topmenu

 

ბაგრატის ტაძარი - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.52-53;

ჩვენ მივადექით XI ს-ის მიჯნას. XI საუკუნე ჩვენი ძველი ხუროთმოძღვრების დიდი საუკუნეა, როდესაც ახალი სტილის ნიშნები სრულსა და ყოველმხრივ ხორცშესხმას ჰპოვებს, როდესაც გაერთიანებული საქართველოს ყველა კუთხეში მშენებლობა არაჩვეულებრივი ინტენსიობით იშლება. არა მარტო დიდი საეპისკოპოსო ტაძრები, არამედ პატარა სასოფლო სამლოცველოებიც მოწმობს, რომ სახუროთმოძღვრო ხელოვნებამ კვლავ მიაღწია სრული სიმწიფის საფეხურს. დროის მიხედვით პირველი ღირსშესანიშნავი ძეგლი, რომელიც XI ს-ის მიჯნაზე შეიქმნა, ქუთაისის ე.წ. ბაგრატის ტაძარია. თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით მას განბსკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების მთელ ქართულ ხელოვნებაში. ტაძარი მდებარეობს მთაზე, რიონის მარცხენა ნაპირას, და თავს დაჰყურებს ძველ ქალაქს. მისკენ მივყავართ ძალიან გრძელ დაკლაკნილ კიბეს, რომელიც ამწვანებულ ბაღებს და ეზოებს შუა მიემართება. ახლა, მას შემდეგ, რაც იგი 1691 წელს საქართველოში შემოჭრილმა თურქებმა ააფეთქეს - ტაძარი დანგრეულია, მას აღარც გუმბათი აქვს, აღარც კამარები, აღარც გუმბათქვეშა ბოძები დგას. შენობის შიგნით ყრია მდიდრულად მოჩუქურთმებული უზარმაზარი სვეტისთავები, ბოძებისა და კამარების ფრაგმენტები. დიდად რომანტიკული ნანგრევია. "ოდეს განიმტკიცნა იატაკი, ქრონიკონი იყო 223", გვაუწყებს წარწერა ჩრდილოეთის დიდ სარკმელთან. თუ ამ თარიღს ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადმოვიტანთ, 1003 წელი გამოდის (თარიღი აღნიშნულია არაბული ციფრებით - ეს საქართველოში შემონახული უძველესი არაბული ციფრებია). მემატიანე მოგვითხრობს, რომ ტაძრის კურთხევა დიდი ზეიმით მოეწყო - მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა წარმომადგენლები: ქვეყანა მაშინ თითქმის მთლიანად გაერთიანებული იყო ბაგრატ III - ის ხელში. ამ ზეიმით ბაგრატმა თითქოს საგანგებოდ გამოაჩინა, რომ საქართველოს მაშინდელ დედაქალაქში ახლად აგებულ საეპისკოპოსო ტაძარს ზოგადეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. რუსი ელჩები, რომელთაც ბაგრატის ტაძარი დანგრევამდე ნახეს, მოწმობენ რომ შიგნით იგი მოზაიკით იყო მორთული. გეგმის მხრივ ბაგრატის ტაძარი უშუალოდ ემხრობა ოშკის ტაძარს. ეს უბრალო განმეორება კი არ არის, არამედ ოშკის ტაძარში ჩანერგილი იდეის განვითარება. ხუროთმოძღვარმა, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, ცნობილი არ არის, აგრეთვე შექმნა ტრიკონქი ჯვრის შვერილი მკლავებით, მაგრამ, იმავე დროს, მან გაზარდა და თითქოს განაზოგადა შიგა სივრცე: მოსპო სადგომები სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ერთსა და მეორე მხარეს - აქეთ დარჩა მხოლოდ აფსიდები; დიდად გააფართოვა დასავლეთის მკლავი, გაჰყო იგი სამ ნავად და მოაწყო ამ მხარეს პატრონიკე მეფის ოჯახისათვის (პატრონიკეები ქართულ ხუროთმოძღვრებაში უკვე წრომის დროიდანაა ცნობილი). გუმბათი ემყარებოდა ოთხ მძლავრ ბოძს, რომლებიც დაშორებულია გარე კედლებს - ამიტომ მათ გარშემო დიდი თავისუფალი სივრცე იყო. დასავლეთის ფასადს, მარცხენა მხარეს, ებჯინება სამსართულიანი კოშკი - ალბათ, ესეც მეფის ოჯახისათვის; უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით, სამხრეთ - დასავლეთ კუთხეს თავდაპირველად მისდევდა მთლიანი ღია თაღებიანი გალერეები. ცოტა მოგვიანოდ XI ს-ის პირველსავე ნახევარში, დასავლეთისა და სამხრეთის შესასვლელების წინ შენდა მდიდრულად მოჩუქურთმებული საზეიმო კარიბჭეები. დღემდე მხოლოდ სამხრეთისა გადარჩა, დასავლეთისა კი დანგრეულია. შენობის გარეგნული იერი მონუმენტური და დიდებულია და, იმავე დროს, მრავალფეროვანი და დინამიკური: შვერილი მკლავები, დასავლეთის კოშკიანა ფასადის ასიმეტრიულობა, კარიბჭეები, დეკორაციული თაღები (აღმოსავლეთ ფასადზე ჩვენთვის უკვე ცნობილი კომპოზიციაა ხუთი თაღისა და ორი ნიშისა), ჩუქურთმიანი სამკაული ქმნის ტაძრის ცხოველხატულ სახეს. შენობა აოცებს და ხიბლავს მნახველს პროპორციების დახვეწილობით, პროფილების, სამკაულთა, თაღების შესრულების თავისუფლებითა და არტისტიზმით, კონსტრუქციების სიმსუბუქით - ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა განსაცვიფრებელი სინატიფის ორმაგი სარკმლები აფსიდებისა. ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმები საშულებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ ევოლუციას, რომელიც მცირე ხნის მანძილზე, ნახევარ საუკუნეზე ნაკლები ხნის განმავლობაში, განიცადა ხუროთმოძღვრულმა ორნამენტმა: საკუთრივ ტაძრის სამკაულები, რომლებიც X-XI საუკუნეთა მიჯნაზეა შესრულებული, მსუბუქია, მცირე სიღრმისა, სტილის მხრივ კუმურდოს ჩუქურთმებს ენათესავება; კარიბჭეთა სამკაულები კი, რომლებიც მასიურ ბაზისებსა და სვეტისთავებს ფარავს ღრმაა, "ხორციანი", ცხოველხატული: აქ მცენარეული და გეომეტრიული სახეებიც არის და ცხოველთა გამოსახულებებიც, მაგალითად, გვხვდება შუა საუკუნეთა მანძილზე დიდად პოპულარული მოტივი არწივისა, რომელსაც კლანჭები მსხვერპლისათვის ჩაუსვია, ან რაღაც ფანტასტიკური არსება ცხოველის ტანითა და ფრინველის ან ადამიანის თავით და სხვ.. XI საუკუნისათვის ძალიან დამახასიათებელია ბაგრატის ტაძრის სარკმელთა მორთულობა: თაღოვანი მოჩუქურთმებული საპირე, ასევე თაღოვანი და მოჩუქურთმებული (მაგრამ აუცილებლად სხვა, უფრო მსხვილი სახეებით) სათაური ჰორიზონტალურად გადაკეცილი კიდეებით ერთსა და მეორე მხარეს. ამჟამად (უკვე მრავალი წელია) წარმოებს მუშაობა ძეგლის სარესტავრაციოდ.

ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. გვ.133.

(X – XI სს მიჯნა)

სახელწოდება დაკავშირებულია ტაძრის მაშენებელ მეფე ბაგრატ მესამესთან. ბაგრატი პირველი მეფე იყო გაერთიანებული (თუმცა ჯერ კიდევ არა მთლიანად - კახეთისა და თბილისის საამიროს ტერიტორიის გამოკლებით) საქართველოსი. "მატიანე ქართლისა. საგანგებოდ აღნიშნაეს მის სამშენებლო მოღვაწეობას ("ამანვე დიდმა მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა"), ხოლო ქუთაისის ტაძრის შესახებ ნათქვამი აქვს "ამანვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთაგანი. იატაკის დაგების თარიღი - 1003 წელი, რომელსაც ჩრდილოეთის სარკმლის წარწერა გვაუწყებს - გულისხმობს, რომ მშენებლობა X ს-ის ბოლოს მაინც უკვე უნდა ყოფილიყო დაწყებული. XVII ს-ის 90-იან წლებამდე ტაძარი უვნებლად იდგა. შიგნით მისი კედლები მოზაიკით იყო შემკული. 1691 წელს იგი ააფეთქეს შემოსეულმა თურქებმა. შენობა ზიანდებოდა XIX ს-ის მანძილზედაც - მის ქვებს ეზიდებოდნენ საშენ მასალად. XIX ს-ის ოცდაათიანი წლების ჩანახატებისა და სურათის მიხედვით (მხატვარი ჩარნეცოვი), დასავლეთის კარიბჭე ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, შემდეგ კი ისიც ნანგრევებად იქცა. ტაძრის განხილვა იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში. 1950-იანი წლების დასაწყისიდან წარმოებს ძეგლის რესტავრაცია (ვახტ.ცინცაძის პროექტითა და ხელმძღვანელობით). შენობის გარეთა ზომები მთავარ ღერძებზე, კარიბჭეების გარეშე: სიგრძე - 43 მ., სიგანე - 35 მ.