There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<სიახლეები, აღმოჩენები>>
ნანა შენგელაია (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი) - ფესტოსის დისკოს ამოკითხვის შესახებ
ეს წერილი მოკლედ განიხილავს იმ ვითარებას, რომელიც ახლდა 1908 წელს ლუიჯი პერნიეს მიერ კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ფესტოსში აღმოჩენილი ე.წ. ფესტოსის დისკოს შესწავლას, შეფასებასა და მისი წარწერის დეშიფრირების ცდებს, სანამ ამ დისკოს ტექსტს პროტოქართველურ - კოლხურ ენაზე ამოიკითხავდა მათემატიკოსი გ.კვაშილავა. ვეცდები, ერთი მხრივ ვაჩვენო, თუ რამ დააბრკოლა მთელი ამ დროის განმავლობაში ფესტოსის დისკოს ტექსტის დეშიფრირება. ამას გარდა, წარმოვადგენ ჩემ მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა პოსტულატების და თეორიული წანამძღვრების წარმოდგენით შეძლო გ.კვაშილავამ დისკოს ტექსტის ამოკითხვა. აქ ზოგადად ვიტყვი, რომ მათემატიკოსმა გ.კვაშილავამ გადაჭრა მანმადე გადაუწყვეტელი საკითხები, წარმოადგინა ფესტოსის დისკოს პრობლემისადმი ახლებური მიდგომა და შექმნა სრულიად ახალი, ზოგადი სახის ალგორითმი ტექსტის წასაკითხავად. უკვე 100 წელია, რაც მე-20 საუკუნის ენიგმად წოდებული ფესტოსის დისკო მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს. ამ დროის განმავლობაში 16 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე დისკოსთან დაკავშირებით სპეციალისტები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ დისკოს ორივე მხარეს დაბეჭდილია გარკვეული სახის ტექსტი, თუმცა თვით ამ ტექსტის რაგვარობის თაობაზე მრავალი სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული.
ლონდონში 2008 წლის შემოდგომაზე ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილმა საგანგებო კონფერენციამ ერთგვარად შეაჯამა დისკოს კვლევის ყველა შედეგი, ცხადად წარმოაჩინა მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები და შეხედულებათა მრავალფეროვნება. გადაუჭრელ საკითხთა ისეთი სიმრავლე და სირთულე გამოჩნდა კონფერენციაზე, რომ ლამის უკვე დაბეჯითებით გამოცხადდა, რომ მკვლევართათვის ტექსტის ამოკითხვა შეუძლებელია; კონფერენციის ორგანიზატორმა ჯ.აიზენბერგმა დასვა შეკითხვა, ხომ არ არის დისკოს წარწერა ნიშნების ნებისმიერად დაბეჭდვით შექმნილი ნაყალბევი. მაგრამ ამ მოსაზრებამ ვერ პოვა მხარდაჭერა, რამდენადაც წაუკითხავი წარწერაც კი ნიშნების განაწილების ისეთი კანონზომიერებასა და სიმეტრიას ავლენს, რომ - როგორც ქვემოთ ვნახავთ - არა მხოლოდ ის არის ცხადი, რომ ეს ტექსტია, არამედ ფესტოსის დისკოს ტექსტის რაგავარობაზეც მეცნიერთა ჯგუფმა ერთნაირი ზოგადი ვარაუდიც გამოთქვა. კონფერენციის დასასრულს 29 რეგისტრირებული მონაწილიდან 20-მა დისკოს წარწერის ავთენტურობას დაუჭირა მხარი, 5-მა თავი შეიკავა, ხოლო 4 მონაწილე ფიქრობს, რომ ტექსტი ნაყალბევია. ამდენად, ფესტოსის წარწერა ნამდვილ ტექსტად გამოცხადდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მოგვიანოდ კრეტაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაზე – არქალოხორის ცულზე, მალიის ქვის ბლოკზე, ფესტოსის ლარნაკზე არსებული წარწერები იმეორებს დისკოს ნიშნებს და, როგორც უკვე ვიცით ([3]), მათი ამოკითხვაც იმავე კანონზომიერებებს ექვემდებარება, რასაც თვით დისკოს წარწერა.
