათი ფასადები რამდენიმე ან ყველა მხრიდან გახსნილია თაღებით. ნეკრესის "საფლავს ზედა ეკლესია" მრავალშრიანი, რთულად საკვლევი ძეგლია და საფუძვლიანდ არის შესასწავლი. კვლევის პროცესში ვლინდება ახალი მოცემულობები, რაც საგულდაგულო და მუშავებას, დასკვნების გამოტანასა და მათ შეჯერებას მოითხოვს. კვლევა კვლავ გრძელდება ნაგებობის თარიღისა და თავდაპირველი სახის დასაზუსტებლად. ამჯერად კი იმ მონაცემთა გათვალისწინებით, რაც მოვიპოვეთ არქეოლოგიური, ისტორიულ - არქიტექტურული და საარქივო-ბიბლიოგრაფიული კვლევის შედეგად, შევადგინეთ რეაბილიტაციის პროექტის სამი ვარიანტი, რომელთა თეორიულ დასაბუთებასაც აქ გთავაზობთ.

არქეოლოგიური გათხრის შედეგად დადგინდა შემდეგი გარემოებები: არქეოლოგიური გათხრების ვრცელი სამეცნიერო ანგარიში ცალკე გამოქვეყნდება არქეოლოგ ნ.ბახტაძის მიერ. ამ ჯერად კი აქ მოცემულია გათხრების მოკლე ანგარიში და სათანადო დასკვნები, რაც აუცილებელ ინფორმაციას გვაწვდის ამ ნაგებობის ავთენტური სახის, შექმნის თარიღისა და დანიშნულების ობიექტურად გასააზრებლად. საგულისხმო შედეგები მოგვცა სამლოცველოს ჩრდილოეთ ნავის ქვეშ არსებული კრიპტის გათხრამ.

ამ სათავსის გათხრისას აღმოჩნდა კირით მოლესილი იატაკის სიღრმეში ჩაჭრილი, მართკუთხა გეგმის, ქვის ფილებით გადახურული, ასევე კირით მთლიანად შელესილი სპეციალური კამერები: კრიპტის აღმოსავლეთ-დასავლეთის წაგრძელებულ ღერძზე ორი აკლდამაა ჩაჭრილი ერთმანეთის გაგრძელებაზე, რომლებიც ერთმანეთისგან ვიწრო ტიხრითაა გამოყოფილი (№1 190X80-88X90სმ;  №2, 194ხ83ხ90სმ). აღმოსავლეთის კამერა ნაწილობრივ კრიპტის კედლის ქვეშ შედის –სათავსის აღმოსავლეთის კედელი, რომელიც თავის მხრივ სხვა კედლების თანადროულია, კამერის თავზე თაღურად ამოყვანილ კონსტრუქციაზე დგას და კამერის გადამხურავი ერთი ქვის ფილა ამ კედლის ორგანული ნაწილია. როგორც გათხრისას გამოირკვა, ჩვენთვის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი, ადრეული შუა საუკუნეების ამ მასშტაბის სხვა აკლდამებისგან განსხვავებით, ამ კრიპტაში მოწყობილ კამერებში ცალკეული ან რამდენიმე მიცვალებულის ნეშტი გაშოტილ პოზაში კი არ იკრძალებოდა, არამედ ხდებოდა მიცვალებულთა ძვლების ხელმეორედ ჩასვენება (პირველადი დაკრძალვის ადგილებში რამდენიმე წლის განმავლობაში მიცვალებულთა რბილი ქსოვილების ხრწნის პროცესის დასრულების შემდეგ). ამ ძვლოვანი მასით კამერები პირამდე იყო ამოვსებული. ამ კამერათა კიდეებთან დატანილი იყო კამერაში მოწყობილი ხელის შესაყოფი მართკუთხა ხვრელები, რაც იძლეოდა წმინდა ნაწილებთან ხელის შეხებისა და პილიგრიმთათვის ევლოგიის - წმ.რელიქვიის მისაღებ საშუალებას, კამერათა სახურავი ფილების მოუხსნელად ამ კამერებში სხვადასხვა ჰორიზონტზე აღმოჩენილი პრაქტიკულად მთელი ნივთიერი მასალა VI-IX სს-ის ქრონოლოგიური შუალედით თარიღდება. ამასთან, ნაკეთობათა სტრატიგრაფიული განფენა შეესაბამება დროის მსვლელობას ამ პერიოდში – VI–VII საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მასალა უფრო ქვედა ფენებში გვხვდება, VIII-IX საუკუნის კერამიკის ფრაგმენტები კი სულ ზედა შრეებში. უნდა ითქვას, რომ კამერებში, ტანისამოსის დანამდვილებით VI-VII საუკუნის რამდენიმე აქსესუართან (აბზინდები, ბალთები) ერთად, იმავე სტრატიგრაფიულ ვითარებაში აღმოჩნდა ორიოდე ბრინჯაოს ბალთა, რომელთა ანალოგიების დამზადებას რამდენიმე ცნობილი ქართველი მეცნიერი V საუკუნეში და ოდნავ უფრო ადრეც კი ვარაუდობს.

