topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ოშკი - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ოშკი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.50-51.

კიდევ უფრო მეტად უახლოვდბა ახალი დროის ნორმებს ოშკის მონუმენტური საეპისკოპოსო ტაძარი (სამხრეთ საქართველო, ტაო). იგი მთიან ადგილას მდებარეობს, ვიწრო ხეობაში თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე. შენობა აგებულია საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიაც სამარხებია მოწყობილი. ძეგლის აგების შესახებ მოგვითხრობს სამხრეთის კედლის ძალიან გრძელი წარწერა, რომელიც ბევრ უაღრესად საინტერესო ისტორიულსა და საყოფაცხოვრებო ცნობას შეიცავს. მისი წყალობით ვიცით, რომ დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები - ბაგრატ ერისთავთ ერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით კურაპალატი, სახელგანთქმული პოლიტიკური მოღვაწე, ოთხთა ეკლესიისა და პარხლის მაშენებელი); რომ მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლი, რომელიც რელიეფურადაა გამოსახული სამხრეთის გალერიის ერთ-ერთ ბოძზე. წარწერაში არის ცნობები გაწეული ხარჯისა და საშენი მასალის შესახებაც. ტაძრის დაწყების თარიღია X საუკუნის 50-60 იანი წლები. ოშკის გეგმა ჯვარისებრი მოხაზულობისაა; ეს არის ტრიკოხქი, ე.ი. ჯვრის სამი მკლავი - აღმოსავლეთისა, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა - ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე კი - დასავლეთისა - წაგრძელებული და ერთნავიანი, უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორ სართულად მოთავსებულია დამხმარე სადგომები. ჯვარისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება. გარედან მკლავები სწორკუთხაა. დასავლეთის მკლავის სამხრეთი კედლის გასწვრივ გაყოლებულია ღია გალერეა. მისი ბოძები (მდიდრულად მორთული ჩუქურთმებითა და რელიეფებით) ორ მწკრივადაა განლაგებული, ხოლო კარნიზი ტეხილ ხაზს შეადგენს და ყოველი მალის თავზე ცალ ფრონტონს ქმნის - ესაა ყველაზე მეტად დამახასიაიებელი (ე.ი. აქაც, ისევე, როგორც ოპიზის ტაძრის გუმბათის ყელზე, სავსებით დეკორაციული მოტივია გამოყენებული). შენობის გარეგნობა არაჩვეულებრივად იმპოზანტურია. ტაძარი თავისი სიდიდითაც ბევრად სჭარბობს წინა დროის ძეგლებს და პროპორციების მხრივ ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია. კედლების სიმაღლე - შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით - გაიზარდა, გუმბათის ყელი დიდად ამაღლდა, წინანდელ გუმბათისყელთა გეომეტრიულად მკაფიო რვაწახნაგამ ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც გრეხილი ლილვებითა და დეკორაციული თაღებით 24 არედ იყოფა სარკმელთა რაოდენობამაც იმატა: თუ წინათ ოთხი იყო, ახლა თორმეტია. ტაძრის ფასადებიც დეკორაციული თაღებითა და პილასტრებითაა შემკული; სარკმლები, კარნიზები, ბოძების კაპიტელები ორნამენტული მოტივებითა და ფიგურებიანი რელიეფითაა დამუშავებული. რელიეფების სიმდიდრით ოშკს ერთი უპირველესი ადგილთაგანი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის. ერთი მხრივ აქ საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახულება; სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში ხუთფიგურიანი კომპოზიციაა - ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე (ე.ი. „ვედრება“) და ტაძრის ორი დამფუძნებელი; კიდევ ერთი „ვედრება“ ოსტატის გრიგოლის ხსენებული გამოსახულებით, მოთავსებულია გალერეის ბოძზე. არის სხვადასხვა წმინდანთა ფიგურებიც; მეორე მხრივ, ბევრია ცხოველთა გამოსახულებაც (ხარები, ირმები, ფრინველები) ზოგი თითქოს ჩაწნულია ორნამენტში, სხვები ცალკეულ სცენებს შეადგენს (ცხოველები, რომლებიც ერთმანეთს სდევნიან. არწივი, რომელიც კლანჭებს უჭერს თავის მსხვერპლს, ცხოველთა ბრძოლა, ირემზე ნადირობა და სხვ.). ამ მოტივთა უმეტესობა წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნაკურთხი და "ლეგალიზებული“. ბევრი მათგანის თავდაპირველი მნიშვნელობა, შესაძლებელია, ოსტატს აღარც კი ესმოდა, მაგრამ უეჭველია, რომ ამ გამოსახულებებს რაღაც დამცველი და მფარველი ძალა მიეწერებოდა; იმავე დროს, სავსებით გამოყენებულია რელიეფთა დეკორაციული თვისებები. უმეტესობა განლაგებულია გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმლების გარშემო; მათი განაწილება არქიტექტურულ ელემენტებთან - სარკმლებთან, სარკმელთა საპირეებთან - ურთიერთობა ყოველთვის მთლიანად გააზრებულია. ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია სამგზის განმეორებული კომპოზიცია ხუთი დეკორაციული თაღისა - აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე, უფრო ზუსტად, ჯვრის შვერილ მკლავებზე ამ სამ მხარეს. ამ თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში, რომელთაც პირველად ჯვარისა და წრომის ეპოქაში შევხვდით. ეს სისტემა ხუთი თაღისა და ორი ნიშისა გადაიქცევა XI-XII საუკუნეთა მრავალგუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთა ტიპიურ კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთის ფასადი. აქ ფასადის შვერილი ნაწილის დეკორაციული თაღებისა და სახურავთა დაქანებული კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრეთი გალერეის კარნიზის კიდევ უფრო ცოცხალი რიტმით. შენობის მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ტაძრის შიგნითაც დიდებულებისა და ჰარმონიის შთაბეჭდილებაა. ქვაზე ნაკვეთ მორთულობას აქაც დიდი ადგილი უჭირავს - ეს დამახასიათებელია X საუკუნისათვის: ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად პროფილირებული, ბაზისები და სვეტისთავები, სამხრეთი გალერეის ვარსკვლავისებრი კამარები. მორთულობის შესრულების დონე ფრიად მაღალია. მთავარ ტაძარს სამონასტრო შენობები ერტყა გარს.