ქვემოთ მოკლედ შევეხები რამდენიმე კონკრეტულ საკითხს:
I. ფესტოსის დისკოს ტექსტის შესახებ
- ა. წარწერის შესრულების ტექნიკური მხარე
აღიარებულია, რომ წარწერა შესრულებულია ოქროსაგან საგანგებოდ დამზადებული "საბეჭდი ქვებით", როდესაც ერთი და იგივე ყალიბი იმდენჯერ გამოიყენა მბეჭდავმა, რამდენჯერაც გვხვდება მოცემული ნიშანი დისკოზე. ამ თვალსაზრისით ფესტოსის დისკოს ტექსტი წარმოადგენს მსოფლიოში ჯერ-ჯერობით ცნობილ ყველაზე ძველ ნაბეჭდ ტექსტს. თუ ფესტოსის დისკო, როგორც ვარაუდობენ, ძველი წელთაღრიცხვის 2000 წლით თარიღდება, იგი გუტენბერგის მიერ დაბეჭდილ პირველ ევროპულ წიგნებს (1440-1445) დაახლოებით 3500 წლით უსწრებს წინ. წარწერის შესრულების ტექნიკასთან დაკავშირებით საინტერესოა გერმანელი მკვლევრის დიტერ რუმპელის ([4]) მიერ დიუსელდორფში ჩატარებული სამუშაო. მან თვითონ დაამზადა დისკოზე აღბეჭდილი ქალღმერთის მსგავსი ოქროს ყალიბი და ამ ყალიბით თიხაზე დაბეჭდა გამოსახულება, შემდეგ თიხა გამოწვა (ანუ მან, ფაქტიურად, გაიმეორა დისკოს ტექსტის შექმნის პროცესი). დ.რუმპელის მიერ დაბეჭდილი გამოსახულება გამოწვის შემდეგ უფრო ნატიფი და მკვეთრი გახდა. მისი აზრით, ოქროს აქვს თიხაში შეღწევის ქიმიური თვისება, რითაც იქმნება მტკიცე შენაერთი, რომელსაც შეუძლია საუკუნეები გაძლოს. ლუი გოდარი თვლის, რომ თიხაზე ოქროს ყალიბებით ბეჭდვა საერთოდ ბეჭდვის ყველა სხვა საშუალებაზე უფრო გამძლე და მტკიცეა. დ.რუმპელის მიერ სხვა მეტალის ყალიბით დაბეჭდილი გამოსახულებები არ გამოდგა ასეთი მკვეთრი - ისინი გაფუჭდა და დაიფშვნა. როგორც ცნობილია, კოლხური წარმოშობის მქონე კორიბანტები ფლობდნენ წერის სპეციფიკურ ხელოვნებას, რომელსაც ძველი ბერძენი ავტორები "ოქროთი წერას" (ოქროდამწერლობას) უწოდებდნენ. კორიბანტებმა ამ ხელოვნებით შექმნილი წარწერები ჩაიტანეს კრეტაზე და ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებზე. ოქროთი წერის ამ ტექნიკის აღწერა ვერძის ტყავზე იყო აღწერილი; ქართველ მკვლევართა აზრით (მაგ.,[2]) სავარაუდოდ, სწორედ ამ მნიშვნელოვანი ხელოვნების ამოსაცნობად ჩამოვიდნენ არგონავტები კოლხეთში.