ამ ნივთების მოხვედრას აკლდამაში ორნაირი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ: ან მსგავს ნაკეთობებს VI-VII სს-ში კვლავ ამზადებდნენ, ანდა ეს ნივთები 1-2 საუკუნის განმავლობაში იყო მოხმარებაში (უფრო ადრეული პერიოდისა და შემდგომი დაკრძალული ნეშტების აღრევა ამ აკლდამებში ნაკლებად სავარაუდოა – ისინი თანდათან ივსებოდა). ეკლესიის ჩრდილოეთ ნავის ქვეშ არსებული სამლოცველოს გარე პერიმეტრის გარეთ გასული კედლებით მოზღუდული, კამარით გადახურული კრიპტის გარდა, მის სამხრეთით, ნაგებობის საძირკველშივე მდებარეობდა ქვითკირის კედლებით ერთიმეორის გვერდით გამოყვანილი  ქვაყუთის მოყვანილობის, უხეშად ნათალი ქვის რამდენიმე ბრტყელი ფილით გადახურული ხუთი აკლდამა, რომლებიც სამლოცველოს კედლების მაღალ საძირკვლებს შორის მოქცეულ სივრცეში იყო "ჩაწერილი". სამლოცველოს ცენტრალური სათავსის იატაკქვეშ აღმოჩენილი ორი ასეთი აკლდამა მეტად ღრმად შედის საკურთხევლის ქვეშ და სამლოცველოს აღმოსავლეთ კედელი საკურთხევლითურთ, აშკარად მათ სახურავი ქვის ფილებზეა დაშენებული. ამ კოლექტიური სამარხებში აღმოჩენილი ნივთიერი მასალაც, აგრეთვე VI-IX სს-ის ქრონოლოგიური შუალედით თარიღდება. ამგვარად, მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე არქეოლოგიურად დასაბუთდა კრიპტისა და დანარჩენი სამარხების თანადროულობა ნაგებობასთან. ანუ ის გარემოება, რომ ეს სამლოცველო "საფლავს ზედა ეკლესიას" წარმოადგენს და საგანგებოდ არის მშენებლობის თანადროულ სამარხებზე აგებული. ამასთან, კრიპტაში მოწყობილი, მეორადად დაკრძალული მიცვალებულის ნეშტებით პირთამდე სავსე საძმო საძვალეებისა და პილიგრიმთათვის ევლოგიის მისაღებად მოწყობილი ხვრელების დადასტურებით დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს კამერები მხოლოდ მონასტერში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოღვაწე ბერ-მონაზვნების ძვალშესალაგებს შეიძლება წარმოადგენდეს – ამგვარი საერთო საძვალეები მთელ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში მხოლოდ სამონასტრო ორგანიზაციებში გამოიყენებოდა ბერების ნეშტების დასაკრძალად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც კრიპტის დასაკრძალავი კამერების, ისე დანარჩენი იატაკქვეშა აკლდამების არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილ კერამიკულ ნაკეთობათა მრავალ ფრაგმენტს შორის არც ერთი არ აღმოჩნდა VI საუკუნეზე ადრეული – ტიპოლოგიურად იმ თიხის ჭურჭლის მსგავსი, რაც მრავლად აღმოჩნდა ნეკრესის ნაქალაქარზე ჩვენ მიერვე შესწავლილი და IV საუკუნით დათარიღებული "ჭაბუკაურის" ბაზილიკის უძველესი ფენების გათხრისას [2]. V საუკუნეზე ადრინდელი არ უნდა იყოს ეს ნაგებობა ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარეც. მონასტრების არსებობა საქართველოში, ქართულ ისტორიულ წყაროებში პირველად ვახტანგ გორგასლის დროს, V საუკუნეში არის ნახსენები. ვახტანგ გორგასალმა "მოუწოდა არტავაზს, ძუძუს-მტესა მისსა, და დაადგინა იგი ერის-თავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა; და უბრძანა, რათა გამონახოს ხევსა მას შინა ადგილი სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია, და ქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი" [10. ჯუანშერი "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა"]. ნეკრესში კი მონასტრის დაარსება ისტორიული ტრადიციით, წმინდა აბიბოს ნეკრესელს მიეწერება VI საუკუნეში [13. 207]. ეს ისტორიული ფაქტები თეორიულად არ გამორიცხავს, რომ მონასტრები საქართველოში ვახტანგ გორგასლის ეპოქამდეც არსებულიყო და ნეკრესშიც წმ.აბიბოს მოსვლამდეც ყოფილიყო სამონასტრო ცხოვრება და წმ.მამა ნეკრესში სამონასტრო ცხოვრების განმაახლებელი და ამღორძინებელი იყოს. თუმცა ნეკრესის "საფლავს ზედა ეკლესიის" კრიპტა-საძვალეთა მძლავრი სისტემის არსებობა და სამლოცველოს კონსტრუქციულ სტრუქტურაში ამ სისტემის სამშენებლო ფენის თავდაპირველობა, როგორც აღვნიშნეთ, უცილობლად მონასტერში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოღვაწე ბერ-მონაზვნების ძვალშესალაგებს უნდა წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე კი ძნელი წარმოსადგენია IV საუკუნის 70-80-იან წლებში, ქართლის მეფე თრდატის ზეობის დროს, აქ დიდი რაოდენობით მოღვაწე ბერ-მონაზონთა მონასტრის დაფუძნება მაშინ, როდესაც ამგვარი მრავალრიცხოვანი საძმო-მონასტრები ჯერ კიდევ ქრისტიანულ მონასტერთა ფუძემდებელ კოპტურ ეგვიპტესა და სირიაშიც არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული.

