topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სვეტიცხოველი - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


სვეტიცხოველი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.54 - 57.

XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია - ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის, და საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივი ცხოვრების ცენტრი. ზემოთ ჩვენ გაკვრით უკვე ვახსენეთ სვეტიცხოვლის დაარსების ამბავი, ისიც აღვნიშნეთ, რომ ვახტანგ გორგასლის დროს აქვე აშენებული მეორე ეკლესიისაგან (V ს.) გადარჩა ნაწილები, რომლებიც ჩართულია ახლანდელ შენობაში. ან XI ს-ის დასაწყისში გორგასლისეული შენობა იმდენად დაზიანებული იყო, რომ ქართლის კათალიკოსმა მელქიზედეკმა განიზრახა ახალი ტაძრის აგება. ხუროთმოძღვრად მან არსუკისძე მოიწვია. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცნობთ ამ ოსტატის, ძველი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედის, არც ერთ სხვა ნაწარმოებს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ სანამ სვეტიცხოვლის აგებას შეუდგებოდა, მან ხანგრძლივი გზა გაიარა, ბევრი სხვა შენობა ააგო და ამ დროისთვის უკვე სახელი მოიხვეჭა, როგორც გამოჩენილმა ხუროთმოძღვარმა: ასე რომ არ ყოფილიყო, კათალიკოსი მას ვერ მიანდობდა თავისი ქვეყნის უმთავრესი ტაძრის აგებას. დარჩენილი საბუთები მოწმობს, რომ მშენებლობა 1010 წელს დაუწყიათ და 1029 წელს დაუმთავრებიათ, მაგრამ არსუკისძე, როგორც ჩანს, ვეღარ მოესწრო სვეტიცხოვლის მთლიანად დასრულებას - აღმოსავლეთი ფასადის დიდი სამშენებლო წარწერა, რომელშიაც ნათქვამია, "ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზი, ამენ. აღეშენა ესე  წმინდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკისძისაითაოა". ასე მთავრდება "ღმერთმან განუსუენე სულსა მისსაო". მისი სახელი კიდევ ერთხელ არის მოხსენებული ჩრდილოეთის ფასადის წარწერაში, ძალიან მაღლა, შუა დეკორაციული თაღის ქვეშ, ხელის რელიეფური გამოსახულების გვერდით: "ხელი მონისა არსუკისძისაი. შეუნდვეთ" (ხელს გონიო უჭირავს) (ამ გამოსახულებამ წარმოშვა თქმულება იმის შესახებ, რომ სვეტიცხოვლის მშენებელს, რომელმაც ხელოვნებით თავის მასწავლებელს გადააჭარბა, მარჯვენა მოჰკვეთეს. "ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, ხელი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგიაო"). საუკუნეთა მანძილზე სვეტიცხოველს ბევრი რამ გადახდა თავს, ბევრჯერ დააზიანეს და დაანგრიეს, თითქოს საქართველოს ყველა ჭრილობა მის კედლებზედაც აღიბეჭდა. მაგრამ მას ყოველთვის კვლავ აშენებდნენ, იგი მკვდრეთით აღდგებოდა ხოლმე, როგორც ქვეყნის უკვდავების სიმბოლო. XIII ს-ის მიწურულში, თემურ-ლენგის ბარბაროსულ შემოსევათა დროს, დაინგრა გუმბათი, ჩამოცლილ იქნა პერანგის ნაწილი, შიგნით დაანგრიეს დასავლეთი მხარე, ბოძების ნაწილი, პატრონიკე. აღდგენას ხელი მოჰკიდა გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელმა მეფემ ალექსანდრე I-მა, რომელიც