- ბ. დისკოს ნიშნების გრაფიკა და თვისებრიობა
აღიარებულია, რომ ფესტოსის დისკოს ნიშნები არის ლოგოგრამები და სილაგოგრამები, ანუ ეს არის სილაბურ-ლოგოგრამული დამწერლობით შესრულებული ტექსტი. ფესტოსის დისკოს ნიშნების გრაფიკული მახასიათებლების ტიპოლოგია, ამ ნიშნების გრაფიკული მსგავსება სხვა თანადროული წარწერების ნიშნებთან ადრეც შეისწავლებოდა. სპეციალისტების აზრით, დისკოს ნიშნები აშკარა მსგავსებას ავლენს მინოსური A და B ხაზოვანი დამწერლობების, აგრეთვე, კრეტული იეროგლიფური დამწერლობის ნიშნებთან ([4]). გ.ოუენსი თვლის, რომ მ.ვენტრისის მიერ მიკენური პერიოდის ბერძნულით ამოკითხული B ხაზოვანი წარწერის ნიშანთა ფონეტიკური მნიშვნელობებით შესაძლებელია ფესტოსის დისკოს ზოგიერთ ნიშანთა ფონეტიკური წაკითხვაც. აგრეთვე ფიქრობენ (დ.რუმპელი [4]), რომ ფესტოსის დისკოს ნიშნების ფონეტიკური შედარება A ხაზოვანი წარწერის სტრუქტურებთან დიდი ალბათობით მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფესტოსის დისკოზე წარმოდგენილი სილაბური ნიშნები ღია მარცვლებს წარმოადგენს.
- გ. წარწერის წაკითხვის მიმართულება
მნიშვნელოვანია ფესტოსის დისკოს სპირალური ტექსტის წაკითხვის მიმართულების დადგენა; ამ საკითხზე ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებია გამოთქმული. ეს სხვადასხვაობა ჩანდა ამ საკითხის გადაწყვეტაში ლონდონის 2008 წლის კონფერენციაზეც, მაგრამ ახლა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საერთო დასკვნა მაინც ის არის, რომ წაკითხვა სპირალის ცენტრიდან გარეთ უნდა იყოს მიმართული. მკაფიოდ დასაბუთდა გ.კვაშილავას მტკიცებულება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების თაობაზე ტექსტის ცენტრიდან გარეთ წაკითხვის შესახებ (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ). უნდა ითქვას, რომ კითხვის მიმართულების გასარკვევად საკმაო მასალა ქონდათ ხელთ მკვლევრებს, მაგრამ ეს საკითხი მაინც საკამათოდ იყო მიჩნეული.
- დ. ფესტოსის დისკოს ტექსტის შესახებ:
თავისი აღმოჩენის შემდეგ ფესტოსის დისკომ მტკიცედ ინახავდა წარწერის საიდუმლოებას ერთი საუკუნის განმავლობაში. არსებობს მრავალი ვერსია იმის თაობაზე, თუ რას ეხება ტექსტი. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ ეს არის პროტობიბლიური ტექსტი, უძველესი მიკენური საზღვაო კალენდარი, სასოფლო-სამეურნეო კატასტროფის აღწერა და სხვა მრავალი ([4]). მაგრამ არტურ ევანსის მიმდევრები (მკვლევართა დიდი ნაწილი) ფიქრობენ, რომ ტექსტი წარმოადგენს ჰიმნს ან სხვა სახის რელიგიურ ტექსტს. უფრო მეტიც, ნ.რიდი, მაგალითად, თვლის, რომ ტექსტის ორი მხარე ერთმანეთისაგან განსხვავებულია (და დაკავშირებულიც) იმით, რომ A მხარეზე მიმართავენ ან ხოტბას ასხამენ ერთ ღვთაებას, ხოლო B მხარეზე კი – მეორე ღვთაებას ([4]). ნ.რიდი ამბობს, რომ ბეჭდვის დროს ფესტოსის დისკოზე 16-ჯერ მოხდა ნაბეჭდის ჩასწორება: მბეჭდავმა საგულდაგულოდ წაშალა და გაასწორა ნაბეჭდი ნიშნები, რამდენადაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო ტექსტის გამიზნული შინაარსის ზუსტი გადმოცემა. ამის საფუძველზე, მეცნიერის აზრით, არა მხოლოდ დასტურდება ტექსტის ავთენტურობა, არამედ ისიც, რომ ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი ან, იქნებ, კანონიკური ტექსტი, რომელშიც დაუშვებელი იყო შეცდომა, ნიშნების შეცვლა, გადასმა და ა.