საპროექტო წინადადება

ამგვარად, კომპლექსური კვლევის შედეგად შევეცადეთ, დაგვედგინა ნაგებობის სახე, რომელიც მან მიიღო გარდამავალ ხანაში გადაკეთებების შედეგად და სამლოცველოს რეაბილიტაციის პროექტის I ვარიანტად წარმოვადგინეთ ამ დროის ნაგებობის გრაფიკული რეკონსტრუქცია. ასევე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია პროექტის კიდევ ორი ვარიანტის და მუშავება: II კონსერვაცია და III აღდგენა კონსერვაცია.

ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია სამხრეთი ნავის გვიან შეკეთებული სამხრეთი საყრდენი კედლის და დასავლეთ კუთხის მონაკვეთის დაშლა, რადგან ეს ნაწილი იმდენად დაზიანებულია, რომ მისი კონსტრუქციის აღდგენა დაუშლელად შეუძლებელია; I ვარიანტი გრაფიკული რეკონსტრუქცია ვფიქრობთ, რომ სამლოცველოს გრაფიკული რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს მშენებლობის მეორე ეტაპის, ანუ იმ დროის მიხედვით, როდესაც უკვე მოტრიალებულია სამხრეთი ნავის დასავლეთი კედელი საეპისკოპოსო სასახლისკენ და დასავლეთ კედელს ტეხილი ფორმა აქვს. ასევე ამ დროს უკვე არსებობს თაღოვანი სტრუქტურა ჩრდილოეთ ნავის სახურავზე. პირველ რიგში გასარკვევია სამხრეთი ნავის გადახურვისა და სამხრეთი კედლის თაღოვანი ღიობის ფორმა. სამლოცველოს სამხრეთ ნავის შემორჩენილი კამარის მიმართულება, რომელიც პერპენდიკულარულია სამლოცველოს დანარჩენი კამარების ვექტორებისა, არ იძლევა ცალქანობიანი სახურავის მოწყობის შესაძლებლობას. აქ შესაძლებელია მხოლოდ დაბალგრადუსიანი ორქანობიანი სახურავის არსებობა, რისი კვალიც ჩანს კიდეც ცენტრალური დარბაზის სამხრეთ კედელზე. ეს აღნიშნული აქვს გ.ჩუბინაშვილსაც. იგი პირდაპირ წერს: "სახურავი უნდა ყოფილიყო ან თარაზულის მსგავსი ან ორქანობიანი" [15,41]. გრაფიკული რეკონსტრუქციისას ორქანობიან სახურავს ვიყენებთ, თუმცა ვთვლით, რომ თავდაპირველი გადახურვის ზუსტი დახრის დადგენა შესაძლებელი იქნება სამლოცველოს რეაბილიტაციის პროცესში, როდესაც ამ ნაწილში ხარაჩო გაიმართება და ღრმა ზონდაჟების გაკეთება სახიფათო აღარ იქნება. მნიშვნელოვანია ასევე სამხრეთი ნავის სამხრეთი კედლის თაღოვანი ღიობის ზომა და ფორმა. ღიობის წირთხლების ქვედა ნიშნულები გამოიკვეთა არქეოლოგიური გათხრის შემდეგ, როდესაც სამხრეთ კედელის შუა ნაწილში გამოვლინდა ქვის ბრტყელი ფილები ნავის იატაკის