XV ს-ის პირველ ნახევარში ცხოვრობდა (მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველო ცალკეულ სამეფოებად დაიშალა) - მის დროს ხელმეორედ აშენდა ყველა დანგრეული ნაწილი გუმბათის ყელიანად (ამის განსახორციელებლად ალექსანდრე იძულებული გახდა დროებითი გადასახადიც კი დაეწესებინა, რადგანაც დამღუპველ შემოსევათა შემდეგ სახელმწიფო სალარო დაცარიელებული იყო); გუმბათის სფერო და სახურავი კიდევ ერთხელ აღადგინეს 1656 წელს, შიგნით ზოგი რამ შეაკეთეს და მოხატეს XVIII ს-ის დასასრულს, ხოლო XIX ს-ში ძველი მხატვრობის დიდი ნაწილი შელესილობით გადაფარეს, გარეთ კი ააფეთქეს ის სამლოცველოები და ექვტერები, რომლებიც დროთა განმავლობაში აშენდა ტაძრის გარშემო - რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ ამით "მოაწესრიგა" და "გაასუფთავა" ტაძარი. გალავანი, რომელიც გარს ერტყმის უზარმაზარ ეზოს, უმეტესად XVIII საუკუნისაა, ერეკლე II-ის დროინდელი, მაგრამ დასავლეთის მხარეს გადარჩა მელქიზედეკისავე თაოსნობით აშენებული (და ახლად რესტავრირებული) კარიბჭე და აგრეთვე ძველი სასახლის ფრაგმენტები. 1968-1971  წლებში დიდი მუშაობა ჩატარდა ტაძრის შიგნით ძველი ნაწილების გასაწმებდად და გამოსავლინებლად. სვეტიცხოვლის გეგმა წარმოადგენს აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით ძლიერ წაგრძელებულ სწორკუთხედს. ჯვრის სახე აქაც სივრცეში იქმნება ოთხი მკლავით, რომლებიც გუმბათის ოთხსავ მხარესაა გაწვდილი. აფსიდი მხოლოდ ერთია - საკურთხევლისა, სხვა მკლავები სწორკუთხაა. ღრმა საკურთხეველი, რომლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებული სადგომებია, ისევე, როგორც დასავლეთის შუა ნავი, ცოტათი უფრო ვიწროა, ვიდრე გუმბათქვეშა კვადრატი. თავდაპირველად დასავლეთის შუა ნავს ორსავ მხარეს ქვემოთ სამ-სამი ერთნაირი თაღოვანი ძალი ჰქონდა, პატრონიკეს დონეზე კი (პატრონიკე სამი მხრიდან ერტყმოდა მას) სამ-სამი ორმაგი თაღი. XV ს-ის გადაკეთებათა დროს ეს რიტმი დაირღვა, სამი თაღის ნაცვლად გააკეთეს ორი, არათანაბარი სიდიდისა, ხოლო პატრონიკე მხოლოდ დასავლეთით დატოვეს. მაგრამ ამ ცვლილებათა მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ძველი ფრესკების დიდი ნაწილის დაღუპვამ და კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისთვის აუცილებელი ორგანული ელემენტი, მაინც ეს უზარმაზარი სივრცე, ზემოთკენ მისწრაფებული მძლავრი გუმბათქვეშა ბოძები, დასავლეთის ნავი, რომელიც აღმოსავლეთისკენ ფართოვდება, 16 სარკმლიანი გუმბათის ყელი, რომელიც თავდაპირველ პროპორციებს უნდა იმეორებდეს, ამაღელვებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. სვეტიცხოვლის გარეგნობა მშვენიერი ნიმუშია ქართული ტაძრის კრისტალურად ნათელი აღნაგობისა. ყოველი შემდეგი საფეხური აქ ბუნებრივადაა ამოზრდილი წინა საფეხურისაგან და ასევე ბუნებრივადაა დასრულებული კარვისებრ გადახურული გუმბათის ყელით, რომელიც აგვირგვინებს შენობას და თითქოს განსაზღვრავს მის ფორმებს. საფასადო მორთულობის საფუძველს აქაც დეკორაციული თაღები შეადგენს.

გადიდებისათვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

აღმოსავლეთ ფასადზე კვლავ იგივე ხუთთაღიანი კომპოზიციაა ორი (არათანაბარი სიგანის) ნიშით; გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიაც მთავარია მზარდი თაღების რიტმი, დასავლეთით კი - ერთი დიდი სარკმელი, რომლის მდიდრულ მორთულობასაც კედლის თითქმის მთელი არე უჭირავს. ამ საერთო თაღოვან რიტმშია ჩართული დასავლეთის ნავის გრძივი (სამხრეთი და ჩრდილოეთი) კედლების სამ-სამი თაღიც, მაგრამ ეს დეკორაციული თაღები კი არ არის, არამედ კონსტრუქციული. იმ მიზნით. რომ კედელი გათავისუფლდეს ზედმეტი მასისაგან, გაკეთებულია ღრმა თაღოვანი ნიშები, რომლებიც მთელ ნაგებობას განსაკუთრებულ პლასტიკურობას ანიჭებს. ოსტატი არ ერიდება პოლიქრომიის ეფექტებსაც - კედელში აქა-იქ ჩართულია სხვადასხვა ფერის ქვები. ძირითადი ქვიშისფერი ყოფილა, საკურთხევლის სარკმლის მოჩუქურთმებული საპირე კი კაშკაშა წითელი ფერის ქვითაა აწყობილი, წითელი "ლაქები" მეორდება სხვაგანაც. შეკეთებათა შედეგად (XV ს-ში შეკეთებული ნაწილების პერანგი მწვანე ქვისაა) ქვაზე ნაკვეთი მორთულობის მთლიანობა დარღვეულია. გვიანდელი ჩუქურთმები, კერძოდ, გუმბათის ყელის სარკმლებისა, ხარისხით დიდად ჩამოუვარდება თავდაპირველთ, მშრალი და დაქუცმაცებულია. რა თქმა უნდა, XI ს-ის მორთულობა გუმბათის ყელზე უფრო მძლავრი იყო, უფრო მკაფიოდ ჩანდა და მართლაც აგვირგვინებდა შენობის მთელ მდიდრულ მორთულობას, თუმცა, საერთო შთაბეჭდილება ამ გადაკეთებათა გამო მაინცადამაინც არ ფუჭდება, რაკი აღდგენილი გუმბათი კარგად ეგუება შენობის სხეულს, ხოლო მორთულობის სხვადასხვაგვარობა შესამჩნევი ხდება მხოლოდ საგანგებო დაკვირვების შემდეგ. მორთულობის ყველაზე საინტერესო ნაწილი დასავლეთის ფასადზეა, ხსენებული სარკმლის გარშემო: ჩუქურთმის სახეები რთული და ძლიერ პლასტიკურია; განსაკუთრებით ამშვენებს ფასადს ვაზის გამოსახულება ორი დიდი სტილიზებული მცენარის სახით კედლის ერთსა და მეორე კიდეში (შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჩუქურთმების უმდიდრეს რეპერტუარში ვაზი ერთადერთი მცენარეა, რომელიც, სტილიზაციის მიუხედავად, ინარჩუნებს თავის ინდივიდუალობას - ყოველთვის შეიძლება მისი ცნობა, თუნდაც მტევნების მიხედვით. ყველა სხვა მცენარეული მოტივი, სულ მცირე გამონაკლისით, იმდენად აბსტრაგირებულია, რომ მნახველი არც იფიქრებს რეალური პროტოტიპის ძიებას. ვაზს რომ ასეთი უპირატესობა ენიჭება, ცხადია, ვერ გაგვაკვირვებს, თუ გავიხსენებთ, რა ადგილი უჭირავს იმთავითვე ვაზს, ვენახს, მევენახეობას საქართველოში). მორთულობის ზოგ დეტალში შეიძლება აღმოვაჩინოთ მოტივები, უკვე ცნობილი სამხრეთ საქართველოს X საუკუნის ძეგლებიდან. ეს დამახასიათებელია სახელმწიფოს გაერთიანების ხანისათვის, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა ხელოვნების მონაპოვარი საერთო ეროვნულ კუთვნილებად იქცევა.

სვეტიცხოველი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.137-141.

მცხეთის საპატრიარქო ტაძარი, რომლის სახელწოდებაც იმ ძველ, სანახევროდ ისტორიულსა და სანახევროდ ლეგენდურ გადმოცემებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ქართლის მოქცევისა და მცხეთის პირველი ქრისტიანული ეკლესიის აგების ამბავს მოგვითხრობს. წინაისტორია ასეთია მცხეთელი ებრაელი ელიოზი დაესწრო ქრისტეს ჯვარცმას იერუსალიმში (გოლგოთაზე) და რომაელ ჯარისკაცთაგან შეძენილი ქრისტეს პერანგით ("უფლის კვართით) დაბრუნდა მცხეთას. ქალაქის კარიბჭესთან მას ელოდებოდა და, სახელად სიდონია, რომელიც უკვე ქრისტეს მიმდევარი იყო. მან გამოსტაცა ელიოზს კვართი და მეტისმეტი მღელვარებისაგან მაშინვე განუტევა სული. ელიოზმა დაკრძალა თავისი და, რომელსაც "ხელთა აქუნდა სამოსელი იგი". მის საფლავზე, თუ მის მახლობლად, ამოვიდა ლიბანის ნაძვი. ქართლის მოქცევის ამბავი ამ წინაისტორიას იმ დროს უკავშირდება, როცა უკვე გაქრისტიანებულმა მირიან მეფემ წმ.ნინოს სთხოვა მიეთითებინა ადგილი პირველი ეკლესიის ასაშენებლად. ნინომ სიდონიას საფლავი მიუთითა, მაშინ "მოჰკუეთეს ნაძვ იგი და შემზადეს სუეტად და ძირთა მისთა ზედა დადვეს საფუძველი ეკლესიისა". ეს სვეტი სასწაულთმოქმედი გამოდგა, ჯერ იყო და ხუროებმა მას ძვრა ვერ უყვეს და "უქმ იქმნა ყოველი სიბრძნეი და ღონისძიებაი კაცთაი". მერე, როცა წმ.ნინომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, სვეტი თვითონვე "ცეცხლის სახედ" ჩამოვიდა და დაემყარა თავის "ხარისხს“ (ბაზისს). მას მირონი სდიოდა, მირონი კურნავდა სნეულთ, სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი იყო, ეს იყო "სვეტი ცხოველი". უძველესი დღემდის მოღწეულ ქართულ წყაროთაგან, რომლებშიაც ეს გადმოცემები შენახულა - "ქართლის მოქცევის" მატიანე და "წმ.ნინოს ცხოვრებაა", ხოლო საკუთრივ სვეტის სასწაულის ამბებს უფრო ადრეც ვხვდებით ბერძენ და რომაელ ავტორებთან (გელასი კესარიელი, გელასი კვიზიკელი, სოკრატი, თეოდორიტე კვერელი, ერმიას სოზომენე, რუფინოზი).