შ. ტექსტის განსაკუთრებულ ღირებულებას და მისი ორივე მხარის ერთიან ტექსტად განხილვის აუცილებლობას ადასტურებს ისიც, რომ წარწერისათვის დისკოს ორივე მხარეა გამოყენებული, რაც გარკვეული აუცილებლობით იყო განპირობებული. თიხის დისკოს ორივე მხარეს ბეჭდვას, ცხადია, ზედმეტი ტექნიკური სიძნელეები უნდა შეექმნა მბეჭდავისათვის. ახლა შეგვიძლია ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ ფესტოსის დისკოს ტექსტი სხვადასხვა თვალსაზრისით იყო შესწავლილი მრავალი გამოჩენილი მკვლევრის მიერ, მისი ამოკითხვა ვერა და ვერ მოხერხდა. გ.კვაშილავას მიერ ტექსტის ამოკითხვამდე მიღებული ყველა დასკვნა ეხებოდა მხოლოდ ტექსტის ნიშანთა გრაფიკულ დახასიათებას, ნიშანთა განაწილებასა და გამოჩენის სიხშირეს, გრაფიკული პარალელების ძიებას, ზოგი ნიშნის შესაძლო ფონეტიკურ გაჟღერებას. ყოველივე ეს, ცხადია, ტექსტის შინაარსის ცოდნის გარეშე ხდებოდა, კვლევა ერთგვარად "ადგილზე იტკეპნებოდა", ანუ დისკოს აღწერისა და შესწავლის პროცესში არ მომხდარა ტექსტის ამოკითხვისათვის საკმარისი და საჭირო თვისებრივი სიახლე, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტს იკვლევდნენ, როგორც ვთქვით, გამოჩენილი მეცნიერები და ანალიზური კვლევის დიდოსტატები (მაგ.ელის კობერი). თვითონ წარწერის გარკვეული ვიზუალური სისადავე და სილამაზე არის ალბათ იმის მიზეზი, რომ მეცნიერები განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებიან დისკოს და იმ საიდუმლოსაც, რომელსაც, როგორც აქამდე ფიქრობდნენ, ისინი ვერასდროს ვერ ამოიცნობდნენ. როგორც ლონდონის კონფერენციაზე ითქვა, წარწერის მტკიცე ოქროს ყალიბებით შესრულება უნდა იმას ნიშნავდეს, რომ მბეჭდავებს სურდათ მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დისკოს ტექსტი უსათუოდ დიდ ხანს (საუკუნეები) შენახულიყო, რაც ასეც მოხდა, მაგრამ მის წაკითხვას, სამწუხაროდ ვერ ვახერხებთო. მაიკლ ვენტრისი და ჯონ ჩედვიკი ამბობდნენ, დისკოს ტექსტს ვერ ვკითხულობთ, იმიტომ რომ არ ვიცით, რა ენაზეა იგი შესრულებულიო. მათ ვერ მოახერხეს დისკოს ენის ამოცნობა. ერთადერთი, რაც მათ სრულიად მტკიცედ და ცალსახად განაცხადეს და რაც ყველა მკვლევარმა გაიზიარა, ის იყო, რომ დისკოს ენა არ არის ძველი ბერძნული (ამის თაობაზე იხ, აგრეთვე [5],47; 51).
ახლა შევაჯამოთ ფესტოსის დისკოს კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებული შედეგები მისი ტექსტის ამოკითხვამდე პროტოქართველურ ენაზე:
1. დისკოს წარწერა არის ტექსტი;
2. ფესტოსის დისკოს ტექსტი წარმოადგენს მსოფლიოში პირველ ნაბეჭდ ტექსტს;
3. ტექსტის საბეჭდი ყალიბები ოქროსაგან იყო დამზადებული;
4. დისკოს ტექსტი შესრულებულია წერის სილაბურ-ლოგოგრამული სისტემით;
5. დისკოს სილაბური ნიშნები წარმოადგენდნენ ღია მარცვლებს;
6. დისკოს ნახატ-ნიშნებს გარკვეული გრაფიკული მსგავსება აქვს მინოსური A და B ხაზოვანი დამწერლობებისა და კრეტული იეროგლიური დამწერლობის ნიშნებთან; ასეთ ნიშნებთაგან რამდენიმეს აქვს, აგრეთვე, მსგავსი ფონეტიკური გაჟღერებაც;
7. ტექსტი რელიგიური ხასიათისაა და წარმოადგენს ჰიმნს;
8. ტექსტის ენა არ არის ძველი ბერძნული.