ოშკის სატრაპეზო //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.64.

ამ  ხანის (XI-XIII სს-ის) საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები გაფანტულია მთელ საქართველოში. დიდად საინტერესოა სხვადასხვა დანიშნულების შენობები საქართველოს მონასტრებში - სამწუხაროდ, ეს შენობები საკმარისად შესწავლილი არ არის. ოშკის მონასტერში დარჩენილია მოზრდილი ნაგებობის ნაშთები, ფიქრობენ, რომ ეს სემინარია - სატრაპეზო იყო. სწორკუთხა დარბაზი ბოძებით სამ ნავადაა გაყოფილი ბაზილიკის მსგავსად. მის გვერდით სფერული გუმბათით გადახურული კვადრატული ოთახია. გუმბათი ეყრდნობა ტრომპებს, რომლებიც ამ დროს იშვიათად გვხვდება და ისიც არა საეკლესიო შენობებში. განათება ზემოდანაა, გუმბათის შუაში გაკეთებული სარკმლიდან. მიჩნეულია, რომ აქ მოთავსებული იყო ბიბლიოთეკა - სკრიპტორიუმი, ე.ი. სახელოსნო. სადაც წიგნების გადაწერა წარმოებდა.

ოშკი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. -გვ.131-132.

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლთაგანი, ისტორიულ ტაოში, თორთუმის ტბის მახლობლად, ახლა თურქეთის ფარგლებშია. ეს მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო. მთავარი ტაძრის გარდა, დარჩენილია სემინარია - სატრაპეზო და მცირე ეკლესიები. ოშკშია შესრულებული ბევრი შესანიშნავი ქართული ხელნაწერი წიგნი, მაგ.978 წელს გადაწერილი დაბადება (ბიბლია); X ს - ის მეორე ნახევარში ოშკიდან და ტაო -კლარჯეთის ზოგი სხვა მონასტრიდან ქართველი ბერები ათონის მონასტერში გადასახლდნენ და იქ განაგრძობდნენ კულტურულ საქმიანობას. ოშკის ტაძრის შესახებ XIX ს - ში პირველად სომეხმა სასულიერო პირმა ნერსეს სარგისიანმა მოაგროვა ცნობები და გადმოიღო წარწერები, რომლებიც აკად. მარი ბროსემ გამოსცა კომენტარებითურთ. უფრო საფუძვლიანად კი ოშკი შეისწავლა ექვთ. თაყაიშვილის ექსპედიციამ 1917 წელს (აზომვას ხელმძღვანელობდა არქ. კალგინი). ტაძრის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში საღებავით შესრულებულ წარწერაში, მაღალფარდოვანი შესავალის შემდეგ, ნათქვამია:"...იწყეს ღმრთივ გუირგუინოსანთა მეფეთა ჩუენთა შენებად ამის წმიდისა საყდრისა...ამათ დიდებულთა მეფეთა ჩუენთა უშურველ ყნენ საფასენი წარმავალნი წარუვლისა მისთუის, რაითა იგი ყოველნი წმიდანი შემწედ მოიგნენ, და ღმერთმან შეეწიენ ორთავე ცხორებათა ძეთა ღმრთივ კურთხეულისა ადარნასე კუროპალატისათა, ბაგრატ ერისთავთა ერისთავსა, დავით მაგისტროსსა...და მე, გრიგოლ, ღირს მყო ღმერთმან მსახურებასა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი.... საინტერესო ცნობებია თვით მშენებლობისათვის გაწეული შრომისა და ხარჯის შესახებ: "ესე იყო გალატოზთა და მოქმედთა მიზდი და აზავერთა მექუიშეთაი, რომელ წელიწადსა წაეგების, დრამაა კ (20) ათასი, ღუინოა ფისოსი ჭ (5000), რკინაი ლიტრაი ნ (50). ხუარბალი გრივი სმი (250) გალატოზი და ხუროი და მჭედელი, რომელ მარადის შურებოდა იი (70), ხარი, რომელ ქვასა კრებდა ლ (30), ჯორი და სხუაა აზავერი, რომელ გრიგოლწმიდით სპონდიკსა კრებდა ლ (30), სხუაი აზავერი, რომელ... კრებდა ი (60)... და ყოველი ერი და მოქმედი პ (80)... ცნობათა სიუხვით ეს უნიკალური სამშენებლო წარწერაა საქართველოში (დრამა=აბაზს, 20 000 დრამა = 4000 ვერცხლის მანეთს. გრივი, ფისოსი, ლიტრა - წონისა და სითხის საწყაოებია. აქ მოხსენიებული ადარნასე კუროპალატი - ადარნასე მესამეა, იგი 961 წ. გარდაიცვალა, დავით მაგისტროსი, იგივე დავით III კუროპალატია, 1001 წ. გარდაცვლილი). ტაძრის გარეთა ზომებია (მთავარ ღერძებზე). სიგრძე - 44 მეტრამდე, სიგანე დაახლ. 30 მ., სიმაღლე შიგნით გუმბათის წვერამდე - 33 მ-დე

1. ე.თაყაიშვილი. 1917 წლის ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. თბ., 1960 წ., გვ. 32-58