topmenu

 

ოპიზა - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ოპიზა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.44;

გარდამავალი ხანის საეკლესიო არქიტექტურის რეპერტუარი მხოლოდ ზემოგანხილული ტიპებითა და ნიმუშებით არ ამოიწურება. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ ეპოქას სწორედ თემათა, ფორმათა და გეგმათა დიდი მრავალგვარობა და სიჭრელე ახასიათებს. აქ ყველაფრის განხილვა შეუძლებელია, მაგრამ ორიოდე მაგალითი უკეთ დაგვანახებს ძიებათა მრავალფეროვნებასა და სიჭრელეს: ოპიზის სახელგანთქმული მონასტრის მთავარი ეკლესია სამხრეთ საქართველოშია, კლარჯეთში. ეს ერთი უძველესი სამონასტრო ცენტრთაგანია, რომელიც ერთი პირველთაგანი აღდგა არაბების შემოსევის შემდეგ - ჯერ კიდევ VIII ს-ში). შენობა ჯვაროვან - გუმბათიანია, ყელიანი გუმბათით, რომელიც კედლის შვერილებს (და არა ბოძებს) ეყრდნობა, და ძალიან გრძელი ერთნავიანი დასავლეთი მკლავით. ერთბაშად იპყრობს ყურადღებას უჩვეულო გუმბათის ყელი, აღდგენილი X ს-ის პირველ ნახევარში: მას თორმეტი წახნაგი აქვს და ყოველი მათგანი საკუთარი ფრონტონითაა აღჭურვილი, რის გამოც კარნიზი ჰორიზონტალურის ნაცვლად ტეხილი გამოდის, ხოლო სახურავი სანახევროდ გაშლილ ქოლგას ემსგავსება. საქართველოში რამდენიმე მსგავსი მაგალითი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს მაგალითები დეკორაციულობისადმი ინტერესის გაძლიერებას მოწმობს: ამ ტეხილ ფორმას ხომ არც ფუნქციური გამართლება ჰქონდა და არც კონსტრუქციული, პირიქით, მხოლოდ ართულებდა საქმეს. ოპიზის გუმბათის ყელზედაც დეკორაციული თაღედია, რომელიც X ს-ში უკვე სავალდებულო გახდა. ოპიზაში ბევრი სამონასტრო შენობა იდგა, ერთი მათგანი დიდი სამნავიანი დარბაზი - ალბათ სატრაპეზო იყო.


ოპიზა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.124-127

ოპიზის ცნობილი მონასტერი (კლარჯეთში) ახლა თურქეთის ფარგლებშია. ისევე, როგორც ხანძთა, შატბერდი, ხახული, იშხანი, ოშკი, ესეც მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო სამხრეთ საქართველოში, ერთი იმ კერათაგანი. სადაც ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრება იყო გაჩაღებული. ოპიზიდან იყვნენ XII ს-ის ცნობილი ოქრომქანდაკებელნი ბეშქენ და ბექა ოპიზარნი. ეს ერთი უძველეს მონასტერთაგანია, აღდგენილი ჯერ კიდევ VIII ს-ში, თვით მთავარი ეკლესია არაჩვეულებრივად დაგრძელებულია აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით. გუმბათი კედლებს ეყრდნობა, საკურთხევლის ორ მხარეს უაფსიდო სადიაკვნე და სამკვეთლოა, დასავლეთის მკლავი მთლიან დაუნაწევრებელ გრძელ დარბაზს წარმოადგენს. შიგნით კედლები და გუმბათი თლილი ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. გუმბათი პანდანტივებს ეყრდნობა, მაგრამ პანდანტივების ფარგლებში ტრომპებიც არის ჩასმული. ეს თავისებური გარდამავალი, ჰიბრიდული კონსტრუქციაა. დასავლეთის მკლავის გრძივი კედლები საკმაოდ პლასტიკურადაა დანაწევრებული სამსაფეხურიანი კედლის სვეტებითა და თაღებით. ფასადთა დამუშავებაში (ფასადებიც თლილი ქვითაა მოპირკეთებული), გარდა X ს-ში აღდგენილი გუმბათის კელის ტეხილი კარნიზისა (იხ.ზემოთ, ძირითადი ტექსტი), დეკორაციულობისადმი მისწრაფების გაჩენას მოწმობს გუმბათისავე ყელის დეკორაციული თაღები, დაყრდნობილი შეწყვილებულ ლილვებზე. ეკლესიის გარდა, ოპიზაში მნიშვნელოვანი სამონასტრო შენობების ნაშთებიც არის დარჩენილი. 1888 წელს, როდესაც იქაურობა არქიტექტურის აკად. ა.პავლინოვმა ინახულა, ეკლესიაცა და სხვა შენობებიც მიტოვებული და დაზიანებული იყო. ეკლესიის ზომები გარედან, მინაშენთა გარეშე. სიგრძე დაახლ. 30 მ-დეა, სიგანე გუმბათთან დაახლ. 13 მ., სიმაღლე შიგნით გუმბათის წვერამდე - დაახლ. 14 მ.