II. ტექსტის ამოკითხვის შესახებ გ. კვაშილავას მიერ
ცხადია, ზემოთ წარმოდგენილი მიღწევები მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ისინი არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წაკითხულიყო ფესტოსის დისკოს ტექსტი. ამდენ ხანს წარმოებული ასეთი ზომის სამუშაოს მიუხედავად დისკოს დეშიფრირებით დაკავებულმა ბრწყინვალე მეცნიერებმა მაინც ვერ ამოიკითხეს ტექსტი; ამის მიზეზად თვითონვე ასახელებდნენ იმას, რომ ვერ გაირკვა, რა ენაზეა შესრულებული ტექსტი. მაგრამ ეს მთლად ასე არ იყო: ვარაუდი იმისა, რომ ტექსტის ენა კოლხურია, გამოითქვა 20-22 წლის წინ. ავსტრიელმა ინჟინერმა ჰერბერტ ძებიშმა, შექმნა კომპიუტერული პროგრამა ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნების სტატისტიკური მახასიათებლებისა და მათი განაწილების საფუძველზე; იგი დაინტერესებული იყო ფესტოსის დისკოთი და სურდა დაედგინა, რომელ ენაზეა შედგენილი ტექსტი. ამ პროგრამას ძებიშმა დაუკავშირა ყველა მისთვის ცნობილი ძველი ენა: უძველესი ბერძნული, ბიბლიის ებრაული, ძველი სლავური, სხვა ძველი აღმოსავლური ენები. მაგრამ ამაოდ, ეს ენები პროგრამას არ მიუდგა. წელიწადნახევარიანი ძიების შემდეგ ძებიში წააწყდა გამოკვლევას პროტოქართველური ენის შესახებ. შეიტანა მისი მონაცემები კომპიუტერში და აღმოჩნდა, რომ პროგრამამ "უპასუხა" მასალას – მარცვლების განაწილება ეთანადებოდა დისკოს ნიშნების განაწილებას. ძებიშმა გააგრძელა მუშაობა, დაიბეჭდა მისი შრომები და გამოიცა მისი წიგნები იბერიულ-კოლხური ენის შესახებ, რომელსაც იგი ევროპის უძველეს ენას უწოდებს (ბიბლიოგრაფიისათვის იხ.[3]). თავისი შრომის შედეგები მან 1988 წელს ბუდაპეშტის კონგრესს (IRENE) მოახსენა. ბუდაპეშტის მოხსენებაში ჰ.ძებიშმა განაცხადა, რომ ფესტოსის დისკო კოლხურ-იბერიულზეა დაწერილი. ძებიშის თეორიამ ვერ ჰპოვა გაგრძელება, ფესტოსის დისკოს პროტოქართველურზე ამოკითხვის მიმართულებით სხვა კვლევა აღარ ჩატარებულა. მაგრამ დისკოს ტექსტი საბოლოოდ (2006 წელს) სწორედ ამ ენაზე ამოიკითხა მათემატიკოსმა გ.კვაშილავამ.
