topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბიჭვინთა - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


ბიჭვინთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.44

ბიჭვინტის ტაძარი, კიდევ ერთი ნიმუში X ს-ისა, შავი ზღვის სანაპიროზე. XIV - XVIII საუკუნეებში ეს დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა ტახტი იყო. ესეც ჯვაროვან - გუმბათოვანი ნაგებობაა, მაგრამ აქვს ნართექსი (დასავლეთით) და სამი შვერილი აფსიდი (აღმოსავლეთით): ერთიც და მეორეც საგანგებოდ უნდა აღინიშნოს: ნართექსი საქართველოში საერთოდ ძალიან იშვიათია, შვერილი აფსიდები კი ახასიათებს ადრინდელ ეკლესიებს, უფრო გვიან - დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროს ძეგლებს (თუმცა აქა - იქ აღმოსავლეთ საქართველოშიაც გვხვდება). ტაძრის დასავლეთის მკლავი სამმხრივი პატრონიკეთია აღჭურვილი. გუმბათი ემყარება საკურთხევლის კედლების შვერილებსა და ორ ბოძს - ეს თემა უფრო გვიან საქართველოში მტკიცედ მოიკიდებს ფეხს. კედლები აგურისა და ქვის რიგების მონაცვლეობითაა ნაწყობი. ბიჭვინტის ტაძარი და აგრეთვე აფხაზეთის მიწაზე მდებარე რამდენიმე ძეგლი ორგანულადაა ჩართული ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში, მაგრამ მათი გარეგნობა, საქართველოს სხვა ნაწილების ძეგლთაგან განსხვავებით, ამჟღავნებს გარკვეულ მსგავსებას ბიზანტიურ შენობებთან.

ბიჭვინთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.128

ტაძარი მდებარეობს ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე, შავი ზღვის ნაპირას, ბიჭვინთის ყურეში (გაგრის რაიონში). ბიჭვინთას, როგორც ქალაქსა და სარწმუნოებრივ ცენტრს, ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ძველი ბერძნები მას პიტიუნტს უწოდებდნენ. პირველი ცნობები ქალაქის შესახებ მოეპოვება რომაელ ავტორს პლინიუსს (ჩვ. წელთაღრ. I ს.), შემდგომში იგი ხშირად იხსენიება წერილობით წყაროებსა და საბუთებში XVI - XVIII საუკუნეებში, საქართველოს დანაწევრების შემდეგ, აქ იჯდა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი. აქ არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი. ტაძრის სამხრეთ - დასავლეთით აღმოჩნდა ძველი ქალაქის შენობათა - აბანოს, სახლების, ტაძრების - ნაშთები. ერთ-ერთი ეკლესიის იატაკი მოფენილი იყო დიდად საინტერესო მოზაიკით, რომელიც ადრექრისტიანულ სიმბოლურ - ალეგორიულ გამოსახულებებსა და ორნამენტულ მოტივებს შეიცავდა (IV – V სს.). საკუთრივ ტაძრის განხილვა იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში. იგი ქვითა და აგურითაა ნაშენი - ამ ორი მასალის რიგები ენაცვლება ერთმანეთს. XIX ს-ის რემონტმა სახე უცვალა შენობას, მხატვრობა ერთიანად დაფარეს შელესილობით. მხოლოდ ნართექსში გადარჩა XVI ს -ის ფრესკები. შენობის ზომები გარედან. სიგრძე - 42,35 მ., სიგანე - 22 მ., სიმაღლე გარედან - დაახლ. 31 მ.