ანალოგიური ფილების დონეზე. ფილების გვერდებზე კი, თუ მათ ღიობის წირთხლებს შორის მოწყობილ იატაკად ჩავთვლით, მონგრეული კედლების კირდუღაბის წყობა ჩანს. აქ წირთხლების სიგანე დაახლოებით ცენტრალური დარბაზის გამმიჯნავი თაღოვანი ღიობის სიგანისაა და ვფიქრობთ, რომ თაღის ფორმაც ანალოგიური იქნებოდა, ანუ ნალისებური და ოდნავ შეისრული დასავლეთის და აღმოსავლეთის თაღოვანი ღიობების აღდგენა კი შესაძლებელია, დასავლეთისა - შემორჩენილი ფრაგმენტით, ხოლო აღმოსავლეთისა - ამავე ფასადის თაღის ანალოგიით, რადგან მისი მხოლოდ უეჭველი არსებობის კვალია შემორჩენილი ცენტრალური დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზე. აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. აქამდე თითქმის ყველა მკვლევარი ნაგებობის თავდაპირველ სახეს ბაზილიკური გარეგნული ფორმით მოიაზრებდა და ეს სამლოცველო დიდი ხნის მანძილზე "მცირე ბაზილიკად" მოიხსენიებოდა. სხვადასხვა მკვლევართა და ჩვენ მიერ სამლოცველოს ფუნქციის გამოვლენის და მისი ფორმების კვლევის შემდეგ კი გაირკვა, რომ სამხრეთი ნავი ამ სამლოცველოსათვის ორი ქანობით გადახურულ ერთგვარ ღია კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა. ამ არქიტექტურულ ფორმას ახსნა შეიძლება მოეძებნოს, უფლის საფლავის შიდა ეკლესიის სტრუქტურით. მისი თავდაპირველი სახე არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მისი ადრეული - VI საუკუნის ლითონის მოდელები - ჭურჭლები წმინდა ადგილებიდან ევლოგიად ზეთის წამოსაღებად, სადაც ზოგ მათგანზე, მთავარ თაღედებიან მოცულობის წინ ორქანობიანი კარიბჭეა გამოსახული [17. 59]. მსგავსი მოდელები კი კარგად იყო ცნობილი V-VI საუკუნეების ქართლში, რაც აშკარად ჩანს იმდროინდელ ქვაჯვართა უფლის საფლავის გამოსახულებიანი სტილიზებული სვეტისთავების მრავალრიცხოვან მაგალითზე. აღსანიშნავია სამლოცველოს მდებარეობის ტოპოგრაფიაც. უფლის საფლავის მსგავსად აქაც დასავლეთისკენ დამრეცი რელიეფია და კრიპტა კლდოვან ქანშია ჩასმული. შესაძლოა დამთხვევაა, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ კრიპტის აკლდამების სიგრძე 193 სმ-ია, რაც ზუსტად ემთხვევა უფლის აკლდამის ზომას. ასევე ნეკრესის სამლოცველოს კარიბჭის სიგანე 4.91 მ-ია,  უფლის საფლავის რეკონსტრუირებული კარიბჭისა კი 5.08 მ. [17. 67].

სამლოცველოს აღდგენის II ვარიანტი.