- 2. დისკოს ტექსტის წაკითხვის მიმართულება
მხოლოდ დისკოს ენის არ ცოდნა და ძებიშის ჰიპოტეზის უგულვებელყოფა არ ყოფილა ტექსტის ვერ ამოკითხვის მიზეზი. კვლევის დროს მეტისმეტი ყურადღება ენიჭებოდა ტექსტის წაკითხვის მიმართულებაზე მსჯელობას, რაც აქამდე მთავარ პრობლემად იყო მიჩნეული. ეს საკითხი "მარტივად" გადაწყვიტა გია კვაშილავამ: ფესტოსის დისკოს ტექსტის როგორც A ისე B მხარეს სპირალის გარე ბოლო უჯრაში მოცემულია დასასრულის ნიშანი – ხუთი ვერტიკალური წერტილი. ამ ნიშნის თაობაზე ადრეც მსჯელობდნენ არტურ ევანსი და ლუი გოდარი. კვაშილავამ აჩვენა, რომ ამ წერტილების მნიშვნელობა კარგად დასტურდება სხვადასხვა წარწერებში (ძველი ბერძნული, ეტრუსკული, ძველი ქართული წარწერები). განკვეთილობის ნიშნები ი.ჯავახიშვილის მიხედვით ([6], 144-146;[5],95;50), ქართულ დამწერლობაში გამოიყენება VI საუკუნიდან, შემდეგ კი გიორგი მთაწმინდელთან, ეფრემ მცირესთან და სხვებთან. გ.კვაშილავამ აგრეთვე გაითვალისწინა ვ.კეანის მოსაზრება დისკოს A მხარის ცენტრალური ნახატ-ნიშნის – ვარდულის ერთერთი მნიშვნელობის შესახებ, კერძოდ ეს მნიშვნელობაა "დასაწყისი". გ.კვაშილავას აზრით, სპირალის ცენტრი ვარდულით ტექსტის დასაწყისია, და დისკოს B მხარეზე ცენტრში მოთავსებული მთვარის ნიშნის სიმბოლოც დასაწყისის ნიშანია. ამდენად მარტივად და ცალსახად განისაზღვრა ტექსტის წაკითხვის მიმართულება სპირალის ცენტრიდან გარეთ ანუ მარცხნიდან მარჯვნივ სპირალის გასწვრივ. (საზოგადოდაც, სპირალი ბრუნვის დროს ცენტრიდან გარეთ იშლება და ფართოვდება).
- 3. დისკოზე ნახატ-ნიშანთა ბრუნვა და გ.კვაშილავას ალგორითმი
ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რამაც დააბრკოლა ფესტოსის დისკოს ტექსტის ამოკითხვა, იყო მასზე დაბეჭდილი ნახატ-ნიშნების სხვადასხვა მიმართულებით დაბეჭდვის ანუ მათი ბრუნვის ენობრივი ღირებულების უგულებელყოფა. ეს, ალბათ, ზოგადად გამოწვეული იყო მეცნიერთა შორის გავრცელებული წინასწარი განწყობით, რაც ხშირად დიდი ხნით აბრკოლებს კვლევას. მაგალითად, დისკოზე ლომის თავის ხან ჰორიზონტალურად და ხან ვერტიკალურად, ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ მიმართულად (სულ ოთხი შესაძლებიელი პოზიციაა) დაბეჭდვის მიზეზად თვლებოდა მბეჭდავის დაუდევრობა. მაგრამ, ამავე დროს, სხვა მკვლევრები ხაზს უსვამდნენ დისკოზე შეცდომების საგულდაგულო გასწორებას (ნ.რიდი და სხვები), რაც ცხადყოფს, რომ ეს ისეთი სახის ტექსტია, რომელიც უსათუოდ უხარვეზოდ, უშეცდომოდ უნდა დაბეჭდილიყო.ტექსტის შესწავლის დროს გ.კვაშილავამ მისი ამოკითხვისათვის გადამწყვეტი და თვისებრივად ახალი ნაბიჯი გადადგა: მან ღირებულად ჩათვალა ფესტოსის დისკოზე ნახატ-ნიშნების სხვადასხვა პოზიცია სპირალის ხაზის მიმართ, და განსხვავებულ პოზიციაში დაბეჭდილი ერთი და იგივე ნიშნები ფონოლოგიურად და, მაშასადამე სემანტიკურადაც, სხვადასხვანაირად ამოიკითხა. მის მიერ ტექსტის წაკითხვის მიმართულების დადგენამ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ გაირკვას თვით მბრუნავი ნიშნების ამოსავალი პოზიციის განსაზღვრა. მეტიც, კვაშილავამ შექმნა ალგორითმი, რომელიც ასახავს ამ ბრუნვის დროს ნიშანთა წაკითხვისა