topmenu

 

ტაოსკარი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია -მონასტრები>>>

ტაოსკარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.123-124.

ტაოსკარის ეკლესია - ჟღერს ქვის ჰარმონია, "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., ტ.15., გვ.61-62

ახლა თურქეთშია, წინანდელი ტაოს ფარგლებში. გამოიკვლია და გაზომა ე.თაყაიშვილის ექსპედიციამ 1907 წელს. თავისი გეგმით ეკლესია მრავალაფსიდიანი ეკლესიების ტიპს ენათესავება, რადგანაც აგრეთვე, რადიალურად განლაგებული სხივებია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო.

მაგრამ აქ რვა სხივია ექვსის ნაცვლად, და აფსიდიანი საკურთხევლის გარდა, ყველა სწორკუთხაა, ნახევარცილინდრული კამარით გადახურული და იმდენად ღრმა, თითქოს ცალ-ცალკე კაპელები იყოს.

ამის გამო შიდა სივრცე საკმაოდ რთული და მოძრავი გამოდის.. შესასვლელი სამია - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით.

არც ერთი ღერძი არ არის გამოყოფილი ისევე, როგორც გოგიუბაში, საკურთხეველი აქაც მრავალწახნაგას ფარგლებში რჩება, შვერილის გარეშე.

მის ორსავ მხარეს, სხივების გამყოფ ბურჯების მასივში ამოღებული თითო უბეა, რომლებიც სადიაკვნისა და სამკვეთლოს დანიშნულებას ასრულებს.

ინტერიერში ყურადღებას იპყრობს გუმბათქვეშა რვაკუთხედის ზემოთ, ე.ი. რვა ძირითადი თაღის ზემოთ, ორ რეგისტრად ჩამწკრივებული მცირე დაკიდებული თაღები, რომელნიც თითქოს ტრომპების ფუნქციას ასრულებენ - ოქტოგონს წრეხაზთან აკავშირებენ (გუმბათის ყელი შიგნიდან მრგვალია).

ქვემო რიგის თაღები მონაცვლეობით სხვადასხვა სიმაღლისაა, ზემო რიგისა უფრო წვრილი და ერთი ზომისა.

ქვემო რვა დიდ თაღთან ერთად. ისინი მოძრავ მრავალფეროვან რიტმს ქმნიან. გარედან, ბანას მსგავსად (მაგრამ მასების სულ სხვა შეფარდებით), აქაც ორი საფეხურია - ფართო 16-წახნაგა მასივი ქვემო კორპუსისა და უფრო ვიწრო - გუმბათისყელისა, ამდენივე წახნაგით.

დანაწევრება სარკმლებისა და სამკუთხად ჩაკვეთილი ნიშების მონაცვლეობას ემყარება. შენობა მასიურია, "დამჯდარი".

თაყაიშვილის თანახმად, ეკლესია "შიგნით და გარეთ შეძერწილია ლამაზად ნათალი არა დიდრონი ქვებით, რიმელნიც ახლა (ე.ი. 1907 წ., ვ.ბ.) მოძარცულია.

გუმბათის ყელიდან აღმოსავლეთის ნაწილია დარჩენილი, ერთი ფანჯრითურთ. კორპუსი ეკლესიისა ახლა სანახევროდ მიწაშია ჩასმული“.

ეკლესიის დიამეტრი გარედან 17 მეტრზე ცოტა მეტია, სიმაღლე (შიგნით) უნდა ყოფილიყო დაახლ. 15,5 მ.