კონსერვაცია

ჩრდილოეთ ნავში პრაქტიკულად შენარჩუნებულია ყველა კონსტრუქციული ელემენტი. მოიხსნება აღმოსავლეთ კედლის თაღოვანი ღიობის ჩაშენება. დასავლეთ კედლის თაღოვან ღიობში შენარჩუნდება ჩაშენება. ნავის ინტერიერში შეკეთდება ბოლო აღდგენის დროს არასწორად ამოყვანილი ჩრდილო-დასავლეთი კუთხის წყობა.

ასევე, მოიხსნება აღდგენის დროს გასქელებული იატაკის ფენა და აღმოსავლეთ შესასვლელის ზღურბლის ზედა საფეხური. ცენტრალურ დარბაზში მოიხსნება ბოლო აღდგენის დროს გასქელებული იატაკის ფენა, რის შედეგად საკურთხევლის აბსიდს გაუჩნდება თავდაპირველი სიმაღლის საფეხური და გამოჩნდება სამარხთა სარქველები. სამხრეთ ნავში რადგან ვერ ხერხდება სამხრეთ ნავის გადახურვის და მისი თავდაპირველი საფასადო სახის ყველა კვანძის სრულად დადგენა და გრაფიკული რეკონსტრუქცია მინდობილია მხოლოდ არსებულ მონაცემთა ანალიზსა და ფორმალურ ლოგიკაზე, რეაბილიტაციის ერთ-ერთ ვარიანტად მიგვაჩნია სამხრეთ ნავის კედლების გეგმის დონეზე ამოყვანა და დაკონსერვება. გადაეწყობა და აღდგება სამხრეთი საყრდენი კედელი.

სამლოცველოს აღდგენის III ვარიანტი

აღდგენა - კონსერვაცია

ჩრდილოეთ ნავში პრაქტიკულად შენარჩუნებულია ყველა კონსტრუქციული ელემენტი. მოიხსნება აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღოვანი ღიობების ჩაშენება. დასავლეთ კედლის თაღოვან ღიობში ინტერიერის მხრიდან სასურველია მოეწყოს მინის საფარი (რაც არ გამოჩნდება საფასადო მხრიდან), რათა ატმოსფერული ნალექისგან დავიცვათ კრიპტაში ჩასასვლელი კიბე. ნავის ინტერიერში შეკეთდება ბოლო აღდგენის დროს არასწორად ამოყვანილი ჩრდილო -დასავლეთი კუთხის წყობა. მოიხსნება ბოლო აღდგენის დროს გასქელებული იატაკის ფენა და აღმოსავლეთ შესასვლელის ზღურბლის ზედა საფეხური. ცენტრალურ დარბაზში მოიხსნება სამხრეთ ნავის გამმიჯნავი თაღოვანი ღიობის ჩაშენებული კედელი სარკმლითურთ. მოიხსნება აღდგენის დროს გასქელებული იატაკის ფენა, რის შედეგად საკურთხევლის აბსიდს გაუჩნდება თავდაპირველი სიმაღლის საფეხური და გამოჩნდება სამარხთა სარქველები. სამხრეთ ნავში აღდგება სამხრეთი ნავის კედლები კამარის გარეშე. მოიხსნება ჩაშენება და აღდგება დასავლეთი თაღოვანი ღიობი არსებული ნაშთის მიხედვით. აღდგება აღმოსავლეთი და სამხრეთი თაღოვანი ღიობები ნაგებობაზე არსებული ღიობების ანალოგიური ფორმის გამეორებით. გადაეწყობა სამხრეთი საყრდენი კედელი. ხის კონსტრუქციაზე მოეწყობა კრამიტის ორქანობიანი სახურავი. აუცილებლად უნდა გამოსწორდეს არასწორი და უხარისხოდ ჩატარებული რესტავრაციის შედეგები. მოიხსნას  სხვადასხვა ადგილას ძველ წყობასთან შეუსაბამოდ ჩასმული ქვები და ნალესობა. ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული პროექტით გათვალისწინებული აღდგენითი სამუშაოების წარმოების მიმდინარეობა და იგი უნდა განიხილებოდეს სამლოცველოს რეაბილიტაციის პროცესის ერთიან პროექტში.