და ინტერპრეტაციის ერთსა და იმავე ზოგად კანონზომირებას. კერძოდ, ალგორითმი განსაზღვრავს დისკოს წარწერის მბრუნავი ნიშნებისათვის მათი მარცვლების წაკითხვის რიგს: სპირალის ხაზისადმი ჰორიზონტალურად დაბეჭდილი ნიშნები იკითხება როგორც ორმარცვლიანი სიტყვა; სპირალის ხაზისადმი 900-ით დაბეჭდილი იმავე ნიშნისათვის იკითხება მხოლოდ პირველი მარცვალი, სპირალის ხაზისადმი ჰორიზონტალურად 180-ით დაბეჭდილი ნიშანი იკითხება როგორც ორმარცვლიანი სიტყვა მარცვალთა შებრუნებული რიგით, ხოლო სპირალის ხაზისადმი 270-ით დაბეჭდილი ნიშანისათვის იკითხება მხოლოდ მეორე მარცვალი. რა თქმა უნდა, უფრო მეტი დეტალი არსებობს ალგორითმის სრულყოფილი მოქმედებისათვის, მაგრამ ჩვენ მიერ მათი აქ განხილვა ზედმეტია. მოცემული ალგორითმი წარმოადგენს ფესტოსის დისკოს ტექსტის წაკითხვის გასაღებს. მეტიც, კვაშილავას ალგორითმით, იმავე სისტემითა და იმავე ენაზე იკითხება წარწერები არქალოხორის ცულზე, მალიის ქვის ბლოკზე, ფესტოსის ლარნაკზე; აგრეთვე კრეტული იეროგლიფური და A ხაზოვანი წარწერებიც. აქაც ნიშნები სხვადასხვა მიმართულებით არის ამოტვიფრული.
- 4. ხაზების მნიშვნელობა დისკოს ტექსტის ამოკითხვისათვის
ფესტოსის დისკოს ტექსტის ამოკითხვის დროს, გ.კვაშილავას მიხედვით, მნიშვნელობას იძენს და სხვა თვისებრიობა ენიჭება, აგრეთვე, დისკოს უჯრებში ვერტიკალური და დახრილი ხაზების გამოჩენას. ეს ხაზებიც, მბრუნავი ნიშნების მსგავსად, სერ არტურ ევანსმა და მის შემდეგ ყველა სხვა მკვლევარმა ახსნეს მბეჭდავის აჩქარებით და დაუდევრობით. მაგრამ, როგორც გ.კვაშილავა წერს, დისკოზე კარგად ჩანს, რომ ამ ხაზებს ძალიან ზუსტი პოზიცია უჭირავთ, მათი გამოჩენა დისკოს წარწერაზე გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება. გ.კვაშილავამ გამორიცხა ამ ხაზების შემთხვევითად გამოჩენა ნაბეჭდ ტექსტში და დაუშვა, რომ ისინი ფონეტიკურად და სემანტიკურად ღირებული ნიშნებს წარმოადგენენ. აქვე მინდა მხოლოდ დამატებით აღვნიშნო საინტერესო ფაქტი, რომელიც გ.კვაშილავას კვლევას განსაკუთრებულ თვისებას ანიჭებს: ალგორიმი, ისევე როგორც ტექსტის წაკითხვის მიმართულების დადგენა, ნიშანთა ბრუნვისა და ხაზების რელევანტურობის დაშვება და სხვა მიგნებები, თავის საფუძველში ეყრდნობა თავისთავად ცხად და ბუნებრივ კანონზომიერებებსა თუ მონაცემებს, ე.წ. ბუნებრივ ლოგიკას. ამიტომაც ჩანს ეს მიგნებები მარტივი, და ესეც სარწმუნოს ხდის გ.კვაშილავას შედეგებს.
- 5. ლინგვისტური მასალის მნიშვნელობა
გ.კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს ამოკითხვას ბრწყინვალედ ასაბუთებს ძალიან ზუსტი ლინგვისტური მასალა, რომელიც ქართველური ენების უძველესი საფეხურის რეკონსტრუქციას ეხება ([1]). ლინგვისტურ მასალას ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ფესტოსის წარწერის დათარიღებაში: დისკოს ტექსტში დასტურდება ისეთი ფონეტიკური მასალა, რომელიც მხოლოდ პროტოქართველურისათვის არის დამახასიათებელი – უფრო გვიანდელი პროცესები, რომლებიც პროტოქართველურის დაყოფის შემდეგ მოხდა, დისკოს ტექსტში არ არის ასახული. იგივე ითქმის პროტოქართველურის ხმოვანთა და თანხმოვანთა სისტემების თავისებურებაზე და სხვა.
