There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.43
სამხრეთ საქართველოში აშენდა X ს-ში ბაზილიკების ყველაზე საინტერესო გვიანა ნიმუშები. ერთი მათგანი, ოთხთა ეკლესია (ახლა თურქეთშია, ჭოროხის ხეობაში)
გადიდებისათვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
წარმოადგენს წერილობითი წყაროებიდან ძველთაგანვე ცნობილი მონასტრის მთავარ ტაძარს. იგი მოხსენებული აქვს გიორგი მთაწმინდელს გამოჩენილ სასულიერო მოღვაწეთა, ათონის ქართული მონასტრის დამაარსებელთა, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების ცხოვრებაში. თვით ბაზილიკის წარწერაში კი ცოცხლად იხსენიება 1001 წელს გარდაცვლილი მეფე დავით კურაპალატი. ბაზილიკა სამნავიანია, აქვს სადიაკვნე და სამკვეთლო, დასავლეთით კი პატრონიკე, რომელიც შესაძლებელია, გვიან იყოს ჩამატებული. ტაძრის ზეატყორცნილი "გუთური“ პროპორციები, ძლიერ გამოყოფილი შუა ნავი, სახურავთა ციცაბო კალთები, ფასადთა დამუშავება ვიწრო და მაღალ დეკორაციული თაღებით - მკვეთრად განასხვავებს ოთხთა ეკლესიას ძველი ბაზილიკებისა და უპირველეს ყოვლისა, ბოლნისისაგან. ეს ნიშნები ასახავს ქართული ხუროთმოძღვრების საერთო ტენდენციებს განვითარებული შუა საუკუნეების ხანის მიჯნაზე. შენობა მაინცადამაინც დიდი არ არის - შიგნითა ზომებია დაახლ. 25,5X15,5 მ. კედლები აგურითა და ქვაყორითაა ნაშენი, პერანგი - მორუხო მოყავისფრო თლილი ქვისაა. X ს - სათვის დამახასიათებელია, რომ ცალკეულ ქვაზე ნაკვეთი დეკორაციული ელემენტები შიგნითაც არის. ამას გარდა, ინტერიერი მოხატულიც ყოფილა საკურთხეველში დარჩენილია მხატვრობის კვალი. ბაზილიკის გვერდით მონასტრის სატრაპეზო და დიდი სამნავიანი შენობაა (როგორც ფიქრობენ, სემინარია), აგრეთვე პატარა სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხია.
გადიდებისათვის დააწკაპუნეთ ფოტოზე
ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.125-126
ოთხთა ეკლესია ახლა თურქეთის ფარგლებშია. მდებარეობს ჭოროხის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე. პარხალის ეკლესიასთან ერთად, ყველაზე მნაშვნელოვანი ნიმუშია გვიანა ქართული ბაზილიკებისა. ამ ძეგლთა არქიტექტურა, პროპორციები, აშკარად გამოვლენილი დეკორაციული ტენდენციები მოწმობს, რომ მათი აშენების თარიღი დიდად დაშორებულია უძველესი ქართული ბაზილიკების - ბოლნისის, ურბნისისა და სხვათა - ხანას. პარხლისათვის საკმაოდ ზუსტი თარიღი გვაქვს - დაახლ. 973 წელი. უეჭველად ამ წლის ახლო ხანებში, ე.ი. X ს-ის შუა წლებში ან მეორე ნახევარში უნდა იყოს აშენებული ოთხთა ეკლესიაც (იხ. ზემოთ, ძირითადი ტექსტი). ორივე ძეგლი შეისწავლა 1917 წლის ექსპედიციამ ექვთიმე თაყაიშვილის მეთაურობით. ოთხთა ეკლესიის გარეთა ზომები სიგრძე (დასავლეთის კარიბჭის გარეშე) - დაახლ. 28,5 მ., სიგანე დაახლ. - 18 მ., სიმაღლე შიგნით - 19 მ-ზე ცოტა ნაკლები.
|