დასკვნა:

ამგვარად, ჩვენ მიერ წარმოდგენილია სამლოცველოს რეაბილიტაციის რამდენიმე ვარიანტი, რაც ეფუძნება ძეგლის ისტორიულ - ბიბლიოგრაფიულ, არქიტექტურულ, სახელოვნებათმცოდნეო და არქეოლოგიური შესწავლის შედეგებს. მიგვაჩნია, რომ ეს შედეგები და ფაქტობრივი მასალა საკმარისია ძეგლის რეაბილიტაციისათვის. ხოლო რაც შეეხება ნაგებობის თარიღისა და ფუნქციის დაზუს ტებას, კვლევა კვლავ გრძელდება.

The summary

The Nekresi Monastery is situated in Georgia, kvareli area. According to the historical sources it was founded in the 6th century by St.Abibos Nekreseli, who had come from Siria and was the follower of early Christian ascetic ideas. This monastic ensemble includes miniature building which visually resembles basilica. Several decades ago famous Georgian art historians, taking into consideration the archaic planning of this building, came to conclusion that it was one of the oldest Georgian Church and was dated from 4th- century, though the time of building and its function are still being discussed by the Georgian scientists. Archaeological researches have revealed the ancient foundation of the building that stands on the pedestal with the complicated system of the tombs. The largest and the most important of these tombs is the crypta, where there are chambers cut in the floor, wich are full of remains of deceased monks. Buildings of such structure have a lot of parallels with the architecture of the Eastern Christian monasteries, where they are known as Memorial Chapels. Nekresi Chapel might have had the same function and it couldn’t have been built earlier than the 6th-century, when the monastery itself was founded. Such dating coincides with the materials that belong to the 6th-9th- centuries and were revealed by the archaeological researches. Now Nekresi Monastery is being restored. Besides the chapel mentioned previously, the complex consists of a 6th century three-nave basilica, an 8th-9th century domed church, an Episcopal mansion and other structures be lon ging to it

ბიბლიოგრაფია:

1 შ.ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ, 1971წ. გვ.112;

2 ნ.ბახტაძე. ნეკრესის ნაქალაქარზე გამოვლენილი ჭაბუკაურის ბაზილიკის დათარიღებისათვის, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, 19, თბ., 2010, გვ.209-220;

3 ზ.ბრეგაძე, სტრაბონის ერთი ცნობის გაგებისათვის, `მაცნე~, ისტორიის სერია, 1992 წ., №4, გვ.100;

4 მ.გრიგოლია, უძველესი ეკლესიები საქართველოში, `კლიო~, 2001 წ.  11, გვ. 38;

5 დ.ვაჩნაძე, ეპისკოპოსის სასახლე ნეკრესში, "მაცნე", ისტორიის სერია, 1989 წ.,  4, გვ.111;

6 ნ. ვაჩეიშვილი, ერთი უცნობი მოვლენის შესახებ ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში, საქართველოს სიძველენი,  1, 2002 წ, გვ.24;

7 დ.თუმანიშვილი, უძველესი ქართული საეკლესიო ნაგებობების გამო, "გზაჯვარედინზე", თბ., 2008, გვ.144;

8 ნ.სილაგაძე, მარტირიუმებისა და "საფლავს ზედა" ეკლესიების ფორმის ზოგიერთი თავისებურების შესახებ, "აღმოსავლეთი და კავკასია", 2005,  3, გვ. 209;

9 ნ.სილაგაძე, "ქართული საფლავს ზედა" ეკლესიები და მათი პარალელები ახლო აღმოსავლეთში, სამეცნიერო შრომების კრებული, ხელოვნებათმცოდნეობა,  5, 2003, გვ.135;

10 "ქართლის ცხოვრება", I, თბ., 1955 წ. გვ.137;

11 "შატბერდის კრებული", თბ., 1979 წ. გვ.354;

12 ვ.ცინცაძე, ადრექრისტიანული (IV,V სს.) ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის ზოგი საკითხი (სვეტიცხოველი), ქართული ხელოვნება, 2001წ.  11;

13 "ძველი ქართული აგიოგრაფიული   ლიტერატურის ძეგლები", I. თბ., 1964;

14 r.Mepisascvili, W. Zinzadze, Die kunst dezalten Georgien, Leipzig, 1977, გვ.60;

15 Г.Н.Чубинашвили, Архитектура Кахетии, 1,2. Тб., 1953, с. 37 – 45;

16 Г.Чубинашвили, К вопросу о началъных формах Христианского Храма. Вопросы истории искусства. Тб.,1970, с.36-43;

17 John Wilkinson, Tomb of Christ: Jerusalem and Mtskheta, საქართველოს სიძველენი, 1, 2002წ, გვ. 59.