გ. შეჯამება:
გ.კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს ტექსტის ამოკითხვა პროტო-ქართველურ ენაზე შესაძლებელი გახდა, პირველ რიგში, ყველა იმ მონაცემის გათვალისწინებით, რომელიც თვით ფესტოსის დისკოს ეხება. ეს არის: დისკოს დათარიღება, მისი თიხის მასალის თავისებურება, ბეჭდვის სახე; გათვალისწინებულია, აგრეთვე, ყველა ის ანალიზი, რომელიც გაუკეთდა ტექსტს, ის მასალა და მოსაზრებები, რომელიც მანამდე გამოითქვა დისკოს შესახებ.
ასევე გათვალისწინებულია ძველი ბერძნული და სხვა ევროპული თუ ქართული წყაროები, გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნოგრაფიული მასალა; კარტოგრაფია, მიგრაციები, მითოლოგია. შესწავლილია ის დამწერლობები და ენები, რომლებიც რაღაცნაირად მაინც უკავშირდება ფესტოსის დისკოს წარწერას. ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა ამოკითხვა მოხდა უმდიდრესი არქეოლოგიური მასალის გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა თანადროული წარწერების ნიშნებთან გრაფიკული, ფონეტიკური და სემანტიკური პარალელების დადგენის საფუძველზე. მთელი ამ მასალის სიუხვემ გააბათილა სირთულე, რაც განპირობებულია ამ სილაბურ-ლოგოგრამული ნიშნებით დღემდე მხოლოდ ერთი გაბმული ტექსტის – ფესტოსის დისკოს წარწერის არსებობით და, ამავე დროს, მანვე გახადა სარწმუნო ფესტოსის დისკოს პროტო-ქართველურ (კოლხურ) ენაზე ამოკითხვა. ამოკითხვის შემდეგ ფესტოსის დისკოს ტექსტი უნდა ვაღიაროთ ამ ქვეყნად ერთ-ერთ უძველეს რელიგიურ ტექსტად. ეს არის ჰიმნი-ლოცვა, რომელიც მიმართულია დიდ დედაღვთაება ნენანასადმი, ჰეფესტოსადმი, თარხონისადმი და ერთგვარ მიმართვას წარმოადგენს, ასევე, ნენანას (რეა-კიბელეს) მცველების – კორიბანტებისადმი. ცხადია, ყოველივე ზემოთქმული შესაძლებელი გახადა გ.კვაშილავას დიდი ხნის განუზომელმა და თავდადებულმა შრომამ და ნიჭმა. ტექსტის გაშიფრისათვის მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, რომ გ.კვაშილავა ღია აღმოჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა არსებული ინფორმაციისათვის, არ იყო შეზღუდული წინასწარი განწყობით, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენეთ, ხშირად ყველაფერში ასე ძალიან გვიშლის ხელს. ყოველივე ეს გახდა საწინდარი იმისა, რომ ფესტოსის დისკოს აღმოჩენიდან ერთი საუკუნის შემდეგ გ.კვაშილავამ ამოიკითხა XX საუკუნის ენიგმად წოდებული ფესტოსის დისკოს წარწერა.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. გამყრელიძე თ., მაჭავარიანი გ., სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. საერთო ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია. მეცნიერება, 1965.
2. ინგოროყვა პ., ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა I, მნათობი N1, თბილისი, 1939.
3. კვაშილავა გ., კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუშის – ფესტოსის დისკოსა და მისი მონათესავე დამწერლობების გაშიფრვის შესახებ. ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, 2008.
4. ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილი ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია (თეზისები). 31.10 – 01.11.2008 (ინგლისურ ენაზე).
5.. ყაუხჩიშვილი თ., ბერძნული ეპიგრაფიკა, ლოგოსი 2002.
6. ჯავახიშვილი ი., ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1949
|