ქართველ მწერლებსაც ბევრჯერ აქვთ განმეორებული ეს გადმოცემები (ლეონტი მროველს, ეფრემ მცირეს, არსენი ბერს, ნიკოლოზ გულაბერისძეს). XII ს-ში ლეგენდა უკვე სავსებით ჩამოყალიბებულია.წმ.ნინოს დროინდელ ეკლესიას დღემდე არ მოუღწევია, მაგრამ 1970-1971 წლების სარემონტო - სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქ. ვახტ.ცინცაძე იყო) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლების კვალი. ასევე, მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააგო, წმ.ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V ს-ის მეორე ნახევარში. ეს იყო დიდი, შვერილაფსიდიანი ნაგებობა ბოძების რამდენიმე წყვილით.თავისი სიდიდით იგი მაინცადამაინც არც კი ჩამოუვარდებოდა დღევანდელ სვეტიცხოველს, ამ უკანასკნელის განხილვა იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში. მისი მშენებლობის ამბებისა, ავტორისა და თარიღის შესახერ მთავარი წყაროებია თვით ტაძრის ორი წარწერა - აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებისა, და განსაკუთრებით ქართლის კათალიკოსის მელქიზსედექის "ანდერძი", რომელშიაც აღნუსხულია მისი ღვაწლი ტაძრის აგებისა და შემკობისათვის. ძეგლის შემდგომი თავგადასავალი დადასტურებულია წერილობითი საბუთებით. სამწუხაროდ, აღარ გადარჩა ძველი კედლის მხატვრობა (შესაძლებელია საკურთხევლის უზარმაზარი ქრისტე და მთავარანგელოზები თავდაპირველი მხატვრობის ნაწილებია, მაგრამ XIX ს-ში ეს მხატვრობაც ერთიანად განახლებულ იქნა. რაც ახლა არის - XVI, XVII და, შესაძლებელია, XVIII ს-ისაც იყოს. უფრო საინტერესოა საკუთრივ "სვეტიცხოველზე" მოთავსებული მხატვრობა XVII ს-ის მიწურლისა, რომელშიაც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული ("სვეტიცხოველი“ კოშკისებრი ნაგებობაა გუმბათქვეშა კვადრატის დასავლეთით, დიდი თაღის ქვეშ. ეს სასწაულთმოქმედი სვეტის, ე.ი. ტაძრის მთავარი წმიდა რელიკვიის, საცავი იყო. ახლანდელი სვეტი შედარებით გვიანდელია).

წარწერის თანახმად მოხატვის ხელმძღვანელი ყოფილა, მოქალაქე გულჯავარასშვილი გრიგოლ", ხოლო მოთავე - ნიკოლოზ კათალიკოსი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ტაძრის მორთვა - აღჭურვისათვის. ტაძრის გარედან დათვალიერების დროსაც უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი რამ აქაც შეცვლილია. გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რაც მწვანე ქვით არის მოპირკეთებული) XV ს-ის პირველ ნახევარს მიეკუთვნება (ალექსანდრე მეფის რესტავრაცია), ზოგი რელიეფური გამოსახულება (მაგ.აღმოსავლეთი ფასადის ანგელოზები, ლომი და არწივი, სამხრეთის ფასადის ზოგი რელიეფი და სხვ.) გადაადგილებულია. არის XVII ს-ის ჩანართებიც (ზოგი ტლანქი რელიეფური გამოსახულება და წარწერა აღმოსავლეთ ფასადისა და სხვ.). საბედნიეროდ, ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები. სვეტიცხოვლის გალავანი, ძირითადად, XVIII ს-ეს, ერეკლე მეორის ხანას მიეკუთვნება. მაგრამ არის დარჩენილი ძველი ნასახლარის ნაშთი ეზოს სამხრეთ - დასავლეთით, ძველია თვით გალავნის ნაწილი ამ მხარეს. ტაძრის თანამედროვეა იმავე მელქიზსედექ კათალიკოსის მიერ აგებული მშვენიერი კარიბჭე, მაშინდელი ქართული საერო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. მისი რესტავრაცია 1964-1965 წლებში ჩატარდა (არქ. კ.ცინცაძე).